Friday, January 27, 2012

უკენახოელი

უკენახოელი,
პაპა წინაპარი.
ბარში დაბადება,
ბედად წილნაყარი.
გაზრდა სხვათა შორის,
ვიტყვი სხვათაშორის:
სადღაც სიუცხოვეს,
გვარით მიუცხოვეს.
ტვირთი ჩემი ვზიდე,
მაინც გავიტანე,
რაც არ მერგებოდა,
ის არ ავიტანე.
მთების სიყვარული,
ლექსად აგორება,
იყო წარსული და
კლდიდან დაგორება.
ცხოვრებასაც ვრითმავ,
ჯერ ხომ კიდევ არი?!
პოეზიის ეშხით
ვაჟას მიმდევარი.
მხიბლავს გაზაფხული,
თავის იებითა.
მიყვარს `კარაბინა~,
თავის ტყვიებითა.
როგორ მენატრება
ცხენი და ჯირითი.
ჩემ თავს ვერ ვაფერე
რაც დავალ იმითი.
ალბათ უცნაური,
თავი, თვითონ მიკვირს?!
ცუდი არ მითესავს,
მაგრამ მაინც ვიმკი.
დიდი მეგობრობა.
ბევრი გამოვცადე.
იყვნენ ჩაჭრილებიც,
თუმცა გამოვცვალე.
ცხოვრებას არ გავტყდი,
ბალადას ვუმღერი.
ქალას სიყვარული,
ოჯახი, უღელი.
ლაღი მონატრება,
გაჭრილი ნადირი,
ჭიუხი, საჯიხვე,
კლდეები ნატირი.
ქეიფი, ღრეობა
აზარტში შესული.
მაინც არ ვბეჩაობ
ბარელი ხევსური.

 /ლადო ჭინჭარაული/

Sunday, January 15, 2012

ფანდანგო უწყვილოდ


     
   
   ეს პატარა ნოველა ადრე დავწერე და მივივიწყე.დღს ვიპოვე და დავდე, იქნებ არ ღირს გადასაგდებად? არ ვიცი,მე კი პოეტურ ხასიათზე მაყენებს  

კაბა მუხლზე ჩამოიწია, კოჭებზე დაუშვა და გაიმართა. ვიწრო წელს, კიდევ უფრო წვრილს აჩენდა შავი ფერი. სარკეში არ ჩაუხედავს, ისე გასწია სცენისკენ.
_ გულსაბნევი დაგრჩა! -, მიაძახა მოხუცმა დამლაგებელმა ქალმა.
არ გაუგონია..
    ფარდა ასწია. თამბაქოს კვამლმა და ჩახჩახა სინათლემ თვალები აუწვა. ნელა დახუჭა ორივე ქუთუთო და ქუსლი მაგრად დაჰკრა იატაკს. ამან თავდაჯერებულობა შემატა, დარბაზიდან კი წამახალისებელი შეძახილები გაისმა
“ ოლეე!.. “
_ მიდი ამაია!-, უჩურჩულა ფარდის უკან მდგარმა მოხუცმა. ამაიამ სცენის განაპირა კედელთან მდგარ ორ ფლამენკისტს ანიშნა- დაუკარითო და მაყურებლისკენ პროფილში მდგარმა მსუბუქად შემოკრა ტაში. დარბაზი მიჩუმდა. გაისმა მანდოლინას ხმა.
     სახეზე ალმური აუვიდა. თითქოს ყველა აკორდმა სათითაოდ დაუარა ტანში და ხელები თავისდაუნებურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ამოძრავდნენ. დარბაზს ემოციის პირველმა ტალღამ გადაურბინა.
     გიტარა ნელა იღებდა რიტმს და ამაიაც აუჩქარებლად, ფრთხილად ეთამაშებოდა თავის მოქნილ სხეულს, აჩქარდებოდა ტემპი და ისიც უცაბედად დატრიალდებოდა, მკლავების, წელისა და ქუსლების ჰარმონიული შეთანხმებით ცეკვის ურთულეს ილეთებს სხარტად და თავისუფლად გამოიყვანდა. სახის მიმიკა ყოველ წუთს ეცვლებოდა. ხან ამაყად, საკუთარი ღირსების შეგრძნებით გადაჰყურებდა დარბაზს, ხან სასოწარკვეთილ, ქვითინამდე მისულ მწუხარე ქალს ემსგავსებოდა, ხან კი გაშმაგებული, ბრაზის ცეცხლს აფრქვევდა და ამავდროულად ცეკვის დროს, სცენის ცენტრიდან არც კი იძვროდა. დარბაზი ვერ მალავდა აღტაცებას
     როცა ხუთმა უხეშმა თითმა უკანასკნელად ჩამოჰკრა გიტარის სიმებს და გაისმა უნაზესი, ტალღოვანი მელოდია, მოცეკვავის ქუსლები სწრაფად, რიტმულად ახმაურდა, ტერფი ორჯერ, მაგრად მოხვდა იატაკს და ხელებმა ისე შემოჰკრეს ტაში, თითქოს ზედ შერჩენილი მტვრის ჩამოფერთხვა სურდათ.
      დარბაზს  შეძახილები და ტაში აყრუებდა.
   ქალმა აიღო სცენაზე დაგდებული რამოდენიმე ყვავილი და თავის დაკვრით მაყურებელს მადლობა გადაუხადა. მერე ისევ ასწია ფარდა და ოთახში შევიდა. მღელვარებისა და ემოციებისგან მთელი სხეული უკანკალებდა.
     მზერა დამლაგებლის თვალებს წააწყდა. მოხუცი ცრემლებს იწმენდდა.
  _სულ როგორ ტირი დედა.-, სევდიანად უთხრა ამაიამ და შეკრული თმა ჩამოიშალა. შავი, სქელი და ტალღოვანი დალალები ჰქონდა. ორად ჩამოიწნა და სახიდან ფერუმარილის მოწმენდა დაიწყო. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და სამიოდე წლის ბიჭუნამ შემოირბინა, ამაიასკენ გაექანა და მუხლებზე მოეხვია. ქალმა მიუალერსა და თმაზე დაუბნია ყვავილი.
     მოხუცი სევდიანად უყურებდა ამ მშვენიერ სურათს.
_ ხელფასის გაზრდას გთავაზობენ-, უთხრა შვილს:_ თუ წყვილში იცეკვებ.
      ამაიამ თავი ასწია. სახეზე უკვე აღარაფერი ესვა, ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა, აღარც ლამაზი იყო, არც უშნო და სრულიად არ ჰგავდა იმ ეშხიან, მგზნებარე მოცეკვავეს, რომელიც 15 წუთის წინ ცეცხლს აფრქვევდა სცენაზე.
     სარკიან მაგიდაზე შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათი იდგა. ქალმა ერთი ყვავილი ჩარჩოს დააბნია, ცოტა ხანს უცქირა და ბავშვისკენ მობრუნდა, რომელიც მისი შავი კაბის კალთებს ეთამაშებოდა. მოხუცმა პატარა ჩანთას წამოავლო ხელი, კარი გააღო და ამაიას გადახედა.
    ქალი იღიმებოდა:
_ უარი უთხარი დედა. ჩემი ფანდანგო მასთან ერთად დაიწყო და სანამ ცოცხალი ვარ, გაგრძელდება მეწყვილის გარეშე და ამიტომ სცენაზეც ყოველთვის მარტო ვიცეკვებ..
    წყნარი, მაგრამ მტკიცე ხმით თქვა ამაიამ, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ფოტოს, ბავშვი ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა. მოხუციც უკან მიჰყვა და კარი გაიხურა.
     სარკესთან დარჩენილი ფოტოს ჩარჩოზე ახალი, ქორფა ყვავილი აფრქვევდა სურნელს, იქვე უჯრაში კი აუარება ძველი, გამხმარი ყვავილები ეწყო..

***
 /ნინო ჭინჭარაული/


Wednesday, January 11, 2012

კოცნა უსიყვარულოდ



მიყვარდა..
ის სხვას ეტრფოდა თურმე,
არ დასცდა ბაგეს სათქმელი მძიმე,
ვცლიდით სიჩუმით
ავსებულ სურებს,
მივდევდით წიფლის
დაქანცულ ჩრდილებს.
აცრემლდებოდა მთების სტუმარი
და საიდუმლოს
ფარავდა ისევ,
ქალის გულისთქმა
ვიცან გუმანით
ავწონ დავწონე ნაბიჯი მყისვე..
და ეგონა რომ ვთხოვდი პირობას,_
ბედნიერი გზა ვუსურვე მაშინ!
თითქოს იმატა ფრთაგაშლილობამ
თითქოს ორბივით
ავარდა ცაში.
ხელი მომხვია,
ბაგეს ძლიერად
დამეკონა და
აღარ განაზდა,
მის შავ თვალებში შუქმა იელვა
ჩემს სულში ღამე
ჩაწვა ანაზდად...
ასე წავიდა
ჩემი ნათია,
ათინათემბა მოითარეშეს
და სამახსოვროდ
დამრჩა დარდიანს
მხურვალე კოცნა
ტრფობის გარეშე..

/გიორგი გიგაური/