Tuesday, April 26, 2011

უკან ხვთისო ჭინჭარაული,სხედან მარო და ეთერ ჭინჭარაულები.შუაში ჯერ-ჯერობით უცნობი

უკან,შუაში ხვთისო ჭინჭარაული,დანარჩენები ჯერ-ჯერობით უცნობი ფშავლები

უ ფ ე რ უ ლ ა



მთის კალთების
მოციალე შვიდი ფერის
სილაჟვარდეს,
ჩემს ფურცლებში გავშლი,
ქარაფებზე
ყელს ვიღერებ კეკლუცად,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
შემხედავ და
სილამაზით დაგატყვევებ,
არასოდეს
აგერევი სხვაში,
ფიქრს აგირევ
და სურვილად გაგიხდები,
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...
ჩემი მქრქალი
გამჭვირვალე ფურცლები
არ დაგინდობს,
იდუმალ ჟინს აშლის,
საძებარში
მოგატარებ მწვერვალებს...
უ ფ ე რ უ ლ ა ს
მეძახიან მთაში...

/მაია გონჯილაშვილი/

Monday, April 18, 2011

აწმყო წარსულიდან (ერთი ხევსურული ამბავი)



ხვითოსფერი მზე ჩადიოდა სოფლის თავზე. უკანასკნელი სხივები ფრთხილად ეფერებოდნენ წყლის ზედაპირს. ლელა სამფეხა სკამზე იჯდა და ჩამავალ მზეს თვალს არ აშორებდა. დამჭკნარი ბაგეები მკაცრად მოეკუმა.

- დედო, გადახედ გრილოში, რასა ჰკვლევ მანდ? - გასძახა სახლიდან ბერდიამ. ლელამ მწყრალად გახედა შვილის ფეხთით დაგდებულ ბარგს, ბერდიასთვის სახეზეც არ შეუხედავს ისე მიაბრუნა თავი. პასუხი არ გასცა, კოპებშეკრული მისჩერებოდა მზეს.

ბერდიამ თავი მოუკრა ბოღჩას, მხარზე მოიგდო და სახლიდან გავიდა. მზემ მაშინვე სხივები შეაჭყიტა თვალებში. ბიჭმა მარცხენა ხელით მოიჩრდილა, მარჯვენა კი დედას დაადო მხარზე. მოხუცი არ განძრეულა.

- რაად მემდური? - თვალებში შეხედა ბიჭმა: - რაად არ მაგდის, რო აქ აღარ დამედგომებ. ჩემ სწორებ აღარა ვინ დარჩ, სუყველა ქალაქს წავიდეს, მე რაიღ მესაქმების აქ?

- რაიღ გესაქმებ და სახლ-კარ აქ გაქვ, დედაი აქა გყვიორ, ქალაქში რაი გეწევის?

- ქალაქ დიდ ას დედო, ცხოვრება იქა სჯობ, - ბერდია შეყოყმანდა და გააგრძელა: - იქ ერთ კარგუა ქალაიცა მელოდებ. პირწყალი არ მექნების გავწირო...

ლელამ ამოიოხრა: - ქალაქელ ქალ აქ არ გამაგყვების, შენ სამთაჩიგოდ აღარ ამახოლ, მამ-პაპანიც დაგცილდების და რჯულის დამრღვევს ფარსაგ არა დაგემართების! - მოხუცის თვალებში ბრაზმა იელვა: - ხთის მაკერძებულს აღარას დასდევ, მაშ რაად გაგაჩინ აქ?

ბერდიამ ჩაიმუხლა და დედას ხელები დაუჭირა. სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება ეწერა. ლელა ისევ მზეს მისჩერებოდა, რომელიც ეს-ესაა გაუჩინარდებოდა. დედის გულში ტკივილი ტრიალებდა. იცოდა, შვილს მთაში ვეღარ დააკავებდა. ისიც იცოდა, რაც ქალაქისკენ ეწეოდა ბერდიას, ყველაფერზე ძლიერი იყო, თვით მის სიყვარულზეც ძლიერი, მაგრამ ვერა ჰგუობდა. ახსენდებოდა, რომ ახალგაზრდობაში მასაც მიუწევდა გული ქალაქისკენ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მთას თავისი შვილების გარდა პატრონი არ ჰყავდა და უარი თქვა მის დატოვებაზე. ახლა, სიბერის ჟამს, უფრო ნათლად ხედავდა, როგორ უყვარდა და სჭირდებოდა თავისი სამშობლო მხარე, სადაც დაიბადა, დაოჯახდა და შვილები დააფრთიანა. სადაც მათი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ მიწა-წყლისთვის და რომლის მიტოვებაც ახლა მის ვაჟს უნდოდა. დედის გულს ჯავრი კლავდა.

მზის უკანასკნელი სხივი ხეებშუა ელვასავით აირეკლა, წამიერად გაკრთა და გაუჩინარდა. მასთან ერთად იგრძნო ლელამ, როგორ გაქრა მისი იმედიც და იმავ წამს ჩაესმა შვილის სიტყვები:

- როგორც კლდეზე ბუბულა ვერ გაიხარებს დედო, ეეგრ მე აქ ვეღარ გავიხარებ. ნუ გამისხორიგდები და ნუცა ცრემლებს წამატან თან.

ლელამ ნირშეუცვლელად ახედა:

- ჩემ ცრემლებ შენ ვერ ღნახავ სანამ უკანვე არ მაღბრუნდები...

ნიავმა დაუბერა. ამ უკანასკნელი მზერის შემდეგ ბერდიას განშორება უჭირდა, მაგრამ სძლია თავს და დედას გადაეხვია. მოხუცი დიდხანს გასცქეროდა შვილის ზურგს...

წლები გავიდა. ერთ გაზაფხულის თბილ საღამოს შარაგზაზე მანქანა გამოჩნდა. მძღოლმა მდინარის პირას გააჩერა და კარი გააღო. იქიდან მაშინვე ისკუპა ორმა ბიჭუნამ და ნასახლარისკენ გაქანდნენ. მანქანიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა და გადმოსაყვანად ხელი შეაშველა მოხუც მამას, რომელსაც სიარული უჭირდა.

მდინარის პირას სამფეხა სკამი იდგა. წვალებით შეკოწიწებული.

- ბავშვებო, ხომ გითხარით ხელი არაფრისთვის გეხლოთ? - მიაძახა ახალგაზრდამ ბავშვებს.

- ჩვენ არ გამოგვიტანია მამი, აქ იდგა ეს სკამი!

ამის გამგონე მოხუცს თვალები მოუწყლიანდა, ხელი წაავლო ჯოხს და ნასახლარს მიუახლოვდა. ბუნდოვნად მოაგონდა ყველაფერი.

- აქ უნდა იყოს...

უკანა მხრიდან მოუარა სახლს. დამტვრეულ ღობესთან ჩაიჩოქა და ხელით მოსინჯა ამობურცული მიწა. საფლავი იებს დაეფარა...

მდინარის პირას ბავშვების ყვირილი გაისმა:

- მამაა, ბერდია ბაბუ ტირის!..

მოხუცი ცრემლად იღვრებოდა:

- რამდენი გიტირია დედა.....

მთის თავზე ხვითოსფერი მზე ჩადიოდა.

/ნინო ჭინჭარაული/

2009 წ.

Friday, April 15, 2011

ხევსური ხევსურს




სიჩუმეს მხოლოდ ქვითინი არღვევს... ოთახი ბნელი... თეთრი სუდარა... ბჟუტავს კანდელი და ანათებს სურათს, სურათში ისევ ცოცხალი ხარ...
ტკივილი ძაბავს ყველა ნერვს, ფიქრები არეული, ცრემლებით დაღარული ლოყები... დარდი ჭამს ყველას. წამმზომებით გავსილა ოთახი... აღარ შემიძლია გაძლება, ყველას თავზე წამმზომი...
შენი უკვე გაჩერდა. სხვების? როდის? ვინ იცის...
ჩემს თავზეც ხომ ბზრიალებს. ის როდისღა გაჩერდება? დღეს? ხვალ? კვირების, თვეების თუ წლების შემდეგ? აზრი აქვს კი რამეს ამ ცხოვრებაში?
რამდენი მიზანი, რამდენი სურვილი, რამდენი ბედნიერება თუ უბედურება... შენთვის კი უკვე ყველაფერი გაქრა... რა დარჩა მხოლოდ შენ იცი...
იქნებ, ჩემთვისაც სულ მალე გაქრება?
ღირს კი, ეს ცხოვრება გეგმებად, მიზნებად, სურვილებად... და რამდენი მშვენიერი დღე ეწირება მიზნებს... რამდენი მშვენიერი განცდა თუ გრძნობა ეწირება ჩვენს გაუმაძღარ სურვილებს... ღირს კი ასე ცხოვრება? ფასი აქვს? როგორ უნდა გაითავისუფლოს ადამიანმა თავი ამ ერთფეროვანი ბორკილებისგან? არ ვიცი... ახლა მხოლოდ თეთრ სუდარას და მბჟუტავ კანდელს ვხედავ.
წამმზომებიც გაუჩერებლად ბზრიალებენ... ახლა ყველა ადამიანი წამმზომად ქცეულა ჩემთვის. ვის რამდენი? ვის რამდენი...
ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ როგორი იქნება ეს გზა მაგას ხომ ჩვენ ვწყვეტავთ?
ჩვენ ვწყვეტავთ???
მაშინ რატომ არ არის ჩემი გზა ისეთი როგორიც მე მინდოდა? მე გადავწყვიტე? შემიძლია კი წავიყვანო იგი უკეთესობისკენ? შევძლებ კი? მაინც რამდენი დრო დამრჩა ამისთვის? შენც ხომ გქონდა მიზნები? სად გაქრნენ? აღარ მინდა აღარც მიზნები, აღარც სურვილები, აღარც გეგმები... მე მხოლოდ ცხოვრება მინდა, უბრალოდ ცხოვრება, მეტი არაფერი. ჯანდაბას, ნუ იქნება ზუსტად ჩემი გეგმებისნაირი ოღონდ ნუ იქნება ცივი...
ჩემი აზრით ადამიანს მხოლოდ გრძნობები მიაქვს თან მეტი არაფერი. არ მჯერა სიკვდილის მერე გრძნობებიც ქრებოდეს, არ მჯერა!
შენს სახეს ვერ ვხედავ, სუდარა ფარავს და არც მინდა ვნახო, მინდა ცოცხალი მახსოვდე. სიკვდილით ნამდვილად არ ქრება ყველაფერი.
წამმზომი ჩერდება, მაგრამ სხვა, უწამმზომო დრო იწყება...
ყველაზე კარგად ახლა ვიგრძენი რა ძვირფასი ყოფილა მეგობარი...

Monday, April 11, 2011

წერილი წარსულს




ჩვენ სამნი...
ახლა უკვე დავთითოვდით და დავიფანტეთ. სივრცემ და დრომ გათიშა კავშირი, რომელიც ერთ დროს გაუთიშავი და უსრული გვეგონა...
თურმე ვცდებოდით...
ჩვენ მხოლოდ ახლახან დავიწყეთ ცხოვრება და მისმა სიმკაცრემ უკვე გაგვთიშა, ცხოვრების სიცივემ უკვე მოასწრო და გათოშა ბავშვობის თბილი გულები.
ჩვენი ერთ დროს ერთი გზაც სამ გზად გაიყო. ვერსად გაექცევი ცხოვრების კანონებს. თუმცა ეს გზები ჯერ კიდევ არ გაფანტულან უსასრულო სივრცეში და იშვიათად, მაგრამ შორიდან მაინც ვაწვდენთ ერთმანეთს ხმას, მართალია, სიშორის გამო, მიმქრალსა და მინავლულს, მაგრამ მაინც...
მანძილის სიშორე თურმე გულებსაც აშორებს, დროის სიშორე კი აციებს...
ჩვენ სამნი დავრჩით წარსულში, აწმყოში კი ვართ სამნი ცალ-ცალკე...
ხანდახან შეხვედრა, თბილი მოკითხვა, მოფერება... მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს შორიდან, ახლოს მისასვლელი გზები თითქოს დავკარგეთ და აღარც ისე ვუხსნით ერთმანეთს გულებს, როგორც ადრე...
მე კი მაინც ჯიუტად გავცქერი საერთო წარსულს და მიკვირს...
მახსენდება საერთო განცდები, საერთო გრძნობები, ბევრი სიცილი და მხიარულება...
ცხოვრება რა ლამაზი და იოლი გვეგონა მაშინ...
ჩვენი მიზნები...
ჩვენი ოცნებები...
გეგმებს ვაწყობდით დიდი ხალისით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენ მოვისურვებდით.
დღეს კი, ყველაფერი სხვაგვარია...
სულაც არ გავს დღევანდელი ჩვენს მიზნებსა და ოცნებებს...
თქვენ დღეს უკვე ორუღელობის მძიმე უღელი გადევთ, მე კი ისევ მარტუღელობით დავფარფატებ წაღმა-უკუღმა.
უცნაურია და გულდასაწყვეტი, მაგრამ როცა გხვდებით მე ვხედავ და ვგრძნობ თქვენს მხრებზე და თვალებში ამ უღლის სიმძიმეს, ჩემს თვალებში კი ალბათ მარტუღელობის დაბნეულობა ჩანს... და ჩვენ სამის შემხედვარეს უკვე ვეღარც კი გამიგია, რომელია უმჯობესი ან უარესი...
ერთი კი ცხადია, არცერთის არ არის ის რაც გვინდოდა...
ის მხოლოდ წარსულში დარჩა, ისევ ისეთი გულუბრყვილო და მიამიტი, როგორიც იყო... დღეს კი ისღა დაგვრჩენია დღევანდელს შევეგუოთ, გუშინდელი გულისწყვეტით გავიხსენოთ, ხვალინდელი კი ვინ იცის როგორი იქნება...
ჩვენ სამნი კი წარსულში მუდამ ვიქნებით ერთად...
ისევ ერთად ვიცინებთ ბევრს...
ერთად დავამუღამებთ ცეკვის ილეთებს...
ისევ ერთად ვივარჯიშებთ გარიჟრაჟზე, დილის ბინდში და ისევ ერთად ვიმღერებთ ბოლო ხმაზე რათა სხვაც გავაღვიძოთ.
ისევ ერთად დავითვრებით ორნი, მესამე კი ისევ კატეგორიულ უარს განაცხადებს სასმელზე და ყავას მოწრუპავს...
ისევ ვუყურებთ ერთად ფილმებს...
გავიპარებით გაკვეთილებიდან...
ისევ ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ბავშვურ დარდებს, მერე რაღაცაზე ისევ ვიკინკლავებთ, ვიეჭვიანებთ ერთმანეთზე და მერე ისევ ერთად ვიცინებთ...
და ისევ ერთად დავაწყობთ მომავლის გეგმებს:
_ ერთი, ისევ აიჩემებს ,,უცხო ენებს”, საზღვარგარეთ წასვლასა და გაუთავებელ მოგზაურობას.
_ მეორე, ისევ წარმოიდგენს სწავლის ბოლოს იურისტის ოთხკუთხა სასაცილო ქუდში და მოსასხამში გამოწყობილ საკუთარ თავს, შემდეგ იურისტობას, სასამართლოებსა და დაჩაგრულის დაცვას.
_ მესამე კი ისევ იოცნებებს მომღერლობაზე (თუმცა შემდეგ მიკროფონს ფუნჯს და ფანქარს ამჯობინებს), მაგრამ მანამდე...
ჩვენ ორნი ისევ ვუბალეშიკებთ კონცერტზე ჩვენს მომღერალს და ტაშისაგან ხელისგულებს დავიბუჟებთ...
ისევ დავაბირჟავებთ სადარბაზოსთან და ერთ-ერთის დედა ისევ გაიკვირვებს რაღა დაგრჩათ სალაპარაკოო.
ზამთარში, ისევ ვიგუნდავებთ დილაუთენია უხელთათმნო გაყინული ხელებით და დაოსებულები წავალთ სკოლაში...
იქ კი, ისევ გიჟებივით ვირბენთ დერეფნებში და გავაბრაზებთ მასწავლებლებს, ისევ დავკაწრავთ დანით მერხებს და ისევ ვესვრით ერთმანეთს პლასტენინის ბურთულებს პასტის ქერქებით...
თუმცა...
ეს ყველაფერი და კიდევ სხვა ბევრი... იქნება მხოლოდ წარსულში!