Wednesday, March 8, 2017

სიტყვები (ციკლიდან „სახურავზე ცხოვრების თავისებურებანი")



მარტის თბილი საღამო  მონატრებული გარემოთი დავაგვირგვინე. ერთი ბოთლი ჰერენჰოფერით ხელში გადავჯექი სახურავზე და ღამის სილურჯეში ჩაძირულ ხის კენწეროებს, სინათლეებაკაშკაშებულ კორპუსებსა და ტრასაზე მოციმციმე მანქანების უწყვეტ ჯაჭვს დავუწყე ცქერა. აქ ყველაფერი თითეული მიკროსამყაროა, რომელიც ღამის დუმილში თავის პატარა, განსაკუთრებულ ისტორიას მიყვება. ყველას თავისი ცხოვრება, დრო და ვადა აქვს. ზოგი მრავალჯერადია, ზოგიც ერთჯერადი. ამ კორპუსებს მიღმა, თითოეულ ბინაში რამდენიმე მიკროსამყარო ცხოვრობს, რომელთაც საკუთარი და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიები გააჩნიათ.

   ამ ხეებსაც თავისი ისტორია აქვთ, ოდესღაც ისინი დარგეს, იზრდებოდნენ, რამდენიმე თაობას მოესწრნენ და უამრავი რამ უნახავთ. აი, მეც ვზივარ 60-იანებში აშენებული `ხრუშჩოვკის” სახურავზე, იმ ბინის ფანჯარაში, რომელშიც ჯერ არავის უცხოვრია, რადგანაც ამ სახლის თავზე სულ რაღაც ერთი წლის წინ დაშენდა.  ახლა კი, მასში სამი თაობა ვცხოვრობთ და ეს კედლები ჩვენი ისტორიებით იჟღინთება. იჟღინთება ეს ჰაერიც, რადგანაც ჩვენ მას ვსუნთქავთ და უამრავ აზრსა და ფრაზას ვუშვებთ მასში.

    ზოგჯერ მგონია, რომ არათუ ნათქვამი, არამედ უთქმელი არცერთი აზრიც კი არ იკარგება, ჰაერში გამოიტყორცნება, სხვა მოლივლივე აზრებში ირევა და დამოუკიდებელ სიცოცხლეს აგრძელებს. იქნებ, ამიტომაც ებადებათ ხოლმე უცხო ადამიანებს ერთნაირი აზრები, რადგანაც ისინი ოდესღაც უკვე მოუვიდა ვიღაცას თავში და არ დაკარგულა, სანამ სხვამაც არ გაიფიქრა, ან - გაახმოვანა. ისიც მგონია, რომ მარტო აზრები კი არა, სიზმრებიც არსად იკარგება. ისინიც ჰაერში რჩება და ასე სიტყვებით,სიზმრებითა და ოცნებებით სავსე ჰაერი ასაზრდოებს მილიონობით უცნობ, თუ ნაცნობ ადამიანებს და მათ ისტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
 
   სიტყვები... ყველაზე იდუმალი და რთული წარმოშობის მიკროსამყაროებია. მათ სტრუქტურასა, თუ სახვადასხვა ენაზე ეტიმოლოგიურ წარმოშობასაც რომ თავი დავანებოთ, როგორ და რა შეგრძნებების საფუძველზეც იბადებიან, როგორ ფორმირდებიან და გამოითქმიან, მთელი მისტერიაა. ანდა, როგორი დამოკიდებულები ვართ მათზე! განსაკუთრებით მეცოდებიან (დიახ, მეცოდებიან) ის ადამიანები, რომელთაც ნარკოტიკული დამოკიდებულება გააჩნიათ მათ მიმართ და ესინი არიან მწერლები და პოეტები.

   დიახ - ადამიანები, რომელთაც შეიძლება სიტყვათა მონებიც გვეწოდოს და მბრძანებლებიც, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მონები გამოვდივართ, რადგანაც მათ გარეშე უბრალოდ ვიტანჯებით.
 
   სიტყვები თავისით მოდიან, გვთხოვენ, მათზე ვიფიქროთ და თუ არ დავემორჩილებით, შიგნიდან გვღრღნიან, გვჭამენ და გვაწამებენ. თუ მათგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ არ შევასრულებთ მათ ნებას- ვიგრძნოთ ისინი და გამოვხატოთ, შეიძლება უბრალოდ ერთ დღეს თვითმკვლელობამდე მიგვიყვანონ.
 
   და მიუყვანიათ კიდეც, განსაკუთრებით, ისეთი დიდი მწერლები, რომელთაც მეფეებად ვთვლით- აკუტაგავა, ჰემინგუეი, სილვია პლათი, ჯეკ ლონდონი...ისინი ყველანი სიტყვის ნარკომანები იყვნენ. მათ უბრალოდ ვერ გაუძლეს. ზოგმა - უთქმელ სიტყვებს, ზოგმა კი - მათ ვერგამოხატვას. ისინი სიტყვებისადმი ყველაზე მგრძნობიარენი და უძლურნი, ან ზედმეტად ძლიერნი აღმოჩნდნენ.

   მე არ ვიცი, თვითმკვლელობა სისუსტეა, თუ არნახული გაბედულება, მაგრამ ვიცი, რომ სიტყვებს შეუძლიათ  იმად გაქციონ, რაც არასოდეს ყოფილხარ, ან ყოველთვის იყავი და არ იცოდი.

   სიტყვები... მათზე დამოკიდებულება ალბათ ყველას აქვს, მაგრამ წამლისებური დამოკიდებულება მხოლოდ არანორმალურებს უჩნდებათ. მწერლები და პოეტები არანორმალური ადმაიანები არიან. ნორმალური არ გაცვლის ცხოვრებისეულ სიხარულებს და კეთილდღეობას სიტყვებით მიღებულ კმაყოფილებასა და იმ წვაზე, რასაც ხშირად ოჯახური ბედნიერებაც ეწირება. ამას დოსტოევსკიზე უკეთ ვერ ვიტყვი-` ნორმალური ადამიანის უკიდურესი ბოღმამორევით მშურს, მაგრამ მის ადგილას ყოფნა არ მინდა.”

რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც განიცადა სიტყვებით მიღებული კმაყოფილება, მასზე უარს ვეღარ ამბობს. ზოგჯერ ერთი ფრაზით, ერთი სიტყვით ისე შორს აღმოჩნდება ავტორი,  ვერასოდეს რომ ვერ წარმოედგინა და სწორედ ეს რაღაცნაირი, გამოუთქმელი შეგრძნებაა უხეშად რომ ვთქვა ის `კაიფი”, რაც კალამს ხელიდან ვეღარ გაგდებინებს. ალბათ აბდაუბდასავით ჟღერს, მაგრამ მწერლობაც სწორედ ასეთი არალოგიკური ასიმეტრიაა, თითქოს არსაიდან მოსული სიტყვებია, რომლებიც შენ არ გიძებნია. მათ თვითონ გამოიკვლიეს შენამდე გზა, თვითონ გიპოვნეს და გათქმევინეს ის, რაც შენ თვითონაც საგონებელში გაგდებს.

   "მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან. როდესაც მათ გაუჩნდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას”-შეუძლებელია ჩარლზ ბუკოვსკის ამ სიტყვებს გვერდი აუარო. მე პირადად თითქმის არ მახსოვს ის შემთხვევა, როცა დიდ სიხარულს ჩემში შთაგონება გამოეწვია...არა, ვიტყუები. სიხარულს შეუძლია სიტყვების მატერიალიზირება, თუ მას მოლოდინიც ახლავს. ანუ – იმედი. ამიტომაც ბუკოვსკის სიტყვების ფორმირებას ასე მოვახდენდი – როცა მათ გაუმართლდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას.

   ასე, რომ თითქოს ყველა მწერალი წყეულია, რომ იცხოვროს უკუღმართი ცხოვრებით – უბედურებით იყოს ნაყოფიერი და ბედნიერებით-ცარიელი. ამიტომაც შურს მას ჩვეულებრივი ადამიანის ბედის, მაგრამ მის ადგილას ყოფნა მაინც არ უნდა, რადგანაც გულის სიღრმეში მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ასეთი ვერასოდეს გახდება.

03/03/17