Showing posts with label გაბრიელ ჯაბუშანური. Show all posts
Showing posts with label გაბრიელ ჯაბუშანური. Show all posts

Monday, August 29, 2011

უეცარი მოგონება


"ზაფხულის ერთ მზიან დღეს წინადღით დაკარგულ ხარებს დავეძებდი არხოტის მთებში. უეცრად შენ მომაგონდი ძვირფასო.. და ეს სტრიქონები ბროლით სიპზე მივაწერე იქვე. ახლა სადა ხარ, ძვირფასო, ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულო..
ჰო, მართალია: ხარები კი ვიპოვნე!..
"/გ.ჯ/

ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად:
ჭაბუკს პირველად მიყვარდი(გახსოვს?)
და ყმაწვილური გიძღვენ შაირი.

ო, ის შაირი..
იმგვარი განცდით,
ისე გულმართლად და მიწიერად
(რომ სიჭაბუკის დღეებსაც გავცდი!)
მე სხვა დროს ლექსი არ მიწერია..

გიძღვენ შაირი და მოწიწებით
წერილს საშენოდ ვუთხარ მშვიდობა
ზედ ჩემი გული შემოვაწებე,
მე ოდენ ურვა დამრჩა,ვით ობოლს..

ველოდი პასუხს..
ასე ლოდინი
მხოლოდ ბალღს ძალუძს, ალალს, გულმართალს,
თან თრთოდა გული, როგორც ცოდვილი
და რკენა ჰქონდა მზარავ გუმანთან..

მერე მე მითხრეს: იმ ლექსზე თურმე,
ლექსზე-ეს გული რომ ახლდა მყოლად,
ბევრი იცინე,
ბევრი იხუმრე
და სამასხაროდ აიღე ყოვლად..

მითხრეს..
დავეცი დასეტყვილივით
და ჩემს წმინდა ცრემლს მიწა ირევდა..
მხოლოდ ბალღს ძალუძს ასე ტირილი
(ახ,რარიგ ვნანობ,რა მატირებდა!)

ო, დიდხანს მიწა ცრემლით ვასველე..
ეს წინათ იყო( თარიღი მიჭირს!)
შენ ნებიერი იყავ ასული,
მე- მიამიტი ხევსურის ბიჭი.

შემდეგ დავშორდით,
შმაგ სევდას გავცდი
(იხდიდნენ წელნი წელთა წინ ჩალმებს)
შენ შეუმჩნევლად დადედაკაცდი,
მეც ჭაბუკობას გამოვესალმე.

ეჰ, ის ვნებებიც ჟამმა დაფარა,
კვლავ მარტო დავალ,კვლავ ყარიბი ვარ,
ვიტყვი გულწრფელად: მე იმდაგვარად
ალბათ სისკარიც არ მყვარებია.

და ახლა ,როცა ერთურთს ვაწებებ
იმ მოგონებებს თრთოლვით ფარულით,
მე გაურკვევი გრძნობა მაწვება,
ეს სევდა არის, თუ სინანული?!

მხოლოდ, ამ გულში დაცინვა (გახსოვს?)
შენი დაცინვა დაღად დაიარს..
ამ მთათა შორის, ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად.

Sunday, July 24, 2011

მშვიდობით!


მშვიდობით! მივალ, დე, არხვატს აჩნდეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;

მწამს თავს გაიტანს და გაიმარჯვებს

ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!



დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,

ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;

გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი

და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..



შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,

მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.

მშვიდობით, ქალავ! - დე, არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!

Thursday, July 21, 2011

ყალბი თავმოწონება




შორიდან მიცნო...

მხრებზე თავშალი

გადიგდო მყის და ნაბიჯს უმატა.

სწადს: გზა მიყელოს, დამწვას , ამშალოს

და იზეიმოს მერე ჩუმადა.

ვხვდებით.

ჩერდება ცბიერი, ანცი,

ყალბად მიღიმის წყნარს და ფიქრიანს...

ყოჩაღ, გაბრიელ! გულცივად გასცდი

და ერთხელ წარბიც არ შეგიხრია!

Wednesday, May 25, 2011

ჯიში


ეს ლექსი გაბრიელმა პოეტს და მეგობარს-გიორგი გიგაურს მიუძღვნა(როგორ მიყვარს)

არ მოგასვენებ,შორეულ ძახილს

მოჰყე და გულის კართან დაგხვდები.

შენი სამრეკლო და შენი სახლი,
გადახდილი და გადასახდელი.
ომი აქ გელის ჯვრითა და ჯვარცმით,
"მე"რას ქილიკობს-ეს ცოტას ნიშნავს,
ზოგჯერ თუ თავთან თვალთმაქცობს კაცი,
თავისი უნდა იკივლოს ჯიშმა
.
ჩემს ცას შეარჩენს არსთა გამრიგე,
მას,რასაც მწუხრზე ბინდი გადაშლის,
გზას თავისაკენ თუკი გაიგნებ
ნიღბებისა და ტაშის ტორტმანში.
ნუ ხამობ ჩემი თვალების გარეთ
წვეთ-წვეთად ნადენ სიცოცხლის ამბავს,
მარჯვნივ-ეკლიან გვირგვინებს წნავენ,
მარცხნივ-განცხრომას გვაუწყებს აბრა.
არ დაგანებებ ფერთა ცდუნებას,
ჩემი აღმართი შენს გზად ჩათვალე,
შენს გზად ჩათვალე,თუ ერთგულება
ხორასნულ ხანჯლის პირზე გატარებს.
ჩვენსას გავატანთ მუხლზე დაცემას,
გულისფიცარზე დადებულ ნიშანს,
ზოგჯერ თუ ყალბი ბგერა დაგვცდება,
თავისი უნდა მოგვიზღოს ჯიშმა.

ცას ცისა,მიწას მიწისა ერქვას,
ქარისა ისევ წაიღოს ქარმა,
კვალში ჩაუდექ ჩემს წადილს ძელქვად,
სიცოცხლე რომ არ შეგერგოს არმად,
რომ უპატრონო სასჯელს და ჯილდოს,
ღამის ცრემლით და დღეთა ზვირთებით,
მაინც შენი ვარ,შენ უნდა მზიდო,
მწარე სიმართლედ თუ დაგდინდები!