Thursday, November 25, 2010

ლექსი,რომელიც მძულს

საძაგლობაა,
რომ იმედი აღარსად არის
და მაინც იბრძვი, მაინც იბრძვი, 
როგორც სულელი...
საძაგლობაა, როცა თვალწინ იხშობა კარი,
სულ ყველა კარი..
და მათ გახსნას მაინც სულ ელი.
საძაგლობაა, როცა ლოცვა გვიანი არის
და უფალიც, თვით უფალიც
გარიდებს სახეს,
შენ კი-ცოდვილი,
შენ-იუდა,
შენ-შაითანი
და მაინც, ტანჯვით დაქანცული
შენ თავსვე ამხელ,
რომ დღეში ცრემლი რამდენჯერ გდის, უკვე
ვეღარ თვლი,
რომ სარკის მიღმაც ზიზღიანი
მზერა გიყურებს,
(რომ ნაგავი ვართ
ერთმანეთის გარდა ყველასთვის
და არაფერია ამაში
რომანტიკული)
რომ თუ ოდესმე ვერ დამალავ
ტკივილის სიღრმეს,
მოგილოცავენ-"გამოიწრთო, გაკაჟდა სული!"
საძაგლობაა.....!
იღუპები და მაინც იბრძვი
და ეს ჰგონიათ პოეტური,
ან ვაჟკაცური.
საძაგლობაა! საზიზღრობა!
სხვა არაფერი,
წაგებულ ომში სულელივით იქნევდე მახვილს,
ზურგში გესროდეს შენიანი
და არა მტერი
და ცას ხედავდე შენს ჩამოყრილ მხრებამდე დახრილს.
საძაგლობაა..
და ლექსებიც შემძულდეს ლამის,
როგორც ყოველი, რაც ოდესღაც გულით ვიწამე..
მე ვუცდი ღამეს,
ქარიშხლიან,
ბნელ,
შეშლილ ღამეს,
დილით ტალახად რომ მაქციოს სველი მიწა-მე...


/ნინო ჭინჭარაული/