Saturday, December 4, 2010

"ლექსო ნუ დამიბერდები...”


"მკითხველო, თუ იცი
სულიერი სიწმინდისა და
სილამაზის ყადრი, ხშირად
ჩაიხედე ამ წიგნში"
.
/შოთა ნიშნიანიძე/

"გიორგის მაგარი ხელები აქვს,
ამ ხელებმა ბოლოსდაბოლოს,
თავისი საიდუმლო თქვეს"

/რევაზ ინანიშვილი/

"შენ ისეთი ბუნების კაცი ხარ, ან წერას სულ დაანებებ თავს, ან დიდი პოეტი გახდები“ _ ასე შეაფასა 1961 წელს ჭაბუკი პოეტი გიორგი ლეონიძემ. დღეს 80 წლის პოეტი თვლის, რომ უფროს მეგობარს ვერცერთი შეფასება ვერ შეუსრულა, თუმცა დასკვნის გამოტანა მკითხველს მივანდოთ.
გიორგი გიგაურის შემოქმედება 30-მდე კრებულს ითვლის. მისი ლექსები, პოემები, ბალადები გაჯერებულია ვაჟკაცური სულისკვეთებითა და მშობლიური მიწის სიყვარულით. შინაარსობრივად ისეთი მრავალფეროვანია, რომ შთაბეჭდილება გრჩება, რომ პოეტი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს შეეხო, რაც უყვარდა, აწუხებდა და "კელაპტარივით ანთებულ სტრიქონებად" გადმოგვიშალა. ია-ვარდით მოფენილ გზაზე ნამდვილი პოეტი ვერ იქნებიო, ნათქვამია და არც გიორგი გიგაურს უვლია მარტივი გზებით. მისი ცხოვრება ვიწრო გზაწვრილი იყო, რომელიც ღირსეულად დალახა და თქვა:

"და თუნდაც მოხდეს რამ სასწაული,
დაიწყოს ჩემი წლები თავიდან,
ცხოვრებას ისევ იმ გზით ჩავუვლი
და ტვირთსაც ისევ იმ გზით გავიტან."

თავისთავზე ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა ახალგაზრდა თაობის ინტერესი და სიყვარული პოეზიისადმი ძალიან ახარებს და გულახდილად გვესაუბრება თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე:







_ ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.
_ დავიბადე ხევსურეთში, სოფელ ბლოში, პირაქეთა ხევსურეთის ბოლო სოფელში. ამის შემდეგ არხოტის გადასასვლელი იწყება იქვე კი ინგუშეთის საზღვარია. ვიზრდებოდი ჩვეულებრივ, ხევსურული ადათ-წესების მიხედვით. მამაჩემი ხევსურეთში ცნობილი პიროვნება იყო, სჯულის კაცი _ ხვთისო გიგაური. მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა. მთაში მტრები ისე არ შერიგდებოდნენ, მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო. როდესაც იქ ჩასვლა მიხდება, მოხუცი ხალხი მასზე ხშირად მელაპარაკება.

_ რას გაიხსენებთ თქვენს მოსწავლეობასა და სტუდენტობაზე?
_ კარგა ხანს სოფელში ვიყავი, 8 წლამდე. იქიდან მამაჩემი გადმოსახლდა თიანეთის რაიონში, სოფელ წიკვლიაანთკარში. ამ სოფელში იყო 4-წლიანი სასწავლებელი. ვინაიდან 1 კლასის ასაკს გადაცილებული ვიყავი, პირდაპირ მე-3 კლასში მიმიღეს. წერა-კითხვა მამაჩემისგან მქონდა ნასწავლი. თავიდან, 1 მეოთხედი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო და ხუთოსანი გავხდი. მე-5 კლასში თიანეთიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადავედი. მაშინ ეს სკოლა ახალი გახსნილი იყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კონტიგენტი არ ყოფნიდა, ამიტომ უფროსი ასაკის ბავშვებსაც ღებულობდნენ. უფროს კლასებში 17-18 წლისანიც სწავლობდნენ. ხევსურეთში რომ ეს სასწავლებელი არ გახსნილიყო, ის თაობა უსწავლელი დარჩებოდა, მათ შორის მეც. 1945 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა მიზეზების (მათ შორის ოჯახური მდგომარეობის) გამო, სასწავლებელი 1953 წელს დავამთავრე. მაშინ რექტორი იყო ნიკო კეცხოველი და მთიელებს დიდ პატივს გვცემდა. ცდილობდა როგორმე მიგვეღო განათლება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს (სტუდენტობისას შევუღლდით) უკვე ერთი წლის ბიჭი გვყავდა და თიანეთში წავედით, იქ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი საქართველოს რადიო-ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ, ანტონ კელენჯელიძემ შექმნა პერსონალური კორესპოდენტები და მე დავინიშნე მთის ზონაში.
ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი და ახმეტა შედიოდა ჩემთან. შემდეგ კი, როდესაც გიორგი ლეონიძე გახდა თავჯდომარე, მისი შუამდგომლობით გადმომიყვანეს თბილისში. ეს ბინაც რადიო-ტელევიზიის საშუალებით მივიღე. Mმყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილები. ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.

_ გვიამბეთ თქვენს ახალგაზრდობაზე, როდის დაიწყეთ შემოქმედებითი მოღვაწეობა?
_ მწერალთა კავშირში 1950 წლიდან ვარ. მაშინ გიორგი ლეონიძე იყო მწერალთა კავშირის თავჯდომარე, რომელიც სულ ხელს მიწყობდა. ის ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა, ძალიან ვუყვარდი და პირველად მან დამლოცა. Gგიორგი ლეონიძე რომ არ ყოფილიყო, მინდა ამას ხაზი გავუსვა _ მე შეიძლება წერისთვის თავი დამენებებინა. Gუცნაური ახალგაზრდობა მქონდა. Mმაინცდამაინც არ ვემორჩილებოდი კანონებს. Gგიორგი ლეონიძემ დიდი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მამაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. Mმან დამასახლა თბილისში, მიმიღო მწერალთა კავშირში.
დღეისთვის ლექსების ოცდაათი კრებული მაქვს გამოცემული. მიღებული მაქვს ვაჟას, გიორგი ლეონიძის და შალვა დადიანის პრემიები. ბოლოს, ოთხმოცი წლისთავზე გადმომცეს გალაქტიონის პრემია. ყოველთვის ვმუშაობდი ჟურნალისტად. ჯერ ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში ვიმუშავე, შემდეგ კი, ოცი წელი _ ჟურნალ "პოლიტიკაში".

_ საზოგადოების მიერ რამდენად დაფასებულია დღეს მწერლობა?
_ კომუნისტები წავიდნენ და ვითომ "დამოუკიდებლობა" დამყარდა. "ვითომ" _ იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ არ ვთვლი დამოუკიდებლად ჩემს ქვეყანას. ღმერთმა ქნას, რომ არავინ ერეოდეს ჩვენს საქმეებში. დღეს მწერალთა კავშირს სასახლე წაგვართვეს და დავრჩით ასე მიუსაფარები. მაგრამ მოვა დრო, როცა მწერალი დაფასდება.
მწერალი ყოველთვის იყო ის პიროვნება, ვის გარშემოც იკრიბებოდა ერი და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნოდა.

_ რა როლს თამაშობს ტრადიციები თქვენს ცხოვრებაში?


_ ხევსური ახალგაზრდები ვიზრდებობით მთის ტრადიციებით. ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნატში სწავლისას, ბალიშის ქვეშ ყოველთვის გვედო ხანჯალი, მტერი შეგხვდებოდა, თუ მოყვარე-ხანჯლით უნდა გევლო იმდროინდელ ხევსურეთში. დღეს მთაში, სამწუხაროდ, ის ტრადიციები აღარ შემორჩა, რაც ადრე იყო. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, სოფლებში მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ჩემს სოფელში ოცდათორმეტი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი ერთი კომლიღა შემორჩა – ჩაჩაურ გიგაური.

_ რა საქმიანობას ეწევით ამჟამად?
_ წერა არ შემიწყვეტია, მუშაობითაც ვეღარ მუშაობ. Fპენსიაზე გასვლის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოვეცი. არ ძალმიძს წერის გარეშე ცხოვრება, ნამდვილ მწერალს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი. საერთოდ რა აწერინებს პოეტს?- ჩემი აზრით ტკივილი Dდა სიხარული. ტკივილი ბევრი გვაქვს დღეს და სიხარულიც არ გვაკლია.

_ თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი ახალგაზრდობა?
_ ახალგაზრდობის იმედი არ დამიკარგავს და იმედის თვალით ვუყურებ მათ. თუ რომელიმე ჯგუფმა გადაუხვია ქართულ ტრადიციებს და ცუდ გზას დაადგა, ეს ალბათ პირველ რიგშიDსაერთო მდგომარეობის ბრალია, მათ შორის, თითოეული ჩვენთაგანის. ვნახოთ, მომავალი წინ არის, ყველამ გამოსავალი ერთად უნდა ვეძიოთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში საქართველო?
_ საქართველო თითქმის არასდროს ყოფილა დალხინებული, მაგრამ თავისი ხელოვნებით, ტრადიციებით, გმირული სულით და მამაცობით ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მთელ მსოფლიოში. იმედია, ღვთის შეწევნით მომავალშიც არ დავკარგავთ ჩვენს ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

პ.ს. გიორგი გიგაურმა ბოლო კრებული 2008 წელს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მისივე 80 წლის იუბილეზე წარმოადგინა. `ჩემი ზამთარი~ გულწრფელად გამოხატავს, როგორ განიცდის პოეტი სიბერეს, მაგრამ არ ეპუება და ნამდვილი მთიელის მხნეობით აგრძელებს ცხოვრებას.
ღმერთმ გადღეგრძელათ და წყალობა მაგცასთ ბატონო გიორგი !






ნინო ჭინჭარაული
ნათია გოგუაძე

No comments:

Post a Comment