Thursday, December 27, 2012

არ მინდა სახლი


არ მინდა სახლი,

ეს მთებიც კმარა..

რა სჯობს ნისლიან გზებზე ხეტიალს,

თუმცა სამყარო სამოთხე-არა,

უფრო..პატარა ჯოჯოხეთია

მაინც, ჯიუტად

ვცხოვრობ ამ გზებზე,

არ ვიცი, სულით ალბათ ბოშა ვარ,

ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ

ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.

ცხოვრება მკაცრად

მკარნახობს წესებს

და ვძულვარ ურჩი,

ცუდი მსმენელი.

რა ვქნა, ბედს ვანდობ

მარტოდენ ლექსებს,

დაწერილიც და დაუწერელიც

სულ ყველა მე ვარ..

..რად მინდა სახლი?

მყოფნის სამყაროს ლაბირინთებიც,

ამ ჯოჯოხეთსაც მეთვითონ დავღლი

ნისლებით,

გზებით,

მთებით,

რითმებით.

* *

/ნინო ჭინჭარაული/

Tuesday, December 25, 2012

ავტოპორტრეტი

ქოფაკს ჩემი სული, ასე ცარიელი
სავსე თუ ჰგონია,(ისე ავად მიყეფს...)
აღარ დამიძახო-"სემინარიელი"
შუბლზე მაკერია, როგორც იარლიყი.
მასის კულტურიდან- სიყალბემდე აცრილს
ბრბოში ხმაჩაწყვეტილს რაღა გამაჩერებს,
აღარ დამიძახო-"ქალი", "დედაკაცი"
ეს არც სტატუსია
და არც -განაჩენი.
ნუღარ ამოქექავ ყველა სტერეოტიპს,
მარტო იმისთვის, რომ
ჩარჩო მეც მომარგო,
აღარც "მჯღაბნელი" და
უფრო -არც"პოეტი",
აღარც- საძრახი ვარ,
და არც -საქომაგო.
იქნებ არასდროს
აღარც შევიცვალო,
არც სინანული მაქვს,
ესეც გვიანია...
ცოტაც შენნაირი, ცოტაც-უცნაური
ერთი უმადური ა დ ა მ ი ა ნ ი ვარ...



/ნინო ჭინჭარაული/

Saturday, December 22, 2012

***

,
გიცდი და ზამთარ მავიდა,
მთა–ბარნ იცვლიან ფერებსა,
უკვე რამდენი ხანია,
უშენოდ ვითვლი დღეებსა.
აღარ დავდგები ბარშია,
ყიამეთ ზამთრის თვეებსა,
გზად შენ სიყვარულს ვისაგზლებ,
ამავუყვები ხევებსა.
არც ავდარს შავუშინდები,
არც ქაჯებსა და დევებსა,
მზეც საიმედოს მპირდება,
ცივღამეგანათევებსა.
გნახავდი,ჩაგიხუტებდი,
შენაც მამხვევდი ხელებსა,
მემრ თუგინდ შენთან მასულსა,
ზენაიმც გამახევებსა.

/ხატია ფშავლოსი/

Thursday, December 20, 2012

***

ცაში რა გინდავ, - როსრა დამტუქსავს,
როს გამამისრევს არსთა გამრიგე?!
ხან გულს ჩავსჭყივლებ გონთა ჩავარდივ,
სიყვარულის მეტს არცრას არ იგებს.
თუკლაღ თაოდაც დახელთული ორ,
დალოცვილთაც კი ჭკვაზე ვარიგებ.
იდარდონ სხვებმა, მე უნდა დავტკბე,
სიცოცხლე როგორ გამისხვარიგე.
-------
აქი მამრიდევ, მიჯავრობს ღმერთი,
თაოდ ღრუბელზე გვერდი იქცია.
მე კიდევ ვფიქრობ, ვფიქრობ და ვფიქრობ
რა ხევსურულად შამამიქცია.

/მართა ჭინჭარაული/

***

მანდაც გათენდებ დილა,გადმოსჩინდება ნათელ,
შენ უხალხობა გცივა, ხატში გიქრება სანთელ,
მანდაც დადგება ზაფხულ, ისევ იდება თოვლი
მეაც ამოოლ დაღლილ, ნაზამთრალ, თბილის მოვლილ,
შემომეგებებ არაგვ, დავეწაფები პეშვით,
რაი იქნებოდ გამჩენს, ნეტა ვაჟკაცად ვეშვი
მეაც ავიღებდ თოფს და ავისხამდ ტყვია წამალს,
დილას გავრეკდი საქონს, ყივილს დაიწყებდ მამალ,
დედას ვუტირებდ ვინცკი შემოგიჩნდებოდ ავად,
ყველა გაიგებდ გუდანს ჭინჭარაული დავავ.
მომიქარგავდა პერანგს ლაღი ხევსურის ქალი,
და ჩემს ყორნისფერ ცხენზეც ბევრს დაურჩებოდ თვალი.
ხშირად გავხენებდ ჭიუხს, ხომ არ მოსდებივ ნისლი,
თავქვეშ მეგებოდ თივად გადაქცეული ისლი..
აქაც თენდება დილა, აქაც ვეგბებ აისს,
როცა ხევსურეთს ცივა, ისევ თოვლია მაისს;
მანდაც დადგება ზაფხულ, ალბათ აყვავდებ ანწლი,
მეკი ვიქნები თბილისს, არც რა მექნება ღვაწლი,
ვილაპარაკებ მხოლოდ, მოგიხსენიებ ხვნეშით,
რაი იქნებოდ ნეტა გამჩენს ვაჟკაცად ვეშვი!

/ნათია ჭინჭარაული/

დე

აღარაფერი..
უადგილო გახდა ხუმრობა.
ჩემი სახლია უსარგებლო ხროვა ნივთების,
სადაც თაგვებმა მოუხშირეს უკვე სტუმრობას
იმ ადგილებში სადაც ადრე შენი თითები
ქმნიდნენ,
აწყობდნენ,
მომავალს და მახსოვს ეზოში:_
სკოლიდან მოსულს მომდიოდა სუნი სადილის
უსარგებლოა ახლა ჩემი ყველა დებოში!
უადგილოა ახლა ჩემი ყველა ქადილი!
მაშინ არა და დღეს კი მინდა ისევ აცივდეს,
დავდგამდით ღუმელს,
მოვზიდავდი ფიჩხებს მჯიღებით..
საღამოთი კი რომ გინდოდა ალბათ არც იმდენ
მაგრამ, ზურგჩანთით ხუთიანებს
წამოგიღებდი..
***
რაც შენ წახვედი, აღარც მახსოვს უკვე როდიდან_
შემოეჩვივნენ ბეღურები, ჩვენს ძველ ხეივანს..
ახალ-ახალწელს, თოვლის პაპაც აღარ მოდის და
აღარც მე ვხვდები, სიხარულით და არხეინად..
სახლში ყოველთვის შეგნებულად მაგვიანდება
შენც აღარ მხვდები, მისაღებში (მწვანე ხალათით)
ჩემი ცხოვრება წამდაუწუმ ნაგვიანდება
უსამართლობით,
ტყუილით და ხათაბალათი..
ხო:_ სულ ერთია!
ყველა დღე და დრო და თარიღი.
ისე მაკლია ყველაფერი, რაც შენ წახვედი...
გავხდი უბრალოდ ერთიორად უფრო ღარიბი,
გავხდი უბრალოდ ერთიორად უფრო თავხედი!..
/ნათია ჭინჭარაული/

ველური ყვავილების თაიგული

შემოდგომამ ყვითელი ფერხულით ჩაიარა გუდამაყრის ხეობაში.
ჩამოთოვა. ჩამოთეთრდა საჯიხვეები. მერე უფრო ქვემოთ ჩამოიწია თოვლმა. აცივდა. დღე დამოკლდა. გუდამაყრელებმა საშემოდგომო საქმეები მოითავეს და ახლომოსულ თოვლზე ნადირის კვალს გაჰყვნენ. ასეთ დროს ადვილია ნადირის მიგნება.
მწარია მექობაური დათვის კვალს წაწყდა. კვალი ძველი იყო და აღმა მიდიოდა, დეკიანებისკენ.
«ეტყობა დასაძინებლად წავიდა» _ გაიფიქრა მწარიამ. ზემო ტყეში დიდი გამოქვაბული იცოდა. კვალი იქვე მიდიოდა.
დათვს ეტყობა უკვე ეძინა. გამოქვაბულის შესასვლელთან იკარგებოდა კვალი. შიგნით ბნელოდა. მწარიამ ამ შესასვლელში თივას მოუკიდა ცეცხლი და სიბნელეში კარგად გამოჩნდა მძინარე დათვი. მწარიამ თოფის კონდახი წაარტყა. დათვი არ განძრეულა. მერე ტყვია ჩადო თოფში და დიდხანს ფიქრობდა:
«ცოდოა, მძინარეს ხომ არ მოვკლავ».
«არა და გაზაფხულამდე არც გაიღვიძებს».
მერე წავა და ან შევხვდები, ან არა».
დაუმიზნა. ისევ შეეცოდა და დაუშვა თოფი. სახლში წამოვიდა. ხარები შეაბა მარხილში და ტყის ქვემოთ ბალღი დაუყენა, რომ ხარები არ წასულიყვნენ. თვითონ გამოქვაბულთან ავიდა, თხილის ხეებისაგან სათარი შეკრა და შიგ თივა ჩააგო რბილად. გამოქვაბულში შევიდა, დათვს ყურებში ჩაავლო ორივე ხელი და ძილ-ბურანში მყოფი გარეთ გამოათრია. დათვმა ოდნავ გაახილა ერთი თვალი და ისევ ძილს მიეცა. მწარიამ სათარზე დადო და დაითრია.
ძლივს დადო მარხილზე. ხარები ფრთხებოდნენ. ბალღიც გან-გან დგებოდა.
გზაზე ისევ ფრთხებოდნენ ხარები. მწარიაი წინ მიუძღვებოდა ხარმარხილს, ბალღი კი კარგა მოშორებით მიჰყვებოდა უკან.
სოფელში ჟრიამულით გამოცვივდა ხალხი.
_ საით მაიყვანე, ჩემო მწარიავ!
_ მართლა ცოცხალია?
ეკითხებოდნენ ცნობისმოყვარე დედაკაცები მწარიას და ისინიც განზე იდგნენ, ახლოს ვერ ეკარებოდნენ.
_ სძინავს, _ თქვა მწარიამ და ხარ-მარხილი თივით გამოვსილ კალოში შეიყვანა. იქ თივის ლოგინი მოუწყო მძინარე დათვს და შიგ ჩააწვინა.
დედაკაცები კალოს შემოსასვლელიდან უყურებენ დათვს და სწყევლიან:
_ აი, ეგ ამოსაწყვეტი და ეგ კლდეზე გადმოსავარდნი. მაგან ამააგდო აქაობა და მაგან არ მოჰკიდა ჩვენ წყემსებს თოლებში ძილი.
_ მაგან შაჭამა ჩვენი მტრედანაი.
_ მაგან დაგვიშალა საგულებელში თივები.
_ დაკა თოფი და მააშორე! _ მოიხოვეს დედაკაცებმა.
_ გეყოფათ! _ ხმა ჩააწყვეტინა მწარიამ ქალებს და კალოს კარები გადმოკეტა.
_ კი, მაგრამ, რას აპირებ? _ ჰკითხა მწარიას შეშფოთებულმა ცოლმა.
_ რას უნდა ვაპირებდე?
_ არ მოჰკლავ?!
_ დაძინებულს ხომ არ მოვკლავ, ცოდვაა.
_ გააღვიძე.
_ არ გაიღვიძებს გაზაფხულამდე.
_ შენ რომ სახლში არ იქნები მაშინ რომ გაიღვიძოს და ბალღებს რამე დაუშავოს ან საქონელს, მერე? მერე რას შვრები?
_ დაახლოებით ვიცი რომელ დღეს გაიღვიძებს, _ თქვა მწარიამ თავმომწონედ. მერე კალოში შევიდა და ნაბადი დააფარა ზემოდან დათვს.
დათვი ამ დროს გრძელ სიზმარში იყო _ თაფლით სავსე სკა მიჰქონდა თავისი ბუნაგისაკენ, მაგრამ გზა აღარ თავდებოდა. დათვს გზის სიშორეც სიამოვნებას ჰგვრიდა და იღიმებოდა. მწარიამაც შეამჩნია რომ იღიმებოდა.
_ მართლა არ მოჰკლავ? _ კითხულობდნენ მეზობლები.
_ სძინავს, როგორ მოვკლა.
_ ოო, ჩემო მწარიავ!
_ შენ თუ გენანება, მე ვესვრი, _ თავისი თოფი გაამზადა ჯღუნამ, მაგრამ მწარიამ იწყინა:
_ ჩემ დათვთან რა ხელი გაქვს.
_ შენი საიდანღა არის?
_ ჯერ-ჯერობით ჩემია. მე მოვიყვანე, ჩემს კალოში სძინავს და სხვა თუ არაფერი სტუმარი ხო მაინც არის ჩემი. ჰოდა არავის ნება არა გაქვთ, ესროლოთ.
_ რომ გაიღვიძოს და დაგვერიოს, დაგვიწიოკოს ე დედაკაცები, მერე?
_ როცა გაიღვიძებს, მე თვითონ ვესვრი, _ თქვა მწარიამ.
ჯღუნაი ნაწყენი გაბრუნდა და ჰაერშიღა ისროლა თოფი.
თოფის ხმაზე ოდნავ შეკრთა დათვი, მაგრამ არ გაუღვიძია.
მწარიას ცოლიც მიეჩვია დათვს და ახლა აღარც ის სთხოვდა ქმარს მძინარესთვის ესროლა თოფი. მეზობლები კი მოსვენებას არ აძლევდნენ. ჯღუნაი უმძრახად დაადგა მწარიას.
დათვი იწვა და დროდადრო თითებს ილოკავდა. ხანდხან ზანტად გაახელდა თვალებს და მერე ისევ მიიძინებდა.
რამდენჯერმე, როცა თვალები გაახილა, დაინახა მწარიაი და მისი ცოლი, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდა, სიზმარი ეგონა.
ერთ მზიან დღეს, ოდნავ გაახილა მარჯვენა თვალი და დაინახა, მწარიაი და მისი ცოლი, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდა, სიზმარი ეგონა.
ერთ მზიან დღეს, ოდნავ გაახილა მარჯვენა თვალი და დაინახა, რომ მწარიაი თავის ცოლს ეალერსებოდა თივაზე. ქალი წინაამდეგობას უწევდა ქმარს:
_ მაიცა, შე არსახეირებო, დაგვინახავს ვინმე, სირცხვილია! _ ბრაზობდა ქალი.
_ ვინ დაგვინახავს, არავინ არ არის, _ ამშვიდებდა მწარიაი და თავისკენ იზიდავდა ქალს.
_ დათვისა მაინც არა გრცხვენია? _ თქვა ქალმა.
მწარიამ დათვს მიხედა. მას მართლა გახელილი ჰქონდა მარჯვენა თვალი და ისევ ვერ გაერკვია, სად იყო, რა ხდებოდა მის ირგვლივ.
ქალმაც დაინახა დათვის გახელილი თვალი და შემკრთალმა საკინძე შეიკრა უცებ.
დათვმა ზანტად დახუჭა თვალი და ისევ ძილს მისცა თავი.
მწარიამ ისევ გააგრძელა ალერსი.
დათვი იწვა და ლამაზ სიზმარს ხედავდა: ვითომ მწარიას მაგივრად თვითონ ეალერსებოდა იმ ლამაზ ქალს. ქალი უარობდა, დაგვინახავენო, დათვი ამშვიდებდა, ვერ დაგვინახავენო. ქალი შფოთავდა, მისი მკლავის სიმსხო ხორბლისფერი ნაწნავები ყელზე ეხვეოდა დათვს.
აღარ სრულდებოდა სიზმარი. დათვს დახუჭული თვალები ჰქონდა და შიგ ხატივით ესვენა მწარიაის ცოლის სახე...
და დათვი ოდნავ იღიმებოდა. მწარიაი ხშირად ამჩნევდა ამ ღიმილს.
ზამთარი ილეოდა, ხევებში უზარმაზარი ზვავები გუგუნებდნენ. იღვიძებდა დედა ბუნება. დათვს კი ჯერ ისევ ეძინა და მეხსიერებაში ჩარჩენილ ქალის სახეს ვერ იშორებდა.
_ მოკალი, დროა უკვე! _ შეახსენეს მეზობლებმა მწარიას.
_ სადაცაა გაიღვიძებს და, _ თქვა მწარიამ. მერე თოფი გაპოხა. ჟაკნები გაამზადა.დასუსტებულია, მაგას ერთი ტყვიაც ეყოფა, _ თქვა მწარიას ცოლმა.
ჯღუნაი ნერვიულად გადი-გამოდიოდა და ჰაერში ისროდა თოფს.
მზემ დააცხუნა და თოვლი წყლად წავიდა. მზორეებში ენძელები და იები ამობიბინდა. ნაკადულებმა გაიღვიძეს. წყლის ყვავილებმა იწყეს მოსვლა.
იმ დღეს ფასანაურში წავიდა მწარიაი და ცოლს დაავალა:
_ დათვზე გეჭიროს თოლი, არავინ დათოფოს.
ქალმა რამდენჯერმე შეავლო დათვს თვალი.დათვმა გაიღვიძა და ქალს მოჰკრა თვალი, რატომღაც ისე ბედნიერად გაეღიმა, ქალმა შეამჩნია და გარეთ გაიქცა.
დათვი ინსტიქტით მიხვდა სადაც იყო. მიხვდა რომ აქ მისი ადგილი არ არის და ქალიც გარბის. წამოხტა, ქალს წინა თათები მოხვია და მთისაკენ გაიქცა.
სოფელში ვერავინ გაიგო ეს ამბავი.
საღამოს პირი იყო. დათვი უკანასკნელ ძალას იკრებდა და გაარბოლებდა შეშინებულ ქალს. ასე ირბინა თავის ბუნაგამდე.
აფეთქებული გაზაფხული იყო.
დათვი გარშემო უვლიდა შიშისგან აკანკალებულ ქალს და ეალერსებოდა. ხანდახან მწარიას ბაძავდა და ისიც წელზე შემოხვევდა მკლავს, ლოყაზე ენას აუსმევდა. მერე კალთაში ჩაუდო თავი და ტკბილად ჩაეძინა.
ძილში ისევ იმ ლამაზ სიზმარს ხედავდა. ეჩვენებოდა რომ აყვავებულ დეკიანში გარბიან ისა და ქალი. მერე მთაზე დგანან. დათვი ისე ეფერება, როგორც მწარიაი ეფერებოდა. ქალი უარობს _ დაგვინახავენო. დათვი ამშვიდებს _ არავინ არ არის, ვერ დაგვინახავენო. მთვარე დაგვინახავსო, _ ეუბნება ქალი და გორისპირ ამომავალ გაბადრულ მთვარეზე აჩვენებს. დათვი ბრაზობს მთვარეზე. მთვარე მაინც ამოდის...
მთვარე მართლა ამოდის და ქალი ნება-ნება იცილებს კალთიდან დათვის თავს. დათვს სძინავს... და ვინ იცის როგორღა ეალერსება ძილში საყვარელ არსებას.
მწარიას ცოლი აკანკალებული მირბის. სოფლის ახლო-მახლო კივილი შემოესმა _ მას ეძახდნენ.
მწარიაი გვიან ღამით დაბრუნდა. იმ ღამეს ქალს თვალი არ მოუხუჭავს.
მეორე დილით, დაფეთებული შემოვარდა მწარიაი სახლში, ჩამოხსნა თოფი და გარეთ გავარდა. ქალი მიხვდა რაღაცას და შეშინებული კუთხეში მიიყუჟა.
ფანჯრიდნ ჩანდა _ მათი სახლის წინ დათვი იდგა უკანა ფეხებზე, წინა თათებში უზარმაზარი ველური ყვავილების თაიგული ეჭირა გულზე მაგრად მიხუტებული და სახლისაკენ ნაღვლიანად იყურებოდა.
დაიგრიალა თოფმა და ქალმა დაინახა დათვი ადგილზე შექანდა, შეტორტმანდა და ნება-ნება დაეშვა მიწისაკენ, ოღონდ ისე, რომ ველური ყვავილების თაიგული არ გაუშვია, უფრო მაგრად ჩაიხვია გულზე თათებით და ყრუ ხმაურით დაეცა მიწაზე.
ძლივს ააგლიჯეს ყვავილები.
დიდი ხნის მერე, სიბერეში, მწარიაის ცოლს რატომღაც სინანულით გაახსენდა, რომ იმ ველური თაიგულის გარდა, მისთვის ყვავილები არასოდეს არავის არ უჩუქებია.

/გოდერძი ჩოხელი/

Friday, December 14, 2012

პოეზიის საღამო

       გაგიმარჯოთ ჩემი ბლოგის ერთგულო მკითხველებო, სტუმრებო და თქვენც,შემთხვევით მოხვედრილებო :) 18 დეკემბერს სამებაში,ახალგარზდულ ცენტრში ჩემი პოეზიის საღამოა და ვისაც სურვილი გენებათ მოსვლის, გელოდებით. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ ვაკოპირებ ფეისბუქის ღონისძიებიდან ტექსტს:
"18 დეკემბერს, 6საათზე, სამების ტაძარში,საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ახალგაზრდა პოეტის, ნინო ჭინჭარაულის პოეზიის საღამო, რომელსაც გაუძღვება პოეტი ერეკლე საღლიანი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ:
დები გოგოჭურები
დები ზვიადაურები
მირანდა მაისურაძე
ასევე, საღამოს დაესწრებიან სხვადასხვა პოეტები და მწერლები. გელოდებით ყველას, ვისაც გიყვართ ქართული სიტყვა და მთის პოეზია..."

Sunday, December 9, 2012

იწერება ჭინჭარაულების საგვარეულო ხატი


იწერება ჭინჭარაულების საგვარეულო ხატი. როცა ფერში დასრულდება, მაშინ დაიგეგმება გვარის დალოცვა.ღვთისმშობელი შეგვეწიოს ყველა ჭინჭარაულს, ხევსურეთს და სრულიად საქართველოს!

Sunday, November 25, 2012

მე აღარ წავალ საიქიოში

მე დავბრუნდები სიკვდილის მერე,

ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,
მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს
და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად
წამალბალახა ყვავილს მოვიტან,
რომ ვუმკურნალო,ვისაც რა სტკივა.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი
სიკვდილისა და სიმარტოვისგან.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ყველგან ვიქნები:ქარში,წვიმაში,
ვიქნები მზეში,მზის ამოსვლაში
ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.
მე აღარ წავალ,სულ აქ ვიქნები,
საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები,
სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ვიქნები ქვეყნად,დილის სიოში,
არაგვის ერთი ტალღა ვიქნები,
ტალღა ვიქნები მტკვარში,რიონში.
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ საიქიოში!
მომენატრებით?ვიმოგზაურებ
სააქაოდან-საიქიოში...

/გოდერძი ჩოხელი/

Wednesday, November 21, 2012

"მუმლი მუხასა"

მუმლი მუხასა...
მუმლები...
მუმლი...
ხოლო, აქეთ კი-ქართველი ხალხი...
ესაა ჩემი მკლავი და შუბლი,
ჩემი მამულის მკლავი და ძარღვი.
ვაი, ემაგ ცრემლს, შენ რომ დამალე...
"ნეტავი ოდეს, ჩემო იარალი..."
ბუქში რომ ხვევდა სამხრის ტრამალებს,
ჩვენი ლაშქრული და იარაღი.
ვაი, ჩვენს კოჯორს ,
ვაი,ჩვენს კრწანისს,
მოსძალებია მუმლი მუხასა...
იმ, მუხას, რომლის მიწა და წყალი
დავითს ხმლის წვერით შემოუხაზავს.

/ნოშრევან არაბული/ 1999

Monday, November 19, 2012

ჩვენ რატომ ვგავართ ერთიმეორეს?

აზმორებს ღამეს ქედებზე ახლა,
დუმს მყუდროების სასახლე დიდი,
ფანტელთა ცვენა და ლექსი გვახლავს,
მეხვევა შენი სულისთქმა მშვიდი.
შეჰყურებ მთვარეს, ოცნებებს ქარგავ,
მკითხავ და კიდევ გამიმეორებ:
"არცერთი ფიფქი ერთმანეთს არ ჰგავს,
ჩვენ რატომ ვგავართ ერთიმეორეს?"

/ნოშრევან არაბული/

Monday, November 12, 2012

ნატვრა

მიზიდავს მთები, ნისლები
და კლდენი ქარაფიანი,
მთის სუსხი გამთენიისას,
ფეხქვეშ ბალახი ცვრიანი.
ხევში მდინარის ფერხული,
მთის წვერზე ცისკრის ციალი,
როს გაიხარებს მათ ცქერით,
ნეტა ეს გული,ტიალი?
თუმც კი ჯერ კიდევ წინ მიძევს
ცხოვრება შარა-გზიანი,
ოღონდ არ ვუწყი რარიგი,
ღრუბლიანი თუ მზიანი.
არც სიგრძეს გამოვიკითხავ,
ვიქნები "თავაზიანი",
სიკვდილი მუდამ ადრეა,
არასდროს არის გვიანი...

/მაია ჭინჭარაული/

Sunday, November 11, 2012

"ლებაისკარს რო ციხე დგა..."


“დიდვაკეს ჩამოხვიდოდი
დიდგული,კარგი ძმებითა,
ვიცოდი,აღარ გინდოდი,
თქვი სიტყვით გასაგებითა.
ლებაისკარს რო ციხე დგა,
ქალო,ტან გიდგა ისეთი,
ვერ ვნახე შენი სადარი,
შემოვიარე ქისტეთი.
წასვლა სჯობს წარმავალისა,
უძმობა ცუდის ძმობასა,
ვაი ქმარს ავის ქალისას,
დაუგვიანებს გზობასა.”


   
ამ სტრიქონების ავტორის, ჩალხა ჭინჭარაულის საღამო გაიმართა 26 ოქტომბერს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში,სამების ტაძარში. სიტყვა წარმოთქვეს პოეტებმა- ბათაღერ არაბული, ერეკლე საღლიანი, ლელა გაბური, კობა არაბული, მაია გონჯილაშვილი და სხვა. ავტორის ლექსები წაიკითხეს მისი შემოქმედების მოყვარულმა ახალგაზრდებმა. საღამოს უძღვებოდა ნინო ჭინჭარაული, ხოლო მუსიკალურად აფორმებდნენ ანსამბლები “სამრეკლო”, ლილეო”, “დები ზვიადაურები” და მომღერალი მირანდა მაისურაძე.

  ჩალხა ჭინჭარაულს ორი კრებული აქვს გამოცემული,რომელთა რედაქტორიც ავტორის დისშვილი, პოეტი ლელა გაბურია. ავტორი 3 წლის იყო, როცა ხევსურები იძულებით ჩამოასახლეს ბარში, ამიტომაც ბევრი მისი ლექსთაგანი მშობლიური კუთხის მონატრებითაა გაჟღენთილი, თუმცა პოეტი ლექსის თემატიკის სიმწირით არ იზღუდება და ყველაფერს ეხება, რასაც ცხოვრების მანძილზე გრძნობდა და განიცდიდა. კრებულებში შესულია როგორც რითმიანი, ისე თეთრი ლექსებიც:



“შორს დარჩნენ ნიღბები და მყუდრო ლოჟები,
და ქარში დაირხა სინაზე ქალური,
ხელებში შემაწყდნენ მაგარი ოჟები
ნაპრალებს ეხლება ცხენების თქარუნი.
ირგვლივ ფერხულია სიყვითლის სახადის,
გზები ავსებულა მკვდარი სილამაზით,
ქარი მომსისინებს-"აქამდის სადა ხარ?"
ხევი მომხრიალებს და ისიც ამაზე.
უსწრაფეს ფიქრისა მზისფერი ცხენები,
თანაც გზა საშიში და ასე დამრეცი..
მოვქრივარ კლდეებზე გიჟური ჭენებით,
შემინდე ძვირფასო, თუ სადმე დავეცი! “

**
გიორგის

“შენი პაწაწა ხელის მტევანით
გაზომილი მაქვს წუთისოფელი,
მე თავზე მადევს
ვაშლი ვალდებულების
და შენ მიმიზნებ გამოუცდელი ხელით.
ასე ვიდგები, მთელი სიცოცხლე-
გასროლის მოლოდინში...”


**

...
"ლებაისკარში დგას ფიჭვი ბერი
და დათვლილია მისი დღეები.
ჩამოსცვენია ქარაფებს თოვლი
და გაცრეცილან სათიბეები.
ქვითინებს ქარი დანგრეულ ნიშში,
ველური ხმები ნანგრევებს აცრის
და ყმუის ძაღლი მოგებით ნიშნის..
არის ღმერთი და არ არის კაცი!”


    დღეს, ეს ღირსეული ხევსური კაცი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს და იქაც ინახავს ძველი ხევსურეთის სულს და ტკივილს. ისევე, როგორც ლებაისკარში ეულად შერჩენილი ციხე...


ღმერთმ მაგცას წყალობა და დღეგრძელობა, ჩალხა ბიძა.


/ნინო ჭინჭარაული/

Monday, November 5, 2012

For english-language visitors

I don't speak english as well to understand everything you say.Sorry for not answering to your comments. 

Friday, November 2, 2012

პრეზენტაცია მწიგნობართა ასოციაციაში

        ერთი წლის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა დაიბადა ჩემი პირველი პროზაული ნაწარმოები,მინი რომანი- "ყვითელი,ოქროსფერი მზისფერი". ბედნიერი ვარ არამარტო ამით, იმითაც, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ გამომცემლობები (ამ შემთხვევაში ერთადერთი) რომლებიც თავისი ხარჯით უბეჭდავენ ახალგაზრდა შემოქმედებს და მათთვის არაა აუცილებელი ავტორი იყოს ცნობილი და კისერზე რამდენიმე "საბა" -ს პრემია ეკიდოს :) დიდი მადლობა ამისთვის გამომცემლობა "გრიფონს".
   
     წიგნი იყიდება სამ მაღაზიაში:
1. წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლატერნა" (რუსთაველის 16)
2. ლიტერატურული კაფე (პეკინის 31)
3. "სამშობლო" (ყაზბეგის 4)

     იმედი მაქვს, ჩემს პირველ პროზაულ ნაშრომს შეიყვარებს მკითხველი, მით უფრო, რომ მასში მოთხრობილი ამბების 90% რეალურად შეემთხვა ავტორს, ან მის მეგობრებს. რომანის რამდენიმე პერსონაჟი კი დღესაც დადის თბილისის ქუჩებში და სხვა სახელს და გვარს ატარებს.

პრეზენტაცია გაიმართება  4ნოემბერს, კვირას, 5საათზე, ი.ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციაში, რუსთაველის გამზ. 40ა.მეორე სართულზე.


/ნინო ჭინჭარაული/
  

Saturday, October 27, 2012

ვაჟას

ვაჟა

საოცრებაა, რომ იტყვიან, ეს შენზე ითქმის,
თვით ხარ მინდია, ხალხისა და კლდეთა მლოცავი,
არა აქვს არაგვს შენს სტრიქონზე ძლიერი ზვირთი,
სინაზე არ მწამს შენს შვლის ნუკრზე კდემამოსილი.
მაღალი მთების მდინარე ხარ, ჩანჩქერიანი,
სუნთქვას ჰმატებდი ტყეში ლერწმებს რხევად დაცლილებს,
მოკვდი ჰომეროს..მთაში ობლად დარჩნენ იანი
მუხლმოჭრილებმა სამარემდეც ვერ გაგაცილეს...~თვით დასნეულდი ასე მძაფრად ფილტვების ბერვით,
და აჯანმრთელე ქართულ სიტყვის განთიადები,
უსულოთ სულის ნათელხილვით გაგასწრებს ვერვინ,
საუკუნენი გინდ ჩამოდგნენ ათი ამდენი.
მე უსახელოდ მომიტაცოს სიკვდილმა იქნებ,
მომწყვიტოს ისე, ვით პერანგის უბრალო ღილი,
შენ კი სიკვდილით მთებიც ისე რად დააფიქრე,
რომ აღარავის უჩვენებენ გულსა და ღიმილს...
დგანან და სდუმან, აუხსნელი მათი სიყუჩე
ამოვხსენ ვერრა გრძნეულებით, ვიფიქრე ბოლოს,
მოკვდი უმამო ბალღებივით ერთად მოქუჩდნენ
და ცრემლის ღელედ უშენობა ატირებთ მხოლოდ.
საოცრებაა, რომ იტყვიან, ეს შენზე ითქმის,
თვით ხარ მინდია, ხალხისა და კლდეთა მლოცავი,
არა აქვს არაგვს შენს სტრიქონზე ძლიერი ზვირთი,
სინაზე არ მწამს შენს შვლის ნუკრზე კდემამოსილი.

*ალაზა ხაიაური*

Friday, October 19, 2012

***

შორს დარჩნენ ნიღბები და მყუდრო ლოჟები,
და ქარში დაირხა სინაზე ქალური,
ხელებში შემაწყდნენ მაგარი ოჟები
ნაპრალებს ეხლება ცხენების თქარუნი.

ირგვლივ ფერხულია სიყვითლის სახადის,
გზები ავსებულა მკვდარი სილამაზით,
ქარი მომსისინებს-"აქამდის სადა ხარ?"
ხევი მომხრიალებს და ისიც ამაზე.

უსწრაფეს ფიქრისა მზისფერი ცხენები,
თანაც გზა საშიში და ასე დამრეცი..
მოვქრივარ კლდეებზე გიჟური ჭენებით,
შემინდე ძვირფასო,
თუ სადმე დავეცი!

/ჩალხა ჭინჭარაული/

Sunday, October 7, 2012

იარებოდა დედაი

ამჯერად გთავაზობთ შოთა არაბულის(ჯუთელი) მოთხრობას-"იარებოდა დედაი", რომელშიც ავტორი მოგვითხრობს, როგორ და რის გამო მოკლეს "ვეფხისა და მოყმის ბალადა"-ს(გაგრძელების) ავტორი, გიორგი ჯაბუშანური. ამჯერად აკრეფილი მაია ჭინჭარაულის ხელით.


         


       ფიჭვნარიდან ჯერ დაგუდული ხველება მოგვესმა _ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე ტყიდან გამომავალ ბილიკზე უჟმური გარეგნობის ჭაღარა კაცი გამოჩნდა. წელში წახრილი, ფრთხილად ადგამდა კაუჭა ფეხებს ბილიკზე გადმოწოლილ ბალახზე, მტაცებელი ცხოველის თვალებს მალულად აცეცებდა აქეთ-იქით, პირწმინდად მოსვირინგებული, გაძვალტყავებული, ყვითელი ხელები ტანთან შედარებით საოცრად გრძელი ჰქონდა და მუხლების გასწვრივ უსულოდ აქნევდა.
შეგვნიშნა თუ არა, გზის პირას მოლზე მსხდომი მე და ჩემი ამხანაგი, მოხუცმა იერი უცბად შეიცვალა, თვალები მოწკურა, მჟავე ღიმილი გადიფინა სახეზე და გაუბედავად გამოემართა ჩვენსკენ.
მე იგი ადრეც მყავდა შენიშნული შორიდან, ფიჭვნარში რომ დახანხალებდა და სულის შეხუთვამდე ახველებდა ყოველთვის.


  _ გორილაა, არ იცნობ? _ ჩამჩურჩულა ამხანაგმა, _ მთელი თავისი სიცოცხლე ციხეებში აქვს გატარებული, ძველი ქურდი და ნააბრაგალია.
 
    _ გორილა რა სახელია? _ გამიკვირდა მე, _ თუმცა კი ჰგავს რაღაცით მაიმუნს ეს კაცი.
   _ ეგრე მქვიანო, და რა ვიცი, ქურდებში მაგ სახელით იყო თურმე ცნობილი, მძიმე ავადმყოფია...

   მოხუცი მოგვიახლოვდა, ნაძალადევი თავაზიანობით მოგვესალმა და ჩვენი ღარიბული სუფრისკენ მზერა გამოაპარა.


    _ დაბრძანდით, ბიძია, _ მოიპატიჟა ჩემმა ამხანაგმა. მოხუცს თავპატიჟი არ გამოუდვია, თვალით ადგილი შეარჩია და დაჯდომის მაგივრად უცნაურად ჩაიცუცქა.
 მე ახლა მისი მუხლები ზომაზე მეტად აყუდებული მომეჩვენა. მოგონილი დაუდევრობით გადმოსწვდა ბალახებზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს, თითქოს ამის უბოდიშოდ გაკეთება სავალდებულოც იყო, სიგარეტს მოუკიდა, საჩვენებელი თითის და ცერის ფრჩხილებით წაყინწრა პირმოსაკიდი ნაწილი და მთელი ძალით მოქაჩა.
ერთხანს დაგუდულად ახველებდა, ბოლოს, როგორც იქნა, სული მოითქვა და ხველებისაგან

   აცრემლებული თვალები კვლავ სუფრისაკენ გაექცა.
_ შენ `თეთრი~ მოგიხდებოდა ახლა, ბიძია, _ ჩაუპაჭუნა თვალი ჩემმა ამხანაგმა, _ გაციებული ჩანხარ.
_ მართლაც, შემცივდა წუხელის, _ შეიფერა მოხუცმა, _ ერთ ას გრამს არა უშავდა წამლად...
 ამხანაგს თვალით ვანიშნე, იქვე, მახლობლად, ფარდულთან მიერბინა, თუმცა გულში უმალვე გავიფიქრე, რომ მოხუცს არაყი აწყენდა.
_ ხომ არ გაწყენთ არაყი? ღვინო რომ მოვატანინო? _ ვკითხე გორილას.
ისეთი თვალით შემომხედა და თან თავისი გრძელი ხელიც ისე ჩაიქნია, ჩანდა, სიცოცხლეზედაც დიდი ხნის ჩაქნეული ჰქონდა ხელი.
სხვა გზა არ იყო, `შემოსწრებული~ თავისი პირით ითხოვდა `თეთრს~. არაყს ერთი ნაფაზიც დააყოლა გორილამ და ერთხანს კიდევ ახველა.
 ამხანაგმა თვალით არყიან ბოთლზე მანიშნა, _ ხომ არ დალევო, უარის ნიშნად თავი რომ გავაქნიე, გორილამ დამცინავად ჩაიქირქილა:
_ ნუ ებაზრები, მორჩენას აპირებს!.. _ მერე თვითონ წასწვდა ბოთლს, არაყი კიდევ დაისხა და უცბად უსიტყვოდ გადახუხა.
_ აი, ახლა ცოტას შემაკაიფებს, _ თქვა გორილამ და, ამჯერად, პაპიროსის ნაცვლად არაყს ყველის ნამცეცები მიაკენკა.
_ როგორ ატყობ, ბიძია, _ შეეკითხა ჩემი ამხანაგი, _ მოგიხდა აბასთუმანი?
_ მეტი არაა ჩემი მტერი, _ მოხუცი უგემურად დაიჭყანა, _ რაღა დროს ჩემი მოხდომაა... მე ახლა ოთხი ფიცარი მომიხდება.
_ გული ტყუილად გაგტეხიათ, _ ჩავერიე მეც ლაპარაკში, _ სულ მალე გამოკეთდებით.
 გორილამ ალმაცერად გამომხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ არაფერი მიპასუხა, თუმცა ისეთი სიფათით მიყურებდა, ნაღდად გაიფიქრა: მტყუანის ასე და ისეო...
 მოხუცი, მართლაც, შექეიფიანდა, დამჭკნარი ლოყები შეეფაკლა, დანაოჭებული შუბლიც ოფლის წვეთებმა დაუნამა; ხალათის ღილები ჩაიხსნა და არწივმიხატული, ძვალტყავა მკერდი გამოაჩინა.
 გორილას ყელზე მოზრდილი ვერცხლის ჯვარი ეკიდა.
ვგრძნობდი, რომ მოხუცს რაღაცით ვზღუდავდი: ჭკუაში არ უჯდებოდა თუნდაც ჩემი თავაზიანობა და ფიქრობდა, რომ ამ თავაზიანობის უკან თითქოს იმალებოდა მისდამი უნდობლობა, უპატივცემულობა თუ რაღაც ამგვარი. Aმიტომაც შევეცადე ჩვეულებრივზე უფრო მხიარული ვყოფილიყავი, თან საუბარში მჟავე-მჟავე სიტყვებიც გამოვურიე, რამდენადაც შემეძლო თავისთვის ამის უფლება მიმეცა.
 ამან კარგი შტაბეჭდილება მოახდინა გორილაზე. ტანდათან მოწყალების თვალით გადმომხედა, და ბოლოს, კიდეც გამომელაპარაკა:
_ უფროსო, ვისი ცოდვები გიწყვია მანდ, _ თვალით იქვე ბალახზე მიგდებულ ჩემს საქაღალდეზე მიმანიშნა, _ თუ ამ ხეებს ხატავ?
_ კი არ ხატავს, წერს! _ უპასუხა ჩემს მაგივრად ჩემმა ამხანაგმა.
_ვა, ლექსავს? _ გაუკვირდა მოხუცს.
_ დიახ, ვლექსავ! _ ახლა მე არ ვაცადე ბიჭს და პასუხი მისსავე კილოზე დავუბრუნე გორილას.
_ ასე გეთქვა, ჯიგარო, _ გამოცოცხლდა უცბად გორილა, _ გული რომ შემიწუხე მაგ შენი ფორტფელითა, გამომძიებელი მეგონე...
 მან კიდევ დაისხა არაყი.
_ ჩვენი გაცნობისა იყოს.
 მე ლიმონათიანი ჭიქა გადავაქციე და არაყი დავისხი.
 გორილას გაეღიმა:
_ მაშ, ლექსაობ, არა? _ თქვა, სული რომ მოითქვა და სიგარეტს მოუკიდა.
_ მიყვარს იმ ადამიანების მოსმენა, რომლებსაც ბევრი რამე უნახავთ ამ ქვეყანაზე, მათი თავგადასავლების მოსმენას რა სჯობია, ხანდახან ვიწერ კიდეც საინტერესო ამბებს...
 გორილა მიხვდა, რომ მას ვუმიზნებდი, ესიამოვნა და წარბები ამაყად შეჰყარა, სადღაც შორს გაუშტერა ამაყი მზერა, თან თავი ოდნავ ჩააქნია.
 მის სახეს გულისყურით ვაკვირდებოდი, მინდოდა სათნოების და კეთილშობილების რაიმე ნატამალი აღმომეჩინა თუნდაც მის რომელიმე კუნთში, გამოხედვაში, მაგრამ ვერ შევძელი, თან, რატომღაც მეგონა, რომ ეს თვისებები მოხუცის სულში საგულდაგულოდ შენიღბულიყო ჯერ კიდევ წლების წინ და მათი გამომჟღავნება მოხუცს ახლა სასაცილოდ და სათაკილოდ ეჩვენებოდა, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანები მას აღარ დაუჯერებდნენ.
ზოგიერთ ცოდვას ხომ მონანიება და აღსარებაც ვეღარას შველის...
და იქნებ გორილა მართალიც იყო, ადამიანებს ხომ არ შეუძლიათ ღმერთივით ყველა ცოდვა შეუნდონ ერთმანეთს.
 მოხუცის გარეგნული იერი კი უნებურად შეაკრთობდა კაცს, თითქოს ირგვლივ რასაც თვალით ხედავდა, ისმენდა და გრძნობდა, ყველაფერი ეზიზრებოდა.
_ შენი სახელი დამავიწყდა! _ ჰკითხა მან ბიჭს.
_ გოგია მქვია, _ უპასუხა ჩემმა ამხანაგმა.
_ ჩემი სეხნია ყოფილხარ, _ თქვა გორილამ და ნაფაზი დაარტყა, _ პატარობაში ნეც გოგიას მეძახოდნენ.
 გორილას სასმელი მოეკიდა, უფრო გამხიარულდა, უცნაური, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ჩაუსახლდა თვალის უპეებში, ხველამაც გადაუარა.
_ ძმაკაც, შენ სადაური ხარ? _ მხარზე ხელი მომითათუნა გორილამ, _ თუ არ გამიბრაზდები.
_ ხევსურია, ხევსური! _ დამასწრო გოგიამ პასუხი.
 მოხუცი თითქოს შეტოკდასავით ამ სიტყვების გაგონებაზე, მერე გაქვავდა, ჩემი ბეჭიდან ხელი ფრთხილად ჩამოიღო, ცოტათი უკან ჩაჩოჩდა და პირდაპირ თვალებში მომაშტერდა, _ მართალს ამბობსო?
_ დიახ, ხევსური ვარ, რატომ გაგიკვირდათ? _ ვუთხარი, ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა.
 გორილამ ნერწყვი გადაყლაპა, მერე, ასანთი მოძებნა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია, ცამქრალ სიგარეტს ფერფლი მოაცილა და ცეცხლი მოუკიდა. Oორი-სამი ნაფაზი ზედიზედ დაარტყა და მერე ამოიღო ხმა.
_ ესეც ასე, ძალიან კარგია, რომ ხევსური ხარ!
 გოგია გამოშტერებული თვალებით შეჰყურებდა ნირშეცვლილ გორილას, ვერაფერი გაეგო მისი უკანასკნელი სიტყვებისა და ქცევისა.
გუმანით მივხვდი, რომ ჩემმა `ხევსურობამ~ გორილას რაღაც თუ ვიღაც გაახსენა თავისი ბნელი წარსულიდან.
 არაყი დავასხი და მოხუცს ჭიქა ახლოს მივუწიე.
 აუჯერებელია, მაგრამ მე მეჩვენებოდა, რომ მოხუცს სიმთვრალემ აღრენილი და ავი კაცის იერი ნელ-ნელად ფარდასავით ჩამოხსნა და ჩვეულებრივი, ნაადრევად მოტეხილი მოხუცის თვალები ახლა რომელიღაც წერტილს მიშტერებოდა. Gგორილა რაღაცას იხსენებდა.
 მე მოუთმენლად ველოდი, რას იტყოდა, თუმცა გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
_ შენ თუ მართლა ხევსური ხარ, გეცოდინება, რას ნიშნავს სიტყვა `არხოტიონი~ _ მითხრა გორილამ ეჭვიანად.
_ რა თქმა უნდა, _ მივუგე მე, _ არხოტი ხევსურეთის ერთ-ერთი კუთხეა, არხოტიონი კი _ ამ კუთხის კაცს, არხოტელს ნიშნავს.
_ ალბათ... ასე იქნება ნამდვილად, _ თავისთვის ჩაიჩურჩულა გორილამ თავის კანტურით.
 მერე არყიანი ჭიქა გვერდზე გასწია, ბალახზე უფრო მოხერხებულად მოიკალათა და კიდევ შემეკითხა:
_ შენც არხოტიონი ხარ?
_ არა, მე სხვა სოფლიდანა ვარ.
_ თუმცა იყავი, საიდანაც გინდა, ხევსური ხომ ხარ!
_ მითხარი, ბიძია, _ დაკარგა გოგიამ მოთმინება, _ რა შუაშია აქ ხევსურობა ახლა, ვერაფერი გამიგია?!
 გორილამ ხელით ანიშნა, შენ იყუჩეო.
_ ახლა კი მისმინე, _ მომიბრუნდა მე, _ მინდა ეს ერთადერთი და საბოლოო ტვირთიც თავიდან მოვიცილო... აღსარების თქმა ცოდვას ამსუბუქებსო, გამიგონია; ყველა ჩემი დანაშაულისათვის მე სასჯელი უკვე მოხდილი მაქვს მეტნაკლებად, ეს ერთადერთია დარჩენილი, რომელიც დედამიწის ზურგზე კაციშვილმა არ იცის, ჩემს გარდა. Mინდა შენ გიამბო, თუმცა გამართლებას სულაც არ მოველი, არც მჭირდება, თუ ღმერთი არსებობს, იმან მაზღვევინოს, თუ არადა, წასულ საქმეს არაფერი ეშველება...


• • •

Gგორილას ტლანქად მონაყოლი მე ოდნავ დავხვეწე და შევალამაზე, ყოველგვარი შეცვლისა და დაკლება-დამატების გარეშე.
Mმან კი ეს ამბავი მოგვითხრო:
... ომამდე ორი-სამი წლით ადრე, ქალაქ როსტოვში `გვარიანი საქმის~ ჩავარდნისას დაპატიმრებას სასწაულად გადარჩენილმა გორილამ და ერთმა მისმა თანამოსაქმემ და მეგობარმა კვლავ საქართველოსაკენ გამოსწიეს.
ჩრდილო ოსეთის დედაქალაქ ორჯონიკიძეში ჩამოსულებმა `პატარა წამუშავება~ გადაწყვიტეს, ბინა ერთი ნაცნობი მთიულის სახლში დაიდეს და `საქმეს~ შეუდგნენ.
დღისით ღრეობდნენ, ან ეძინათ, ღამით `საქმეზე~ გადიოდნენ, მასპინძელს კი, ცხადია, არაფერს უმხელდნენ თავიანთი საქმიანობის შესახებ, რადგანაც პატიოსანი კაცის სახლში ათევდნენ ღამეებს.
ერთხელაც, ნავახშმევს `სამუშაოდან~ უკან მობრუნებულები ჩუმად შეიპარნენ თავიანთ საწოლ ოთახში. ის იყო ნაქურდალის მილაგებას მორჩნენ და დაძინებას აპირებდნენ, რომ მეზობელი ოთახიდან მასპინძლისა და ვიღაც უცხო მამაკაცის საუბარი შემოესმათ.
Gგაილურსნენ და საუბარს მიაყურადეს.
_ დიდი მადლობელი ვარ, თედო, _ ეუბნებოდა უცნობი მოხუც მთიულს, ეს დიდი ხნის ნატვრა რომ ამისრულე, ახლა ჩემზე მდიდარი კაცი მთელ ხევსურეთში არ იქნება.
_ პირობა პირობაა, _ უპასუხა მოხუცმა, _ არც შენ დამრჩი ვალში, ამდენი ყველ-ერბო მთელ წელიწადს ეყოფა ჩემს შვილიშვილებს...
_ ეგ რა სახსენებელია, როგორც შეგპირდი, ერთ მაგდენს კიდევ ჩამოგიტან, ერთ კვირაში მოგაყენებ კარზე. შენ არ იცი, ეს რა ოქროს ხატი ჩამიგდე ხელში. მთელს ჩემს გვარს ეყოფა სიმდიდრედ და სასახელოდ, მე კი _ ჩემს არხვატში და მთელ ხევსურეთში საამაყოდ!..
Gგორილა და მისი ძმაკაცი გაოცებულნი უსმენდნენ მოხუცი მასპინძლისა და უცნობის საუბარს. Bოლოს, მათ ცნობისმოყვარეობამ მოთმინება დაუკარგა, ოთახიდან კატებივით ფრთხილად გამოვიდნენ, სახლს უკნიდან შემოუარეს და ფანჯარაში შეიჭვრიტეს მალულად.
Mმოხუცი მთიული ოთახში აღარ იყო, პატარა, დაბალ მაგიდასთან ჭრელჩოხა და ჭრელპერანგა ხევსური იჯდა, რომელიც გაზეთშემოხვეულ რაღაც პატარა ფუთას დიდი მონდომებით და გულისყურით ახვევდა გარედან ჭუჭყიან, გაყვითლებულ ნარმის ნაჭერს.
Bბოლოს ზემოდან კიდევ ორ-სამკეცად კანაფის თოკიც გადაუჭირა და ფუთა ჩოხის უბეში, ჩანს, წინასწარ საამისოდ მომზადებულ უზარმაზარ ჯიბეში წვალებით მოათავსა.
Mმერე ფეხზე წამოდგა, ქამარ-ხანჯალი შეისწორა და გამობერილი ჩოხის უბეს ხელი კმაყოფილი ღიმილით გადაუსვა გარედან.
Gგორილამ და მისმა ამხანაგმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ორივეს თვალი უნებურად ხევსურის წელზე დაკიდებული ორადლიანი ხანჯლისაკენ გაექცათ.
_ ვაცალოთ დაძინება, _ ჩაიჩურჩულა გორილამ.
თავის დაქნევით დაუდასტურა თანამოსაქმემაც.
Mმაგრამ ხევსური დაძინებას არ აპირებდა.
Iიგი ჩოხის სამასრეებში იქექებოდა; ბოლოს, ჭუჭყიანი, გაცრეცილი რვეულის ფურცელი ამოაძვრინა, ვინ იცის, რამდენად გაკეცილი, შემდეგ ფანქრის ნატეხიც მონახა მეორე სამასრეში, ფურცელი მაგიდაზე გაშალა, ხელის გულებით სცადა მისი გასწორება და მერე კარგა ხანს დაჰყურებდა ფურცელს გარინდებული.
Gგორილა და მისი მეგობარი მოთმინებას კარგავდნენ. ხევსური ფურცელზე რაღაცის წერას შეუდგა.
_ ანგარიშობს, რა იყიდა, რა გაყიდა და რას მიუტანს ცოლ-შვილს, _ ჩაიცინა გორილამ და ძმაკაცს ხელი წაჰკრა.
_ აჯობებს შევიდეთ, _ ურჩია ძმაკაცმა გორილას, _ მეგობრულად გამოველაპარაკოთ, ვუთხრათ, რომ მეზობლები ვართ, გავიგოთ, სად მიდის, იქნება, სულაც ჩვენ დაგვემგზავროს ხვალ საქართველოსკენ და მაშინ...
Gგორილა პატარა ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა ამხანაგს.
ხევსურმა ოდნავ შემკრთალმა და გაოცებულმა გაუღო მათ კარი.
Gგორილას გამოცდილ თვალს არ გამოეპარა, რომ მათ მოულოდნელ შესვლაზე ხევსურმა უნებურად ხელი გამობერილ უბეზე მოიფათურა.
_ ძია თედოს საუბარი გავიგონეთ, _ თქვა გორილამ მშვიდად და ხევსურს მიესლმა.
_ დიახ, თედომ დაიძინა, _ უპასუხა ხევსურმა დამშვიდებულმა იმით, რომ მისი დაუპატიჟებელი სტუმრები თედოს ნაცნობები აღმოჩნდნენ, და გორილას სკამი მიუჩოჩა:
_ გმადლობთ, _ დაჯდა გორილა, _ თამბაქოს ხომ არ ეწევით, გაგვითავდა.
_ არა, ჩემო ბატონო, სამწუხაროდ, თამბაქოს მუშტარი არა ვარ, რომ გაგიმასპინძლდეთ...
_ ხევსური ჩანხარ, რომელი სოფლიდან ხარ? _ იკითხა დათაფლულ კილოზე გორილამ.
_ არხოტიონი ვარ, _ თქვა ხევსურმა ამაყად, წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
_ აქვე, გვერდით ოთახში ვართ ჩვენც, _ თქვა თავისთვის გორილამ, ხევსურისთვის არც შეუხედავს.
_ მეზობლები ვყოფილვართ! _ გაუხარდა ხევსურს.
_ წავიდეთ, დავიძინოთ, _ ჩაერია ლაპარაკში კარებთან მამა აბრამის ბატკანივით თავმოკატუნებული გორილას ძმაკაცი, _ ხვალ მგზავრობა გვინდა.
ზედა სართულიდან მამაკაცის ხველება მოისმა, ჩანდა, მასპინძელს ჯერ კიდევ არ ეძინა:
_ დილით ყაზბეგისკენ უნდა გავემგზავროთ, იქიდან კი _ თბილისში, _ ჩაილაპარაკა კვლავ ვითომ თავისთვის გორილამ, თან გამომცდელი თვალი არხოტიონისკენ გაეპარა.
_ მეც ყაზბეგში მივდივარ დილით, _ თქვა გულწრფელად ხევსურმა, _ მერე კი არხოტის მთა უნდა გადავიარო...
_ ერთი გზა გვქონია! _ გაუხარდასავით გორილას და ხევსურს მხარზე ხელი მოუთათუნა, _ ერთად წავიდეთ!
ხევსურმა მხრები აიჩეჩა, როგორც გენებოთო.
Mმერე მათ ძილი ნებისა უსურვეს ხევსურს და გავიდნენ. Gაზაფხულის საამური, მშვიდი ღამე იყო, დროდადრო შორიდა მოსული მატარებლის კივილი არღვევდა ღამის მყუდროებას.
Gგორილამ ერთი საათის მერე კიდევ დაზვერა თავისი სამსხვერპლო ფანჯრიდან, მაგრამ ხევსურს არ ეძინა, ის ისევ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას ფიქრობდა. წინ რვეულის ფურცელი ედო, იჯდა და ფიქრობდა ხელებში თავჩარგული.
Qქურდებმა მეორე დღისთვის გადადეს განაზრახის აღსრულება.

Kკარგა ხნის ფიქრისა და დუმილის შემდეგ მოხუცმა ნააბრაგალმა დაბინდული თვალით ალმაცერად გამომიბღვირა და მტკიცე, მაგრამ ჩახრინწული ხმით ჩამიჩურჩულა:
_ ახლა ჩემთვის სულ ერთია, რა მომივა, თუნდაც ისევ ციხეში წავიდე, გინდაც დამხვრიტონ... სად გამძვრება გაძაღლებული სული, აღარ ვნაღვლობ, ეს კარგად იცოდე შენც, ხევსურო, მეორე დღეს რაც მოხდა, ჩემდა უნებურად მოხდა! _ თითქმის იყვირა მან, _ გაიგე? ჩემდა უნებურად!.. არ მინდოდა მთლად უბედურებამდე მისულიყო საქმე, არა...
Bბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა გორილამ და ისევ დადუმდა, უჭირდა ამბის ბოლომდე მიყვანა.
რაღაც საშინელის მოლოდინით გაქვავებული უსიტყვოდ ვუსმენდი მოხუცს.
_ მთელი დარიალის ხეობა სულ ქეიფ-ქეიფით გამოვიარეთ, _ განაგრძო მოხუცმა, _ ყველა დუქანთან ვჩერდებოდით გზის პირზე და ხევსურს სასმელს ვაძალებდით. Mას ჩვენ პატიოსნებაში ეჭვიც არ ეპარებოდა: მოგვენდო და როგორც მთიელებს სჩვევიათ, გულიც გადაგვიშალა. Yყველა სადღეგრძელოს ლექსად ამბობდა, ყველა სიმდიდრეს ამ ქვეყნად კარგი ლექსი სჯობიაო, გვიმტკიცებდა და ლექსაობდა. Lლექსს უსათუოდ დააყოლებდა: `არხოტიონის თქმულიო~, `მელექსე არხოტიონიო~. Aმიტომაც გკითხე წეღან, არხოტიონი რას ნიშნავსო.
Gგორილამ არაყი დალია, პაპიროსიც მიაყოლა და განაგრძო: _ გული კი გახსნა, მაგრამ ის უბედური, უბეში გადამალულ იმ თავის განძზე სიტყვას მაინც არ სძრავდა, არაფერი წამოსცდა. ვამჩნევდი, თვალისჩინივით რომ უფრთხილდებოდა გამობერილ უბეს, ხელს მალულად შეავლებდა, ქამარს სინჯავდა და ჩოხას ისწორებდა. ღაიმეს კითხვასაც ვერიდებოდით, რომ არ დაგვეეჭვებინა ჩვენს ავკაცობაში და ხელიდან არ დაგვსხლტომოდა, ნეტამც ასე მომხდარიყო...
Gგორილა წუთით გაჩუმდა.
ჩემდა გასაოცრად, ჩემს მეხსიერებაში ერთმა ჩემი ბავშვობის დროინდელმა ამბავმა დაიწყო ამოტივტივება, მაგრამ გორილას ხმამ გაწყვიტა ჩემი ფიქრი.
_ ყაზბეგამდე სულ მცირე მანძილი გვქონდა...
_ რომელი წელი იყო, გაიმეორე! _ წამოვიძახე მე ფეთიანივით და ჩემი ხმა თვითონ მეც ვერ ვიცანი.
 გორილა თითქოს გამოფხიზლდაო.
_ ალბათ, ოცდათვრამეტი, _ შემომხედა მან გაოცებისაგან ყბამოქცეულმა, _ ჰო, ან ოცდაცხრამეტი.
ჩემთვის უცბად ყველაფერი ნათელი გახდა...
...ალბათ, შვიდი-რვა წლის ბიჭი ვიქნებოდი, როცა ერთ დილით ჩემს სიფელში მაცნე მოვიდა, ყაზბეგის ბოლოზე არხოტიონი მოუკლავთო.
 ატყდა ერთი ალიაქოთი, ქალები ატირდნენ, მამაკაცები გაემზადნენ და ხევისკენ გასწიეს.
მაშინ ბავშვმა რა ვიცოდი, ვინ იყო ის არხოტიონი, მაინც მებრალებოდა.
 გავიდა წლები და მერე გავიგე, ვინც იყო ყაზბეგის ბოლოზე, თერგის პირას მოკლული კაცი...
_ მერე რა მოხდა? _ გოგიას ხმამ გამომაფხიზლა.
 მოხუცის ხმის გაგონება აღარ მინდოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც წამძლია, რას იტყოდა.
 გორილა გაქვავებული შემომყურებდა, თითქოს გულთმისანივით მიხვედრილიყო, რომ ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო.
_ ამან იცის, მერე რაც მოხდა... _ გამხმარი თითი მოაღირა ჩემზე გორილამ.
_ დიახ, _ ვთქვი მე დაგუდული ხმით, _ კლდეზე გადაჩეხეთ ვერაგულად და მერე გაძარცვეთ!
_ მას არაფერი ჰქონდა გასაძარცვი! _ გამოფხიზლდა მოხუცი.
 ახლა მე მომექცა ყბა გაოცებისაგან.
_ მაშ, რას მალავდა უბეში? _ იკითხა გოგიამ ეჭვიანად.
_ რას მალავდა და წიგნს, ის უბედური, წიგნს, _ თქვა თავისთვის მოხუცმა ძლივს გასაგონად _ `ვეფხისტყაოსანი~ ჰქონდა ძონძებში გამოხვეული, არ დაგვანება და თავი შემოგვაკლა...

      გორილას, აბა, საიდან ეცოდინებოდა, რომ მისგან ვერაგულად მოკლული არხოტიონი განთქმული `ვეფხისა და მოყმის ბალადის~ ავტორი გიორგი ჯაბუშანური იყო... ან რა აზრი ჰქონდა ამის ცოდნას მისთვის...
რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცი ნააბრაგალი გარდაიცვალა...


Thursday, October 4, 2012

მთაში

 (პასუხი თემო არაბულისა და მერაბო არაბულის ლექსზე _"ხანდახან")

საწვიმრად ემზადებ გონჯი ას ამინდი,
ერთი მეც დამისხით რაი ვთქვა იქნება
გადმოსცდა საჯიხვეს პირქუში კამანდა..
რძესავით დაუშვეს წვეთები ჯიქნებმა
ღრუბლების,და მიწა,ხო_მიწა ქართული!
ვეფეროთ მთებსა და კენჭებს და ბალახებს,
ჭიუხებს დავადგი მეათე სართული
ლექსების,ოცნების..თუ აატალახებს
მიწასაც,როგორმე გავიტანთ ერცხვას და
ან რაის როგორმე!_
გაგვიწყდა პატრონი!?
არ მცვავა თათ_ბაჭიჭ ცოტათი შემრცხვა და
მე და მთა,მე და ცა,მე და თქვენ მარტონი
დავურჩით,ეშმაკმაც დალახვროს დამისხით!
განაღა სათქმელი დიაცებს არ აქვთა
სამკაულ არ მინდა! გვირილა ავისხი
თმაზე, და მოვედი აქ თქვენთან!
არაგვთან!

/ ნათია ჭინჭარაული \

შალშავი


წუხრ იდგა, როშკის ჩეროზე
შავად ბრწყინავდა შალშავი,
ხავსიან ქვაზე შემოდექ,
მოგგონდა ერთი ქალშავი.
ახლა სად არის, ქებული,
საით გალია გზა-შარა?
ნაცართვლით დაყვითებული
თმა ნეტავ ვისთვის გაშალა?
მის თვალზე ცრემლი საქუფრად
იქნებ არასდროს დამშრალა?
ან იქნებ კრულმა საწუთრომ
მაინც ვერ მოსდო ავშარა.
იქნებ სულ არ აგონდება
გზები იხინჭის, ლაშარის,
იქნებ წარსულზე ღონდება,
გარს ერტყმის ჯავრის ლაშქარი?
შენ წლებმა ვერ წაგაქციეს,
როგორც ქავ-ციხის ნაშალი,
თუმც შენს ხსოვნაში სიბერემ
სიყრმის სიზმრები წაშალა.
მაგრამ, რა ხდება?
ყოველ ჟამს,
როცა მწიფდება შალშავი,
ისევ სწვავს შენს მოგონებას
შალშავთვალება ქალშავი.
***
.ნინო ჭინჭარაული.

Thursday, September 27, 2012

"იცნოს სოფელმან"

         გუშინ, 26 სექტემბერს, თიანეთში, ჩემი საყვარელი პოეტის-მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში გაიმართა მეუფე თადეოზისადმი (ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მიტროპოლიტი) მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.წიგნის რედაქტორები არიან მარინა ხარხელაური და გიორგი ფარეშიშვილი.  მეუფის ლექსებთან ერთად, წიგნში შესულია სხვადასხვა მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეთა, მეუფის მეგობართა და სხვათა წერილები,ლექსები-მიძღვნილი მეუფისადმი.

     საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ დები ზვიადაურები, მარიტა წივილაშვილი, ანსამბლი-"ინანა" და თიანეთის სკოლის მოსწავლეები.
    თიანელებს ყველაზე თბილი მეუფე გვყავს..პოეტი მეუფე.

Sunday, September 23, 2012

"თაია"ს ესპანური თარგმანი

მთის კილოთი დაწერილი ლექსის თარგმნაზე ძნელი რა უნდა იყოს, თუმცა ცდას არავინ მიშლიდა და..

თაია

მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები,
ღიმილით მომყვება თაია..
-მაგწონსა ქალავ ქალაქის ქუჩები?
-ძალიან,ძალიან კაია..
-აქაურ ვაჟებს შენ ვერ გადურჩები,
ნუ ამბობ,თუ მიხოლ,გაია..
მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები,
ღიმილით მომყვება თაია..

/ბაღათერ არაბული/

Taia

las arboles floran en Mtatsminda,
sonriente va conmigo Taia..
-Te gustan las calles de la ciudad,chica?
_me gustan..tan lindas se hallan..
-no podres ocultar de aquellos chicos,
no te dice,si vas,solo vaya..
las arboles floran en Mtatsminda,
sonriente va conmigo Taia..

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, September 20, 2012

ჭინჭარაულების საგვარეულო კავშირის შეხვედრა(3)

21 ოქტომბერს, 3 საათზე, გელოდებით სამების ტაძარში,ახალგაზრდულ ცენტრში. მოვაბრძანებთ უკვე დასრულებულ ხატს და დამატებით,სურვილისამებრ აგროვდება თანხა ხატის მოსაჭედად.

Sunday, September 16, 2012

მარტი


ეს ამღვრეული მარტი მამშვიდებს,
შეუცნობელი და იდუმალი,
როცა ცოცხლდება-კვდება მაშინაც
და როცა კვდება-ცოცხლობს უმალვე.
თითქოს, ქარი და წვიმა შიშინით
რაღაც საშინელს
ერთურთს უმალვენ..

/ჩალხა ჭინჭარაული/

Tuesday, September 4, 2012

ჭინჭარაულების საგვარეულო კავშირის შეხვედრა 2

ჭინჭარაულების შემდეგი შეხვედრა 16 სექტემბერს,3საათზე იქნება. ხატისთვის თანხის ნაწილი შეკრებილია და თუ ვინმეს კიდევ აქვს სურვილი,შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ვიკრიბებით ისევ იმავე ადგილას, სამების ტაძარი,ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

Tuesday, August 28, 2012

ჭინჭარაულების საგვარეულო კავშირის შეხვედრა

1 სექტემბერს,11საათზე დილით, ჭინჭარაულებს გელოდებით სამების ტაძარში,ახალგაზრდულ ცენტრში. გვარის კავშირის ხელმძღვანელი მამა ექვთიმე(ერისკაცობაში-მამუკა) ჭინჭარაული ატარებს კრებას. საგვარეულო ხატის დასაწერად უნდა შეგროვდეს თანხა(ვისაც რისი გარების საშუალება ექნება), რის შემდეგაც შევუკვეთავთ დაფას.ხატის დასრულების შემდეგ იქნება გვარის დალოცვა უწმინდესისგან. ასე რომ ერთმანეთს გააგებინეთ ყველამ, ვისაც ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი აქვს, 1სექტემბერს დილით,11-სთ-ზე ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გელოდებით.

http://www.facebook.com/pages/ჭინჭარაულთა-საგვარეულო-კავშირი/313939368628935?ref=hl
/ნ.ჭ/

Thursday, August 23, 2012

სამი ძმის-ჯინჭარას,არაბას და გოგოჭას ამბავი.

   შოთა არაბულის "გუდანის ჯვრის ნაყმევი"-ს ეს ნაწყვეტიც იყოს აქ. ერთერთი ვერსია ხევსურეთის წარმოშობის შესახებ.


" სამი ძმა მასულა ბარიდან, ურჯულოს მომძლავრებას გამორიდებული,_ყვებოდა ხუცესის გვერდზე მჯდომი, ყალიონის ბოლში ქონდრისკაცივით ჩამალული ჩია ტანის მოხუცი:_ჯინჭარა, არაბა და გოგოჭა.
 - მანამდე არავინ ცხოვრებულა ხევსურეთში?_,იკითხა მოხუცის წინ ცალ მუხლზე დაჩოქილმა ახალგაზრდა ხევსურმა და დაცლილი თასი ჩამოართო მოხუცს, რომ ხელახლა შეევსო.
 -არავინ. დასახლებულა ის სამი ძმა გუდანში,_განაგრძო მოხუცმა: - ერთხელ,ღამით ძმები "ცისკარგახსნას" შესწრებიან და სამივეს თითო ნატვრა მოუსწრია.
   ახალგაზრდა კითხვად იქცა.
მოხუცები კი ისეთი იერით უსმენდნენ მოხუცს, ეტყობოდათ, მასზე უკეთ იცოდნენ ეს ძველისძველი გადმოცემა ხევსურეთის წარმოშობის შესახებ.
  - რა უნატრიათ?-, ვეღარ მოითმინა ახალგაზრდამ.
 - ჯინჭარას უნატრია: ჯარზე პირველი სკამი ჯარის სათავეში ჩემი იყოსო.
 - მართლაც, გუდანის ჯვარში პირველი სკამი ჯარის სათავეში საჯინჭარაულოს ეკუთვნის ახლაც...
 - გოგოჭას უნატრია: ჩამი ვალი ნურავის შერჩესო, ჰოდა აუსრულდა ნატვრა, გოგოჭურების ვალი არავის შერჩება, ავი გვარია, სულ ხმალზე უდევთ ხელი...
  მოხუცმა ჩაიცინა და ყალიონი გამოაბოლა.
  - სალუდე ქვაბის ძირივით შავ არაბას უნატრია: კაცრიელიმც ვიქნებიო; აუხდა ნანატრი-ნახევარი ხევსურეთი საარაბულოს უჭერია. ასე გამრავლდნენ თავის წინაპრების სახელზე ჭინჭარაულები, გოგოჭურები და არაბულები...
  - დანარჩენი ხევსურული გვარები?,-იკითხა ვიღაცამ.
  - ეგენი ან ამ სამი გვარის განაყრებია, ან მერე შემოხიზნულია მთას,- დასვა წერტილი ჩიამ და ჩამქრალი ყალიონი ფრჩხილზე დაბერტყა.."

/შოთა არაბული-"გუდანის ჯვრის ნაყმევი". /

Friday, August 3, 2012

რუსო მარგიანს

გადავეჩვიეთ მეგობარო,საკუთარ თავებს
და ღიმილისთვის შეკრულ ბაგეს ვეღარ ვაწვალებთ,
ქალაქში ქუჩებს საახალწლო სირმებით რთავენ,
ჩვენ კი დავკარგეთ ოცნებების 
ძველი საძვალეც.
გადავეჩვიეთ მეგობარო საკუთარ ფიქრებს,
ბედთან ჭიდილში დაცემულებს
ვგავართ მეომრებს
და ერთმანეთის ათასობით ნიღბების მიღმა
საოცარია,
მაინც ვხედავთ ერთიმეორეს...
/ნინო ჭინჭარაული/



Tuesday, July 24, 2012

მტრების წუთისოფელი




ის იყო, მდინარე ასას ხეობაში ნისლის ბოლო ფთილებიც გაიცრიცა და ქისტეთისაკენ ჩაწურული არხვატის ხეობა გამოჩნდა, რომ სამზირლად მონადირის ეხში მსხდომმა ხევსურებმა დურბინდები მოიმარჯვეს.
დილის ბინდბუნდში არილად გაილანდა მდინარის ნაპირებს გადევნებული, მგზავრთა იშვიათობისგან ბალახში გამდნარი ბილიკი, რომელიც ქვევით,სადღაც ქარაფების ჩრდილში იკარგებოდა.

ეხში ორნი იყვნენ.

უფროსი-შუახნის, უთურგი კვირიწმინდელი, უჟმური შესახედაობისა, ცალთვალელამი იყო, მეორე კი- მოხდენილი გარეგნობის ახალგაზრდა ამღიონი, ქორძო წიკლაური.
ეხის კუთხეში მინავლებული მუგუზლები ოდნავ ბოლავდა.
ხევსურები კარგა ხანს ათვალიერებდნენ ხეობას.

პირველად ახალგაზრდა დარწმუნდა, რომ ხეობაში საეჭვო არაფერი იყო, გამვლელი სულიერისაგან ნამიც არსად იყო გაბღერტილი და დურბინდი გვერდზე გადადო. მერე თოფი აიღო, საკეტი გახსნა, ვაზნები ამოიღო, გადათვალა, ათვალიერა და ისევ თოფში ჩააწყო.

მეორე ხევსურიც მორჩა ხეობისკენ კირკიტს.

_ ჭალაზე ეშმაკიც ვერ შემობედავს,_თქვა მან: _ მთის ყელში თუ გადმოიპარებიან ხაროვნის გასალალავად.
_იქნება არც ფიქრობენ.._, თქვა ქორძომ: _ რამდენი წელია, ამღიონს აღარავის დაუკარგია ხარ-ცხენი.
_ თორელის სიკვდილი გააბედვინებს მაგ კანტალებს საქურდლად წამოსვლას,_ იციან, რომ ამღიონთ დღეს მკვდარი გვყავს მიწას მისაბარები, აარავის სცალია მთა-წვერთ სადარაჯოდ..
წუთით ორივენი დაღონდნენ, თავი ჩაქინდრეს.

სიჩუმე ისევ ახალგაზრდამ დაარღვია:

_ რაც დრო შეიცვალა, თოფიც აღარ გავარდნილა ღილღო-არხოტში, არც ქურდობა მომხდარა.

_ სანამ ეგ ღილღო-არხვატს მოაღწევს,_თქვა უთურგიმ: _ბევრი ღილღველი და არხოტიონი მოკვდების ერცხვის ხელით...

მზის პირველმა სხივმა მთათა წვერი ოქროსფრად გალესა და ჭაუხებიდან მონაბერმა ნიავმა,

შურთხების ზარის ხმა ჩამოატარა ხეობისაკენ.

უთურგი ყალიონს აბოლებდა.

ქორძომ ისევ დურბინდი აიღო და კვლავ ხეობისკენ გაიხედა.

_ შავქარაფასთან ცხენიანი კაცი!_,წამოიძახა მან და მუხლებზე წამოჯდა.

უთურგიც დურბინდს ეცა და ხეობას გაუმიზნა. როგორც კი დარწმუნდა ამხანაგის სიმართლეში, თოფს დასწვდა, ლულით საყუჩზე გადადო და ვაზნა მისცა პირში.

_ პირველსავ ტყვიას მასაკლავად ესრევა?!_,წამოიძახა ამხანაგის უცაბედი მოქმედებით შემკრთალმა

ქორძომ და ისიც საყუჩთან ჩაჯდა თოფმომარჯვებული.

_ თუ ქისტია, მასაკლავად!,_ გამოსცრა უთურგიმ წეკოს წევისგან ჩაყვითლებული კბილებიდან და თოფს უფრო მოხერხებულად გამოექადლა.

ქორძო უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, შორს, ხეობაში ბილიკზე ბუზისტოლად გამოჩენილ ცხენ-კაცს გახედა, მერე მზერა ამხანაგის ხეობისაკენ საბედისწეროდ გამიზნებული თოფის ტუჩზე გადაიტანა.
მისი პატრონი, ავად აელვარებული საღი თვალით, სუნთქვაშეკრული მიშტერებოდა ხეობაში მომავალ ცხენოსანს.

_ იქნება როგორი ქისტი..._თავისთვის გაუბედავად იკითხა ქორძომ.

უთურგიმ ელამი თვალი საზარლად გადმოუბრიალა ამხანაგს.

_შენ სამზირლად რა გინდოდა, შინ უნდა იჯდე და დედას ფურებს უწველავდე!...

ახალგაზრდამ ამხანაგის დაცინვა აინუნში არ ჩააგდო, ისევ დურბინდი აიღო და მგზავრს გახედა.

ერთხანს ქვადქცეული აკვირდებოდა მგზავრს, მერე სახეზე ნათელი მოეფინა, კმაყოფილებით ჩაიცინა, დურბინდი გვერდზე გადადო და თოფიდან ვაზნა მშვიდად ამოიღო.

უთურგიმ გაკვირვებულმა გადმოუბღვირა ქორძოს:

_ მე ბებერ კაცს თოფს არ ვახლი!,_ თქვა ქორძომ და ამხანაგს ზურგი შეაქცია.

უთურგიმ კვლავ დურბინდი დაიტორიკა.

_ მკვდარვირიანს, წელზე სცემს თეთრი წვერი, მაგ ხნის კაცი ცხენზე როგორ შაითარა?!,_უთურგიმ ხეობისკენ გადააფურთხა.

ქორძო, როგორც ჩანს, დარწმუნებული იმაში, რომ ამჯერად ადამიანის სისხლი არ დაიღვრებოდა, მშვიდად იღიმებოდა.

_ რას იკრიჭები, შე ყურუმსაღო,_გაცეცხლდა უთურგი: _ აქ მტრის თოფის სასროლად ხარ, განა ვირების სამწყემსაოდ!

_ სადაა მტერი, ეგ მტერია?!t;_ თვალით ხეობისკენ ანიშნა ქორძომ: _ მტერი დღისით, მზისით არხვატისკენ წამოვა მძახალივით?!

მგზავრი რამდენიმე წუთში მოაღწევდა ქისტეთ-არხვატის საზღვარს და “მზირთ ეხას”, სადაც ხევსურები იყვნენ ჩასაფრებული.

მგზავრის ჩაცმულობამ და წვეროსნობამ დაარწმუნა ხევსურები, რომ ცხენოსანი ქისტი იყო, მაგრამ ამ ხნის კაცი სად და ვისთან მიდიოდა, რა ჰქონდა გუმანში?...

გორებზე მარგალიტივით აბრჭყვიალებულ ცვარ-ნამს დაწაფებული მზის სხივი ასას ხეობაშიც ჩამოეფინა და ხევხუვებში მიმოფანტული ჩრდილები ენის ერთი მოქნევით ამოაშრო.

დურბინდში მშვენივრად ჩანდა ახოვანი ტანის მხედრის ნაცრისფერი სკლატის ჩოხაზე აკიაფებული ვერცხლის მასრები, თავზე ყვითელსაკუჭიანი თრთვილისფერი კრაველის ქუდი ეხურა.

ჩალისფერი ცხენი ბალახის წიწკნით ნებიერად მოაზაყუნებდა პატრონს.

_ ეს ბებერი დუსურბანი ყონდივითაა შადებული ცხენზე,_ თქვა ზიზღით ელამმა უთურგიმ: _ ბრმაც არ დააცილებს ტყვიას...

_ ურსაც არ არტყია წელზე, მთლად უიარაღოა, _ შეარბილა თავისი ამხანაგის მკაცრი სიტყვები ქორძომ.

უთურგიმ ხელი ჩაიქნია და კვლავ მგზავრისკენ გადააფურთხა:

_ სამარეში ფეხჩადგმულს რად უნდა იარაღი!...

ამასობაში, მგზავრმა საზღვარს მიაღწია.

მან ცხენი შეაჩერა, მიდამო მოათვალიერა, მერე ბილიკიდან გადაუხვია და მდინარის პირად ჭალაში
შეიყვანა ცხენი. ხევსურების გასაოცრად, ცხენიდან ახალგაზრდული ჯომარდობით ჩამოხტა,…სადავე კისერზე შეუდგა ცხენს, ქამარში გაჩრილი ხელსაწმენდი გაიძრო, ბალახებზე გაშალა და ზედ დაიჩოქა ქუდმოხდილმა.

_ ლოცულობს თავის წესზე!_, წამოიძახა გაოცებულმა ქორძომ.

_ მადლია ახლა მაგისთვის შუბლში ერთი ტყვია,_ თქვა კბილების კრაჭუნით ელამმა ხევსურმა: _ სააქაოდან თავის ფეხით მივიდოდა იმ უფალთან, რომელსაც ლოცულობს, ამდენი ხელების შლა და ხვეწნა აღარ დასჭირდებოდა, იქ პირში ეტყოდა სათქმელს...

ქორძო გაოცებული ადევნებდა თვალს მოხუცი ქისტის მოქმედებას და არც უკვირდა, რომ მის მიმართ არანაირი მტრობა და სიძულვილი არ ჰქონდა გულში.

ლოცვად დავარდნილი მოხუცის გადაპარსული პრიალა თავი ბალახში ჩაღვრილი თეთრი წვერებით უზარმაზარ სოკოს ჰგავდა, ხან რომ ცისკენ აღიმართებოდა აჩონჩხლილ მკლავებს შორის და ხან ისევ მ,იწაზე ეშვებოდა. ამ დროს მოხუცის ნაცრისფერჩოხიანი ზურგი მუხლებზე წაჩოქილი აქლემის კუზს ჰგავდა.

მოხუცმა ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და გზა განაგრძო.

ხევსურებმაც საფარი დატოვეს, შამბიანი ფერდობი ჩამოიარეს და ბილიკზე ჩავიდნენ.

გზაში ჯიქურ გადამდგარი, თოფმომარჯვებული ხევსურები რომ შეიშნა მოხუცმა, ცხენის სადავე ოდნავ მოზიდა.

ხევსურებმა თითო ნაბიჯით წაიწიეს მისკენ.

მოხუცმა ქისტმა უნდაგირზე წინ გადმოიწია და ხევსურებს ხელის მოჩრდილვით დააკვირდა.

_ ფხია!,_ ჩაილაპარაკა მან ჩიფჩიფით და უნაგირზე გასწორდა.

_ ვინ ხარ, სად მიხვალ?;_ იკითხა ზვიადად უთურგიმ, თან ელამი თვალით წარბს ქვემოდან გაუბღვირა და იღლიაში ამოჩრილი თოფის წვერიც შეატოკა.

მოხუცი ხმას არ იღებდა, დამცინავად მოწკურული თვალებით მშვიდად აკვირდებოდა ხევსურებს.

ქორძო მონუსხულივით შეჰყურებდა მოხუცი ქისტის გარეგნობასა და მორთულობას. თეთრი წვერი, ღრმად ჩამჯდარი, ჭკვიანი თვალების ზემოდან ბორჯღად გარმოჭამფრებული ხშირი წარბები, თვალებს ირგვლივ წვრილი ნაოჭების გვირგვინი, ქუდსა და წარბებს შორის გამოჩენილი სპილოსძვლისფერი ტკიცინა შუბლი, უნაგირის ტახტაზე ჩამოწყობილი დამუმიებული გრძელთითება ხელები, არამიწიერ იერს აძლევდა მოხუცს. ამასთან ერთად, მისი შეუვალი სიდინჯე და დამცინავი იერიც, და რასაკვირველია, ბუნებრივი იყო ახალგარზდა არხოტიონის გაოცება.

მოხუცი ისეთი გამომეტყველებით აკვირდებოდა ხევსურებს, თIთქოს მრავალი წლის წინანდელ რაღაც ამბავს იხსენებდა.

უთურგიმ დამტვრეული ქისტურით გაუმეორა კითხვა მოხუცს.

მოხუცმა ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა.

_ ხელმაგემართათ, ხევსურებო!,_ თქვა მან ქართულად.

ხევსურები ოდნავ შეცბუნდნენ, მაგრამ ქისტის ქართული არ გაჰკვირვებიათ, ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ქისტები და არხვატივნები იოლად სწავლობდნენ ერთიმეორის ენას.

მისალმებაზე პასუხი როგორღაც ვეღარ მოახერხეს კვლავ კითხვადქცეულებმა.

_ ამღიონ მანგიას უნდა ვესტუმრო,_ თქვა ქისტმა კვლავ ნიშნის მოგების კილოზე.

მანგიას ხსენებაზე ხევსურები დაფაცურდნენ, უთურგი ახლოს მივიდა ცხენოსანთან, ირგვლივ შემოუარა, ცხენკაცის კაზმულობა ეჭვიანად გაჩხრიკა, შევერცხლილ ლაგამ-აბჯარ-უნაგირს ხარბი მზერა შეავლო და ისევ მხედარს შეაბრუტიანა ელამი თვალი.

ავად აბრიალებულ თვალზე შეამჩნია ქისტმა, რომ ხევსური სასიკეთოს არაფერს ფიქრობდა.

_ მე არხვატიონთ სისხლი აღარ მმართებს.._,თქვა ქისტმა მშვიდ ხმაზე: _ ისე კი, თუ სხვა ქისტების ვალსაც მე მომთხოვთ, ჩემს მაკვლაზე არხვატში საკარგყმოს მოგართმევენთ..

_შენდროულა კაცს არხვატიონი თოფს არ ახლის!_, ვეღარ მოითმინა ქორძომ და ამრეზილ უთურგისა და ცხენზე დაუდევრად მჯდომ ქისტს შორის ჩადგა.

უთურგის კიდევაც ეწყინა ამხანაგის მოქმედება და სადღაც კიდეც ესიამოვნა, რომ მტრისათვის თოფის ადვილად მსრეველ კაცად გამოჩნდა ქისტთან.

ქისტმა კი წარბებს ქვემოდან გამომცდელად გამოხედა ხევსურებს, უთურგის კვლავ ეჭვიანად ჩააშტერდა და მიხვდა, რომ ავი კაცი იყო და ძნელად დასთმობდა ავი საქმის არ გაკეთებას, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, უკან დახევა კი არ ითაკილა.

_ თუ ის კაცი მითხოელი ელიმარძა იქნება?!_, თქვა ქისტმა და უნაგირზე შემაღლდა.

ხევსურები გველნაკბენსავით შეტოკდნენ.

უთურგის თოფის ჩახმახმა საბედისწეროდ გაიჩხაკუნა.

_ ცხენის მჭამელო!რამდენი ამღიონის სისხლია შენს კისერზე,_იყვირა უთურგიმ: _რომენ ერთს შაგწირა?!

_ იყო და აღარ არის!...,_ მოხუცი კვლავ ზვიადად შემართული , ცალყბად შეღმენილი უყურებდა ბრაზით თვალანთებულ ხევსურებს, რომელთაც ვერ გადაეწყვიტათ თეთრწვერა მოხუცისთვის თოფის დახლა.

_ ლოგინში სიკვდილს, მტრის ტყვიით სიკვდილი უჯობს ელიმარძას,_ჩაილაპარაკა თავისთვის კმაყოფილ კილოზე ქისტმა: _ ოღონდ ეგაა, არხოტიონი მანგიას უნახავად წასვლა არ მინდოდა სამზეოდან...

მანგიას მეორედ ხსენებამ უფრო შეაყოვნა ხევსურები.

_ მანგიას მტრის ხელით მოკლული შვილი უწევს ჭერხოში, დუსურბანის სამასპინძლოდ არვის სცალის..

_ ჩემი სულთის მამკლავი თორელი!_, წამოიღაღადა მოხუცმა, თან თვალები არხოტისკენ მიაშტერა:
_ჩემი არწივის მზის ჩამქრობიც ჩამქრალა...

ხევსურებს გაახსენდათ, რომ ელიმარძას ერთადერთი შვილი სულთი, თორელს ჰყავდა მოკლული რამდენიმე წლის წინ და ერთიმეორეს შეცბუნებულებმა გადახედეს.

_ მივიყვანოთ, არხვატი რას იტყვის და სად გაგვექცევა, ძაღლს ძაღლივით უნდა ჩაძაღლება.

მოხუცმა ზიზღით გადააფურთხა და ცხენს ქუსლით წასვლის ნიშანი მისცა, ამით ხევსურებსაც აგრძნობინა, გზას დაადექითო.

უთურგიმ ქორძო წინ წაუმღღვარა ცხენოსანს და თავად უკან მიჰყვა თოფმომარჯვებული, თუმცა
გამქცევი არავინ იყო და არც გზა იყო სადმე გასაქცევი.


* * *


ამღაში მოსისხლეებისგან მოკლულ ვაჟკაცს დასტიროდა მთელი არხვატის თემი.

სისხლი ემართა და ჰკრეს ტყვია ხახმატელებმა მანგიას ერთადერთ შვილს.

არხოტივნებმა საკაცით მოასვენეს საძელიდან “მეთავის ხელით დახარჯული თემის იმედი”.

ხმლის ვადაზე ნიკაპჩამოდებული ხმით მოტირალნი ერთიმეორეს არ აცლიდნენ:

_ რად გაგვიშავე სამზეო, თორელოო...
_ ცა რად დახურე ამღიონთა, თორელოო...
_ ციხე წაექეც ბერდიშვილთა, თორელოო...
_ ელიმარძაის შვილი დაგხვდება, თორელოო...
_ გულზე თუკლაღ სჭირს იმასაცაა, თორელოო...
. . . . . . . . . . . . . . .
ხევსურებით სავსე ჭერხოს სიღრმეში საიარაღო კედელთან მიდგმულ ტახტზე ბორგავდა მოკლულის
მამა მანგია, ძალა აღარ ჰყოფნიდა, არც მუხლები ემორჩილებოდა, რომ “ჭირის მწყენთ” ფეხზე მდგომი დახვედროდა. თავის კბილა ბებრებმაც შეუგმეს, ბევრი შვილმკვდარიც უხსენეს, მაგრამ დარდის სატკივარს ვეღარ სძლევდა,სულ “ჭრა-ჭრილობაში” და “მამკლავ-მამკვდრობაში” ჩამობერებული, “ღილღველთ ჭირად გაჩენილი” არხოტიონი.

იქვე სამფეხა ჩიკებზე ისხდნენ ბებერი არხოტიონები, ყალიონს აბოლებდნენ, თან ცალი ყური ხმითმოტირალთაკენ ჰქონდათ მიპყრობილი.

ვერავინ შენიშნა, როდის შემოხდა ბანზე და შემოიარა ხალხით სავსე ჭერხო უთურგი კვირიწმინდელმა.

სამფეხებზე დაფელხვილ მოხუცებს გვერდი აუარა და ტახტზე გაშოტილ მანგიას წაადგა თავზე.

მოხუცმა ნაღველში ჩაძირული თვალებით ამოხედა უთურგის.

_ არხვატის ჭალაზე ღილღველ მავას!,_ თქვა უთურგიმ სხვა მოხუცების გასაგონად.

მანგიამ დალიბრული თვალები მოწკურა, თან ყურიც წამოსწია, რაღაც შეცდომით ხომ არ ჩამესმაო.

მოხუცებმაც კისრები წაიგრძელეს.

უთურგი ოდნავ დაიხარა ტახტზე მწოლისკენ და ხმამაღლა ჩასძახა:

_ ურჯულო მავას არხვატისაკე!

_ რად არ მახკალით?!-, დაიგრგვინა რომელიღაც მოხუცმა: _ აქ საკითხავად მოსვლა რად გინდოდა?!

ჭერხო გაინაბა, ხმით მოტირალს ხმალი გაუვარდა ხელიდან და მიწის იატაკზე გაიწკრიალა.

_ბებერია, ვერ ვიკადრეთ თოფის ხლა!..

მანგიამ თავს ძალა დაატანა და იდაყვზე წამოიწია.

_ ნეტა რომენ სოფლელია?,_იკითხა ვიღაცამ.

_ ნეთხიჩოელი ელიმარძაა!,-წამოიღრინა კბილების კრაჭუნით უთურგიმ და მოხუცებს მიაშტერდა
კითხვადქცეული.

_ ელიმარძა?!-, წაიბუხუნა მანგიამ და ტახტზე ნახევრად წამოჯდა.

მოხუცებიც ფეხზე ადგნენ.

მთელი ჭერხო ასადგომად დაფათურებული მანგიას შეჰყურებდა.

წუთით მიცვალებული ყველას დაავიწყდა, სიტყვა “ელიმარძას” ჩურჩულებდა დიდი და პატარა, ქალი და კაცი.

_ რა უნდა მაგ ცხენის მჭამელს, რასთან მავას არხვატისაკე?!-, იკითხა სხვებზე უხნესმა.

_ ეგ აღარ გაძღა არხვატიონთ სისხლით არც სიახლეში და არც სიბერეში!.._ახლა მეორემ დაუმატა.

მანგია ტახტიდან გადმოვიდა.

_ მე ვიცი, ნეთხიჩოელს რაც უნდა!,_თქვა მან ჩახრინწული ხმით,_ დრო მამიწვერე განა, დუსურბანო,_განაგრძო თავისთვის მანგიამ: _ მაგიკვდეს მანგია, თუ შენ გულ დაიცინოს!..

მერე იქვე დაკიდებული ჩოხისაკენ და ქამარ-ხანჯლისაკენ გაიწოდა ხელი.

მიაწოდეს.

კაცი უცბად სულ გამოიცვალა, თავისი უბედურება თითქოს დაავიწყდა, აკანკალებული ხელებით ვეღარ იცვამდა ჩოხას, მაგრამ მაინც იცვამდა, შემოიკრა ქამარ-ხანჯალიც.

_ წინგარდაზე ჩიკა დამიდგით!,_ბრძანა მან ბოლოს და ჭერხოს კარისაკენ გაემართა. შვილის ცხედარს რომ გაუსწორდა, წამით დააშტერა ამღვრეული თვალები.

_ ერთხან ნიადე წასვლა უნდა ყველას!,_ თქვა და გზა განაგრძო.

წინგარდაზე მისთვის დადგმულ სამფეხ სკამს მიუახლოვდა.

_ აი, ეხლა მავიდეს ეგ ღილღველი!,_ თქვა თავისთვის ამაყად და სკამზე ჩამოჯდა.
ვერავინ გაუგო მანგიას მოქმედებას თავი და ბოლო.

ერთი მოხუცი მორიდებულად მიუახლოვდა, ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა, რომ მანგიამ ხელი აიქნია და ბრძანების კილოზე უთხრა:

_ მე და თორელი დღეს მაინც უნდა გავიყარნათ მამა-შვილობით, აქ ბანზე გადმოასვენეთ, აქ იტირას ქალ-ზალმა!...

რამდენიმე წუთის შემდეგ, ფარდაგგადაფარებული ტახტით თორელის ცხედარი მამის მახლობლად ბანზე დაასვენეს ხევსურებმა და თავად ბანის კიდეზე ჩამწკრივდნენ.

დედროვანმა ზარს მოუმატა.

მანგიამ ყალიონი გამართა და თავისი ჩვეული სიდინჯით გააბოლა.

იქვე, დერეფნის სიგრძეზე გადებულ ძელზე მსხდომი ბერიკაცები შეცბუნებულები და დაეჭვებულები უთვალთვალებდნენ შვილმკვდარი მოხუცის მოქმედებას, ვერავინ წვდებოდა, რა ძალამ და ცეცხლმა შეაძლებინა ერთადერთი შვილის დაკარგვით ჩალოგინებულ მოხუცს უცბათ ფეხზე ადგომა.

_ აგე, მახყავ!,_ დაიძახეს ჭერხოს ბანზე ასულმა ყმაწვილებმა.

“ ამღის ყანით” გამოჩნდნენ ქორძო წიკლაური და ჩალისფერ ცხენზე მჯდომი მოხუცი ქისტი.

სოფლის პირში რომ მოვიდნენ, ქისტი ცხენიდან ჩამოხდა და საფერხე დასადავებული წამოიყვანა.

ყველა სულგანაბული და გაფაციცებული უყურებდა სოფელში შემოსულ მოსისხლეს, რომლის ბრძოლებსა და შეუპოვრობაზე, წარსულსა და ნამოქმედარზე ზღაპარივით ჰყვებოდნენ ხოლმე ხევსურები არხვატის საფიხვნოებში.

რომ დაიგუმანა ქისტის მოახლოება , მანგია წამოდგა და ბანზე დინჯად, გამართულად გაიარა, თითქოს წინგარდაზე საქორწილო სუფრა ჰქონდა გაშლილი და არა შვილის ცხედარი ესვენა.

ქისტი ნელა მიუახლოვდა მანგიას ბან-კარს, გამჭვალავი თვალით აკვირდებოდა ყველაფერს, ეზოში რომ შევიდნენ, ცხენის სადავე ქორძოს მიუგდო და ბანზე ავიდა.

მანგია დოინჯშემოყრილი უყურებდა ქისტს.

ქისტი წყნარად მიუახლოვდა ცხედარს, მერე დაიხარა და მიცვალებულის სახეს კარგა ხანს აკვირდებოდა, მის ტანსაც აატარ-ჩაატარა მზერა.

_ ღირებულხარ მანგიაის შვილო, თოფსაკრავად!,_თქვა მან: _იმ სიბრტყე მკერდი გქონია, რომ დაესწრო, ჩემი სულთი შენ ტყვიას არ აგაცილებდა...

მერე მანგიასკენ შებრუნდა.

მოხუცები მშვიდად აკვირდებოდნენ ერთიმეორეს, თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდნენ.

_ როგორი ფერი აქვს შენთვის დღეს სამზეოს, არხოტიონო?,_უთხრა ქისტმა მანგიას, მშვიდად, წყნარი ხმით.

_ ჩემი ძმის მამკლავი რახელ მახვედ ჩემს კარზე , ცხენის მჭამელო, ის ხომ არ გეგონა, მანგიას მტირალს ღნახავდი?!,_თითქმის ჩურჩულით იკითხა მანგიამ.

_ მოვედი, შვილის ქორწილი რომ მოგილოცო, _უთხრა ქისტმა და ხანჯლისწვერივით წამახული თითი ხცედარს მიუშვირა.

მანგიამ უცნაურად გაიღიმა, თან ნაბიჯი ცხედრისკენ გადადგა.

_ ხო წევს მანგიაის შვილი გველეშაპივით, ღილღველო, სიცოცხლეც უღირდა, სიკვდილიც უღირს!

_ გიხარის, რომ მოგიკლეს?!

_ მოსისხლემ მოკლა...

_ ხო, ხევსურები იბადეით, რომ ერთიმეორე ხოცოთ...

_ ქისტებიც!,_ თქვა ამაყად მანგიამ.

_ სასაფლაოზე დათვალეთ ჩვენი ნატოფარები, _ უპასუხა დამცინავად ქისტმა და თეთრ წვერზე დინჯად ჩამოისვა ხელი.

ხევსურმა სამფეხა ჩიკები მოუტანა მოხუცებს.

_სასმელი გაგმაიტანეთ!,_გასძახა მანგიამ ჭერხოში.

მერე არავის გაუგონია, რას ლაპარაკობდნენ მოხუცები, ტაბლას ჩაჰყურებდნენ თავჩაქინდრულები, რომელზედაც დოქით ლუდი ედგათ და კანტი-კუნტად ესიტყვებოდნენ ერთიმეორეს.

მიცვალებულის გასვენების ჟამმა რომ მოაღწია, მოხუცი ხევსური მიუახლოვდა მანგიას:

_ შვილს უკენობის სიტყვას ხო არ დააკვალებ...

_ ელიმარძას შვილი მომიკითხოს სულეთ შასულმა!,_ თქვა მანგიამ და სოფლის ნაპირას მდებარე სასაფლაოსკენ გაიხედა.

მოხუცი ქისტი ცხედარს უმზერდა.

_ აღარც შენა გყავ თორელი,_თვალი თვალში გაუყარა მანგიას: _ რა შეგრჩა სისხლის აღებით, რამდენჯერაც აიღე, იმდენჯერ გაიღე!

_ კარგი მამცას არხოტის ჯვარმა და კარგი მამიკლას! მაგას დავმარხვათ, სხვა კიდევ გაიზრდების!..

მოხუცი ქისტი მიწას ჩაჰყურებდა და რაღაცას ფიქრობდა კარგა ხანს. მერე თავი აიღო და ხევსურს ძლივს გასაგონი ხმით ქისტურად ჩაულაპარაკა:

_ რად არ გიკვირს, რომ ელიმარძი გესტუმრა?

_ არ მიკვირს, ძაღლი ძაღლად დაბერდი, ბოლოს თოფის ზიდვა რო აღარ შაგიძლავ, გატეხილი მანგიაის ნახვის წყურვილმა მოგიყვანა...

_ ნეთხიჩოს მამწვდა, შვილის სიკვდილმა მანგია ჩაალოგინაო...

_ უკანასკნელად თოფვა გინდოდა ჩემი, მაინც დაგიცდა, _ ჩიკაზე ამაყად შესწორდა მანგია.

ქისტმა სინანულით გააქნია თავი.

_შვილის სიყვარულზე მაგარი, მტრის სიძულვილი ყოფილა შენს გულში, სათოფავია ეგეთი გული...

_ შვილის სიყვარული ჩემია, მტრის სიძულვილი სახოყნო!,_ ცარიელი ყანწი ტაბლაზე დააგდო მანგიამ:
_ შენ არხვატისკე მაშინ წამოხვედი, ჩემი ჩალოგინება რომ გაიგე...

_ არა!,_თქვა ქისტმა და შორს მთებისკენ სადღაც ჰკიდა ნაღვლიანი მზერა: _ ჩემი თავი მებრალებოდა ოხრად დარჩენილი, ჩემი დაუძინებელი მტერიც შემბრალდა, გაჩემფერებული, მამაცი მტერი!... იმიტომ წამოვედი, ჩემი ტკივილი შემომეჩივლა, შენიც მომესმინა...

მანგია ყბაჩამოვარდნილი, დატყვრეცილი თვალებით გაოცებული შეჰყურებდა ქისტს, მეჩვენება თუ ნამდვილად ეს სიტყვები თქვა, რაც ჩამესმაო.

_აღარავინ თოფავს ერთმანეთს ახლა და აღარც მოსისხლეობენ,_ განაგრძო ქისტმა ნაღვლიანად: _ ქისტეთ ჩემ სწორებს შვილბოლოში თავი არ უჩანს, ერთი მე ვარ მარტოხესავით ამოსული... მათი მამა-პაპის მაგივრადაც მე გახლიდით ტყვიას, რა შემრჩა...

_ სახელი!,_ თქვა მანგიამ და ახლოს მიუჩოჩდა ელიმარძას: _ სახელი დარჩა, ნეთხიჩოელი ელიმარძის სახელი!...

მერე ელიმარძაზე არხოტელების გამოთქმული ლექსი ჩაილაპარაკა:

“ გახსოვდას ელიმარძაო,
არხვატით წანატანია,
მიხოლ, მაგიდის ტყვეები,
მიგიდის ხაროვანია,
იცოდე, არ შეგრჩებოდა
არხოტივნების ვალია!”


ქისტმა ხელი ჩააქნია და მისკენ წაძაგრულ ხევსურს თვალებში ჩახედა:

_ ცოდვიანო არხოტიონო, რამდენ ქისტის ქალს ჩააცვი შავი, რომ მახკვდები, შინაით შანდობის მთქმელი აღარავინ დაგრჩა, არცვინ შენი სახელის მხსენებელი იქნება, წავიდა შენი თორელი იქ,_ მან თითი ცისკენ აიშვირა: _ ჩემს არწივთან წავიდა...

ხევსური გაყინული თვალებით გაჰყურებდა სასაფლაოსკენ წაღებულ შვილის ცხედარს, ფეხზე ადგომა უნდოდა და ვეღარ ბედავდა, ვაითუ ქისტის თვალწინ ჯანმა მიღალატოს და თვი მომეჭრასო.

_ მძიმე ყოფილა მტრიანი კაცის წუთისოფელი, ნეთხიჩოელო,_ თქვა მან ხიხინით: _ ძალიან მძიმე, კიდევ კარგი შენ რო გხედავ... მადლობელი ვარ შენი აქ მოსვლისა, ძალიან დიდი მადლობელი...

ქისტი წამოდგა.

სირცხვილის შიშმა და ჯერ კიდევ შემორჩენილი სიამაყის გრძნობამ ძალა შემატა მანგიას, მძიმედ წამოიმართა და ბანიდან ჩასასვლელად გამზადებული ქისტისკენ გადადგა ნაბიჯი.

ქისტი შეჩერდა.

ისინი ახლა მარტოკები იყვნენ, ახლომახლო აღარავინ იყო, ხალხი სასაფლაოზე გაკრეფილიყო.
ეზოში ჩალისფერი ულაყი მიწას ტორავდა, პატრონს უხმობდა.

_გამაგრდი არხოტიონო, _თქვა ელიმარძამ, თან უცნაური ღიმილით გაუნათდა სახე: _ თორემ
ელიმარძა იფიქრებს, რომ ბოლოს ნასრევი არ აგაცდინე...

ხევსურმა მხარზე ჩამოადო მუგუზალივით ხელი ელიმარძას, თავადაც სცადა რაღაც გაღიმებასავით, თუმცა არ გამოუვიდა.

_ ჩათვალე ცხენის მჭამელო, რომ დამჯალდე, ნასრევიც შესაფერისი გამოგივიდა...ხელ მაგიმართოს არხოტის ჯვარმა...!

მრავალი წლის დაუძინებელი მოსისხლეები ერთხანს კიდევ ეკირკიტებოდნენ ერთიმეორეს ლიბრიანი, ბებრული თვალებით, რომლებშიც მტრობისა და სიძულვილის ნატამალი არ ჩანდა, პირიქით, მათ გამოხედვაში იხატებოდა უსაზღვრო სინანული და მოკრძალებული ურთიერთპატივისცემა.

ქისტი ბანიდან გადავიდა და ცხენისკენ გაემართა.

სასაფლაოდან მობრუნებული ქორძო და უთურგი მანგიასთან პირველნი მივიდნენ.

უთურგის თვალი ცხენისკენ იმავალ ქისტზე რჩებოდა, მას თავის ნადავლად თვლიდა და მანგიას ბრძანებას ელოდა.

_ სტუმარს გაჰყევით სოფლის ბოლომდე, პატივი დასდეთ და ჯვარი დასწერეთ,_თქვა მანგიამ.

_ პატივი კი არა, ტყვია უნდა მაგ ძაღლს!,_ჩაისისინა უთურგიმ.

_ რეგვენო!,_ იფეთქ ხევსურების გასაოცრად მანგიამ: _ ეგ ძაღლი კი არა, ნეთხიჩოელი ელიმარძაა! აგან ბევრჯკერ შემოხკივლა არხვატს არწივივით და შემოგვთოფნა... რამდენიც მოვუკალით, მაგვიკლა... ეხლა აღარც მაგას ვინ დარჩა მასაკლავი, არც მე..,_ უცბათ ხმა ჩაუწყდა მოხუცს.

ქისტმა ცხენი ეზოდან სადავითვე გაიყვანა, მერე სწრაფად შეჯდა, ხევსურებისაკენ შემობრუნდა, ქუდის მოხდით დაემშვიდობა ბანებზე წამდგარ არხოტივნებს და ცხენს ქუსლი ჰკრა.

ვიწრო ბილიკზე ქარივით გაფრენილ ცხენს გაკვირვებული მზერა გააყოლეს ხევსურებმა.

/შოთა არაბული/

Tuesday, July 17, 2012

როცა აღარავის და(ვ)ჭირდები


• • •
დროის მოვინდომე გაჭენება,
წელი ავითრიე გაჭირვებთ,
ნუთუ ისეთი დღეც გათენდება?..
როცა აღარავის და(ვ)ჭირდები...

წლები დამიბერდნენ ნაოჭებად,
ვკვებავ, ჩემი სულის ნაწილებით,
კარი შემომიღო გაოცებამ,
–ნუთუ აღარავის და(ვ)ჭირდები?...

ჩქარობენ საწუთროს მეისრენი,
ცამდე მანძილს ვზომავ ნაბიჯებით,
ვიცი...
მესაფლავე(ვ)!.. შენ მიშველი
ხვალე, აღარავის და(ვ)ჭირდები...

მიწა თავისას მთხოვს, მემუქრება,
ჯერ კი, ადრე არის გაცილებით,
ლექსებო!...
გაგაშვილებთ თეთრ ფურცლებთან,
საწუთროს მე თუ აღარ და(ვ)ჭირდები...

/მაია გონჯილაშვილი/

Monday, July 2, 2012

გაბრიელ


ქუფრ ქარაფებში გადავარცხნილი
გულს გითრთოლებდა ქუჩის დალალი,
"უცნაური ვარ,
მხოლოდ ის მინდა,
რაც საჩემო და ჩემთვის არ არი.."
-,ამბობდი..
შენი ლურჯაის ტორი
არ მარტო-არხვატს,
დარჩა ხევსურეთს
და საუფლოში სამყაროს სწორი
ვერ დაეტიე,
მაგრამ ქლესური,
ფლიდი,
გველური ენების რკალში
ლამის რომ გატყდა
სული მჭექარე,
კვლავ მიაშურე სასიტყვეთს მთაში,
სად აღარ იყო აღარც მზექალი
და ქარს მიანდე
ლექსების ფერფლი,
ლემადემ მოვლო მზეთა ქვეყანა
და შენს სამშობლოს,
ბრძოლაში შეჭრილს
ზედ ასოებად ჩამოეყარა:
"გ ა ბ რ ი ე ლ !"

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, June 28, 2012

სიკვდილის მკვლელი

( ციკლიდან “ხევსურეთის წარსულის ქრონიკები”)

     მხოლოდ თიბათვის მცხრალი მთვარე იდგა მოულოდნელად აფეთქებული ვნების უნებურ მეთვალყურედ. მხოლოდ ის დაჰყურებდა ხახმატის ხატის მეზღვნემეხვეწურის ღამის თევას ფხიზელი თვალით.
მთებიც მთვრალებივით ბარბაცებდნენ მედღეობეთა მოძახილ-კაფიაზე.
უხილავმა ქარიშხალმა აადანდგარა გაყუჩებული ზღვა ვნებისა.
მოგრაგნა და მოგრაგნა შმაგი ტალღები ზღვარის გადამლახავნი.
მღილის ოდენა ღრუბელიც არ ჩანდა ცაზე.
ზღვა კი გადარეულიყო, ტიელი..
ბოლოს, შემოილეწა მკერდზე მძაფრმა ტალღამ სწორფერთა წმინდა ნავი და ვნების უძირო მორევმა ჩაიხვია მენავენი.
შემკრთალი გაცურდა ცაზე თიბათვის სავსე მთვარე, ერთადერთი მოწმე ზღვის ცოდვისა.
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
განთიადისას ჩაცხრა ღელვა, ჩადგა ქარიშხალი, ჩაკვდა, გაინაბა ჟინმოკლული ზღვა და ფინიასავით გაუწვა ზეცას.
ბადრი მთვარე კი გაწითლებული ჩაეშვა მთების იქით.
გათენდა.

* * *

_ არაფერი არ შეცვლილა ჩემს გარდა გუშის მერე,_თქვა ქალმა: _ ყველაფერი ისევ ისეთია..
_ რა თქვი ნათია?
_ მე აღარა ვარ ისევ ისეთი.
_ ნუ ამბობ ეგრე ნათია..
_ გახედე, მთები ისევ ლამაზებია, ცაც უფრო ლურჯი, წყარონი წმინდა და ანკარანი.. მე კი..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ნათია, მოგვხედე!_, ეძებენ მედღეობენი.
_ ნათია, სად დაგვეკარგე?_, კისკისებენ დობილები.
_ ნათია, ნათელო!.._, უხმობენ სწორფერნი.
ველის ყვავილიც ყველგანაა, დილის ცისკარივით ამონთებული, ჯეირანივით ყელაღერილი, ტოლებზე ლაღი და ლამაზი.
“ათენგენობა” ვის ახსოვს ახლა!
ვის ახსოვს ხატი და ღმერთი!
ღრეობენ არაგველები, იმიზეზებენ “ათენგენობას” და ღრეობენ.
გურამი ლუდით სავსე თასს ჩაშტერებია.
მაცილი შემოსცინის თასიდან.
ნიავივით ფრთხილად, უჩუმრად წაადგა თავზე ქალი:
_ ნეტავ იქ რა ამბებია ქალაქში?_, კითხულობს სხვათა გასაგონად.
_ კარგი ამბები,_პასუხობს გურამი.
_ მაშ, ხახმატში რაღა გინდოდა?_,ვითომ წუხელაც არ ეკითხოს.
_ ათენგენობა უნდა ვნახო.
_ ათენგენობაზე მოსულს საკლავი უნდა მოგეყვანა, სანთელიც, სასმელიც_ ,ასმენინებს ხევსურებს ქალი.
_ რისთვის ნათია?_,კითხულობს გურამი.
_ ხატისთვის!
_ სადაა ხატი,ნათია?
_ მაშ ეს ხალხი რას ლოცულობს?!
_ აღარავის სწამს ხატი..
_ არც შენა?
_ მე ჩემი საკუთარი ხატი მწამს.
_ სადაა ის ხატი?
_ აქ, ხახმატში, ნათია..
ქალი განზე გაკრთა, ზემოდან გადმოხედა ვაჟს ამრეზილმა და გაფითრებულმა:
_ წუხელის მერე აღარ არსებობს ეგ ხატი, მოკვდა!_,ჩურჩულებს.
_ ნათია!
_ გაჩუმდი ქალაქელო!..

* * *

ჟიჟინის ბადეს ქსოვს ერთიმეორეში არეული მედღეობეთა ხმები.
სიმღერების მარულა გადარბის გორებზე: “ფერხისა”, კაფია, “თუშური”, “ფშაური”, “ქალაქური”..
გურგურებს გალექებული მეზღვნე-მეხვეწური.
როგორც ჭილყვავთა გუნდში უცხო ფრინველი, ისე ირჩეოდა ნათია ალუდაური ამ ლუდ-არაყით დამბალ ბრბოში.
ცეკვავენ დობილები და იწვევენ ნათიას.
ნატიფ მკლავებს შლის ქარაფის პირიმზე, ნარნარად მიარხევს სადიაცოს აყვავებულ კალთა ქოქომოს შორეული საუკუნეებიდან გადმოსული სერაფიტას ჯილაგი.
_ საოცრებაა!_, ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ ტურისტები.
_ ველური სრულყოფილებაა!_, ამბობს უცხოელი.
_ პირველყოფილი მშვენიერებაა!..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხარივით ეწაფება წყაროს წყალს გურამი და ხარბად ისუნთქავს მიწის მკერდიდან ავარდნილ სიცოცხლის სურნელს, მაგრამ წუხანდელი ღამის გახსენება მაჯლაჯუნასავით სწვდება ყელში, სიზმარეულ სიტკბოებასთან შერეული ტკივილი სწკენტავს გულზე მწარედ.
სულჩადგმული, ხორცშესხმული სირცხვილი სამზეოზე დაიარება და მაცილივით ბოროტად შესცინის თვალებში: “რა ქენი? შებღალე წმინდა ადათი სტუმარ-მასპინძლობისა; ვაჟკაცმა საკუთარი ვნება ვერ მოთოკე_ წმინდა ადათი..!”
“ეშმაკსაც წაუღია ეგეთი ადათი”,_ ფიქრობს ღამის გახსენებით გატანჯული და ამაოდ ეძებს ხსნას.
_ ადამიანის ფერი აღარ გადევს, ბეჩავო,_ისარივით ესობა ქალის სიტყვები.
_ ალბათ..
_ მიკვირს, რით შემხიბლე?!_ იკითხა ქალმა.
_ ძალიან საყვარელი ხარ, ნათია..
_ სიყვარულთან ძალადობას რა ხელი აქვს?
_არაფერი..
_ მაშ, წუხელის რად არ გახსოვდა ეგ?
_ ვერ შევძელი ,ვერა..
_ ვერ ყოფილხარ ქალთან ვაჟკაცი ქალაქელო!
_ ადათთან ვერ ვივარგე..
_ სწორფრობა რა ქალაქელის საქმეა, ქალაქელს ქალი საუფროდ უნდა..
_ არა, ნათია, მაგრამ ეგ წამების წესია, წყეული წესი..
_ ფუჰ, გაჩუმდი! შენი თავი შენს ხელთ უნდა იყოს..
_ ძალა არ მეყო,ვერ შევძელი.
_ მთაში რომ გაზრდილიყავ, მაშინ შეძლებდი.
ვაჟმა უაზრო თვალებით გახედა ხატის მინდორზე მობანცალე ხევსურებს:
_ ალბათ,_ თქვა მერე, თუმცა გულში არ სჯეროდა თავისი ნათქვამის.
_ ჩემი ბრალია.. რაადამ მეგონა შენ არ იკადრებდი მაგისთანას..
_ მაკმარე წამება, ნათია!
_ ხევსური არ იკადრებდა მაგას!
_ ნამდვილად.
_ ჩემი მამა-ძმების სახელი, პურადობა , გულადობა მთელ საარაგვოს აზანზარებს.
_ ვიცი, ნათია.
_ ქუდები მოვხადე, შევარცხვინე ისინი, ქვეყანაში გამოსავალი დავუკარგე.
_ უთხარი, ამკაფონ!
_ შემიძლია ნაკუწებად ქცეული გავუგზავნო შენი ტანი ქალაქში დედაშენს.
_ გაუგზავნე, ნათია!_, ვაჟმა ხელებში ჩამალა ალეწილი სახე.
_ ლამაზი ტანი რო გაქვს, მიწის ჩასახვევო..

* * *

მეღრეობე ხალხისგან განცალკევებით ლოდზე ბეჭმიბჯენილი ზის გურამი, თამბაქოს ბოლი ნისლივით ეხვევა.
ზიმზიმებს გალექებული ბრბო ხატის მინდორზე.
დილას აქეთია, ამაოდ ცდილობს გურამი ღამის ტკივილი რამით მოირჩინოს. არაფერმა გასჭრა, მის დაძაბულ ნერვებს სიმთვრალეც არ მიეკარა.
მლოცველთა შორის აპრილის პეპელასავით მოფარფატე ქალიშვილი ატყვევებს უნებურად მის მზერას, სულს, გულს, საფიქრალს..
აგერ, კვლავ გაცამცმული ჯიხვით დაიძრა ახლაც გურამისკენ.
ხალხის სათვალფროდ ღიღინ-ღიღინით მოდის, მოაფრიალებს ჭრელკვრელი სადიაცოს ყვითლიან ქოქომოს, მოღიღინებს, თუმცა წამწამზე ცრემლის მარგალიტი უბრწყინავს.
_ სიკვდილი თუ გაშინებს, ქალაქელო?
_ სირცხვილი მაშინებს, ნათია.
_ წუხელის რად არ გაშინებდა სირცხვილი?!_, ყურთან წაუსისინა ქალმა.
_ ამას ჰკითხე, ნათია,_ ყანწზე ზიზღით ანიშნებს გურამი.
_ ეს ვაჟკაცს ვერ ჯალდავს.
Gგურამს ნაძალადევად მიაქვს პირთან ყანწი.
_ იქნებ საწამლავს გასმევ?!
_ ნეტამც ეგრე იყოს.._, ოხრავს გურამი.
_ ვაი, იმ ვაჟკაცს, ვინც ღამით ჩანადინარზე დღისით გმინავს,_, კისკისებს ქალი.
სიკვდილის სიცილს ჰგავს მისი სიცილი.
_ არ ვიცი ნათია რა გიყო, ან რა ვქნა..
_ნუ გეშინია გურამ,მე თავად ვიცი..
_ რა იცი ნათია?
ქალიშვილი, “გაამოსო”, სხვათა გასაგონად ხმამაღლად ეუბნება გურამს, დაცლილ ყანწს ართმევს და კვლავ ხალხს შეერევა.

* * *


ღაბახი შედგეს ხატის გორზე.
ხახმატურის სახელზე “სრევას” აპირებენ ვაჟები.
თოფები დაიტორიკეს მეთოფეებმა.
ერთ-ერთ ვაჟს თოფს ართმევს ნათია, მეც მასროლინეთო.
ხატის ღაბახს ქალი ვერ ესვრისო, ახსენებენ ვაჟები.
მხარს ზემოდან წუთით გაავებულ მზერას ესვრის ქალი ლოდად ქცეულ გურამს.
მძიმედ წამოიმართა ახოვანი ტანის გურამი და წამოდგა, განიერი მკერდი გაშალა და დოინჯშემოყრილი ამაყად მიაშტერდა გაღრევებულ მილეთს.
ქალმა ნელა ასწია თავი და გურამს თოფი დაუმიზნა.
გურამმა სადღაც მთებისკენ გაიგდო მზერა და სიგარეტი მოქაჩა, მის თვალებში წამით გაიელვა სიცოცხლის წყურვილის სიხარბემ, მხოლოდ წამით და გაქრა.
ქალმა თოფი დაუშვა და გურამისკენ წავიდა.
გურამი სიგარეტის ფერფლს ჩაშტერებოდა.
შორიახლო გაჩერებულ ნათიასაც ფერფლისფერი ედო სახეზე.
_ ხო არ ფიქრობ ქალაქელო, რომ შიშით ვერ გესრიე?_, ჰკითხა გაბზარული ხმით ქალმა.
_არა, არ ვფიქრობ.
_ სიკვდილის თუ არა, სირცხვილის ხო გეშინის შე ჯოჯოხეთო?!
_დიახ, ნათია..
ქალი წამით ჩაფიქრდა/
_ ნუ! ნუ გეშინის, გურამ , მე ხევსურის ქალი ვარ და.. ნუ გეშინის.
_ რა შუაშია ხევსურის ქალი?_, უკვირს გურამს.
_ თავის სირცხვილს ვაჟთან საზიაროს არ გახდის,იმ შუაშია.
_ წუხანდელ ღამეს რა ვუშველოთ, ნათია?
_ მაგისაც მე ვიცი.. თავის ცოდვას თავად ვზღავ.
_ უნდა წამომყვე ქალაქში, ცოლად!_, ეუბნება მტკიცედ ვაჟი.
ქალი სინანულით ჩაიცინებს:
_ ეეხ, ქალაქელებს სიყვარულიც გაშინებთ..
_ ეგ როგორ გავიგო?
_ ვერ უძლებთ და კლავთ სიყვარულს..
_ არაფერი მესმის შენი სიტყვებისა..
_ შენ მოკალი ჩვენი სიყვარული, გურამ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_საით წახვედი ნათია?_, კითხულობს გურამი.
_ ყვავილთ მოგიკრეფ ქალაქურ წესზე,_ მოაძახა მან და ფერდობს შეუყვა.
_ როგორ ქალაქურ წესზე?
_ ხევსურები მოუწყვეტელ ყვავილებს უმზერენ და იმით ლაღობენ, ქალაქელები კი.._, არც ახლა მოუხედავს მას, გურამს მოეჩვენა რომ ქალიშვილს მხრები უთახთახებდა.
ნათია ყვავილებით ათრთოლებულ სათიბებზე ადიოდა.
_ ეგ თოფი რაღად გინდა ნათია?_,გასძახა გურამმა.
_ სიკვდილი უნდა მავკლა, ქალაქელო..
მუხლამდე სათიბებში შესული ნათია ყვავილებს ეხრებოდა.
Mმაცილი მხარზე დასჯდომოდა გურამს. გული რაღაცას ავს გუმანობდა, მაგრამ გურამს ვერ აეხსნა, რას.
უნდოდა, ქალიშვილს კვალში ჩასდგომოდა, მაგრამ ნათიას მამა და ძმები იზნევდნენ.

* * *
თოფები ტყვრებოდა ხახმატის გორზე.
ხახმატელნი ისევ ღაბახს თოფავდნენ.
გალექებული მეთოფეები ვერ უსწორებდნენ მიზანს სამიზნეს.
. . გურამი ზვიადად დგას ხავსიან ლოდზე მეთოფეებისკენ მკერდშეშვერილი და საოცრად გულგრილი გამომეტყველებით აბოლებს სიგარეტს.
რა დაემართა? ხევსურებთან ის ყოველთვის ლაღი, თავისუფალი და მხიარული იყო. ცხრა მზე ამოსდიოდა ამ კუთხეში ამოსვლით, ახლა კი..
შარშანწინაც იყო ხახმატში, შარშანაც. მის თვალწინ დაქალდა და გაივსო ნათია ალუდაური, ჯიშ-ჯილაგიანი გვარისა და მამის ასული, ძმებითა და ბიძაშვილებით სავსე, ლაღი და ნებიერი, საარაგვოს ყვავილივით მშვენიერი.
მაგრამ.. დღემდე მაინც უბრალო სოფლელი გოგო იყო, რომელსაც ხუმრობით გურამი ხევსურულ წესზე სწორფერს ეძახოდა, ხუმრობით...
წუხელ კი... თბილისიდან ამოსულს გულგახსნით შეხვდნენ ხახმატელი ძმობილები, გაიხარეს, დააძალეს ჯიხვებიც თავის წესზე, გახევსურდა, იმღერა და იკაფიავა, მერე ნაშუაღამევს განცალკევებული ქვითკირი...ოქროსფერ ჩალაზე გაშლილი ლეკური,შავი ნაბადი...ნათია...
ახსოვს და არც ახსოვს რაც მოხდა. თავის გასამართლებელ საბუთს ეძებს და თავი ეზიზღება ამ “ძებნის” გულისთვის.
ნათია კი თურმე მხოლოდ “უბრალო სოფლელი გოგო” არ ყოფილა...
დღეს აღმოაჩინა ეს გურამმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხახმატელნი კვლავ ღაბახს თოფავდნენ.
ხორხოცებენ, კაფიაობენ და დაელმებული, სიცილჩაღვრილი საცერა თვალებით ღაბახს უმიზნებენ.
ბოლოს, როგორც იქნა, “დახკრა” რომელიღაცამ.
ყიჟინის ტალღამ გადაუარა მლოცველთა საკრებულოს და თოფების ბათქიც ჩაკვდა. ბალღებმა ღაბახის კვერი ხატის გორიდან ჩამოარბენინეს და ჯარზე მსხდომ მოხუცებს მიართვეს.
_ წაუთავჩიგებია!_,თქვა ერთმა.
_ თავში მსრეველი აქვს ბეწინას!_, განმარტა მეორემ
_ ყინჩად დანალიშნებია!_, ჩაიღიმა მესამემ.
ხევსურებმა საკარგყმო მიართვეს გამარჯვებულს.
ამ დროს, უცბათ მოწმენდილ ცაზე გავარდა მეხი, ეძგერა მთებს ეს ხმა, ხუილშხუილით დაუარა გულ-ღვიძლში, საშინელი ზრიალით, ვიშითა და კივილით ჩაიკარგა სადღაც ხეობებში მერე.
ეს თოფის ხმა იყო,კენტად გავარდნილი თოფის ხმა, მაგრამ მეხის გავარდნას ჰგავდა, მოულოდნელ გავარდნას, ირგვლივ ყოველივე სულიერი თავზარდაცემით რომ გააქვავა.
ტყვიანაკრავივით შებრუნდა გურამი სათიბებისკენ.
წელში არაბუნებრივად წახრილ ნათიას ჯერ თოფი გაუვარდა ხელიდან, მერე ფრთამოტეხილი ფრინველივით მიიფლოხვა ბალახებზე და ოდნავ ჩამოცურდა.
გურამმა უჩვეულო სისწრაფით აირბინა აღმართი და შამბნარში თავდაღმა წამოქცეულ ქალიშვილთან მიიჭრა.
_ რა ქენი, ნათია?!_,აღმოხდა მას, სულთმობრძავ ქალიშვილს რომ დახედა.
_ სიკვდილი მოვკალი გურამ, სირცხვილიც...
_ ნათია!...
_ ახლა კი... დავრჩები შენს გულში..._გაღიმება სცადა ქალიშვილმა: _ ახია შენზე, სამზეოს ჯოჯოხეთო, ვეღარ დამივიწყებ...
ბაგის კუთხეში სისხლი გადმოუგლინდა.
_ ნათია!_, მუხლებზე დაეცა გურამი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თოფის ხმაზე ჯერ დამბლა დაეცა ხატის მინდორზე მოგურგურე გაღრევებულ მეზღვნე-მეხვეწურს, მერე დიდმა-პატარამ, ყველ;ამ სათიბებისკენ ქნა პირი.
გურამმა თვალები დაუხუჭა ქალიშვილს და განზე გადგა.
სანამ ვინმე მოაღწევდა მათთან, ერთხელ კიდევ დააშტერდა გურამი ქალიშვილს. ის მოწყვეტილი ყვავილები და მკვდარი ნათია რაღაცით ძალიან ჰგვანან ერთი-მეორეს, გაიფიქრა და გაუკვირდა, რომ ასეთი უცნაური შედარებისთვის მოიცალა.
ვაი-ვიშითა და მოთქმით მოცვივდნენ ნათიას დობილები.
ხარებივით აბღავლდნენ ძმები.
ცას ჭვრიტი გასდეს ბიძაშვილებმა.
ფერდზე შეფენილ ხალხს როგორღაც უკან ჩამორჩნენ ნათიას დედა და მამა. გაუბედავად ამოდიოდნენ, ფეხტეხით.
გურამი მწუხარებისგან დაზაფრულ ცოლ-ქმარს აშტერდებოდა.
“მშობლების ნათელი გამოჰყოლია ნათიას, ამათი ეშხი და დავლათი”_პირველად ეს გაიფიქრა გურამმა.
ნათიას დედ-მამა მოშორებით შეხერდნენ.
დედამ ალმაცერი, გაქვავებული მზერა დაადგა ბალახებზე ყელგადაგდებით გაწოლილ ქალიშვილს და მერე ქმარს შეხედა:
_ მართლა ჩვენი ქალა კი არ იყოს, კაცო?!_იკითხა გაბზარული ხმით, თუმცა კარგად ხედავდა, ვინც ესვენა ბალახებზე.
კაცმა ცოლს თვალი აარიდა, ჯიბეში ხელის ფათურით გაზეთის ნახევი იპოვა და ახლო მდგომ ხევსურებს ნაძალადევი, მშვიდი ხმით უთხრა:
_ მაგრის თამბაქოსა ვის გიყრავთ, მომაწევიეთ!
ქალებმა გაიწ-გამოიწიეს და დედა უფრო წინ წადგა:
_ მართლა ნატყვიარი კი არ გჭირდეს ქალშავავ, რა უფრად გათეთრებულ მეჩვენები?
მოზარეები არაადამიანურ ხმაზე აბღავლდნენ.
დედამ წარბები შეჰკრა, ქალიშვილისკენ წაიხარა.
_ ქალავ, ნათიავ, რა შნოზე იბარძღლები, სადიაცო ჩამაიწიე!_ სულ სხვა ხმით დატუქსა მკვდარი ასული დედამ.
მოზარე ქალმა კაბის კალთა ჩამოუწია შიშველ მუხლზე ცხედარს.
საკუთარი განცდით გაოგნებული გურამი ყველაფერს ისე უყურებდა, როგორბრწყინვალედ დადგმულ სპექტაკლს. თავისი ორეული ედგა გვერდზე, რომელიც საშინლად სძულდა.
თუმცა უნებური მიზეზი თვითონ იყო, ამ “სანახაობისა”, მაგრამ “დანაშაულზე” უფრო ბევრად რთული, თავისებურად მაღალი, საოცარი და ასე ვთქვათ მომხიბვლელი რაღაც ხდებოდა მის თვალწინ.
სიკვდილის გარდა, კიდევ სხვა რაღაცა იყო, რაც კაცთა წუთისოფლის ვნებათა მწვერვალს აგვირგვინებდა და ამშვენებდა...
თითქოს ეს სამკაულიც საჭირო ყოფილიყო ამქვეყნიური სრულყოფისათვის.
“სიკვდილის მკვლელი... მკვდარი სიკვდილი” ჩურჩულებდა გურამი თავისთვის და გარინდებული აკვირდებოდა “სპექტაკლის” მსვლელობას...
სირცხვილის გამხელისა ერიდებოდა, იმ სირცხვილისა, რომლის განადგურებას, წაშლას, გაქრობას ნათია ალუდაურმა ასეთი ლამაზი სიცოცხლე შესწირა, თორემ საშინლად მოუნდა, ამ “სპექტაკლში” ერთ-ერთი მთავარი როლი თავადაც შეესრულებინა, თოფისთვის წამოევლო ხელი და... თუმცა... “სანახაობა” მაშინვე თავის ელფერს დაკარგავდა, უცბატ ჭუჭყიანი, ბინძური ბურუსი გადაეფარებოდა ყველაფერს, შეილანძღებოდა ნათიას სიწმინდე, მოკლული სიკვდილი გაცოცხლდებოდა და ირგვლივ სიძულვილის, წყევლისა და სირცხვილის მარცვალს გააბნევდა...
_ მაგის საკადრისა სამზეოზე არა იყო რა, იმით გაწირა წუთისოფელი,_თქვა ხევსურმა.
_ ამაყი იყავ ქალბნელო, მზეს სწუნობდი და იმად დასთმე სამზეოც,_ დაატირა დედაბერმა.
_ ვარსკვლავი წუხრ ამახდების და დილას ჩახდების,_ ჩაიბუბუნა მეორე ხევსურმა.
ახალგაზრდებმა ნედლი ტირიფის ფოთლიანი ტოტების საკაცე შეკრეს, ცხედარი საკაცეზე ფრთხილად დაასვენეს და ზეასწიეს.
_ გაგონილა ასეთი ველური გულქვაობა?!_ტურისტი გურამთან მივიდა: _მშობელი შვილს არ ტიროდეს?!.
გურამი ტირიფის საკაცეზე მოქანავე ნათიას გაჰყურებდა.
_თქვენ ისეთი აღფრთოვანებული სახე გაქვთ, თითქოს დიდებულ სანახაობას უყურებდეთ,_ უთხრა ჩუმად ტურისტმა კვლავ გურამს.
მას არც ახლა გაუგონია ტურისტის სიტყვები.
_ ძალიან იოლად თმობენ ხევსურები სიცოცხლეს,_თქვა მეორე ტურისტმა რაღაც ხელოვნური სინანულით.
_ სიცოცხლის ნამდვილი ფასი არ იციან და იმიტომ!,_ უპასუხა პირველმა ტურისტმა თავდაჯერებულად და ხატის ვაკეზე ჩასულ პროცესიას ფოტოაპარატი მიუმარჯვა.

/შოთა არაბული/