Thursday, March 17, 2011

ანდერძი

(იმ სამყაროს რა ვუთხარი,22წლის ასაკში ანდერძს რომ დაგაწერინებს:)
რაიც სამზეოს მაწვალებს,
იგივ მაჯავრებს ძილშიაც,
უნდ ჩამავიწნა ნაწნავებ,
მემრ მავიკვეცო ძირშია.
უნდ შავახვიო გულაში,
ბაწრად შავაბა სულია,
არაგვში გადავუძახო
აეგეთავ გაბაწრულია,
იქნების გაქრეს,გამშორდეს,
თუ არ მაიქცეს წყალადა,
თორ ღმერთო,აღარ შამიძლავ
საწუთროს ტკეპნა მწყრალადა.
თუ ვინმ იპოვნას ფხოვშია,
საფლავ იქ გაუთხაროსა,
ერთ ჭიქაც იქავ შაუსვას:

"შაუნდას,მაახმაროსა.."

/ნინო ჭინჭარაული /

Friday, March 11, 2011

ბებო ასე უწოდებს


მოვდიოდით გზაზე და გზა შეგვიკრეს ციგნებმა
(ბოშა ქალებს,რა მოხდა, ბებო ასე უწოდებს)...
დამამძიმეს საოცრად ჩემმა სკოლის წიგნებმა..
ჩემს იღბალში შემოჭრილს ხელი გამოვუწოდე..
ბოშა ყვება ხმამაღლა და ხალხს ჩემ თავს აცოდებს...
გვერდზე ვერ ვიხედები, მეფაკლება ღაწვები,
ყელში გაჩხერილ ბურთს და თვალზე მომდგარ მარგალიტს
(ცრემლს ბებო რომ უწოდებს), კვლავ გულისკენ ვაწვები.
მივდიოდით გზაზე და გზა შეგვიკრეს ბოშებმა..
"ეშმათფერი ციგნები"-გაიბრაზა ბებიამ..
გამოიგნო ჩემსკენ გზა ფიქრმა განათოშებმა,
ოცნებებიც, დახე შენ,ჩემს ღაწვებზე თბებიან.
"გოგო,დიდი საქმე გაქ...ბედნიერი იქნები"...
"დაიკარგეთ აქედან"-თავს აღარ გავს ბებია.
ხელისგულის ხაზებზე შემომსხდარი ფიქრები,
ბებოს ხმაზე,ავაჰმე,ჩიტებივით ფრთხებიან.
დამიცვივდა ელდისგან მტვრიან გზაზე წიგნები,
ამამჩატეს როგორღაც ქუსლიანმა ქოშებმა..
ბებო ისევ ქოთქოთებს,-"აფერისტი ციგნები"...
რა ვქნა,შეგვაგვიანდა,გზა შეგვიკრეს ბოშებმა.....
/მართა ჭინჭარაული/
03.02.2011 21:28

***


ბოგინობს ყველას აზრებში
ფარისევლური ზრახვა,
კაცი ალალი,მართალი
დროის დინებას გაჰყვა,
თუ არა,გალოთებულა,
დარდებს უზომოდ აჰყვა.
პირდაპირობას,სიმართლეს
რად მოსდევს მხოლოდ ძრახვა?
ბოგინობს ყველას ფიქრებში
რაღაც ფარული ზრახვა,
უანგარობი ნერგი
ბევრის გულებში გახმა,
წამხდარა ფიქრიც,აზრებიც
და ეს ცხოვრებაც წახდა,
ალალი სიტყვის მოსმენა

დღეს სასწაული გახდა!


მაიკო ჭინჭარაული..

***


ნაბიჯებს ვდგამდი,ვფიქრობდი რაზე?
კარგზე,კარგზე და მხოლოდ კარგზე!
ხელში რა შემრჩა?-არარაობა!
ახლა არ ვიცი ვიფიქრო რაზე..
უკან წყვდიადი,წინ არაფერი-
დღეს ასე ვხედავ მე ჩემს ცხოვრებას,
ჭირსაც წაუღია ყველაფერი!
ალბათ ვერ შევძლებ თავის მორევას,
გამოვცლი ბოთლებს,გვერდზე მოვისვრი,
სიცოცხლეს დავგმობ ჩემთვის უბედოს,
ამდენი ფიქრით ტვინიც დავიწვი,
გულის მაგივრად მინდა ქვა მედოს.
მელნით გადმოვღვრი,რასაც განვიცდი,
ხალხი ასპიტად მომეჩვენება,
ვგრძნობ,უსაშველოდ ვეღარ დავიცდი,

დამღალა ნიღბიან მასკარადებმა.


მაიკო ჭინჭარაული..

***


რა ვქნა,ვერ ვუჭერ ცხოვრებას მუღამს,
რა ვქნა,თუ წლები მიქრის და მიქრის?
მე ვერ დავუწყებ სიცოცხლეს მუდარს,
არ გავუტყდები რომ რაღაც მიჭირს!
ხაზს გადავუსმევ ყველაფერს უკან,
თუმც წინაც ვხედავ ყველაფერს მყიფედ,
მაღიზიანებს ეს სიტყვა-"მუდამ",
რადგან არაფრის არ მჯერა მტკიცედ.
გავედევნები მირაჟს ჭენებით,
არ მჯერა,მაგრამ ინტერესს მიჩენს,
დღევანდელს ვძერწავ ჩემი ხელებით,
ხვალეზე ფიქრი გონებას მილევს.
რა ვქნა,თუ სხვა ვერ გაიგებს ჩემსას?
რა ვქნა,თუ მეც ვერ გავიგებ სხვისას?
ხომ არსებობენ ქვეყნად მუნჯები,
ხომ არსებობენ ქვეყნად ყრუები?
შემომელევა საგზლად გრძნობები,
ირგვლივ გარემო ბურუსად მაწევს,
თუნდ არსებობდეს ამქვეყნად ნდობა,
სხვის მაგივრობას სხვა ხომ ვერ გასწევს?
რისიც მჯეროდა ჩაბარდა წარსულს,
ჩამუქებულა გულზე ნალექი,
გავცქერი წუთებს,აწ უკვე წარსულს,
სიცოცხლის ერთი ბეწო ნაგლეჯი,
ვისაც როგორ სურს გალიოს ისე!
რა ვქნა,ცხოვრებას ვერ ვუჭერ მუღამს,
არ მწყდება გული არც არავისზე,
მე ვერ დავუწყებ სიცოცხლეს მუდარს!

Thursday, March 10, 2011

***


რაად გამწირე ბეჩავა,
ყიოში გულის ამარა?
მზე ამოვიდა,მე ჩავალ..
ზეცამაც დამასამარა.

მუხლისკვრით უნდა ვახოხო
მე შენზე ფიქრი,სხვამ -არა.
ჩამოუქროლე სხვა ხოხობს,
სხვის ცაზე შეჰკარ კამარა.

როსნამდე ვიჭირვეულო,
კოკაში მიდგას ნამ არა.
რაად გამწირე,წყეულო
შენი წყურვილის ამარა?

მართა ჭინჭარაული

ქუდბედი

ამოძირკვული მაღალ მთებიდან
დავრჩი უფესვოდ,უფრთოდ,უბედოდ,
ლექსო,დამყევი დაბადებიდან
მაგრამ მომპარეს თურმე ქუდბედი.

ლექსო დამყევი დაბადებიდან
ჩემდა სატანჯად,ჩემდა სალხენად,
შენ გათქმევინე რაც გულს უღრღნიდა
გადასამალად,ვერ გასამხელად.

ლექსო,დამყევი დაბადებიდან,
თავს დამაბერტყე მწუხრის კალთები
დაე ეგ მწუხრი მარად მეფინოს,
სანამ წარსულში დავიკვალთები.

შენ მზარდე,როგორც კრავი უდედო,
შენით ვსულდგმულობ,შენით ვკვდები და
ლექსო,შენა ხარ ჩემი ქუდბედი,
ლექსო,დამყევი დაბადებიდან.

/ნინო ჭინჭარაული/

წავიდეთ!(მთაში)


ვერ გაგახსენე წარსული,
კითხვით მიცქერი-ეს როდის?
მე თოფისწამალს გაწვდიდი,
შენ მომხვდურს ტყვიას ესროდი.
ქავ-ციხეს წინ მკლავი ეკიდა,
აკვანში თვლემდა პატარა
და სახლის უკან ბექიდან
მოჩქეფდა მთების მათარა.
ხეობის წყაროსთვალები
ჭიუხებს თავზე იმხობდნენ,
შენ თორღვა იყავ კაი ყმა,
მე "ნინო ქალოს" მიხმობდნენ.
ახოში ფუძე დაგვედო
ხვითოთნაფერი ყანითა,
კოშკი-სიპი ქვით ნაგები,
სახლი ჭერხოზე ბანითა.
ეზოში ყეფდა ბომბორა,
ჭაღარა ბაბრის მომრევი,
ხმაშეწყობილად მორბოდა
ქვებზე არაგვის მორევი.
გულს აგრილებდა ჩერო და
მკლავებს ქანცავდა სათიბი,
შენ ტალავარი გშვენოდა,
მე-სადიაცო ქათიბი.
ხან ხატისკარზე შევდგამდით
ფეხს ძღვენითა და საკლავით,
მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,
შენ თაფლის სანთელს აკრავდი.
ხან მომიტანდი პირიმზეს,
ხან პერანგს დაგიქარგავდი,
ხან ვიცინებდით ქილიკზე
-სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით.
აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა
ცა,ბედისწერის თითებში
აქ სული განა კვდებოდა?
კვლავ ცოცხლდებოდა მითებში.
წავიდეთ!ის ხეობები
მთებს ახლაც თავზე იმხობენ,
შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას,
მე ნინო ქალოს მიხმობენ.

/ნინო ჭინჭარაული/

***


რამ დაგაღონა?...
-ჩამკითხეს...
სადარო ბადრის მთვარისა,
ცრემლი რად გასვი წამწამზე
ნისლს გავხარ სახე მტკნარითა...
ჩამამაღონა ჩემმა დღემ
უნდოდ დაცინვამ მწარისა,
ორგული წუთისოფლისად
ავდარით შაცვლამ დარისა,
მთას მივეკედლე ხალასსა
აქ მზეც სხვაგვარი არისა,
დამნათის თავს და მახარებს
მტერია ჩემის ჯავრისა...

მაია გონჯილაშვილი

პირველად მონასტერში


"აქ დევნილებაა, იქ კი ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო“
"მორჩილება ნიშნავს - გახდე მონა,
რათა იყო თავისუფალი"
ბერი იოსებ ათონელი

სიცოცხლეში დგება მომენტი, როცა გინდა შენი ცხოვრების წესი დროებით მაინც შეცვალო, გაექცე ყოველდღიურობას და ყველა ახლობელსა და ნაცნობ გარემოს მოწყვეტილმა, რამდენიმე დღე, განმარტოებით გაატარო. მსგავსი სურვილი მე ხშირად გამჩენია.
მაშინაც ასე მოხდა... ზამთარი იწურებოდა. მახსოვს ჩემმა მეგობარმა იოსებ ათონელის წიგნი "მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება“ მათხოვა. სასულიერო ლიტერატურას მანამდეც ვკითხულობდი, თუმცა ამ წიგნმა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. დღედაღამ არ ვიშორებდი, სულ თან დამქონდა, ისევ და ისევ ვკითხულობდი, გარკვეულ დარიგებებს ვინიშნავდი და ბევრს ვფიქრობდი. ამასობაში ჩემი მეგობარი, რომელმაც ეს წიგნი მათხოვა, 2 კვირით ქოზიფას მამათა მონასტერში წავიდა. როცა ამის შესახებ შევიტყვე, მონასტერში წასვლის დაუძლეველი სურვილი ვიგრძენი ამას ერთის მხრივ წიგნიდან მიღებული შთაეჭდილება განაპირობებდა, მეორე მხრივ კი ყველაფრისგან განრიდების სურვილი. დიდხანს არ მიფიქრია, კურთხევა ვითხოვე და ბარგის ჩალაგება დავიწყე.
მშობლებმა თავდაპირველად წინააღმდეგობა გამიწიეს, განსაკუთრებით დედას არ უნდოდა ჩემი მარტო გაშვება, ამიტომაც ჯგუფელს ვთხოვე წამომყოლოდა და ისიც სიხარულით დამთანხმდა. მთელ პერიოდს, სამზადისიდან მგზავრობამდე იდუმალი და ამაღელვებელი განწყობა გასდევდა თან. მე ხომ პირველად შევდექი მონასტრისკენ მიმავალ გზაზე! გულში ცოტაოდენი შიშიც მქონდა, არ ვიცი... აუხსნელი... შეუძლებელია იმ გზის აღწერა, რაც გავიარეთ. თოვდა, თეთრი დღე იყო, უცნაური ელფერის მატარებელი, იმდენად უცნაური, რომ სოფელ თეთრ წყაროსთან ლექსი დამაწერინა, რა იყო მასში განსაკუთრებული? არ ვიცი, ეს კი მათქმევინა:
თეთრი წყარო,
ჭაღარა ქალწულის დალალები,
შეჩერდი წამო,
წარსულზე მითხრობენ ამ სოფლის მთები.
თაფლისფერი ტყე,
ცისფერ ლოდებზე მისხმული ხავსი,
შემორჩენილი აქა-იქ თოვლი,
ხალების მსგავსი.
კლდე ნაირფერა,
ჩემს საყვარელ წიგნს მოპარა თითქოს,
და შორით, შორით...
ტკბილ ბავშვობის ხანაში მიხმობს...~

* * *
სამწუხაროა, რომ იმ დღეების მოსაგონრად დღიურის სამიოდე ფურცელიღა შემომრჩა. რატომ ვწერდი ასე ცოტას? ალბათ იმიტომ, რომ ბევრს ვფიქრობდი, ან იქნებ იმიტომაც, რომ დრო მქონდა ცოტა. ის კი კარგად მახსოვს, როგორ შევეგუე იქაურობას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ის ადგილი იყო, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი. წალკა მელოდა, წლების მანძილზე მელოდა...
თბილისიდან წამოღებული დამძიმებული გული ერთ დღეში შემსუბუქდა. ფურცლები ასე მომითხრობენ:

28. 03. 07.
"დღეს უკვე მეორე დღეა, რაც ჩამოვედით. დილის 6 საათზე მელანიამ ზარი დააწკარუნა და ლოგინიდან წამოდგა. გამიკვირდა, კაბითა და თავსაფრით დაუძინია. მაშინვე სიცივისგან კანკალმა ამიტანა და უკიდურესი ძალისხმევით ვაიძულე თავი, ავმდგარიყავი. ღმერთო, დილის 6 საათია, ბნელა. ნუთუ ყოველდღე ამ დროს უნდა ავდგე? ხელის ცეცებით გავედი სენაკიდან.
9-10 საათამდე ვილოცეთ. დღეს უფრო გულით ვილოცე. გუშინ გაყინული მქონდა გულიც და გონებაც, არაფერი მიგრძვნია განსაკუთრებული, ცოტა უხერხულობის გარდა. მაგრამ ღამით, სადღაც 8 საათისთვის (ჰო, მგონი ამ დროს), გამოვედი გარეთ, აივანზე. სანათურების შუქზე ვხედავ, თოვლი მოდის. გულმა არ მომითმინა, ჩექმები ამოვიცვი ფეხზე და ეზოში ჩავირბინე. პატარა აბურცულ ქვაფენილიან ადგილას დავდექი, თავი მაღლა ავწიე, ხელები აღვაპყრე და ვუცქეროდი, როგორ ცვიოდნენ პაწია ფანტელები, როგორ იზრდებოდნენ და სახეზე მადნებოდნენ. არ ციოდა, თუმცა იმ ღამით მაინც ცუდად დამეძინა. სულ რაღაც 15-20 წუთით მოვხუჭე თვალი. მესიზმრა ვიღაც, ცისფერთვალება მამაო, რომელიც მელანიას საწოლიდან წამოდგა და მითხრა: `არ ადგე, დღეს ლოცვა არ იქნება“. ცხადი მეგონა და მანამ არ ავდექი, სანამ აივნიდან არ შემომესმა ზარის რეკვა. მორჩილ თეოს მოვუყევი, მითხრა _ ალბათ ბოროტისგანააო.

* * *
გარეთ ისეთი თოვლია...
მე და თეონა წყაროზე ვიყავით. ვისაუბრეთ. მე ვკითხე – არ გაგიჭირდა სახლიდან წამოსვლა და ყველაფრის მიტოვება-მეთქი? ახლაც ვფიქრობ, ეს რატომ ვკითხე. ცხადია, არა უბრალო ინტერესის გამო. ვგრძნობდი, რომ ქალაქი და იქაური ცხოვრება აღარ მაგონდებოდა, იმდენად შემიყვარდა მონასტერი და წალკა. თეონამ მიპასუხა _ გამიჭირდა, მაგრამ არასდროს ვიფიქრებ უკან დაბრუნებასო. მერე კი დაუმატა: - თუ დარწმუნდი, რომ აღარავიზე გწყდება გული, მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოდიო. ძალიან სწრაფად ვწერ, რადგან თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და სანამ ლოცვა დაიწყება, მაინც მოვასწრებ აქაურობის აღწერას.
...თვალს მოგჭრის სითეთრე. ირგვლივ ყველაფერი ქათქათებს და ამ სიქათქათეში თითქოს სისპეტაკეცაა შერწყმული. სენაკში ვარ, აქ ორი საწოლი დგას. ჩემი საწოლის თავთან რამდენიმე ხატი და უწმინდესის სურათია გაკრული. ოთახი უბრალოდ და მყუდროდაა მოწყობილი. ერთი კედლიდან ღვთისმშობლის დიდი გობელენის ხატი გადმომყურებს. ფანჯარაში ვიხედები, მთელი წალკა ხელისგულივით მოჩანს (იმიტომ რომ ჩვენი მონასტერი მაღლობზე დგას). პატარა სახლები თავისი საკვამურებით, რომლებიდანაც წვრილი კვამლი ამოდის. მათ უკან, რამდენიმე ნაბიჯში იწყება ფართო ტყე, რომელიც ისე ახლოდან ჩანს, თითქოს ფეხით მისვლას 10 წუთიც არ დაჭირდება. წვრილად თოვს, ფაფუკად. იცი რა მაოცებს და მაბნევს? ფანტელები, ხელებზე რომ მათოვს, ვარსკვლავების ფორმისაა. არა, განა შევცდი, აქაურობას ზღაპარი რომ ვუწოდე? ეს მართლაც ზღაპარია, რეალური და მიწაზე ჩამოსული. მიყვარხარ, წალკა! ჩვენი სახლის მარცხნივ დიდი კლდეა, თითქოს მთაში ტიტანს მუჭი შეუყვია და გული გამოეგლიჯოს, ამოღრუებულა, ზედ გადაჰყურებს ამ სახლებს და თითქოს ჩაყლაპვას უპირებს. აქვეა, მეორე ქუჩაზე, ტაძარიც. აივანზე გავედი, თამუნა თოვლს ხვეტავს. ეზოში ძაღლის ყეფა ისმის. სიცივისაგან აბუზული უკან შევბრუნდი... სიწყნარეს მხოლოდ დედა სიდონიას ფეხის ხმა არღვევს, მოედანზე ძაღლი ყეფს. ეს მართლა ზღაპარია მგრძნობიარე და ბუნებისმოყვარე ადამიანისთვის. აქ ყველაფერია, რაც გჭირდება: მარტოობა, ლოცვა, სიმშვიდე, უმანკოება, სილამაზე და... თოვლი! ცის მარგალიტები, თეთრი ვარსკვლავები, ჭაღარა ქალწულის თმიდან ჩამოცვენილი... მე შენ შემიყვარდი!.."

* * *

აქ მთავრდებოდა ჩემი დღიური, რომელიც აღწერს იმ სულიერ მდგომარეობას, მონასტერში პირველად სტუმრობამ რომ შემიქმნა. მაშინ ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე პირველად დავფიქრდი მონაზვნობაზე და შევხედე არა როგორც დამთრგუნველ მდგომარეობას (როგორადაც მას ბევრნი აღიქვამენ), არამედ, როგორც ცხოვრების იდუმალებით მოცულ, ძალზე საინტერესო, ერთ-ერთ სწორ გზას. ისიც ვიგრძენი, რომ უკან წამოსვლა ნაკლებად მსურდა. ყველა სიძნელე სიცივე, მორჩილების სირთულე თუ სხვა, რამდენადაც ფიზიკურად მთრგუნავდა, იმდენად სულიერად ძალას მმატებდა და გულში სიხარულს მიღვივებდა. თუმცა, დედაოსგან შევიტყვე, რომ ადამიანი ასეთ დროს ხშირად ხიბლში ვარდება. ჰგონია, რომ მოწოდებულია მონოზვნობისკენ, რომ აქვს საამისო ძალა, მაგრამ როცა ამ ნაბიჯს საბოლოოდ გადადგამს, პირველივე განსაცდელი აბრკოლებს. რაც უფრო გამოუცდელია ადამიანი, მით დიდია მისი მერყეობა და შეცდომის ალბათობა. მივხვდი, რომ სტუმრობა სხვაა, და სამორჩილო კაბის ჩაცმა სხვა. ეს ისეთი ნაბიჯია, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობაც ჭირდება. ყველაზე უკეთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა მოძღვარმა იცის, ამიტომაც გადაწყვეტილება მხოლოდ მასთან ერთად უნდა იქნას მიღებული.
მე კი ვიცი, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი გზა, იქ გატარებულმა სამმა დღემ მასწავლა, რომ მონასტრისკენ მიმავალი გზა მძიმე და ამავდროულად, ტკბილი, ძალიან ტკბილია. ზოგი დაიტევს ამ ჯვარს, ზოგი ვერა. ასეთი ფიქრებით წამოვედი თბილისისკენ და თან წამოვიღე იმ დღეების სილამაზით სავსე გული, რომელმაც ჩემში კვლავ ლექსი აახმიანა:
"ო, წალკა, წალკა, მიწიერო ზღაპარო ტკბილო,
სიტურფითა და სისპეტაკით მჯობო ყოვლისა.
შენს სათნოებას ღაღადებენ ლოდები შორი
და ვარსკვლავებრი ფანტელები თბილი თოვლისა.
დიახ! თბილია შენი თოვლი და იისფერთან
მისი მსგავსებაც არ ყოფილა ირიბად თქმული,
სიმშვიდემ შენმა მოგახურა მანდილად ზეცა,
ყოველ კუთხეში ჩაგისახა შენ სიყვარული...
შენს მდუმარებას მორჩილება უქარგავს გვირგვინს,
სითბო მხურვალე ეცილება ღუმელსაც სითბოს,
-დებო, უთქმელი წამითაც კი არ მტოვებს ფიქრი!
-დედაო, სიტყვა გამოგრძელდა,შენდობას ვითხოვ...
ზარის წკრიალი გაისმოდა გამთენიისას
ნაზი ხელსაქმე ამშვიდებდა სულის იარებს,
18 წელი სად დაქროდა დახშული გონი,
შენამდე მოსვლა ასე როგორ დავაგვიანე.
ო, წალკა, წალკა ჩაგიცვია კაბა პატარძლის,
უფლის სასძლოებს ელოდები ხელაპყრობილი,
არც სასაფლაო შეაშინებთ შემდგართ შენს გზაზე,
და ვერც ხალიჩა კელიაში ცრემლდალტობილი.
ზღაპარო, შენი სიყვარული განა ძნელია?
შენი დატევა მიძნელდება დალეულ გულში,
თუმცა, არ ვიცი ხვალინდელ დღეს რა მიწერია,
შენს შესაგრძნობად კიდევ ერთხელ მოვალ ზაფხულში. "
06.06.08

ნინო ჭინჭარაული

როგორ ვისწავლე ღიმილი


ნაცნობი,უცნობი სახეები ირეოდნენ ერთმანეთში. იღიმოდნენ.. ერთნი რძისფერ მინანქარგადაკრულ კბილებს აელვარებდნენ,მეორენი ნაკლებ მიმზიდველს,თუმცა როგორი განსხვავებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ერთიმეორისგან, ღიმილი ყველას აერთიანებდა. მათ შემყურეს მახსენდებოდა მავანის ნათქვამი “თბილისს ღიმილი აკლიაო” და მეცინებოდა ამ ფრაზის უსაფუძვლობაზე.
საინტერესოა, უხსოვარ დროში ადამიანი როგორ მიხვდა, რომ ღიმილი სიხარულს და კეთილგანწყობას გამოხატავდა? ასეთი ფიქრით მივყვებოდი რუსთაველს და ვხედავდი უამრავ მომღიმარ არსებას, რაც მაიძულებდა მეფიქრა,რომ თუ ეს თეორია სწორია, ჩვენ მართლაც “ბედნიერი ერი” უნდა ვიყოთ. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირიც, რომელიც გვერდით მომყვებოდა, მაგრამ ის ცოტა სხანაირი იყო ,არ სჯეროდა თეორიების.
-იცი?,- მივმართე:-ღიმილი რომ საკვები ყოფილიყო, საქართველოში ამდენი მშიერი აღარ იქნებოდა!
-სწორია!,-დამიდასტურა:-მაგრამ უამრავი ავადმყოფი იქნებოდა, უხარისხო პროდუქტისგან მოწამლული..
ჩემი გმირი არ იღიმოდა. ის გულმოდგინედ აკვირდებოდა გამვლელებს და ხედავდა იმას,რასაც ჩვეულებრივ, გადაკრული მინანქარი მარტივად ფარავს ხოლმე. ზოგჯერ შემომჩიოდა,რომ უჭირდა ყველაფრის თავის თავში დატევა და მიზიარებდა.
-აი ეს,-ერთხელაც მიმანიშნა ყურებამდე მომღიმარ გამვლელზე:- ძალიან დიდ აღმართზე დგას და იმ მიწას ტკეპნის,რომელიც არაა საიმისო გზა. იტანჯება, მაგრამ სიამაყე არ აძლევს ნებას უკან გაბრუნდეს და სხვა გზა მოძებნოს..
-შეხედე ამას! ესეც აღმართზეა, მაგრამ რადგანაც უფრო ახალგაზრდაა, ყოჩაღად მიიწევს. წინ არანაირი მომავალი არ ესახება, მაგრამ ცდილობს ღიმილით სხვების სიბრალულს გაექცეს..
-ნახე მოხუცი! დაღმართის პირას დგას, მაგრამ ეშინია და იღიმის..
-რისი ეშინია,სიკვდილის?
-არა, სიკვდილის წინ მარტოობის..
ხალხი ისევ ირეოდა ერთმანეთში. ამასობაში მეც გამიხუნდა ბაგეზე ღიმილი.
იქნებ მართალი იყო?
იქნებ მომღიმარი სახეების უკან ხშირად ტკივილი და იმედგაცრუება იმალება ხოლმე?
ჩემს გმირს დავაკვირდი:
-გაიღიმე, გთხოვ..
მეც მინდა დავინახო..
მეც მინდა ვიგრძნო..
მეც მინდა გამოვეყო ბრბოს და სინამდვილის ფასი ვისწავლო..
ჩემი გმირიც დაკვირვებით მომაჩერდა:
-მოდი რაღაცას მოგიყვები..
სამყაროში ყოველთვის არსებობდა აღმართები და დაღმართები. ადამიანებიც სხვადასხვა ბილიკებით დადიოდნენ,მაგრამ მათი გზები ოდესმე იკვეთებოდა, რადგანაც ცხოვრება მძიმეა და მისი მარტოდ თრევა წელში გატეხს ადამიანს. ამიტომ ბუნებრივი კანონი იყო, თუ ოდესმე ორი ადამიანი, თუნდაც სრულიად შემთხვევით შეხვდებოდნენ გზაჯვარედინზე, ისინი ერთმანეთის მოყვასნი ხდებოდნენ.
-მერე რა მოხდა?
-მერე?მერე ვიღაცას მობეზრდა სხვისთვის ცხოვრება და დახუჭა თვალები, რომ აღარავინ დაენახა. ამგვარად კი მისი შვილებიც, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც თვალდავსილნი მოევლინენ ქვეყანას. გამრავლდა შთამომავლობა. ახლა კი მითხარი,- გაიღიმა: -ხედავ რამეს?
უმწეოდ გავშალე ხელები. ჩემი გმირი ისევ მოიღუშა,მე კი სასოწარკვეთით გავაცნობიერე, დღეში რამდენჯერ ვიყენებ ამ “უხარისხო პროდუქტს” მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც კეთილად განვაწყო, ვიღაცის მიმართ აგრესია დავფარო,და ან სულაც იმიტომ, რომ ვიღაცას უბრალოდ ამის დანახვა უნდა.
დუმილით ჩავათავეთ ქუჩა და დაღლილები სკამთან შევჩერდით. ვინატრე ნამდვილი ღიმილის ნახვა, იმ ღიმილის, რომლის მიღმაც არ იქნებოდა შური, ბოღმა, სინანული, ტკივილი,სიცარიელე. ღიმილის,რომელიც მხოლოდ ღიმილი იქნებოდა თავისი ნამდვილი დანიშნულებით.
და დავინახე..
წრფელი ღიმილი,
გულიდან ამოსული,
ცოცხალი,
ისეთი, რომელიც თვალზე ცრემლსაც მოგაყენებდა და აღმართის სიმძიმესაც დაგაძლევინებდა.
მიუხედავად იმისა,რომ ის სუსტი და უმწეო არსება იყო. არაფერი გააჩნდა, მიწაზეც კი არ დაედგა ფეხი, და მან ერთი სიტყვაც კი არ იცოდა!
რატომღაც ჩემი გმირი მომაგონა მისმა ღიმილმა. დაფიქრებული გამოვბრუნდი და ისევ ჩამოვუყევი ქუჩას. ყველაფერი ძველებურად იყო, ადამიანებიც, ამინდიც. მეც ვიღიმოდი, ოღონდ..”ხარისხიანად”.
რადგან მივხვდი, ვისგან უნდა ამეღო მაგალითი,
რადგან, ვუცქერდი ადამიანებს და აღარ იყო ჩემთვის მინანქარი ბარიერი,

და აღარც გმირი მჭირდებოდა მეტად..


/ნინო ჭინჭარაული/


ფლამენკო




თუ გინდა ჩემი სიყვარული,
ჩამომეცალე.
თხემით-ტერფამდე, სულით-ხორცამდე
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სიამით აივსო სული,
დახუჭე თვალი,
არ შემომხედო, არ განმიცადო,
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სიცოცხლე, გაექეცი
ჩემს ამოსუნთქვას,
სისხლის, სიკვდილის მოციქული
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სინათლე, ნუ დამეძებ,
არავის უთქვამს?
რომ უკუნეთით მოკირწყლული
მე ტკივილი ვარ.
სიამოვნებას ვერ მოგაგებს
ეს სილამაზე,
გრძნობააშლილი მთელი სხეულით
მე ტკივილი ვარ.
სიმშვიდე გინდა? დაემალე
ჩემს გახსნილ ბაგეს
სულის ფსკერიდან ამონთხეული
მე ტკივილი ვარ.
. . . . . . .
მე ტკივილი ვარ,
შენს საბედოდ არ დავიბადე...

/ნინო ჭინჭარ-აული/

პოეტი (მიხა ხელაშვილს)


უკვე რამდენი წელია,ეს ბინდისფერი სოფელი
გაუტანლობის მაცილით უდროოდ ჩამოგებინდა,
მაგრამ პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი
და თითო რითმად,სტრიქონად, შენ საფლავიდან დგები და
ისევ თავიდან მიჰყვები შენი გოლგოთის აღმართებს,
ისევე გტკივა მოხუცი დედის ნატანჯი სხეული
და თუმცა იცი,სამშობლო უღმერთოს აღარ აღმერთებს,
დღესაც ნაცნობი მტერი ჰყავს სახრავად შემოსეული.
ღალატის,შურის მშობელი,ეშმა ზეიმობს მეფობას,
სულებში დახეტიალობს,გვიკარგავს სახეს ტიალი,
მიხავ,ქართველებს სირცხვილად შენი სიტყვებიც გვეყოფა:
"მე მამკლავს ძმისა მამკლავი,იქნება სახელიანი".
ისევ იჭრება ალალი სიტყვის თქმისათვის სამარე,
სიმართლე კაცი რომ იყოს,მასაც მძინარეს მოკლავენ,
მტრის სახელს ააწებებენ და ყვავ-ყორნების ამარა
გვამზე კი ინადიმებენ,თითებსაც გაილოკავენ.
მაგრამ,შორს-სასოწარკვეთა,შიშიც,შეგვინდობს უფალი!
ცოდვაზე მეტი შვილი ჰყავს დღეს საქართველოს ზვარაკად,
მიზნის დაკარგულ ბილიკებს იპოვნის ჭირისუფალი
და შენი საქმეც დარჩება ერში ლეგენდად,არაკად.
უკვე რამდენი წელია წაშალე დრო და მანძილი,
ვერ მოგერია მუხთალი და ბინდისფერი სოფელი,
სულგანაბული სტრიქონით დღესაც სიცოცხლეს აგრძელებ,
რადგან,პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი!

ნინო ჭინჭარაული
(2011)

Saturday, March 5, 2011


მამიხველ სტუმრად?..
ქარო აშარო,
ამიჭრიალებ ბებერ დარაბებს,
მოჰკვნეს, რომ დარდი ჩამოატარო,
ჩემს ჭიუხებთან მოლაპარაკე..


მოგისმენ...
წინ რომ გრძელი ღამე დევს,
გაზაფხულებად უკვე ავშიბე,
და ჩემს სატკივარს უქმად დაეძებ,
დარდ ვერ მამხელავს ფხოვლის ნაშიერს...

/მაია გონჯილაშვილი/

გამცილდი,სხვა ბილიკ მოძიე,
არ მწაის თვალებში გაება.
შენაც ხო სხვა რჯულზე მოექეც
როცა მე ვიყავი ღვთაება.

ჩემთან თუ დაღამდა გაია,
მამრიდე,სხვა ყორეს მიადეგ.
სალოცავ იქავაც ცაია
მე კი წარმართი ორ ნიადე.

მართა ჭინჭარაული

Thursday, March 3, 2011

გულო!


გულო!
რაი გჭირს ტიალო,
ჰბორგავ და აღარ მასვენებ,
დადექღა, ნუღარ ტრიალობ,
თორო, ჯოჯოხეთს გაჩვენებ...
დროს გადაუცვდა ჩადრები,
უკვალს გაჰკვალავს სავალსა,
შენ მაინც ჩემად დარჩები,
მე მოგარჯულებ წარმართსა...
ნუთუ ვერ ჰპოვე საყუდი,
ნუთუ არ გყოფნის საგულე?..
გულო!..
ხმა გამე, დაჰმუნჯდი?..
ვფიცავ!..
ჩემს ჭკვაზედ გაბრუნებ.

მაია გონჯილაშვილი

ქარი მიგლალავთ ნისლებო


ქარი მიგლალავთ ნისლებო,

რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,

მგლისფერ ედება ცას თითქო,

ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...

ქარმა წანწალით ღრუბელნი

გასცვითა, ცისკარმ იალა,

ჩემი ცის ტატნობს ჩაჰხსნია

საკინძე ღიმილიანა...

ვფიცავ, ლექსებად დავწურო,

ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,

ავუხირდები საწუთროს,

ან მე დავრჩები, ან ისა...

მაია გონჯილაშვილი