Tuesday, October 1, 2019

ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული

(ციკლიდან - ქალი მწერლები)






ამ წიგნის წაკითხვამდე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - ეს კლასიკური „ლავ სთორია", თვალებს ნამდვილად არ დავიღლიდი.

საბედნიეროდ, წავიკითხე და თითქმის წყენისმაგვარი რაღაც ვიგრძენი, როცა გუგლში ავტორის ფრაზას წავაწყდი, რომლითაც თავის წიგნს სწორედ ასე ახასიათებს - კლასიკური, სიყვარულის ისტორია...

მე მომეჩვენა, თუ ეს ორი, ფსიქიკადანგრეული ბავშვის ამბავია, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა გაწირეს ტკივილისთვის და მარტოობისთვის?

მე მომეჩვენა, თუ ეს ყურპარტყუნა ბიჭის ამბავია, რომლის ბავშვობაც მაშინ დასრულდა, როცა მამამისმა დედამისი მოკლა სანადირო თოფით?

მე მომეჩვენა, თუ ეს მამიკოს ნებიერა გოგოს ამბავია, რომელმაც ბავშვობის მეგობართან ერთად გაუცნობიერებლად გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა, რომელმაც ორივე მათგანის მომავალი გაანადგურა?

მე მომეჩვენა, თუ ეს ქალის ამბავია, რომელმაც საკუთარ ოჯახში ადგილი ვერ იპოვა და საკუთარ თავში - დედა?

ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სჯიან... ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში სიყვარული აღიქვეს, როგორც ტყუილი, დამცირება და ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენების საშუალება... ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სხვისი ცხოვრებით ჩაანაცვლეს და მერე ყველაფერი კასეტასავით უკან გადაახვიეს...

როგორ შეიძლება, ამ ისტორიას კლასიკური უწოდო?

საერთოდ, ყოველთვის ვფიქრობდი და ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ადამიანის მომავალს მისი ბავშვობა განსაზღვრავს. ურთიერთობები, რომელსაც ის საკუთარ ოჯახში ხედავს, წლების შემდგომ გაუცნობიერებლად ადგმევინებს მას იმ ნაბიჯებს, რასაც ის საკუთარ არჩევნად თვლის, მაგრამ საკმარისია, წარსულს და ბავშვობას თვალი გადაავლოს, ძაფებს დაინახავს, რომელიც მას მარიონეტივით ათამაშებს.

ბავშვობა შუბლზე დასმული შტამპია. დაღი, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ. სადაც გინდა გაექეცი საკუთარი მოგონილი ორეულებით, ბებოს ლიქიორებით, საგაზეთო სტატიებით, ნათხოვარი ქმრებით, ერთი ღამის ქალებით... სულერთია, მაინც შუბლზე გაქვს.


   ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული" არ მინდა რომ ყველამ წაიკითხოს, ვინც თავს მკითხველს უწოდებს. ვფიქრობ ეს წიგნი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც შუბლზე დასმულ შტამპს გრძნობს.. ბავშვობის შტამპს.

01/10/19