Friday, March 12, 2021

ჩემი საკუთარი მითი

 


`ნუ დაკმაყოფილდები სხვისი ისტორიებით,
შექმენი შენი საკუთარი მითი”
მევლანა რუმი
გქონიათ შემთხვევა, როცა სრულ აპათიასა და გაუცხოებაში მყოფი ერთ ფრაზას დაუბრუნებიხართ საკუთარ თავთან?
უბრალო სიტყვებით აწყობილ წინადადებას, რომელიც საუკუნეების წინ გარდაცვლილ ადამიანს დაუწერია, მაგრამ მხოლოდ შენთვის იყო ნათქვამი?
ზუსტად ასეთმა შემთხვევამ დამაწერინა ეს ისტორია,რომელიც ძალიან გრძელია და შოთა რუსთაველის არ იყოს, მოკლედ უკეთ ითქმის. სწორედ შოთასავით დიდი პოეტი და ფილოსოფოსი იყო ისიც, ვინც ერთი მარტივი ფრაზით გამომაფხიზლა.
` ყველაფერი, რაც გინდა რომ იყო, უკვე ხარ “…
* * *
ხშირად მიფიქრია, რომ გიდები შერეკილები არიან. უცნაურია, თვითონ გიდი რომ ვამბობ ამას, მაგრამ ასეთ სამუშაოს  ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს. გიდები ერთდროულად მსახიობები,  ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ზოგ შემთხვევაში პოლიგლოტებიც უნდა იყვნენ. ამხელა ცოდნის თავში ჩაჭეჭყვა კი გაწონასწორებულ ადამიანსაც გააგიჟებს. თუმცა, მე ამ პროფესიამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემდაუნებურად მივედი.
    წერა და მოგზაურობა… ეს ორი რამ ბავშვობიდან ყველაფერს მერჩია. მოგვიანებით კი, როცა მეგობრებთან ერთად ლაშქრობას და კარავში ღამის გათენებას გავუგე გემო,  მანიაკად ვიქეცი. ჯერ ჟურნალისტიკა მოვსინჯე, შემდეგ უცხო ენებზე გადავსკუპდი, მერე – ხელოვნებათმცოდნეობაც დავამთავრე და საბოლოოდ გიდის კურსებზეღა გავჩერდი, რადგან მხოლოდ ამ უცნაურმა საქმიანობამ მომცა საშუალება თავისუფალ დროს მეკეთებინა ის, რაც მაბედნიერებდა – მეწერა და მემოგზაურა.
საკუთარ ქვეყანაში ხეტიალს მოგზაურობა ალბათ ნაკლებად ჰქვია, მაგრამ თურქეთი ჯერ-ჯერობით ერთადერთი უცხო ქვეყანაა, სადაც ჩავსულვარ და მიყრუებულ სოფელ კარაბუჩეკში მოტოციკლით სეირნობაზე საინტერესო ამბები საქართველოში გადამხდენია. იქ გატარებული დღეები ვერ შეედრება ლაილაშს და ცხენების აბანოს, რომელიც აუზი მეგონა და ვიჭყუმპალავე. ვერც – აზვინულ თივებთან, კარავში გათენებულ ნისლიან ღამეს, როცა ჰაერი ისე თეთრი იყო, ძილი არ გამეკარა. ზურგჩანთააკიდებული `ტყავის მოგზაურის” მოგონებები ფრაგმენტულია და კადრებივით მეორდება.
ალგეთი… სალაშქრო სეზონის გახსნა… ქარიშხალი, რომელმაც კინაღამ კარვებიანად წაგვიღო… გალუმპული ტანსაცმელი… ფეხსაცმლის ჭყაპუნი და მთელი ღამე ვიღაც საცოდავის კვნესა – `პოსეიდოოონ, ქარი მაინც გააჩერეეე!”
 
შატილის შუა საუკუნეების კოშკები ღამით, ფანდურის ჟღრიალი… პირაქეთა ხევსურეთი, უკენახო… ცხენი რომელმაც ჭენებისას ჩამომაგდო და ქვეშ მომიყოლა…  ლექსი, რომელიც სახლში დაბრუნებულმა ამ ამბავზე დავწერე…აბუდელაური, ჯავახეთი, რაჭა… ავტოსტოპი… გზაში გაცნობილი ადამიანები… `ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ” – თქვა სუფი დერვიშმა რუმიმ  და ამ უწყინარმა ფრაზამ შეცვალა ზღვაში წვეთის, ერთი ადამიანის ცხოვრება.
 
   ***
   როცა პირველად ავათავე როშკის ბილიკები და არხოტის უღელტეხილისკენ  აღმართებს ავუყევი, ჯერ მარტო ერთი შვილის დედა ვიყავი.  3 წლის  ლუკა ბებიასთან დავტოვე და 5დღის მერე დავბრუნდი სახლში. თუმცა, 3235 მეტრს მიღმა ისეთი სამყარო აღმოვაჩინე, არ მინანია.


`წელთგზა ეშმაკის სავალი გზაა”… მახსენდებოდა ანა კალანდაძის ლექსი, რომლითაც მან ეს გზა აღწერა. დაუსრულებელი აღმართებით ქანცგამწყდრებს უღელტეხილზე ისეთი ნისლი დაგვხვდა, რომ ცხენებს, რომელთაც ჩემი ბარგი მიჰქონდათ, ვერ ვხედავდი. სახეში სეტყვა მირტყამდა, საწვიმრის კალთებს ქარი მართმევდა და ფეხქვეშ ღორღი მეშლებოდა. `სამოთხეა და სიკვდილიც აქვე”- ვიმეორებდი დაუსრულებლად და ვოცნებობდი, მთაში მოვმკვდარიყავი.
  
მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა წაკითხული გურამ რჩეულიშვილის `სიკვდილი მთებში” და ამიტომაც, ხეობაში ჩასვლისას დიდი ლოდის ქვეს აღმოჩენილმა საფლავის ქვამ ვერაფერი მითხრა. მხოლოდ მოგვიანებით გავეცანი ელფრიდე კურელას ისტორიას, რომელიც უბედური შემთხვევის წყალობით გახდა არხოტის ერთ-ერთი ლეგენდა.
მაშინ კი უბრალოდ ჩახავსებულ ქვასთან ფოტო გადავიღე.
არხოტის მკაცრი სილამაზე უფანტაზიო ადამიანსაც დააწერინებს ლექსს. ყველა ლოდიდან და ქარაფიდან  ანდრეზები გადმოგყურებენ. ეს ხელუხლებელი სამყარო ისე შეგძრავს, თუ  გაბურთ ეშმა არ მოგელანდა ჭიმღის კლდეებთან, გოდერძი ჩოხელის `ღმერთის შვილები” მაინც გაგახსენდება და ალპურ ყვავილებზე ჩამომჯდარ, დაქანცულ ღმერთს დაუწყებ ძებნას.
  
გალუმპულები და დაქანცულები მივლასლასდით ახიელამდე, სოფლამდე – რომელშიც ჯერ კიდევ ისმის ბავშვების ხმა. აქ ცხოვრობენ გმირი არხოტივნები – ლეგენდარული კუთხის ლეგენდარული შვილები, რომელთაც ეღიმებათ, თუ `ხევსურებს” უწოდებთ. გაგაკვირვებთ მათი სიხალისეც და პარადოქსია, მაგრამ ზუსტად ამით იგრძნობთ, რამხელა სევდა იმალება მათში. ისინი თავად ჰგვანან სიცოცხლისგან დაცლილ და მაინც მყარად მდგარ მთებს.
ამ მიწაზე დააბიჯებდა ვაჟა-ფშაველას გველისმჭამელი, აქ ცეკვავდა სულის ამოხდომამდე  გარსია ოჩიაური, აქ ატანდა ქარს თავისი ლექსების ფერფლს გაბრიელ ჯაბუშანური… აქაა ბარუქა, სასაფლაო, სადაც უძველეს წარწერებიან ქვებს იპოვი… არხოტის მიწა უამრავ საიდუმლოს ინახავს.
  
ინგუშეთის გამყოფ მთებამდე ჩავედით. იქ მესაზღვრე ბიჭები დაგვხვდნენ, რომლებიც თვალსაჩინო მტკიცებულებანი არიან იმ ლექსისა, რომელიც იქვე, ტყეში მიყუდებულ სიპ ქვაზე დაგვხვდა.
`არ გასტყდეთ არხოტიონნო,
გატეხით რა იქნებისა,
ვისაც მოგვიკვლენ, დავმარხათ,
სხვა კიდევ გაიზრდებისა”


ბიჭებმა ოჯახის წევრებივით მიგვიღეს და ახლადდაჭერილი თევზით გაგვიმასპინძლდნენ. როცა მანდოლინაზე დამღერებულ მათ ლექსებს ვუსმენდი, დავსევდიანდი. კიდევ როდის მეღირსებოდა აქ დაბრუნება…
  
გაბრუებულმა გავატარე ხუთი დღე, უკან დაბრუნებულმა ლექსი დავწერე – `არხოტი-ღმერთის საუფლო”,  და ყველას ვუყვებოდი, რომ მხოლოდ იქ არიან ნამდვილი და თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მითებსა და მკაცრ რეალობაში ერთდროულად ცხოვრობენ.
 
და მშურდა…  მათი ძალა მშურდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ყველაფერი, რაც მსურდა ვყოფილიყავი, ისედაც ვიყავი.
                                      ***
გქონიათ შემთხვევა, როცა სრულ გაუცხოვებასა და აპათიაში მყოფი ერთ ფრაზას დაუბრუნებიხართ საკუთარ თავთან?
ცხოვრებისგან გამოწურული ვიჯექი ოდესღაც ჩაბნელებულ კაფეში, სადაც ჭურჭლის მრეცხავად მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ მიმაჩნდა, სხვა ვერაფრისთვის ვივარგებდი. არასოდეს მეთაკილებოდა არანაირი შრომა, თუმცა მაშინ ამ სამუშაომ ოცნების უნარი წამართვა.
მართლა ვერაფერში ვივარგე. სუპერმარკეტიდან და  ტანსაცმლის მაღაზიიდან გამათავისუფლეს, რადგან ადამიანებთან ურთიერთობის მეშინოდა. ვერც ნაწერები გამოვაქვეყნე და დავიჯერე რომ უნიჭო ვიყავი. დიდი ხანი იყო, უკვე არაფერი დამეწერა. აღარც ის მახსოვდა, სამი წლის წინ 3235 მეტრს მიღმა რა გამოცდილებას ვეზიარე. უკვე ორი შვილის დედას, პრობლემებსა და ვალებში ყელამდე ჩაფლულს უფლება არ მქონდა სისულელეებზე მეფიქრა. გულწრფელად მჯეროდა, რომ არც მწერალი გამოვიდოდა ჩემგან, არც ძლიერი ადამიანი და ჩემს შვილებსაც არაფერში გამოადგებოდათ მეოცნებე, მიწას მოწყვეტილი დედა.
 `ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ”-
   მითხრა ერთ ასეთ უსიცოცხლო დღეს რუმიმ, როცა უაზროდ ვიქექებოდი ბარის ინტერნეტში. მაშინვე თვალი მოვარიდე ამ ფრაზას, მაგრამ შემდეგ უარესს წავაწყდი:
`ნუ იქცევი ისე, თითქოს არარა იყო,
შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში”.
ცრემლები ისე მომასკდა, პირდაპირ იქვე ავღრიალდი. ველაფერმა თვალწინ ჩამიარა – მკვდრეთით აღმდგარმა ოცნებებმა, ჩემმა პირველმა ლექსმა, პირველი მოთხრობის შექმნის სიხარულმა, პირველმა ნაბიჯებმა მთაზე, არხოტმა, მითმა, რომელიც ვერ შევქმენი და ბოლოს, ჩემი ბიჭების თვალები წარმომიდგა წინ, რომელთაც სამაგალითო დედა სჭირდებოდათ და არა – საკუთარი თავის მოღალატე ადამიანი.
ახლა უკვე წლებია, ჩანთით ვატარებ პატარა ფურცელს, სადაც რუმის სიტყვები მიწერია და როცა საკუთარ თავში ეჭვი მეპარება, ვკითხულობ. სამყარო არ შემიცვლია, უბრალოდ წიგნი დავწერე, რომელიც დღე-დღეზე იხილავს სინათლეს და გიდად დავიწყე მუშაობა. ახლა უკვე მეც გიჟი ვარ, იმაზე ცოტა უფრო გიჟიც, ვიდრე მაშინ ვიყავი, როცა საკუთარი მითის შექმნაზე ვოცნებობდი. მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ზუსტად ვიცი, ჩემი ოცნებები(ყველაზე სულელურიც კი) ახდება და თუნდაც არ ახდეს, მათ გამო გავლილი გზა უფრო მნიშვნელოვანია.
  
ახლა ვიცი, რომ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აჯობებ, თუ ცოტა სისულელის გაკეთების უფლებასაც მისცემ საკუთარ თავს და ზოგჯერ პრობლემებზე უბრალოდ გაიღიმებ.
დღეს ისევ მოლაშქრე – ნარკომანი ვარ და ვცდილობ ენერგიისა და შთაგონებისთვის თვეში ერთხელ მაინც წავიდე სამოგზაუროდ. ველოდები, როდის გაიზრდებიან ჩემი ბიჭები, რომ მათაც გავუზიარო ეს გამოცდილება, რადგან მჯერა, ციცაბო კლდეზე ფეხადგმული ადამიანი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ასფალტზე გაზრდილი.
და ახლა უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა :
უკვე ბედნიერი ვარ, რადგან საკუთარ მითს ვქმნი,
რადგან ყველაფერი, რაც მინდა ვიყო, უკვე ვარ.
/ნინო ჭინჭარაული/
08/02/18

Wednesday, February 24, 2021

7 რამ, რაც მასწავლა 2020-მა (ანუ - Bedazzled ქართულად)

 




 

არ ვიცი, 90-იანებში  რამდენ თქვენგანს ჰქონდა ეს საახალწლო ტრადიცია, მაგრამ ჩემს გარემოცვაში საკმაოდ პოპულარული იყო - ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე ფურცელზე სურვილების დაწერა, დაწვა და ფერფლჩაყრილი შამპანურის დალევა. მერე რა, თუ  ეს ზოგჯერ ფურცლის მოზრდილი ნაკუწების ღეჭვა-ყლაპვას ნიშნავდა, სამაგიეროდ, გვჯეროდა, რომ ამ მსხვერპლის სანაცვლოდ მომავალი წელი სურვილებს აგვისრულებდა. თუმცა, 2021-ის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე სურვილების დაწერის კი არა, გაფიქრებისაც მეშინოდა. რატომ? ამის ასახსნელად 20 წლით უკან უნდა დავბრუნდე.

   2000-იანების დასაწყისში კომედიური ჟანრის პოპულარული ფილმი Bedazzled თუ გინახავთ, მისი მთავარი პერსონაჟი, ელიოტიც გემახსოვრებათ, რომელსაც სულის სანაცვლოდ ეშმაკი 7 სურვილის ასრულებას ჰპირდება. ელიოტს ყველაფერი უსრულდება, რასაც ინატრებს, მაგრამ ისე უკუღმართად, რომ სჯობდა, სულ არ ენატრა. ამიტომაც, ბოლო სურვილით ეშმაკთან კონტრაქტს წყვეტს და სულსაც გადაირჩენს. ზუსტად ასეთი კომედია გათამაშდა ჩემსა და 2020 წელს შორის.

   2019 წლის დასასრულს ბავშვობის ტრადიციას ვუღალატე. სურვილების ფურცელზე ჩამოწერის ნაცვლად ფეისბუქპოსტით შემოვიფარგლე და მიმავალი წელი გამოვლანძღე. ვწუწუნებდი, რომ მქონდა საძულველი სამსახური, რომლის ოფისამდე მისასვლელად დღიურად 3 საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდებოდა.  რომ ის მთელ დროსა და ენერგიას მართმევდა, არ მაძლევდა არც თვითგანვითარების, არც - დაწყებული წიგნის დაწერისა და დასრულების საშუალებას. ბოლოს ისიც დავაყოლე, რომ ჩემი ანაზღაურება სახლის ერთი ოთახის გასარემონტებლად კი არ იყო საკმარისი და ვისურვე, 2020 მისგან რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო. მაშინ არ გამხსენებია ფრაზა „ეშმაკს არასდროს სძინავს“, თუმცა ელიოტის ისტორია მაინც რომ გამხსენებოდა, ალბათ არ დავდებდი კონტრაქტს მომავალ წელთან, რომელმაც ყველა სურვილი ჯოჯოხეთური ტრადიციების დაცვით ამისრულა;

1.       სამსახური, რომელმაც ადამიანები კინაღამ შემაძულა, წლის დასაწყისში მოულოდნელად დავკარგე.

2.       თავისუფალი დრო, რომელსაც წიგნის დასაწერად ვნატრობდი, თვითიზოლაცია აღმოჩნდა, რომელმაც ისე დამანერვოზა, 365 დღის განმავლობაში ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შევძელი.

3.       ნანატრი დასვენება, რომელშიც ერთი დღის საწოლში გატარებას და ფილმების ყურებას ვგულისხმობდი, რეალურად უძრაობის 6 თვედ, 9 სერიალად, უამრავ კოლოფ სიგარეტად და დაგროვილ კილოგრამებად იქცა, რამაც საბოლოოდ დეპრესიამდე მიმიყვანა.

4.       თვითგანვითარება, რომელიც წესით თავისუფალ დროსა და დასვენებას უნდა მოჰყოლოდა, რატომღაც არ გამომივიდა. შესაძლოა იმიტომ, რომ რამდენჯერაც ხელში წიგნს, ან უცხო ენის ლექსიკონს ავიღებდი, მახსენდებოდა, რომ „დექსტერი“ს მორიგი სერია მქონდა სანახავი და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.

5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა ერთადერთი იყო, რაც თავიდან მართლა სურვილის ასრულებას ჰგავდა, თუმცა ერთ თვეშივე მივხვდი, რომ უმუშევრისთვის მუდმივად ტაქსით სიარული წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მით უმეტეს, როცა მანქანაც არ გყავს, რადგან მართვის მოწმობის აღება აზრადაც არასდროს მოგსვლია.

      რაც შეეხება რემონტს, აქ დამხმარედ ანაბარი მომევლინა, თუმცა არ მეყო და სანამ სამსახურს დავკარგავდი, სესხის აღება მოვასწარი. ამის შემდგომ ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

7.       ბოლო სურვილი კი, როგორც - ელიოტმა, არც მე ჩავიფიქრე. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს მივხვდი, რომ სასწაულების მოლოდინით ჭაობში აღმოვჩნდი და ლიმნის ლიმონათად ქცევის პრინციპით უნდა გამეგრძელებინა დარჩენილი წელი.

 

ჰოდა, როცა 2020 წლის 31 დეკემბრის ღამეს, შამპანურით ხელში ვიდექი და სურვილების ჩაფიქრების მეშინოდა, უცებ გავაცნობიერე, რომ საფულეში ახლად აღებული მართვის მოწმობა მედო, ორი იაპონური ანბანით დაწერილი ტექსტების კითხვა შემეძლო, ახალ წელს უფრო პატარა, მაგრამ ახალ  და რაც მთავარია, გარემონტებულ ბინაში ვხვდებოდი, რომელიც ძველის გაყიდვის შედეგად შევიძინე და ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ 2021-სთვის სათხოვარი არაფერი მქონდა. რაც მომინდებოდა, ყველაფერი საკუთარი თავისგან შემეძლო მიმეღო.

 

პ.ს. როგორც კარგ ჰორორებსა და სათავგადასავლო ფილმებშია ხოლმე, როცა გგონია ყველაფერი დასრულდა, ზუსტად მაშინ ამოყოფს მიწიდან თავს მორიგი ზომბი, ან სხვა დროში, სხვა ბავშვები იპოვნიან მიწაში მეათასედ დაფლულ „ჯუმანჯი“ს, ისე მოიქნია კუდი 2020-მაც. სადღაც წავიკითხე, რომ 2021 წელს „დექსტერი“ს ახალი სეზონი გამოდის.

ჯანდაბა...

 

 

ნინო ჭინჭარაული