Wednesday, February 24, 2021

7 რამ, რაც მასწავლა 2020-მა (ანუ - Bedazzled ქართულად)

 




 

არ ვიცი, 90-იანებში  რამდენ თქვენგანს ჰქონდა ეს საახალწლო ტრადიცია, მაგრამ ჩემს გარემოცვაში საკმაოდ პოპულარული იყო - ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე ფურცელზე სურვილების დაწერა, დაწვა და ფერფლჩაყრილი შამპანურის დალევა. მერე რა, თუ  ეს ზოგჯერ ფურცლის მოზრდილი ნაკუწების ღეჭვა-ყლაპვას ნიშნავდა, სამაგიეროდ, გვჯეროდა, რომ ამ მსხვერპლის სანაცვლოდ მომავალი წელი სურვილებს აგვისრულებდა. თუმცა, 2021-ის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე სურვილების დაწერის კი არა, გაფიქრებისაც მეშინოდა. რატომ? ამის ასახსნელად 20 წლით უკან უნდა დავბრუნდე.

   2000-იანების დასაწყისში კომედიური ჟანრის პოპულარული ფილმი Bedazzled თუ გინახავთ, მისი მთავარი პერსონაჟი, ელიოტიც გემახსოვრებათ, რომელსაც სულის სანაცვლოდ ეშმაკი 7 სურვილის ასრულებას ჰპირდება. ელიოტს ყველაფერი უსრულდება, რასაც ინატრებს, მაგრამ ისე უკუღმართად, რომ სჯობდა, სულ არ ენატრა. ამიტომაც, ბოლო სურვილით ეშმაკთან კონტრაქტს წყვეტს და სულსაც გადაირჩენს. ზუსტად ასეთი კომედია გათამაშდა ჩემსა და 2020 წელს შორის.

   2019 წლის დასასრულს ბავშვობის ტრადიციას ვუღალატე. სურვილების ფურცელზე ჩამოწერის ნაცვლად ფეისბუქპოსტით შემოვიფარგლე და მიმავალი წელი გამოვლანძღე. ვწუწუნებდი, რომ მქონდა საძულველი სამსახური, რომლის ოფისამდე მისასვლელად დღიურად 3 საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდებოდა.  რომ ის მთელ დროსა და ენერგიას მართმევდა, არ მაძლევდა არც თვითგანვითარების, არც - დაწყებული წიგნის დაწერისა და დასრულების საშუალებას. ბოლოს ისიც დავაყოლე, რომ ჩემი ანაზღაურება სახლის ერთი ოთახის გასარემონტებლად კი არ იყო საკმარისი და ვისურვე, 2020 მისგან რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო. მაშინ არ გამხსენებია ფრაზა „ეშმაკს არასდროს სძინავს“, თუმცა ელიოტის ისტორია მაინც რომ გამხსენებოდა, ალბათ არ დავდებდი კონტრაქტს მომავალ წელთან, რომელმაც ყველა სურვილი ჯოჯოხეთური ტრადიციების დაცვით ამისრულა;

1.       სამსახური, რომელმაც ადამიანები კინაღამ შემაძულა, წლის დასაწყისში მოულოდნელად დავკარგე.

2.       თავისუფალი დრო, რომელსაც წიგნის დასაწერად ვნატრობდი, თვითიზოლაცია აღმოჩნდა, რომელმაც ისე დამანერვოზა, 365 დღის განმავლობაში ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შევძელი.

3.       ნანატრი დასვენება, რომელშიც ერთი დღის საწოლში გატარებას და ფილმების ყურებას ვგულისხმობდი, რეალურად უძრაობის 6 თვედ, 9 სერიალად, უამრავ კოლოფ სიგარეტად და დაგროვილ კილოგრამებად იქცა, რამაც საბოლოოდ დეპრესიამდე მიმიყვანა.

4.       თვითგანვითარება, რომელიც წესით თავისუფალ დროსა და დასვენებას უნდა მოჰყოლოდა, რატომღაც არ გამომივიდა. შესაძლოა იმიტომ, რომ რამდენჯერაც ხელში წიგნს, ან უცხო ენის ლექსიკონს ავიღებდი, მახსენდებოდა, რომ „დექსტერი“ს მორიგი სერია მქონდა სანახავი და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.

5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა ერთადერთი იყო, რაც თავიდან მართლა სურვილის ასრულებას ჰგავდა, თუმცა ერთ თვეშივე მივხვდი, რომ უმუშევრისთვის მუდმივად ტაქსით სიარული წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მით უმეტეს, როცა მანქანაც არ გყავს, რადგან მართვის მოწმობის აღება აზრადაც არასდროს მოგსვლია.

      რაც შეეხება რემონტს, აქ დამხმარედ ანაბარი მომევლინა, თუმცა არ მეყო და სანამ სამსახურს დავკარგავდი, სესხის აღება მოვასწარი. ამის შემდგომ ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

7.       ბოლო სურვილი კი, როგორც - ელიოტმა, არც მე ჩავიფიქრე. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს მივხვდი, რომ სასწაულების მოლოდინით ჭაობში აღმოვჩნდი და ლიმნის ლიმონათად ქცევის პრინციპით უნდა გამეგრძელებინა დარჩენილი წელი.

 

ჰოდა, როცა 2020 წლის 31 დეკემბრის ღამეს, შამპანურით ხელში ვიდექი და სურვილების ჩაფიქრების მეშინოდა, უცებ გავაცნობიერე, რომ საფულეში ახლად აღებული მართვის მოწმობა მედო, ორი იაპონური ანბანით დაწერილი ტექსტების კითხვა შემეძლო, ახალ წელს უფრო პატარა, მაგრამ ახალ  და რაც მთავარია, გარემონტებულ ბინაში ვხვდებოდი, რომელიც ძველის გაყიდვის შედეგად შევიძინე და ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ 2021-სთვის სათხოვარი არაფერი მქონდა. რაც მომინდებოდა, ყველაფერი საკუთარი თავისგან შემეძლო მიმეღო.

 

პ.ს. როგორც კარგ ჰორორებსა და სათავგადასავლო ფილმებშია ხოლმე, როცა გგონია ყველაფერი დასრულდა, ზუსტად მაშინ ამოყოფს მიწიდან თავს მორიგი ზომბი, ან სხვა დროში, სხვა ბავშვები იპოვნიან მიწაში მეათასედ დაფლულ „ჯუმანჯი“ს, ისე მოიქნია კუდი 2020-მაც. სადღაც წავიკითხე, რომ 2021 წელს „დექსტერი“ს ახალი სეზონი გამოდის.

ჯანდაბა...

 

 

ნინო ჭინჭარაული