Friday, April 20, 2012

ასორინი -"ნება" / azorín- "La Voluntad"

ციკლიდან-"ჩემი სამყარო"


      არ ვჩქარობ ასორინის“ნება-ს შემდეგ სხვა წიგნის წაკითხვას. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს გამყვეს მისით გამოწვეული შთაგონება და აღარ მინდა ამაზე დაბლა დავეშვა. წინანდებურად არ ავჩქარდები და არ ვიტყვი, რომ ეს ის წიგნია, რომელსაც ვეძებდი, მაგრამ იმას კი უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელოა, ავტორი კი-ჩემი მასწავლებელი.

       ხოსე მარტინეს რუისი(1873-1967), იგივე- ასორინი, ე.წ- “98იანელთა თაობას” მიეკუთვნება, რომელშიც ასევე შედიოდნენ მიგელ დე უნამუნო, ანტონიო მაჩადო, პიო ბაროხა და სხვა რამდენიმე ესპანელი კლასიკოსი მწერალი და მოაზროვნე, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ესპანეთში მე-19 სკ-დან დაწყებული სულიერი, სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური დაქვეითების აღმოფხვრაში. როგორც პუბლიცისტი და მოაზროვნე რამირუ დე მაესტუ წერდა:

           “- ჩვენ, შეურაცხყოფილი ეროვნული ღირსების შვილები ვეძებდით ერთადერთ სიტყვას, რომ განგვესაზღვრა ჩვენი უბადრუკობა. “არ არის ადამიანი”-თქვა ხოაკინ კოსტამ, “არ არის სიკეთე”-თქვა ბენავენტემ, “არ არის რწმენა”-თქვა უნამუნომ, “არ არის იდეალი”-თქვა ბაროხამ, “არ არის ნება”-თქვა ასორინმა, მე ვამბობ-“არ არის ერთობა”..  

      “არ არის ნება”-სწორედ ესაა ასორინის მთავარი სათქმელი. როგორც ჩემი ესპანურის მასწავლებელმა მითარგმნა, ლა ბოლუნტად- ასევე ითარგმნება, როგორც “ძალა”. თითქოს ესპანურ ენასაც მშვენივრად აქვს განსაზღვრული, რომ ნება-ძალაა, ნების არქონა კი-უძლურება. რომანსაც სწორედ ეს სათქმელი გასდევს ფონად.

მთავარი გმირები არიან ახალგაზრდა ჭაბუკი-ასორინი და მისი მასწავლებელი იუსტე. ასორინი უსმენს მასწავლებელს, რომელიც ფილოსოფიურად მსჯელობს. შეუძლებელია ზოგადად აღწერო ეს მსჯელობა, ეს უნდა წაიკითხო. სამყარო, ესთეტიკა, საზოგადოება, რწმენა, ადამიანი.. მათი საუბარი ყველაფერს მოიცავს და ისეთი საინტერესოა, რომ სურვილი გიპყრობს-უსასრულოდ გაგრძელდეს. თითოეული ფურცელი ახალ საფიქრალს იძლევა და რაც უფრო უღრმავდები მათ, მით უფრო ეფლობი წიგნის მომაჯადოვებელ გავლენაში და გეუფლება მსუბუქი სევდა, რისი მოტანაც სჩვევიათ ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. მე იშვიათად მომყავს ციტატები ამ წიგნიდან, რადგანაც თითქმის ყველა, თითოეული წინადადება ჩემთვის სიბრძნეა და მიჭირს რომელიმე მათგანის გამორჩევა.

წიგნის მთავარი ღირსება არის ისიც, რომ აქ მოწაფესთან ერთად მკითხველიც ეცნობა ესპანეთის (და არამარტო) საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, ფილოსოფოსებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, რელიგიურ პირებს და მათ ნაწარმოებებს. თუნდაც ერთი ფურცელი კმარა, რომ გაიგო, ვინ იყო ხობელიანოსი და რატომ იყო უვარგისი მისი კრიტიკა. ვინ იყო ლემარკი და რა კავშირი აქვს მის “ზოოლოგიის ფილოსოფიას” ტრანსფორმიზმთან. ანუ, როგორ შეიძლება ვაქციოთ ყველაზე გაუთლელი და გონებაშეზღუდული ადამიანი თორმეტი თაობის შემდეგ დახვეწილი და გონებაგახსნილი ადამიანის საუკეთესო ნიმუშად. ვინ იყო მონტენი და რატომ იყო მისი “ცდები” ავტორის სამაგიდო წიგნი. ვინ იყო გუსტავო ალონსო ბეკერი და რატომ იყვნენ მათ დროში სერვანტესზე უფრო ცნობილები და წარმატებულები ძმები არხენსოლები.

“თუ როდესმე მწერალი გახდები ასორინ, აუღელვებლად შეეგებე ამ ღვთიურ საქმიანობას. გარდა ამისა, ნუ დაეყრდნობი ნურც კრიტიკას, ნურც საშთამომავლო დიდებას. Gახსოვდეს, იმ წლებში, როცა გოია თავის შედევრებს ქმნიდა, ესპანური ლიტერატურის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა, ხობელიანოსმა თქვა, რომ “მენგსი იყო პირველი მხატვარი დედამიწაზე.”.. ვინ იცის დღეს ანტონ რაფაელ მენგსი? .. შენ უკვე იცი სტენდალის შესახებ-ის მხოლოდ თავისი რამდენიმე ამხანაგისთვის წერდა. აღარაფერს ვამბობ საწყალი სერვანტესის შესახებ. მის დროში ყველა ლიტერატორ-კულტისტს, სამეფო კარის ყველა პოეტს სძულდა ეს ადამიანი, რომელიც დაუდევარი სტილით უხამსობებს წერდა.. ძმებმა არხენსოლებმა უხეში უარი მიახალეს მას სამსახურზე..”

ინფორმაცია იმდენად ბევრია და ისე მოხდენილად გადმოცემული, რომ თავისუფლად მიცურავ ესპანეთის ისტორიისა და ხელოვნების ზღვაში და ზოგჯერ ისე მიჰყვები ფიქრს, რომ აღმოაჩენ-თურმე საათზე მეტია, ერთ ფურცელს დაჰყურებ. მე ასე რამდენჯერმე დამემართა.

ავტორი ცდილობს ხაზი გაუსვას მაშინდელი ესპანეთის საზოგადოების, ადამიანის ნების არარსებობას. მთავარ გმირს, ასორინს უყვარს გოგონა-ხუსტინა, რომელიც ასეთივე გრძნობით პასუხობს მას. ისინი ერთად დადიან ტაძრიდან-ტაძარში და სულ ესაა მათი სიახლოვე. ხუსტინას მოძღვარი-პუჩე გოგონას ნელ-ნელა ჩააგონებს, რომ მისი სიყვარული ცოდვაა და ხუსტინა მონასტერში მიდის. ასორინი კადრებივით ხედავს მისი შეყვარებულის მონაზვნად აღკვეცის რიტუალს და ბოლოს ამაღელვებლად, სასტიკი განაჩენივით ასრულებს:

_ მისი ნება მოკვდა..

შემდეგი დრამატული სურათია მასწავლებლის, მისი ერთადერთი მეგობრის-იუსტეს სიკვდილი, რომელიც სარეცელზე მიჯაჭვული უხსნის მოწაფეს რომ ადამიანი განწირულია ტანჯვისთვის, თუ შემეცნებას მოინდომებს.

“ნუგეშს ხელოვნებაში ვეძებდი, მაგრამ ხელოვნება-სევდაა.. ხელოვნება ამაო ძალისხმევაა.. ან ტანჯვით მიღებული შედეგით იმედგაცრუება.. დაკმაყოფილებული სურვილით იმედგაცრუება..”

ასორინი განადგურებულია, მაგრამ ამით არ სრულდება ყველაფერი. ხუსტინაც კვდება, რდგანაც ვერ უძლებს მაშინდელი კათოლიკური მონასტრის წესით მასზე საკუთარი ნებით დადებულ ეპიტიმიას- ტირიფის წკეპლებით სხეულის გვემას.

ასორინი ტოვებს მშობლიურ ქალაქ იეკლას და მადრიდში მიდის. ის იტანჯება, რადგანაც ვერ ეგუება საზოგადოების სიცარიელეს, უნებისყოფიბას, მერყეობას, სიბინძურეს.. და ლიტერატურაშიც შეღწეულ ამ ბოროტებას. სძულს პოლიტიკა და პოლიტიკოსები ;

“პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც მექანიკურად მოძრაობს, იღიმება, გაუცნობიერებელ სიტყვებს წარმოთქვამს და გამუდმებით სულელური და უნებლიე ღიმილით იღიმება” .. ასორინს მიაჩნია, რომ ეს ღიმილი პოლიტიკური იდიოტიზმის ენბლემაა და ამას ხვდება ჟურნალისტიკაშიც და ლიტერატურაშიც.

“ახლა ლიტერატურა თთქმის აღარ არსებობს. ჟურნალისტიკამ შექმნა მწერლის ზედაპირული, ენციკლოპედიური ტიპი, თავისი ბრწყინვალე სტილითა და გასაცოფებელი თვითკმაყოფილებით. ეს ის ტიპია, რომელიც ასე სძულდა ნიცშეს-“ რომელიც არარაობაა, მაგრამ თIთქმის ყველაფერს წარმოადგენს..”

ასორინი ამაღელვებელ, მებრძოლი ადამიანის ცხოვრებას გამოივლის. ხან ჟურნალისტია, ხან დაუნდობელი კრიტიკოსი, მაგრამ უსამართლოებასა და მდორე საზოგადოებასთან შეგუება კლავს მას. ის ტრაგიკულ ბედქვეშ ექცევა- ცოლად მოჰყავს ქალი, რომელიც არ უყვარს, ჩამოშორდება აქტიურ ცხოვრებას და იქცევა ცოლის მორჩილ, უთქმელ, უმიზნო ადამიანად. ის კარგავს ყველაზე მთავარს-ნებას. ამ დასასრულის წაკითხვისას ჯორჯ ორუელის-“1984”- გამახსენდა, მაგრამ მისგან განსხვავებით ამ წიგნში ავტორი ტოვებს იმედს, რომ ასორინი თავს დააღწევს ამ დამღუპველ მდგომარეობას.

ჩემს თვალში , ასორინი მთელი თავის ეპოქის სახეს წარმოადგენს და ძალიან ჰგავს დღევანდელ ქართველ ადამიანს, რომელსაც აქვს სიკეთის კეთებისა და რაღაც ღირებულის შექმნის უნარი, მაგრამ დაკარგული აქვს ძალა, - ნ ე ბ ა !

ასე არასოდეს გამჭირვებია წიგნზე საკუთარი აზრის გამოთქმა. ეს ყველაფერი იმის წვეთიც არაა, რასაც ამ რომანის წაკითხვით მიიღებ. თავიდან არ მსურდა, ეს ძვირფასი სულიერი საზრდო ვინმესთვის გამეყო, მაგრამ ვძლიე ეგოიზმს და გიზიარებთ მათ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ.

/ნინო ჭინჭარაული/

Monday, April 16, 2012

ერთი დღე მონასტერში (ცაგერი)

ქვემოთ მდებარე სტატია 4წლის წინაა დაწერილი, მაშინ,როცა უკანასკნელად ვიყავი მონასტერში. ეს ერთადერთი აღდგომა იყო,რომელიც მონასტერში გავატარე და მაშინდელი შთაბეჭდილებები დღესაც ძლიერია ჩემს მახსოვრობაში.ვფიქრობ ღირს და საინტერესო იქნება მისი წაკითხვა მკითხველისთვის.

ერთი დღე მონასტერში

       ვფიქრობ, ადამიანმა ერთი დღეც რომ გაატარო ს მონასტერში, მასში რაღაც შეიცვლება.
ბევრმა საერთოდ არაფერი იცის მონასტრული ყოფის შესახებ და მასზე უხეირო ფილმებსა და სერიალებში გაკვრით ნაჩვენები ეპიზოდების მიხედვით ექმნებათ წარმოდგენა. ასეთი ინფორმაციის მქონეს ეცოდება, ან უიღბლო ადამიანებად მიაჩნია მონასტერში წასულნი. ის კი არ იციან, რომ ბევრმა მათგანმა კარგი ცხოვრებაც ნახა და წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ბედნიერების ძიებამ, ბოლოს, მაინც, ღმერთამდე მიიყვანა. თითოეულ მათგანს ერთი საერთო აქვს _ ღვთის სიყვარული, რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველა საზრუნავი დაჩრდილა და ერთ დღესაც, შავი კაბითა და მონაზვნური აღთქმით შემოსა.
ერში მცხოვრები მორწმუნენი ხშირად სტუმრობენ მონასტერს და ეს ძირითადად მარხვის პერიოდში ხდება. მიზეზი სხვადასხვაგვარია: _ ზოგს მადლის მიღება სურს, ზოგს ამ სოფლისგან დროებით განშორება, ახალგაზრდები კი, ძირითადად, ინტერესის გამო მიდიან.
ცაგერისკენ გზას ღამით შევუდექით, თვალი წუთით არ მოგვიხუჭავს. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს, მით უფრო მრავლდებოდა მთებსა და მოედნებზე აღმართული მანათობელი ჯვრები. ეს  გულს უჩვეულო მოლოდინით გვივსებდა. ისეთი განცდა გვეუფლებოდა, თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გადავდგით. 5 საათი ვიმგზავრეთ და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დავბინავდით. სტუმრები თბილად მიგვიღეს და მოგვასვენეს. მონასტერს თავისი ტიპიკონი ჰქონდა:
06:30 ადგომა
07:00 ცისკრის ლოცვები
09:00-11:00 თავისუფალი დრო
11:00 ტრაპეზი
12:00-17:00 მორჩილება
17:00-18:00 კითხვის საათი
18:00 მწუხრის ლოცვები
18:30-19:00 კითხვის საათი
20:00 ტრაპეზი
21:00-23:00 თავისუფალი დრო
23:00 ძილი

ტიპიკონის მიხედვით, ყველას საქმე (მორჩილება) ჰქონდა განაწილებული, თუმცა, იქ მყოფთა რიცხობრივი სიმცირის გამო, ხშირად გვიანობამდე ვერ უხერხდებოდათ დაძინება. ჩვენი ჩასვლის შემდგომ კი (5 გოგონა სხვადასხვა დროს ჩავედით) მოვალეობები უკეთ განაწილდა. ერთი სახლს ალაგებდა, მეორე _ ეზოს, მესამე _ ჭურჭელს რეცხავდა. მე ტრაპეზარის თანაშემწე გახლდით, კერძების მომზადებაში `დავხელოვნდი~. `ტრაპეზარი სამგზის ცხონებულიაო~ _ ხუმრობით გვითხრა კეთილმოწესემ.
ტიპიკონის ზემოთ გაკრული იყო სამი წესი:
1. არ განიკითხო.
2. რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, შენდობა სთხოვე და განშორდი. 3. დაინახე ადამიანში მხოლოდ კარგი. თუ არ ძალგიძს, ნურაფერს ეტყვი.

აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ შეცდომებზე და ცუდად შესრულებულ მორჩილებაზე მიღებული საყვედურები ყველას უდრტვინველად უნდა აგვეტანა, რათა სულიერად გავზრდილიყავით და მოთმინების უნარი გამოგვემუშავებინა. ერთს კი მივხვდით: ის, რისი გაკეთებაც სახლში გვეზარებოდა, მონასტერში ისეთი ხალისით ვაკეთებდით, თავადაც გვიკვირდა.

ცალკეული მორჩილების გარდა, საერთო საქმეც გვქონდა. ტაძრისთვის სეფისკვერს ვაცხობდით, ეს ჩვენი საყვარელი საქმიანობა იყო და ზოგჯერ ღამის 1-2 საათამდე არ ვიძინებდით, რომ მცხობელს მივხმარებოდით. ის აბრტყელებდა ჩვენ კი კვერებს ვჭრიდით, პატარებს ღვთისმშობლის ან ჯვრის გამოსახულებით ვბეჭდავდით და დიდებს თავზე ვაწებებდით, ამ ყველაფერს თან ახლდა ჩვენი გალობა. ეს არასოდეს დამავიწყდება. არც ის უძილო ღამეები დამავიწყდება, როცა 2 საათზე დაწოლილები დილის- 5 ის ნახევარზე ერთმანეთს დაფეთებულები ვაღვიძებდით, რომ ცისკრის სააღდგომო ლოცვებზე არ დაგვეგვიანა. მონასტრის წინ მდებარე სასაფლაოზე იდგა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვაზე დავდიოდით. ტაძრამდე მიმავალს აუცილებლად ეს სასაფლაო უნდა გაევლო და ჩვენც ღამის 5 საათზე ნახევრად მძინარენი, იდუმალი შიშით, რკინის რიკულებს შორის მივიკვლევდით ტაძრამდე გზას.
დიდებული სანახავი იყო სიბნელეში შიგნიდან გაჩირაღდნებული ეკლესია. კანკელზე სამი მირონმდინარე ხატი იყო დაბრძანებული: მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მაქსიმე აღმსარებლის. წირვა-ლოცვაზე გალობის შესაძლებლობაც მოგვეცა. ერთი სიტყვით, ყველა მხრიდან შევეცადეთ არა მარტო დაგვენახა ის საოცარი გარემო, რაც მონასტრულ ცხოვრებას ახლავს, არამედ გაგვეთავისებინა და შეგვეგრძნო კიდეც – 10 დღე ვცდილობდით ნამდვილ მონაზვნებად ვქცეულიყავით, სამოსიდან დაწყებული, საქციელით დამთავრებული.
ერთხელ აივნიდან შევამჩნიეთ ჩვენი მონასტრის უკან აღმართულ მთაზე მდებარე ციხე და ჯვარი. ადგილობრივების თქმით, ეს იყო მურის ციხე, რომელზეც ლექსიც მოგვითხრობს:

`მურის ძველ ხიდთან სადაც გორმახებს
თითქოს მდინარემ დანა დაუსვა
სამი ციხე დგას: ციხე "
დაუხვდი "
ციხე `"
დაჰკარი " და "არ გაუშვა".

პოეტის სტრიქონებში ნაგულისხმევი ციხეები შიშიანობის პერიოდში მოსახლეობის თავშესაფარი იყო და მათი სახელწოდებებიც აქედან მოდის. მათ შორის ვიწრო გვირაბები ყოფილა გაყვანილი. მდინარის მეორე მხარეს აღმართულ გორაკზე ჯვარი დაუდგამთ ცაგერლებს, რომელიც ღამე ანათებს. გულმა ვერ მოითმინა მათი ახლოდან უნახაობა, მეუფეს კურთხევა გამოვთხოვეთ და სამმა გოგონამ მთას მივაშურეთ. გზად, ტყეში ორჯერ დავიკარგეთ, და ბოლოს, როცა ჯვარზე ავედით, ჩვენ თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშალა. მთელი ცაგერი ხელისგულივით მოჩანდა. წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერიც და ცაგერის `სიამაყე~ _ მწვანე თეატრიც კარგად ჩანდა. ყველაფერი ფირზე აღვბეჭდეთ.
დრო ძალიან სწრაფად გარბოდა, სასაფლაოზე ჯდომას ისე შევეჩვიეთ, რომ სულ მისკენ ვისწრაფოდით. ნათქვამია ადამიანი სიცოცხლეშივე უნდა ფიქრობდეს სიკვდილზე და არც სასაფლაოსი უნდა ეშინოდესო. ჰოდა, ამ სასაფლაოს შემყურე მეც დავფიქრდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ უსულო ძეგლების უზარმაზარი გროვა. აქ იყო სიცოცხლე, ოღონდ სხვაგვარი. საფლავებზე იასამნისფერი ყვავილები ხარობდა და აღდგომის წითელი კვერცხები იყო მიმობნეული. ყველა ადამიანი, ვისი სახელი და გვარიც წავიკითხე, ახლობლად მიმაჩნდა, რადგან ყოველდღე `ვნახულობდი~ მათ. აქ მუდამ ვიღაც იჯდა და საფლავს ალამაზებდა; ყველაფერი მზითა და ჩიტების ჭიკჭიკით იყო გაცოცხლებული და გამთბარი.
ბოლო დღეებში სვანეთიც ვნახეთ. მეუფემ წაგვიყვანა ლენტეხში. ამინდი აქ უფრო გამკაცრდა და მდინარეც მეტად ადიდებული ჩანდა. მწვანე მთებს შორის თოვლიანი მწვერვალიც გამოჩნდა. მეუფემ გვაჩვენა წმ. გიორგის მშენებარე დედათა მონასტერი და რეზიდენცია.
ლენტეხში მამა იოსებს ვესტუმრეთ. ოჯახში სასიამოვნო, მეგობრული ატმოსფერო და სიმშვიდე სუფევდა. ყველაზე მეტად ხატების კუთხემ გაგვაოცა, მათ უმრავლესობას მირონი სდიოდა. ვიტრაპეზეთ, ცაგერში დავბრუნდით და შემდეგ წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი მოვინახულეთ. ეს ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი საქართველოში აღესრულა და სწორედ ამ მონასტრის საკურთხეველშია დაკრძალული. ტაძარში ვიგალობეთ და წამოვედით. მეორე დღეს მთელი ცაგერი ემზადებოდა აღდგომის ღამისთვის.
ღამისთევის წინ ჩვენც საგანგებოდ მოვემზადეთ, დღე კარგად გამოვიძინეთ, რომ მსახურებაზე ბოლომდე გვეფხიზლა. მოგვიანებით კი ისევ ნაცნობი სურათი დაიხატა: ღამე სასაფლაოზე და გაჩირაღდნებული ეკლესია; მღვდელთმთავრის სავარძელთან ხალიჩაზე პატარა ანგელოზივით ჩამომსხდარი ბავშვები, წითელი კვერცხებით ხელში და ორად გაყოფილი მრევლი ცალ მხარეს მამაკაცები, ცალ მხარეს ქალები. ნელ-ნელა თენდებოდა ლოცვაში, სარკმლებს შორის მოლურჯო-მოშაო ცის ნათელი მალე მზის პირველმა სხივმა შეცვალა. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

P.შ. მონასტერში სულ 10 დღე დავყავით, თუმცა დროის ეს მონაკვეთი იმდენად დატვირთული იყო სიახლეებითა და ემოციებით, რომ ერთ დღესავით გაირბინა.


/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, April 8, 2012

თორღვა ძაგანი (შემოკლებული ნოველა)

დაღლილი მოაბიჯებდა თორღვა, ორი დღის სიარულის მერე საგზალიც შემოელია...დაღლილი მოაბიჯებდა თორღვა, ორი დღის სიარულის მერე საგზალიც შემოელია...
ხელცარიელი მოაბიჯებდა მუცოსკენ...თუმცა არა,ორი ქისტის მარჯვენა გამოეხვია ჩოხის კალთაში...
ერთი განთქმული ვაჟკაცის ბესლანის იყო, მეორე არწიელი ნაიბის ვაჟუძეს ძმისა იყო...
აწი მდევრის დარდიც აღარ ჰქონდა, ვერ გადმოყვებოდნენ ქისტები მუცომდე, მუცომდე კი ნახევარი დღის სავალიცარ იყო...
მარტო ღავისი მცურავი ჯაჭვის პერანგის დაკარგვა ადარდებდა თორღვას...ეს ორი თვე იქნება თავის ნაპოვნ ცხელ წყალში გაეპარა ფშაველი ძმადნაფიცის უშიშას ნაჩუქარი ჯაჭვი...
დადარდიანდა თორღვა ძაგანი...
_მოდი დავისვენებ და მერე წავალ მუცოსკენ!_გაიფიქრა თორღვამ და ხის ძირას წამოწვა, თოფი ხეზე მიაყუდა, ხმალი კი გვერდზე დაიდო...
მარტო საცვეთიდან არ იშორებდა მუცოელი გმირი ხანჯლისშვილს...
დაღლილ თორღვას ბანგდალეულივით მიეძინა.


***
ხელ-ფეხგაკოჭილ თორღვას ათიოდე კაცი წამოდგომოდა თავზე და გახარებული სახით უყურებდნენ, თორღვამ გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ, ერთი რომელსაც ბელადობა ეტყობოდა გამოეყო თავისიანებს და თორღვას წამოადგა თავზე.
_ნუ იქაჩები გიაურო...გაძეხი ჩვენი სისხლით არა? მაიცა...ძმის სისხლის საფასურად გამოსასყიდიც არ მინდა, ძაღლივით დაგხრუკავ ცეცხლზე...
_ვაჟუძევ!_ამოიგმინა თორღვამ-შენი ბედი ქალივით რომ მომეპარე და გამკოჭე, თორემ მარტო ხმალი მქონდეს ყორნებს დავაძღობდი თქვენი ლეშით!_და თორღვამ სიმწრით წამოსული ცრემლი რომ არავის შეემჩნია თავი მიწაში ჩარგო, ვაჟუძემ ცოტა ხანი უყურა.
_გეყო გიაურო, ცხენზე გადაკიდეთ!

***
კარგა ხანი ეწვალა სანამ ერთ ხელს გაინთავისუფლებდა და საცვეთიდან მტრის შეუმჩნეველ ხანჯლისშვილს ამოიღებდა...
თოკები დაიჭრა და ცეცხლთან მდგარ გუშაგს გახედა...
გუშაგს ნელა ეპარებოდა სიკვდილი...
უცებ მოკლე ხრიალი გაისმა...
დაძინებულ ქისტებს მუსრავდა სიკვდილი ცელით ძაგანის ხელიდან...
მეორე დღეს თორმეტი ხელით და ვაჟუძეს თავით დაბრუნდა თორღვა ძაგანი მუცოში.


***

ანდაქთან ჩამოხტა თორღვა ცხენიდან და ჩეროში განმარტოვდა ფიქრებთან.
_ეხლა ბეგარას დავადებ ფშავლებსაც,ეკუთვნით,მთაში ქისტების სახსენებელი გავაქრე და ეკუთვნით!_ფიქრობდა გაამაყებული და აღზევებული ძაგანი...
უცებ ბექობიდან ჩამომავალ სამ მონადირეს მოჰკრა თვალი,"ფშავლები" გაუელვა თავში,ფეხზე წამოხტა და სირბილით დაეშვა თავქვე რომ გზა მოეჭრა...
_კვლავ უფრო!_შესძახა ნანადირევი ხარჯიხვის დანახვაზე თორღვამ.
!_მშვიდობა მოგცეს ღმერთმა!_წინ წამოდგა ახალგაზრდა ფშაველი ჩოთა_საით გივლია თორღვავ?
_ფშავში მოვდიოდი!_მხარზე გადაიგდო თოფი თორღვამ.
_ამბავი?_ცერად გახედა ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა ჩოთამ რომელსაც გაეგო ძაგანმა ხევსურებს ბეგარა დაადოო.
_ბეგარას უნდა მომცეთ ფშავლებო, მეკუტვნის და უნდა გადამიხადოთ!_გოროზად წამოიძახა თორღვამ.
_მთაში როდის გვიხდია ბეგარა ბატონიშვილო!_მორიდებით შეეპასუხა ხნიერი გოგოთური.
_არ გეკუთვნით?რამდენი ხანია ქისტებს არ შეუწუხებიხართ!_შეუღრინა ძაგანმა.
_წერას აუტანიხარ ძაგანო!_შესძახა ჩოთამ და თოფი გადმოიგდო,სანამ თორღვა თოფს მოიმარჯვებდა ან ხმალს ამოიღებდა იგრიალა ფშაველის თოფმა...
ბანი მისცა მთამ...
მწვანე ბალახი გააწითლა მუცოელი გმირის სისხლმა...
სულის აღმოხდომისას ისღა ნახა თორღვამ თუ როგორ მოადგა თანზე ისევ თავისი მცურავი ჯაჭვი.
//ირაკლი ყალიჩავა/

Friday, April 6, 2012

თებჯორიკები (თუშური მოტივებიდან)



      ზეზვამ ცხენები ხევის პირას მიმავალ ბილიკზე შერეკა და ფიქრებში ჩაიძირა. ცხვარიდან მომავალს ომალოში მიეჩქარებოდა ათენგენაზე. მთვარიანი ღამე და მომავალი ქეიფი თუშს გულს უხალისებდა. უკნიდან რაღაცა ჩქამი მოესმა, ცხენი შეაჩერა და ყური დაუგდო. ხმაური არ ისმოდა, ზეზვას თავის შიშზე გაეცინა და გზა განაგრძო. მაინც ურევდა ფიქრებს ის ცოტა ხნის წინ მოსმენილი ჩქამი.
       წყალი მოსწყურდა და ცხენებს თავს დაუარა, ჩამოხტა, წყაროსთან ჩაირბინა და წყალს დაეწაფა. უცებ ზევიდან ხმაური მოესმა და აიხედა. ხევის პირას ორი ცხენოსანი დედაბერი გაჩერებულიყო და ზეზვას დაჰყურებდნენ,”ვინ ოხრებ არიან” - გაიფიქრა ზეზვამ და ისევ წყალს დაეწაფა.
-ბიჭავ!-მოესმა უცებ რაღაცნაირი, ხრინწიანი ხმა- ეგრე რათა სვამ წყალსა, ჭიქა არა დევს მანდა?-თუშმა თუშური კილო რომ ვერ შეიცნო გაკვირვებით ამოიხედა და ისევ დააშტერდა დედაბრებს. მოხუცებს უსიამო სახე ჰქონდათ და გაწეწილი თმები. უნერბურად გააჟრჟოლა ზეზვას ტანში.
-თქვენ ვინა გკითხავათა მე როგორა ვსვამ წყალსა,ნეტავ მაცოდინას.-ჩაიბურტყუნა და ხელის დაბანას შეუდგა. მერე თმაზე გადაისვა სველი ხელი და თითქოს შვება იგრძნო.
-ბიჭავ, ამით მაინც დალიე წყალი, ადამიანურად რად არ ირჯები, რა ნადირივით დასწაფებიხარ წყაროს წყალსა! -დაუძახა ისევ დედაბერმა რაღაცნაირი,რკინაგარეული ხმით. ზეზვა თითქოს რაღაც ძალამ გაზიდა ქალებისაკენ და მიუახლოვდა, სახეზე არც შეუხედავს ისე გაუწოდა ხელი, სპილენძის ჭიქა ჩამოართვა და უკან მიბრუნდა.
-მადლობას არც იტყვი ბიჭავ?- მოემა უცებ ახალგაზრდა ქალის ხმა. გაოცებით მიტრიალდა და ცხენზე მჯდომი ახალგაზრდა ქალები დაინახა,თითქოს ის დედაბრები ქცეულიყვნენ უმსვენიერეს ალისფერთმიან ქალწულებად. ზეზვას თმა მაღლა წაუვიდა და ქალებს თვალი ჩამოატარა. ორივენი დედიშობილანი იყვნენ, ხშირი თმა წელამდე სწვდებოდათ, ხოლო ფეხის ტერფები ორივეს უკუღმა ქონდათ მოქცეული.
”თებჯორიკანი” - გაუელვა თუშს თავში და თავისი ცხენისკენ გაქანდა. წამის უსწრაფესად მოევლო ზედ და მათრახი გადაკრა. ცხენი ადგილიდან არ დაიძრა, მის წინ ჯგუფად შეყრილ ცხენებზე ერთი უსიამოვნოდ დაღრეჯილი ცხვირმოკაუჭებული, მეჭეჭებიანი, თმაგაბურძგნული მოხუცი იჯდა და რაღაცნაირად უწრუპუნებდა ცხენებს. მერე მიატრიალა ცხენი და ზეზვას წინ გაუძღვა. თუშიც მორჩილად მიჰყვა უკან. თავჩაქინდრული, ზარდაცემული, ფერმიხდილი მოშვებულად იჯდა ცხენზე და მოხუცისკენ არც იხედებოდა.
”ტყვია ვკრა, არ გაჭრს, ხანჯალიც ვერსა მიშველს. თან რამდენ ყოფილან... ახლა სადმე ხევში ჩამიყვანენ და იქ მომგუდავენ.” გახსენდა ოთხი წლის წინ მისი მეზობელი აბა წუდაქაიძე რო იპოვეს ხეთან დამხვრჩალი. მოხუცებმა თქვეს, თებჯორიკების დამხვრჩალიაო, აბა სხვა ვინ მოერეოდა ძალ-ღონით განთქმულ აბას,ან ის ღელე რას დაახრჩობდა. მაგრამ ზეზვამ არ დაიჯერა, არც ეჯერა ეგეთების, ბავშვების დასაშინებლადაა მოგონილიო.
ამ დროს წინ მიმავალ ცხენზე მჯდომმა მოხუცმა სტვენას და ცხენების წრუპუნს უმატა, ცხენზე ტრიალებდა, იმანჭებოდა. უნდოდა ზეზვას აეხედა მაგრამ ზეზვა ისე ოყო გაოგონთებული, თვალიც კი არ გააპარა მისკენ.
”არ ავხედავ,ფიქრობდა ზეზვა-რომ ავხედო მომნუსხავს,ამგუდვას” ისე ჰქონდა სიკვდილის შიშს ატაცებული, რომ ნახევრად მკვდარი იყო უკვე.
შორიდან მომავალი ძაღლების ყეფის ხმა არც გაუგია. მაშინ გამოფხიზლდა, როცა მისმა ცხენმა აიწყვიტა და ჭენებით გამოუდგა უკვე ოთხით მიმავალ დაწინაურებულ რემას. კინაღამ გადმოაგდო ცხენმა, მაგრამ თავი შეიკავა და უცებ გამოფხიზლებულმა მოედანზე დანთებულს ცეცხლებ მოჰკრა თვალი სადაც თუშები ათენგენობას ზეიმობდნენ და ცხენი იქითკენ გააქროლა.
მოედანზე შევარდნლი ზეზვას ცხენი ძლივს დაიჭირეს. ზეზვა განაპირა კოცონთან გადმოვარდნილიყო და ხმას ვერ იღებდა. ელდანაცემი გაბრუებული იჯდა და ხალხს შეჰყურებდა უაზროდ. წყალი მოუტანეს და დაალევინეს, მერე ხუცესი მოვიდა და დალოცა, პირჯვარი გადააწერინა და ცოტა არაყი შეასვა.
ზეზვამ ძლივს აწია მარჯვენა ხელი, რომელშიც სპილენძის ჭიქა ეჭირა და კიდევ გადაისახა პირჯვარი. მერე ბალახებში ჩაემხო და შიშისაგან სირცხვილნაჭამი აქვითინდა.
/ირაკლი ყალიჩავა/

Tuesday, April 3, 2012

ნაკადული

შენი ბედი ენატრება ოკეანეს,
ეხარბება შენი სიპატარავე.
გემი არ ჩანს, კაპიტანი იგვიანებს,
მღვრიე ტალღებს სევდა მიაქანავებს.
ქარიშხალი იმეორებს ნაცნობ ბოდვებს,
ცეცხლს აკვესებს ცა უძირო ღამეში.
ოკეანე დილით ითვლის ახალ ცოდვებს,
მკერდს უკაწრავს ქარბორიას თარეში.
შენ კი გქვია პაწაწინა მშვიდი წყალი,
არც არასდროს გინატრია დიდობა,
შენ არ გტანჯავს - დაბრუნდება კაპიტანი?
შენს ნაპირებს აწერია მშვიდობა...

/თემურ ჩალაბაშვილი/

ფოტოზე:  
ჩემი პატარა ინტერვიუ პოეტთან






Sunday, April 1, 2012

ორი სურათი

მენატრები გიორგი პაპა...
                                /ნ.ჭ/



ხევსურს ღრუბელი ჩაჩქნად ახურავს,
მახვილს აზომებს რკალებს მეხისას,
აქვს შემართება ჯერ არ ნახული
და მონატრება მტერთან შეხლისა.

იქვე ვიღაცა ძალად ხევსურობს,
ბობოქრობს, კნავის,იკრებს მაცილებს,
ღმერთო, მუქარის ეშხში შესული
ეს თვითმარქვია ჩამოგვაცილე!



/გიორგი გიგაური/ 2001.