Monday, January 28, 2013

მარადისობის სარკმელი

     "ყოველი ხატი _ ეს არის სარკმელი, რომლის საშუალებით ჩვენ ვუყურებთ ზეცას და ვხედავთ ამ ხატის პირველსახეს. სიწმინდეს უპირველეს ყოვლისა, სულიერი ღირებულება გააჩნია, მეორე ღირებულება კი არის ხელოვნება და მისი მაღალი დონე. მშვენიერების საოცარი შეგრძნება გააჩნდა ქართველ ადამიანს და აი, ამ თავის შინაგან შეგრძნებას გამოხატავდა იგი საეკლესიო ნივთის შექმნისასაც", _ თქვა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II, 2007 წლის 25 მაისს, სიძველეთსაცავის წარდგინებაზე. საბედნიეროდ, საქართველოში დღემდე შემორჩენილი უძველესი ხატები და ფრესკები ნათელი დადასტურებაა უწმიდესის ამ სიტყვებისა. ისინი თავისი სისადავითა და ამავდროულად ცხოველხატულობით მიღმური სამყაროდან გვიმზერენ და, ლოცვითი განწყობის შექმნასთან ერთად, იმ საუკუნეთა ხელოვნებას გვაზიარებენ, რომელშიც იქმნებოდნენ. დღეს საქართველოში ხატწერა უამრავ ეკლესია-მონასტერში, სამრევლო სკოლებსა და სპეციალურ ინსტიტუტებში (საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, თოიძე და სხვა) ისწავლება. რამდენად შეედრება ახლად დაწერილი ხატები ძველს? შეგვიძლია თუ არა ნებისმიერ ჩვენგანს გავხდეთ ხატმწერი? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის პედაგოგს ქ-ნ მარიამ (მაკა) ჩხაიძეს:



_ სასულიერო აკადემიაში 2000 წლიდან ვმუშაობ. მანამდე 3 წელი სიონის სამრევლო სკოლაში ვასწავლიდი ხატწერას. სასულიერო აკადემიაში ხატწერის სახელოსნო თითქმის აკადემიის დაარსებიდანვე არსებობს. ამ სახელოსნოს დამაარსებელი და მისი პირველი პედაგოგი სიდონია გაჩეჩილაძე იყო. იმ დროისთვის საქართველოში ხატწერის სხვა სახელოსნო არ არსებობდა და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც ძალზე დიდი იყო. აკადემიის სახელოსნოში დღეს საქართველოში მოღვაწე მრავალი ხატმწერი აღიზარდა. პირადად მეც აქ ვისწავლე ხატწერა. 2000 წლიდან ამ სახელოსნოს ბაზაზე სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე გამოიყო ცალკე ხატწერის სპეციალობა და ამავე წლიდან ხდება სტუდენტთა მიღებაც ამ სპეციალობით.

_ ხატწერა რომ ვისწავლოთ, ხატვის ნიჭი უნდა გვქონდეს, თუ ეს საქმე სულიერებაზე უფროა დამოკიდებული?

_ ყოველგვარ შემოქმედებით საქმიანობას ღვთისაგან ბოძებული ნიჭი სჭირდება; ეს ზოგს თანდაყოლილი აქვს, ზოგს შრომის საზღაურად ეძლევა. ეს შრომა შეიძლება ფიზიკურიც იყოს და სულიერიც. ზოგჯერ ადამიანმა არ იცის, რომ რაიმე ნიჭი აქვს და ეს მუშაობის პროცესში მჟღავნდება. ხატმწერისთვის სულიერება, ეკლესიური ცხოვრება აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უფალი ყოველ ადამიანს თავის ნიჭს აძლევს. თუ ადამიანს ფერისა და კომპოზიციის ან მასალის შეგრძნება არა აქვს, თუნდაც ტექნიკურად ხელი განუვითარდეს, ფუნჯისა და ფანქრის ფლობა ისწავლოს, ის ხატმწერი ვერ გახდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება მიეცეს ადამიანს, მაგრამ ისევ ღვთისგან უნდა მიეცეს და სწორედ ეს არის ნიჭი.

_ რა არის საერთოდ `ხატწერა~ და რა განსხვავებაა ხატსა და ნახატს შორის?

_ ხელოვნება და შემოქმედება ყოველთვის გარკვეულ მსოფლმხედველობას ემყარება. თვითონ ადამიანის მხრიდან, ეს ყოველთვის ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, მაგრამ ყოველგვარ შემოქმედებაში აისახება შემოქმედის სულიერ-ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი.

ხატწერა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეფუძნება. ეს იგივე ღვთისმეტყველებაა, მხოლოდ ფერებით და ხაზებით გადმოცემული. ეს არის ცხონების, მარადიული სიცოცხლის, სამყაროსა და ადამიანის ფერისცვალების შესახებ სწავლება. ხატს მარადისობის, სასუფევლის სარკმელსაც უწოდებენ. იგი ასახავს სულიერ, განღმრთობილ სამყაროს და ადამიანს _ ფერისცვალების მადლით განახლებულს, გაბრწყინებულს.

რა თქმა უნდა, სულიერი სამყარო ჩვენთვის მიუწვდომელი და საიდუმლოა, მაგრამ ზეციურსა და მიწიერს შორის არსებობს მსგავსება. სწორედ ამ მსგავსებას ეფუძნება ხატწერა. ხატზე მატერიალური სამყარო აისახება, არა სარკისებურად, არამედ იგავურად, სიმბოლურად. აქ მატერია გასულიერებულია და ღვთის მადლით ცოდვისგან და ხრწნისგან თავისუფალი. სულიერი სამყაროს გამოსახვა სხვადასხვა ხერხით ხდება. მაგალითად ხატზე არ არის დაცული პერსპექტივის კანონები, რადგან აქ გამოსახული სივრცე არ არის სამგანზომილებიანი. აქ წმინდანთა ფიგურები ბატონობენ სივრცეზე. არქიტექტურა, ბუნება, მცენარეები _ პირობითია, გამოხატულია მინიშნებით, სიმბოლურად... წმინდანთა სხეულები არ არიან მოცულობითნი. ხატზე არ არის ჩრდილი, რადგან სასუფეველში არ არის ხილული მზის ნათელი. სასუფეველი და წმიდანები გაბრწყინებულნი არიან უხრწნელი, უნივთო ნათელით, ეს არის `ნათელი მიუაჩრდილებელი~. ხატზე ეს ნათელი ფერის საშუალებით გადმოიცემა.

ხატისაგან განსხვავებით სურათი თხრობითია. სულიერი განცდა, ემოციურით იცვლება. სურათში მატერია არ არის მადლით განახლებული. აქ გამოისახება სისხლი და ხორცი, და არა განახლებული, სულიერი სხეული.ხატსა და სურათს შორის განსხვავება შესრულების მანერაზეც აისახება. ხატზე მუშაობის პროცესი უფრო თანმიმდევრულია, მოწესრიგებული _ ხატმწერისაგან სრულ შინაგან სულიერ მობილიზებას მოითხოვს. ხატი ლოცვით იწერება, როცა ხატმწერი ლოცვით წერს ხატს, მაშინ ყველა ხაზი, მონასმი ცოცხლდება და ხატიც, შესაბამისად მადლიანი ხდება. ფერმწერისათვის ხატვის პროცესი განსხვავებულია, უფრო `თავისუფალი~, ოღონდ არა ქრისტიანული გაგებით. ფუნჯის მონასმიც განსხვავებულია, ფუნჯის, ფანქრის ხელში ჭერის მანერაც კი ხშირად განსხვავდება. ასეთ შედარებას გავაკეთებდი _ ხატწერასა და ხატვას შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავება, როგორიც ლოცვასა და ოცნებას შორის.

_ როგორ აფასებთ თქვენი სტუდენტების დაწერილ ხატებს?


_ როგორც აღვნიშნე, ნიჭი და შემოქმედებითი უნარი აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა განვითარდეს და გამრავლდეს, რომ ნაყოფი გამოიღოს. ამისთვის საჭიროა შრომა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, შინაგანი. ასევე პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება. ადამიანის სწორი თუ არასწორი სულიერი მდგომარება განსაკუთრებული სიცხადით აისახება ხატის წერისას.სასულიერო აკადემიაში სასწავლებლად განსხვავებული ნიჭის, მომზადებისა და დონის სტუდენტები მოდიან. ზოგი მათგანი სკოლის შემდგომ მოვიდა სასწავლებელში. არიან სამხატვრო აკადემიადამთავრებული სტუდენტებიც. ხატწერის შესწავლა ხანგრძლივი პროცესია და ეს ძალზედ ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სწავლების პროცესში მე ვცდილობ, თითოეულ სტუდენტთან ურთიერთობისას ეს ინდივიდუალობა შევუნარჩუნო. ასეთი მიდგომა აუცილებელია, რომ სწავლების პროცესი სწორად წარიმართოს. ასევე ეს ხელს უწყობს, თვითოეულმა ადამიანმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მისთვის ბუნებრივი და თვითმყოფადი გამომსახველობითი ენა რომ იპოვოს. ჩვენს სასწავლებელს უკვე ჰყავს რამდენიმე კურსდამთავრებული. ისინი დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას თავიანთი სპეციალობით და ყველასთვის სასიხარულოდ წარმატებებიც აქვთ. ჩვენი პირველი კურსდამთავრებულები დიმიტრი ხარჩილავა და ნათია ხერკელაძე იყვნენ. მათი სადიპლომო ნამუშევრები _ ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულთა სცენებით და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრების ციკლით შემკული ხატები მის უწმიდესობას ილია II-ს გადავეცით საჩუქრად. მომდევნო წლის დიპლომანტი გურგენ ჩუხუა იყო. მისი სადიპლომო ნაშრომი _ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მეოხად დაიწერა და ამ ეპარქიასვე გადაეცა. ჩვენს სახელოსნოში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა განსაცდელში მყოფ ეპარქიათა მეოხად ხატების დაწერა და შეწირვა. დაახლოებით 3 წლის წინ, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ჰერეთის (საინგილოს) მფარველად შეიწირა გურგენ ჩუხუას მიერ შესრულებული წმინდა გიორგის ხატი. წმინდა გიორგი წინამბრძოლი და გზის გამკვალავი იყო. შემდეგ მას მოჰყვა ღვთისმშობლის ხატები. 2009 წელსაც შეიქმნა სადიპლომო ხატები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ნიქოზის და ჰერეთის ღვთისმშობლის ხატებია, რომელიც ჩვენს სახელოსნოში დაიხატა ნიქოზის, ცხინვალისა და ჰერეთის ეპარქიების მფარველად. ნიქოზის ღვთისმშობლის ხატი მაია ბეციაშვილმა შეასრულა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას კურთხევით. ჰერეთის ღვთისმშობელი ნანა გულარდავას მიერ დაიხატა. ორივე ხატი უკვე შეწირულია ეპარქიებისადმი.

ქეთევან მაღრაძე, მე-4 კურსის სტუდენტი:

_ ხატვის ნიჭი მქონდა და ნათლიამ მირჩია ხატწერაზე მისვლა. ორივე ვხატავთ და ეს გზა ავირჩიეთ. როცა ხატს ვწერ, ჩემში ძალიან დიდი სიმშვიდე და სიხარული შემოდის. ეს უკვე ჩემი მესამე ხატია. პირველი იყო გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, მეორე _ მაცხოვრის და მესამე _ წმინდა ნიკოლოზის. მალე დავიწყებ ქეთევან დედოფლის ხატის წერას. განსაკუთრებით მარიამ მეგვიპტელი მიყვარს და მისი ხატის დაწერაც მინდა.

ანა თადუმაძეც დამწყები ხატმწერია, რომელიც სპეციალობას ქეთევან წამებულის სახელობის სკოლაში ეუფლება:

_ 2 წელია ხატებს ვწერ. დაწერილი მაქვს წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ორი ხატი. ასევე მაქვს ქვებზე ნამუშევარი ღვთისმშობლის ხატი და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები. ჩემი სამუშაო მასალაა წყლის ტემპერა და პიგმენტი.

_ რას გრძნობ, როცა შენს ხელებში ხატი ცოცხლდება?

_ მადლი მოდის ღვთისგან. ეს არ არის უბრალო მხატვრობა. წარმოიდგინეთ, სახეში ისხმება მუქი ფერი და ნელნელა ამოგყავს ნაკვთები. ფაქტობრივად შენს ხელებში იბადება ხატი. ეს საოცარი, არაამქვეყნიური განცდაა, რომელსაც ვერ გადმოვცემ. ამ დროს ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობ ღვთისა და ადამიანის მიმართ. ეს ძალიან მადლიანი საქმეა, რომელსაც ხელი თუ მოკიდე, არ უნდა მიატოვო.

პ.ს. და ბოლოს, ღვთის შეწევნით, ხატწერის შესწავლის საშუალება მეც მომეცა და რამდენიმე წელია, რაც ვეუფლები მას. ჩემი, როგორც კიდევ ერთი დამწყები ხატმწერის აზრიც მინდა გამოვთქვა; ხატის წერისას შინაგანად იცვლები ადამიანი, დროის შეგრძნებას კარგავ, წარმოუდგენელი სიმშვიდის განცდა გეუფლება და გული ძალიან დიდი სიხარულით გიცემს, როდესაც ხატზე შენს ამოყვანილ პირველ ნაკვთებს შეამჩნევ. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ისწავლეთ ხატწერა! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მადლია გახდე ღირსი წმინდანის გამოსახვისა და მეორე მხრივ, რამხელა სიხარულია ცოდნა იმისა, რომ შენს მიერ დაწერილ ხატზე უამრავი ადამიანი ილოცებს...



ნინო ჭინჭარაული

(2010წ)

Monday, January 21, 2013

მაიას "ფეშენ" მოკლე კაბის გამო))))))))))))


თამარულ აული:

მაია გონჯილაშვილსა
კაბაი სცვიავ "ფეშენი"
დაბლით ექაჩებ ბეჩავად
ლამის აგინოს "-მე შენი..."
ვაჟაებ მიდი-მოდიან,
მარხე თოლს რა გამალევსა
ეს თმაიც "დაყვითლებული"
ახელებს ახალუხლებსა.
მაგიკვდი ფშავლის ქალაო
შხვართაი ფეხებ გიჩანდა
იდარდოს იმან ვინც მხოლოდ
შამაგხენა და ინანა :D:D:D

ნინო ჭინჭარაული:

ამაიჯაჯა ფშაველმა
ქუსლებზე მოკლე კაბანი,
შაღონდა თავქვე ქაჩვითა,
დააწყებინა ბაბანი.
არც რა უშველა ჭაჭამა,
არც შუქის ჩაბნელებამა,
კინაღამ სირცხვილ აჭამა
ფეხების გადადებამა.
ქალავ არაფერ მიწყინო,
მაგ კაბის დაგრძელებამა,
უმაგისოდაც ქვე ვიცით
რო კარგუა გშო დედამა :DDDDDD








მაია გონჯილაშვილი:


ჩემ კაბას რას შასცქეროდით,

ქალებ ხართ, ვაჟებ კი არა,
ეგება ფერებ შასცვალეთ,
ელეთ_მელეთმა გიარათ
ჩემ შემხედვარეს კიოთაც,
ეშმაკებმ შემოგიარათ,
ჭინჭარაულო მაგ ჭაჭამ
რა რიგად გაგატიალა,
ბურნუთიც არ გავიწყდება,
მაგან ხვარ აგაფრთიანა...


ნინო ჭინჭარ აული:

ჭკვას მაუხმობდე ფშაველო,
რა ჭაჭამ გამატიალა?
ორმა თმა დაყვითებულმა
გამამიყლურწეთ ფიალა.
შიგ წვეთიც აღარ ჩასტოვეთ,
მეტ აღარც გამაჩნია რა,
თაოდაც კაი ლოთი ხარ
მორცხვობის არა გცხია რა
თამარულამაც მანდარინ
ხახას რო ჩაახრიალა,
მემრ ისე უცებ მომიტყდა,
კუჭმა თუ ააწრიალა
ვგონობ,დაგცილდათ- ქალი ორ
თქვენი "ბარიგა" კი არა :DDDDDDDDD

მაია გონჯილაშვილი :

ჟიპიტაურზე გაზრდილებს,
ნეტავი შაგვასმია რამ,
კა თაოდ გადაახუხე,
ჩვენ დაგვიტოვე წყლიანა,
თოლთ იმად თუ აცეცებდი,
მაგხიბლა კაბის შრიალმა,
ფხიზელმ იარე ხევსურო,
გირჩევდი ფშაურხმიანად,
ბურნუთსაც მოუფრთხილოდე,
არ დაგიფანტოს ნიავმა,
ვერ შაგეცილე ბეჩავი,
ხომ ხედავ მეშინიანა,
მემრს სადმე წამამაყვედრებ,
როგორც ე ჭაჭა წყლიანა..

თამარულ აული:

რახელ მარღვიელ ენებთ გაქვთ,
დახურეთ მაგ ლაშნთ კარები.
არადა ერთი შეხედვით
კარგუებ, მზისა დარები.
მაიკო ვაჟებ არა ორთ
მაგრამ გვაქ მარჴე თვალები.
თაოდაც ისრ წუწუნებდი
აგვაწრიალე ქალები.
არიქა შამამხედეთო
მაცვია "ფეშენ" "ზმანები"
გაგეჩითების ვაჟაი
ნაგაბრის ქალბნის ტყლაპებით.
გაჩუქას ერთი ბეჭ-წიწუ
ხქსოვე შიბიან თათები.
ნინო შენ მაინც გაჩუმდი
ხმა არ გაქვს ამოსაღები
ყველაფრის თავი შენა ხარ
ახლა კი მაგვდე შარები.
შინშისთვის დაგნანებია
მანდარინი და არყები
აგიტეხია ქივქავი
აგიშვამს ეგ გიჟ აფრები.
სამივე კაი ლოთებ ორთ
არ გვინდა "ტრუხა ბაზრები"
ერცხვასთვის სხვების ჯინაზე
ქოოდ ყველაზე კაები.
ნეტა ღმერთმ ბევრი მიმრავლას
თქვენფერა ჯიგრიანები :დ


ბექა წიკლაური:

ცუდათა ვარ :დ:დ:დ

თითო ლაიქებ არ გყოფნისთ
ისე ამასთქვით ჯავრები
მტრისას რო კაფიას მასცხებთ
ფშავ-ხევსურების ქალები

ნინო ჭინჭარაული:

თამარულა, ამით დახურე!!! :)

"სამივე კაი ლოთებ ორთ
არ გვინდა "ტრუხა ბაზრები"
-ან რახელ შეგედავები
ან როგორ გაგიბრაზდები :D

ბექა წიკლაური:

ე თქვენი ენა-თითები
ისე სჭრის, როგორც ჴმალები
უკაფიაოდ დამრჩალი
ბრალები ორთა, ბრალები...

მე მომიტევე ნინო (როგორმინდაკაფიაგააგრძელოთსმაილი) :დ:დ


 ნინო ჭინჭარაული:

ხვარ დაიხელთეთ ქალებო,
სიძუნწესა მდებთ ტვირთადა
ცოტ ენა წამავიქავე,
ჯიშ კი არ გადამიგვარდა.
შინშისთვის დამნანებელი
აგრემც მაიქცეს მიწადა
ძაღლიც, კატაც და ზვიგენიც
იყვას იმისი მკვდრისადა :))))))))))

Saturday, January 12, 2013

"ლექსო არ დაიკარგები"2012. კაფია

ესეც კაფია 2012 წლის "ლექსო არ დაიკარგები"დან. რაც ვიდეოს აკლდა, დაახლოებით გავიხსენეთ და აჰა :)

ნინო:
რაიც სამზეოს მაწვალებს,
იგივ მაჯავრებს ძილშიაც,
უნდ ჩამავიწნა ნაწნავებ,
 მემრ მავიკვრიცო ძირშია.
უნდ შავახვიო გულაში,
ბაწრად შავაბა სულია,
არაგვში გადავუძახო
 ეგეთავ გაბაწრულია,
იქნების გაქრეს,გამშორდეს,
თუ არ მაიქცეს წყალადა,
თორ ღმერთო,აღარ შამიძლავ
საწუთროს ტკეპნა მწყრალადა.
თუ ვინმ მახელას ფხოვშია,
საფლავ იქ გაუთხაროსა,
ერთ ჭიქაც იქავ შაუსვას:
"შაუნდას,მაახმაროსა.."

მართა:
რა ანდრეძებზე გვიუბნებ,
სიზმრებმ კი არა მზაროსა,
გისმინას დალოცვილ ღმერთმა
პირად მზეს, ტანად საროსა...
შენფერებ უმადურები
არც უნდა გაახაროსა

ნინო:
ემაგ წყევლამა ქალმიწავ
წინით არ მაგიაროსა.

მაია:
რაებსა უბნობ ჭკვათხელო,
შენივ ხელით სთხრი ხაროსა,
ვინაც ანდერძი დასწერა
ეხლა საფლავში ხარობსა.

ნინო:
 რაჴელ გასძლებდა ფშაველი,
ენა არ მოიქაოსა

მაია:
შენ ისრე ჭკვა-გონთ ვერ ხმარობ
ფშაველ რო ენას ხმარობსა.

ნინო:
შენ ისრ მაგივა ქალაო,
თაგვმა რო კატა თხაროსა.

მართა:
არიქათ გეყვათ ქალებო,
თავისას ვინა შარობსა?
ფშაველ-ხევსურთა კაფია
ღმერთმა ნუ მაგვიშალოსა!

2012წ.

Thursday, January 10, 2013

შინში

შენ შინში გქვია,მეც...ერთი ხელის
ორი თითი ვართ ასხმული მკლავზე,
ვინ იცის,იქნებ რამდენჯერ შენში
სული ილხენდეს,
მე ჯავრი მკლავდეს.
ვიცი,მიფარებ..
რკინა-რვალივით აისხლეტ ჩემსკენ მოქცეულ ხანჯალს.
მეტყვი-"რას გოდებ სუსტი ქალივით.
ან ძვირფას ცრემლებს რა ფუჭად ხარჯავ?!"
ან მიაფურთხებ ცხოვრების კანონს,
რომ გაჩენილა ტანჯვისთვის კაცი,
"დამდუღრულ" ლექსებს ავაკრავთ პანოს
და ორ ტკბილ სიტყვას კბილებში გავცრით.
მერე ვიცინებთ(ჰო) გიჟებივით,
ლუდს კაფიებად ამოვამღერებთ,
თავს მოვიტყუებთ,(გულებს კი ვეღარ)
რომ სატკივარი აღარ გვაღელვებს.
რომ აღარ გვტკივა წარსული, აწმყო
და მომავალი,მტვრად რომ გვიქციეს.
რომ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ამდენ
სიცრუეს,სპექტაკლს,შირმას,ფიქციას
და გულისტკენას!
უზომოს,რამდენს..
(თმას არ ასხია ამდენი ღერი!)
რომ არ გვიტოვებს ცხოვრება სამღერს
და გიჟებივით ჩვენ მაინც ვმღერით.
რომ იღბლიანიც,უიღბლოც,კაცი
სულით ყოველთვის მარტოა,მარტო(!)
და წლების შემდეგ,როდესაც დაცლილ
ცხოვრების გზაზე გადაშლილს,ფართოს
და უსახელოს ავყვებით აღმართს,
(თუ სახელიანს-ვიწროს და ქვიანს)
არ მოვიხედავთ ზურგსუკან და ღმერთს
უსიტყვოდ ვეტყვით მადლობას,რომ კვლავ
ორი თითი ვართ,
შინშები გვქვია..

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, January 3, 2013

მოდი შევთანხმდეთ

მოდი შევთანხმდეთ:
სხვანაირი ცა იყო დილით,
ქუხილს
ხანდახან არა, მაგრამ წვიმა ხომ ახლავს..
ღამენათევმა მზემ მონახა ღრუბლის ქვეშ ჩრდილი
ზეცაში, სადაც შენც ვერსადროს,
ვერასდროს ახვალ!
იმიტომ, თუნდაც ცოდვიანებს ცამ გვიყო პირი
და ბოროტება არ მარცხდება, ზღაპრების გარდა!
ქატო იქა და ფქვილი აქა
და თურმე ჭირიც
შემოგვრჩებოდა, შემოგვრჩა და ...
და გადავგვარდით.
გადავეჩვიეთ ქართველობას,
გავცივდით,
გავცდით
დროებას, სადაც მეზობელი - თვალის სინათლე
იყო, და ახლა ერთმანეთს რომ ლუკმასაც ვაცლით,
გავიმათხოვრეთ თავები და -
ეგეც სიმართლე..
მოდი შევთანხმდეთ:
სხვანაირი ცა იყო დილით...
ხოდა ,,იქ გაწყდეს, სადაც ძაფი უფრო გაწვრილდა!“..
სახლებში, სადაც ჰაერია არც ისე თბილი..
ჩემი სამშობლო..
ბღუჯა_ბღუჯა გადანაწილდა..

/ნათია ჭინჭარაული/