Wednesday, May 18, 2022

დრაქმა (ჰეკატე)

 


(მოთხრობა შესულია კრებულში "ინსომნია 2020")

   სანდრო გალუმპული და აკანკალებული იდგა კლდის შვერილზე და სველი სახე ქარისათვის მიეშვირა. ვეღარც კი ხვდებოდა, ლოყებზე წვიმის წვეთები სცვიოდა თუ ცრემლები. შიშველი ფეხებიდან სისხლი სდიოდა და ყოველი ტალღის მიხეთქებისას, კლდე წითლად იღებებოდა. 

-          ის არ არსებობს სან!  - კანტი- კუნტად ჩაესმოდა სასოწარკვეთილი ხმა. კარგად ცნობდა ამ ხმას, მაგრამ ეს ის აღარ იყო... ის ადამიანი აღარ იყო, ვისაც ეს ხმა ოდესღაც ეკუთვნოდა.

   ლომისთავიან ქალს დახედა. ხახა კვლავინდებურად დაღებული ჰქონდა. სანდროს ისევ მოუნდა ტირილი, მაგრამ ამის დრო აღარ იყო.

ლომისთავიანმა ქალმა ავად დაიღრინა და მისკენ გაექანა. სანიმ თვალები დახუჭა...

...

 

   ნენას არასოდეს სძინებია სალაშქროდ წასვლის წინა ღამეს. არც ეს ღამე იყო გამონაკლისი, მით უფრო, რომ სანდროm რამდენიმე საათის წინ ისეთი ტანტრუმი მოaწყო, ძალიანაც რომ სდომებოდა, მაინც ვერ დაიძინებდა. თვალის ორი წუთით  მოტყუებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოშმარის ნახვა მოესწრო. დიდხანს უცქერდა მშვიდად მთვლემარე ბიჭს. სანდროს სახე მხოლოდ და მხოლოდ უშფოთველობას გამოხატავდა. ზუსტად ისე ეძინა, როგორც უცოდველ ბავშვებს სძინავთ, თუმცა ნენას თვალში სანდრო სულაც არ იყო უცოდველი.

 

   ტელეფონის ზუზუნმა გამოაფხიზლა.

 

   ანა...

 

   სახეზე ნაკვთიც არ შეტოკებია, თუმცა ტელეფონზე ამ სახელის დანახვა მასში აუარება შეგრძნებებს იწვევდა. განსაკუთრებით - ძველი ცხოვრების ნოსტალგიას. ანა ერთადერთი მეგობარი იყო, რომელიც ბავშვობიდან ჰყავდა შემორჩენილი.

   ნენას არ ახსოვდა, როგორ ადგნენ დილით ის და სანდრო, არც ის - როგორ გაემზადდნენ და მხოლოდ მაშინღა გააცნობიერა, სად მიდიოდნენ, როცა ანას მანქანას მიუახლოვდნენ.  მზის სათვალეებსა და ჩალის ქუდში გამოწყობილი ანა საჭესთან იჯდა და სარკეში პომადას ისვამდა.

 

   -ესეც მოგყავს?-, გაკვირვებულმა გადახედა სანდროს და ღიმილი სახეზე შეეყინა.

   - მომყავს-, მოკლედ უპასუხა ნენამ და იგრძნო, როგორ შეტოკდა მის მკლავზე მაგრად შემოჭერილი ბავშვის ხელი: - პრობლემა ხომ არ იქნება?

   - არა, რას ამბობ!-, ნაძალადევად გაეცინა ანას: - დასხედით. მეგონა გოგოშკური გასეირნება გინდოდა. რამდენი ხანია მარტოები ერთად არსად წავბოდიალებულვართ.

 - ბოლო წუთში გადავწყვიტე წამოყვანა. სულ სახლში ზის, რაც ცენტრი დაიკეტა.

 - ოკ, მაგაზე აღარ მიფიქრია. ესეიგი ერთად ვგულაობთ, სიმპატიურო?-, თვალი ჩაუკრა ანამ უკანა სკამზე მოკალათებულ სანდროს და მანქანა დაქოქა.

  - სანდროს არ ეძინება.. -,ჩაიდუდღუნა ბიჭმა.

   მანქანა სწრაფად მოწყდა ადგილს.

 

 

. . .

 

 

   დადგა მთვარის დაბადების პირველი ღამე და დაჰკრა ქალღმერთის სადიდებელმა ჟამმა. ქალაქის მაცხოვრებლები  ჩირაღდნებითა და ძღვენით სავსე კალათებით მიიკვლევდნენ გზას ტენიან, სუბტროპიკულ ტყეში და მთავარი ტაძრისაკენ მიემართებოდნენ. წინ მიუძღოდათ შიშველი ქალწული, რომელიც ქალღმერთის განსხეულებისათვის იყო განკუთვნილი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას, მით უფრო მძაფრი ხდებოდა ნესტი და ზღვის სურნელი. უზარმაზარი, გოდოლის მსგავსი, თეთრ კოლონებიანი ტაძარი ტერასებით იწყებოდა და მთავრდებოდა ქვის სამსხვერპლოთი, რომლის უკანაც ღრმა ორმო მოჩანდა. სამსხვერპლოს თავზე ყელზე ვერცხლის მედალიონშებმული სამთავიანი ღვთაების ქანდაკება იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.

   პირველად ქალწული ადიოდა კვარცხლბეკზე და ქალღმერთის წინ იჩოქებდა. შემდეგ მორწმუნეები რიგ - რიგობით უახლოვდებოდნენ ქურუმს, ბავშვებისთვის წყალობას სთხოვდნენ და მის ფეხთით ტოვებდნენ ძღვენით სავსე კალათებს, რომლებიდანაც სუსტი წკმუტუნი ამოდიოდა. ქურუმი ლოცულობდა, ქალღმერთს ადიდებდა და შესაწირავს სამსხვერპლოზე აწყობდა. კალათებში მჯდომი არსებები მოძრაობდნენ და გადმოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ ქურუმი ხმამაღალი შეძახილით ლოცვას აღავლენდა და მათ სათითაოდ გადაუძახებდა ორმოში. სასოწარკვეთილი წკმუტუნი აყრუებდა ღამეს.

   ამის შემდეგ ქალღმერთი იხსნიდა ყელიდან მედალიონს და მის წინ დაჩოქილ ქალს ჰკიდებდა. ქალწული ნელ-ნელა ტრანსფორმაციას განიცდიდა.  გრძელი თმების ნაცვლად ბეჭებს ნელ-ნელა ფაფარი ედებოდა, უმანკო სახეს კი ლომის პროფილი ცვლიდა.  შემდეგ ქალწული ცოცხლად ჭამდა ქალღმერთს და მის ადგილს იკავებდა კვარცხლბეკზე.

   „დიდება ჰეკატეს!“ „დიდება ჰეკატეს!“  - გუგუნებდა ამ სასწაულის შემყურე ბრბო.

 

 

. . .

 

   ციხისძირში იმაზე სწრაფად ჩავიდნენ, ვიდრე ეგონათ. მიუხედავად ნენას თხოვნისა, სანაპიროზე, კარვებში გაეთიათ ღამე, ანამ მაინც დაჯავშნა საოჯახო სატუმრო ქობულეთში. იცოდა, მეგობრის არამდგრადი ხასიათი, ნებისმიერ დროს შეეძლო გადაეფიქრებინა და ახლა, როცა სანდროც მათთან ერთად იყო, შვებით ამოისუნთქა, რომ არათუ კარავში მოუხდებოდა მასთან ერთად ღამის გათევა, არამედ - საწოლშიც გამოიძინებდა.

 ანას ძალიან უყვარდა სანდრო, მაგრამ ნენასგან განსხვავებით, მასთან გამკლავება არ შეეძლო. ხშირად სიბრალულნარევი აღფრთოვანებით გადახედავდა ხოლმე მეგობარს, როცა ის უშფოთველად იტანდა ბიჭის უცნაურ გამოხტომებს, რომლებიც არ ჯდებოდა ტიპიური განვითარების ბავშვის საქციელებში. ასეთ დროს ანას უჭირდა დაეჯერებინა, რომ ეს არაადამიანური ნებისყოფისა და სიმშვიდის ადამიანი სწორედ ის ნენა იყო, რომელიც ხელოვნებას მასთან ერთად სწავლობდა, ერთ დროს სამეგობროს კამპანიის გული და სული იყო და რომელთანაც გიჟური თინეიჯერობის წლები ჰქონდა გატარებული.

   ნენა ამაზე არასდროს საუბრობდა, მაგრამ სანდროს გამოჩენამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ. დედა პატარა ასაკში ჰყავდა გარდაცვლილი, ბებიასთან იზრდებოდა.  19 წლის ასაკში ერთდროულად შეიტყო მამამისის გარდაცვალებისა და თავისი ნახევარძმის ამბავი, რომელიც სახლში ბებიამ მოიყვანა და უთხრა, რომ მასთან ერთად გაიზრდებოდა. ნენას ახლაც ახსოვს, 5 წლის სანდრო, რომელიც თვალებში არავის უყურებდა, არ ლაპარაკობდა, ხელებით უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და ჯიუტად არ იცვამდა ფეხსაცმელს. სიტყვა „აუტიზმი“ მაშინ ნენასთვის უცხო ხილი იყო, მაგრამ ამდენი წლების შემდეგ ნებისმიერ თერაპევტზე უკეთ იყო განსწავლული და მას შემდეგ, რაც ბებიაც გარდაეცვალათ, ბიჭი შვილივით გაზარდა.

   არ უყვარდა ამაზე ფიქრი, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი ცხოვრება სანდროს საჭიროებებით ჩაანაცვლა, ფაქტი იყო. სანდრის თერაპიები, ვარჯიშები და უძილო ღამეები  პიროვნული განვითარების არავითარ საშუალებას აღარ უტოვებდა. სხვა არჩევანი არ ჰქონდა? ჰქონდა... შეეძლო და შესთავაზეს კიდეც სოც მუშაკებმა ბიჭის დღის ცენტრში დატოვება, რაღაც პერიოდი დაფიქრდა კიდეც, მაგრამ ვერ გაბედა. იცოდა, აუცილებლად ინანებდა.

   და ყველას ჩამოშორდა. ბუნებით მაქსიმალისტი იყო, იცოდა, ნახევრად ვერაფერს გააკეთებდა. ბოლომდე, თავით უნდა გადაშვებულიყო პატარა ძმის საჭიროებებში, ამიტომ პირველი, რაც გააკეთა - ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიდან საბუთები გამიტანა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიას დაეუფლა. მამის დანატოვარი ქონება ეყო იმისათვის, რომ სანდრისთვის დროებით ძიძა აეყვანა და დანარჩენი დრო ისევ მისთვის დასახმარებლად საჭირო უნარების შესწავლას მოახმარა. ახლა კი, ამდენი წლის არანორმალური მონდომების და შრომის შემდეგ ბიჭი ალაპარაკდა და თუმცა აგრამატიზმებით და გაუგებრად, ნენას მაინც ესმოდა მისი.

  

            ყველაზე მთავარი სანდრის შიშები იყო - სძულდა მარტოობა, ხმაური, წითელი ფერი და სხვა ათასი რამ. ყველაზე ცუდად კი მაშინ იყო საქმე, როცა ფეხსაცმელს იხდიდა. ნენამ იცოდა, რომ ეს ნიშნავდა, სანდრო პანიკაში იყო. ამ დროს ერთადერთი გზა არსებობდა, რომელიც სანდროს აშოშმინებდა. ნენას უნდა დაერწმუნებინა ბიჭი, რომ თვალები დაეხუჭა და წარმოედგინა, რომ მისი შიშის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა.

 

-          პეტრაზე ვართ! -, გამოაფხიზლა ანას მხიარულმა ხმამ. ნენამ თავი გამოყო ფანჯრიდან და პირველი რაც დაინახა, ზურგჩანთებაკიდებული ტურისტების ჯგუფი იყო, რომლებიც პეტრას ციხის შესასვლელთან დამწკრივებულიყვნენ და რიგ -რიგობით შედიოდნენ ეზოში.

-          რა ამბავია. მთელი დღე მოგვიწევს რიგში დგომა-, დაიჯღანა ანა და სანამ ნენა ხმის ამოღებას მოასწრებდა, მანქანა დაქოქა და გზისკენ დაძრა: - მანამდე გესთჰაუსში მივიდეთ, შხაპი მივიღოთ ვჭამოთ და ზღვაზე ვიჭყუმპალაოთ. როგორ მოგწონთ იდეა?

-          სანდროს უნდა წყალი.

-          აჰა, გამომართვი - . გადააწოდა ანამ ბოთლი, მაგრამ ნენამ შეაწყვეტინა.

-          ბანაობას გულისხმობს. ზღვაზე გინდა სან? მითხარი სწორად - „ზღვაზე მინდა“ და ჩავალთ.

-          წყალი...

-          ოოოჰ! ახლა მაინც შეეშვი ბავშვს!-, გაბრაზდა ანა: - უნდა და ჩავიყვან, არაფრის თქმა არაა საჭირო.

მანქანა დაიძრა და დაღმა დაუყვა გზას. ნენამ ციხესთან შეკრებილ ჯგუფს თვალი გააყოლა და აშკარად გაარჩია, რომ პორტუგალიურად საუბრობდნენ.

   მწარედ გაეცინა. გული ეუბნებოდა,  ვინც იქნებოდა მათი გიდი. პორტუგალიელ ტურისტებს ზღვაზე, თანაც ასე ნაკლებტურისტულ ადგილას სხვა ვინ წაიყვანდა იმ ადამიანის გარდა, ვისაც  ამ კონკრეტული ძეგლის ფეტიში ჰქონდა? ეს ძეგლი კი პეტრას ციხე იყო.

  და ნენას ახსოვდა, მშვენივრად ახსოვდა, ვინც იყო შეპყრობილი ამ ღირსშესანიშნაობით. ის ადამიანი მისი წარსული იყო, ხაზგადასმული წარსული. ეს ციხე კი მათი პირველად შეხვედრის ადგილი.

   რატომღაც თვალი ძმისკენ გაექცა. სანდრიც ციხეს შეჰყურებდა და ფეხსაცმლის თასმას აწვალებდა.

 

. . . .

 

   ზღვაზე ბანაობა ძლივს მოასწრეს, უკვე შებინდდა. ნენა კმაყოფილი იყო. სანიმ დიდხანს ატყაპუნა ფეხები ქაფიან ზღვაში და იცინა კიდეც. სანამ ის ერთობოდა, გოგოებმა ცოტა წაიხემსეს, გააბოლეს და ორი სიტყვით წაიჭორავეს. ანა უმტკიცებდა, რომ დრო იყო ცხოვრებას დაბრუნებოდა. სანი უკვე ასე, თუ ისე დამოუკიდებლად აკეთებდა რაღაცეებს და ნენას ყოველდღიური ყურადღება აღარ სჭირდებოდა. ზღვიდან დაბრუნებულებმა ტყეში გაჭრილი ვიწრო ბილიკით აირბინეს ტრასამდე, სადაც ჰყავდა ანას მანქანა გაჩერებული და გაემართნენ იმ ერთადერთი გესთჰაუსისკენ, რომელიც პლაჟიდან რამდნეიმე კილომეტრით იყო დაშორებული.

   ნენას გასაკვირად სანდროს ბალიშზე თავისმიდებისთანავე, ტანსაცმლიანს ჩაეძინა. ანა ისე იყო აღფრთოვანებული, რომ თვითონაც შეძლებდა გამოძინებას, რომ ორი ჭიქა ღვინოღა გადაკრა( რომელიც ყოველთვის ეგდო მანქანაში), მეგობარს ძილინებისა უსურვა და თავის ოთახში შეიყუჟა. ნენას კი მაინც არ ეძინებოდა და სუფთა ჰაერზე გასვლა არჩია.

 ეზოში ხალხმრავლობა იყო. ისევ პორტუგალიური სიტყვები მოესმა, მაგრამ ამჯერად ხმაც იცნო.

   ზურგით იდგა. თავზე წაკრული შავი ნაჭრით, გაოფლილი მაისურით, თავისი განუყრელი მწვანე ზურგჩანთით( ამდენი წლების განმავლობაში როგორ გაუძლო). ეზოშ მდგარი ტუალეტისკენ გზას აჩვენებდა ტურისტებს. ნენამ სასწრაფოდ ჩააქრო სიგარეტი და მაშინვე უკან შებრუნება დააპირა, მაგრამ მოღალატე ფეხები არ ემორჩილებოდნენ. პირიქით, ნელ - ნელა უფრო და უფრო უახლოვდებოდა ზურგით მდგარს და ბოლოს ისე ახლოს მივიდა, რომ მისი მისი გახურებული სხეულის ოფლის სუნიც კი იგრძნო. ამას კი ვეღარ გაუძლებდა.

 მისი უკანდახევა და ზურგით მდგარის შემობრუნება ერთი იყო.

-          გამარჯობა! - , გურამს არ გაუღიმია: - ვიცოდი, რომ აქ გნახავდი, ციხეზე დაგინახე მანქანაში.

-          გამარჯობა - , სასწრაფოდ რობოტად იქცა ნენა: - როგორ ხარ?

-          როგორც მხედავ. ძველებურად, ძველ თემაში-, მშვიდად მოიხსნა ჩანთა გურამმა, ძირს დადო და თავსაფრის შეხსნა და უფრო მჭიდროდ შეკვრა დაიწყო. ნენა თვალს არიდებდა, ზუსტად იცოდა, რას ნიშნავდა ეს მოძრაობები. გურამიც ნერვიულობდა.

-          ჰეი, უყურე აქ ვინ ყოფილა?-, ანა მოჩვენებითი აღფრთოვანებით მოაბიჯებდა მათკენ. მას და გურამს არასდროს მოსწონდათ ერთმანეთი, თუმცა ამჯერად ანას თავხედობას სიმთვრალეც უწყობდა ხელს: - ამ სიბერეში ისევ ტურისტებს დაატარებ ბიჭო?

-          მეც გამიხარდა შენი ნახვა-, ნირშეუცვლელად მიუგო გურამმა: -  ჰო, ამ ღამესაც გავათევთ და ხვალ მეორე ჯგუფი მიმყავს პეტრაზე.

-          მაგარია!-, ახლა უკვე ნამდვილად აღფრთოვანდა ანა: - ხვალ ჩვენც ვაპირებთ პეტრაზე ასვლას და გიდიც გვყოლია.

ნენა შეეცადა მეგობრისთვის მკლავზე ეჩქმიტა, მაგრამ შეუმჩნევლად ვერ მოახერხებდა.

-          რა პრობლემაა, ორი კაცის დამატება. წამოდით. -, სწრაფად უპასუხა გურამმა.

-          ორი ქალის!-, მრავალმნიშვნელოვნად დააკონკრეტა ანამ: - და ერთი ბავშვის.

გურამმა წამიერად გახედა ნენას. ეს მზერა უფრო მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე მთელი ეს საუბარი.

 

. . .

   „პეტრას ციხე იოანე სტრატეგოსმა ააშენა 535 წელს. მკვლევართა ვარაუდით ის სწორედ ვეფხისტყაოსანში მოხსენიებული ქაჯეთის ციხეა. აქ, ამ კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა პეტრას აკროპოლისი, რომელიც მიუვალ ციხედ ითვლებოდა. „პეტრა“ ბერძნულად ქვას, კლდეს ნიშნავს. აქ დღემდეა შემორჩენილი 6 – 7 საუკუნის ბაზილიკის ნაშთები და ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები. ასევე აღმოჩენილია უძველესი სამარხი, სადაც უამრავი განძეულობაა აღმოჩენილი.

   არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა მოიცავს ბრინჯაოს ხანიდან - ადრეული შუა საუკუნეების პერიოდს. შუბები, ნუმიზმატიკური მასალები... ეს ყველაფერი დაცულია როგორც საქართველოში არსებულ მუზეუმებში, ასევე ერმიტაჟსა და ჰააგაში..“

 

   ჯგუფი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გურამს, რომელიც თან ციხის ისტორიას ყვებოდა და პაუზას აკეთებდა, რომ ნენას სანდროსა და ანასთვის ქართულად ეთარგმნა. ბიჭს ეგონა, რომ წარსულში დაბრუნდა. პეტრა, ნენა... ტურისტების ჯგუფი. ყველაფერი ძველებურად იყო, გარდა იმისა, რომ სულ მცირე 8 წელიწადი იყო გასული და აღარც ტურის შემდეგ კარავში განმარტოვდებოდნენ ის და ნენა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მათი დაშორების მიზეზიც იქვე იყო, მათთან ერთად მოაბიჯებდა და უცნაურად იქცეოდა. ყველაფერს ხელით ეხებოდა, მიწაზე წვებოდა, სამარხების მიწას ფრჩხილებით ჩიჩქნიდა და ციხის ნანგრევებს ხელებს ისე უშვერდა, თითქოს შელოცვებს უკითხავდა. ციხის ტერიტორიაზე ახალი ჩატარებული იყო არქეოლოგიური გათხრები და წარწერებთ იყო შემოსაზღვრული სამარხები, სადაც გადასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ სანდრი ამ აკრძალვებს რათქმაუნდა ყურადღებას არ აქცევდა.

 

   გურამს სძულდა სანდრი. სძულდა იმ დღიდან, რაც ნენამ მიატოვა. სძულდა იმ დღიდან, რაც ნენამ ფეხებზე დაიკიდა მათი ხელოვნების კოლეჯში გატარებული ბედნიერი დღეები, ერთობლივი ტურები და საერთო მომავლის გეგმები, როცა მან გულწრფელად უთხრა თავისი აზრი, სანდროს შესახებ. გურამს მაშინაც და დღესაც მიაჩნდა, რომ ნენას არ უნდა შეეწირა თავისი და მისი ცხოვრება ძმისთვის მსხვერპლად, რომელიც მაინც ვერასოდეს იცხოვრებდა ნორმალური ადამიანივით. ნენამ კი არ დააფასა მისი პირდაპირობა და გურამი თავისი ცხოვრებიდან ამოძირკვა.

 

   სანამ ტურისტები ფოტოებს იღებდნენ, ნენას გაახსენდა, რომ ტელეფონი მანქანაში დარჩენოდა და მოსატანად გაბრუნდა.

-          მარტოს მტოვებ ამასთან გოგო?!-, დაპანიკდა ანა: - რამის რომ შეეშინდეს და მაშინდელივით გაჭედოს, რა ვუქნა?

-          თვალი დაახუჭინე და უთხარი, ეგ არ არსებობს-თქო!-, გადმოსძახა ნენამ. ანამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმით დამშვიდებულმა, რომ გურამი იქვე იყო, ტურისტებისგან თავისუფალი ( ისინი ჭიშკართან, გარეთ შლიდნენ კარვებს), კლდის ნაპირზე ჩამოჯდა, სანდრი კალთაში ჩაისვა და გურამს სურათის გადაღება სთხოვა.

 

 - სილამაზის აღქმის ნიჭი ნამდვილად არ გქონია-,ცხვირი აიბზუა, როცა ტელეფონს ჩახედა: - ნახევარი კილო მაკიაჟით ასე მკვდრისფერი როგორ გამომაჩინე?

- რა ფერიც ხარ, ის ჩანხარ-, მხრები აიჩეჩა გურამმა:-ვერ გამოიძინე?

- ნუ, იმ კოღოებით სავსე მოცუცქნულ ნომერში, საერთოდ რომ დამეძინა, სასწაული იყო-, ანამ წარბები აწკიპა, ტელეფონზე ფილტრი დააყენა და უკანვე მიაჩეჩა:-თუმცა, საკაიფო სიზმრები ვნახე.  ქალი -კატა ვიყავი, პეტრას ციხეზე გრაციოზულად დავატასავებდი

და შენ და შენი ტურისტები თაყვანს მცემდით. ჰაჰა! სულ კაცები კი გყავს, ქალებს არ წყალობ? თუ შენ არ გწყალობენ?

 

   გურამს  სახეზე ეწერა, რომ ამ ნაბოდვარის მოსმენა აღარ შეეძლო.  სანამ ამ საუბარში იყვნენ, ბავშვი გაჭირვეულდა, ანას ხელიდან გაუსხლტა  და კლდის კიდისკენ გაიქცა. ანა დაედევნა, სურდა ხელი ჩაეკიდა მისთვის, მაგრამ ბიჭი მუშტს მაგრად მუჭავდა და არაფრით არ ხსნიდა.

-          რა გაქვს ხელში, მაჩვენე!-, ძალით გაახსნევინა ანამ.  ბიჭის ხელისგულზე მზეზე აკიაფებულ, მიწით მოსვრილ, ვერცხლისფერ, ულამაზეს მონეტას მოჰკრა თვალი.

-          ვაა, ეს საიდან გაქვს, სად იპოვე? მაჩვენე რა!  

-          ჩემი ფულია, ჩემია!-, აყვირდა სანდრი. გურამმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად მიუახლოვდა მათ.

-          რა ხდება? რა სჭირს?

-          აი ეს იპოვა, ალბათ ვიღაცის საფლავიდან ამოთხარა, რა არის?

გურამის თვალები შუბლზე აუვიდა.

-          დაუჯერებელია! მომეცი...

ხელისგულზე დაიდო და კარგად შეათვალიერა. ძველისძველ მიწიან მონეტაზე გარკვევით მოჩანდა ადამიანის სამი თავი - ანფასი და მის ორივე მხარეს - პროფილი. გადმოაბრუნა. მონეტის ზურგზე ლომის თავი იყო გამოსახული.

-          დაუჯერებელია. ეს კოლხური დრაქმაა. დიდრაქმა...

სანდრი ტიროდა და ანას ხელიდან დასხლტომას ლამობდა.

-          რა ჯანდაბა ვქნა, როგორ დავაწყნარო!-, წიწინებდა ანა: - რა ჯანდაბა უთხარიო ნენამ? ვეღარ ვიხსენებ, ისა...

უეცრად გურამი მივარდა ბავშვს და თვალებზე ხელი ააფარა.

-          ის არ არსებობს სანდრო! ეგ მონეტა არ არსებობს!

ბავშვი წამიერად გაშეშდა.

-          არ არსებობს!-, გაიმეორა გამოცებულმა გურამმა: - აი, შეხედე,-, ზურგსუკან დამალა და ცარიელი ხელისგული აჩვენა: - არსად არ არის. არ არსებობს!

მათდა გასაკვირად სანდრიმ თვალი გაახილა და ნელ-ნელა შეწყვიტა ბრძოლა. 

ხმაური ნენასაც გაეგონა და აღმართზე ამორბოდა. გურამმა მასაც უჩვენა მონეტა.

-          აი ბავშვმა რა იპოვნა! გინახავს მსგავსი?

-          კი, ამის მეტი რა გვინახავს ჯანაშიაში.

-          რაა ამიხსნით?-, ჩაერია ანა.

-          კოლხური თეთრია-, აუხსნა გურამმა: - ზედ გამოსახული სამთავიანი ქალღმერთი ჰეკატეა, უკან კი ლომის ფიგურაა გამოსახული, რაც სიმბოლურად მზეს ნიშნავს.

უკან გადმოაბრუნა და შეამჩნია, რომ კიდესთან გახვრეტილი იყო.

-          როგორც ჩანს ყელზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ..

-          ვაჰ, ესეც ჩემი სიზმრის ახდენა!-, აღფრთოვანდა ანა და მიეფერა სანდრის: - რა საკაფო რამეა.აჩუქებ შენს ქალღმერთ ანა დეიდას მონეტას? ჩემს ახალ კაბას მოუხდება. ძია გურამის ევროპელებს რომ ჩამოვუსეირნებ, დაეცემიან.

-          ხუმრობ იმედია-, გაეცინა გურამს და წელის ჩანთაში ჩაიდო დრაქმა: - არქეოლოგიური მასალის დამალვა დანაშაულია. რომ ჩავალთ, აჭარის მუზეუმს გადავცემ. არ იდარდო, ქვესკნელის მბრძანებელის მედალიონი კარგს არაფერს მოგიტანს.

-          ისევ ისეთი მოსაწყენი პედანტი ხარ, როგორიც იყავი..-, დაეჯღანა ანა და ასლუკუნებულ სანდრის გაჰყვა, რომელიც ნენას მანქანისკენ მიჰყავდა.

-          ყოჩაღ, სანი უცებ რომ დაამშვიდე-, მადლიერი თვალით გახედა ნენამ მეგობარს.

-          მე არა, შენმა ვაჟბატონმა...-, ჩაიბზუილა ანამ: - ისე დაებაზრა, გეგონება ამ ამბების სპეცი იყოს...

გაოცებულმა ნენამ მალულად გახედა უკან მომავალ გურამს, რომელიც ტურისტებს ემშვიდობებოდა. ისე უყურებდა, თითქოს სწორედ ასეთი სურდა დაემახსოვრებინა. თითქოს ასეთს პირველად და უკანასკნელად ხედავდა.

 

 

. . .

 

-          არ იქოქება! რა ჯანდაბაა! - , გამწარებული აწვალებდა გასაღებს ანა, მაგრამ აღმუვლებული მანქანა მაშინვე ქრებოდა და ადგილიდან არ იძვროდა. გურამი გაგნებული, ჩუმად იჯდა და მიშტერებოდა ნენას, რომელიც ზურგიდან იჭერდა მკლავებით და მთელი ძალისხმევით ცდილობდა აფართხალებული სანდროს დაწყნარებას. ბავშვის ფეხსაცმელები ძირს ეყარა.

-          რა ჯანდაბა უნდა ვქნათ, ფეხით ხომ არ მივალთ ამ შუაღამე სასტუმრომდე!-, კიოდა ანა. ნენას მეგობრის წიკვინი უფრო აღიზიანებდა, ვიდრე ქუჩაში ღამისთევის პერსპექტივა, მაგრამ არ იმჩნევდა და ზურგიდან გაკავებულ სანდროს ყურში დამამშვიდებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა.

-          მაქვს ერთი იდეა, მაგრამ არამგონია, მოგეწონოთ-, თქვა გურამმა და ნენას გადახედა.

-          თქვი!

-          პეტრასთან უნდა დავბანაკდეთ.

-          რას ბოდავ?!-, გაცოფდა ანა.

-          5 წუთის წინ შენ იყავი აღფრთოვანებული ჩემი ტურისტებით-, მხრები აიჩეჩა გურამმა და ბანაკს გახედა, სადაც ცეცხლი ენთო და მხიარული ხორხოცი და გიტარის ხმა მოისმოდა.

-          ამ ხმაურში სანდრი ვერ დაიძინებს-, თქვა ნენამ.

-          მაშინ მეორე ვარიანტია - პეტრაზე უნდა გადავძვრეთ.

-          ????

-          კარვები იმედია გაქვთ, თუ არადა ჩემს ორადგილიანს გთავაზობთ.

ნენას თვალებმა ერთდროულად ძალიან ბევრი რამ უთხრა. ანამ ამოიგმინა, რადგან კარგად იცოდა, მის მეგობარს ამაზე ხვეწნა არ სჭირდებოდა და ცოტაოდენი წუწუნისშემდეგ, დარწმუნდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ და დათანხმდა.

   უკვე ბნელდებოდა. გალავნის ყველაზე ფართო კედლიდან აცოცდნენ და ჩანთები ციხის ეზოში გადაყარეს. გურამი პირველი აძვრა და სანდრო ამოიყვანა. როცა ჩამოსვა, პირდაპირ თვალებში შეხედა და მაშინღა შეამჩნია, როგორ ჰგავდნენ და - ძმა ერთმანეთს. ერთნაირი თვალები ჰქონდათ. არ გიყურებდნენ, მაგრამ მაინც ვერ გაექცეოდიმათ მზერას. კლდის პირას, უზარმაზარი ნაძვის ძირში გაშალეს სამივე კარავი და მშრალ სპირტზე ყავა აადუღეს.

  ვახშმის დროს ანამ ტვინი გაუბურღა გურამს, სანამ მონეტაზე გამოსახული ღვთების ისტორიაც არ მოაყოლა.

-          არის ასეთი ვერსიაც ამ დრაქმების მიხედვით. სავარაუდოდ აქ სამთავიანი ჰეკატეს, ძალიან კონტრასტებით სავსე ქალღმერთის ტაძარი იყო.

-          სამი თავი რატომ ჰქონდა?

-          მთვარის სამ ფაზას გამოხატავდა-, სიტყვა ჩამოართვა ნენამ: - უცნაური ისაა, რომ ეს ღვთაება ერთდროულად ბავშვების მფარველადაც ითვლებოდა და ამავდროულად მაგიის, წყვდიადის, ქვესკნელის მბრძანებლად, მონადირედ...

-          ოღონდ ამ ფრიად პატივსაცემ ქალბატონს ნადირი რომ შემოაკლდებოდა, მამაკაცებს ხოცავდა. მსხვერპლად ლეკვებს სწირავდნენ.. კიდევ გავაგრძელო?-, დამცინავად ჰკითხა გურამმა ანას.

-          ერთი სიტყვით ძერზკი ტიპი ყოფილა,-, აწეული ცერი აჩვენა ანამ და მოშორებით მდგარ ბუჩქებს გახედა: - წავედი მე დავწვები ჩემს ხუთვარსკვლავიანში. ნადირზე გამახსენდა და ღამე მოფსმა რომ მომინდეს, ამ სიბნელეში მეშინია სიარული და არ გინდა დანა მათხოვო?

    გურამმა ნაძალადევი თავაზიანობით ამოიღო წელის ჩანთიდან და გაუწოდა. ანამ ისე ჩაბღუჯა, მადლობაც არ გადაუხდია და ქაღალდისთვის შებრუნდა კარავში.

-          ნადირი...-, ღიმილით გადახედა გურამმა ნენას.

 

   ნენამ გაშლილ კარავში დააწვინა სანდრი, სანამ კარვის ელვას ჩაკეტავდა, ნახევარ შევსებულმა მთვარემ გააოცა, რადგან წუხელ აშკარად ახსოვდა, ახალმთვარეობა იყო. ცოტახანს თვალმოუწყვეტლად უმზერდა და შემდეგ მისი სიმშვიდით ავსებულმა მალევე ჩაიძინა.

ისევ მსგავსი სიზმარი ნახა, ოღონდ ამჯერად კლდეზე სანდრის მაგიერ თავად იდგა. ფეხებიდან მასაც სისხლი სდიოდა. სანდრი არ ჩანდა. აკანკალებული ნენა ქიმს მიუახლოვდა და შიშით ჩაიხედა ძირს. აქაფებულ ნაპირზე ბავშვის სხეული ეგდო.

-          ის მამაკაცებს ხოცავდა-, მოესმა ზურგსუკან დამცინავი ხმა და მიბრუნებულმა დანაშემართულ გურამს მოკრა თვალი.

გააჟრჟოლა.

-          სანდრიც მამაკაცია-, ნელ-ნელა უახლოვდებოდა გურამი.

-          შენც კაცი ხარ! - , ნენაც ნელ -ნელა უკან იხევდა. მოულოდნელად სრიალა კლდეზე ფეხი დაუსხლტა და შეტორტმანდა. გურამმა უსწრაფესად ისკუპა და დანით ხელში ეძგერა.

ნენას ოფლში გაწურული წამოხტა კარავში და მივარდა სანის. ბიჭს მშვიდად ეძინა. მაშინ თავი ისევ დაუშვა გურამის მწვანე ჩანთაზე.

 

 უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა.

 ერთდროულად ნაბიჯების და ლითონის ჩხრიალის ხმას ჰგავდა.

 კარვის ელვაშესაკრავი გახსნა და გარეთ გამოიჭყიტა. სამარისებული სიჩუმე იდგა. ანას და გურამის კარვებში შუქი ენთო. უკანვე შეძვრა და ეცადა ისევ დაეძინა, მაგრამ ვეღარ შეძლო. წარსულზე ფიქრი, პეტრა და გურამის იქ ყოფნა ერთდროულად ტანჯავდა. სიგარეტი და სანთებელა ამოაძვრინა ჩანთიდან და ჩუმად გაემართა ქვედაციხისკენ.

   ნენა ჩამონგრეულ კედელს გასცდა და მოუკიდა. ზღვა შავად ლივლივებდა მთვარის სუსტ შუქზე და ახსენებდა ყველაფერს, რის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ცდილობდა.

-          აქამდე თუ ვეჭვობდი, ახლა დავრწმუნდი, რომ ყველაფერი გახსოვს-, მოესმა ზურგს უკან.

   გურამი ზუსტად იმ ნანგრევზე იჯდა, ზუსტად ისეთი გამომეტყველებით...

-          აზრი? -, კვამლი რგოლებად გამოუშვა ნენამ.

-          ოღონდ ისე ნუ მექცევი, თითქოს მე დამეშავებინოს რამე.

-          შენ მაიძულებდი ჩემი ძმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში ჩამებარებინა. ამისთვის მადლობა უნდა მეთქვა შენთვის?

-          არც უნდა შეგეძულებინე! მე სიმართლეს გეუბნებოდი. იმ სიმართლეს, რაზეც შენც ფიქრობდი და ვერ ამბობდი.

-          შეიძ₾ება, მაგრამ ახლა აღარ ვფიქრობ-, ჩააქრო ნენამ ნამწვი და ბოტასის თასმაში დაიმაგრა.

-          სამაგიეროდ ჩემზ ვიცი რასაც ფიქრობ.

-          არ იცი.

-          მაშინ აქ რატომ ხარ?...

. . .

 

   სამთავიანი ქალღმერთის ტაძარი ზღვისპირა ქალაქის ყველაზე წმინდა ადგილი იყო. აქ მაცხოვრებლები ყოველწლიური სასწაულის მომსწრენი ხდებოდნენ. ქალღმერთის სადიდებელ ღამეს დრო ცისა და მიწის კანონებს აღარ ემორჩილებოდა. მთვარე თავის სამ ფაზას ამ ერთ ღამეში გადიოდა. როცა დაბინნდდებოდა და ცაზე ახალი მთვარე გამოანათებდა, მორწმუნენი არჩევდნენ ქალწულს, რომელშიც ქალღმერთი უნდა განსხეულებულიყო. შუაღამის დამდეგს თავის ბავშვებს ბანდნენ ზღვის ქაფში, რომ ქალღმერთის წინაშე განწმენდილნი წარდგენილიყვნენ. ნაშუაღამევს კი სამსხვერპლო ცხოველებს, ძაღლის ახალდაყრილ ბრმა ლეკვებს სვამდნენ პალმის ტოტებისგან დაწნულ კალათებში და როცა სავსე მთვარე მთალი თავისი დიდებულებით ივსებოდა, ტაძრისკენ მიეშურებოდნენ.

 

   მთელი ქალაქი ბეჯითად ასრულებდა ამ რიტუალს. იცოდნენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ქალღმერთი მათ მამაკაცებს გაწყვეტდა და ვეღარ გამრავლდებოდნენ. ამიტომ მიჰქონდათ მასთან ნანადირევი, ახალშობილი ლეკვები, სანაცვლოდ კი ქალღმერთი მათ ბავშვებს მფარველობდა და ყოველგვარი დაავადებისგან ჰკურნავდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ქალღმერთს სხეული არ გააჩნდა, ის მოხეტიალე სული იყო და ყოველწლიურად ახალგაზრდა, ლამაზი ქალი სჭირდებოდა რომ მასში ეცხოვრა.  რიტუალი გრძელდებოდა, სანამ ქალაქმა ერთხელაც შემოსეული მტრის გამო ვერ შეძლო ქალღმერთისთვის პატივის მიგება, ჰეკატემ მთელი ქალაქის მამაკაცები(მათ შორის მტრის ჯარიც) ერთ ღამეში გაწყვიტა და თავადაც სხეულის გარეშე დარჩა - ერთ-ერთი ქალაქის მაცხოვრებლის ისარი მოხვდა და რადგანაც მოკვდავ სხეულში იყო, ტაძრის მიწას შეერია და საუკუნეების განმავლობაში ელოდა მორიგ მსხვერპლს. მე 6 საუკუნეში კი ბიზანტიელებმა, როგორც ყველა წარმართულ ადგილას, ქალღმერთის ტაძრის ნანგრევებზე ქრისტიანული ტაძარი ააგეს და ამით წერტილი დაუსვეს ჰეკატეს ზეობას.

მხოლოდ მედალიონი იყო ერთადერთი, რომელსაც შეეძლო აღედგინა მისი ძალა, მაგრამ ღრმად იყო ჩამარხული მიწისა და დროის სიღრმეში.

 

. . .

 

 

    შუაღამე გადასული იყო, რომ სანდრო საშინელმა ღრიალმა გამოაღვიძა. ნენას საძილე ტომარას ეცა, მაგრამ ცარიელი დაუხვდა. კარავში ბნელოდა. მაშინ ხელები დაუშინა ნაჭრის კედლებს, მაგრამ ნესტისგან დასველებულმა ტენტმა შეაშინა. ერთმანეთის მიყოლებით გაიხადა ფეხსაცმლები და ღიად დარჩენილი ელვაშესაკრვიდან გაჭირვებით გაძვრა.

   სავსემთვარიანი ღამე იყო. ფეხებმა დაღმართისკენ წაიყვანა. შიშველი ტერფები უსხლტეოდა სველ ბალახზე სირბილისას, მაგრამ მაინც მირბოდა. ნენა არ იყო. მარტო იყო, გარშემო ხმაური იყო... ამის ატანა აღარ შეეძლო. შიში მოსდევდა და უნდა გაქცეულიყო.

   უცებ ზურგსუკან ისეთი ღმუილი მოესმა, მოცელილივით დაეცა მიწაზე. ყურებზე ხელები აიფარა და თვალები დახუჭა და თითებიდან კანკალით გამოიჭყიტა.  

 

   მის წინ ორმო იყო, მის განაპირას კი ხახადაღებული ლომისთავიანი ქალი იდგა. ორმოდან წითელი ალი და საცოდავი წკმუტუნის ხმა ამოდიოდა. სანდრიმ ყურებზე აიფარა ხელები და  აკივლდა.

  

   ნენა ძმის კივილმა გამოაფხიზლა. გურამის მკლავებს მოწყდა და გიჟივით გავარდა იმ მხარეს, საიდანაც ბავშვის ხმა ისმოდა. გურამი ფეხდაფეხ მოსდევდა. ნენას ათასმა საშინელმა აზრმა გაუელვა, საკუთარ თავს მწარედ შეაგინა, რომ სანდრი მარტო დატოვა და დიდი გაჭირვებით დავიწყებულ გრძნობას მიენდო.

   აქოშინებულებმა მიირბინეს კარვებამდე, მაგრამ სამივე ცარიელი დახვდათ.

-          რა ჯანდაბაა!-, აღმოხდა გურამს: - იქნებ ტუალეტში მოუნდა და ანამ გაიყვანა?

-          ფეხსაცმლები აქ დატოვა!-, კარვიდან გამოძვრა ნენა: - რაღაც ცუდი მოხდა, რაღაცამ ან ვიღაცამ შეაშინა სანი.

სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, ისევ გაისმა სანდროს ღრიალი. ორივენი თავქუდმოგლეჯილები დაეშვნენ დაღმართზე, მაგრამ ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, ისეთი სურათი დაუხვდათ, ორივეს მუხლები მოეკვეთათ.

   გალავანს მიღმა კარგად მოჩანდა ტურისტების ბანაკი, რომელიც სასაკლაოს ჰგავდა. ასი მეტრის მანძილზე ყველაფერი  - ბალახი, ბუჩქები, კარვები წითლად იყო შეღებილი. ნენას გული აერია, მერე კი ისტერიული ტირილი აუვარდა. ბალახი დაფარული იყო ადამიანის სხეულის დანაწევრებული კიდურებით. აქა - იქ ნახევრად შეჭმული, დასახიჩრებული თავები ეყარა.

-          ნადირი...-, ხმას ვერ იმორჩილებდა გურამი: - დედამოტყნული ნადირის ნამოქმედარს ჰგავს. აქ დარჩი... მე... მე პატრულში დავრეკავ...

-          სად დავრჩე! სანდრო... სანდრო სადააა?!!! მოგკლავ! ჯანდაბააა, ან მოვკვდებიიი!

ამჯერად სანდროს ყვირილის ნაცვლად დაგუდული ხმა მოესმათ. ნენა ხელიდან გაუსხლტა გურამს და  კარვისკენ გაიქცა.

-          სად გარბიხარ?

-          ჯაყვა მაქვს კარავში!

-          არ გინდა, მე სანადირო დანა მაქვს,-, წელის ჩანთა გაიხსნა გურამმა, მაგრამ ცარიელი დახვდა.

-          რა ჯანდაბაა?! ფუ შენი, ანამ  ხომ აღარ დამიბრუნა!... მოიცა-, ეჭვით შეხდა ნენას: - არც მონეტა ჩანს.

-          რა დროს მონეტაა, მეღადავები?-, იკივლა ნენამ: - ბავშვი მაპოვნინა, არ შევეცი შენს დრაქმებს და მუზეუმებს...

-          ნენა, ანას აქვს დრაქმაც და დანაც, იქნებ მიხვდე რამეს!-, სასოწარკვეთით დაიღრიალა გურამმა: - ამ ტერიტორიაზე ნადირები არ დაძრწიან!

ნენას გაოცებული სახე სასოწარკვეთილი გამომეტყველებით შეეცვალა. მის გამოხედვაში ადამიანური აღარაფერი იყო. გურამმა მის მზერას გააყოლა თვალი და სისხლი გაეყინა.

 

   პეტრას დანგრეული კედლების ნაცვლად თეთრი კოლონების რიგი შემორტყმოდა გარს. მათგან ორ ნაბიჯზე სამსხვერპლო აღმართულიყო, რომლის უკანაც ღრმა ორმო მოჩანდა, საიდანაც წითელი ალი ამოდიოდა. ნენას უნდოდა ეკივლა, მაგრამ გურამი ზურგიდან ჩაეხუტა და პირზე ხელი ააფარა.

    კვარცხლბეკზე ლომისთავიანი შიშველი ქალი იდგა, ყელზე მედალიონი ეკიდა, მის წინ სამსხვერპლოზე კი გურამის დანა და თვალდახუჭული ბავშვი ეგდო.

   ნენა ცდილობდდა ხელიდან დასხლტომოდა გურამს.

-          დამშვიდდი.-,უჩურჩულა ბიჭმა: - მოკვლას არ უპირებს. მივხვდი რა ... რა ჯანდაბასაც შვება...

-          რას?

-          ულოცავს. ცდილობს განკურნოს.

გურამმა ნელა გაუშვა ხელი ნენას და ანიშნა, არ განძრეულიყო. თავად კი სამსხვერპლოსკენ დაიძრა.

-          ჰეკატე...

ლომისთავიანმა ქალმა გამოხედა და ახლაღა შეამჩნია მის წინ მდგომნი.

-          ჰეკატე, მაგ ძღვენს ვერ მიიღებ. დამიბრუნე ბიჭი.

ლომისთავიანმა ქალმა ისე დაიღმუვლა, სანდრის კანკალმა დაუარა, მაგრამ თვალები მაინც არ გაუხელია.

-          შე ნაბიჭვარო ქალო, შეეშვი ბავშვს!-, დაუღრიალა ნენამ და სამსხვერპლოსკენ გაიქცა, მაგრამ ორმოდან ვულკანივით იფეთქა წითელმა ცეცხლმა, ლომისთავიანი ქალი ხახადაღებული ერთი ნახტომით გადმოევლო ორმოსაც და სამსხვერპლოსაც და თვალისდახამხამებაში ეძგერა გურამს.

ღამე გააყრუა კაცის არაადამიანურმა ღრიალმა. ნენა ცეცხლისგან ნახევრად დაბრმავებული ეგდო მიწაზე და გვერდულად ხედავდა, როგორ გლეჯდა ქალი გურამს. როგორ აძრობდა ყელიდან ძარღვებს, აფლეთდა მკლავებს, მკერდს. სახეზე მისი თბილი სისხლი ესხმეოდა.

   სანის ვეღარც ხედავდა. მარტო ისღა უნდოდამალე დასრულებულიყო ეს ჯოჯოხეთი და ქალს მისთვისაც მოეღო ბოლო, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ძმის სიკვდილისთვისაც არ ეყურებინა. ამ დროს თვალი მოსჭრა ცეცხლზე აკიაფებულმა მონეტამ.

   მისგან ორ ნაბიჯზე მედალიონი ეგდო.

   ნენას არ ახსოვდა, როგორ ჩაბღუჯა დრაქმა, ყელზე ჩამოიკიდა და ფორთხვით გაჩნდა სანისთან, მაგრამ ბავშვის ნაცვლად დანას დასწვდა და მაშინღა გაახილა ფართოდ თვალები, როცა ტარამდე ჩაასო ზურგში ქალს.

დაგლეჯილ - დაფლეთილი გურამის მკერდზე მკვდარი ანა ეგდო.

ნენამ არეული გონება ვეღარ დაიმორჩილა. იგრძნო როგორი სიმხურვალე დაუტრიალდა მონეტის გარშემო მკერდში და დაიმორჩილა. თითქოს მთელი მისი არსება - ადამიანი, და, ქალი, მეგობარი ერთიანად შეისრუტა ამ პატარა მონეტამ და დატოვა მხოლოდ დაუძლეველი წყურვილი- დაეგლიჯა ვინმე. მივარდა ანას და გურამის ერთმანეთზე დაყრილ სხეულებს, ბოლომდე, გონებისდაბინდვამდე, ძვლებიანად შეჭამა დასისხლიანებული გვამები და მხეცური ღრიალი აღმოხდა. მაღლა , ცაზე მთვარე სრულიად სავსე იყო და ნენაც გრძნობდა როგორ ივსებოდა მისი სხეული საშინელი ძალით.

 

   უცებ კლდის პირას მდგარ, ფეხშიშველ სანის მოკრა თვალი.

ბავშვი აკანკალებული იდგა და უყურებდა. არანაირი უცნაური მოძრაობები, არანაირი მზერის არიდება, პირდაპირ თვალებში უყურებდა და ცრემლი ისე სდიოდა, როგორც ფეხისგულებიდან სისხლი. სამსხვერპლოდან კლდემდე ფეხშიშველს ეფორთხა.

   ნენა ერთი წამით შეტოკდა. ცხოვრელური ინსტიქტი კარნახობდა, მივარდნილიყო და ბიჭი შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ უკანასკნელ ადამიანურ შეგრძნებას ჩაებღაუჭა და კლდისაკენ გაქანდა.

-          თვალი დახუჭე! თვალი დახუჭე!

სანდრო ამ ყვირილმა უფრო შეაშინა, მაგრამ თვალი არ დაუხუჭავს, საოცრად აზრიანი მზერით უყურებდა ქალს და ნენა მიხვდა, რომ ეს ის გამომეტყველება იყო, ყოველთვის რომ ნატრობდა, თავის ძმის სახეზე ენახა.

-          ის არ ასებობს სააან!-, ჩახლეჩილი ხმით დაიყვირა ნენამ და  კლდიდან გადაეშვა.

 

სანის მისი სიტყვები არ გაუგონია. უფრსკრულიდან მხოლოდ ლომის ღრიალი ამოდიოდა.

. . .


ნინო ჭინჭარაული/2020/