Friday, March 28, 2014

მგზავრი (ესპანური ციკლიდან)


                                          (ანდრეს სეგოვიას)

პირქუში მიწაც ახითხითდა, ზეცის ღიმილზე.
ეს, შენი წილი სამოთხეა, ბახს აქ რა უნდა?
ღრუბლის ნამცეცა ცხვარი ბღავის ზეთისხილის ქვეშ,
ხსოვნის უფსკრულში ექოებად რომ ახმაურდა.

ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა.
ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და....
ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან,
მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.

დამშვიდდა სივრცე, ზღვაც დამშვიდდა, აღარ ყრის ცოფებს.
მალე ვარსკვლავი აენთება ცაზე იმდენი...
შემოუფრინეს თოლიებმა ზღვისპირა სოფლებს
და ცის სილურჯეს ისუნთქავენ ჭარხლის მინდვრები.

შორს, ზღვის შორეთში, უკვე ჩამქრალ ჰორიზონტებზე,
ვაყოლებ მზერას, მოციმციმე მოძრავ წერტილებს.
გარს მაკრავს მხოლოდ სიმარტოვე, როგორც პილოტებს
სიცარიელე, მალე ფიქრსაც შემაწყვეტინებს
ღამე, არ მისულს კანტაბრიის სანაპირომდე.

/2008წ.პამპლონა/

/სოსო მეშველიანი/ 

Tuesday, March 18, 2014

მე და "ნარჩიტა"

       

რეშატ ნური გიუნთექინის-"ნარჩიტა". ჩემი საყვარელი წიგნი.

    ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა იცი, რომ კარგი ჩანაწერი არ გამოგივა. სხვისთვის შეიძლება ნორმალურადაც ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ შენ გეცოდინება, რამდენად მოკლე, ზედაპირული და გაუგებარია, რადგანაც შეუძლებელია კარგად გადმოსცე ის, რაც მხოლოდ შენთვისაა გასაგები.რატომ მხოლოდ ჩემთვის?-იმიტომ რომ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი თავიდან-ფეხებამდე მე ვარ, ოღონდ ცისფერი თვალებისა და არამიწიერი სილამაზის გარეშე.
 
    რამდენი წელი გავიდა, ამ წიგნის პირველად წაკითხვიდან და დღემდე მისი ხელში აღებისას ისევ ისეთი უცნაური შეგრძნება მაქვს, როგორიც თავიდანვე მქონდა. რამდენი წიგნის რამდენ გმირში შეიძლება იპოვო საკუთარი ხასიათის ნიშნები, მსგავსი საქციელი, საერთო აზრები...მაგრამ მთლიანად საკუთარი თავი? ესეც შესაძლებელი ყოფილა და დღეს ჩემთვის ახსნილია ჩემი ბავშვობის და მოზარდობის პერიოდის ყველა ის უცნაური საქციელი და განცდები, რაც აქამდე თავადაც გაუგებრად მიმაჩნდა, რადგანაც ფერიდე ნიზამ ედინის, იგივე –“ნარჩიტა”ს დღიურმა გამიმხილა ყველაფერი, რისი დაწერაც და ახსნაც საკუთარ დღიურშიც არ შემეძლო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს წიგნი ჩემი დღიურია (რათქმაუნდა, გარკვეულ დეტალებს თუ გავცხრილავთ მასში).
 
    ამ წიგნის წაკითხვაც(როგორც სხვა მრავალის) იმ ბებომ მირჩია, რომელმაც შემაყვარა ლიტერატურა,პოეზია. ის თურქული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით არ გამოირჩეოდა, თუმცა ამ წიგნზე ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, რომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ შეიძლება ნარჩიტაში ისიც საკუთარ თავს ხედავდა. მიუხედავად ჩვენი ზოგჯერ კონფლიქტური ურთიერთობისა, მე და ბებო ძალიან ვგავდით ერთმანეთს-ჯიუტები, გულდახურულები და გამაღიზიანებლად პრინციპულები. ის მოკვდებოდა, მაგრამ არასდროს გადაგიშლიდა საკუთარ განცდებს, სიყვარულზე საუბარი აღიზიანებდა და მხოლოდ სხვისი ისტორიების გახსენებისას თუ შეატყობდი ანთებულ თვალებში, თუ როგორი პოეტური და რომანტიული იყო. დღეს, როცა ის აღარ არის ამქვეყნად, მეც არ მაქვს ჩემს კითხვაზე ზუსტი პასუხი, მაგრამ რომც მეკითხა ოდესღაც მისთვის, ვიცი, არ მიპასუხებდა, თავისი ცხოვრებიდან სხვა საინტერესო ამბავს მომიყვებოდა და მოხერხებულად დაიძვრენდა თავს კითხვისგან... ზუსტად ისე, როგორც ალბათ მე გავაკეთებდი.
 
    აი, ისევ ვშლი “ნარჩიტას” და ვბრუნდები თიანეთში, სადაც ის პირველად წავიკითხე. მახსოვს, რამდენჯერ ავმძვრალვარ მსხლის,ან კაკლის ხეზე და იქ გამიგრძელებია კითხვა. ჩემს წარმოსახვაში კი წიგნში აღწერილი ყველა ამბავი თიანეთის მიდამოებში ხდებოდა. თექირდაღი- თიანეთის გასასვლელთან იყო, აზიზ ძიას სახლი-ჩემი ბიძაშვილების სახლში, კუშადასი-ბაღიანებში და ზეინილერის სკოლა- #2სკოლაში. დღესაც მეცინება ჩემი ფანტაზიის სიმწირეზე...თუმცა, რა იცი,ქვეცნობიერი რა პრინციპით მუშაობს.
 
    მოკლედ რომ ვთქვა, ჯიუტმა, ველურმა, სულით ძლიერმა, მაგრამ გულის ამბებში სუსტმა და მშიშარა ნარჩიტამ სარკეში ჩამახედა. ეს ჩემი ნაწერიც დღიურს, აღიარებას ჰგავს. მე დღესაც არ ვიცი სად ვიწყები უხეში,დამცინავი და სად ვმთავრდები სუსტი და ემოციური, ანდა-პირიქით... . ან, სად იწყება ჩემი ბავშვური გულახდილობა და მთავრდება-გაყინული,შუშისთვალებიანი მზერა, რომლის იქითაც ვერავინ ვერაფერს წაიკითხავს. სანამ სხვა ადამიანების გაგებას მოვინდომებთ, ჯერ საკუთარი თავის ამოხსნა რომ ვცადოთ ყველამ, შეიძლება სხვებისთვის ვეღარასდროს მოვიცალოთ, რადგან არ არსებობს იმაზე უფრო მიუწვდომელი საიდუმლო, ვიდრე საკუთარი თავია. თუ ჩვენს თავს რამე გავუგეთ, მაშინ კი უკვე სხვების გაგებასაც შევძლებთ (იმედია)
 
    რაც შეეხება წიგნს, როგორც ნაწარმოებს... ფინალი ჩემთვისაც კი აშკარად ხელოვნური აქვს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორი დაიღალა წერით და უცებ მიაფუჩეჩა “happy end”-ი. თუმცა,შეიძლება ასე არც იყოს, რადგან ახლახან გავიგე, რომ ის გამოცემა, რომელიც მე წავიკითხე, წიგნის შემოკლებული ვარიანტია. სრული,ახალი ნათარგმნი კი იყიდება და ერთი სული მაქვს, ხელში როდის ჩავიგდებ.
 
    მოკლედ, წინასწარ ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი,ვინც ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტს, დასაწყისში მიატოვებს(როგორც ჩემმა ერთმა ჯგუფელმა მოიმოქმედა და არც გამიკვირდება. ვიღაც-გულისგამაწვრილებელ სენტიმენტებს იპოვის ნარჩიტას დღიურში, ვიღაც-დაუჯერებელ ისტორიას, ვიღაც კი-ნამდვილ ცხოვრებას თავისი მახინჯი მხარეებით. სულ არაა საჭირო წიგნის ფინალმა ლოყები გახოკინოს, მთავარია-მთლიანად ნაწარმოებმა რა მოგცა.-ესეც ჩემი სუბიექტური აზრი- ნინო/ფერიდე/ჭინჭარ-აული/ნიზამ-ედინი-ს )))))) ან უბრალოდ “ნარჩიტა”სი.

პ.ს. ბავშვობაში "ნარჩიტას" 1986 წელს გადაღებული რამდენიმე სერიიანი ფილმიც გადიოდა https://www.youtube.com/watch?v=OqAMd4yYSPA  ,რამდენიმე საიტზე  კი ახალი,2013-ის გადაღებულიც ვიპოვე,თუმცა ეს უკანასკნელი ნამდვილი გაწელილი სერიალია და მასში ნაჩვენებ ბევრ ამბავს წიგნთან საერთო არაფერი აქვს. მსახიობებია მხოლოდ უკეთესად შერჩეული ;)))))




/ნინო ჭინჭარაული/