Sunday, October 30, 2011

***

შენ,ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო,
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო,
შენ რომ ფიქრობდი,არც აგრე,
რომ ფიქრობ, აგრეც არაო,
ცეცხლი მოგედოს ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო,
მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო,
შენ,ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო...

ტარიელ ხარხელაური

Friday, October 28, 2011

ჯავრი მთებისა

გაისთველხმელა...

ფერდობებს

ჯანღ დასწოლია, მგლისფერი,

კაცმანდაური არსად გყავს

მთავ!

რად არ ჩამოიქცევი...

კოპებ შეკრული ნისლები

ბანი–ბან გადმოდიოდნენ,

ვერ შეხვდნენ, კაცის ნაბუდარს

სისხამს მამალი ჰყიოდეს.

ნასახლარები მდუმარედ

მიეგებვიან სტუმარსა,

ჩამოსხდებიან საფიხვნოს,

ქარი უწეწავთ ურვასა,

ჩამოუტარებს საამო

მწყემსთ სალამურის სტვენასა,

მომხვდური ურჯულოსავით,

ჩაშლილ ყორესა ზვერავსა.

ჭიუხს დამღიან კალთის ქვეშ,

დარდი გასჩრია ტიელი,

წინაპართ ძვალშესალაგზე

მუხლსა შლის გადამთიელი...

მთას ჯანღის პერანგ ჩაუცვამს

ტკივილს ვით დაიჩიოდა,

დამალულს იდუმალებით

ჯავრს გულში ჩაიტიროდა...



**********************

გახსოვდეს,

წუთისოფელი

ასე ყოფილა ნიადამ:

_ იზომვის

სახელ_სირცხვილით,

სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...



/მაია გონჯილაშვილი/

*არხოტი-ღმერთის საუფლო*



ისევ ატყვია ვიწრო ბილიკებს,
გიჟმაჟი ცხენის ნატერფალები,
ამო, გავშალათ მუხლი პირ-იქით,
სანამ გზას ნისლი დაეფარება.
ნისლი და ქარი, სეტყვა და წვიმა,
ლეგა ღრუბლების შმაგი მარულა,
აქ ვერ გაიგებ რა გათბობს მცივანს
საკარგყმო ყანწი,
თუ-სიყვარული.
ჩამოიტოვებ გავლილ აღმართებს
და ხელუხლებელ საქართველომდე
ისე მიიწევ,თითქოს მწვერვალზე
ქარი კი არა,ღმერთი გელოდეს.
თითქოს წელთგზაზე ეშმა კი არა
(ჭიმღის კლდეთაგან გამოქცეული)
უფლის დიდება განაგებს მარად
ყოფნა-არყოფნას შენი სხეულის.
ერთხელ სიცოცხლე ისე მოკლეა,
მტვრით როგორ უნდა აივსო თვალი?
მთა სიცოცხლეა! სხვა სიცოცხლეა!
წმინდა,
გიჟური,
თავისუფალი!
როგორც -არწივის ცაზე ბოინი,
როგორც- ულაყის კლდეზე ჭენება,
აი, ლემადეც ქედს გადმოივლის,
წარსულში გამხვევს...და მეჩვენება:
დეკიანებში ლეკვებს ყრის მგელი,
აცოცდებიან დედას მშივრები,
ახიელიდან, ამღიდან ცხენებს
მიაქროლებენ არხოტივნები.
დაღონებულა ხოგაის მინდი,
ეჩურჩულება ხე,ქვა, ბალახი,
და ქრისტიანთან სამოყვროდ მიდის,
ბრგე ელიმარძა, მონა ალაჰის.
გადამხობია კურელას საფლავს
ბედი უდროო და უჟამური
და პოეზიას კოცონში მარხავს
გულჯავრიანი ჯაბუშანური.
ასას ნაპირზე გარსიას ჯღანებს
ცეცხლი გაუდის ნაპერწკლიანი,
ბარუქას მძინართ აღვიძებს ღამე
გათენებამდე სახეტიალოდ.
ნისლისფერ ცხენზე შემჯდარა ანა,
ლექსის მუზებთან ცად მოსაუბრე...
აი-არხოტი! "მზეთა ქვეყანა",
აი-არხოტი! ღმერთის საუფლო!
თვალს ვახელ...მუხლი დამრჩა პირ-იქით
და მაინც ვამბობ-"ღირდა წვალება",
ოღონდ მეპოვა როშკის ბილიკზე
გურამის ცხენის ნატერფალები... 

ჩვენი სამყარო

ეს მთის უსასრულო სამყაროში ჩვენს მიერ შექმნილი პატარა სამყაროა.ბლოგს თავდაპირველად იმიტომ დაერქვა სახელი "ხევსურეთი" ,რომ მხოლოდ მასში შემავალ თემატიკას შეიცავდა.დღეს უფრო გავფართოვდით თემის მხრივაც და ასევე ავტორების რაოდენობითაც,მაგრამ რადგან ბევრი მკითხველი თავდაპირველი სახელით გვიცნობს, მისამართი იგივე დავტოვეთ-  xevsurety.blogspot.com
 
 ბლოგზე ბევრი რამ დევს ისეთი,რაც უშუალოდ ხევსურეთთან და ზოგადად-მთასთან კავშირში არაა, თუმცა მისი ავტორები ნამდვილად არიან:)  

 ბმულში სათაურით-"ბარში ნაპოვნი პირიმზეები", ერთგვარი "გესთ პოსტებია".ავტორების, რომელთა ნამუშევრებიც ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოდ მივიჩნიეთ და ბლოგზეც განვათავსეთ.

ნინო ჭინჭარაული(Nino Chincharauli)
რუსუდან მარგიანი(Rusudan Margiani) 
მაიკო ჭინჭარაული(Maia Chincharauli)

"მწერალს ბევრი რამ აქვს შიგნიდან გარეთ გამოსატანი და დრო აღარ რჩება სტილზე წუხილისა.თუ მარტო წერა უყვარს,მაშინ შეუძლია სტილისტი გახდეს.."(ეს ფოლკნერია)


ხელ მაგიმართას მკითხველო!


Friday, October 21, 2011

ელიზბარი

ელიზბარი სოფლელი ბიჭია, მთელმა სოფელმა იცის მისი ამბავი, ამიტომ ცდილობენ არ აგრძნობინონ ელიზბარს მარტოობა, მაგრამ ამით უფრო გრძნობს რომ ის სხვებივით არ არის. განსხვავებულია, თუმცა არა განსაკუთრებული_ თვითონ ასე ფიქრობს ელიზბარი. ყავს ცხვრები, თუმცა ვერ გეტყვის რამდენი, იცის რომ ათზე მეტია და ერთ თვეში როცა ოცამდე თვლას ისწავლიან სკოლში, ალბათ იმასაც გაიგებს ოცზე მეტია თუ ნაკლები. დადის მთელი დღე ელიზბარი ტყეში თავის ცხვრებთან ერთად, ყველას ცალ–ცალკე სახელები შეარქვა და ასე იგებს დაკარგა თუ არა რომელიმე. ის უკვე ოცზე მეტი ცხვრის პატრონია, მათი დამრიგებელი და მწყემსი, ამიტომ დიდი ბიჭია. თუმცა, ხანდახან კი გაურბის ხოლმე თვალი, მთელი დღე ეზოში მოთამაშე და მდინარეში მობანავე ბავშვებისაკენ, მაგრამ რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, რას იზამენ ცხვრები ელიზბარის გარეშე. ალბათ დარჩებიან ისევე მარტო, როგორც თვითონ ელიზბარია, რომელიც თვლის რომ კარგი მეზობლები ყავს, რატომ? ... როცა მართა დეიდა ხავიწიან ქადებს დააცხობს და თავის სამ ბიჭს გაუნაწილებს, ან რა განაწილება სჭირდება, სულ სამი ქადაა, ორი ხელი რომ შეაერთო და წრე შემოავლო ზუსტად მაგხელა. აიღებენ ბიჭები ქადებს და ჭიშკართან ჩამწკრივდებიან, ჭამენ ცოტას და თან ნელ–ნელა. ამ დროს ელიზბარი ელოდება მისი ჯერი როდის მოვა. პირველი ყოვეთვის უმცროსი ამთავრებს ჭამას, როგორც წესი ქადის მესამედი რჩება ხოლმე, გააჩნია როგორი დამშეულია. ახლა ელიზბარის ჯერი დგება, უნდა შეისვას ზურგზე, უკვე მაძღარი, მართას უმცროსი ვაჟი და შემოარბენინოს მთელი სოფელი, მხოლოდ ამის მერე მიიღებს კუთვნილ წილს. შემდეგ ამას მოჰყვება შუათანა, ქადის მეოთხედით და ბოლოს უფროსი, რომელსაც ბევრი არაფერი რჩება ხოლმე, მაგრამ ელიზბარი ხათრს ვერ უტეხავს, რაკი წინა ორი გაასეირნა მესამეც უნდა შეისვას ზურგზე, მიუხედავად იმისა, რომ კამეჩივით მძიმეა. თუმცა ელიზბარი მაინც კმაყოფილია ხოლმე, სულ უჭმელობას დამსახურებული ჭამა ურჩევნია, იმდერნად მიეჩვია ასე ყოფნას, უცნაურსაც კი ვერაფერს ხედავს ამაში

ყველაზე მეტად ელიზბარს უყვარს, როცა თავის ცხვრებს გაუშვებს მინდორში, თვითონ მზეს მიეფიცხება, დახუჭავს თვალებს და ასე უყურებს ვეებერთელა მნათობს, რომელიც თან ათბობს და თან ოცნებებში აგზავნის. ჯერ ყვითელი ბურუსი გადაეკვრება მის თვალებს, მერე წითელი, ასე ენაცვლება ერთმანეთს. აი მერე კი გადაეშვება იმ დროში, როცა არ იყო მარტო. მამა არ ახსოვს ელიზბარს. მას კი არა, არავის არ ახსოვს. რადგან როცა დედა სოფელში ჩამოვიდა, მამა უკვე აღარ ჰყავდა ბიჭს. დედა არის ახალგაზრდა, სახეზე ყოველთვის თეთრი ღიმილით. მზეს ჰგავს დედა, ისიც ყოველთვის ათბობდა და ანუგეშებდა ელიზბარს. ამ დროს ხმა ესმის:
–ეს ჩველი სოფლელი ელიზბარა არ არის?
–ხო, ხო .. ეგაა..
გამოერკვევა ფიქრებიდან , ხედავს თავის მეზობლებს, გიორგი და დათვია მოდიან მისკენ, თუმცა, მზე ხელს უშლის ელიზბარს მათ კარგად დანახვაში. შეშის შესაგროვებლად დადიან ხოლმე ელიზბარის მეზობლები ტყეში. ახლა კი, როცა მზემ განსაკუთრებით დააჭირა, დასვენება გადაუწყვეტიათ. ელიზბარის უკან, ხის ჩრდილში დასხდნენ. მეზობელი სოფლის ოჯახის ამბავს ყვებოდნენ, დასწვიათ სახლი და დარჩენილან ასე, ბედისამარა, ღია ცის ქვეშ. ელიზბარს არ უყვარს როცა ასეთ ამბებს ისმენს, თავისას აგონებს. მერე დათვია მიუბრეუნდა ელიზბარს, ჰკითხა ხომ არაფერი სჭირდებოდა, თან დააყოლა: დედაშენი კარგი ქალი იყო, სულ ეხმარებოდაო ყველას, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა იცნობდაო თუ არა. ამ ისტყვებზე თვალზე ცრემლი მოადგა ელიზბარს, თუმცა არ უტირია, ისევ მზემ გადაარჩინა, მალევე შეუშრო ცრემლი, თან ხომ უკვე დიდი ბიჭი იყო. არ უყვარს ელიზბარს როცა დედას ახსენებენ, სულ ეტირება, რა ქნას სხვანაერად არ შეუძლია, დედა ხომ მზე იყო მისთვის.
ელიზბარმა იცის რომ ბევრი ცხვარი კარგია, ესე იგი ელიზბარი მდიდარია, მაგრამ სანამ დიდი არ გაიზრდება რომ ქალაქში ჩავიდეს და გაყიდოს, აბა ქა არავის არ უნდა ყველას თავისი ყავს, ვერაფერში გამოიყენებს. ისე კი უნდა რომ, როცა გაყიდის ფარას, ცოლი მოიყვანოს და თავისი სოფლელებივით დიიიდი ოჯახი ჰქონდეს. ცოლი–მარიამია, სოფლის თავში ცხოვრობს, ერთი წაბლისფერთვალება გოგოა, ქერა თმებით. თუმცა, ელიზბარს რომ ჰკითხო: თვალები ზუსტად ისეთი ფერის აქვს, ფიჭვის ხეს მზე რომ მიადგება ხოლმე, აი თმები კი უფრო ყვითელი ვიდრე მზეა და უფრო მბზინავი ვიდრე ცვარი. ცოტა მატრაკვეცაა მარიამი, მაგრამ ამაზეც აქვს პასუხი ელიზბარს: ჯერ პატარაა, თან დედაც ასეთი იყო სანამ გათხოვდებოდაო. ეს არ ვიცი ვინ უთხრა, მაგრამ ისე დაბეჯითებით გეტყვის, რომ სხვა რა გზაა უნდა დაუჯერო. მთავარი კი, რის გამოც ელიზბარს მარიამი მოსწონს ის არის, რომ სულ ორი ქალი იცის ვისაც ეს სახელი ჰქვია მთელ სოფელში. ერთი ღვთისმშობელია, მეორე კი ელიზბარის მარიამი. ღვთისმშობლის ხატი დედამ დაუტოვა ელიზბარს, ამიტომ უყვარს განსაკუთრებით.
ასე ცხოვრობს ელიზბარი ერთ პატარა სოფელში, შეიძლება არავინ იცის მის შესახებ, რადგან როგორც თვითონ ამბობს არაა გასაკუთრებული, მაგრამ მე გეტყვით , რომ ელიზბარი ყველაზე გამორჩეულია მთელ სოფელში, თუნდაც მთელ მსოფლიოში იმიტომ, რომ მას აქვს პატარა გული დიდი რწმენით, სიყვარულითა და იმედებით სავსე.

/ლელა ხევსური/

Thursday, October 13, 2011

კაციჭამია მდინარე


გურო პატარა სოფელია, აღარავინ ცხოვრობს იქ, გარდა სამი კაცისა. ეს სამი ადამიანიღა
დარჩა მთელი იმ ხევსურული ტრადიციების აღმსრულებელი, რომლებსაც ძველად მათი წინაპრები ასრულებდნენ. ერთმანეთის მეტი აღარავინ ჰყავთ, ამიტომ მთელ დღეს ერთად,
შრომაში ატარებენ ჯურხა, ბეწიკა და თორღვა.
ჯურხა ყველაზე უმცროსია მათ შორის, ამიტომ ხშირად ორი მეგობრის საქმესაც ის აკეთებს. ერთი ნაკლი კი აქვს ჯურხას, ყველაფერს ადვილად იჯერებს და მეტად ფიცხი გუნებისაა, ჯერ გააკეთებს ხოლმე ცხელ გულზე და მერეღა დაუფიქრდება თავის საქციელს.
გურო მიუვალი ადგილი იყო კაცისათვის, მაგრამ სად არსებობს ისეთი ადგილი, სადაც უფალი არ მიაღწევს, მას კი ყოვეთვის ეშმაც მოჰყვება ხოლმე. ერთ ღამეს ჯურხას ეზმანა: ვითომ მის ძროხებს ბეწიკა და თორღვა ძალად წყალში ყრიდნენ, თან ჯურხას დასცინოდნენ თავისი სიბრიყვის გამო, ვითომ ჩვენ როგორ გვანდე შენი საქონელიო, ან რა საქონელი ჯურხას ჰყავდა_ ორი დაბალი ძროხა, ერთი შავი იყო, მეორე კი ყავისფერი. თუმცა ჯურხას მათ მეტი ოჯახისწევრი აღარავინ ჰყავდა, როცა წამოიზარდა, მაშინ უჩუქებიათ პაპაებს და იმის მერე ერთად იზრდებოდნენ ჯურხა , შველია და ნიშა. შემდეგ კი შველია და ნიშა იქცნენ ჯურხას მარჩენლებად. დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი გამოღვიძებულს, მაგრამ ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა მანამდე, სანამ სამწყემსოდ წასულმა ბეწიკამ ამბავი არ მოუტანა: შენი ორი ძროხა და თორღვას დეკეული ხიდზე გადმოსვლისას ერთმანეთს ეტაკნენ, ხიდი სველი იყო და სამივე წყალში გადაცვივდაო. გაბრაზდა ჯურხა, შეკრა კოპები ბეწიკას დასანახად, თუმცა შინ შესულს ცრემლი მოერია, ნანახი სიზამრი გაახსენდა, ისიც გაახსენდა, თუ როგორ უყვარდა თავისი შველია და ნიშა. როგორ უხაროდა სოფლის ბოლოში რომ გამოჩნდებოდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მოსიარულეები და ერთს ლაზათიანად შეღმუვლებდნენ, _ მოვედითო. ახლა მეტად ეტკინა გული ჯურხას, ცრემლი უფროდაუფრო მოაწვა და ბოლოს იხეთქა ერთბაშად. ტიროდა ჯურხა, ისე ტიროდა, როგორც მშობლების დაკარგვის დროს, ობლად დარჩენილი. მაშინ პატარა იყო ჯურხა , მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ ისინიც მდინარემ წაართვა. იმ მდინარემ, რომლის წყალსაც ყოველდღე სვამდა ობოლი ბიჭი და შიგ დედ–მამას ხედავდა. ახლა კი სულ გააგიჟა ჯურხა ტკივილმა, სძულდა ყველაფერი ამ ქვეყნად, პირველ რიგში კი ის, ვინც მარტო, სულმთლად მარტო დააგდო ჯერ ათი წლის ბიჭი, ახლა კი ოცდაათის, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უნდოდა თავისი გამზრდელ–მარჩენლები. ამ დროს შეუჩნდება ხოლმე კაცს ეშმა და ღმერთი ვეღარაფერს გააწყობს. თუ დანებდი, დაღუპული ხარ, აი თუ დაამარცხე კი, ეს იგივეა , საიკვდილი დაგიმარცხებია ამ ქვეყანაზე.
მაგრამ ჯურხა ახლაგაზრდა, გულფიცხი კაცი იყო, რომელსაც ფიქრი წაერთვა ამ თავისი უბედურების მნახეველს. დამნაშავე კი მდინარე იყო, ჯურხასთვის ყველაზე ცივი, უგულო და დაუნდობელი. უცბად წამოხტა, გარეთ გავარდა და მდინარეს ქვები დაუშინა, თან გაჰყვიროდა: ეგრე გინდა, ეგრე მოგიხდებაო, აბა, ერთხელ შენც გეტკინოს, შენც იგრძნო, რა არის ობლობაო. ბოლოს ხიდი ააცალა, დააობლა ჯურხამ კალმახით სავსე მდინარე, თუმცა გული კი ვერ იჯერა მისი ცემით, ამიტომ ისევ მორთო ყვირილი.
ბეწიკა და თორღვა ამ დროს საფიხვნოში ისხდნენ, ელოდნენ ჯურხას, მაგრამ იგვიანებდა, ბოლოს ხმა შემოესმათ ყვირილისა, ცხენებს მოახტნენ და თავქვე დაეშვნენ, აბა, იმათ რა იცოდნენ თუ ასეთი მარტოსული იყო სიცოცხლით სავსე ბიჭი. თუმცა მაინც გიჟებივით მიაქროლებდნენ ცხენებს, რადგან ჯურხას ყვირილის ხმა უფრო შემზარავი და გულსაკლავი ხდებოდა. კლდეს გადმოსცდნენ მოხუცები, იმ კლდეს, რომელიც ხიდს ეფარებოდა და უცბად ცხენები ვეღარ დაიმორჩილეს. იმ ფიქრით გამოქცეულებს, რომ ხიდზე უნდა გადმოსულიყვნენ , ხიდი აღარ დახვდათ, მდინარეც ადიდებულიყო, თითქოს ის ცალკე ბრაზობდა_ აბა, რა ჩემი ბრალია ადამიანის დაუდევრობაო?! წყალმა წაიღო მოხუცები თავის ცხენებიანად. ჯურხამ კი, ამის შემხედვარემ, ძალა დაკარგა, მუხლები მოეკვეთა, მოსწყდა და მიწაზე დაეცა. იყო ასე ჯურხა დაჩოქილი, აღარც ხმა ჰქონდა, აღარც ძალა, აღარც გონება. ამ დროს წვიმამ დასცხო, ცამ დაიჭექა, თითქოს ისიც ეხმიანებოდა მიწაზე მომხდარს, მაგრამ ალბათ ისე არ სტკიოდა როგორც ჯურხას, თორემ დაჭექებასაც ვერ მოახერხებდა. სულმთლად დაასველა წვიმამ ჯურხა, მხოლოდ ხელები აღეპყრო ზეცისაკენ და უძრავად იყო. თვალები მდინარისთვის მიეშტერებინა, რომელიც უფროდაუფრო გრგვინავდა, გიჟდებოდა, თითქოს მსხვერპლს ითხოვსო. ან იქნებ თავის თავს უბრაზდებოდა, იქნებ საკუთარი თავი სძულდა და კალაპოტიდან გადმოსვლას ლამობდა. მაგრამ ჯურხას ეს უკვე აღარ ანაღვლებდა, მხოლოდ ერთი რაღაც უნოდა, ის რითაც უფალს განარისხებდაა. ნელ–ნელა წინ მიიწევდა ტალახში, გზადაგზა ეცემოდა, მაგრამ თავს მაინც წამოწევდა ხოლმე. ნელა, ძალაინ ნელა მიაღწია ჯურხამ მდინარემდე, არც დიდი მანძილი იყო, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი იმისათვის, ვინც ბოლოჯერ უყურებდა ამ წუთისოფელს ცოცხალის თვალით.
ასე ხელებაპყრობილი, დადუმებული სხეული გადაეშვა კაციჭამიად ქცეულ მდინარეში, მაგრამ სული კი დიდი ხნის წინ წართმეოდა ჯურხას, ამას მხოლოდ ახლაღა მიხვდა, როცა გზას გადიოდა სიკვდილამდე. ეს იყო ოცი წლის წინ, როცა მდინარემ მშობლები მოპარა და მიიბარა მათი სული ჯურხასთან ერთად.
დღეს გურო ცარიელია, ჭინჭარი ჭამს ნასახლარებს. ამბობენ, ისეთი ამბავი მომხდარა, ღმერთს არა, მაგრამ აი ეშმას კი მიუტოვებია იქაურობა შიშისაგანო.

/ლელა ხევსური/

Monday, October 10, 2011

ბედისწერის ლოდი




იმ დღეს ამინდი გულს ირევდა, არავინ იცოდა, რა მოხდა, თუმცა სინამდვილეში ყველა რაღაცას გრძნობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლელა და გუგუა თავიანთი სოფლებისაკენ მიდიოდნენ, როცა კლდიდან ლოდი მოწყდა და აქაფებულ მდინარეში ჩაეშვა, ამ დროს ლელას ცხენი დაფრთხა, აღარ დაემორჩილა მხედარს და გიჟივით გაქროლდა. გუგუამ დაინახა როგორ მიაქროლებდა ქალს ცხენი. საშველად გამოედევნა. უკნიდან მხოლოდ ჩაწნულ შალშავისფერ თმას ხედავდა, რომელიც თანდათან ეშლებოდა ქალს, მისი ტანი კი შემკრთალი ფოთოლივით ირხეოდა. წამოეწია გუგუა ლელას, ეს რო ქალმა იგრძნო, შერცხვა თავისი უძლურობის, მთელი ძალით მოქაჩა აღვირი და იგრძნო, თუ როგორ იმორჩილებდა ნელ–ნელა თავის ულაყს. აღტაცებული გუგუა გაკვირვებული შესცქეროდა ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ სულ უმწეო ეგონა. ახლა უკვე ერთმანეთს ეჯიბრებოდა ჯირითში ქალ–ვაჟი. ხან ერთი დაწინაურდებოდა, ხან მეორე, თან უცინოდნენ ერთმანეთს, გუგუამ გაუსწრო ლელას, ამ დროს ქალი მოტრიალდა და თავისი სოფლისაკენ გააქროლა ცხენი. როცა გუგუა ამას მიხვდა, ლელა უკვე ძალიან შორს, სულ პატარა წერტილად მოჩანდა, ხან გამოჩნდებოდა მიხვეულ–მოხვეულ შარაგზაზე, ხან კი დაიმალებოდა. გუგუამ დაწევა სცადა, თუმცა დიდი ხნის დევნის შემდეგ ვეღარსად იპოვა ლელა. ამის შემდეგ გუგუა ყოველდღე მიდიოდა იმ ლოდთან, რომელმაც ლელას ცხენი დააფრთხო და ელოდა ქალის გამოჩენას. ეს ლოდი იყო ზუსტად მათ სოფლებს შუა, იჯდა გუგუა ლოდზე, შეჰყურებდა გიორგიწმინდისკენ მიმავალ გზას, თუმცა ლელა არსად ჩანდა. რამდენიმე დღის შემდეგ შორიდან ქალი შენიშნა, გუგუა მიხვდა, რომ ეს ლელა იყო, მისი გული კი ლოდზე უფრო დიდი და მდინარეზე უფრო დაუმორჩილებელი ხდებოდა. ლელა კი თითქოს ვერც ამჩნევდა ვაჟს, ამაყად მიაბიჯებდა, გრძნობდა გუგუას მზერას, თვითონ კი დაბლა დაეხარა თავისი დეკისფერი თვალები მანამ, სანამ წინ არ გადაუდგა ვაჟი. უყურეს ერთმანეთს ცოტა ხანს გუგუამ და ლელეამ, უთხრეს ერთმანეთს ის, რასაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ, თუმცა ხმა კი არცერთს არ ამოუღია. ამ დღიდან ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდა ქალ–ვაჟი. ისხდნენ იმ ლოდზე, რომელიც თითქოს მათთვის მოსწყდაო კლდეს, უყვებოდნენ ერთმანეთს თავისი სოფლის ამბებს, ზოგჯერ ჯირითში ეჯიბრებოდნენ. გუგუას მოსწონდა, როცა ქალი ტოლს არ უდებდა ვაჟს. იყო ქორწილი, ხევსურული ღრეობა და როკვა. ქალ–ვაჟი ეყოლათ გუგუასა და ლელას, ახლა უკვე ისინი მიჰყავდა ცოლ–ქმარს ბედისწერის ლოდთან, სადაც ისევე უყურებდნენ ხოლმე ერთმანეთს, როგორც პირველი შეხვედრისას.
გუგუა სახელიანი ვჟკაცი იყო. სულ რაღაც თექვსმეტი წლის იყო, აწიოკებდა ხოლმე მთელ ქსიტეთს. ბევრი სისხლი და ცხვარ–ძროხა ემართა მათი. ერთ დღესაც საზარელი ამბავი დაატყდა სოფელს, ქისტები გადმოსულიყვნენ იერიშზე და აოხრებას უპირებდნენ ხევსურთა სახლ–კარს. ხევისბერების თათბირით გადაწყდა, რომ მიუხედავად მათი სიმცირისა, მაინც უნდა შებმოდნენ ქისტებს, გუგუაც მათ შორის იყო, თავისი მამაპაისეული კაჟიანი თოფით, რომელიც ყოველთვის სწყალობდა ხოლმე. სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ჯერ ხმლებითა და მერე თოფებით. გუგუა მუსრს ავლებდა მტერს, ქისტები განსაკუთრებით მის მოკვლას ლამობდნენ, ყოველი მხრიდან ესხმოდნენ თავს. გუგუა ხმლით იბრძოდა, როცა დაინახა, როგორ უმიზნებდა ქისტი თოფს. ამოიღო თავისი მამაპაპისეული , შემართა და ჩახმახს გამოჰკრა, ქისტს ხელში გაუქვავდა შემართული თოფი, ახლა მეორეს ესროლა და ისიც მოკლა, მესამედ სროლისას უმტყუვნა თოფმა გუგუას, ვაჟკაცს გული გაუგმირა მტრის ტყვიამ. კვდებოდა გუგუა, თვალინ კი თავისი ლელა ედგა , რომელიც შეუჩერებლად მიაქროლებდა ცხენს, ქარი უშლიდა ნაწნავებს და თან გუგუას უღიმოდა.
გამარჯვებულები დაბრუნდნენ ხევსურები ბრძოლიდან, თუმცა არ ზეიმობდნენ, რადგან ბევრი ვაჟკაცი შესწირეს ამ გამარჯვებას. სოფელში ძაღლების ყმული და ქალების გოდების ხმა ისმოდა მხოლოდ. ტიროდა ლელაც, ოღონდ უხმოდ და უცრემლოდ, გულში, თავისთვის, რომ შვილებს არ ეგრძნოთ და დაენახათ. ის გუგუას ცოლი იყო, დიდი ვაჟკაცისა, რომელმაც მტერს შეაკლა თავი. გუგუას სიკვდილის შემდეგ ლელას არც კი გაუხედავს იმ გზისკენ, სადაც მათი ბედისწერის ლოდი ეგდო. არც ცრემლი ჩამოუგდია ლელას ქმრის სიკვდილის გამო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გუგუას სიკვდილის დღეს, ლელას ცხენები მოპარეს ქისტებმა. გამოეკიდა ქალი გუგუას კაჟიანი თოფით ქურდებს. ახლაც ისე მიაქროლებდა ცხენს, როგორც გუგუასთან შეჯიბრის დროს იცოდა ხოლმე. ქისტებმა ლელას სოფლისკენ აიღეს გეზი, ქალიც მისდევდა მათ ფეხდაფეხ, თუმცა კი იცოდა, რომ იმ ლოდს წააწყდებოდა, რომელსაც მთელი წელი ემალებოდა. ეშინოდა ლელას მისი, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. აი, გამოჩნდა ბედისწერის ლოდიც, რომელის დანახვისასაც შეცბა ლელა, ერთი ხე ამოსულიყო იმ ლოდზე, გატოტილიყო და ღამის ნიავი არხევდა მის ფოთლებს. ისე შრიალებდა ეს პატარა ხე, თითქოს ტყე შრიალებსო. ჩამოხტა ლელა ცხენიდან, სულ დაავიწყდა, რამაც მოიყვანა აქამდე, მივიდა მასავით მარტოსულ ხესთან, ეფერა კარგა ხანს ფოთლებზე, ცრემლით დაუსველა ფესვები, ბოლოს ეს უთხრა: მალე მოვალო. მთელი ხეობა თოფის გრიალმა შეძრა. იმ ტყვიით მოიკლა თვაი ლელამ, რომელმაც გუგუას უმტყუვნა. წითლად შეიღება მდინარე, მთელი სოფელი შესძრა ლელას სიკვდილმა, თოფის ხმამ აცნობა მათ ეს ამბავი, ყველამ ლელა მოიკითხა მაშინვე, როცა ვერ იპოვეს, მიხვდნენ რაც მოხდა, თუმცა დაჯერება კი არავის უნდოდა.
წლები გავიდა ამ ამბის შემდეგ, ალბათ კიდევ ბევრი ბედისწერის ლოდი მოსწყდა კლდეებს. ამ ლოდს კი ყოველთვის ვნახულობდი, იმ ხეს მეორც მისდგომოდა გვერდზე, შემოხვეოდა, თითქოს გულში იკრავსო. ბოლოს მათი ქალ–ვაჟის ამბავი გავიგე. ერთმანეთს დაუშორებიათ ნათესავებს, მაგრამ გაპარულან და მაინც ერთად იზრდებოდნენ, თუმცა მალევე დაღუპულა ორივე, რომელიღაც ხის ნაყოფისგან მოწამლულან. ეს რომ შევიტყვე, ისევ გუგუა და ლელა დამიდგნენ თვალწინ. წავედი ბედისწერის ლოდის სანახავდა და უცნაური სურათი დამხვდა იქ, ერთი ხე გამხმარიყო და ძირში გადატეხილი თავქვე ეგდო მდინარეში, ლოდს მიყუდებული.

/ლელა ხევსური/

Friday, October 7, 2011

***


ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...

შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.

Wednesday, October 5, 2011

***


ვაჟავ, რახელ თავს იწონებ,

ცხენზე ვიცი ჯირით მეო,

ფარ ხმალს რაზედ ატრიალებ,

არ მამწონხარ გაიგეო!!

რაც არ უნდა მკლავ მაზიდო,

არც რა უნდა მითხრა მეო,

ქალი ორ და არ შავიმჩნევ,

აგრე გეტყვი მარიდეო.

არც სხვას ვეტრფი

რო იცოდე, არვინ მაჩნავს

გულზედ ჯერო,

მყინვარივიდ ცივი რად ხარ?

ქალავ აქეთ მამხედეო,

ბევრჯერ უთქვამთ ვაჟკაცებს

და მე კი თვალი ვარიდეო.

მე ერთს გეტყვი როგორი ორ ,

ქალი ვარო ხევსურისა,

ვაჟავ თოლებს არ შამხენო

თორო შაგიყვარდებისავ.!

/ ანა მინდიკაური/

Monday, October 3, 2011

საუკუნის გადმონაშთი


თორღვა . თორღვა! ზარბაზნის ხმასავით მჭექარედ და მკვეთრად გაისმოდა არდოტის მიუვალ და ბუმბერაზ მთებში პატარა ხევსური ქალის, სანათას წკრიალა ხმა..

ჯერ კარგად არ განათებულიყო, მზე ჯერ არ ამოსდგომოდა ცამდე ცისთვის ზეციურად აღმართულ და აზიდულ არდოტის კლდეებს. სანათას ხმას თან ბანივით დაერთო საძოვარზე გასარეკი საქონლის ყრუ ბღავილი. Aფორიაქება ეტყობოდა სახეზე ხევსურის ქალას. Pპასუხს არავინ სცემდა სანათას, ის კი ძახილს არ წყვეტდა, ამ დროს ყურშაიც აჰყეფდა, ძაღლის ხმაზე ბანზე გადმოდგა სახლის უხუცესი წევრი პაპა ბეწინა, თვალის უსწრაფესად ამოეფარა სანათა კოშკის დახავსულ ქვებს და ბანიდან ბანზე სწრაფად გადახტა.. როცა უკვე ანდაქის წყალაზე აპირებდა გადასვლას მოაგონდა რომ თუნგი თორღვას ბანზე დარჩენოდა, ხელმეორედ ამოიარა დიყიანი ბილიკი, უკვე სახლსაც უახლოვდებოდა მაგრამ ხმამ შეაკავა..

- სანათა, სანათა დაბრუნდი უკან სად მიხოლ ?!

- ახ თორღვა, შენას ვიყავ, ვერ გაგაგონე..

- ჩამახდი სანათა, შენ თუნგ მე მაქვსავ

- ხატმც გაგახარებს თორღვავ..

ქალ-ვაჟი თითქოსდა ცივად შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ მათ თვალებში დიდი სითბო იგრძნობოდა, რომ შეგეხედათ იმ დროს სანათასთვის თვალებში, იფიქრებდით დილის მზის პირველი სხივი ჩავარდნია თვალებში და ალიონიც მისი თვალებიდან იწყებაო.. რაღაც უთხრა თორღვამ სანათას ჩუმად და გასცილდნენ ერთმანეთს.

იმ დილით თორღვას მამა ჯოყოლა შეუძლოდ შეიქმნა, სქონში წასვლა კი თორღვას მოუწია.. არ ღრუბლიანობდა ზეცა, თითქოს მუდმივ სიხარულს ჰპირდებოდა ხევსურეთს, მზეც სხვაგვარად ამოვოიწვერა და მოკალათდა არდოტის ცაზე..

ცვრიან ბალახს შვლის ნუკრივით ამოფარებოდა სანათა და თვალს ადევნებდა თორღვას სანამ მთას არ ამოეფარა საქონთან ერთად.. ნელ-ნელა გამოვიდა სამალავიდან, თითქოს ეშინოდა არავის დაენახა მოახტა თავის კოხტას და მათრახის ცემით აიყვანა იმ მთაზე სადაც თორღვა ეგულებოდა..

- მახველ მშვიდობითაო სანათა.

- მშვიდობით დამიხვდი ..

უემოციოდ უპასუხა სანათამ და ჩამოხდა ცხენიდან, შემდეგ სადიაცეს აკეცილი ბოლო ჩამოიწია და პურ-სატანი სიპის ქვაზე დააწყო, რა მოუხდებოდა პურ-სატანს თუ არა ჟიპიტაური, არც ის დავვიწყნია ხევსურის ქალას..

დუმდა ორივე ვაჟიც და ქალის, ბოლოს სიჩუმე რომელიც გაუსაძლისაც დამაყრუებელი ეჩვენა თორღვას, დაირღვა.

-როდემდის, როდემდის უნდა ვიუბნო მცდარად?! Aრც რა აღარ მიხარის, არც რა აღარ მინდავ, არ ორ მხდალი არაა, როდემდის დაიმალების ჩვენი სიყვარული როდემდის..

- მართალ ხარ თორღვაო მართალ, წამოდი არდოტ დავწირათ. (თვალცრემლიანი პასუხობდა სანათა)

- სოფელ არ მაიწონებს, თემ გაგვიწყრების, ხატ-ანგელოზ გაწყრების…

- მაჩნიხარავ თორღვა, არც რა მე შენი დაი ორ, არც რა ძმაი ხარ ჩემი..

- ნუ სტირი სანათავ, გულზე დარდ მედების ასეთა რომ ხარ.

კვლავ დადუმა ქალ-ვაჟი, თითქოს თვალებით საუბრობდნენ, თითქოს ერთმანეთს აიმედებდნენ ყველაფერი კარგად იქნებაო.. მათ მყუდროებას მხოლოდ ცხენის ფრუტუნი არღვევდა.

რატომ არ შეეძლოთ მათ ერთ-სხვის სიყვარული..?! ნუთუ აკრძალულ სიყვარულს შეშჭიდებოდა ქალიც და ვაჟიც?.. ვაჟი ზვიადაური იყო ქალი ჭინჭარაული, მაგრამ ასე სწამდათ სოფელში რომ ზვიადაური ჭინჭარაულის განაყარი გვარი იყო და ისინი შინშებად იწოდებოდნენ.. ვაი ასეთა სამართალს,

მათი სიყვარული არღუნის პირას ამოსულ გვირილას ჰგავდა, რომელიც თავისი სილამაზით ყველას თვალს სჭრიდა, მაგრამ არღუნის ხასიათზე იყო დამოკიდებული, ან მოჰგლეჯდა და წაიღებდა ან დატოვებდა და აცოცხლებდა.

მთაში სიცოცხლე სჩქეფდა, ამ ქვეყნიური სამოთხე თუ სადმე არსებობდა ეს იყო ხევსურეთი, ამ ქვეყნიური მარადიულობა მხოლოდ მთაში მოიძებნებოდა..

რა ხდებოდა ამ დროს ბარში?. უჭირდა ბარს, მომხდური მოსვენებას არ აძლევდა, მეფე ერეკლე უკვე ღრმად მოხუცებული იყო და ამითი სარგებლობდა მტერი. Yყველაზე დიდი მტერი საქართველოს აღა-მახმად-ხანის სახით ესახებოდა. Oომი გარდაუვალი იყო ან სიცოცხლე ან სიკვდილი.. ქართველები მუდმივი ჯარით ვერაფერს გახდებოდნენ აურაცხელი მტრის წინააღმდეგ, ამიტომ საჭირო გახდა ოჯახებიდან ქუდზე კაცის გამოყვანა.. ყველა მზად იყო თავი დაედო როგორც სამშობლოსათვის, ასევე მეფე ერეკლესათვის.

Aმოსცდა დათვის ჯვრის უღელტეხილს ცხენოსანი და ფირი პირიქითა ხევსურეთისაკენ იბრუნა, მაცნემ ხევსურებს გარდაუვალი ომის შესახებ ამცნო, იმ იმედით რომ ხევსურებით ჩაებმებოდნენ ამ უთანასწორო ბრძოლაში.. დაუფიქრებლად ჰკაზმავდნენ ხევსურთ შვილები თავიანთ ცხენებს და ფარ-ხმალს ისხამდნენ. თუ დავიხოცებით დაე დავიხოცოთ სამშობლოსა და მეფე ერეკლეს გულისთვისო, უყვარდათ ხევსურებთ მერე, მეფეს კი ხევსურები..

ხმა არდოტამდეც ჩავიდა, არც არდოტელები გამოაკლდნენ საერთო ქართულ საბრძოლო ჟინს და მზადებას შეუდგნენ, ჯოყოლა ზვიადაური ავადმყოფობას ებრძოდა, ბეწინა კი ღრმად მოხუცებული იყო. Bბევრი არ უფიქრია თორღვას, აისხა მამისეული აბჯარი მოახტა ფრთიანას და შატილისაკენ გაეშურა სადაც საფიხვნო იყო შეკრებილი, ხევის ბერის გადაწყვეტილებით დაიკლა საკლავი და დაემწყალობა ხევსურ ვაჟკაცებს, შეავედრეს ხატს სამშოვლო, დაწირეს მთა და გაეშურნენ ბარისაკენ..

არდოტში დატოვა თორღვამ სული და გული, სანათას არც კი გამომშვიდობებია, იცოდა რომ არ გაუშვებდა და უარესად ეტკინებოდა გული..

1795 წელი, კრწანისის ველზე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ქართველებსა და აღა-მახმად-ხანს შორის, ხევსურები სიმამაცით გამოირჩეოდნენ ამ უთანასწორ ბრძოლაში, რკენა, ფარიკაობა, მათ შესისხლხორცებული ჰქონდათ.

წვიმიანი ამინდები დაემთხვა ამ დროს არდოტში, მთა გლოვობდა ბარს..

ერთი პატარა სახლის ჭერხოში იჯდა ახალგაზრდა ქალი და ცხარე ცრემლის მოსთქვამდა, ეს იყო სანათა.. რისთვის სტიროდა ის?. ქართლის ბედი ადარდებდა?... ქალს თორღვას მეტი არავინ და არაფერი ახსოვდა, მისტიროდა თავის ერთადერთ და აკრძალულ სიყვარულს, ვერ აცნობიერებდა იმას რომ შესაზლო იყო თორღვა დაღუპულიყო, დაეკარგა, არ უნდოდა ამის დაჯერება და არც იჯერებდა.. ნუთუ თორღვასთვის დიდი პატივი არ იყო სამშობლოსათვის თავდადება?. ყველა ვაჟკაცი ოცნებობდა ბრძოლის ველზე გმირულად დაცემაზე.

რამხელა ტკივილი იყო ეს ომი საქართველოსთვის, რამხელა დანაკარგი განიცადა ქართველმა ერმა. ძოგს დაუბრუნდა ომში გაშვებული შვილი, მეუღლე, ძმა, ნათესავი, ზოგი კი წლების განმავლობაში ელოდა თავისიანის გამოჩენას..

სწორედ წლებია სანათა ელოდება თორღვას.. ჭიშკრის ხმაზე გამოვარდება გარეთ.. თორღვა, თორღვა მავედი ჩემო?.. მაგრამ არც ერთხელ აღმოჩნდა მოსული სტუმარი თორღვა..

ყოველ წელს აჰყავდა ხატის კარზე სანათას მამას მგელიკას შესაწირი, ყოველ წელს აცხობდა სანათა ქადებს.. ხატში ასული მგელიკა და ხევისბერი აპარეკა ამბობდნენ თორღვას შესანდობარს ასეთი სიტყვებით :

” ხატმც დაუწყალობოს თორღვას საწყალობელი, ხატ-ანგელოზ ეწეოდეს თორღვას მამის-სახლს, ნათელ სანთელ არ მაჰკლებოდეს..” ინთებოდა სანთელი გაიჭრებოდა ქადა, ქუდს მოიხდიდა მგელიკა, მუხლს დაეყრდნობოდა, რაღაცას კიდევ ჩაიბურტყუნებდა და სინანულით აღსავსე თვალებით უბრუნდებოდა სახლ-კარს..

სანათა კი ყოველი წლის 13 თებერვალს ადიოდა თორღვას საფლავზე, აჰქონდა გამხმარი გვირილები, პატარა ხელებით გადაპენტავდა საფლავის ქვაზე დადებულ თოვლს, ცრემლიანი თვალებით მიაჩერდებოდა საფლავის წარწერას და ამოიკითხავდა .. “ თორღვა ჯოყოლას ზე ზვიადაური

(1774-1795 წლები) ..

/ანა მინდიკაური/