Tuesday, September 27, 2011

კიკნა-ფშაველა -პოეტი,რომელსაც არ იცნობთ


პოეტი,რომელიც ვაჟა-ფშაველამ გამოიყვანა სამწერლობო ასპარეზზე.სწორედ მის პატივსაცემად აირჩია ახლგაზრდა პოეტმა ეს ფსევდონიმი.მისი ნამდვილი სახლი და გვარი-სიმონ ბადურაშვილი იყო.მან 26წლის ასაკში მოიკლა თავი
გალაკტიონ ტაბიძე-"ჩემი სამწერლობო მოღვაწეობის დაწყების წლებში,ახალგაზრდა პოეტებიდან მომწონდა კიკნა-ფშაველა
. მართალია,იგი ტრადიციული იყო თავის შემოქმედებით,მაგრამ მაინც მაძიებელი პოეტი. რომ დასცლოდა,იგი უეჭველად ახალ სიტყვას იტყოდა ქართულ პოეზიაში"
200 ლექსის,ექვსი პოემის,ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწ
რა მოასწრო.მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია.
კიკნა -ფშაველა დაიბადა 1889წლის 2 აგვისტოს თიანეთის სოფელ ჟებოტაში,მრავალშვილიან ოჯახში.სწავლობდა თიანეთის ორკლასიან სასწავლებელში,თელავის სასულიერო სასწავლებელში,თბილისის სასულიერო სემინარიაში(სადაც დაუახლოვდა ლიტერატურით გატაცებულ ახალგაზრდობას,რომელიც არალეგალური ხელნაწერი ჟურნალების გარშემო იყო შემოკრებილი.აქ უშვებდა გალაკტიონი ჟურნალს-"შუქი",სადაც გამოქვეყნდა კიკნა-ფშაველას მოთხრობა"გაყიდული სინდისი".) სემინარია მან მიატოვა და ვაჟა-ფშაველას დახმარებით თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შევიდა. აქ მან სტიპენდია მიიღო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან და 1913 წელს დორპატის უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს აღმოჩნდა მისი ყველაზე მძიმე,სულიერი მღელვარების პერიოდი და აქ მიაღწია მისმა შემოქმედებამ სიმწიფეს.
კიკნა-ფშაველას პოეზიის მთავარი თემა მონობაში მყოფი სამშობლოს სიყვარულია.იგი ერს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

უკანასკნელი ლექსი

არა მყავს ქვეყნად მე მეგობარი,
არა მყავს ქვეყნად თანამგრძნობელი,
ჩემი სიცოცხლე სიკვდილი არი,
ჩემთვის კუბოა მთელი სოფელი.
დაირღვა ჩემთვის ოცნების მღვიმე,
ხიდი ჩამენგრა ცხოვრების გზაზე,
მარტოსა მტანჯავს ბედის სიმძიმე,
სული ქვითინებს საფლავის ქვაზე.
მშხამვენ გველები კიდითი-კიდე,
გლოვად მიქციეს დღესასწაული,
თუმცა წამებით თვითვე ვიყიდე
კაცობრიობის დანაშაული.

/კიკნა-ფშაველა/
პოეტზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ბმულებში,რომლებიც ინტერნეტშიც მოვიძიე http://www.presa.ge/new/index.php?m=lit&AID=8051
http://www.open.ge/index.php?m=12&y=2009&art=8558

Wednesday, September 21, 2011

***(სამყარო ჩემთვის გლოვისფერია)




დარდი,ფიქრი და ტკივილი
ჩემგან მოედო სამყაროს..
რას ამბობ ნისლო,ტირილი
შენ როგორ უნდა მასწავლო-
ეს მე ვარ,კლდეთა კალთებზე
ცრემლად რომ ჩამოვწანწკარობ.

/ტარიელ ხარხელაური/

Friday, September 9, 2011

ისევ აცივდა



”მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია”.
/გალაკტიონი./
ისევ აცივდა სულში, ჭირიმე,

წუხელ დავკარგე მზის ავგაროზი,

შენ ჩემს მაგიერ რა გატირილებს_

ჩემი მონაა ჩემი ტაროსი.



გავხედნი, როგორც საომარ კავშას,

ამოვდებ ლაღი სტრიქონის ლაგამს

და ისე, როგორც ჯუთაში შარშან,

უნდა გიმღერო წინაპრის საგა.



არ დამანახვო შავი ტიტები,

ვიპოვი იმ ჩემს მზეს და ავგაროზს,

ვერ შემაჩერებს ვერასდიდებით

წინ რომ დამიდგეს მთელი სამყარო.



ჰო, ცივა,

ცივა,

ცივა, ჭირიმე,



მაგრამ როგორმე დაცხეს ეგების,

გადავიკიდებთ ნაცად ხირიმებს

და უცხო მხარეს გარდავეგებით.

თორემ მე მეტი უკვე არ ძალმიძს

და გულიც გასკდეს უეცრად იქნებ,

ომს ვერ მოიგებ მარტოდენ კალმით,

რა შეუძლიათ, მითუფრო, წიგნებს.



ჰოდა, დაღლილთ და მიწყივ ნაომართ

შევკაზმოთ ახლა თეთრი ცხენები

და გავქრეთ მერე სააქაოდან

ჭიხვინითა და ჭენებჭენებით!..

1995.
ნოშრევან არაბული

"მინდვრის ფსალმუნები"


(ფიქრის სხეული)

*

ჩემი ცხოვრების წესს პოეზია მკარნახობს,პოეზია განსაზღვრავს.

მე ლექსში ვცხოვრობ,ლექსით ვსუნთქავ, ლექსიდან ვიხედები და სამყაროს დალაგებასაც ისე ვცდილობ,როგორსაც ლექსი მთავაზობს.
ალბათ ესაა მიზეზი ჩემი უამრავი შეცდომისა. ნაკლებად გაცნობიერებული, რეალური ცხოვრება ბევრად განსხვავებულს მკარნახობს,საპირისპიროს-ვიდრე ლექსი.
ეს,ალბათ კანონზომიერია. ლექსის შექმნაში შენ ღებულობ მონაწილეობას და საგნებს ისეთნაირად ალაგებ, რომ შენთვისაც სასიამოვნო იყოს და ლექსისთვისაც მისაღები. მაგრამ,როცა პირისპირ რჩები სინამდვილესთან- ნუ გამოვრიცხავთ იმ გაურკვეველ შიშს, რომელიც სულს აგიბურუსებს, სხეულს აგითრთოლებს, რადგან ახლახანს, სულ ახლახანს, განსხვავებული, მეტად მიმზიდველი სამყაროდან გამოხვედი-პოეზიის სამყაროდან.

იქ ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდა. ყოველ შემთხვევაში, თავს საკუთარ ჭერქვეშ გრძნობ.

*

/ტარიელ ხარხელაური/

Wednesday, September 7, 2011

ფშავლის წაწალი


(კაფია შატილობის შემდეგ,ანუ-რად დაუჯდათ მაიებს ერთ კარავში ძილი;)))
მაია გონჯილაშვილი:
"ერთ ამბავ უნდა გიამბოთ
ამბავად არც კი ითქმებს,
ბავშვობიდანვე მეჯერა
წინაპართ ნათხრობ მითების,
მაგრამ ეგეთა ამბავი
ენით არ გამოითქმების...
ერთ ფშავლის ქალას ოცნებად
მქონდა, ხევსურეთ მენახა,
მეგზურად ხევსურთ ქალ_ვაჟნი
ამოვიჩემე მე გლახამ,
რა ვიცოდი, თუ მთებს იქეთ
სწორფრობა ისრე სახლობდა,
ბარში ნაზარდსა ყვავილსაც
თავის საწილოს მამთხოვდა...

საპირიქითოს გადაველთ
ცოტაც ვიგემეთ სახმილი,
შუა ღამემ რომ გვიწია,
ზეცამ მოიხსნა მანდილი,
ისეთა ცრემლი დასცვივდა
წარღვნა მეგონა, ნამდვილი,
რაკიღა წვიმას გადვურჩით,
კოშკებში შავილალენით,
აქ წვიმა ვერას დაგვაკლებს
გულებიც გავილაღენით...

მთელი დღე ღრეობასა და

ლექსთა ქუხილით დავლიეთ,
ძილი რომ შამამეპარა
იქვე ქვეშაგებ დავიგე,
ქვეშაგებისა ალაგზე
ჩემივ კარავი გავშალე
ჯერ კი სუყველამ დამცინა,
მემრ მთხოვდნენ შიგნი შაგვლალე,
ერთ ქალა შავიპატიჟე,
მარტუას ძილ არ მეწადა,
რა ვიცოდი თუ ბედშავსა
ეფხიზლა, მთელ ღამ ეცადა,
ეგება გაიღვიძოსო,
სურვილს უთქვამდა ზეცასა,
მე კი რა გამაღვიძებდა?
შატილის სუნთქვა მათრობდა,
არღუნი ნანას მიმღერდა,
რო თავის მუცლით ნაშობსა,
აგეთა თრობა ბეჩავსა
თავის დღეში არ მახსოვდა..
გათენდა...

სინათლის სხივმა
ჩემთანაც შემოაღწია,
არცვინ დამიხვდა სამყოფში
საფიქრალმ ხელი დამრია,
გვერდით რომ გადავიხედე
ისრე გამწარდა წამია,
საიქიოში მეგონა
ჩემი ბეჩავი თავია...
ან იქნებ სიზმარი არის?..
სწრაფ გავახილე თვალია,
არც საიქიო დამიხვდა
და არც სიზმარი,
_ცხადია...
ჩემს გვერდით თავს იწონებდა
დანა, რო პირბასრ ხმალია,
ისრე სისწრაფით წამოვხტი
ვეღარ ვიპოვე კარია,
რას ვხედავ წინ გადამიდგა
როგორც აშარი ქარია,
ამაშიც ბედი არ გინდა?
ქალს სწორფერ მყავდა ქალია...

ყველაფერ გამიგონია
მაგრამ ეგეთ რამ არსადა,
სულ თავგზა ამარევია
შუღლის საღერღელ აშალა...
ხევსურ ქალს ფშავლის წაწლობა
თურმე გუნებით გეწადა,
მამხელეთ ამდენ ხევსურთა
ფშავლის ქალაი კენტადა,
მე შუღლს არ ავტეხ ღმერთმანი
ლექსს კი წაუხვალ ვერსადა... "





მიხეილ ღანიშაშვილი :
"ისე, უფრო მაგრა გასალექსები კი ხართ და თუ მოვიცალე ერთი თქვენთვის, მერე ნახეთ თქვენი დღე და მოსწრება :))) "




მაია გონჯილაშვილი:

"რაით რა სალექსებლები
ცუდ მასპინძლობა გიწიეთ?
სტუმრობას თუ კიდევ ფიქრობთ
როგორ დაგიხვდეთ გვირჩიეთ... "





მიხეილ ღანიშაშვილი :

"მასპინძლობისთვის მადლობა,
მაგრამ წაწლობა ქალისა
ქალთან და ისიც შატილში
მე ჯერ არ გამიგავისა!
ან სამაგისო რა იყო,
ან ვის რა სჭირდა ხამისა,
ვის რაზე დაჰყვედრდებოდა
თენება ერთი ღამისა,
გეთქვათ: მე გეწაწლებოდით,
ისევ მიგეხმოთ თავისა,
წესს მაინც შავინახავდით,
ეხლა ტალახში სთრავისა,
არეული ჩან დავთრები,
ვით ბნელში სხივნი მთვარისა! :)))) "


მაია გონჯილაშვილი:

"ეს მხოლოდ ერთი უწყინარ
უცოდველ ხუმრობ არისა,
დილა_ბნელ თვალ გახელილმა
რომ ვნახე პირი დანისა,
იქავ სიცილი ამიტყდა
პირიმზესავით ლაღისა,
თურმე ჩვევად აქვს ხევსურსა
თან ქონა დანის ბასრისა,
თორემ სწორფრობა ქალთანა
სად გაგონილა ქალისა..."

მიხეილ ღანიშაშვილი :

"კარგია თუ ხუმრობაა,
მართალს მართლაც არ ჰგავისა,
მეც ეგ მინდოდა გამეგო,
თორო რა ენა მქავისა?
მე მხოლოდ ის ამოვკრიფე,
რაც წისქვილს დაუფქვავისა,
ლეგენდად დარჩეს ეგ ლექსი,
შატილის ციხე-ქავისა!..
ღიმილიანად რო ჰყვება,
მაგითაც პატრონს ჰგავისა!.. :))) "

მაია გონჯილაშვილი:

"იხარეთ ძლივსს მამეფონა
სიტყვა მივიღე წამლისად,
კინაღამ ინფარქტი მხია
გულმა, ახლა კი ჰყვავისა..."

ნინო ჭინჭარაული:

"ეს რას მავესწარ ბეჩავი,
ცხვირწინ მილექსეს შინშია,
ქალო ხევსურთან ლექსობა
არ იცი რო საშიშია?
შენ გაილაღებ ენითა,
ცოტა ხან გაატიალებ,
ის კი მაგ დანას დაგიძრობს
და ცხვირწინ დაგიტრიალებს.
მარტო დარჩენა არ გსურდა?
მაგას რა წამალ სჭიროდა?
დაგცილდა ბიძა ტარასა
უწაწლობას რო ჩიოდა?;)
იმ ღამ კი წვიმაც გამასტყვრა
და უწყალოდა ციოდა.
მიშა ბატონო,სალექსო
თქვენც ხართ ნუ იწყენთ,მენდეთა,
შუაღამ კოშკს რო შამახდით
გულები დაგვიხეთქეთა.
დილას საძილე ტომარას
რო შავაცეცეთ თვალია
ვფიქრობდით-ნეტა ჩვენშია,
ამხელა ვინა არია?
ეს ჩემ პასუხიც,მეყოფის,
მეც გავილაღე სიტყვითა,
დანარჩენს ბარს რო ჩამავას,
ჩემ დადნაფიცი იტყვისა "

მიხეილ ღანიშაშვილი :

"ღმერთმ არ მოშალოს ადათი
ლექსობისა და წაწლისა,
შატილში მოშატილენი,
დიდის ამღებნი ღვაწლისა,
ფშაველ-ხევსურთა ლაღობა,
ხინკალი, წვენი ანწლისა,
და-ძმობის წესი და მადლი
გრეხა ამ საღვთო ბაწრისა

ახარებს ილტოსპირელს
ესე ამბავიც ამ წლისა
მაისა და ნინოს
უწონებს სიტყვის ნაწილსა
სუ ღიმილებით მოვფარა
ჩემით თქვენამდე მანძილსა
უმცროსო დაულეებო,
ჯვარ გიმარცხებდესთ მაცილსა,
თქვენს მტერს და ავის მენდომეს

ვხედავდე ჭკვისგან დაცლილსა! :))))) "




მაია გონჯილაშვილი:

"გაიხარეთ და მახარეთ
როგორც ეს დილა ავდრიან
რას ჩავიდენდი უკეთესს
გულებს ვალაღებ დარდიანს
ცოტა ინტრიგას მივმართე
მომეტევება?
მადლია...:))))))))))))))))"

ხევსური ქალი





რას შევადარო ხევსური ქალი?
მას შენი უდგას სული არაგვო!
მამაცი,
ფიცხი
და ბობოქარი..
მაგრამ საწუთროს საომარ ველზე
უჩაჩქანო
და უიარაღო..

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, September 4, 2011

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს


კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

Saturday, September 3, 2011

ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ი





შავით და თეთრით ნაქარგო
ნისლის ყდიანო რვეულო
ფურცლებზე ეკალასხმულო
დარდო გულს შემოფრქვეულო
ცუდაის გამხარებელო
კარგის წამებას ჩვეულო
ზოგისთვის დასაფიცარო
და ზოგისთვისაც წყეულო
ხან ჭირხლო გაზაფხულისა
ხან ცეცხლო თოვლში რხეულო
ხან სიხარულის ტაძარო
ხან კოშკო ჩამოქცეულო
ბურუსო ყვავილოვანო
სამყაროს შემოხვეულო
ნათებავ ქვესკნელებისა
ზესკნელში ამოღწეულო
მახვილო სიყვარულისა
ღმერთისგან გადმოქნეულო_
წუთისოფელო ლამაზო
მძლეველო ზოგჯერ ძლეულო
ხან ლხინო ერთი წამისა
ხან ტანჯვავ ათასწლეულო!