Showing posts with label მაიკო ჭინჭარაული/. Show all posts
Showing posts with label მაიკო ჭინჭარაული/. Show all posts

Wednesday, February 22, 2012

ნასოფლარი სახელად-ლებაისკარი

დღეს დილით, როგორც კი თვალები გავახილე, რატომღაც ლებაისკარი გამახსენდა.



ეს სოფელი პირიქითა ხევსურეთშია, როგორც კი "პერევალს" გადაივლით-პირველივე. სოფელი რომელიც ფაქტიურად აღარც არსებობს, მარტო ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მხოლოდ სოფლის პირდაპირ, მდინარის მეორე მხარეს აღმართული ლებაისკრის ციხე დგას ჯერ ისევ მტკიცედ და შეუპოვრად. ის ჯერ კიდევ არ ნებდება დროს...



გამახსენდა ლებაისკარი და ძალიან მომენატრა იქ გატარებული ბავშვობის პატარა ეპიზოდები. ამ სოფელში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთხელ მთელი ზაფხულიც კი ვიყავი პაპასთან სტუმრად. მაშინ ჯერ კიდევ იყო იქ სახლები. ჩვენ რომელ სახლშიც ვიყავით, იმ სახლს აივანიც ჰქონდა. აივანზე საქანელა იყო ჩამოკიდებული და თუ გარეთ სადმე არ დავბოდიალობდი უეჭველად იმ საქანელაზე ვიჯექი და ვმღეროდი. საღამოს დაბრუნებულ პაპას ჩემთვის რაღაც ბალახები მოჰქონდა, თუ სწორად მახსოვს ერთს წერთხალა ერქვა მეორეს კენკეშა, მათი ღეროები უნდა გაგეფცქვნა და ძალიან გემრიელი საჭმელი იყო.



მდინარეებზე მხოლოდ თითო მორი იყო გადებული გადასასვლელად, რომლებსაც წყალი სულ ასველებდა და საფრთხილო იყო გადასვლისას სველზე ფეხი არ დაგცურებოდა. თავიდან მეც ვფრთხილობდი, მაგრამ მერე მივეჩვიე და გიჟივით დავრბოდი ზედ, დედას კი ვალერიანის წვეთები სჭირდებოდა ყოველდღე...



მდინარის ნაპირებზე ძალიან ლამაზი, ბროლნარევი კენჭებიც იყო. სადაც ყველაზე ლამაზს ვნახავდი ვაგროვებდი და საკმაოდ დიდი კოლექციაც მქონდა მოგროვებული, რომელიც წამოსვლისას იმ სახლში დავტოვე თაროებზე ლამაზად დალაგებული. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე იქ დაბრუნებულს იმ სახლის ადგილას ნანგრევებიღა თუ დამხვდებოდა.



ჩვენ ერთი ძაღლიც გვყავდა, თეთრი იყო სულ და ბროლიას ვეძახდით. ძალიან ერთგული ძაღლი იყო. წლების შემდეგ, როცა ძალიან დაბერდა, პაპამ ვეღარ გაუძლო მისი საცოდაობის ყურებას, ვერც მოსაკლავად გაიმეტა და ვიღაცას წააყვანინა ძალიან შორს. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე კვირის შემდეგ უკან დაბრუნებულა სულ დაგლეჯილ-დაფლეთილი. მიუხედავად ასეთი სიბერისა, მაინც გამოეგნო უკან გზა და გზაში ალბათ სხვა ძაღლებმა დაგლიჯეს. ბებერი იყო თორემ ახალგაზრდას ვერცერთი ძაღლი ვერ ერეოდა.



მაშინ კი, მეც ბავშვი ვიყავი, ბროლიაც ახალგაზრდა იყო და ლებაისკარიც არ იყო მხოლოდ ნანგრევები...



ჩამოვსხდებოდით ხოლმე საღამოობით მე და ბროლია მთის ფერდობზე და გავცქეროდით როდის გამოჩნდებოდა პერევლიდან მამას მანქანა. მე რომც გამომპარვოდა სიშორის გამო, ბროლიას მაინც არ გამოეპარებოდა, მაშინვე ყეფას ატეხდა და აქეთ-იქით დარბოდა გახარებული.



ახლა კი, როცა ამ სოფელს ვხედავ თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავტირდე ბავშვივით...



/მაიკო ჭინჭარაული/

Monday, May 2, 2011

სიბერე




ის ერთი ბებერი ძაღლი იყო. საცოდავი ლასლასით გაივლიდა ხოლმე, ენაგადმოგდებული და აქაქანებული... სიბერისაგან თავის მაღლა აწევაც კი აღარ შეეძლო, ხანდახან რის ვაივაგლახით თუ აწევდა, საწყალ თვალებს მოგაპყრობდა თითქოს რაღაცას გემუდარებაო, მერე ისევ ჩაქინდრავდა და ლასლასით გააგრძელებდა გზას თავისი ანწლიანისკენ. ეს ადგილი სოფლის თავში ამოერჩია განმარტოებით. ათასში ერთხელ თუ ჩამოივლიდა სოფელს, მზეს მიაფიცხებდა ბებერ ძვლებს, მერე კი ისევ თავის მყუდრო ბუნაგისკენ გასწევდა და მთელ დანარჩენ დროს იქ შემძვრალი ატარებდა. სიბერისაგან ხორცი სულ მთლად შემოსდნობოდა და მხოლოდ დაწელილი ტყავიღა ეკიდა ძვლებზე. მისი დანახვა ყველას ზიზღს გვრიდა და ზედ არავინ უყურებდა, მაგრამ თუ შემთხვევით ვინმე შეხედავდა და ყურადღებით დააკვირდებოდა ყველას უცნაურად ეცვლებოდა სახის გამომეთყველება. ზოგი გაოცებისაგან ადგილზე ქვავდებოდა ენაჩავარდნილი, ზოგი კი შეშინებული ცდილობდა სასწრაფოდ გასცლოდა მას. ბავშვებს არ გვიყვარდა იგი, მართალია სადღაც გულის სიღრმეში გვებრალებოდა, მაგრამ უფრო მეტად გვეზიზღებოდა მისი სიბერისგან ზოგ ადგილას გაცვენილი და ჭუჭყისგან გადამხმარი ბეწვი, ჩამოწელილი ტყავი...
აი, ისევ განმეორდა ბავშვობის კადრები... რა უცნაური დღეა, სოფელში ვარ და ბავშვებთან ვთამაშობ, გვიდგას ერთი ყიჟინი. უცნაურია, უფროსები არსად ჩანან, მხოლოდ ჩვენ ვართ... ირგვლივ ყველაფერი მზით არის გაჯერებული, ყველაფერში მზეა... ეზოს ბოლოში, სანაგვეზე, წამლებიანი ყუთი შევნიშნეთ, ალბათ ვინმეს დაუძველდა და გადაყარა, მაგრამ ჩვენ სულაც არ გვსურს მისი სანაგვეზე დატოვება, აბა როგორ შეიძლება ასეთი რამის ხელიდან გაშვება, ყოველდღე ხომ არ ნახავ სანაგვეზე გადაყრილ ერთ ყუთ დაძველებულ წამლებს? ექიმობანას თამაშისთვის ასეთი განძი ზედგამოჭრილია, მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩვენში ამ წამლების დამლევი პაციენტი არავინ აღმოჩნდა. ვის დავალევინოთ? სასწრაფოდ მოვიმარაგეთ პურის ნატეხები, წამლებიც მოვიმარჯვეთ და ანწლიანისკენ დავირაზმეთ.
ისევ ბუნდოვანი კადრები... პურის ნატეხებს სათითაოდ ვტენით ტაბლეტებით და ძაღლის წინ ვმწკრივდებით, იგი ძლივს წევს თავს და დაუპატიჟებელ სტუმრებს ჭკვიანი თვალებით გვიყურებს. ჯერ ერთ ნაჭერს ვუგდებთ, მერე მეორეს, მესამეს... ახითხითებულები ვაკვირდებით როგორ ლოღნის ძაღლი პურის ნატეხებს. საბრალოს სიბერისგან ყნოსვისა და შეგრძნების უნარი საერთოდ დაჰკარდვოდა და ძლივს ღეჭდა ტაბლეტებით ამოტენილ პურს. ვხითხითებთ...
–მიდი, მიდი, სულ შეჭამე იქნებ ეგრე მაინც გაფშიკო ფეხები, ვიღას რაში სჭირდები შე ბებერო.
–ახლა კი ვეღარ გადარჩება.
–ასე ყოფნას არ ჯობია მოკვდეს?
–მიდი, სულ შეჭამე ძაღლო
–შენ ალბათ ერთ დროს კარგი ძაღლი იყავი, მაგრამ ახლა აღარავის სჭირდები...
იგი განაგრძობს ჭამას, სიცილი ორმაგდება...
–მიდი, მიდი, სულ...
უცბად ძაღლმა ამოიხედა და მადლიერებით სავსე თვალები მომაპყრო, მეც გაოცებული ვუყურებ... რა უცნაური თვალებია, რაღაცას გავს... თუ ვიღაცას? ვაკვირდები... უცნაურია, ის მაინც რატომ არ ხრის თავს? რატომ მიყურებს ასე დაჟინებით? ვაკვირდები მის უცნაურ თვალებს და... უცებ ადგილზე ვქვავდები. _დედა... ამ ძაღლს დედას თვალები აქვს. დაჟინებით მომჩერებია დედას სევდიანი და წყლიანი თვალები... ცივ ოფლს მასხავს, თვალებს ვხუჭავ და ბოლო ხმაზე ვყვირივარ: _გთხოვ ნუ ჭამ, მაგაში წამლებია, გთხოვ მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... ჩემივე ყვირილი მაღვიძებს... სახეზე სისველეს ვგრძნობ, მიტირია... დედა, დედა... ვბუტბუტებ ჯერ ისევ ძილბურანში მყოფი, და ხელებს ვაფათურებ სიბნელეში, ტელეს ვეძებ... აი ისიც, ნომერს ვკრეფავ...
_ალო_მესმის ნამძინარევი ხმა, რომელიც მსოფლიოში Yყველას და ყველაფერს მირჩევნია
_დედა, მინდა იცოდე რომ ყველას მირჩევნიხარ, მაპატიე ასეთი ცუდი შვილი რომ ვარ
_რა გჭირს, ხომ მშვიდობაა?_მესმის შეშფოთებული ხმა
_კარგად ვარ დე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ გესმის?
_რა დაგემართა?
_მიყვარხარ.

ტელეს ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ იმ იმედით რომ ასეთი რამ აღარ დამესიზმრება...


/მაია ჭინჭარაული/

Friday, April 15, 2011

ხევსური ხევსურს




სიჩუმეს მხოლოდ ქვითინი არღვევს... ოთახი ბნელი... თეთრი სუდარა... ბჟუტავს კანდელი და ანათებს სურათს, სურათში ისევ ცოცხალი ხარ...
ტკივილი ძაბავს ყველა ნერვს, ფიქრები არეული, ცრემლებით დაღარული ლოყები... დარდი ჭამს ყველას. წამმზომებით გავსილა ოთახი... აღარ შემიძლია გაძლება, ყველას თავზე წამმზომი...
შენი უკვე გაჩერდა. სხვების? როდის? ვინ იცის...
ჩემს თავზეც ხომ ბზრიალებს. ის როდისღა გაჩერდება? დღეს? ხვალ? კვირების, თვეების თუ წლების შემდეგ? აზრი აქვს კი რამეს ამ ცხოვრებაში?
რამდენი მიზანი, რამდენი სურვილი, რამდენი ბედნიერება თუ უბედურება... შენთვის კი უკვე ყველაფერი გაქრა... რა დარჩა მხოლოდ შენ იცი...
იქნებ, ჩემთვისაც სულ მალე გაქრება?
ღირს კი, ეს ცხოვრება გეგმებად, მიზნებად, სურვილებად... და რამდენი მშვენიერი დღე ეწირება მიზნებს... რამდენი მშვენიერი განცდა თუ გრძნობა ეწირება ჩვენს გაუმაძღარ სურვილებს... ღირს კი ასე ცხოვრება? ფასი აქვს? როგორ უნდა გაითავისუფლოს ადამიანმა თავი ამ ერთფეროვანი ბორკილებისგან? არ ვიცი... ახლა მხოლოდ თეთრ სუდარას და მბჟუტავ კანდელს ვხედავ.
წამმზომებიც გაუჩერებლად ბზრიალებენ... ახლა ყველა ადამიანი წამმზომად ქცეულა ჩემთვის. ვის რამდენი? ვის რამდენი...
ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ როგორი იქნება ეს გზა მაგას ხომ ჩვენ ვწყვეტავთ?
ჩვენ ვწყვეტავთ???
მაშინ რატომ არ არის ჩემი გზა ისეთი როგორიც მე მინდოდა? მე გადავწყვიტე? შემიძლია კი წავიყვანო იგი უკეთესობისკენ? შევძლებ კი? მაინც რამდენი დრო დამრჩა ამისთვის? შენც ხომ გქონდა მიზნები? სად გაქრნენ? აღარ მინდა აღარც მიზნები, აღარც სურვილები, აღარც გეგმები... მე მხოლოდ ცხოვრება მინდა, უბრალოდ ცხოვრება, მეტი არაფერი. ჯანდაბას, ნუ იქნება ზუსტად ჩემი გეგმებისნაირი ოღონდ ნუ იქნება ცივი...
ჩემი აზრით ადამიანს მხოლოდ გრძნობები მიაქვს თან მეტი არაფერი. არ მჯერა სიკვდილის მერე გრძნობებიც ქრებოდეს, არ მჯერა!
შენს სახეს ვერ ვხედავ, სუდარა ფარავს და არც მინდა ვნახო, მინდა ცოცხალი მახსოვდე. სიკვდილით ნამდვილად არ ქრება ყველაფერი.
წამმზომი ჩერდება, მაგრამ სხვა, უწამმზომო დრო იწყება...
ყველაზე კარგად ახლა ვიგრძენი რა ძვირფასი ყოფილა მეგობარი...