Friday, December 10, 2010

"ჩემი ლექსები,როგორც მილოცვა-მათ,ვინც არასდროს არ მივიწყებენ!"


"საქართველოს სისხლში უდუღს შენი ლექსი,
საქართველოს სიჭაბუკევ
, მირზა!"
მორის ფოცხიშვილი

"1938 წელს ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქციაში ახოვანი ჭაბუკი მოვიდა. მერე გამოირკვა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს კარგა ხანს ედო მისი ლექსები საწერი მაგიდის უჯრაში. ვიღაცას მოეჩვენა, რომ ლექსებში ძველი დრო იყო ნადიდები. ჭაბუკი ხელნაწერის წასაღებად მოვიდა _ თუ არ მოგწონთ, რას ვიზამ, ნაწყენი არ დაგრჩებითო. დავინტერესდი, მაშინვე წავიკითხე და მივხვდი, ჩემს წინ პოეტი იდგა. ხელნაწერს წავაწერე (მაშინ რედაქტორი ვიყავი): დაიბეჭდოს მეექვსე ნომერში. ის ჭაბუკი მირზა გელოვანი იყო..." (1984 წ. ლ. გ. # 33) _ ასე დაულოცა ირაკლი აბაშიძემ გზა ოცი წლის პოეტს.
მანამდე მირზას სახელი რაჟდენ გვეტაძის მოთხრობაში "ლაშაურის საღამოები" გამოჩნდა, სადაც რაჟდენმა მოახდინა მისი ლექსის "თეთრი მიწა" ციტირება. მირზას ახალგაზრდობა უკვე იცნობდა, მისი ბევრი ლექსი ზეპირადაც იცოდა.

"ეს იყო გულწრფელი ლექსები, ქართული პოეზიის ტრადიციებზე შექმნილი, ლაღი და მუსიკალური და ხალხს მოსწონდა, გატაცებით კითხულობდა" _ წერდა ვახტანგ ჭელიძე.
ლექსები ზუსტად ეხმიანებოდა ავტორის პიროვნებას. მას ახასიათებდნენ, როგორც სათუთი გულის, პირდაპირ, თავდაჭერილ ჭაბუკს, რომელსაც "თაყვანისცემა შეეძლო, მონობა _ არა". მას დაუოკებელი სულით ბარათაშვილსაც ადარებდნენ. მის პოეზიაში, როგორც გალაკტიონის სიდიადეს, ისე ვაჟას ხალხური პოეზიის მიმზიდველ ძალასაც ხედავდნენ. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა. მირზას წარმომავლობა, ხელოვანთა ოჯახი, ბავშვობის აკვანი _ ყველა ერთად მონაწილეობდა შემოქმედად მის ჩამოყალიბებაში.

რევაზ გედევანის ძე გელოვანი ("მირზა" მან აღმოსავლური პოეზიის სიყვარულით დაირქვა) 1917 წლის 2 მარტს დაიბადა, თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში. ბავშვობა თიანეთში გაატარა, დედულეთის ლამაზ ბუნებაში, რომელსაც არაერთი ლექსი მიუძღვნა. "ამ ბუნებამ მისცა მის პოეზიას ასეთი სურნელება. მან მისცა მას მინდიას სიბრძნე... კავკასიონის მთებმა ჩაუნერგეს მას სიამაყე და სიკვდილშიაც არდანებება" (ვ. ხარანაული. `ახალი თიანეთი~). მირზამ აქვე დაამთავრა სკოლა და პედაგოგიური ტექნიკუმი. შემდგომ მისი ცხოვრების გზა სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, აქ ახალი მეგობრები და ახალი ცხოვრება ელოდა, რამაც შემდეგ მის ლექსებში ჰპოვა ასახვა.

რევაზ მარგიანი იხსენებს: "ჭაბუკ მწერალთა შორის ჩემმა პირველმა მეგობარმა, ალექსანდრე საჯაიამ გამაცნო მირზა. ეს იყო 1935 წლის მიწურულს, როცა უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები ვიყავით... შეიკრა ჩვენი მეგობრული წრე... ხშირად ვუკითხავდით ერთმანეთს ლექსებს. მირზას უყვარდა ხმადაბლა, ჩუმად, წამღერებით თქმა ლექსისა. ხანდახან შეჩერდებოდა, გადმოგვხედავდა, თითქოს ჩვენს სახეზე სურდა ამოეკითხა _ მოგეწონათ თუ არაო..."

რევაზ მარგიანის მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ მირზას ლექსები გალაკტიონსაც წაუკითხავს და მოწონებაც გამოუხატავს. "ნედლმა, უშუალო და გულწრფელმა სტრიქონებმა" მას ნიჭიერი შემოქმედის სახელი დაუმკვიდრა. იგი კარგად იცნობდა ქართულ კლასიკურ და თანამედროვე პოეზიას. ამდენად, სრულიად მომზადებულს გადაუდგამს ქართულ პოეზიაში პირველი ნაბიჯები.

"მე დღესაც მიკვირს ის საოცარი ნაადრევი მომწიფება, რითაც გამოირჩევა ჟურნალ "ჩვენი თაობის" ირგვლივ ოცდაათიანი წლების მიწურულში შემოკრებილი ახალგაზრდობის საგრძნობი ნაწილი" _ წერდა ლადო ავალიანი. მართლაც ამ თაობის წარმომადგენლები იყვნენ ლადო ასათიანი, გაბრიელ ჯაბუშანური, იოსებ ნონეშვილი, რევაზ მარგიანი, ალექსანდრე საჯაია... მათ სრულიად ახალი ფერები შესძინეს ქართულ მწერლობას. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მირზა გელოვანი.

მირზას ლექსების გამომზეურებაში დიდი როლი მიუძღვის მისი ბავშვობის მეგობარს, თანასოფლელს, ცნობილ მთარგმნელს ვახტანგ ბეწუკელს. მათ არაერთი წელი გაეტარებინათ ერთ ჭერქვეშ, ერთად იზიარებდნენ ჭირსა და ლხინს. ვახტანგ ბეწუკელმა მძაფრად გამოხატა მეგობრის დაღუპვის ტკივილი წერილში "უკანასკნელი საუბარი მეგობრის ლანდთან". მირზას ახლო მეგობარი ყოფილა ლადო ასათიანიც. "ორივე სიცოცხლის მგზნებარე მომღერალი იყო, ორივე გულზვიადი მთების შვილი" (ი. ბეჟანიშვილი), თუმცა მათი შემოქმედება, ისევე როგორც პიროვნებები, განსხვავებული იყო. თუ ლადოს იხსენებენ, როგორც ფეთქებად ყმაწვილს, რომელიც თავის პოეზიას უჩვეულო ფერადოვნებით ამკობს, მირზას პოეზია უფრო იდუმალი იყო, მისი წრფელი, მაგრამ შეუვალი პიროვნების შესატყვისი.

...ცისფერთვალება, შეუცნობელი ძალის, მომხიბლაობისა და ნებისყოფის მქონე ყმაწვილი, რომელსაც არასოდეს ტოვებდა გაბედულება და შემართების ნიჭი... ასეთად ახასიათებენ მეგობრები. 1994 წელს გაზეთ "ნერგში" დაიბეჭდა მირზას დღიურის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს პოეტის ფაქიზი სული, პირველი სიყვარული... მირზა ხშირად რითმავდა ორ სიტყვას: "მთაწმინდის ცა" და "ცაცა" (გოგონას სახელი)...

ქეთევან ბურჯანაძეს მირზა ლექსებმა გააცნო. ისიც წერდა და მისი ორი ხელნაწერი რვეული ერთხელაც სადღაც დაიკარგა. მოგვიანებით, როცა მეგობრებმა უკან მოუტანეს, ერთის ბოლო ფურცელძე მირზას ხელით მინაწერი ამოიკითხა: "უცნობ პოეტ ქალს, ვისი ლექსებიც მე წავიკითხე, მისი ნებართვის გარეშე:

"ხომ შეიძლება ჰანგები მწველი
გაიმეორონ შენს ლექსებიდან
და დაიღვაროს ნელი სურნელი
ამ დაუბეჭდავ ხელთნაწერიდან.
დარდებს თუმც გული გაუკვეთია
მიდიხარ, და გზებს არ უჩანს ბოლო,
ეს სულერთია, ჰო სულერთია,
თუნდა დაიწვა, თუნდა იცხოვრო".

მირზას ერთ-ერთმა მეგობარმა, თინა მაქსიმენიშვილმა, როდესაც ფრონტიდან მისთვის გამოგზავნილ ლექსს "ნუ მწერ" შესაფერისი პასუხი ვერ მოუძებნა, კონვერტით იის კონა გაუგზავნა.

"რაც მაოცებდა და მიტაცებდა მირზაში ის იყო, რომ ასეთი სრულქმნილი პიროვნება, სულ ბოდიშს იხდიდა თავისი სიკეთისათვის. ცდილობდა არავისგან ყოფილიყო გამორჩეული და ამას ისე აკეთებდა, თითქოს მართლა ჩვეულებრივი პიროვნება იყო..." _ იხსენებს ნინო ლაშხი. როგორც ცნობილია,მირზას სიყვარულს ბევრი "იბრალებდა",თუმცა ყველაფერი ნათელი ხდება ნინო ახვლედიანის(გოგონა,რომელსაც მიუძღვნა მირზამ ლექსი "ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით..") ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ.

მირზა 1939 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წასვლის დღეს მან ყველა მეგობარი ნახა. წარმოუდგენელი იყო არდაბრუნება... 1944 წლის ივლისში ბელორუსიის მიწაზე დაეცა გმირულად. მირზა ომმა შეიწირა. მისი ლექსები (სულ 37), რომლებსაც ომის წლებში სამშობლოში გზავნიდა, მისმა დამ, რუსუდან გელოვანმა შემოინახა.

სულ 27 წელი დასჭირდა თვითმოყფადი პოეტური მემკვიდრეობის დასატოვებლად და სახელის უკვდავსაყოფად. 1975 წლის 9 მაისს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დღეს მის სახელს ატარებენ სკოლები: ქუთაისში (#29), ვიტებსკის სოფელ რჟავსკში, ხულოსა და თიანეთში (#1). ყოველი წლის 2 მარტს თიანეთის #1 სკოლასა და მირზას სახლ-მუზეუმში აღინიშნება პოეტის დაბადების დღე.
"მირზა დარჩა იმ მწვავე ჭრილობასავით, რომელიც ასე ხშირად გვახსენებს ხოლმე თავს, ძალზე მტკივნეულად... თუმცა, სამშობლოს გასახარად, მირზა ამაყად მოაბიჯებს ქართულ მწერლობაში, რადგანაც მან ასახელა, არა მარტო ის თაობა, რომელსაც ასაკით ეკუთვნოდა, არამედ მთელი ქართული მწერლობა, მთელი ქართველი ხალხი..." (ლ. ავალიანი)


P.შ.დიდი ხანია მინდოდა პატარა წერილით ამ პოეტის მიმართ პატივისცემა და არდავიწყება გამომეხატა. ეს მიკარნახა როგორც მისი შემოქმედების სიყვარულმა, ასევე თანასოფლელობამ და ნათესაურმა კავშირებმაც. დაე, მუდამ გვახსოვდეს ყველა თაობას

"შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს,
ჩემი ლექსები _ როგორც მილოცვა
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ.
გაბზარულ სხივებს, აღმართულ ხელებს,
საღამოს, დღეში _ თრთოლვა, ძიებას,
ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს
ჩემი ლექსები _ ვით პატიება.

მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას
ტრფობის დამალვის, არგამოჩენის,
როგორც სიკვდილში არდავიწყება,
არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.."

ეს მირზას უკანასკნელი ლექსია, 1944 წელს სამშობლოში გამოგზავნილი.


ნინო ჭინჭარაული

Saturday, December 4, 2010

"ლექსო ნუ დამიბერდები...”


"მკითხველო, თუ იცი
სულიერი სიწმინდისა და
სილამაზის ყადრი, ხშირად
ჩაიხედე ამ წიგნში"
.
/შოთა ნიშნიანიძე/

"გიორგის მაგარი ხელები აქვს,
ამ ხელებმა ბოლოსდაბოლოს,
თავისი საიდუმლო თქვეს"

/რევაზ ინანიშვილი/

"შენ ისეთი ბუნების კაცი ხარ, ან წერას სულ დაანებებ თავს, ან დიდი პოეტი გახდები“ _ ასე შეაფასა 1961 წელს ჭაბუკი პოეტი გიორგი ლეონიძემ. დღეს 80 წლის პოეტი თვლის, რომ უფროს მეგობარს ვერცერთი შეფასება ვერ შეუსრულა, თუმცა დასკვნის გამოტანა მკითხველს მივანდოთ.
გიორგი გიგაურის შემოქმედება 30-მდე კრებულს ითვლის. მისი ლექსები, პოემები, ბალადები გაჯერებულია ვაჟკაცური სულისკვეთებითა და მშობლიური მიწის სიყვარულით. შინაარსობრივად ისეთი მრავალფეროვანია, რომ შთაბეჭდილება გრჩება, რომ პოეტი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს შეეხო, რაც უყვარდა, აწუხებდა და "კელაპტარივით ანთებულ სტრიქონებად" გადმოგვიშალა. ია-ვარდით მოფენილ გზაზე ნამდვილი პოეტი ვერ იქნებიო, ნათქვამია და არც გიორგი გიგაურს უვლია მარტივი გზებით. მისი ცხოვრება ვიწრო გზაწვრილი იყო, რომელიც ღირსეულად დალახა და თქვა:

"და თუნდაც მოხდეს რამ სასწაული,
დაიწყოს ჩემი წლები თავიდან,
ცხოვრებას ისევ იმ გზით ჩავუვლი
და ტვირთსაც ისევ იმ გზით გავიტან."

თავისთავზე ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა ახალგაზრდა თაობის ინტერესი და სიყვარული პოეზიისადმი ძალიან ახარებს და გულახდილად გვესაუბრება თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე:







_ ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.
_ დავიბადე ხევსურეთში, სოფელ ბლოში, პირაქეთა ხევსურეთის ბოლო სოფელში. ამის შემდეგ არხოტის გადასასვლელი იწყება იქვე კი ინგუშეთის საზღვარია. ვიზრდებოდი ჩვეულებრივ, ხევსურული ადათ-წესების მიხედვით. მამაჩემი ხევსურეთში ცნობილი პიროვნება იყო, სჯულის კაცი _ ხვთისო გიგაური. მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა. მთაში მტრები ისე არ შერიგდებოდნენ, მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო. როდესაც იქ ჩასვლა მიხდება, მოხუცი ხალხი მასზე ხშირად მელაპარაკება.

_ რას გაიხსენებთ თქვენს მოსწავლეობასა და სტუდენტობაზე?
_ კარგა ხანს სოფელში ვიყავი, 8 წლამდე. იქიდან მამაჩემი გადმოსახლდა თიანეთის რაიონში, სოფელ წიკვლიაანთკარში. ამ სოფელში იყო 4-წლიანი სასწავლებელი. ვინაიდან 1 კლასის ასაკს გადაცილებული ვიყავი, პირდაპირ მე-3 კლასში მიმიღეს. წერა-კითხვა მამაჩემისგან მქონდა ნასწავლი. თავიდან, 1 მეოთხედი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო და ხუთოსანი გავხდი. მე-5 კლასში თიანეთიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადავედი. მაშინ ეს სკოლა ახალი გახსნილი იყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კონტიგენტი არ ყოფნიდა, ამიტომ უფროსი ასაკის ბავშვებსაც ღებულობდნენ. უფროს კლასებში 17-18 წლისანიც სწავლობდნენ. ხევსურეთში რომ ეს სასწავლებელი არ გახსნილიყო, ის თაობა უსწავლელი დარჩებოდა, მათ შორის მეც. 1945 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა მიზეზების (მათ შორის ოჯახური მდგომარეობის) გამო, სასწავლებელი 1953 წელს დავამთავრე. მაშინ რექტორი იყო ნიკო კეცხოველი და მთიელებს დიდ პატივს გვცემდა. ცდილობდა როგორმე მიგვეღო განათლება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს (სტუდენტობისას შევუღლდით) უკვე ერთი წლის ბიჭი გვყავდა და თიანეთში წავედით, იქ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი საქართველოს რადიო-ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ, ანტონ კელენჯელიძემ შექმნა პერსონალური კორესპოდენტები და მე დავინიშნე მთის ზონაში.
ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი და ახმეტა შედიოდა ჩემთან. შემდეგ კი, როდესაც გიორგი ლეონიძე გახდა თავჯდომარე, მისი შუამდგომლობით გადმომიყვანეს თბილისში. ეს ბინაც რადიო-ტელევიზიის საშუალებით მივიღე. Mმყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილები. ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.

_ გვიამბეთ თქვენს ახალგაზრდობაზე, როდის დაიწყეთ შემოქმედებითი მოღვაწეობა?
_ მწერალთა კავშირში 1950 წლიდან ვარ. მაშინ გიორგი ლეონიძე იყო მწერალთა კავშირის თავჯდომარე, რომელიც სულ ხელს მიწყობდა. ის ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა, ძალიან ვუყვარდი და პირველად მან დამლოცა. Gგიორგი ლეონიძე რომ არ ყოფილიყო, მინდა ამას ხაზი გავუსვა _ მე შეიძლება წერისთვის თავი დამენებებინა. Gუცნაური ახალგაზრდობა მქონდა. Mმაინცდამაინც არ ვემორჩილებოდი კანონებს. Gგიორგი ლეონიძემ დიდი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მამაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. Mმან დამასახლა თბილისში, მიმიღო მწერალთა კავშირში.
დღეისთვის ლექსების ოცდაათი კრებული მაქვს გამოცემული. მიღებული მაქვს ვაჟას, გიორგი ლეონიძის და შალვა დადიანის პრემიები. ბოლოს, ოთხმოცი წლისთავზე გადმომცეს გალაქტიონის პრემია. ყოველთვის ვმუშაობდი ჟურნალისტად. ჯერ ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში ვიმუშავე, შემდეგ კი, ოცი წელი _ ჟურნალ "პოლიტიკაში".

_ საზოგადოების მიერ რამდენად დაფასებულია დღეს მწერლობა?
_ კომუნისტები წავიდნენ და ვითომ "დამოუკიდებლობა" დამყარდა. "ვითომ" _ იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ არ ვთვლი დამოუკიდებლად ჩემს ქვეყანას. ღმერთმა ქნას, რომ არავინ ერეოდეს ჩვენს საქმეებში. დღეს მწერალთა კავშირს სასახლე წაგვართვეს და დავრჩით ასე მიუსაფარები. მაგრამ მოვა დრო, როცა მწერალი დაფასდება.
მწერალი ყოველთვის იყო ის პიროვნება, ვის გარშემოც იკრიბებოდა ერი და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნოდა.

_ რა როლს თამაშობს ტრადიციები თქვენს ცხოვრებაში?


_ ხევსური ახალგაზრდები ვიზრდებობით მთის ტრადიციებით. ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნატში სწავლისას, ბალიშის ქვეშ ყოველთვის გვედო ხანჯალი, მტერი შეგხვდებოდა, თუ მოყვარე-ხანჯლით უნდა გევლო იმდროინდელ ხევსურეთში. დღეს მთაში, სამწუხაროდ, ის ტრადიციები აღარ შემორჩა, რაც ადრე იყო. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, სოფლებში მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ჩემს სოფელში ოცდათორმეტი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი ერთი კომლიღა შემორჩა – ჩაჩაურ გიგაური.

_ რა საქმიანობას ეწევით ამჟამად?
_ წერა არ შემიწყვეტია, მუშაობითაც ვეღარ მუშაობ. Fპენსიაზე გასვლის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოვეცი. არ ძალმიძს წერის გარეშე ცხოვრება, ნამდვილ მწერალს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი. საერთოდ რა აწერინებს პოეტს?- ჩემი აზრით ტკივილი Dდა სიხარული. ტკივილი ბევრი გვაქვს დღეს და სიხარულიც არ გვაკლია.

_ თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი ახალგაზრდობა?
_ ახალგაზრდობის იმედი არ დამიკარგავს და იმედის თვალით ვუყურებ მათ. თუ რომელიმე ჯგუფმა გადაუხვია ქართულ ტრადიციებს და ცუდ გზას დაადგა, ეს ალბათ პირველ რიგშიDსაერთო მდგომარეობის ბრალია, მათ შორის, თითოეული ჩვენთაგანის. ვნახოთ, მომავალი წინ არის, ყველამ გამოსავალი ერთად უნდა ვეძიოთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში საქართველო?
_ საქართველო თითქმის არასდროს ყოფილა დალხინებული, მაგრამ თავისი ხელოვნებით, ტრადიციებით, გმირული სულით და მამაცობით ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მთელ მსოფლიოში. იმედია, ღვთის შეწევნით მომავალშიც არ დავკარგავთ ჩვენს ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

პ.ს. გიორგი გიგაურმა ბოლო კრებული 2008 წელს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მისივე 80 წლის იუბილეზე წარმოადგინა. `ჩემი ზამთარი~ გულწრფელად გამოხატავს, როგორ განიცდის პოეტი სიბერეს, მაგრამ არ ეპუება და ნამდვილი მთიელის მხნეობით აგრძელებს ცხოვრებას.
ღმერთმ გადღეგრძელათ და წყალობა მაგცასთ ბატონო გიორგი !






ნინო ჭინჭარაული
ნათია გოგუაძე

Friday, December 3, 2010

მთის სული



`მამაჩემი მიწას მოწყდა და ქალაქს მიეკედლა,
მეც მიწა ვიყავ და მიწას დავუბრუნდი~
(მ. ჯავახიშვილი)

`რა საჭიროა ლექსისთვის ტაში,
ყველა ხევსური ვიცი დანტეა!
(გ. ლეონიძე)

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ისტორიამდელი ხანიდან სახლობენ ხევსურები, უძველესი იბერიელები. მათი წარსული ლეგენდებითა და ანდრეზული გადმოცემებითაა გაცოცხლებული. "აქ ყველანი და ყოველივე ზღაპრისა და ლეგენდის ბადით შეხავსებულა, დიდი ბუჩქის ძირში ბუნდოვანი მითი ფუთფუთებს, პიტალო კლდეზე რაინდული არაკია გაკრული, ხოლო გარინდულ ხეებსა და გალიპულ ქვებზე ჟანგიანი ლურსმნით გალექსილი ეპოსია ამოჭრილი" (მ. ჯავახიშვილი). ხევსურეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ჯვარ-ხატთა ნიშები თუ ციხე-კოშკები იდუმალად მიანიშნებენ მათი შემოქმედის ამოუცნობ, დამარხულ ცოდნასა და მსოფლმხედველობაზე, რომელიც დღემდე კვლევის საგანს წარმოადგენს.

ხევსურთა წარმომავლობაზე ძველი ბერძნული წყაროები მოგვითხრობენ. აკადემიკოს გ. ჩიტაიასა და ვ. ბარდაველიძის აზრით, მათი კულტურა, სამოსელის ორნამენტი და ტრადიციები უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის ეგვიპტურ, შუმერულ და ბაბილონურ ცივილიზაციას. "ტაოხების" ჭრელი ტალავარი, "მოსინიკების" საბრძოლო აღჭურვილობა, სხვა უამრავი საერთო მახასიათებელი ხევსურულთან პირდაპირ პარალელებს ავლებს. ზოგი მეცნიერი მათ `წარღვნამდელ ქრისტიანებადაც~ მოიხსენიებს.

ხევსურები ოდითგან სამხედრო სტრატეგიის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ისინი ისეთ მიუდგომელ ადგილებში სახლობდნენ, სადაც მტერი ფეხს ვერ იკიდებდა და ამდენად, ქვეყნის პოლიტიკური წარმატება მთის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ისტორიულად ცნობილია, რომ ფხოველნი კავკასიის კარის მცველნი ყოფილან. "ფრინველი რა არის, იმასაც არ შეეძლო გადმოფრენა ჩრდილოეთიდან ხევსურის ნება-დაურთველად" (ვაჟა ფშაველა). "მთა იყო მეწინავე ციხე სახელმწიფოსი და ამ ციხეში იწვრთნებოდა საუკეთესო ვაჟკაცობა ძველი საქართველოსი~ (ნ. ხიზანიშვილი). ხევსურებს ბრძოლა ყველაზე ღირსეულ საქმიანობად მიაჩნდათ, რაშიც მამაკაცებს არც ქალები ჩამორჩებოდნენ. პოეზიას ასეთი მაგალითები მრავლად აქვს:

"ჯარის გადმასვლას ამბობენ,
გადმახდა წოვათ მთისასა,
. . . .
ქალის ომობას ამბობენ,
ხიზიონთ ნანელისასა
გადაიხურა ჩაჩქანი,
ზედ გადახვევას თმისასა
ჩარდახით გამოუფრინდა
მეტობას ვაჟკაცისასა..."

    "გმირულ-ვაჟკაცურ სულისკვეთებას ხევსურეთში აკვნიდანვე უნერგავდნენ მოზარდს. ამზადებდნენ მძიმე, ხიფათით სავსე ცხოვრებისათვის. ცხოვრების მძიმე პირობებთან ჭიდილში მას "ჭირთა თმენაც" უნდა შეძლებოდა, უმძიმესი ფიზიკური და სულიერი ტკივილების სხვისთვის გაუმჟღავნებლად ატანაც და სიკვდილთან გაღიმებული შეყრაც" (თ. ოჩიაური). ხევსურთ მკაცრად ჰქონდათ შემუშავებული ყოფა-ცხოვრებისა და ქცევის ნორმები. კაცისკაცობის კოდექსი 63 მუხლისგან შედგებოდა.

"უნებურად თვალწინ წარმოგიდგებათ ერთი საუკეთესო თვისება აქაურის მთიელისა, ეს თვისება ის არის, რომ აქ კაცი უფრო იცავს თავის პიროვნულ ღირსებას, თავის თავისუფლებას. იგი კაცად გრძნობს თავს და კაცურად გექცევა" (ნ. ხიზანიშვილი). ამას გარდა, უნდა აღინიშნოს განსხვავებული აზრიც _ "ეს ტომი მეტისმეტად უხეში, ამპარტავანი, შარიანი და ამაყია" _ წერს ერთგან ალექსანდრე ყაზბეგი და სხვაგან კი ამბობს, რომ ხევსურები არიან გულწრფელი, პატიოსანი ხალხი, რომელიც არასოდეს თავის სიტყვას არ გადავა. ბრძოლის ყიჟინის გარდა, მათი დანარჩენი დრო გადიოდა ცხოვრების მძიმე პირობებთან, ბუნებასთან და საკუთარ კერპ ხასიათთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი, ხევსურის ხასიათის ბუნებრივი გამოვლინებაა,რომელმაც თავი იჩინა მაშინაც, როცა მათ წმიდა ნინომ ქრისტეს სჯული უქადაგა. წმიდა ნინომდე კავკასიის მთიანეთში ჯერ კიდევ ანდრია, სიმონ და ბართლომე მოციქულებს უმოღვაწიათ, თუმცა ფხოველთ არ შეიწყნარეს კაბადოკიელი ქალწულის სიტყვა. ამის გამო, ნინოს თანმხლებმა ერისთავმა მათზე "წარმარჰთა მახვილი". ამ შემთხვევაში ცნობილია, რომ ქართლის მეფეებს, მთაში ქრისტიანობის დამკვიდრებით, სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებდათ. ამით ნახევრად დამოუკიდებელი მთა სამეფოს ჩვეულებრივი ნაწილი გახდებოდა. იქ ფეხს მოიკიდებდნენ ერისთავები, რომლებიც სოციალური ჩაგვრის უღელს მოუტანდნენ მათ, ამიტომაც მთა წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობის სახელით ფეოდალიზმის გავრცელებას. თუმცა ხევსურეთში ქრისტიანობა მაინც გავრცელდა და გარკვეული ასიმილაციაც განიცადა ადგილობრივ ტრადიციებთან.

ხევსურთა სალოცავებს "ჯვარი" ეწოდებათ, ჯვრის მსახურთ კი _ ხუცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ხევსურის ცხოვრება რელიგიურ საფუძველზე იყო მოწყობილი, ყოველ გვარსა და თემს თავისი ჯვარი ჰქონდა. პირაქერთა, ანუ მთასაქეთა ხევსურეთის და ცენტრალური გუდანის ჯვრის ყმებს სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა. ანდრეზის მიხედვით ხევსურები თავდაპირველად გუდანში დასახლებულან და თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ეს სამი გვარი წარმოადგენდა, რომელთაც საფუძველი დაუდეს სხვა გვარებს. ასე თუ ისე, აქ შეიქმნა და დაიხვეწა დღევანდელი ხევსურეთის ყოფა-ტრადიციების პირველი კერა.

ხევსურეთის სოფლები და მოსახლეობა იყოფა ამა თუ იმ ჯვრის საყმოებად, საყმოები _ თემებად, თემები _ გვარებად, გვარები კი _ მამიშვილობებად (ძირებად). არსებობენ რიცხვმრავალი და მცირე გვარები. ძლიერი გვარის სიმრავლის მიზეზი ხშირად არა მათი საერთო წარმომავლობაა, არამედ დროთა განმავლობაში სხვადასხვა გვარების ძმად შეყრა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მამიშვილობებს ნათესაური არაფერი აკავშირებთ გარდა გვარისა და ჯვრისა. ეს უკანასკნელი სალოცავები კი მრავლადაა და სხვადასხვა ღვთაების სახელწოდებებს ატარებს: კოპალა,  პირქუში, ხმალა, კვირია. ჩამონათვალი მეტად გრძელია, ჯვარს თავისი მსახური ჰყავს, აუცილებლად მამაკაცი და, შესაძლოა, რამდენიმეც. აქ გამართული დღეობები ხევსურული საზოგადოების თავშეყრისა და საერთო ლხინის ადგილია. მახვეწარნი "მოლალავდნენ" საკლავს, ქადა-პურებს და მფარველობას შესთხოვდნენ ჯვარს. ხუცესი კლავდა საკლავს და აღასრულბდა მსახურებას, რომელშიც შედიოდა მიმართვა მფარველი ღვთაებისადმი. ეს იყო საკულტო ტექსტი, რომლითაც იდიდებოდა ესა თუ ის ჯვარ-ხატი თავისი ეპითეტებით.

ხვთისო მამისიმედაშვილის მიხედვით, საკულტო ტექსტები იყოფა სამ ნაწილად: ხვთისშვილთმოხსენიება, სალოცავ-სავედრებლები და კურთხევანი. მათი წარმოშობაც მეტად საინტერესოა "ჩვენი ხუცობა მარიამის ნატირალია, იასო ქრისტე რომ იტირა" (გადუა ჭინჭარაული). სახუცო ტექსტების ერთ ნაწილს "კურთხევანი" ეწოდება. მასალებრივად, მათი საეკლესიო წარმომავლობა აშკარაა, "კურთხევანი" წარმოადგენდა ქრისტიანულ სალიტურგიო ტექსტებიდან და წმინდა წერილიდან ამოღებულ ფრაგმენტებს. იგი მკვეთრად განსხვავდება ხუცობის სხვა ნაწილებისგან შინაარსით და წარმოთქმის კილოთი.

"ხევსურეთში ბოლო დროს ერთი მღვდელი დარჩენილა. მაშინ საქართველო თათრებს სჭერიათ. ორმოცი წელი ამ მღვდელს ხევსურეთში უცხოვრია და ისე დაბერებულა, წვერი მიწაზე უთრევია. ორმოცი წელი ცოლ-შვილი არ უნახავს და ბოლოს ამბავი მიუტანიათ მისთვის, საქართველოში თათრები უწყალოდ ჰხოცავენ ქართველებს და თვითონ ქართველებიც მოღალატეობენო... ამის გამგონე ჯერ სიბერისგან დასუსტებული ჭკუიდამ შეშლილა, წირვა-ლოცვაც არევით უსრულებია და ხევისბრებისთვის არევით გადმოუცია "(ვაჟა-ფშაველა. "ხევსურული ქორწილი"). ეს გადმოცემა განმარტავს, როგორც "კურთხევანის" საეკლესიო წარმოშობას, ასევე მისი არევ-არევის მიზეზსაც. მიუხედავად ამისა, საკულტო ტექსტები ისეთი მშვენიერებით გამოირჩევა, მისი თვალის გადავლებისას წარმოგვიდგება ხევსურთა მდიდარი ზეპირსიტყვიერება და მდიდარი ბუნება. "არც ერთ კუთხეში არ მისდევენ ისე გულმოდგინებით მჭერმეტყველებას, როგორც აქ _ ხევსურეთში" (ნ. ხიზანიშვილი). მაგალითისთვის გავეცნოთ ერთ ასეთ საკულტო ტექსტს:
"დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს დღესინდელსა. რჯულქრისტიანეთასა მზესა, მზის მყოლ ანგელოსთა, დიდს კვირეასა, ხთის მაღალ მაკარვესა... გეძახით, გეხვეწებით ლაღის მტრისად, მწარის სიკვდილისად, ლაღი მტერი და მწარე სიკვდილი აგვხადე, გარდაგვიგდე, ავ საქმე კაზე გაგვიხდინე, კაცსა და კაცრიელობას მაგვიმატე, შენს სიდიდეს ემატებოდას...~ (შატილი. ღვთისმსობლის ხატის ხუცესი გ. ჭინჭარაული).

ასევე, საყურადღებოა ატაბეს კვირაეს ჯვარში ხუცესს ხვთისო გოგოჭურის წარმოთქმული კურთხევა:

"ღმერთო ძლიერო, წმიდაო სამებაო, გვაცხოვნე და გვაკურთხე, ურჯულოებანი ჩვენნი, განკურნე ურჯულოება, გვედრიან სულნი ჩვენნი. მამაო და ჩვენო ღმერთო, რომენ ხარ ცათა შია, ეგრე ხოყანათაშია, მოგვეცი და მოგვიტიე, მოგვე პური არსობილთა, რაც უფალმა მოგვიტანა, ნუ შეგვასხამ განსაცდელსა...~

ხევსურთ პურობაზე, დღეობაზე, თუ სხვაგან იციან ფანდურზე დამღერება, ლექსების თქმა და კაფია (რაც პოეტური შეჯიბრის უმაღლეს დონედ ითვლება). ყოველდღიურ საუბარში ლექსს წამყვანი ადგილი უკავია. ყველაფერს ალექსებენ: გმირებს, ბრძოლებს, სიკვდილ-სიცოცხლეს, ერთმანეთს. ამიტომაც ამბობს გიორგი ლეონიძე: "რა საჭიროა ლექსისთვის ტაში, ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა!" ლექსებში ნაკლებად ფიგურირებს სიყვარული და ტრფიალება. "ხევსურის ზნეობა ეწინააღმდეგება საარშიყო პოეზიას" (ნ. ხიზანიშვილი). "მკვახედ მღერიან ხევსურები, მათი ლექსი კაჟიანია, ეპიური. ხმა რიხიანი, ძარღვიანი. კილოში და სიტყვაში ისმის ფოლადის ჟღარუნი, სისხლის თქრიალი" (მ. ჯავახიშვილი). “ზოგიერთ მკვლევართა აზრით, ხევსურული ხმით ნატირლები უკავშირდება წინაბერძნული ცივილიზაციის პელაზგურ ჰიმნებს”(კობა არაბული).

აკაკი შანიძე ხევსურეთს პოეზიის სამეფოს უწოდებდა. თითოეულ ლექსში მიწის სიყვარულთან, მით-ლეგენდებთან და საგმირო სულისკვეთებასთან ერთად, დევს სევდა. წარსულში სევდა _ მძიმე ყოფისა, დღეს კი სევდა _ მშობლიური მიწიდან გამოძევებისა. თუ მათ წარსულში ბარში იძულებით ასახლებდნენ,nდღეს მოტყუებით უყიდიან მიწას . თუმცა, საეჭვოა მათზე უკეთ  გაუფრთხილდეს ვინმე ისტორიულ მემკვიდრეობას.
ხევსურეთის ბევრი სოფელი სამწუხაროდ დაცლილია,მაგრამ დღეს მაინც არიან ისეთებიც,ვისაც სურს დაუბრუნდეს დაცლილ სოფლებს და ისევ გააღვივოს მიტოვებული კერა(მათ შორის მეც), მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო.ყველა ხევსურს,ვისაც ისევ შეგვრჩენია მთის სული, წინაპრების ვალის გადახდა გვმართებს ღვთის რწმენითა და შემდგომ-საკუთარი ძალისხმევით,რომ არ გადაიქცეს ხევსურეთი ყრუ და ხავსდადებულ მუზეუმად

"ხევსურთ აყარეს ჯალაბი, წამაიკიდეს მხარსაო,
ქარქაში დააცლევინეს ჟანგმოკიდებულ ხმალსაო,
ადიან, უბრუნდებიან ძველ მამა-პაპის კარსაო,
კერას ცეცხლს გააჩაღებენ, მთას წალალავენ ცხვარსაო.
პირმა დალოცოს ხთისამა, ხელ მაუმართას ცამაო,
რა დარჩენიათ ძვირფასი, წინაპრის მიწისთანაო,
_ მარტო ნუ წახოლთ ხევსურნო, მეც წამიყვანეთ თანაო,
ამაგ ქართულის მათქვამი, ვარ ფანდურაანთ ქალაო"

2007
/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, November 25, 2010

ლექსი,რომელიც მძულს

საძაგლობაა,
რომ იმედი აღარსად არის
და მაინც იბრძვი, მაინც იბრძვი, 
როგორც სულელი...
საძაგლობაა, როცა თვალწინ იხშობა კარი,
სულ ყველა კარი..
და მათ გახსნას მაინც სულ ელი.
საძაგლობაა, როცა ლოცვა გვიანი არის
და უფალიც, თვით უფალიც
გარიდებს სახეს,
შენ კი-ცოდვილი,
შენ-იუდა,
შენ-შაითანი
და მაინც, ტანჯვით დაქანცული
შენ თავსვე ამხელ,
რომ დღეში ცრემლი რამდენჯერ გდის, უკვე
ვეღარ თვლი,
რომ სარკის მიღმაც ზიზღიანი
მზერა გიყურებს,
(რომ ნაგავი ვართ
ერთმანეთის გარდა ყველასთვის
და არაფერია ამაში
რომანტიკული)
რომ თუ ოდესმე ვერ დამალავ
ტკივილის სიღრმეს,
მოგილოცავენ-"გამოიწრთო, გაკაჟდა სული!"
საძაგლობაა.....!
იღუპები და მაინც იბრძვი
და ეს ჰგონიათ პოეტური,
ან ვაჟკაცური.
საძაგლობაა! საზიზღრობა!
სხვა არაფერი,
წაგებულ ომში სულელივით იქნევდე მახვილს,
ზურგში გესროდეს შენიანი
და არა მტერი
და ცას ხედავდე შენს ჩამოყრილ მხრებამდე დახრილს.
საძაგლობაა..
და ლექსებიც შემძულდეს ლამის,
როგორც ყოველი, რაც ოდესღაც გულით ვიწამე..
მე ვუცდი ღამეს,
ქარიშხლიან,
ბნელ,
შეშლილ ღამეს,
დილით ტალახად რომ მაქციოს სველი მიწა-მე...


/ნინო ჭინჭარაული/

Tuesday, October 26, 2010

Claude Monet




მოდი...

ლიცლიცა წყალში არეკლე ჩემი ცხოვრება,

ნუ დაიშურებ საღებავებს სხვადასხვა სახის,

სველ პალიტრაზე აურიე თბილი ტონები,

ნურც შხამიანი გამოგრჩება

,იხმარე მჭახეც.

ნურც თეთრას თამაშს დაივიწყებ პერიოდულად,

არც შავმა ფერმა შეგაშინოს,

გჭირდება ისიც

განზე დატოვე მხოლოდ ყრუ და რუხი ტონები,

რა საჭიროა დაისესხო უცხო და სხვისი?

ნუ დაინანებ,

აურიე კარგად, გულდასმით,

მსუბუქ ქაოსში გააცოცხლე ოსტატის ხელით,

როგორც დაორთქლილ მინებს მიღმა ელავს სამყარო,

ისე მაჩვენე გზა გავლილი და გასავლელი.

ლიცლიცა წყალში ისე ხატე ჩემი ცხოვრება,

მოწმენდილ ცაზე ჩამავალი მზე აატიროს

და ღმერთმა იცის,

დიდ შემოქმედს ლაქად გაგყვება,

თუ შეიქმნება კიდევ ერთი

უკვდავი ტილო..

/ნინო ჭინჭარაული/

(2010)

ხანდახან მინდა

ხანდახან მინდა სიგიჟით
გარემო ავახმიანო,
ხანდახან ქვეყნად გაძლება
მე აღარ შამიძლიანო.
ავიღებ კალამ ფურცელსა,
არც რა არ გამამდიანო,
ჩემის ხელიდან ნაწერო
მებრალვი ლექსო ტიალო.
გულის ნადების გამათქმა
კარგად არ შამიძლიანო.
ბეჩაო ადამიანო,
დიდგულავ,მოკლე დღიანო,
"პატარას" ჩაგვრის მოსურნევ,
"დიდებთან" თავაზიანო,
უსამართლობით წინ წასვლა
იოლად გამაგდიანო.
სხვისი ცხოვრების მწიხვლელსა
კარგი რა დამართნიანო?
მაგრამ ერთი ვერ გავიგე
ცუდს კარგი რათა ჰქვიანო?
ვწარამარაობ რითმებით,
თითქო მავიფხან გულასა
ამ ქვეყნად საფიქრ-სადარდელს

ნეტა რა ამასწურავსა?


მაიკო ჭინჭარაული

ნინო,მაია,რუსო


ნინო:



მაიავ ჭინჭარაულო

სად დამეკარგე ქალაო,

შინ მაინც გადმამირეკე

ნუ მომკლავ დარდისაგანაო.



მაია:



შენ შემოგევლე ხევსურო,

ჩემო ფანდურათ ქალაო,

იცოდე ძაან მიყვარხარ

ჩემი სიცოცხლე ხარაო.



რუსო:



ჭინჭარაულის ქალები

ლექსობას არ იშლიანო,

არ იცილებან მამ-პაპათ,

იმათ ნავალზე დიანო.



აფსუს ჭიუხის შვილებო,

თქვენ ქალაქს უნდა ვლიდეთა?

შატილის კოშკებს უთქვენოდ

შამაჰკლებია დიდება.

ზაფხულში მაინც წახვიდით,

მაგისთვის მადლი იქნება,

თან სვანიც წაიყოლიდით,

გახარებული იქნება.



მაია:



რა პრობლემაა რუსუდან

შენაც წაგიყვან შატილსა,

ერთ კაი ბიჭსაც გიშოვი

ვაჟკაცსა, კარგად გაზრდილსა,

შენფერა კარგ გოგოები

დასაკარგები არ ასა,

სვანისა არცრა არა გცხავ

შენ გავხარ ხევსურთ ქალასა.



რუსო:

კაფიაობას თუ ამბობ

მართალ ხარ ხევსურს ვგავარო,

დედულეთი მყავს ხევსური

ნახევრად ხევსურ ვარაო,

მაგრამ მთლად ეგრეც არ არის

შენ როგორც გინდა ქალაო,

ყველას ხევსურებს აბრალებ

მართალი არა ხარაო.

იცოდე თეთნულდის ძირში

სოფელ მულახი ასაო,

აიმ მულახის შვილი ვარ,

აიმ სვანეთის ქალაო,

და თუ ხევსურულს ვალექსებ

მე მაინც სვანი ვარაო,

რაც შეეხება კარგ ვაჟსა

აბა შენ იცი ქალაო:)



მაია:



შენ სუფთა სვანი რომ იყო

ამდენს ვერ გალექსავდიო,

ხევსურის გენები რომ გაქვს

სახეზედ არის ფაქტიო,

სვანობას არვინ გიწუნებს

თეთნულდის შვილი ხარიო,

კაი, მე ხევსურს გიშოვი

შენ გამიჩითე სვანიო.



რუსო:



ხოდა აეგრე ხევსურო,

სვანურ წილს ნუ მიჩაგრავო,

თუ გინდა მულახის ხილვა

სვანობას ნუ მილანძღავო,

კარგი ხევსურო გიშოვნი

ერთ რქიან, მაგარ სვანსაო,

ოღონდ იცოდეთ დაუთმეთ

ერცხვას ნუ დაჩიგავთაო,

თორემ იცოდე მერე მე

აღარ ვიცოცხლებ თავსაო.



მაია:



ოღონდ შენ თავი იცოცხლე და

სრუ არ გავიღებ ჩქამსაო,

თუ ძირში ვერ წავაჭერი

გადავუქლიბავ რქასაო.

ნინო და მაია(ბერძნული)


ნინო:



ვიფიქრე ჩემო ხევსურო,

ბერძნულსა ჩავუჯდებიო,

ქსეროქსი დამიკარგნია,

გადავიგლიჯე თმებიო.

არც რვეულს ჩამიწერია

ანბანი და სიტყვებიო,

ხვალ რაიც გინდა რომ მკითხოს

სირცხვილით დავიწვებიო.

(არც შენ ხარ ჩემზე კარგ დღეში

კითხვაა შენთვის ძნელიო,

ერთ ასოს ვერ გაიხსენებ

ბრინჯივით დაიბნევიო.)



მაია:



ლექსის ბოლოთი შეგატყვე,

წაკბენა გეხერხებისა,

რა მიკვირს თავი იჩინეს

გენებმა გურულებისა.

დაგისწავლია ანბანი

ჭკვაზე აღარ ხარ ტრაბახობ

ხევსურო შენი მიღწევით

მიაც ძალიან ვამაყობ.



:



ხევსურო, ეხლა შევავლე

თვალი შენს გალექსებასა,

არც რაი ხომ არ გწყენია

შენ გულის გახარებასა.

არცა წაკბენით მითქვია,

ჩემ მზეზედ დამიფიცია

შენ რო მაჩნიხარ ქალაუ,

მზეს შეშურდება იცია?


მთების ძახილი


მაია:



როდესაც ქარი ამიშლის ვნებებს

სისხლში იფეთქებს მთების ძახილი,

დროის მდინარე თუკი ინებებს,

თუკი ინებებს ბედის მარხილი...

ჩაწყვეტილ ჯაჭვის ისმის ჟღარუნი

კვლავ არ ნებდება ჯამის სიჟანგეს,

სურვილს მიმწვავებს გრძნობა მალული,

გრძნობა ფარული თუკი ივარგებს...

სულის აჩრდილი დამდევს კვალდაკვალ,

შემოვხიზნულვარ სხვების ალაგზე,

მთებისკენ ლტოლვა დამღრღნის ხანდახან,

ძლიერი ზათქის ხმები არაგვზე...

სხვა ვერ გაიგებ დარდებს ხევსურის,

ვერც ავიჭრები მე სხვების თარგზე,

კვლავაც აჩრდილი წინაპრის სულის

მთხოვს არ შევწყვიტოთ ოცნება მთაზე...



ნინო:



ამ ლექსით ჩემს დას ვეპასუხები

შემოკედლებულს ჟინვალის კალთებს,

სწორად გილექსავს მთების წუხილი,

ქალაქს დარჩენილ ხევსურს რომ მართებს.

დაო, წუხილი მართლა მძიმეა,

ისე მძიმეა გონებას მართმევს,

დაობლებული სულის მღვიმეა,

განა ბევრს ვნახავთ ამ გრძნობის დამტევს.

ყოველღამ როცა დადგება რკალად,

ცის ტანზე მთვარე ნამგალისხელა,

ჩვენ გვახსენდება ლიქოკის ჭალა,

მთების ბუბუნში ჩვენი სიმღერა...

ფეხუქცეველი ქვიანი გზები

შურის ციხიდან გამომზირალი,

გამთენიისას ნაჩვევი ხმები,

ხევს აყოლილი ზათქი მდინარის.

ქობულოს ხატში ცხვარის ბღავილი,

ზარებიანი დროშის წკრიალი,

ხმას ვერ ჩაუხშობს ამ სისხლის ძახილს

დასამდურავი ბედი ტიალი.

დაო, სიცოცხ
ე ისე მოკლეა

სადაც ტრიალებს წინაპრის სული,

სადაც ყველა დღე ლხენით სავსეა,

იქ ილტვის გული ყველა ხევსურის.




მაია და რუსო(რქები დაგტყდება)


რუსო:



ჩამაშენდმაფერდა ღამე,

სულში მეხირების მტრებულ,

ეგღა მაკლავისა ჰა მე

შენთან დანატრებულს?

ძილას თმები აქვს შენდ ფერები

ღამეო მინდა ჩაგეკონო,

ძილაის ეშხით გეფერები,

ღამეო უგონო არ გეგონ
.



მაია:



რაად მწერ სხვისა ლექსებსა,

მე შენი მომნატრებია,

მუზებმა ხომ არ გაგწირეს

ხომ არ გამხდარხართ მტრებია?



რუსო:



აბა რაიღ გითხრ ხევსურო

პასუხ ვერ მამიძებნია,

შენ რაც დაგცილდი იმის მემრ

ლექსი ვერ დამიწერია.

შენგან გაგონილ შაირებ

მიაც კი მამნატრებია,

შენთან უბნობა შენდ ცქერა,

ქვე რახლად შამყვარებია...



მაია:



რომელს რომელი დასცილდა

ეგ კიდევ საკითხავია,

რაად მემდული თითქოსდა

არ ვარ შენ მამკითხავია.

მონატრებული დაქალო

შორიდან გეფერებია,

ხომ იცი რარიგად მიყვარს

მე ხალხი შენფერებია.

შენთვის შაირის მაწერა

არცროს არ დამეზარება,

მომნატრებია შენს გვერდით

დროის საამოდ ტარება.



რუსო:



ხოდა ხევსურო,

ოღონდ მშვიდობა იყოს და

მე და შენ ისევ ისე

ერთად შევსვათ `ყანწები~,

ისევ ადრინდლად

ხინკლიან თასს შემოვუსხდეთ

და ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელოდ

შევსვათ `თასები~









რუსო:



მე შენი სიტყვის მოლოდინში

დამაღამდება,

დაღამებული თვალგახელილს

დამათენდება,

დარდისგან ჩემი გული ალბათ

მალე დაჭკნება...

შენ კი ხევსურო,თუ არ მომწერ

რქები დაგტყდება!



მაია და რუსო მზიურში ხევსურების საღამოზე


რუსო:



გული არ დაგწყდას მაიავ,

დარდს ნუ შააყრევ თვალებსო,

იქავ იქნების ესეთა,

საღამოები სხვა წელსო,

თუმცაკი დარდი ხევსურო

შენდ არად საუბნარია,

შენ თუ ვერ მიხვედ მზიურსა

მზიურის ტკივილ არია.



მაია:



შენ საიდანღა გაიგე

მე რა დარდიც მკლავს დაქალო,

ვწევარ და ვფიქრობ ნეტავი,

ეს გული რითღა ვახარო.

სრუ რო არ იყვნეს ხევსურნი

აისთებს ეცვათ ფორმები,

მია და ნინომ კინაღამ

ტირილში შევუწყვით ხმები,

დასასრულს მისულებს დარდი

ორმაგად შემოგვეკიდა,

ვიძახდი ჯობდა ის კრება

ფეხებზე რომ დამეკიდა,

მაინცკი ბევრებ ნაცნობებ

ხევსურებ შამხვდეს იქითა,

გამორჩეულნი ფორმებით,

გამორჩეულნი ნიჭითა.



რუსო მაიას


რუსო:


გარეთ გამოდი ხევსურო

მაგიხვედ შენი სვანიო,

ერთი პერაშკი მაქ შენთვის

მშიერი ალბათ ხარიო.

არ დამიწუნო იცოდე

არ მაცემინო თავიო.







მაია და რუსო(ხინკალზე)

რუსო:



ხინკალ მეც მიყვარს ხევსურო,

დავდგათ ვადუღოთ კვირასა,

ჩემი იმედი ქვე გქონდას

მაგახარშვინებ ხინკალსა.

ერბოიც მაუხდებოდა

ერთს წამავიღებ კილასა.

კვირას ქორწილშიც მეძახან,

მაგრამ არ ვგონებ წასვლასა,

რა ჯობს ხევსურის ტაბლასთან

ქეიფს და ხინკლის ჭამასა.



მაია:



მე კი ვიძახი მაგრამ რა?

არცვის არ აწყობს კვირასა,

ხოდა მეც იქით კვირაში

ვადუღებ ხაჭოს ხინკალსა,

ზოგი ერბოსა მპირდება,

ზოგს კიდევ დიდ ქვაბ მოაქვსო,

აესეთ ხალხში ქეიფსა

ქვე რა კა მუღამი აქვსო.

რუსო:



ხოდა აგრე ჯობ ხევსურო,

მავგროვდათ იქით კვირასა

ჟიპიტაურსაც შავხვრიტავთ

ერთს ან კიდევ ორ ჭიქასა,

შენდობას ვეტყვით:

“შაუნდას და მაახმაროს იმათა,

ვინაც წავიდა და ახლა

ცით ჩამასცქერის მიწასა.”

მერმე ვიამბათ სიცოცხლის

ვთქვათ გაუმარჯვას იმასა

ვინაც ამ ქვეყნად ცოცხლობს და

იმედი არა სწირავსა,

ვისაც სიცოცხლე არასდროს

არ მასწყენია დიადსა,

ვისაც ფარ-ხმალი სრუ ასხავ

არ დაუყრია ვისაცა,

ვინც მოახერხებს ამ ქვეყნად

დატოვებს ნავალს მბრწყინავსა.



მაია:



ერთი უყურეთ სვან-ხევსურს,

რა კა ლექსობა სცოდნია,

კალამს გვერდზე ვდებ ჯიელო

გზა შენთვის დამილოცნია.

შენს შემხედვარემ გავიგე,

აქამდე არა მცოდნია

სვანებს და ხევსურებს ერთად

რა მაგარ ბალღებ სცოდნიათ.



რუსო:



არა ხევსურო ჯობნით კი

ვერას გაჯობებ სვანიო,

შენ მაწერილი ლექსები

ჩემზედ ლამაზი არიო.

სვანის და ხევსურის ბალღზე

კი სწორად გაგიგონია,

მაგრები ხართო მითხარი

მართალი ხარ და სწორია

(ბლატაობაში ხევსურო

არ ჩამამართმევ მგონია).

Saturday, October 23, 2010

აქ ჩემი ხევსურეთია (სიმღერა)

"ერთმა ვერძისა ქისამა
გუდა შექმნა და გუდანა.."
ვინც მიწა ღმერთად იწამა,
სხვა ღმერთი არა უნდა რა.
ერთმა ძმებისა გაყრამა,
ხატი შექმნა და სოფელი,
ორთავ მთას იქით გარდახდა
ფხიელთა მოდგმის მშობელი.
აქ ჩემი ხევსურეთია,
ფესვი აქ უნდა ვახარო,
ეს მიწა უფრო მეტია
ვიდრე ცოდვილი სამყარო.
აქ ჩემი საქართველოა,
გული იმღერის ენა კი
ამბობს რომ ხევსურეთია
ამ მიწის ჯაჭვის პერანგი
. . . . . . . . .
ნეტაიმც გულში ჩამაკრა
პირიქით-პირაქეთია
და მამყივანა ხმამაღლა:
_აქ ჩემი ხევსურეთია!

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, October 21, 2010

მაია და ნინო(თიანეთს როს მიოლთ)


(მაია):
თიანეთს როს მიოლთ ქალაო,
როსღა ვსვათ ხევსურულ ლუდიო,
მამძულდა ქალაქის ქუჩები,
მამწყურდა ბილიკებ მრუდიო.
(ნინო):
ცოტა ხან დამაცდიდ ქალაო,
ცოტა ხან,მავზარდო ბალღიო,
მემრ ისევ ძველებურ გავხდები,
გონწასულ,ჩიტივით ლაღიო.
წავიდეთ,დავლიოთ ლუდიცა,
და დამბალხაჭოცა ვჭამათო,
დამაცდიდ და თაოდ იუბნებ
ლოდინი მართლა ღირ ამადო
   (მაია):
დაგიცდი,აბა მაშ რას ვიზამ,
უშენოდ ლუდს ვერ ვსვავ გემოზე,
გამოვთვრეთ,ვაჭენათ ცხენები,
ვიმღერათ ქარაფის წვეროზე.
დავლოცათ ყველა ვინც გვიხარის,
ვაგინათ ყველა ვინც ღირსია
და ერცხვა მუდამჟამ გვყოლოდეს
იმედად ლხინსა და ჭირშიაც.

Thursday, October 14, 2010

ერთი პატარა ლექსი ვარ


(ნინო):
ერთი პატარა ლექსი ვარ,
ფესვებს მომწყვიტეს ძალითა,
ქალაქში სულსაც შესცივა,
მთისკენ ვიცქერი თვალითა.
(მაია):
თვალებს დავხუჭავ ოცნებით
და წარმოვიდგენ წამითა
შემოღამებას შატილში,
მის ბანზე ჯდომას ღამითა.
მასკვლავით მოჭედილ ცას და
ჯვრის დროშის წკრიალს გაბმითა.
ერთი პატარა ლექსი ვარ,
წავიოცნებე წამითა..

ნინო:

Sen genacvale patara
leqssa patara leqsia,
mgonia ori strofi varT
da Cveni fuZe erTia

მაია:

ici ras vnatrob am wuTas?
rom ukve iyos zafxuli,
movikidebdi erT gudas
da wavidodi iqiTken
saiTac gamwevda guli...
ar movusmendi aRarcvis,
ar Cavagdebdi arada,
Semovivlidi yvela mTas
Cem gulis gasaxarada.

მაია ნინოს

მაია:



ნეტავ იცოდე წამოსვლა

როგორ მწადია ქალაო,

მაგრამ არ მცალის, ხვალისად

უნდა მოვასწრო სწავლაო.

დღემეხვალიე კაცსაო

თოვლი მოადგა კარსაო,

ხოდა მეც რომ მომდგომია

მიტომ ვიძახი უარსაო.



ნინო:



შენ შამაგევლე ქალაო,

შენი არა მწამს განაო,

რაად მწერ ლამაზ ლექსებსა,

ერთი სიტყვაცა კმარაო.


(ნინო):
განა ვგიჟდები?
-ავაჰმეე,ღმერთო!
ყველა საათი,
წუთი,
წამი და უდროო ჟამი გონება ფეთქავს-
"წამო,
წავიდეთ.."
(მაია):
წამოდი,წავიდეთ,
მთა გადავიაროთ,
წამოდი..ვახაროთ გულები,
გვიცდიან ჩქერები და მთები
ცად აზიდულები..
(რუსო):
წამოდით,ხევსურნო წავიდეთ..(ვეღარ გავქაჩე:()
30.09.2010