Wednesday, January 29, 2014

ერთი ევროპული სოფელი


აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,
სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანით
და ბანკის პატარა ფილიალით.
მე კი. თვითმარქვია შოპენი ვარ,
დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლით
ღამე კი ისეთი თბილი არი…..
ახლა ერთი კათხა ლუდი მინდა
და ცოტა გართობა, ბილიარდით.
მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.
(ვარ და, ამ აბსურდულ თამაშშიაც
მთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)
ახლა გამოვდივარ ოპერიდან,
მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.
ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,
მღერიან იმას რაც მე მომპარეს.
ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,
ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.
უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,
(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)
ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,
რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.
ჰაერი ბგერების ბუსუსებით,
სულივით სუფთა და ჟღერადია.
ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენ
და მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.
2008.წ. (ალეგრია)
 /სოსო მეშველიანი/

Sunday, January 26, 2014

Steel art- ნულიდან შექმნილი ხელოვნება.

   რამდენიმე კვირის წინ, როცა ჩემი ბლოგის რუბრიკა “ხელოვანი”-ს მორიგი სტატია დავასრულე, უკვე ვფიქრობდი ვინ გახდებოდა ჩემი მომდევნო შთაგონების წყარო. მინდოდა რაღაც განსხვავებული, უფრო თანამედროვე და ცოტა გიჟურიც. ჰოდა, მალევე ფეისბუქზე გადავაწყდი მისი ნამუშევრის ფოტოს წარწერით- “წუთისოფელი”. ზუსტად ამაზეა ნათქვამი-“ვინც ეძებს, ის-პოულობსო” :)
"წუთისოფელი"

    “ნეირონი”,იგივე-ნიკა სოხაძე რკინას აცოცხლებს. მშვენივრად ერკვევა ფიზიკა-ქიმია-მათემატიკაშიც  და საკუთარი ხელით ქმნის არამარტო მეტალის ნამუშევრებს, არამედ დეკორატიულ ნათურებს და  სხვადასხვა ფუნქციურ აპარატებსაც, მაგალითად- ბუტანის ფანარი, რომელიც 3-4 საათი ძლებს ანთებული და წერტილოვანი შედუღების აპარატი, რომელიც მიკროტალღური ღუმლისგან დაამზადა. ამ უკანასკნელს უშუალოდ იყენებს თითოეული ნივთის შექმნისას.
ნიკა სოხაძე
Art-ნათურა :)

ტექნოლოგიური ნაძვის ხე


   

   ქმნის ნებისმიერი რკინისგან, მთავარია ფაქტურა მოეწონოს. ორნამენტებს ლურსმნით აკეთებს. არ უყვარს ნივთები, რომლებსაც 50წლის შემდეგ ფუნქცია აღარ ექნებათ. მუდმივი ნივთები მოსწონს (რაღა შორს წავიდეთ, ნათლობისას მამაომ ჯვრები რომ გაუწოდა,ყველაზე სქელი აირჩია-გამძლე იქნებაო)
  

რეტრო ნათურები

    პირველი ნათურა მე-3 კლასში იყო, რომ დაამზადა(ნახევარ ლიტრიან ბანკას ძირი გაუხვრიტა და წვრილი სპირალით ტელევიზორის ადაპტორზე ჩართო), ხოლო პირველი მეტალის ნამუშევარი, სუროს ფოთოლი-19წლის ასაკში გააკეთა ტელევიზორის რკინის ყუთისგან და საწყის ეტაპზე არც იცოდა, რა გამოუვიდოდა. სამი წლის განმავლობაში დამზადებული აქვს პატარა ზარბაზანი(რომელიც ისვრის), ბრელოკები, მავთულით და მონეტებით აგებული ფიგურები, ფლეშ-ბარათები რკინაში და სხვა საინტერესო ნივთები.

"ფლეშ ბარათი"

ფლეშ ბარათი"ხმალი"
რატომ მაინცდამაინც რკინა? მუდმივი ნივთების კეთება მოსწონს და არ თვლის, რომ ძვირფასი მასალა აძლევს ნივთს ღირებულებას. “ხელოვნება იმაში არაა, თუ რა მასალას გამოიყენებ. ნულიდან რომ შექმნი რაღაცას, ისაა ხელოვნება. ამასთან, ნამუშევარში ან შინაარსი უნდა იდოს, ან-ფუნქცია. წინასწარ ყოველთვის იდეა, მონახაზი მაქვს და მუშაობის დროს ნელ-ნელა ვართულებ. ის მომწონს, რაც ადვილად არ გამოდის და თუ რამე დამაინტერესებს ჩავეძიები ბოლომდე, მოლეკულურ დონემდე..."

კალამი თავისი ბუდით

"გამოიყენე დრო"
    ყველაზე დიდი ნამუშევარი, რაც ჯერჯ-ჯერობით შეუქმნია, არის სააTი სახელით-“გამოიყენეთ დრო”, რომელიც დაუსრულებელია. არასოდეს ჩქარობს, თუ იცის, რომ შეუძლია უკეთესი გამოუვიდეს. სამომავლოდ კი გეგმავს ნატურალური სიმაღლის ადამიანის გაკეთებას მთლიანად მავთულისგან, რომელსაც მკერდი გარღვეული ექნება იმისთვის, რომ შიგნით ჩაიდოს გული. “თითოეული ხელოვანი ზუსტად ამას აკეთებს, ის გულს დებს თავის ნამუშევარში.” 
 გამოფენა ჯერ არ ეჩქარება, რადგანაც ეს მისTვის მხოლოდ ჰობის დონეზეა და ამასთან თვლის, რომ ჯერ არ აქვს გამოსაფენი ნივთების საკმაო რაოდენობა. (თუმცა ეს საკამათოა :)

   და ყველაზე მთავარი-ეს ადამიანი თავისი პროფესიით ხელოვნების სფეროს სულაც არ ეკუთვნის, samedicino sferos warmomadgenelia...თუმცა რა გასაკვირია, ნამდვილ ხელოვანს საყვარელი საქმის კეთების ნიჭი, უნარი და სიყვარული სულში აქვს... ყოველშემთხვევაში წიგნებიდან და სახელმძღვანელოებიდან ნაკლებად გადაიცემა.
 

da tradiciuli p.s.  “neironTan” interviuze stumrobisas me da Cems megobars gvqonda bedniereba sakuTari xeliT dagvemzadebina rkinis oboba da WianWvela, romlebic misgan saCuqrad miviReT. Tumca rkinologiaSi “orosani moswavle” gamovdeqi, gamocdilebiT gaviazre, rom zogi raRacis niWiT ubralod unda daibado...da Tu ar daibade, sxvisi mainc daafaso J
ნიკა სოხაძის გვერდი ფეისბუქზე Steel art

/ნინო ჭინჭარაული/

Monday, January 13, 2014

სამკაულების დედოფალი

    თვალისმომჭრელი სილამაზე, ბრწყინვალება, მარჯანი, მარგალიტი, სვაროვსკის კრისტალი, ფერადი ბისერები... რთულ და დახვეწილ ორნამენტებად გადახლართული, მხოლოდ მისი ხელისთვის დამახასიათებელი ოსტატობით და ორიგინალურობით... ფოტოზე ასეთია დიზაინერ თამუნა ლეჟავას ნამუშევრები, თუმცა თითოეული მათგანისთვის ხელის შეხება დაგარწმუნებს, რომ ისინი ბევრად უფრო მეტია . ისევე, როგორც მათი შემქმნელის სამყარო...
      ყველაფრის სათავე კი, რაც არ უნდა უცნაური და სასაცილო იყოს, უჭმელი ბავშვი იყო... ანუ თავად ამ სამკაულების ავტორი ბავშვობაში, რომელსაც ბებია თითო პარკი ბისერის ყიდვას ჰპირდებოდა, თუ იმ დღეს საჭმელს შეჭამდა. ამგვარად, ბავშვს კვირაში მთელი ყუთი ფერადი ბისერები უგროვდებოდა და ბებიის მიბაძვით (რომელიც თავად აკეთებდა ბისერებისგან ქისებს) პირველ ნამუშევრებს აკეთებდა. ხოლო წლების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქართველებს დანგრეული და გაუგებარი ქვეყანა შეგვრჩა ხელში, ქრონიკული დეპრესიის ფონზე აითვისა მძივები...გართობის დონეზე, სანამ სერიოზულ ოსტატად ჩამოყალიბდებოდა.

     პირველი სერიოზული ნამუშევარი იმდენად ს ე რ ი ო ზ უ ლ ი აღმოჩნდა, როგორსაც თავადაც არ ელოდა. პირველი პერსონალური გამოფენისთვის (რომელიც 2007წელს გაიმართა) ეს სამკაული განათავსა ფლაერებზე. მოგვიანებით კი, 2012წელს, ერთმა თურქმა დიზაინერმა ქალბატონმა “დააკოპირა” მისი ასლი და ამ პლაგიატით სტამბულის პრესტიჟული შოუ-კონკურსი- Bijoux Expo მოიგო. თამუნამ სრულიად შემთხვევით, ფეისბუქზე განთავსებული დაჯილდოების ფოტოთი და გამარჯვებული დიზაინერის ინტერვიუთი შეიტყო ამის შესახებ. მაშინვე დაწერა წერილი და გაუგზავნა კონკურსის ორგანიზატორებს და თურქეთის კულტურის სამინისტროს. დიზაინერი გააოცა თურქების პრინციპულობამ, როცა ბოდიშის შემცველი პასუხი მეორე დღესვე მიიღო და სტამბულის კონკურსის შედეგებიც გაუქმდა. ასეთი დიდი და ხმაურიანი ისტორია ჰქონდა მის პირველ სამკაულს.


 2007, 2009, 2010 წლებში პერსონალური გამოფენები.. გალერეა " ბაიაში" შარდენის ქუჩაზე; 2009-ში მოსკოვის "ბისერ-ფესტი"; 2011-ში ANOUKI BICHOLLA-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სამკაულებით გაფორმება; თბილისის მოდის კვირეულები (2011-12წ); ტალინის მოდის კვირეული (2012წ); ასევე 2012 წელს უკრაინულმა ჟურნალმა-“fashion” მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ყდაზე განათავსა; ასევე 2012 წელს შეერთებულ შტსტებში გამოცემულ კატალოგში SHOWCASE 500 BEADED JEWELRY მისი 4 ყელსაბამი მოხვდა და ხოლო თავად დასახელდა 25 საუკეთესო დიზაინერს შორის, ხოლო ყელსაბამი "1001 NIGHTS" ავტორებმა მიიჩნიეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მთელ კატალოგში, რაც მითითებულია კატალოგის ანოტაციაში მის ყდაზე. 2013 წელს საერთაშორისო კონკურსზე- Bead Dreams (შეერთებული შტეტები) მისი სამკაული " Diamonds are a Girl's Best Friend" გახდა ფინალისტი 15 საუკეთესოს შორის და ასევე 2013-ში კონკურსზე B.O.T.B'13, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს კომპანია BEADSMITH-ი მისი ყელსაბამი “Treasure of Topkapi” 194 დიზაინერის ნამუშევრებს შორის, 12 საუკეთესოს შორის მოხვდა...... და სხვა მრავალი ღონისძიებები და წარმატებები, რომლებიც სტიმულს აძლევენ აქტიურად გააგრძელოს მუშაობა.
“ამის შექმნისთვის სულ 1 მაგიდაა საჭირო...”-, ამბობს და ყველაფერს საკუთარ ბინაში, თავისი ხელით ქმნის. მისი შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება გახდეს-ფილმის პერსონაჟიდან დაწყებული, საინტერესო მასალით დამთავრებული. იყენებს როგორც ნახევრად ძვირფას,ასევე საკმაოდ ძვირადღირებულ მასალასაც,მათ შორის 24კარატიანი ოქროთი დაფერილ ბისერებს, რომელსაც სამკაულებს დეტალებში ურთავს. ამასთანავე, სამუშაო საკმაოდ შრომატევადიდა ხანგრძლივია (ზოგჯერ რამდენიმე თვესაც მოიცავს) . შესაბამისად, მისი მყიდველები ძირითადად უფრო შეძლებული ადამიანები არიან, თუმცა დიზაინერთან მისული ნებისმიერი დამკვეთი მისთვის ერთია. ყველასთვის ერთნაირი სიამოვნებით შრომობს.
ძვირფასი, მასიური ყელსაბამების გარდა, ქმნის შედარებით სადა, ჩვეულებრივ, არასადღესასწაულო სამოსზე და თუნდაც უბრალო ჯინსებსა და პერანგებზე გასაკეთებელ ჰალსტუხებს, ქამრებს, საყურეებს...
და მაინც, მისი თვალშისაცემი სამკაულები თამამი ქალებისთვისაა განკუთვნილი :)
რას ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელნაკეთი ნივთების დიზაინერები (და ინტერნეტშიც ანალოგიური სახელის მქონე გვერდები) გვხვდებიან? თვლის, რომ ამ ყველაფერს ცოტა ხელოვნური და გადაჭარბებული სახე აქვს. “ “Handmade”-უნდა იყოს გამორჩეული თავისი სირთულით და მასში უნდა იკითხებოდეს ავტორი. უნდა გეყოს სითამამე, შენთვის ცნობილი ტექნიკებით რომ გააკეთო ვარირება, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. თუ შენს მიერ შექმნილ ნივთს ნებისმიერი გააკეთებს, მაშინ მას არავითარი ინტელექტუალური ფასეულობა არ გააჩნია“.
ხშირად უკითხავთ მისთვის, მასტერკლასებს ხომ არ ატარებს, ან წიგნი ხომ არ აქვს გამოცემული. ამიტომაც, უკვე დაწყებული აქვს წიგნის დაწერა. მისი თქმით, ამ საქმიანობაში არის რაღაც ნიუანსები, რომელთაც არტისტი თუ თავის თავთან შეიმუშავებს საკუთარი გამოცდილებით, გემოვნებით და შესაძლოა ცოტათი მე6 გრძნობითაც კი, სწორედ ეს იქნება საინტერესო. მიაჩნია, რომ თუ ადამიანი გადაწყვიტავს რომ ეს საქმე მისთვის არ უნდა იყოს მხოლოდ ჰობი და იგრძნობს ამის გაკეთების სურვილს საკუთარ თავში, მას დასჭირდება რაღაც, რაც მის პოტენციალს გააღვიძებს და ხელს შეუწყობს. შესაბამისად, მშრალი და მექანიკური აღწერების მაგიერ, მის წიგნში იქნება პატარა მოთხრობები, რომლითაც მოახერხებს ამ ტექნიკის გადმოცემას, რომ წაკითხვისას ადამიანმა იგრძნოს, რაოდენ აუცილებელია თითოეულ ნივთში ხელოვნების პატარა სულის ჩადება...
და ბოლოს, როგორც აღმოჩენა- ერთი გარკვეული კუთხით ნიჭიერ ადამიანებს, არცთუ იშვიათად სხვა ნიჭიც აღმოაჩნდებათ ხოლმე, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. თამუნა მშვენიერი თვითნასწავლი მხატვარიცაა, რაშიც მასთან სტუმრობისას კედლებზე გამოფენილმა საინტერესო ნახატებმა დამარწმუნა.

თამუნა ლეჟავას გვერდი ფეისბუქზე Beads By Tamuna Lezhava

P.S. მე, სამკაულების არ-მოყვარულს, ახლაც მიჭირს იმ აღფრთოვანების სიტყვებით გადმოცემა , რაც ამ მშვენიერი ნამუშევრების ცოცხლად დათვალიერებამ და საკუთარ თავზე მოსინჯვამ განმაცდევინა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა დაგემართებათ მათ, ვისაც სამკაულები, მორთვა-მოკაზმვა და თავის წარმოჩენა გიყვართ!:) იმ მომავალ მყიდველებს, ვისაც დიზაინერ თამუნა ლეჟავას ხელით შექმნილი სასწაულები გელიან...
/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, January 9, 2014

აწმყოს ცოცხალი ციხესიმაგრეები

"სანე ჯგუფი"ს და ხევსურეთის განვითარების ფონდის მომზადებული რეპორტაჟი პირიქითა ხევსურეთიდან.
2013 წლის 12-13 ოქტომბერი.

მოამზადეს: ნინო ჭინჭარაული, ქეთი გოგოჭური, ზურაბ ქოროღლიშვილი.
 

Tuesday, January 7, 2014

კარმენ ამაია


    თანამედროვე მოცეკვავეებს ნამდვილად არ გადავუსვამ ხაზს, მაგრამ ფლამენკოზე,როგორც-ქორეოგრაფიაზე საუბარი ამ სასწაული ქალიდან უნდა დავიწყო :) ძალიან მოკლე და პატარა სტატიააა, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის ჩემთვის ამ  არანორმალურად საყვარელი ცეკვის ერთერთი "დედის" შესახებ. :) 

   
საერთოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია ფლამენკოს ძირი ესპანურია თუმცა შეთვისებული აქვს ბოშური,აღმოსავლური (და თუ სწორად მახსოვს-აფრიკულიც) ცეკვების ელემენტებიც. თავიდან იგი მხოლოდ ქუჩაში სრულდებოდა და კარმენ ამაია ერთერთი მათგანია, ვინც ეს ქუჩის ხელოვნება სცენაზე გადაიტანა. 





    კარმენ ამაია იყო ფლამენკოს მოცეკვავეც და მომღერალიც, ვირტუოზი შემსრულებელი. წარმოშობით ბოშა, დაიბადა სომოროსტროში(ბარსელონა,ესპანეთი).ის დასახელებულია, როგორც “თავის თაობაში საუკეთესო ესპანელი, ბოშა მოცეკვავე” და “ფლამენკოს ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი”. მან 5წლის ასაკში დაიწყო ცეკვა და მამამისის მიერ დაკრული გიტარის თანხლებით გამოდიოდა ბარსელონას ბარებში.    

  
 “მე დავინახე ის როგორ ცეკვავდა და ეს იყო რაღაც ზებუნებრივი ჩემთვის..მე არასოდეს მინახავს,ვინმეს ასე ეცეკვოს.. მე არ ვიცი, ის ამას როგორ აკეთებდა, უბრალოდ არ ვიცი..” თქვა ცნობილმა ფლამენკოს შემსრულებელმა, გიტარისტმა აგუსტინ კასტეიოს კამპოსმა(იგივე “Sabicas”-მა)რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას ნახა კარმენის ცეკვა.მას შემდეგ ის წლების განმავლობაში უკეთებდა მას აკომპანიმენტს.    

  
 
1929 წელს მისი დებიუტი შედგა პარიზში,სადაც მისმა ცეცხლოვანმა შესრულებამ და duende-მ მონუსხა საზოგადოება.შემდეგ,1936 ის ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სალაროში გაყიდვებით ყველა რეკორდი მოხსნეს.ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში კარმენ ამაია შეუყვარდათ, როგორც ესპანეთის სიამაყისა და ცეცხლოვანი ტემპერამენტის განსახიერება.ის ჩნდებოდა ბროდვეიზეც.1944 წელს ის ფრანკლინ რუზველტმაც მიიწვია საცეკვაოდ თეთრ სახლში , ხოლო 1953-ში ჰარი ტრუმანმა.
ფილმი კარმენ ამაიას მონაწილეობით

მიუხედავად მსოფლიოში ტრიუმფით სვლისა, ის მაინც რჩებოდა ტრადიციული ბოშური ცხოვრების მიმდევრად.     


კარმენ ამაია 50 წლის ასაკში გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით და დაკრძალულია მშობლიურ ბარსელონაში.




/ნინო ჭინჭარაული/ 

Friday, January 3, 2014

ლუკას ლექსი


ლუკას ჰყავს ლურჯი, ჯაჭვიანი ველოსიპედი,
ლურჯსაჭიანი, სამბორბლიანი...
ჩვენ ერთ დროს, ერთად პეპლებივით
სიზმრებს ვიჭერდით,
დღეს სიზმრებით დავბორიალობთ
მთებში, რომელთაც უცნაურად დაკარგეს ფერი
და გაცვეთილი ნისლი ადგათ ტანზე შილიფად,
მე უკვე ბევრჯერ დამღერებულ სიმღერას ვმღერი
და ყელიც უკვე ჩახლეჩილი მაქვს.
შენ შეგიძლია უცოდველო, შენი სიკეთით
შეღებო მთები და არამარტო...
ამ ცხოვრებაშიც ყველა გზაზე ვერ გაივლის ველოსიპედი
იოლად, მაგრამ ყველგან მაინც
შენ უნდა მართო.
გზებს კი რა დალევს!
არ გაყვები? არც სხვა გზა გრჩება,
შენ ხომ ჩემსავით გძულს კედლები მყუდრო ოთახის,
როგორც იმქვეყნად, ამქვეყნადაც ღვთისაა ნება;
შენ დიდხანს ივლი, მე კი ალბათ
უფრო ცოტა ხნით.
გთხოვ, არ დაუშვა, შენს ბილიკებს
მოედოს შმორი,
თუ შეჩერდები, შეიძლება სული დაობდეს,
გახსოვდეს ლუკა, ღმერთამდეა შორი გზა, თორემ
ისე ახლოა სასაფლაომდე...
დე, ეს ცხოვრება ბილიკივით მთებზე აბია,
გზის თავში შენ ხარ,
გაღმა - ხრამი,
მწვერვალზე - ღმერთი
და... იცი, არ მსურს მე შენგან სხვა ეპიტაფია
ამ სიცოცხლისთვის, ამაზე მეტი:
“ლუკას ჰყავს ლურჯი ველოსიპედი
და მთაზე ადის...”

/ნინო ჭინჭარაული/