Sunday, January 17, 2016

მომღერალი ჩრდილი, კედრის კაკლები და სიზმარმჭერი

 
   თუ ზუსტად მახსოვს, ჰერტა მიულერი თავის ერთერთ მოთხრობაში ამბობს, რომ კითხვაზე, თუ რატომ წერს სულ მეფეზე, პასუხობს–იმიტომ,რომ ის ბავშვობიდანვე მის გონებაში იყო ჩაბუდებული და სანამ მასზე არ დაწერდა, სხვა არაფერზე შეეძლო წერა.  მხოლოდ ამის წაკითხვის შემდეგ დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ჩემს ნაწერებში თითქმის ყველგან ვსაუბრობ მამაზე, რადგან ჩემს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს მასზე მეტად არაფერი აწუხებს და ვერც შეაწუხებს, სანამ მისი თემა არ მოკვდება ჩემში.
  
     ყველაზე ბრიყვული კითხვა, რომელიც შეიძლება ბავშვს დაუსვან, ჩემთვის ასე ჟღერს: -“დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?” და ამიტომაც ძალიან, ძალიან პატარა ასაკში მას არ ვპასუხობდი. ამასთანავე, ენის წვერზე სულ მითრთოდა სიტყვა “მამა” და დედის განაწყენებას ვერიდებოდი. მიზეზი მარტივი იყო. დედა სულ გვერდით მყავდა, მზრდიდა, მასწავლიდა, მიკრძალავდა, რეჟიმის დაცვას და ლოცვების მოსმენას მაიძულებდა...მამას კი იშვიათად ვხედავდი და თანაც, მისი სახლში მოსვლა “ქინდერ-სიურპრიზთან” ან სხვა რაიმე სასუსნავთან ასოცირდებოდა. თუმცა ეს მხოლოდ სამუშაო დღეებში,  შაბათ-კვირა კი ყურთასმენის წამღები როკის საათები იყო. მამა თავის უზარმაზარ დინამიკებს რთავდა და “ბაბინებზე” ჩაწერილ კონცერტებს ბოლო ხმაზე აღრიალებდა. ვერ ვიტყვი, რომ 3-4წლის ბავშვს მათი მოსმენა მაღიზიანებდა. ინტერესით ვუცქერდი თუ როგორ ებრძოდა ინგვი მალმსტენი გიტარით სამთავიან გველეშაპს ალბომის გარეკანზე და ის ჩემთვის ისეთივე ზღაპრის გმირი იყო, როგორც ცხრათავიან დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა, ოღონდ უფრო დახვეწილი და თანამედროვე. 
   
    დიფ ფარფლი, პინკ ფლოიდი, ლედ ზეპელინი, და სხვა მათი “ძმანი” ჩემი ადრეული ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთი შეხედვით შემეძლო პლაკატებზე მათი ცნობა და კითხვაზე-“რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?” დაბეჯითებით ვპასუხობდი “პომაკარტი ბიძიას ცოლი!”..
  ამასთანავე, რაღაცნაირ მოკრძალებასაც ვგრძნობდი მათ წინაშე, როცა ვხედავდი, როგორი მოწიწებით რთავდა მამაჩემი თავის ფირფიტებს(რომელსაც სხვას არავის აკარებდა), როგორ წამოწვებოდა და ტრანსში გადასული, თვალდახუჭული, დაძაბული სახით უსმენდა “kashmir”-ს ან baby i"m gonna leave you”-ს. ამ დროს არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა მისთვის სიტყვის თქმა, ან სხვა ფორმით ხელის შეშლა, რაც კარგად ვიცოდი და ამიტომ ამ ყველაფერს ვუცქერდი, როგორც რაღაც საკრალურს, რომლის უპატივცემულობაც დიდი ცოდვა, თუ დანაშაული იყო. 
    
   ზუსტად იგივენაირი დამოკიდებულება ჰქონდა დედას თავისი ხატების მიმართ. მიმიყვანდა კედელთან, რომელზეც ისინი ჰქონდა გაკრული, მაჩვენებდა ღვთისმშობლის გამოსახულებას, მიკითხავდა საღმრთო ისტორიას და ოხრავდა “ადამს და ევას რომ არ შეეცოდათ, რა ბედნიერად ვიცხოვრებდით ადამიანები სამოთხეშიო”. მერე თავისი წარმოსახვით სამოთხისა და ჯოჯოხეთის აღწერას მოჰყვებოდა და მე ვიჯექი დარცხვენილი და შეშინებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ უკანასკნელში მოხვედრა მელოდა. იმიტომ, რომ არ შემეძლო არც საათობით ლოცვების მოსმენა და არც ისეთი დამჯერი ვიყავი, როგორიც ჩემი დეიდაშვილი, რომლის კარგი საქციელებიც ყოველთვის მაგალითად მოჰყავდათ ჩემთვის. და-ძმა არ მყავდა, რომ მათზე ზრუნვით პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაენერგა ვინმეს ჩემთვის, ან პირიქით-მათგან რაიმე მესწავლა. თუმცა ხშირად ვნატრობდი დედმამიშვილს, განსაკუთრებით უფროს ძმას, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემნაირ ქაჯს კომპანიონად ბიჭი უფრო შეეფერებოდა. ისე მსურდა უფროსი ძმა მყოლოდა, რომ რამდენჯერმე მესიზმრა კიდეც. მისი სახე არცერთხელ არ დამმახსოვრებია, მაგრამ მახსოვს რომ სიზმარში საოცარ სურნელს, ფიჭვის სურნელს ვგრძნობდი. ძალიან მიყვარდა ეს სიზმარი და ხშირად ვიხსენებდი, რეალობაში კი მარტო ვრჩებოდი, გაორებული ღმერთის წარმოდგენასა და როკ-მუსიკას შორის. ზოგჯერ მეგონა რომ ხატები იყო დედაჩემი, ფირფიტები - მამაჩემი და მე - ამ ორ განსხვავებულ კუნძულს შორის გაჩხერილი გაურკვევლობა, რომელსაც ორივესთვის უნდა ეცა პატივი.  
    
    წლების შემდეგ, ე.წ გარდატეხის ასაკში უკვე შეგნებულად ვსწავლობ მძიმე მუსიკის სიყვარულს და მამაჩემის სიძულვილს, რომელიც რაღაც ეტაპზე ერთმანეთის სინონიმები ხდება. მანამ კი, როცა სკოლაში ვიწყებ სიარულს, მამაჩემი ჩემთვის სირცხვილი და შიშია. ვსწავლობ, როგორ გავიგონო და დავინახო მხოლოდ ის, რაც საჭიროა, როგორ წამოვიდე სკოლიდან კლასელებთან ერთად შემოვლითი გზით და როგორ მოვახერხო ყველა საშუალებით, რომ სახლამდე მისული მთვრალ მამას არ გადავეყარო. ვსწავლობ, როგორ გავიპარო “საჭირო ოთახის” მიზეზით კლასიდან მანამ, სანამ მასწავლებელი ჩემს სახელ-გვარს ამოიკითხავს და შემეკითხება მშობლები სად მუშაობენ. კლასის კარებიდან შორს ვდგები, რომ არ გავიგონო დამცინავი წამოძახილი “დედა-დიასახლისი, მამა-ლოთი” და თუმცა ალბათ არცერთხელ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, ჯიუტად მჯერა, რომ მასწავლებელს სწორედ ასეთი ფორმით შევყავარ სიაში. გავდივარ დერეფანში და თავს ვუმეორებ, რომ ეს ჩემი სკოლის გამოცდათაგან ყველაზე რთულია და ისე უნდა ჩავაბარო, რომ დამცირებული ვერავინ მნახოს. ისედაც ძალიან მცირე ვარ, ცარიელი სიამაყე(თუმცა კითხვაზე-რას ვამაყობ, ვერ ვპასუხობ) და კბილებით დავათრევ კლასიდან-კლასში. 
  
     დროდადრო, სახლში მოწყობილი მორიგი “კონცერტები”ს შემსწრეს რაღაც იმედი მეძლევა და დედას ჩუმ-ჩუმად ვეხვეწები- “გათავისუფლდი”. უკვე დიდი ვარ, მთელი 10 წლის და 3წელია, ნაბიჭვარიც აღარ მქვია. 7წლისა მშობლების მეორედ ჯვრისწერასაც ვესწრებოდი და თვალწინ ისე მედგა მათი პირველი ჯვრისწერა, თითქოს მისი მომსწრეც ვიყავი. 
 
   ...24 წლის დედაჩემი ბედნიერი დგას სვეტიცხოვლის საკურთხეველთან თავისი საყვარელი ადამინის გვერდით და სულ რამდენიმე წამში მისი ოფიციალური მეუღლე გახდება. უცებ ნეფეს საქორწინო კელაპტარი ხელიდან უვარდება და ქვის იატაკზე გორდება.
  მამაო ინსტიქტურად იხრება ასაღებად და უცებ საქმროს ახედავს:
  _ მონათლული ხარ?
_ კი, კი, კი...-, პასუხობს მამა ჩვეული, შეკრული კოპებით. 
Aმის შემდეგ ძალიან დიდხანს ცდილობენ სანთლის ანთებას.
   
    ჰოდა ამ 10 წლის ასაკში ვეხვეწები დედას გათავისუფლდეს, მაგრამ არ ვუმხელ იმას, რომ ეს ყველაზე მეტად მე მჭირდება. მე მინდა გათავისუფლება იმ აზრისგან, რომ ოჯახის ცნება შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს ერთმანეთის სიყვარულს და თან იმის აღიარებაც მეშინია, რომ სკოლის საგნებზე კარგად თუ რამეს ვსწავლობ, ეს სიძულვილია. 
   “ამ ოჯახს ვერ დავანგრევ, ამ ცოდვას ვერ დავიდებ”-, ხელებს შლის მოსამართლე და ხან ატირებულ დედას უყურებს, ხან დაჩოქილ მამას. 
    
    მე დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  მისმა გადაწყვეტილებამ უცნაური, ურთიერთგამომრიცხავი შედეგი მოიტანა. სათითაოდ, ნაწილ-ნაწილ დაგვანგრია მეც, დედაც, მამაც, მაგრამ ჰოი საოცრებავ და... ოჯახი შეგვინარჩუნა. 
    
    ის მოსამართლე მაშინ ალბათ სიზმარშიც ვერ ნახავდა ჩვენს მომავალს, ისევე როგორც მე ვერ ვუპასუხებდი კითხვას, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მომღერალ ჩრდილს, კედრის კაკლებსა და სიზმარმჭერს. სამაგიეროდ ახლა თავისუფლად შემიძლია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და უკვე ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ისინი ცალ-ცალკე არსებობდნენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა ის მოსამართლეც შეძლებს ჩვენი ამბების წარმოდგენას. რეალობაში ყველაფერი ასე ალბათ არ ეჯაჭვება ერთმანეთს, მაგრამ ქვეცნობიერში... სულ სხვა საქმეა და მას ზოგჯერ ისე შეუძლია შეიჭრას რეალურ ცხოვრებაში, რომ ცნობიერმა ვერც კი გაიგოს. როგორ? დავიწყოთ სიზმარმჭერით...
  
     ჩვენს ქალაქს თავისი ხასიათი და წესები აქვს. უცებ აიტაცებს, შეიყვარებს, ამოიჩემებს რაღაცას, ძალიან პოპულარულს გახდის და მალევე მობეზრებულს სანაგვეზე დაუნანებლად მოისვრის. ასე მეორდება წლიდან-წლამდე. ამით ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მეჩვენება, რომ ეს ამოჩემება მეც ფეხდაფეხ დამდევს და ზოგჯერ, როცა მგონია, რომ ვიპოვე ის, რაც სხვებისგან გამომარჩევს, ცოტა ხანში აღმოვაჩენ, მას უკვე მთელი ქალაქი ატარებს. სკოლის პერიოდით რომ დავიწყო, წვეტიანი ფეხსაცმელებიდან-მწვანისა და ყვითლის კომბინაციამდე, შავი ტანსაცმლის სიძულვილიდან - ჰიპური ცნობიერების სიყვარულით ნელ-ნელა მივედი სიზმარმჭერამდე, რომელსაც მალე ალბათ მისი წინამორბედების ბედი ეწევა. ეს უბრალო, მაგრამ საინტერესო, ინდილებისგან ატაცებული ე.წ. dreamcatcher-ი, რომელიც განმარტების მიხედვით ობობის ქსელს გამოხატავს, ჩვენს სიზმრებს იჭერს, ცუდებს ქსლის შუაში დატანებული ჭუჭრუტანიდან ფილტრავს, კარგებს კი ბუმბულებით მსუბუქად უგზავნის მძინარეს. შედეგად კი მხოლოდ კარგი სიზმრები გვამახსოვრდება. 
   
    მშვენიერი ლეგენდაა, მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერი იქნებოდა, სიმართლე რომ იყოს. იქნებ ასეცაა, მაგრამ ჩემი ბავშვობისდოინდელი არნახული რწმენა ზღაპრების, დევებისა და სხვა ზებუნებრივის არსებობის, წლებთან ერთად უკიდურეს ურწმუნოებასა და ნიჰილიზმში გადაიზარდა. ჩვეულებრივ, ეს არაფრით გამორჩეული ამბავია ზრდასრულთათვის, მაგრამ არა იმისთვის, ვინც ბავშვობაში ჩარჩა, ან უკეთ-ვერ იმყოფინა, ვერ შეირგო ბოლომდე ბავშვობა. ბავშვისთვის იმის გაგებაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, რომ თოვლის ბაბუა ხელოვნურ წვერსა და გაქუცულ შარვალ-ხალათში გამოწყობილი მისი მთვრალი მეზობლის ბიჭია, ფერიები არ არსებობენ, დრაკონები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ და საერთოდ მთელი ზღაპრული სამყარო იმისთვისაა მოგონილი, რომ ცხოვრების დამქანცველ გზაზე, დამძიმებულ ადამიანს საგზალივით გაყვეს ბავშვობისდროინდელი ლამაზი ფანტაზიები და სიმსუბუქე. ჰოდა, რა უნდა ექნა ბავშვს, ვისაც დროზე ადრე ხვდა წილად “გასხივოსნებულიყო” ცხოვრების არსში და მისი სიკვდილზე მეტად ეშინოდა? უნდა შეექმნა საკუთარი, ყველასგან დაფარული სამყარო და წარმოედგინა, რომ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს-სიზმარია, ცუდი სიზმარი, რომელიც ადრე თუ გვიან, მაინც დამთავრდება. მეც ეს გამოსავალი ვიპოვე და მისგან კარგა ხანს ვეღარ გავთავისუფლდი. 
   
    სიზმრები... ჩემი სიზმრები რეალობაზე რეალურები იყვნენ. მათი მართვა და საჭირო დროს გამოღვიძება ყოველთვის შემეძლო, რასაც ვერ ვიტყოდი ცხოვრებაზე. ბევრჯერ მინატრია სახლის კორპუსთან მისულს, კიბეზე მძინარე გალეშილი მამაჩემის დანახვისას გამღვიძებოდა, მაგრამ ყოველთვის პირიქით ხდებოდა-ის იღვიძებდა და ამღვრეული თვალებით მაბრუნებდა ცუდ სიზმარში. სწორედ მაშინ გავიცანი პირველად ჩრდილი, საშინელი, მომღერალი აჩრდილი, რომელიც ჩემი შემდგომი წლების აუტანელი თანამგზავრი გახდა. 
   
     უშუქობის წლებში, როცა მამა დათვრებოდა, ზოგჯერ მშვენივრად მართობდა. კედელზე ხელებით სხვადასხვა ცხოველების ჩრდილებს- მგლებს, აქლემებს, ირმებს აკეთებდა და მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო კუს ჩრდილი, რომლსაც ყოველთვის საოპერო არია ფუნიკული-ფუნიკულა-ს ამღერებდა. მე ვიცინოდი და ისე ვგიჟდებოდი ამ კუზე, როგორც კი შუქი ჩაქრებოდა მამას თხოვნით მივადგებოდი და გვიანობდამდე ვმხიარულობდით. დღეს კი კარგად ვაცნობიერებ, რატომ ვერ ვუსმენ ოპერას და ყოველი მთვრალი ადამიანი რატომ ასოცირდებოდა ჩემთვის ჩრდილებთან. 
  
   აი, როკს რაც შეეხება, მას უკვე 13-14 წლის ასაკში საკუთარი სურვილით დავუბრუნდი, როცა შევამჩნიე, რომ ჩემი შიში და დაბნეულობა, რომელიც აგრესიად გარდაისახა, მისი მოსმენისას ქრებოდა. მძიმე მუსიკა ბოლომდე იწოვდა ჩემში ჩაბუდებულ ბრაზს, თვითმკვლელობის გიჟურ აზრებს და მტოვებდა ძალაგამოცლილს, ცარიელი, უფერო თვალებითა და გონების ქაოტური სიჩუმით.  ამ გატაცებას მალე  სხვა ჩვევების შეძენაც მოჰყვა. დავუმეგობრდი სასმელს, სიგარეტს და მის “ბიძაშვილებს”, გული ავიყარე სწავლაზე და  პირველი მერხიდან ბოლოზე გადავინაცვლე, რასაც სამეგობრო წრის შეცვლაც მალე მოჰყვა. აქაც ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული. გული ცხრაკლიტულად მქონდა ქცეული, რომელიშიც მხოლოდ აგრესიის და შურისძიების გველეშაპები მყავდა გამომწყვდეული და ახლა უკვე არამარტო ინგვის, არამედ სხვა მუსიკოსების ელექტრონული გიტარებითაც ვებრძოდი მათ. მაშინ უბრალოდ ვერც ვხვდებოდი, რომ იმას კი არ ვაკეთებდი, რაც მე მსურდა, არამედ მას-რასაც ჩემგან არ მოელოდნენ და ეწყინებოდათ.
  
     სულ უფრო და უფრო მიჭირდა ძილი. ღამენათევი დილით 6საათზე ვიღვიძებდი, ვიცვამდი და სასწრაფოდ გავრბოდი სახლიდან. ოპერის მომღერალი აჩრდილი ახლა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ აღარასოდეს მითამაშია კედელზე ჩრდილებით, ყოველთვის, როცა სული სიბნელით მეხუთებოდა და გული მეკუმშებოდა, ჩემს მეხსიერებაში მაშინვე წამოხტებოდა მომღერალი კუ და ისეთი ენერგიით იწყებდა არიას, მაშინვე ბოთლის ძებნას ვიწყებდი, რომ მისი ხმა ჩამეხშო.  თამბაქოს კვამლში ვეხვეოდი, თითქოს ჩემი გონების თვალი აღარ დაინახავდა მის გროტესკულ ფიგურას. წლების განმავლობაში დამყვებოდა ეს ჩრდილი, მე კი თავს მაინც აუტანლად მარტოდ ვგრძნობდი და ამის მიზეზს ვერ ვიგებდი. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სხვისი ცხოვრების თამაში ვისწავლე.
   
    თამაშის წესები ძალიან ადვილი იყო. რადგან სიზმარში გადაბარგება ვერ შევძელი, ასეთ ხერხს მივმართე. სახლიდან გასული, თავს სხვადასხვა ადამიანად წარმოვიდგენდი და მის შესაფერისადაც ვიქცეოდი. “ უცნაური ბავშვის” იარლიყი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან ამშვენებდა ჩემს შუბლს და ახლა უკვე მეც მთელი მონდომებით ვცდილობდი მის გამართლებას. თუ ბავშვობაში თმას ორად ვიწნავდი, სახეზე ჭორფლებს ვიხატავდი და ვამტკიცებდი, რომ “გავალების” ტაბულა არ მჭირდებოდა, ახლა შუბლზე თმას ვიპარსავდი, საათობით ვუყურებდი პინკ-ის კლიპს, რომელშიც ის სარკეში საკუთარ თავს ეჯღანება და სააბაზოანოს სარკესთან მისული გარკვევით ვხედავდი, რომ ჩემი ორეულიც იმავეს იმეორებდა. თუ აქამდე საკუთარი საქციელები, რომლის გამოც დაცინვის ობიექტი ვხდებოდი, ნაკლად მიმაჩნდა და მის გამოსწორებას, ანუ ისეთად ქცევას ვცდილობდი, როგორიც ყველა იყო, ახლა “ჩათრევას ჩაყოლა” ვამჯობინე და არ ვიცი, ვის ჯინაზე, მაგრამ თავისუფლება მივეცი ყველა ჩემს დაულაგებელ აზრსა და სურვილს, რაც თავში პირველად მომდიოდა. 
  
     ყველას დასანახად ვკოცნიდი ხეებს, ადამიანებს ვესაუბრებოდი მათთვის შეუფერებელი სიტყვებით (მაგ-უფროსებს “შენობით”, ტოლებს-“შეჩემობით”) და ვიმოსებოდი ისე არანორმალურად (მაისური-შარვლის ნაცვლად, ქვედაბოლო-მაისურად), როგორის ჩაცმასაც მაშინ უბანში ვერცერთი გოგო ვერ გაბედავდა. ის ადამიანები, რომლებიც დამცინოდნენ, ჩემს მეგობრებად ვაქციე და ამით ვცდილობდი მათდამი შიშის დაძლევას. ვცდილობდი ყველას მივეღე ასეთი “უცნაური”. ასე დავკარგე პირველი ბავშვობის მეგობრები და თუმცა უკვე ე.წ “მეგობრები”ს მთელი ბრბო მყავდა, მათ შორის ყველაზე ერთგული მაინც კედლის ჩრდილი იყო, რომელსაც არც ჩემი გარდასახვა ადარდებდა და შეუბრალებლად, გაუჩერებლად მღეროდა ჩემში. 
  
     ამ რამდენიმეწლიანი აგონიის შემდეგ, ერთ დღესაც თავგადაპარსული აგრესორიდან-ენამწარე, ზღვასავით ცვალებადი და ბოშასავით თავისუფალი არსების როლი მოვირგე, რომელმაც როგორც იქნა გააცნობიერა საკუთარი აგზნებული ბუნებისა და მოუსვენრობის მიზეზი. და თუმცა ნამდვილ “ნარჩიტასთან” გარეგნობის გარდა საერთო ბევრი რამ მქონდა, იმის მაგიერ რომ ჩავეყლაპე და საბოლოოდ გავექრე, ნელ-ნელა გაოცებით შევნიშნე, რომ თვითონ დაიწყო ქრობა და როგორც ნაწვიმარზე გაფანტული ღრუბლებიდან ნელ-ნელა შემოიპარება მზე, ისე შემომეფანტა გარშემო ყველა როლი და პერსონაჟი, მათ ნაცვლად კი მომღერალი ჩრდილის გვერდით სულ სხვა პიროვნება გამოიკვეთა.
მე... ნამდვილი მე...
   ჩრდილს მაშინვე შეშფოთება დაეტყო, რადგანაც მის კონკურენტს არ ჰქონდა არაფერზე დამოკიდებულება და საარსებოდ არ სჭირდებოდა არც ბოთლი, არც სიგარეტი და არც ავტორიტეტული, დამცინავი ადამიანები. ის ყველა აქამდე არსებულ პერსონაჟზე ძლიერი იყო,რადგანაც საკუთარ თავს აღარაფერს აიძულებდა და აღარც არაფერს მალავდა. ჩრდილმა სასოწარკვეთით შენიშნა, რომ “მე”-ს მისი სიმღერაც სულ ფეხებზე ეკიდა და ხმას აუწია. დიდხანს, ძალიან დიდხანს გააფთრებული მღეროდა, ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა, რომ “მე” შეეშინებინა და გაეგდო, მაგრამ შედეგად მიიღოს ის, რომ ერთ დღეს თვითონ გაქრა. 
   
    იმ დღეს შევიყვარე და საბოლოოდ შევისისხლხორცე საკუთარი თავი და ორივემ სიხარულით აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი, რასაც უცნაურობად გვითვლიდნენ, სულაც არ იყო უცნაურობა. ის ჩვენი ინდივიდუალობა იყო, საჩუქარი იყო, რომელზეც ბევრი ადამიანი უარს ამბობს შიშის გამო, რადგან საზოგადოება ყველას რიყავს, ვინც ფლეშმობში ჩართული მონაწილესავით საერთო დადგენილ მოძრაობებს არ იმეორებს. ნამდვილ “მე”ს ასეთი საზოგადოება უკვე აღარ სჭირდებოდა და მეც პირველად მაშინ მივხვდი, რატომ დაეძებს ფუტკარი მხოლოდ ყვავილებს და ბუზი მხოლოდ სიბინძურეს.
  
     გათავისუფლებულმა “მე”-მ, მომღერალი ჩრდილის გაქრობასთან ერთად ნელ-ნელა შეიგრძნო ინტერესი და ეჭვი იმისა, რომ ის ბანალური ტრაგედია, რამაც მისი ბავშვობის თანმდევად გახადა საზიზღარი მომღერალი ჩრდილი, არ შეიძლებოდა უმიზეზო ყოფილიყო. შეუძლებელი იქნებოდა ადამიანს ამხელა ცოდვა, თუ ტვირთი უმიზეზოდ მოეგდო ზურგზე და ის მოსიყვარულე მამა, რომელიც სადღაც მახსოვრობაში თავის პატარა გოგონას მუშტაიდის ბაღში საქანელებზე აქანავებდა, უმიზეზოდ ქცეულიყო არსებად, რომელსაც ოჯახისთვის გადადებული ბოლო თეთრების დახარჯვა სასმელში შეეძლო. როგორც კი მისდამი ზიზღი ინტერესმა შეცვალა, ნამდვილი “მე” დარწმუნდა, რომ საკაცობრიობო სიბრძნე მართლაც დიუმასეულ ორ სიტყვაშია- “ელოდე” და “იმედი გქონდეს”, თუმცა ქრისტეს სახარებისეული სიტყვებით უფრო გარკვეულად გამოითქმის:
  “ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ” 
   ახლა, როცა ხელში მიჭირავს საოცრად დამათრობელი სურნელის მქონე კედრის კაკლები, რომელთაც მოტკბო გემო აქვთ, თვალწინ როგორც კინოფირზე, ისე დარბიან ფრაზები:
   “ишу своего отца... жив ли он?  помнит ли он меня?”…
     
     “Получается, что мы с тобою брат и сестра, немного непривычно осознавать, что почти в 30 лет у тебя может появиться брат или сестра…”
     
     “Вот даже не знаю, что тебе рассказать :)) всю жизнь так парой смс не расскажешь”…
   
 ვაკნატუნებ კედრის კაკლებს, ვყნოსავ დამათრობელ გირჩს და ვიხსენებ, ამ არარეალური ამბის გაგებისას როგორ ამოტივტივდა ჩემი ქვეცნობიერიდან ბავშვობისდოინდელი სიზმარი ჩემს ძმაზე. მაშინვე უზარმაზარი სიყვარულის ისეთი ამოფრქვევა ვიგრძენი, თითქოს სხეულიდან სული ამომივიდა. თითქოს წლების განმავლობაში მქონდა ეს გრძნობა სადღაც შენახული და გათავისუფლებას ელოდა. ნანატრი უფროსი ძმა, რომელიც გუშინ არ არსებობდა, დღეს არსაიდან დაიბადა და თანაც უკვე გაზრდილი, მეოთხედსაუკუნეგამოვლილი. ათასობით კილომეტრითა და 3წლით დაშორებული, ციმბირიდან საქართველოში ეძებდა მამას და მიპოვა მე. და, რომელსაც ის ბავშვობის სიზმარში ჰყავდა ნანახი. 
   
    ორი დედისერთა უცებ ვიქეცით “მამის-ორა”დ, ანუ ერთი მამის შვილებად. იმ უცნაურმა(და ჩემთვის გაუგებარმა) სიყვარულმა, რომლითაც მას თავისი მიმტოვებელი, უძღები მამის ნახვა სურდა, იმის მაგიერ, რომ ჩემთვის მისი თავი უფრო შეეძულებინა, პირიქით - ნელ-ნელა შემაცოდა და სხვა თვალით დამანახა გალოთებული, დაუძლურებული, საკუთარ არჩევანში დაკარგული მამა, რომელმაც ერთი შვილი მიატოვა, რომ მეორე გაეზარდა. 
   
     ჯერ შოკი მოვიდა, მერე სიბრალული, ბოლოს კი სიბრალულნარევი ადრეული, ბავშვობისდროინდელი სიყვარულის ნაგლეჯები და თუმცა უკვე წლები იყო, აღარ შემეძლო მისთვის სახეში მეყურებინა, ჩემი ძმის ობლობის ისტორიამ მასთან თითქმის შემარიგა. უბრალოდ ვიპოვე ჩემი წართმეული ბავშვობის, მომღერალი ჩრდილისა და ცხადში არეული სიზმრების მიზეზი. ამის სანაცვლოდ ვიგრძენი, რომ ძმისთვის მშობელი უნდა დამებრუნებინა, ის ბავშვობა უნდა დამებრუნებინა, რომელიც ჩემდაუნებურად მოვპარე და ვერც საკუთარ თავს მოვახმარე. ყველაფერი იმდენად სიზმარს ჰგავდა, რომ იქიდან გამოსვლა უკვე შეუძლებელი იყო და ზუსტად მაშინ, როცა უკვე გამოღვიძების იმედი მქონდა დაკარგული, ჩემს ხელში აღმოჩნდა სიზმარმჭერი. 
  
    თავიდან უბრალოდ ვიზუალურად მომეწონა, რადგანაც აცტეკური აქსესუარები მიზიდავს და ყოველგვარი აზრის მინიჭების გარეშე ვიყიდე ერთი ცალი. შემდეგ კი, როცა მისი ფუნქცია გავიგე, ელდა მეცა. სიზმარმჭერი თუ არა, სხვა ვერაფერი დამეხმარებოდა ნამდვილი სიზმრის დაჭერაში. მოვძებნე იუთუბზე ტუტორიალი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ქსელიდან-ქსელზე გადაკვანძვით ვისწავლე მათი გაკეთება. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში უამრავი სიზმარმჭერი,  ჩემს სარკეზე, ჩანთაზე, საწოლის თავსა თუ მკერდზე. თითოეულ კვანძში ვაწნავდი სიზმრების, დაცინვების, მომღერალი ჩრდილებისა თუ საკუთარი თავის დაკარგვის შიშებს. ყოველ ამოხვეულ თვალში კი ვატანდი ყოველ წამს, წუთს, საათს თუ მოგონებას ჩემს ნაადრევად გაზრდის დღემდე. წარმოვიდგენდი, თუ როგორ ზრდიდა მამა ჩემს მაგიერ ჩემს ძმას და ზედ ვუმატებდი მომავალის კადრებს, რომლებშიც ის თავის უკვე გაზრდილ შვილს ეხუტებოდა და პატიებას თხოვდა. ამით თითქოს მას ბავშვობას ვუბრუნებდი და როცა თითოეული ქსელის დაწვნას მოვრჩებოდი, ვგრძნობდი, რომ ისევ 3-4წლის ვხდებოდი, ზუსტად იმდენის, რამდენ ხნისამაც ბავშვობა შევინარჩუნე. მაგრამ ეს მაინც არ კმაროდა. ბავშვობას ვიბრუნებდი, მაგრამ საშინელი სიზმრიდან გამოსვლას მაინც ვერ ვახერხებდი. ვწერდი ძმას წერილებს, პასუხსაც წამებში ვიღებდი, მაგრამ მაინც მიჭირდა დაჯერება, რომ რაც ხდებოდა, ცხადი იყო. ჩრდილი აღარ მღეროდა, მაგრამ მამა ისევ ჩრდილივით დადიოდა.
    
    მხოლოდ მაშინ, როცა თბილისში ჩემი ძმის მეგობარი ჩამოვიდა და მისგან ჩემთვის გამოტანებული საჩუქარი გადმომცა, რომელიც მოუთმენელმა სახლში მისვლამდე გავხსენი და რომლიდანაც კედრის კაკლები და გირჩი გადმოვარდა, მივხვდი, რომ გავიღვიძე და სიზმარიც დამთავრდა.
   
    კაკლებს დამათრობელი, საოცრად ნაცნობი და დაუვიწყარი ფიჭვის სუნი ასდიოდა. 
  
    იმ დღეს დაკარგა დანიშნულება dreamcatcher-მაც და უბრალო ლამაზ აქსესუარად იქცა, მისი ფუნქცია კი ამ ფობიოგრაფიამ შეიძინა და გაფილტრა ჩემი ყველა შიში, რომლის გამომჟღავნება და მოშორებაც წლების განმავლობაში მინდოდა. 
  მე  ბავშვობა მაქვს, მე ძმა მყავს, მე მღვიძავს... 
/nino chincharauli/

Monday, January 4, 2016

ჯადოსნური,თოვლიანი წიგნები

ჯადოსნური ადგილები მხოლოდ რამდენიმე ვიცი და ისინიც, ყველა მთაშია. აი, ქალაქშიც თუ სადმე იყო ჯადოსნური ადგილი, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგე, როცა პირველად ვესტუმრე ბათუმელების საყვარელ მაღაზიას "წიგნები ბათუმში". იქ გატარებული ღამე, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და საინტერესო წამების ნუსხაში შევიდა და იქ გაცნობილმა ადამიანებმა ჩემი ცხოვრება გაალამაზეს. მარტო ესეც იკმარებდა, რომ ეს ადგილი ჯადოსნურად ჩამეთვალა, მაგრამ რომ არ ვახსენო ის არაჩვეულებრივი წიგნებიც, რომელსაც "წიგნები ბათუმში" გამოსცემს, ნიშნავს,არაფერი ვთქვა.
    ერთი შემთხვევა მახსენდება ჩემი არცთუ ისე შორეული წარსულიდან-ჩაის სახლში  მიმტანად ვმუშაობდი. ერთხელაც, ჩემზე პატარა ასაკის (სავარაუდოდ სტუდენტები) ორი გოგო და ერთი ბიჭი შემოვიდნენ წიგნებზე საუბრით. როცა ჩაი მივუტანე, ყური მოვკარი; ერთ-ერთი გოგო ეკითხებოდა-"გვირჩიე,რა წავიკითხოთო?" ბიჭი არც დაფიქრებულა, მოაზროვნის პოზა მიიღო და უპასუხა: "-წიგნები ბათუმში რასაც გამოსცემს ყველაფერი წაიკითხეთო". მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ბათუმიდან ,ჯერ კიდევ "ინსომნია"ს შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ეს სიტყვები ისე გამიხარდა, თითქოს ჩემს საკუთარ გამომცემლობაზე იყო საუბარი. 
   ასეც არის, ალბათ ყველას, ვისაც ამ ჯადოსნურ მაღაზიასთან და გამომცემლობასთან ჰქონია საქმე, თავისად მიაჩნია. "წიგნები ბათუმში" ყველასია და მათი წარმატებაც ყველას სიხარულია, ისევე როგორც მათი ტკივილი-ყველა მკითხველის ტკივილი. 
   "წიგნები ბათუმში" კიდევ იმიტომ არის ჯადოსნური ადგილი, რომ ის მათი მფლობელების ახდენილი ოცნებაა.  <3 p="">
ბათუმის დიდთოვლობამ მაღაზიის საწყობი დააზიანა. წიგნების 50% დასველებულია. არ მეგულება არცერთია დამიანი, რომელიც იცნობს მათ და საკუთარი სატკივარივით არ განიცდის ამ ამბავს. ჰოდა, შევიძინოთ დათოვლილი წიგნები, დარწმუნებული ვარ, ისინი ორმაგად ჯადოსნურები იქნებიან და უფრო მეტად შეგვიყვარდება <3 nbsp="" p="">
მე-ჯადოსნურ მაღაზიაში
   
/ნინო ჭინჭარაული/