Monday, December 1, 2014

"არაგვიანი"ს ახალი პროექტი- “ხმითნაწერები”





   სტუდია "არაგვიანი" ქართველ პოეტებს და პოეზიის მოყვარულებს დიდ სიურპრიზს უმზადებს. მე მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ეს არის საქართველოში ალბათ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ავტორებზე ზრუნავს და მათი უფლებების სრული დაცვით აკეთებს საქმეს. კონკრეტულად კი ვაკოპირებ ტექსტს გვერდიდან.


"დეტალებს ამ ეტაპზე არ გავამხელთ. უახლოეს მომავალში დაწვრილებით გაცნობებთ ყველაფერს ჩვენს ვებ გვერდზე http://aragviani.com და ჩვენს ფეისბუკ-გვერდზეhttps://www.facebook.com/AraGviani.Records/
ერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ: ჩვენ არ ვაპირებთ გამდიდრებას ხელოვანი ხალხის ხარჯზე. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ შევქმნათ სისტემა, რომელიც შემოსავლიანად აქცევს ჩვენს და თქვენს საქმიანობას.



ჩვენ შეგვიძლია შემოვუნახოთ შთამომავლობას ის, რაც აწმყოში იქმნება…
… დავანგრიოთ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დაფასების სტერეოტიპი!..
… ჩვენ აწმყოშივე დავაფასებთ და შთამომავლობას შემოვუნახავთ 21-ე საუკუნის ქართველი პოეტების ხმითნაწერებს…
… გზავნილი შთამომავლობას – ავტორის ხმით ნაწერი პოეზიის უწყვეტი მრავალტომეული – სულიდან სულში, ცნობიერიდან ცნობიერში, ქვეცნობიერიდან ქვეცნობიერში, აწმყოდან მომავალში…
… პროექტზე “ხმითნაწერები” მუშაობა 2014 წლის მაისის ბოლოს დავიწყეთ.  რამდენიმე ტომი მზადაა.
მუდმივად გამოცემადი მრავალტომეული…
…თქვენს აუდიოთეკაში… ძალიან მალე! …
დამატებით ინფორმაციას დაწვრილებით შეიტყობთ პირველი ტომის წარდგინების ანონსში ჩვენსავე ვებ გვერდზე.
17 ოქტომბერი, 2014 წელი.



19 ოქტომბერი, 2014 წელი."

Monday, November 10, 2014

***

შენ ყველა ბომონი დააამსხვრიე,
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინად,
შავად შეღებილი თვალებიდან
(მათ ჯერ არ ეთქმოდათ-უხალისო)
წლები წამწამებზე დაგეკიდა.
მერე კი ლოყებზე უხარისხო
ტუშმა და ფანქარმა იწვიმა...
დღეს მშრალად აცილებ შემოდგომას,
ვერც მისი სხივებით გამთბარი.
არ გხიბლავს სურნელი,
არც ფერები,
ისე გძულს ზაფხულის დაბერება...
გძულს და მაინც ნატრობ, წელს ოღონდაც
დროულად მოვიდეს ზამთარი.
ყველა ოცნება და ყველა ცოდვა
ბეჭებზე ნაწნავივით გკიდია,
რამდენმა გულითაც შეგიცოდა,
სხვა არამკითხემ კი დაგარიგა,
რომ შენთვის ეგ ტვირთი ალბათ ცოტა
მძიმეა,
ნაადრევად დიდია...
შენ კი არ ჩაგესმის არაფერი,
მაშინაც, თუ თვალებს სდის წვიმა.
და რაც სხვას ჰგონია განაჩენი,
შენთვის სიცოცხლეზე ძვირფასია,
შენ თვალი სიმართლეს მიაჩვიე...
შენ ყველა სიცრუეს მოერიე,
შენ ყველა ბომონი დაამსხვრიე
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინად...
/ნინო ჭინჭარ-აული/
/18/10/14/

Saturday, August 23, 2014

ჩემი იატაკქვეშეთი



  მე არ განვიხილავ ამ ნაწარმოებს. უბრალოდ, ყველას, ვინც მას წაიკითხავს, მოვუწოდებ- დაწერონ საკუთარი იატაკქვეშეთის შესახებ. ვნახოთ, ვის რა დონეზე შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელები.
აქ კი ჩემს იატაკქვეშეთს ვთავაზობ ჩემი ბლოგის მკითხველს.

დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები”ს კითხვისას გამიჩნდა სურვილი დამეწერა “ჩემი იატაკქვეშეთი”. ამაზე ხმამაღლა საუბარი პირველ რიგში მე თვითონ მჭირდებოდა და საერთოდაც, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა დაწეროს საკუთარი ბნელი მხარეების შესახებ.

ეს არ არის დღიური, არც-აღსარება, ეს სურვილია-სათქმელი საჯაროდ თქვა ყოველგვარი რითმის, სიუჟეტის და გამოგონილი პერსონაჟების გარეშე. ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობ - უ ბ რ ა ლ ო დ დ ა ვ ი ღ ა ლ ე... და ალბათ სწორედ ეს დაღლა გეხმარება, საკუთარი აზრებიდან მთავარი სათქმელი გამოათავისუფლო. დავიღალე... მაგრამ არა ცხოვრებით, იმიტომ რომ 26 წლის ვარ. არც-ყოველდღიურობით, იმიტომ რომ ყოველი დღე ახალი საფიქრალის მომტანია. მე დავიქანცე იმით, რომ ჩემი გარეგნობა არ შეეფერება ჩემს პიროვნებას და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, ყოველთვის აღმიქვამს იმად, რაც არ ვარ.

არც თავმდაბლობაა ჩემს სიტყვებში და არც ამპარტავნება, ეს არის სიმართლე, რომ ჩემი გარეგნული სახე, რაც ღმერთმა მომცა, ყოველთვის ცუდ სამსახურს მიწევდა. ერთი,რომ- უფრო პატარა ასაკისას ვგავარ, ვიდრე ვარ და მეორეც- ბევრად უფრო რბილ და მარტივ ადამიანად გამოვიყურები, ვიდრე რეალურად უნდა ვიყო. “ საყვარელი” – აი ის საშინელი ეპითეტი, რომლითაც ყველაზე ხშირად მამკობენ და ჩემში იწვევენ სიძულვილამდე მისულ რისხვას. მიზეზი? ძალიან მარტივია, მე ა რ ვ ა რ ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი!

მე ვარ უხასიათო, უჟმური და სასოწარკვეთილი პესიმისტი. საკუთარ თავსაც კი ვაღიზიანებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს თვითონ ანგრევს და არც მეგობრების შესაძენად იკლავს თავს. ანუ, არც მოყვარეს ვეძებ და საკუთარი თავის პირველი მტერიც მე ვარ. რატომ ვამბობ ამას ხმამაღლა? იმიტომ რომ დავიღალე. დამღალა საკუთარ თავზე სხვისი მოხაზული პორტრეტების მორგებამ (თუნდაც ეს პორტრეტები ძალიან ლამაზები და შთამბეჭდავები იყვნენ). მომბეზრდა დაუმსახურებელი გვირგვინების დანახვა და მირჩევნია წინასწარ მე თვითონვე ვაჯახო ყველას ჩემი უარყოფითი მხარეები, ვიდრე არარსებული მითები შექმნან და მერე მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ თურმე არც ისე სრულყოფილი ვყოფილვარ.

არა! მე არ ვარ თბილი და რბილი. მე შემიძლია ადამიანებს ისე უხეშად მოვექცე, რომ მერე სინდისმა მიწასთან გამასწოროს. მე ვარ საშინლად მომთხოვნი საყვარელი ადამიანების მიმართ და შემიძლია ისინი ჩემდამი უყურადღებობის გამო მარტივად დავკარგო და ჩუმად დავიტანჯო. მე ვარ საშინლად უკმეხი, რასაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი დაგიდასტურებთ. ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გაბრაზებისას ემოციებისგან მთლიანად დაცლა, რადგან არ შემიძლია გულში სათქმელის დატოვება. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც სისხლის დანახვა აძრწუნებს. ვისაც 12წლიდან დამამშვიდებლების მიღება სჭირდება, მას არც თავმდასხმელზე ხელის აღმართვა უჭირს, ჰოდა მეც შიშის და მრისხანებისას დამიღვრია საკუთარიც და სხვისი სისხლიც. შრამები დღესაც მახსენებენ იმ საშინელ წუთებს. მე არ ვარ ნაზი და სათუთი, როგორც ჩემი სხეული გამოიყურება. მე ვარ ის, ვისაც ხშირად უცდია სულიერი ტკივილის ფიზიკურით გადაფარვა. ვარ ის, ვისაც ბევრჯერ დაუსერავს ვენები და სიამოვნებაც უგრძვნია. ღმერთმა დამიფაროს, ამით ვამაყობდე, ეს ჩემი ტკივილია... სასოწარკვეთით მოგვრილი ტკივილი, როცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და უბრალოდ არ იცი რა გააკეთო.

მე არ ვარ მორცხვი ადამიანი, მაგრამ არც ისეთი ამპარტავანი ვარ, ეს ღირსებად მიმაჩნდეს. ჩემი აუტანელი ბავშვური სახე რატომღაც ყოველთვის მორიდებას გამოხატავს, მაშინაც კი, როცა საერთოდ ფეხებზე მკიდია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. ნაძალადევი ღიმილი... ეს ღიმილია ჩემთვის ადამიანების თავიდან მოსაშორებელი საშუალება ან ალტერნატივა - გავჩუმდე მაშინ, როცა მოსაუბრისთვის რაღაც საზიზღრობის თქმა მსურს. მარტივად რომ ავხსნა, მაშინ როცა ჩემს წინ არაადეკვატური, ან უბრალოდ კმაყოფილი უნახავი დგას და გარეგნობით მაფასებს, იმის მაგიერ, რომ ვთქვა “გული მერევა”, გულისამრევად ვიღიმი და ამას რატომღაც მორიდებაში მითვლიან.

მე არ ვარ ის, ვინც კონფლიქტებს ერიდება, არც ბილწსიტყვაობაა ჩემთვის უცხო ხილი. განა არ მეშინია კონფლიქტების? ძალიანაც მეშინია, მაგრამ ასეთი უკუღმართი ბუნება მაქვს-მირჩევნია იყოს კონფლიქტი და თუნდაც ამან შინაგანად გამანადგუროს, ვიდრე რაიმე გაურკვეველი დარჩეს და უთქმელმა სათქმელმა, ან ეჭვებმა შემჭამონ. სხვათაშორის, ამ უკუღმართობას ჩემს ღირსებად ვთვლი. მე ვარ ადამიანი, ვინც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არა იმიტომ, რომ ძალიან გამბედავი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მირჩევნია მოსამდურებელი თავიდანვე მოვიმდურო და დასაკარგი დროზე დავკარგო. ასე უფრო ნაკლებად მწყდება გულიც და დროც აღარ იკარგება იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც ადრე თუ გვიან მაინც “დავეტაკები". და უცნაურიც არაა, რომ მხოლოდ ის ადამიანები მოდიან ჩემს გულთან ახლოს, ვინც სიმართლის თქმას პირში მიბედავენ. მტკივა თუ არა მწარე სიმართლის მოსმენისას გული? რათქმაუნდა მტკივა, მაგრამ თუ ამას სიყვარული ახლავს თან, ეს პირიქით-მზრდის მეც და იმ ადამიანებსაც ჩემს თვალში.

მარტო მათი შეყვარება ღირს, ვინც სიმართლეს გეტყვის...

ჩემი ლექსები... და ჩემი მოთხრობები! როგორი ცოცხლები და ჩემნაირები არიან და როგორ მძულს მათი ზერელედ შეფასება! “რა თბილია, ტკბილია, საყვარელია...” არა! არა! და არა! მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლექსები არც ტკბილია და არც ბანალურად ქალურად სენტიმენტალური! ესაა ნერვოზული პოეზია, ხშირად ძალიან უხეში ნათქვამიც. ერთადერთი მეგობარი ბიჭი პოეტისგან მახსოვს მათი ზუსტი შეფასება, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგე: -“შენი ლექსების წაკითხვისას ვერ მიხვდები, რომ ის ქალის დაწერილია”. და თუმცა მე არ ვიზიარებ იმ გონებაჩლუნგურ და სექსისტურ აზრს, რომ პოეტი სქესის მიხედვით უნდა შეაფასო( და არსებობენ დაკომპლექსებული ადამიანებიც, რომლებიც შეგნებულად არ კითხულობენ მდედრობითი სქესის პოეტების დაწერილ ლექსებს), მაინც ვეთანხმები ჩემი მეგობრის ხედვას, რომელმაც ალბათ პირველმა შეამჩნია ლექსებში ჩემი სულის სიხისტე და მოუქნელობა, ის უხეშობა და სიტლანქე, რომელიც შეიძლება უფრო მომხიბლავს არ მხდის, მაგრამ მაქცევს იმად, რაც ვარ. ეს ყველაზე კარგადაა გამოხატული ჩემს ლექსებში “სიგიჟე”, “ლექსი რომელიც მძულს” და “ჯარისკაცი და კაცისმკვლელი”. ამ უკანასკნელს ალბათ არასოდეს გამოვაქვეყნებ, რადგანაც მე თვითონ მზარავს მასში გაშიშვლებული საკუთარი სული და არც სურვილი მაქვს, წლების შემდეგ საკუთარი ნათქვამი წინ დამხვდეს.

ის სხვა საქმეა, თუ როგორი ფორმით და რამდენად ოსტატურად ვახერხებ სათქმელის ფურცელზე გადმოტანას. რა სუსტებიც არ უნდა იყვნენ ჩემი ლექსები, მათ ერთობლიობაში ერთგვარი სისტემური მთლიანობა გააჩნიათ. მარტივად რომ ვთქვა- ადვილად მიხვდები, რომ ერთიდაიგივე არეული გონების ნააზრევია. თუ ამას სტილი ჰქვია, ჩემი სტილიც ეს არის, თუმცა ვაღიარებ, ფორმაზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ. ის კი ვიცი, როგორ მინდა ვწერო და იმედიც მაქვს, დრო და გამოცდილება მომიტანს ყველაფერს.

ჰო... მე ვარ ის ადამიანიც, ვინც ცუდი თვალით უყურებდა ვერლიბრს, სანამ თვითონ არ დაიწყო მათი აქტიურად წერა. წლების წინაც მქონდა რამდენიმე ურითმო ლექსი დაწერილი, მაგრამ მათი გამოქვეყნების მრცხვენოდა. არც ახლა მაქვს პასუხი, რატომ...

რაც შეეხება მოთხრობებს, ისინი ლექსებივით დაუკითხავად არ მოდიან და არც მაწვალებენ. პროზა არის ის, რაშიც მინდა სერიოზულად ვიმუშაო და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად ვაქციო. ჩემი ორი მინი-რომანი, რამდენიმე მოთხრობა და ნოველა ჯამია იმ საინტერესო და უფრო მეტად-მძიმე, ტკივილიანი ამბებისა, რაც მე და ჩემს გარშემომყოფებს თავს გადაგვხდენია. იმ ყველაფრის, რასაც ჩემს სულზე კვალი დაუტოვებია. ჩემთვის პროზაული ნაწარმოებების წერა იმიტომ არის საჭირო, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებს, საყოველთაო გავხადო და ნაწილობრივ მაინც მოვიშორო თავიდან, ანუ ტვირთი გადავანაწილო. აი ასეთი ეგოისტური მიზეზით ვწერ მოთხრობებს! ამით თავიდან ვიშორებ ყველა ცუდ მოგონებას, ძირითადად კი ბავშვობისას. არავინ იცის რატომ, მაგრამ ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში ისეთი რაღაცეებიც გადაუტანია, რის გამოც უბრალოდ სული დამახინჯებია, ან ადამიანებისადმი ნდობა დაუკარგავს. შეიძლება სიცოცხლეში ვერც მივიღოთ პასუხი ღვთისგან კითხვაზე-“რატომ”, მაგრამ შეგვიძლია ეს ტკივილი შთაგონების წყაროდ ვაქციოთ, გამოგონილ პერსონაჟებს ვაჩუქოთ და მათი საშუალებით მკითხველებს გავუნაწილოთ.

აი ასე... ესაა ის მინიმუმი, რაც ვიცი საკუთარი თავის შესახებ და რისი თქმაც მსურს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. იქნებ ხვალ ვკვდები და არ მინდა ჩემგან ვიღაცის შეთითხნილი არარსებული პორტრეტი დარჩეს. ამას სჯობს, საერთოდ არასოდეს არავინ გამიხსენოს. მოკლედ და კონკრეტულად კი სათქმელი ერთია-მე არ ვარ მარტივად ჩემი გარეგნობის ანალოგი. თანაბრად ვატარებ საკუთარ თავში დაძაბულ ნერვებს, ქაოსს, გულისგამაწყალებელ მაქსიმალიზმს და იდეალიზმს და სხვა ათას ჩემთვისაც ჯერ კიდევ უცნობ ჯურღმულებსა თუ დემონ-ანგელოზებს, რომლებიც ასაკის მატებასთან და ცხოვრების გართულებასთან ერთად ნელ-ნელა იჩენენ თავს. სამწუხაროა, რომ წლებთან ერთად რაც უფრო იზრდება გარშემო ნაცნობების რაოდენობა, მით უფრო მცირდება მათი რიცხვი, ვინც რეალურად გვიცნობს.

ჰოდა, ნურავინ, ნურავინ იტყვის რომ ვუყვარვარ, ან მაფასებს, თუ ამ ჩემს სიბნელეებს არ იცნობს.

/8/23/14/ ნინო ჭინჭარაული.

Saturday, July 12, 2014

მეზობელ პასტორს


"მოწევა სიკვდილს იწვევსო", პადრე!
ასე გამოდის, თავს იკლავთ თურმე,
თვითმკვლელობა ხომ ცოდვაა დიდი.
თქვენ როკ-ენ-როლი გიყვარდათ ადრე,
ბანქოს თამაშით ართობდით სტუმრებს
და ზღვის ჰავასაც სათქვენოდ თვლიდით.
ახლა კი მთიან ქალაქში ცხოვრობთ
და ხმადაბალზე უსმენთ მონტსერატ
კაბალიეს და – ოპერა მხოლოდ –
სხვისი არაფრის არ გსურთ მოსმენა.
ვეება მთვარის კაშკაშა შუქი,
ჩრდილს რომ გადახრის გვერდზე, მონასტრის,
ვერვინ გიბედავთ ლაპარაკს, თუკი
პარტიას უსმენთ დეზდემონასი.
გიყვართ ჭადრაკი, დროს კლავთ თამაშით.
ალბათ თქვენც გიკვირთ თქვენივე ხვედრის,
ვინ დაამსგავსა ასე ლამანჩელს
შუბმომართული ფიგურა მხედრის.
ბოდიში! ვიცი, ზედმეტი გკადრეთ
(თქვენ კი ეწევით, მკაცრი და მშვიდი),
"ფუმარ პუედე მატარ"-ო, პადრე!
თვითმკვლელობა კი, ცოდვაა დიდი.
/სოსო მეშველიანი/

Monday, July 7, 2014

***


უფალო,
იქნებ, შენც აქვე,
ჩემს გვერდით ხარ ჩამომჯდარი ახლა
და მიყურებ,
როგორ მიჩქარდება გულისცემა,
იტალიური ეზოს კარის ყოველ გაღებაზე,
როცა იქიდან ვინმე გამოდის.
აგერ უკვე,
ოც წუთზე მეტია,
რაც ამ კიბის საფეხურზე ვზივარ
და ჩემს პატარა გოგონას ველოდები...
...
იქნებ,
შენც ზუსტად ასე,
სულმოუთქმელად გვიცდი ხოლმე
და ძალიან,
ძალიან გწყდება გული,
თუ შენთან არ მოვდივართ.

/ნიკა ჩერქეზიშვილი/

***

თუ აედევნები პოეტს,
ნუ გაიმეტებ ზურგში
სასროლად,
იქნებ რა უდევს გულში?...
ადროვე,
მივიდეს ბინაში,
ამოიღოს გულიდან
გაყინული სისხლი...
შენ ამასობაში დაელოდე
სადარბაზოსთან
და როცა ჩამოვა,
ნურც შემდეგ მოეპყრობი
უდიერად..
მშვიდად მიადე გულზე იარაღი
და კითხე:
„მზად ხარ სიკვდილისთვის?“
ის გიპასუხებს:
„მე,
ყოველთვის მზად ვარ
სიკვდილისთვის...“

/ირაკლი ბერია/

Monday, June 30, 2014

"ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად"


ყველა ხევსურ ახალგაზრდას მივმართავ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ტექსტი და მსურველები გამოგვეხმაუროთ.

საინიციატივო "ჯგუფი სანეს" წევრმა ხევსურმა გოგოებმა დავიწყეთ შემდეგი პროექტის განხორციელება "ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად".დღეისათვის ხევსურეთში შემორჩენილია მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი (ქალი) რომელმაც იცის ტალავარის ქსოვა და ქარგვა. თითოეული მათგანის დაკარგვა ნიშნავს მთელი იმ ცოდნის დაკარგვას, რაც მათ გააჩნიათ. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ვეღარ მოხდეს ამ ტრადიციის აღდგენა და იგი სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდეს.
ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ხევსურებისათვის ქსოვისა და კერვის უფასოდ შესწავლით (ქსოვილის-„ტოლის“ დამზადების, ხევსურული ტალავრის შეკერვისა და დაქარგვის ხელოვნება“,) უძველესი ტრადიციის გადარჩენა-შენარჩუნება.
ჩემო ხევსურის ქალებო, ჩვენ ერთგვარი ვალდებულება გვაკისრია ჩვენი კულტურის და ტრადიციების გადარჩენაში პატარა წვლილი შევიტანოთ. ამიტომ მოგმართვათ თუ სურვილი გექნებათ ერთად შევისწავლოთ და აღვადგინოთ ჩვენი ტალავრის(რომელიც ნამდვილად საჭიროებს გადარჩენას) ქსოვის და კერვის ძველი ტრადიციები.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ

Wednesday, June 18, 2014

ვცდილობ მივეჩვიო ("დიეტა")



მიჩვევას ვცდილობ, ვცდილობ მივეჩვიო
აზრს, რომ შეიძლება აღარ იკვებო და მაინც იცოცხლო.
ბოლომდე მოიშორო ყველა ილუზია,
არავის არაფერი აიძულო.

აღარ იკვებო იმედებით,
ძველი მეგობრებით,
არავის სთხოვო ღიმილის ნაგლეჯი,სითბოს ნარჩენები,
არ გამოწიწკნო კბილიდან შეხვედრა,
არ თხოვო მოგისმინონ.

მიჩვევას ვცდილობ,ვცდილობ მივეჩვიო,
რომ უნდა დავთმო ნანატრი საკვებიც-
გაზიარება სხვისი ტკივილის და სიხარულის...
რადგან მარტოოდენ დუმილის სიმძიმეს იზიარებ,
როცა მარტო ხარ.

მაგრამ,მე სულ მთლად მარტოც არ ვარ,ჩემი სიჩუმე
სავსეა ათასი მტანჯველი აზრით.
სხვაც ბევრი მრჩება-
ლექსები და მოკლე სიზმრები,
ყველაფერს დუმილის დაღი აზის.
ჰოდა მეც ვცდილობ მივეჩვიო
ამ ჩემს ერთადერთ საკვებს-სიჩუმეს.

მიჩვევას ვცდილობ,ვცდილობ მივეჩვიო
აზრს, რომ ცხოვრება ასეთია
ან უნდა გახდე მათხოვარი,
ან უნდა იყო დიეტაზე...
მაგრამ უფალო, მოწყალების
თხოვნაზე უფრო შემზარავია
იდგე და სიყვარულს მათხოვრობდე.
ამიტომ ვირჩევ უკანასკნელს
ვარ დიეტაზე.
ისე სუქდება და იბერება
სული მტკივნეული სიცარიელით,
რომ მალე სხეულიც ვერ დაიტევს
და გაყრას მოსთხოვს.

ჰოდა, ამიტომ ვცდილობ მივეჩიო
აზრს, რომ შეიძლება აღარ იკვებო და მაინც იცოცხლო.
ბოლომდე მოიშორო ყველა ილუზია,
არავის არაფერი აიძულო.
მხოლოდ ჯიუტად საკუთარ თავს-
აღარ მოშივდეს!...


/09/06/14

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, June 15, 2014

***

ზოგჯერ ადამიანს შორიდან უმზერ და
გრძნობ, რომ ცხოვრებამ ორივე თქვენგანს
დააკარგინა ერთი მეგობარი,
ერთი მახლობელი,
ერთი მსგავსი სული...
ორივე სხვადასხვა გზებით ატარა,
ან უდროო დროს შეახვედრა.

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, June 8, 2014

არშემდგარი დიალოგი, კუნძულზე


თქვენ მგონი ახსენეთ, მონმარტი,
დონ-მარტინ!
ასე უადგილოდ და ასე უბრალოდ.
(თქვენ ხართ, წარმოშობით აზიატი)
რა თქვენი ბრალი არის, რომ მარტის
დაგყვათ უხეირო ხასიათი,
არ გიყვართ ყველასთან საუბარი.

ვეწევით. ლიმონის ბაღთან ვზივართ.
თქვენ გაქვთ შესაშური ფანტაზია,
ამიტომ თავიდანვე გაფასებდით.
ვერთობით თავბრუდამხვევ ნაფაზებით,
არ გიყვართ არც მხატვრობა, არც მუსიკა
გიყვართ უნამუნო. (ფანჯრის რაფაზე კი
ქოთნით პატარა კაქტუსი დგას).

თქვენ უკვე შეეშვით გალაქტიკებს,
მიწაზე დაეშვით. ჭარხლის და ბოლოკის 
მოყვანა დაიწყეთ. 
და ეს არც ეპილოგია და არც პროლოგი.
ზოგჯერ უცნაურად მაკვირდებით
ეს ძველი, ცნობილი ასტროლოგი.

ვზივართ და ქარმა ოკეანის.
უსასრულობიდან დაგვიბერა,
ისევ შეარხია ლიმონები.
თქვენი თუთიყუში "მარიბელა"
კენკავს, მაგრამ ვეღარ იმეორებს
სიტყვებს. და ჩიჩახვი ებერება
როგორც თქვენ, დონ-მარტინ-ებერელა.

/სოსო მეშველიანი/

Thursday, June 5, 2014

დროა


     
“ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი”-, რამდენიმე დღეა ეს ფრაზა მიტრიალებს თავში. უცნაური დიპლომატები არიან ეს ექიმები და ფსიქოლოგები. არა...დიპლომატები კი არა-ტელეპატები, ჯადოქრები. შეუძლიათ ძალიან უბრალოდ, ზოგადი ფრაზებით, თითქმის მხიარულად აგიხსნან, რომ შენი შვილი, ან შვილიშვილი, ან ზოგადად, ოჯახის პატარა წევრი აუტისტია და ეს ისე გააკეთონ, რომ სიტყვა “აუტიზმი” ერთხელაც არ ახსენონ. “განვითარების ზოგადი აშლილობა”, ან სხვა, მსგავსი ტიპის განმარტება, რომელიც სამედიცინო ფსიქოლოგიისგან შორს მდგარ ადამიანებს ნაკლებად გვესმის, ნაკლებ მტკივნეულად მისაღებიცაა, მით უფრო მაშინ, თუ ამ დიაგნოზს იმის ალბათობაც ერთვის, რომ შესაძლოა ბავშვის გონება არა ასაკს ჩამორჩენილი, არამედ პირიქით, ზედმეტად განვითარებულიცაა და მისი ერთის მხრივ ჩაკეტილობას, სხვა რაიმე კუთხით გამორჩეული ნიჭი აანაზღაურებს.

 
   ჰო, ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ იმის გაცნობიერება მაინც რთულია, რომ შენი სისხლი და ხორცი არ იქნება ჩვეულებრივი ბავშვი. რაღაც ეტაპზე სასოწარკვეთილებაც გიპყრობს, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ არ მიხვდები, რომ ის უბრალოდ განსხვავებულია, ან შესაძლოა...შენ გგავს.
 
   რამდენი ჩვენგანი ყოფილა ბავშვობაში უცნაური, არაკონტაქტური და გარემოს მიმართ ძალიან მგრძნობიარე? რამდენ ჩვენგანს ჰქონია აკვიატებული ფრაზა, მოძრაობები, ამოჩემებული სათამაშო? ჩემს ბავშვობაში ამას უბრალოდ “თავისებური ბავშვი” ერქვა, დღეს კი იმასაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით 20წლით გვიან, ამ დროს რომ დავბადებულიყავი და დედაჩემს ჩემი უცნაურობების გამო ნეიროფსიქოლოგთან მივეყვანე, პასუხი ალბათ იგივე იქნებოდა-“აუტიზმი”, ან “აუტისტური სპექტრის აშლილობა”.
 
   და მაინც, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს დიაგნოზი ძალიან მკვეთრადაა გამოხატული და ყოველგვარი თერაპია დაგვიანებულია, ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ მისი მატარებელი არაა პიროვნება და საზოგადოებისგან იზოლირებულად უნდა იცხოვროს. ფსიქოლოგი რის ფსიქოლოგია, რომ დიპლომატიურად არ მიუდგეს ამ საკითხს, მაგრამ ზოგადად, საზოგადოებას ძალიან გვაკლია დიპლომატია მსგავსი ტიპის ადამიანებთან მიმართებაში.
 
   იგივე სიტუაციაა იმ ადამიანებთან მიმართებაშიც, რომელთაც აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა. საზოგადოებისთვის ყველა მათგანი “ინვალიდია”, რომელთაც არ იცის როგორ მოეპყრას და ხშირ შემთხვევაში თავს ვალდებულად თვლის, მათ დასანახად ტრაგიკული გამომეტყველება მიიღოს და თანაგრძნობა დაანახოს. რათქმაუნდა, თანაგრძნობის უნარი ყველას უნდა გაგვაჩნდეს, მაგრამ ღიად გამოხატული სიბრალული ისაა, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ მათ. მთავარია, რომ საზოგადოებამ ისინი მიიღოს, როგორც სრულფასოვანი ადამიანები. Gასაგებია, რომ ფიზიკური ნაკლი თვალშისაცემია, მაგრამ ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ატარებს სულიერ ნაკლს(ეგოიზმი, უსიყვარულობა და სხვა) რომელიც ბევრად უარესია და ვერავითარი გარეგნული სილამაზე ვერ გააწონასწორებს.
 
   მეორე უკიდურესობასც არსებობს. არის საზოგადოების ნაწილიც, რომელსაც უბრალოდ აღიზიანებს “ინვალიდთა” ჯგუფში შემავალი ადამიანების აქტიურობა, მასაში გარევა, სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებსა თუ ჩემპიონატებში მონაწილეობა. მახსენდება ჩემი უბნელი ნინო, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით, რომელსაც მუსიკალური ნიჭი ჰქონდა და ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა კონცერტებზე, მუსიკალურ კონკურსებზე. მისი წარმატებები ზოგს უხაროდა, მაგრამ ბევრი იმასაც ჭორაობდა, რომ ეს მიღწევები მისი დიაგნოზის დამსახურება იყო. ნინო ყველაფერს ამჩნევდა და განიცდიდა, მაგრამ შესაშურად მებრძოლი სულის მქონე იყო და თავის მდგომარეობას არ ეპუებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივ ინსტიტუტშიც ჩააბარა. მახსოვს, დედამისს ყოველდღე, საკუთარი ხელით აჰყავდა ეტლში ჩასმული 20წლის გოგო ავტობუსში რომელსაც პანდუსი არც მაშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს(ეს ფაქტი ხომ მათდამი სრულ იგნორზე მეტყველებს). ბევრი სირთულისა, გულისტკენისა და არაადეკვატური მოპყრობისა(მაგ. ლექტორისგან ნასროლი ფრაზა-“ნიშანს იმიტომ გიწერ, რომ ინვალიდი ხარ!”. კომენტარი ზედმეტია)ნინომ ინსტიტუტი მაინც დაამთავრა და ახლა სამუშაოს ძიებაშია. მის მსგავსად იბრძვის უამრავი ეტლით მოსარგებლე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და ელოდება ხალხი როდის მიხვდება ამას.
 
   და საერთოდ, “უნარშეზღუდული” ყველაზე უსამართლო სიტყვაა, რაც კი შეიძლება ვიხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ. უბრალოდ, მათ რეალურ მდგომარეობას მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ, როცა ჩვენს გარშემო, სამეგობროში, ან სულაც, ოჯახში გვყავს ისინი. სხვა მხრივ კი იარლიყი, სტიგმა, დამამცირებელი მეტსახელები...სამწუხაროდ დღესაც ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც წლების წინ იყო და მეც იმავეს ვაწყდები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რასაც ბავშვობაში.
 
   დროა, მართლა დროა სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ვისწავლოთ.

/ნინო ჭინჭარაული/

Saturday, May 24, 2014

აქ იყო ესპანეთი,სახელად "კასტილია"


    ანტონიო მაჩადოს ლექსების კრებულის პრეზენტაციის ჩანაწერი უკვე დაიდო:)

უდიდესი მადლობა ზურა ქოროღლიშვილს,რომლის დამსახურებაცაა ამ საღამოს გადაღებაც,ვიდეოს დამუშავებაც და ატვირთვაც.

ცუდი განათების გამო ხარისხი ცოტა ვერ არის კარგი,მაგრამ არქივისთვის არაუშავს.

ჩემი მეორე წიგნი...ამჯერად "შვილობილი",ანუ თარგმანი.

მიყვარს  მაჩადო .





Saturday, May 10, 2014

ანტონიო მაჩადო არტ-კაფე-HOME-ში

 
 საკუთარ ლექსებზე,ღონისძიებებზე (ან მათზე, რომლებშიც ვმონაწილეობ) ინფოს ცოტა უხერხულად ვაანონსებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები - ადამიანს არ უნდა გრცხვენოდეს იმაზე ხმამაღლა საუბრის, რისი კეთებაც გიყვარს (გამონაკლისია სცენაზე ლექსების კითხვა,რაც მართლა არ მიყვარს და "რაც გეჯავრებოდეს,ის გეძალებოდეს" ამბავი მაქვს სულ)
  თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. მახსოვს, ერთმა მეგობარმა ერთხელ ღიმილნარევი საყვედურით მითხრა - "როგორც ავტორი,რატომ არ აქტიურობ. შენს შემოქმედებას პოპულარიზაციას პირველი შენ უნდა უწევდეო." და მახსოვს, რაც ვუპასუხე-"ლექსებს სხვანაირად განვიცდი და მათზე თავისუფლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როცა თარგმანები გამოვა, მათი გაზიარებით თავს მოგაბეზრებთ ყველას"-მეთქი.
   აი, როგორც იქნა, გამოვიდა და მეც დავიწყე თავის მობეზრება :)
   ანტონიო მაჩადო ჩემს ცხოვრებაში როგორ მოულოდნელადაც გაჩნდა, ისე მოულოდნელადვე იქცა მისი ლექსების თარგმნა სერიოზულ საქმიანობად, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, როცა გასართობად,საცდელად და საკუთარი სიამოვნებისთვის ვთარგმნე მისი პირველი ლექსი noche de verano, მერე სულ შემთხვევით, მოვხვდი გამოცდილ მთარგმნელებთან ერთად სემინარზე და ჩემდა გასაკვირად, ლექსი მიწასთან არ გაასწორეს :)
   ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ქალბატონი ელზა ახვლედიანის სულ ცოტა შექებაც და საერთოდაც, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც მცირედი წახალისების შედეგად გონებაში რობოტი ენთუზიასტი ერთვება :)
   მოკლედ, ანტონიო მაჩადოს ჩემს მიერ თარგმნილი კრებული გამომცემლობა "არტანუჯი"ს მიერ გამოიცა (რისთვისაც მადლობა ჯერ-ლიკა ჩაფიძეს, რომელმაც მათთან დამაკავშირა, შემდეგ-გვანცა ჯობავას,პოეტ სოსო მეშველიანს-არაჩვეულებრივი წინასიტყვაობისთვის და ბოლოს, ყველა თანამშრომელს, ვინც ამ წიგნის "დაბადებაში" მიიღო მონაწილეობა) და ჩემი ბლოგის მკითხველებსაც და არამკითხველებსაც გეპატიჟებით.

კიდევ ერთიც. როცა პრეზენტაციისთვის ადგილს ვეძებდი,ფბ-ზე წავაწყდი art cafe home-ს, რომლის ფოტოებმაც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მომაჯადოვა და რაღაცნაირად,ქვეცნობიერად დავინახე, რომ ზუსტად ამ ძალიან მაგარ არტ-კაფეში უნდა მომხდარიყო ქართული მაჩადოს მკითხველისთვის გაცნობა. როცა რაღაც ძალიან გულით გინდა, გისრულდება კიდეც და უზარმაზარი მადლობა ამისთვის home-ის მამასახლისს,გიორგის :) და ჩემს ჯგუფელს-მარის, რომელმაც მასთან დამაკავშირა. :*
   მოკლედ, მოკლედ... გელოდებით 14 მაისს, 19:00ზე, art cafe home-ში( ბეთლემის 13).
 ანტონიო მაჩადოს კრებულის-"აქ იყო ესპანეთი,სახელად კასტილია"-ს პრეზენტაცია

არტ-კაფე home
/ნინო ჭინჭარაული/ 5/10/14



 

Saturday, May 3, 2014

ახალგაზრდა პოეტები- ქველმოქმედებისთვის.

   1 მაისს, 19:00-ზე,  ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ გაიმართა ახალგაზრდა შემოქმედთა პოეზიის საღამო 9წლის ნუციკო ჩიტაძის დასახმარებლად. 
   
   ნუციკოს ოთხთვენახევრის ასაკში კუნთების დაავადება დაემართა, რის შედეგადაც კიდურები მოუდუნდა და დღემდე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. უმშვენიერესი და უნიჭიერესი პატარა გოგონა ახალგაზრდებმა ხაშურში გაიცნეს და იქვე შეიტყვეს, რომ მას ესაჭიროება ახალი ეტლი და კორსეტი, რათა მისი დაავადება უფრო არ გართულდეს. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა მისთვის საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება.


  საღამოზე მონაწილეობას იღებდნენ  ახალგაზრდა თანამედროვე მწერლები: თორნიკე ჭელიძე, თეა თაბაგარი, ნატა ვარადა, თამო გიუნაშვილი, ცია ლაბაძე, ალექსანდრე ახალკაცი, ქეთი დიდიშვილი, გიორგი ხატიაშვილი, ნუკრი ბერეთელი, ნინო ქადაგიძე,ნინა ნეკერი, ნინო ჭინჭარაული, დავით კვიტატიანი, მედეა კაზარაშვილი, ცირა თევდორაშვილი, ნათია აბულაძე, თამთა გრიგოლია,ლევან ძამუკაშვილი. ხოლო მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი "ზღვარი".
  
  ნუციკოს სურვილით(გოგონა საღამოს არ ესწრებოდა) მონაწილეებმა მისი რამდენიმე ლექსიც წაიკითხეს. 

   საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ნატა ვარადა, ალექსანდრე ახალკაცი და თეა თაბაგარი.

თეა თაბაგარი- ნუცა დაახლოებით ერთი თვის წინ, ხაშურის #2 სკოლაში გამართულ პოეზიის საღამოზე გავიცანით.ისეთი გულისყურით და ანთებული თვალებით გვისმენდა, არ შეიძლებოდა, რომ არ დაგვმახსოვრებოდა.შემდეგ, საღამოს იქაურმა ორგანიზატორებმა გვითხრეს, რომ ნუციკო თავადაც წერდა ლექსებს და წაკითხვის სურვილი ჰქონდა.ამ უნიჭიერესმა გოგონამ, საკუთარი ლექსების წაკითხვის შემდეგ, სიმღერაც შეასრულა.მაშინვე გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩვენი ურთიერთობა ნუცასთან არ ამოწურულიყო მხოლოდ იმ საღამოთი. ცოტა ხნის წინ, კი ნუცას დედის წერილი ვნახეთ, სადაც იგი ითხოვს შვილისთვის დახმარებას, რისი მეშვეობითაც გოგონას ფიზიკური ტკივილი შეუმსუბუქდება. მაშინვე გადავწყვიტეთ პოეზიის საღამოს გამართვა, რათა შემოსული თანხა მათი ოჯახისთვის გადაგვეცა.ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც პატარა ნუცას ტკივილი გულთან მიიტანა და ვინც მომავალშიც დაგვეხმარება, თუნდაც იმით, რომ ანგარიშის ნომერი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.


ცია ლაბაძე
თეა თაბაგარი

თორნიკე ჭელიძე
ნინო ჭინჭარაული
ნუკრი ბერეთელი
ალექსანდრე ახალკაცი






ნინა ნეკერი
ცირა თევდორაშვილი
ნათია აბულაძე
მედეა კაზარაშვილი
ლევან ძამუკაშვილი
თამო გიუნაშვილი
ნინო ქადაგიძე
დავით კვიტატიანი
გიორგი ხატიაშვილი
თამთა გრიგოლია


/ნინო ჭინჭარაული/
2014/05/03


Tuesday, April 29, 2014

საქველმოქმედო პოეზიის საღამო ნუციკო ჩიტაძის დასახმარებლად!


1 მაისს,ხუთშაბათს,  19:00-ზე, Festival - Restaurant Divan | ფესტივალი - რესტორაცია დივანი-ში(ტაბიძის 3/5) გაიმართება საქველმოქმედო საღამო პატარა ნუციკო ჩიტაძის დასახმარებლად, რომელსაც აქვს კუნთების დაავადება და ეტლის დახმარებით გადაადგილდება. 

მონაწილეობენ ახალგაზრდა თანამედროვე მწერლები: თორნიკე ჭელიძე, თეა თაბაგარი, ნატა ვარადა, თამო გიუნაშვილი, ცია ლაბაძე, ალექსანდრე ახალკაცი, ქეთი დიდიშვილი, გიორგი ხატიაშვილი, რობერტ მესხი, ნუკრი ბერეთელი, სოსო მეშველიანი, ნინო ქადაგიძე, ნანა ქელეხიძე, ნინა ნეკერი, ნინო ჭინჭარაული, დავით კვიტატიანი.

 ორგანიზატორი: ნატა ვარადა
ღონისძიება ფეისბუქზე  საქველმოქმედო პოეზიის საღამო ნუციკო ჩიტაძის დასახმარებლად!

დედამისის საბანკო ანგარიში გახლავთ:

GE66LB0711174495879000 - ელენე კასრაძე 

Tuesday, April 8, 2014

გაქცევა

ქათმისფეხებიანი ქოხი დამდევს,
წიფლის ბნელ ფუღუროში ვიმალები,
ცრუ განგაშს ატეხავენ მამლები და
ვინ როგორ გაიგებს იმ მამლების
ყივილს, შუაღმისას ხევებში რომ
დევის ხვრინვა ისმის, ქარაფიდან,
ცოცხზე შემჯდარი დედაბერი
სადღაც მოუსვლელში გადაფრინდა.
ბოროტ ზღაპრებიდან გაქცვა მსურს,
თუ კი ამას მაინც ბედი მაცლის,
დედის ნათელ ხსოვნას გააშავებს
წყევლა უანჩხლესი დედინაცვლის.
ასე ფეხმორთხმული, ფუღუროში
ვზივარ, გათენებას ველოდები,
შეჩვენებულივით ერთ ღამეში
წვერი მეზრდება და ვმელოტდები.

/სოსო მეშველიანი/

Friday, March 28, 2014

მგზავრი (ესპანური ციკლიდან)


                                          (ანდრეს სეგოვიას)

პირქუში მიწაც ახითხითდა, ზეცის ღიმილზე.
ეს, შენი წილი სამოთხეა, ბახს აქ რა უნდა?
ღრუბლის ნამცეცა ცხვარი ბღავის ზეთისხილის ქვეშ,
ხსოვნის უფსკრულში ექოებად რომ ახმაურდა.

ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა.
ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და....
ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან,
მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.

დამშვიდდა სივრცე, ზღვაც დამშვიდდა, აღარ ყრის ცოფებს.
მალე ვარსკვლავი აენთება ცაზე იმდენი...
შემოუფრინეს თოლიებმა ზღვისპირა სოფლებს
და ცის სილურჯეს ისუნთქავენ ჭარხლის მინდვრები.

შორს, ზღვის შორეთში, უკვე ჩამქრალ ჰორიზონტებზე,
ვაყოლებ მზერას, მოციმციმე მოძრავ წერტილებს.
გარს მაკრავს მხოლოდ სიმარტოვე, როგორც პილოტებს
სიცარიელე, მალე ფიქრსაც შემაწყვეტინებს
ღამე, არ მისულს კანტაბრიის სანაპირომდე.

/2008წ.პამპლონა/

/სოსო მეშველიანი/ 

Tuesday, March 18, 2014

მე და "ნარჩიტა"

       

რეშატ ნური გიუნთექინის-"ნარჩიტა". ჩემი საყვარელი წიგნი.

    ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა იცი, რომ კარგი ჩანაწერი არ გამოგივა. სხვისთვის შეიძლება ნორმალურადაც ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ შენ გეცოდინება, რამდენად მოკლე, ზედაპირული და გაუგებარია, რადგანაც შეუძლებელია კარგად გადმოსცე ის, რაც მხოლოდ შენთვისაა გასაგები.რატომ მხოლოდ ჩემთვის?-იმიტომ რომ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი თავიდან-ფეხებამდე მე ვარ, ოღონდ ცისფერი თვალებისა და არამიწიერი სილამაზის გარეშე.
 
    რამდენი წელი გავიდა, ამ წიგნის პირველად წაკითხვიდან და დღემდე მისი ხელში აღებისას ისევ ისეთი უცნაური შეგრძნება მაქვს, როგორიც თავიდანვე მქონდა. რამდენი წიგნის რამდენ გმირში შეიძლება იპოვო საკუთარი ხასიათის ნიშნები, მსგავსი საქციელი, საერთო აზრები...მაგრამ მთლიანად საკუთარი თავი? ესეც შესაძლებელი ყოფილა და დღეს ჩემთვის ახსნილია ჩემი ბავშვობის და მოზარდობის პერიოდის ყველა ის უცნაური საქციელი და განცდები, რაც აქამდე თავადაც გაუგებრად მიმაჩნდა, რადგანაც ფერიდე ნიზამ ედინის, იგივე –“ნარჩიტა”ს დღიურმა გამიმხილა ყველაფერი, რისი დაწერაც და ახსნაც საკუთარ დღიურშიც არ შემეძლო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს წიგნი ჩემი დღიურია (რათქმაუნდა, გარკვეულ დეტალებს თუ გავცხრილავთ მასში).
 
    ამ წიგნის წაკითხვაც(როგორც სხვა მრავალის) იმ ბებომ მირჩია, რომელმაც შემაყვარა ლიტერატურა,პოეზია. ის თურქული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით არ გამოირჩეოდა, თუმცა ამ წიგნზე ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, რომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ შეიძლება ნარჩიტაში ისიც საკუთარ თავს ხედავდა. მიუხედავად ჩვენი ზოგჯერ კონფლიქტური ურთიერთობისა, მე და ბებო ძალიან ვგავდით ერთმანეთს-ჯიუტები, გულდახურულები და გამაღიზიანებლად პრინციპულები. ის მოკვდებოდა, მაგრამ არასდროს გადაგიშლიდა საკუთარ განცდებს, სიყვარულზე საუბარი აღიზიანებდა და მხოლოდ სხვისი ისტორიების გახსენებისას თუ შეატყობდი ანთებულ თვალებში, თუ როგორი პოეტური და რომანტიული იყო. დღეს, როცა ის აღარ არის ამქვეყნად, მეც არ მაქვს ჩემს კითხვაზე ზუსტი პასუხი, მაგრამ რომც მეკითხა ოდესღაც მისთვის, ვიცი, არ მიპასუხებდა, თავისი ცხოვრებიდან სხვა საინტერესო ამბავს მომიყვებოდა და მოხერხებულად დაიძვრენდა თავს კითხვისგან... ზუსტად ისე, როგორც ალბათ მე გავაკეთებდი.
 
    აი, ისევ ვშლი “ნარჩიტას” და ვბრუნდები თიანეთში, სადაც ის პირველად წავიკითხე. მახსოვს, რამდენჯერ ავმძვრალვარ მსხლის,ან კაკლის ხეზე და იქ გამიგრძელებია კითხვა. ჩემს წარმოსახვაში კი წიგნში აღწერილი ყველა ამბავი თიანეთის მიდამოებში ხდებოდა. თექირდაღი- თიანეთის გასასვლელთან იყო, აზიზ ძიას სახლი-ჩემი ბიძაშვილების სახლში, კუშადასი-ბაღიანებში და ზეინილერის სკოლა- #2სკოლაში. დღესაც მეცინება ჩემი ფანტაზიის სიმწირეზე...თუმცა, რა იცი,ქვეცნობიერი რა პრინციპით მუშაობს.
 
    მოკლედ რომ ვთქვა, ჯიუტმა, ველურმა, სულით ძლიერმა, მაგრამ გულის ამბებში სუსტმა და მშიშარა ნარჩიტამ სარკეში ჩამახედა. ეს ჩემი ნაწერიც დღიურს, აღიარებას ჰგავს. მე დღესაც არ ვიცი სად ვიწყები უხეში,დამცინავი და სად ვმთავრდები სუსტი და ემოციური, ანდა-პირიქით... . ან, სად იწყება ჩემი ბავშვური გულახდილობა და მთავრდება-გაყინული,შუშისთვალებიანი მზერა, რომლის იქითაც ვერავინ ვერაფერს წაიკითხავს. სანამ სხვა ადამიანების გაგებას მოვინდომებთ, ჯერ საკუთარი თავის ამოხსნა რომ ვცადოთ ყველამ, შეიძლება სხვებისთვის ვეღარასდროს მოვიცალოთ, რადგან არ არსებობს იმაზე უფრო მიუწვდომელი საიდუმლო, ვიდრე საკუთარი თავია. თუ ჩვენს თავს რამე გავუგეთ, მაშინ კი უკვე სხვების გაგებასაც შევძლებთ (იმედია)
 
    რაც შეეხება წიგნს, როგორც ნაწარმოებს... ფინალი ჩემთვისაც კი აშკარად ხელოვნური აქვს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორი დაიღალა წერით და უცებ მიაფუჩეჩა “happy end”-ი. თუმცა,შეიძლება ასე არც იყოს, რადგან ახლახან გავიგე, რომ ის გამოცემა, რომელიც მე წავიკითხე, წიგნის შემოკლებული ვარიანტია. სრული,ახალი ნათარგმნი კი იყიდება და ერთი სული მაქვს, ხელში როდის ჩავიგდებ.
 
    მოკლედ, წინასწარ ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი,ვინც ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტს, დასაწყისში მიატოვებს(როგორც ჩემმა ერთმა ჯგუფელმა მოიმოქმედა და არც გამიკვირდება. ვიღაც-გულისგამაწვრილებელ სენტიმენტებს იპოვის ნარჩიტას დღიურში, ვიღაც-დაუჯერებელ ისტორიას, ვიღაც კი-ნამდვილ ცხოვრებას თავისი მახინჯი მხარეებით. სულ არაა საჭირო წიგნის ფინალმა ლოყები გახოკინოს, მთავარია-მთლიანად ნაწარმოებმა რა მოგცა.-ესეც ჩემი სუბიექტური აზრი- ნინო/ფერიდე/ჭინჭარ-აული/ნიზამ-ედინი-ს )))))) ან უბრალოდ “ნარჩიტა”სი.

პ.ს. ბავშვობაში "ნარჩიტას" 1986 წელს გადაღებული რამდენიმე სერიიანი ფილმიც გადიოდა https://www.youtube.com/watch?v=OqAMd4yYSPA  ,რამდენიმე საიტზე  კი ახალი,2013-ის გადაღებულიც ვიპოვე,თუმცა ეს უკანასკნელი ნამდვილი გაწელილი სერიალია და მასში ნაჩვენებ ბევრ ამბავს წიგნთან საერთო არაფერი აქვს. მსახიობებია მხოლოდ უკეთესად შერჩეული ;)))))




/ნინო ჭინჭარაული/