Showing posts with label გოდერძი ჩოხელი/goderdzi Choxeli. Show all posts
Showing posts with label გოდერძი ჩოხელი/goderdzi Choxeli. Show all posts

Thursday, December 20, 2012

ველური ყვავილების თაიგული

შემოდგომამ ყვითელი ფერხულით ჩაიარა გუდამაყრის ხეობაში.
ჩამოთოვა. ჩამოთეთრდა საჯიხვეები. მერე უფრო ქვემოთ ჩამოიწია თოვლმა. აცივდა. დღე დამოკლდა. გუდამაყრელებმა საშემოდგომო საქმეები მოითავეს და ახლომოსულ თოვლზე ნადირის კვალს გაჰყვნენ. ასეთ დროს ადვილია ნადირის მიგნება.
მწარია მექობაური დათვის კვალს წაწყდა. კვალი ძველი იყო და აღმა მიდიოდა, დეკიანებისკენ.
«ეტყობა დასაძინებლად წავიდა» _ გაიფიქრა მწარიამ. ზემო ტყეში დიდი გამოქვაბული იცოდა. კვალი იქვე მიდიოდა.
დათვს ეტყობა უკვე ეძინა. გამოქვაბულის შესასვლელთან იკარგებოდა კვალი. შიგნით ბნელოდა. მწარიამ ამ შესასვლელში თივას მოუკიდა ცეცხლი და სიბნელეში კარგად გამოჩნდა მძინარე დათვი. მწარიამ თოფის კონდახი წაარტყა. დათვი არ განძრეულა. მერე ტყვია ჩადო თოფში და დიდხანს ფიქრობდა:
«ცოდოა, მძინარეს ხომ არ მოვკლავ».
«არა და გაზაფხულამდე არც გაიღვიძებს».
მერე წავა და ან შევხვდები, ან არა».
დაუმიზნა. ისევ შეეცოდა და დაუშვა თოფი. სახლში წამოვიდა. ხარები შეაბა მარხილში და ტყის ქვემოთ ბალღი დაუყენა, რომ ხარები არ წასულიყვნენ. თვითონ გამოქვაბულთან ავიდა, თხილის ხეებისაგან სათარი შეკრა და შიგ თივა ჩააგო რბილად. გამოქვაბულში შევიდა, დათვს ყურებში ჩაავლო ორივე ხელი და ძილ-ბურანში მყოფი გარეთ გამოათრია. დათვმა ოდნავ გაახილა ერთი თვალი და ისევ ძილს მიეცა. მწარიამ სათარზე დადო და დაითრია.
ძლივს დადო მარხილზე. ხარები ფრთხებოდნენ. ბალღიც გან-გან დგებოდა.
გზაზე ისევ ფრთხებოდნენ ხარები. მწარიაი წინ მიუძღვებოდა ხარმარხილს, ბალღი კი კარგა მოშორებით მიჰყვებოდა უკან.
სოფელში ჟრიამულით გამოცვივდა ხალხი.
_ საით მაიყვანე, ჩემო მწარიავ!
_ მართლა ცოცხალია?
ეკითხებოდნენ ცნობისმოყვარე დედაკაცები მწარიას და ისინიც განზე იდგნენ, ახლოს ვერ ეკარებოდნენ.
_ სძინავს, _ თქვა მწარიამ და ხარ-მარხილი თივით გამოვსილ კალოში შეიყვანა. იქ თივის ლოგინი მოუწყო მძინარე დათვს და შიგ ჩააწვინა.
დედაკაცები კალოს შემოსასვლელიდან უყურებენ დათვს და სწყევლიან:
_ აი, ეგ ამოსაწყვეტი და ეგ კლდეზე გადმოსავარდნი. მაგან ამააგდო აქაობა და მაგან არ მოჰკიდა ჩვენ წყემსებს თოლებში ძილი.
_ მაგან შაჭამა ჩვენი მტრედანაი.
_ მაგან დაგვიშალა საგულებელში თივები.
_ დაკა თოფი და მააშორე! _ მოიხოვეს დედაკაცებმა.
_ გეყოფათ! _ ხმა ჩააწყვეტინა მწარიამ ქალებს და კალოს კარები გადმოკეტა.
_ კი, მაგრამ, რას აპირებ? _ ჰკითხა მწარიას შეშფოთებულმა ცოლმა.
_ რას უნდა ვაპირებდე?
_ არ მოჰკლავ?!
_ დაძინებულს ხომ არ მოვკლავ, ცოდვაა.
_ გააღვიძე.
_ არ გაიღვიძებს გაზაფხულამდე.
_ შენ რომ სახლში არ იქნები მაშინ რომ გაიღვიძოს და ბალღებს რამე დაუშავოს ან საქონელს, მერე? მერე რას შვრები?
_ დაახლოებით ვიცი რომელ დღეს გაიღვიძებს, _ თქვა მწარიამ თავმომწონედ. მერე კალოში შევიდა და ნაბადი დააფარა ზემოდან დათვს.
დათვი ამ დროს გრძელ სიზმარში იყო _ თაფლით სავსე სკა მიჰქონდა თავისი ბუნაგისაკენ, მაგრამ გზა აღარ თავდებოდა. დათვს გზის სიშორეც სიამოვნებას ჰგვრიდა და იღიმებოდა. მწარიამაც შეამჩნია რომ იღიმებოდა.
_ მართლა არ მოჰკლავ? _ კითხულობდნენ მეზობლები.
_ სძინავს, როგორ მოვკლა.
_ ოო, ჩემო მწარიავ!
_ შენ თუ გენანება, მე ვესვრი, _ თავისი თოფი გაამზადა ჯღუნამ, მაგრამ მწარიამ იწყინა:
_ ჩემ დათვთან რა ხელი გაქვს.
_ შენი საიდანღა არის?
_ ჯერ-ჯერობით ჩემია. მე მოვიყვანე, ჩემს კალოში სძინავს და სხვა თუ არაფერი სტუმარი ხო მაინც არის ჩემი. ჰოდა არავის ნება არა გაქვთ, ესროლოთ.
_ რომ გაიღვიძოს და დაგვერიოს, დაგვიწიოკოს ე დედაკაცები, მერე?
_ როცა გაიღვიძებს, მე თვითონ ვესვრი, _ თქვა მწარიამ.
ჯღუნაი ნაწყენი გაბრუნდა და ჰაერშიღა ისროლა თოფი.
თოფის ხმაზე ოდნავ შეკრთა დათვი, მაგრამ არ გაუღვიძია.
მწარიას ცოლიც მიეჩვია დათვს და ახლა აღარც ის სთხოვდა ქმარს მძინარესთვის ესროლა თოფი. მეზობლები კი მოსვენებას არ აძლევდნენ. ჯღუნაი უმძრახად დაადგა მწარიას.
დათვი იწვა და დროდადრო თითებს ილოკავდა. ხანდხან ზანტად გაახელდა თვალებს და მერე ისევ მიიძინებდა.
რამდენჯერმე, როცა თვალები გაახილა, დაინახა მწარიაი და მისი ცოლი, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდა, სიზმარი ეგონა.
ერთ მზიან დღეს, ოდნავ გაახილა მარჯვენა თვალი და დაინახა, მწარიაი და მისი ცოლი, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდა, სიზმარი ეგონა.
ერთ მზიან დღეს, ოდნავ გაახილა მარჯვენა თვალი და დაინახა, რომ მწარიაი თავის ცოლს ეალერსებოდა თივაზე. ქალი წინაამდეგობას უწევდა ქმარს:
_ მაიცა, შე არსახეირებო, დაგვინახავს ვინმე, სირცხვილია! _ ბრაზობდა ქალი.
_ ვინ დაგვინახავს, არავინ არ არის, _ ამშვიდებდა მწარიაი და თავისკენ იზიდავდა ქალს.
_ დათვისა მაინც არა გრცხვენია? _ თქვა ქალმა.
მწარიამ დათვს მიხედა. მას მართლა გახელილი ჰქონდა მარჯვენა თვალი და ისევ ვერ გაერკვია, სად იყო, რა ხდებოდა მის ირგვლივ.
ქალმაც დაინახა დათვის გახელილი თვალი და შემკრთალმა საკინძე შეიკრა უცებ.
დათვმა ზანტად დახუჭა თვალი და ისევ ძილს მისცა თავი.
მწარიამ ისევ გააგრძელა ალერსი.
დათვი იწვა და ლამაზ სიზმარს ხედავდა: ვითომ მწარიას მაგივრად თვითონ ეალერსებოდა იმ ლამაზ ქალს. ქალი უარობდა, დაგვინახავენო, დათვი ამშვიდებდა, ვერ დაგვინახავენო. ქალი შფოთავდა, მისი მკლავის სიმსხო ხორბლისფერი ნაწნავები ყელზე ეხვეოდა დათვს.
აღარ სრულდებოდა სიზმარი. დათვს დახუჭული თვალები ჰქონდა და შიგ ხატივით ესვენა მწარიაის ცოლის სახე...
და დათვი ოდნავ იღიმებოდა. მწარიაი ხშირად ამჩნევდა ამ ღიმილს.
ზამთარი ილეოდა, ხევებში უზარმაზარი ზვავები გუგუნებდნენ. იღვიძებდა დედა ბუნება. დათვს კი ჯერ ისევ ეძინა და მეხსიერებაში ჩარჩენილ ქალის სახეს ვერ იშორებდა.
_ მოკალი, დროა უკვე! _ შეახსენეს მეზობლებმა მწარიას.
_ სადაცაა გაიღვიძებს და, _ თქვა მწარიამ. მერე თოფი გაპოხა. ჟაკნები გაამზადა.დასუსტებულია, მაგას ერთი ტყვიაც ეყოფა, _ თქვა მწარიას ცოლმა.
ჯღუნაი ნერვიულად გადი-გამოდიოდა და ჰაერში ისროდა თოფს.
მზემ დააცხუნა და თოვლი წყლად წავიდა. მზორეებში ენძელები და იები ამობიბინდა. ნაკადულებმა გაიღვიძეს. წყლის ყვავილებმა იწყეს მოსვლა.
იმ დღეს ფასანაურში წავიდა მწარიაი და ცოლს დაავალა:
_ დათვზე გეჭიროს თოლი, არავინ დათოფოს.
ქალმა რამდენჯერმე შეავლო დათვს თვალი.დათვმა გაიღვიძა და ქალს მოჰკრა თვალი, რატომღაც ისე ბედნიერად გაეღიმა, ქალმა შეამჩნია და გარეთ გაიქცა.
დათვი ინსტიქტით მიხვდა სადაც იყო. მიხვდა რომ აქ მისი ადგილი არ არის და ქალიც გარბის. წამოხტა, ქალს წინა თათები მოხვია და მთისაკენ გაიქცა.
სოფელში ვერავინ გაიგო ეს ამბავი.
საღამოს პირი იყო. დათვი უკანასკნელ ძალას იკრებდა და გაარბოლებდა შეშინებულ ქალს. ასე ირბინა თავის ბუნაგამდე.
აფეთქებული გაზაფხული იყო.
დათვი გარშემო უვლიდა შიშისგან აკანკალებულ ქალს და ეალერსებოდა. ხანდახან მწარიას ბაძავდა და ისიც წელზე შემოხვევდა მკლავს, ლოყაზე ენას აუსმევდა. მერე კალთაში ჩაუდო თავი და ტკბილად ჩაეძინა.
ძილში ისევ იმ ლამაზ სიზმარს ხედავდა. ეჩვენებოდა რომ აყვავებულ დეკიანში გარბიან ისა და ქალი. მერე მთაზე დგანან. დათვი ისე ეფერება, როგორც მწარიაი ეფერებოდა. ქალი უარობს _ დაგვინახავენო. დათვი ამშვიდებს _ არავინ არ არის, ვერ დაგვინახავენო. მთვარე დაგვინახავსო, _ ეუბნება ქალი და გორისპირ ამომავალ გაბადრულ მთვარეზე აჩვენებს. დათვი ბრაზობს მთვარეზე. მთვარე მაინც ამოდის...
მთვარე მართლა ამოდის და ქალი ნება-ნება იცილებს კალთიდან დათვის თავს. დათვს სძინავს... და ვინ იცის როგორღა ეალერსება ძილში საყვარელ არსებას.
მწარიას ცოლი აკანკალებული მირბის. სოფლის ახლო-მახლო კივილი შემოესმა _ მას ეძახდნენ.
მწარიაი გვიან ღამით დაბრუნდა. იმ ღამეს ქალს თვალი არ მოუხუჭავს.
მეორე დილით, დაფეთებული შემოვარდა მწარიაი სახლში, ჩამოხსნა თოფი და გარეთ გავარდა. ქალი მიხვდა რაღაცას და შეშინებული კუთხეში მიიყუჟა.
ფანჯრიდნ ჩანდა _ მათი სახლის წინ დათვი იდგა უკანა ფეხებზე, წინა თათებში უზარმაზარი ველური ყვავილების თაიგული ეჭირა გულზე მაგრად მიხუტებული და სახლისაკენ ნაღვლიანად იყურებოდა.
დაიგრიალა თოფმა და ქალმა დაინახა დათვი ადგილზე შექანდა, შეტორტმანდა და ნება-ნება დაეშვა მიწისაკენ, ოღონდ ისე, რომ ველური ყვავილების თაიგული არ გაუშვია, უფრო მაგრად ჩაიხვია გულზე თათებით და ყრუ ხმაურით დაეცა მიწაზე.
ძლივს ააგლიჯეს ყვავილები.
დიდი ხნის მერე, სიბერეში, მწარიაის ცოლს რატომღაც სინანულით გაახსენდა, რომ იმ ველური თაიგულის გარდა, მისთვის ყვავილები არასოდეს არავის არ უჩუქებია.

/გოდერძი ჩოხელი/

Sunday, November 25, 2012

მე აღარ წავალ საიქიოში

მე დავბრუნდები სიკვდილის მერე,

ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,
მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს
და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად
წამალბალახა ყვავილს მოვიტან,
რომ ვუმკურნალო,ვისაც რა სტკივა.
მე დავბრუნდები საიქიოდან,
მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი
სიკვდილისა და სიმარტოვისგან.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ყველგან ვიქნები:ქარში,წვიმაში,
ვიქნები მზეში,მზის ამოსვლაში
ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.
მე აღარ წავალ,სულ აქ ვიქნები,
საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები,
სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.
მე აღარ წავალ საიქიოში,
ვიქნები ქვეყნად,დილის სიოში,
არაგვის ერთი ტალღა ვიქნები,
ტალღა ვიქნები მტკვარში,რიონში.
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ,
მე აღარ წავალ საიქიოში!
მომენატრებით?ვიმოგზაურებ
სააქაოდან-საიქიოში...

/გოდერძი ჩოხელი/

Thursday, December 22, 2011

9 შეკითხვა სიყვარულის რაობის შესახებ

უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

Wednesday, July 27, 2011

გარსია ხევსურული სახელია




”კარგ ყმას ნუ შურობ სოფელო,

კაი ყმა კაი ფარია,

იქიდან მოგეფარება,

საიდანაც ქრის ქარია.”

(ხალხური)





არხოტი!

მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია.

სოფლები:

ჭიმღა.

ამღა.

ახიელა.

კვირიწმინდა.

მოწამეთა.

გვარები:

ჯაბუშანურები.

წიკლაურები.

ოჩიაურები.

ნაროზაულები.

ცისკარაულები.

ბალიაურები.

თეთრაულები.

გაბურები.

ჭიუხები.

მთები.

ქვემოთ ღორღიანი ჭალა.

ჭალაზე მდინარე - ასა.

და ეს ყველაფერი ერთად - არხოტი.

და არხოტიონები სხვებს რომ ეძახიან ხევსურებს, თუმცა თვითონაც იმათი მოდგმისანი არიან.

ვინ იცის როდის დაემკვიდრნენ აქ.

ხნავენ.

სთესავენ.

მკიან.

ხდიან არაყს.

ადუღებენ სვიან ლუდს.

ღრეობენ.

მღერიან.

ლექსობენ.

ზამთრის გრძელ ღამეებში სხედან ხევსურის ქალები და ფარდაგებს ჰქსოვენ. გრძელი ზამთრით გულგაწყალებულებს გაზაფხული ენატრებათ და ფარდაგებზე ნაირ-ნაირ ყვავილებს ჰქარგავენ.

გაზაფხული ფეთქავს ხევსურულ ხალიჩებზე.

აქ უთქვამს ჯაბუშანურების წინაპარს:

”იარებოდა დედაი,

ტირილით თვალცრემლიანი”...

აქ ბევრის საკარგყმო დალეულა.

აქაურებს სწამთ იმ ქვეყნიური ცხოვრება. ქრისტიანებიც არიან და კერპთაყვანისმცემლებიც.

მიცვალებულის სულს დოღს უმართავენ. საფლავზე აცეკვებენ დაწურვილ ცხენებს.

დასაბამიდან თვითონ ჭედავენ ხმალ-ხანჯლებს.

მტრიანიც არიან და მოკეთის მიმყოლნიც.

მღერიან საკარგყმოს.

ქისტის ურიცხვი ლაშქარი შემორტყმია გარშემო არხოტს.

გაჭირდა თურმე ბრძოლა.

გადმომდგარა მაშინ ციხის ქონგურებზე თმებგაწეწილი ხევსური დედაკაცი და უკივლნია არხოტიონათვის:

- ქალ-ბალღიანად გაწყდითავ არხოტიონებო, ოღონდ მტერს არ დაანებოთ არხოტი!

მაშინ ეს სიტყვა მზესავით ჩაღვრია არხოტიონებს ძარღვებში.

მდინარე ასა სისხლისფერი გახდა...

თევზი დაიხოცა შიგ...

არხოტიონებმა გამარჯვების აღსანიშნავად სოფლის გორზე საერთო ქავის კარი ააშენეს, სადაც ურიცხვი მტრის მარჯვენა ჩამოხმა მერე.



***

არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს. არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.

არ გასდევნებია ხარ-ჯიხვებს ჭიუხებში.

გარსია ოჩიაურმა თავისი სიცოცხლე ცეკვაში გალია.

ცეკვავდა ბალღობაში.

ცეკვავდა არხოტის ბუნებით მთვრალი.

არხოტის მაღალი ცა უყვარდა.

დილით მთის წვერზე ეგებებოდა მზის ამოსვლას.

მზე ამოდიოდა.

ცეკვავდა გარსია ოჩიაური მთის წვერზე.

იმან არ იცოდა რა იყო დაღლა.

ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად არხოტის მთებიც ცეკვავდნენ.

მთებს ეჯიბრებოდა.

ცოლი რომ მოიყვანა, მაშინაც ცეკვავდა.

შვილი რომ დაებადა, ცეკვავდა.

ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მაშინაც.

ვერაფრით ვერ გაძღა არხოტის სილამაზით.

- ერთი არხოტის მიწაზე ცეკვით გამაძღო და მომკლა თუნდაც! - ამბობდა გარსია და ცეკვავდა.

გაზაფხულზე პირველი ყვავილი რომ ამოვიდოდა, ეცეკვებოდა.

ტყე რომ გირჩს გამოისხამდა, ეცეკვებოდა.

მდინარე ასას ეცეკვებოდა.

- ასა! - გაჰკიოდა გარსია.

- ასა! - ხმას აძლევდა მდინარე.

გუგული რომ მოფრინდებოდა, იმასაც ეცეკვებოდა გარსია. არხოტის უძირო ციდან თოვლის პირველი ფიფქი რომ ჩამოვარდებოდა - იმასაც.

ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსვლას ცეკვით ეგებებოდა.

არხოტი უყვარდა უზომოდ.

ერთი წუთითაც არ უფიქრია არხოტიდან სადმე წასვლა.

არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს.

არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.

არაფერი არ მოუკლავს.

დღეს გარსია ოჩიაურის საკარგყმოს სვამენ ხევსურულ სოფლებში აქა-იქ შემორჩენილი ხევსურები.



***

მთავრობის კაცები ამოვიდნენ არხოტში.

გადასახლება.

ამ სიტყვამ დალულა გარსია ოჩიაურის ძვალ-რბილი.

- კი მაგრამ, ჩვენ აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა?!

- სად გვასახლებენ, რატომ?

- მლაშეში.

- მერე და, რითი სჯობია მლაშე არხოტს?!

- თუ ეხლა იქ არ წამოხვალთ, მერე მაინც ჩაგასახლებენ და შეიძლება უარესი ადგილი შეგხვდეთო.

ბევრი იფიქრეს ხევსურებმა.

დასხდნენ საფიხვნოში და ბჭობდნენ.

ერთ კვირაში უნდა მომზადებულიყვნენ წასასვლელად.

- კი მაგრამ, რაით სჯობია ”მლაშე”, არხოტს.

- ვერ გაერკვია გარსიას.

არც სხვებმა იცოდნენ, რაით სჯობდა არხოტს ”მლაშე”.

უარეს ადგილზე დასახლებას, მლაშე არჩიეს სოფლის თავკაცებმა.

დაიწყეს მზადება.

შეკრეს ბარგი.

შეაგროვეს საქონელი.

გამოკეტეს საბძლები.

და ბოლო ღამეს დასხდნენ საფიხვნოში.

ხმას არავინ იღებდა.

გარსია ოჩიაურის შვილებმაც გაამზადეს ბარგი.

ისინიც საფიხვნოში დასხდნენ.

ისხდნენ და მიწას ჩაჰყურებდნენ ხევსურები.

ხვალე უნდა წასულიყვნენ აქედან.

გარსია ადგა და მაღლა ბანზე ავიდა.

მზე ჩადიოდა არხოტის მთებში.

ამ წუთში არხოტის მთების უსაზღვრო სიყვარული იგრძნო გარსია ოჩიაურმა.

ხვალე გადაასახლებენ.

დღეს უნდა იცეკვოს გარსია ოჩიაურმა.

შეიძლება ვეღარასოდეს ამოვიდეს აქ.

მზე ჩადის.

და ცეკვავს გარსია.

ღამდება.

ცეკვავს.

ამოდის მთვარე.

ხევსურები ბანს შემორტყმიან და უხმოდ მისჩერებიან გარსიას.

- ასა! - კივის ის.

- ასა! - ბანს აძლევს მდინარე.

ფეხებზე ქალამნები აცვდება. მაინც ცეკვავს.

მერე წინდებიც ცვდება.

ცეკვავს.

ფეხის გულებიდან სისხლი მოსდის.

ჯერ წვეთ-წვეთად...

მერე თქრიალით.

ტკივილს არ იმჩნევს გარსია.

უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.

სხვა დროს შეიძლება ვეღარც ამოვიდეს აქ.

სისხლი და მიწა ერთმანეთში ირევა.

გარსია ვერ გრძნობს, რომ სისხლმა ბანი აატალახა.

ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობს, ერთი სურვილით არის შეპყრობილი:

უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.

ილევა ღამე.

თანდათან სისხლად იცლება მოხუცი.

მაინც ცეკვავს.

ხევსურები უხმოდ უყურებენ.

ვერავინ ვერ ბედავს ახლოს მისვლას, რომ გააჩერონ.

თენდება თანდათან.

მტრედისფრად გალობენ არხოტის მთები.

ცეკვავს გარსია ოჩიაური.

- ასა! - ერთხელაც გასძახებს მთებს და მზის სხივებს შეაშრება იმისი სული.

ერთი წამით ხელგაშლილი დგას.

მერე გულაღმა დაეცემა არხოტის მიწაზე.

ხევსურებმა ამოსულ კაცებს სთხოვეს, რომ ერთი კვირა დაეცალებინათ.

დაასაფლავეს გარსია და იმის სულის მოსახსენებლად გამართეს დოღი.

არავის ჩამოვარდნია ცრემლი.

ცხენების ჭენებაში მოიკლეს ბოღმა.

თითქოს ცხენებიც გრძნობდნენ, რომ ეს იმათი ბოლო დოღი იყო, ცხელი საფეთქლები ჭიუხებიდან მონაბერი ნიავისათვის მიეშვირათ და გარსია ოჩიაურის საფლავისაკენ გარბოდნენ, რომ იქ საბოლოოდ შეეყენებინათ ყალყზე თავიანთ პატრონებს.

სიკვდილთან ღრეობა (ნაწყვეტი რომანიდან „ადამიანთა სევდა“ )


გუდამაყარში, სოფელ ჩოხის აღმოსავლეთით, დგას მთა, რომელსაც აქაურები ელიას მთას ეძახიან.

ხალხის წარმოდგენით, მთის წვერზე ღვთის საბრძანისია და აშენებული აქვს ნიში. მთის შუა ფერდზე სამანია დაცემული. სამანს ზემოთ ღვთის ადგილია, სამანს ქვემოთ კიდევ - ეშმაკებისა, რომელიც ღრმა ხევში იკარგება.

ყოველ წელიწადს ციკანსა კლავენ ნიშთან, დასტურები მთის წვეროდან თავმოჭრილ ციკანს გადმოისვრიან ქვემოთ. ხალხი ცდილობს, სამანს ზემოთ, ღვთის კუთვნილ ადგილზე დაიჭირონ მთიდან დაგორებული თიკანი და თუ ეს შეძლეს, ხარშავენ ხორცს და თითო წილს აჭმევენ ყველას.

თუ ციკანი სამანს გადაუცდათ, მაშინ იგი „ეშმაკების წილია“, თავს ანებებენ და დაღონებულები მიდიან შინ.

გათენდა. გუდამაყრის ხეობაში პირველი მზის სხივი ჩამოდგა, არაგვის ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას მთის ფერდს აღმა აუყვა, მეორე ნახევარი კი ისევ ხეობაში დარჩა, არაგვს გადაეფარა, ჩაიწეწა, ჩაიწეწა და ჩაქრა.

მზემ გაანათა გუდამაყრის ხეობა.

ჩოხის წინდა გიორგის სალოცავში დილიდანვე იწყო ხალხმა მოდენა. ამოვიდა ბიბღაი, ხმელ-ხმელი ყბებმოგრეხილი დეკანოზი. ამოვიდა ომარათ სანდურაი, ამოვიდა შუღლიანთ ზორაი, იმათ მოჰყვნენ ქორაი, გამიხარდაი, ბიბღაი, შეთე, ბასაი, მწარიაი, ჭიჭყაი, ჯღუნაი, ტატაი, მერე და მერე კი განუწყვეტლად იწყეს ჩოხლებმა მოსვლა. მოვიდოდნენ გორზე, მუხლს მოიყრიდნენ და ამის შემდეგ საჯაროში სხდებოდნენ. ქალები კი ხატის ქვემოთ, სამანთან ჩერდებოდნენ, იქ ილოცებოდნენ და სხვა ქალებს უერთდებოდნენ. თემის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ ხატის გორაზე ფეხის დადგმა, იქ მხოლოდ კაცები მიდიან და ისიც მარტო დღეობის დღეს, უდღეო დღეს ისინიც ერიდებიან ხატის მოედანის შელახვას.

ამოვიდა ბერი, დაილოცა, მიწას სამჯერ ემთხვია და ხალხთან მივიდა.

- წყალობათ ხატისა! - თქვა ბერმა.

- შენიმც მწყალობელია, - უპასუხა ხალხმა.

ჯღუნამ ლუდიანი თასი მიაწოდა ბერს. ბერმა თასი ჩამოართვა, დაილოცა და დალია.

- ბერო, წელს ხომ იცი, შენ უნდა დაკლა ციკანი, შენი რიგია, - უთხრა ბიბღამ.

- ვიცი, - მიუგო ბერმა, - ბალღი გავგზავნე მთაში ჩამოსაყვანად.

- ნუ დაიგვინებთ, - თქვა ბიბღამ და წამოდგა. ყველანი მას მიაჩერდნენ. ამ მოხუცს ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, ძნელად მოსწყვეტდა კაცი თვალს. მაღალი იყო, ხმელი, მარტო ყბები ჰქონდა როგორღაც მრუდედ მოგრეხილი და ეს უფრო ამკვეთრებდა მის ისედაც მკაცრ გამომეტყველებას.

სოფლის ზემოთ პატარა ბიჭი გამოჩნდა. მხრებზე თეთრი ციკანი მოეგდო. მოვიდა და ბერის ახლოს დადგა. ციკანმა თმა აულოკა დაღლილ ბიჭს, მერე ხალხს მოავლო თვალები და დაიკიკინა.

- აბა, მოვკრიბოთ სანთლები. ნუღა დავყოვნდებით! - უხმო დასტურებს დეკანოზმა.

დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და სამ-სამი სანთელი გამოართვეს:

- სწყალობდეს ბერსა!

- სწყალობდეს ჯღუნასა!

- სწყალობდეს მარტიასა!

- სწყალობდეს ქორასა! - გაიძახოდნენ დასტურები ხმამაღლა და სანთლებს ჰკრეფდნენ.

- აბა, წავედით! - თქვა ბიბღამ, წვრილი ზარებით მორთული დროშა მხარზე გაიდო და ხალხს ელიას მთისკენ წაუძღვა. მარტო დედაკაცები დარჩნენ თავის ადგილზე. ფეხზე წამოდგნენ და ისე გაჰყურებდნენ მთის ფერდზე მიმავალ ხალხს, რომელთაც სულ წინ მხრებზე ციკანმოკიდებული თორმეტიოდე წლის ბიჭი მიუძღვებოდა, იმას უკან დეკანოზი მოსდევდა ზარ-ბაურაყის ჟღრიალით, ხოლო მოშორებით დასტურები და სხვა ჩოხლები მიჰყვებოდნენ.

დეკანოზმა ბიჭს უბრძანა, დაწინაურებულიყო და მთის წვერზე მიეყვანა ციკანი. ბიჭი სწრაფად წავიდა. დეკანოზმა სამანს ზემოთ დაამწკრივა ხალხი და თვითონაც მთის წვერისაკენ აუყვა აღმართს.

ბიჭი დეკანოზის მოსვლას ელოდებოდა ნიშთან, ციკანი წინა ფეხით ეჭირა და ეალერსებოდა. თოვლივით თეთრი იყო პატარა ციკანი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ბიჭს ლოყაზე ენით ლოკავდა და თითქოს ელაპარაკებოდა, რაღაცას კიკინებდა.

დეკანოზი თანდათან ახლოვდებოდა. ელიას მთის წვერზე, ნიშანთან უამრავი ციკნის თავი ეყარა. ზოგი დროთასვლას უკვე ნაფშვენებად ექცია. ზოგს კი ჯერ ისევ შერჩენოდა თავის ფორმა. წესი იყო, მოჭრილი თავების აქ დატოვება და, რადგან მაღალი მთა იყო, ეტყობა, ნადირიც ერიდებოდა აქ მოსვლას, მარტო ყვავ-ყორნები თუ ჩამოსხდებოდნენ ხანდახან, ისინი აქვე ჭამდნენ ლეშს, და ძვლებსაც აქვე სტოვებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენი ძვალი დაგროვილიყო, შემოქმედს რომ ხელახლა მოენდომებინა იმ ციკნის თავებისათვის სულის ჩაბერვა და იმ თავებს რომ ერთად შეებღავლათ ცისათვის, ალბათ ცა გაიხეოდა ცოდვით. დღეს კიდევ ერთი თავი უნდა შემატებოდა ამ გამოხრულ ძვლებს.

დეკანოზი მთაზე ავიდა, დაიჩოქა და ისევ სამჯერ ემთხვია მიწას. მერე წამოდგა, ქვემოთ რომ შეაგროვეს დასტურებმა, ის სანთლები აანთო და კარგა ხანს ილოცებოდა. ეხვეწებოდა ელიას, შენმა ძალამ კარგად ამყოფოს ჩოხლების გვარი, სეტყვა და ქარიშხალი აარიდოს, ქვის საგორავი აშოროს, წარღვნას ნუ მოუვლენსო..

ბიჭი იდგა, ცალი ხელით ციკანი ეჭირა და წელში ოდნავ მოხრილი უსმენდა.

ბიბღამ ლოცვა დაასრულა, სანთლები შემურულ ნიშის ქვებზე მიაკრა და ხანჯალი ამოსწია. ბიჭმა ციკანი წამოაქცია, ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და მერე, როცა დეკანოზმა ციკანს თავი გადაუწია, რომ ხანჯალი მარჯვედ გადაესვა, ბიჭმა განზე გაიხედა. ახლა ის მარტო მოპირდაპირე მთის წვერს ხედავდა და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ჭრიდა დეკანოზი თავს თიკანს. მერე თავმოჭრილი ციკანი აფართხალდა და ბიჭმა ხელები გაუშვა.

დეკანოზმა ციკნის თავი ნიშზე ჩამოაგო, მერე თავმოჭრილი სხეული აიღო, ქვემოთ, ხალხისაკენ გადაისროლა და ხმამაღლა დაიძახა:

- ელიასა და ზაქარიას გაუმარჯოს!

- გაუმარჯოს! - დაიძახა ხალხმა ქვემოდან და ციკნის დასაჭერად აღმა გამოიქცნენ, ეშინოდათ, სამანს არ გადაგვიცდეს, თორემ ვეღარ ვჭამთო. მართლა მალევე დაიჭირეს და დეკანოზს დაელოდნენ.

- წავიდეთ, - უთხრა ბიბღამ ბიჭს, რომელიც გაშტერებული უყურებდა ნიშზე ჩამოგდებულ ციკნის თავს. თავი თვალებს ახამხამებდა.

- წავიდეთ, რაღას უყურებ! - გაუმეორა ბიბღამ.

- არ კვდება, - თქვა ბიჭმა.

- მოკვდება, მა რას იზამს! - ბიბღამ დროშა მხარზე გაიდო და ქვემოთ დაეშვა. ბიჭი უკან გაჰყვა, მერე შედგა და ყური მიუგდო.

- გაიგონე? - იკითხა ბიჭმა.

- რა?

- ციკანმა დაიკიკინა.

- მოგეჩვენა ალბათ, - თქვა დეკანოზმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ისევ მოისმა ციკნის ხმა. შემობრუნდნენ და მოჭრილ თავს დააშტერდნენ.

თავს წვეთ-წვეთ ჩამოსდიოდა სისხლი. ისევე გაშტერებული თვალებით უყურებდა ბიჭსა და დეკნოზს, დროდადრო თვალებს აახამხამებდა და უწყლობით ენას ჰაერში ალივლივებდა. ქვებზე მიკრულ სანთლებს ტკრციალი გაჰქონდა, ზედ სისხლის წვეთები ეცემოდა და შიშხინებდა. აქა იქ მიმოყრილი ძვლები სისხლით იყო გათხუპნული. ციკნის თავი ისევ მიშტერებოდა ბიჭსა და დეკანოზს.

- რატომ არა კვდება? - იკითხა ბიჭმა.

- ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს, მიუგო დეკანოზმა.

- რო არ მოაკითხოს?

- ეგ არ შეიძლება..

- რატომ?

- ეგეთია წესი.

- სიკვდილისა და სიცოცხლის წესი, - აუხსნა დეკანოზმა, მერე პირჯვარი გადაიწერა და შებრუნდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ შეხედა ციკნის თავს, რომელიც ჰაერშივე ალივლივებდა უწყლო ენას და დეკანოზს წაჰყვა. თვალებში შიში ედგა.

ხალხთან რომ ჩამოვიდნენ, ელდა ეცათ, ციკანი ისევ ფართხალებდა.

- არა კვდება, - თქვა ბერმა.

დეკანოზმა ხმა არ ამოიღო, ხალხს წინ გაუძღვა და ხატის გორზე გავიდა.

ხალხი დიდხანს ელოდა ციკანის სიკვდილს, მაგრამ ის მაინც ფართხალებდა, მანამ უკანასკნელი სისხლის წვეთი ედგა ძარღვებში, მერე ჩაწყნარდა და ოდნავღა ფეთქავდა.

- მოკვდა, - თქვა ბერმა და გაატყავა.

ხალხი საფიხვნოში დაჯარდა და დაიწყო სმა, ბერმა ცეცხლზე შემოდგა ციკნის ხორცი. ჯღუნამ ქალებს ჩაუტანა ლუდი. იმათ გარმონი დაუკრეს და ხატის გორს სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა მუსიკამ. გამხიარულდნენ ჩოხლები. გააჩაღეს ცეკვა.

უცებ მუსიკა შეწყდა, მეგარმონე გოგომ პირველმა დაინახა მათკენ მომავალი საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცი. ყველამ იქით მიიხედა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს დამუნჯდნენო.

მოდიოდა ყმაწვილი კაცი ხატის გორისკენ, ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერი სამოსელი ეცვა მსუბუქად, ქერა კულულები მხრებზე ეყარა, მივიდა, გორზე მუხლი მოიყარა, მიწას სამჯერ აკოცა, ადგა, ხალხთან მივიდა და თქვა:

- წყალობაი ხატისა!

- შენიმც მწყალობელია, - ამოღერღეს აქეთ-იქიდან უცნობის სილამაზით დატყვევებულებმა.

- მიმიღებთ? - იკითხა მოსულმა და რომ გაიღიმა, ისეთი სიკეთით გაუნათდა სახე, ყველას ღიმილი მოეფინა.

- მიგიღებთ, რატომ არა, სტუმარი ღვთისაა, - დაიძახეს გაბედულად და საუფროსოსკენ მიიპატიჟეს.

- აქეთ, აქეთ!

მიიყვანეს და დეკანოზის გვერდით დასვეს. ჯღუნამ თასით ლუდი მოართვა. სტუმარმა თასი ჩამოართვა და დაილოცა:

- გაგიმარჯოთ ჩოხლებო, კარგად იყვენით, სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.

- ეგრევე შენ, - დაიძახეს აქეთ იქითიდან. იმან დიდი სიამოვნებით მოიყუდა თასი და რომ გამოცალა, ისევ გაიღიმა.

სანამ ხორცს მოვიტანდეთ, პურაი შაჭამე. - ქადის კვერი მიაწოდა დეკანოზმა.

- გმადლობთ, - ისევ თავაზიანად თქვა უცნობმა. ხალხი დააბნია ამ თავაზიანობამ. მერე ბერმა მოხარშული ხორცი მოიტანა ხონჩით და სუფრაზე ჩამოდგა. ცხელი ოხშივარი ასდიოდა ხორცს.

- აბა, დაგვილიე სტუმარო! - ყანწით არაყი გაუწოდა ჯღუნამ. იმან გამოართვა, დაილოცა და ყანწი ისევ უკან გაუწოდა.

- დალიე!

- არა ვარ მიჩვეული, ვერ დავლევ.

- როგორ, კაცი არა ხარ, ერთ ყანწს როგორ ვერ დალევ, გაცნობისა, შამოსწრებისა.

სტუმარმა ყანწი მოიყუდა და სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა დალევა.

- ხორცი აიღე, - უთხრა ბერმა.

- არა, ხორცს არა ვჭამ, - იუარა და ისევ ქადას დაეწოდა.

აქ მყოფთ ეს განცხადება გაუკვირდათ. ისინი ისე გულიანად ილუკმებოდნენ ციკნის ხორცს, რომ ვერ წარმოედგინათ, რატომ ამბობდა სტუმარი ასეთ სიამოვნებაზე უარს.

გაჩაღდა სმა-ჭამა. ყანწებს ყანწებზე სცლიდნენ ჩოხლები და არაყსა და ლუდს თანდათან თავისი გაჰქონდა. სტუმარსაც აძალებდნენ, მაგრამ ის სმას ერიდებოდა.

ქვემოთ მყოფ ქალებს ისე მოეწონათ სტუმარი, სულ გადაავიწყდათ, სამანს ქვემოთ რომ უნდა ყოფილიყვნენ. ახლოს მივიდნენ, რომ უფრო კარგად დაეკვლიათ მოსულის სილამაზე. ეს შეამჩნია დეკანოზმა, წამოდგა, ბაურაყი შეაჟღრიალა და ამით ქალებს ანიშნა, ქვემოთ ჩამოსულიყვნენ. იმათ ჩუმი ჩურჩულით ჩაიწიეს სამანს ქვემოთ და ცეკვა გააჩაღეს.

კაცები უკვე კარგა იყვნენ მთვრალები. მღეროდნენ. ახლა უფრო დააძალეს სტუმარს არაყი, მაგრამ იმან მეტი აღარ დალია, მარტო დაილოცა და ყანწი ისევ ჯღუნას გაუწოდა.

- მე შენი საქციელი არ მამწონს, - უთხრა ჯღუნამ და საჩხუბრად აიფხორა.

- ჯღუნავ! - დაუძახა ბერმა.

- რა გინდა?

- სცდები, ჯღუნავ! - თქვა ბერმა და სტუმარსა და ჯღუნას შუაში ჩაუდგა.

- მე ჩემი მითქვია და ვიტყვი კიდეც, ყანწი თუ გამოართვი, კიდეც უნდა დალიო, - გაიძახოდა ჯღუნაი.

ქალები ქვემოთ ცეკვავდნენ.

- ჩამოდით! ჩამოდით! - შემოსძახოდნენ ახალგაზრდებს.

- შენ არ გეწყინოს, ჯღუნამ ყველასთან ეგეთი ახირება იცის, - ეუბნებოდა ბერი სტუმარს.

- არა, რატო უნდა მეწყინოს. - თქვა სტუმარმა.

ამასობაში იმ დრომ მოაწია, როცა, ჩვეულებისამებრ, ჩოხლებს ერთმანეთი ძალაში უნდ გამოეცადნათ. ხატის წინ, სწორ მოედანზე ლუდით სავსე კოდი დადგეს და ახალგაზრდები გარშემო შემოეხვივნენ.

იმათ შორის რამდენიმემ კოდს ხელები ჩაავლო.

- რას აპირებენ? - იკითხა სტუმარმა.

- ძალას სცდიან, ვინც ძლიერია, ის გადასწევს ამ კოდს.

- შეიძლება მეც ვცადო?

- შეიძლება, მიდი, - მიუგო ბერმა და სტუმარი კოდთან მიიყვანა. ამ ამბავმა ისედაც ცნობისმოყვარე ჩოხლებს გული აუჩქროლა და გარს შემოეხვივნენ კოდის გარშემო შემოწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც თავ თავისკენ ცდილობდნენ კოდის გადაწევას. დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი, სტუმარმა კოდი ისე მძლავრად გადასწია, ახალგაზრდებიც თან გადაიყოლა.

ქალებში ჩურჩული ატყდა. ჯღუნაი ისევ საჩხუბრად აიფხორა, მაგრამ დააწყნარეს და სტუმრის საკარგყმო ჩამოატარეს. წესის მიხედვით, იმ კოდში მდგარი ლუდით გამარჯვებულის სადღეგრძელო ისმებოდა ხოლმე.

ჯერ დეკანოზმა აიღო თასი და მანამ ლოცვას დაიწყებდა მოკრძალებით თქვა:

- არ გვიწყინოთ კია, სტუმარს რომ სახელს გეკითხებით, მაგრამ წესია, სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას:

- სიკვდილი, - უპასუხა სტუმარმა.

- რაო?!

- სიკვდილი მქვია.

ხალხი უცებ გაისუსა. დეკანოზს კინაღამ თასი გაუვარდა ხელიდან.

- მართლა?!

- ჰო, მართლა, - თქვა სიკვდილმა და ისევ ისე გაიღიმა. ხალხსაც გაეღიმა იმის სახის დანახვაზე.

- ტყუის, - გადაიხარხარა ვიღაცამ.

- არა, არ ვტყუი, სიკვდილი ვარ.

- მერე აქ რა გინდა?!

- როგორ თუ რა მინდა, რომ არ მინდოდეს, ხომ არც მოვიდოდი.

- თუ ძმა ხარ, ნუ გვაგიჟებ, თქვი, ვინა ხარ?!

- მე ვარ სიკვდილი, თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრა და იმიტომ მოვედი, მილიონი წლების განმავლობაში ერთი დღე შემიძლია ადამიანთან ყოფნა და სწორედ ახლა დამიდგა ეს დღე.

- თფუი ეშმაკს, თფუი ეშმაკს! - აყაყანდა ხალხი.

- მოიცა, მომისმინეთ, არ გაინტერესებთ? - თქვა სიკვდილმა. ხალხი გაჩუმდა.

- დღეს მზის ჩასვლამდე მაქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცი, რატომ მოვედი? ძალიან მენატრებით ხოლმე.

- ვიცით, ვიცით! - თქვა ჯღუნამ.

- ჯღუნავ, რამდენიც არ უნდა იბრაზო, მაინც არ აგყვები, ერთი დღე მაქვს ადამიანურად ყონის ნება და, რა ძალა მადგას, შენთან ვიჩხუბო.

- ნუ იტყუები! - გაბრაზდა ჯღუნაი.

- რას ვიტყუები?

- სიკვდილი არა, ისა ხარ, აი, კირაკოზაი, ლაწირაკი ხარ, ვიღაცა ხარ.

- რატომ არა გჯერა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მე კიდეც გამეხარდება. დღეს ისეთი დღეა, ქვეყანაზე არცრა სულიერი არ მოკვდება.

- მაშ ეს ციკანი? - თქვა ჯღუნამ და გამოხრული ძვალი თვალწინ დაუტრიალა სიკვდილს.

- ეგ არ მომკვდარა.

- როგორ, ეხლა არ შავჭამეთ? ვერ დაინახე? შენ არა თქვი, ხორცს არა ვჭამო?

- ჰო, მე ვთქვი..

- მერე?!

- მერე ის, რომ არც ეგ თიკანი მომკვდარა.

- რას მიჰქარავს ეს კაცი!

- არ შეიძლებოდა, რომ მომკვდარიყო იმიტომ, რომ დღეს მე ადამიანად მაქცია ღმერთმა და მზის ჩასვლამდე ასე იქნება, ჩემი მოკვლა შეიძლება მარტო, სხვა დანარჩენი არავის და არარისა. ეს ციკანი კიდევ ცოცხალია და აგერ თავი მოდის ძვლებთან.

ხალხმა იქით მიიხედა. გორდაგორ თავი მოგორავდა, სამანთან გაჩერდა და ხალხს მიაშტერდა, გამშრალი ენა გაალივლივა და დაიკიკინა. იმავე წუთს გადაგორდა და თან გაიყოლა ყველა ძვალი, რომელიც კი მას ეკუთვნოდა. კარჩხაზე ჩამოკიდებული ტყავიც თან გაჰყვა.

ხალხს შიშისაგან კანკალი მოერია, და ენას ვეღარავინ ძრავდა.

- რა გაშინებთ, ხალხო. თქვენთან სამხიარულოდ მოვედი, თქვენ კი... მოდით, დასხედით, დავლიოთ ჩემი საკარგყმო, - ხალხი დაეთანხმა და ჩამოარიგეს თასი.

- სიკვდილს გაუმარჯოს! - თქვა დეკანოზმა.

- გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს!

გამხიარულდა სიკვდილი, ყანწს ყანწზე სცლიდა და მღეროდა. ხალხი ისევ მიეჩვია. ბერს ისე შეუყვარდა, გვერდიდან აღარ სცილდებოდა, მერე ძმად გაეფიცა: არყიან თასში ვერცხლი ჩათალეს და ისე დალიეს.

- ამის შემდეგ ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს, - უთხრა ბერმა სიკვდილს და ჯღუნას გადახედა.

ქვემოთ ისევ ცეკვავდნენ ქალები. სიკვდილი ადგა და საცეკვაოდ ჩავიდა. ქალები ერთმანეთს აღარ აცლიდნენ მასთან ცეკვას.

დიდებათიდან ერთი შავოსანი ქალი ამოვიდა. ჯოხზე დაეყრდნო, სიკვდილს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

- რატომ მოკალი ჩემი ქეთინო?

- დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამიმწარებ?!

- მე რომ ჩამიმწარეს ცხოვრება?!

- განა შემეძლო, არ მომეკლა?!

- არ შეგეძლო?

- სიბერემდე მაინც დაგეცადებინა.

- სიბერემდე?

- ჰო, სიბერემდე.

- არ შეიძლებოდა.

- რატომ?

- არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ აგიხსნი.

- მაშ როდის?

- მერე..

- არ შაგენანა?

- იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ. თუმცა რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს.

- მერე სად მიგყავართ ხოლმე, შვილო, ჰა?

- მაგის თქმა არ შემიძლია, დედი.

- დედა გყავს, შვილო?

- არა.

- ობოლი ხარ?

- ჰო, ობოლი ვარ.

- მაინც რატომ გვკლავ, ჰა?

- იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.

- ეს რა სიკეთეა, შვილო?

- აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?

- რატომაც არა..

- არ შაგწყინდებათ?

- რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.

- ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება.

- ეგ ბოროტება არის, შვილო.

- მაგრამ, წესია.

- ქრისტეს რაღას ერჩოდი?

- ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა. თქვენ ეს დიდი ბოროტება გგონიათ. იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას, რაც უნდა მოხდეს, და ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია. აუცილებლობა კი სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას. მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ სიკვდილი. იცით, თუ გინდათ ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული. დრო მიდის, მოდი, ვიცეკვოთ, დაუკარით!

გოგოებმა გარმონი დაუკრეს და მერე ცეკვა გააჩაღეს, თვითონ დედამიწაც კი აცეკვდა.
ხატის გორზე რამდენიმე კაცი საიდუმლოდ ჩურჩულებდა.

ცეკვავდა სიკვდილი. დროდადრო მზეს გახედავდა და გული წყდებოდა. რომ ჩასვლამდე დიდი მანძილი აღარ ჰქონდა მზეს. ბერი გვერდიდან არ შორდებოდა ძმადნაფიცს. პატარა ბალღები ჟივილ ხივილით გარს უვლიდნენ. გულიანად იცინოდა სიკვდილი, სახეზე სიკეთე გადასდიოდა.

მერე ყველა ცეკვავდა, დიდი და პატარა. რატომღაც ისეთ სიყვარულს გრძნობდნენ სტუმრის მიმართ, ყველა მზესღა შეჰყურებდა სინანულით.

მარტო რამდენიმე კაცი ჩურჩულებდა საიდუმლოდ. იმათ შორის იყო ჯღუნაიც. მერე იმათაც ცეკვა დაიწყეს და თანდათან სიკვდილს მიუახლოვდნენ. უცებ ჯღუნამ ხანჯალი იშიშვლა და გულში ჩასცა ხელებგაწვდილ სიკვდილს, რომელიც მაშინვე მოწყვეტით დაეშვა ძირს.

უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი.

ჯღუნაი ხატის გორზე გარბოდა აღმა, ელიას მთისკენ.

ჯღუნაი უხმოდ დაჰყურებდა მომაკვდავს, რომელიც ისე კეთილად უღიმოდა მათ, ძალაუნებურად ყველას გაეღიმა. მერე იმან ხელი ხელზე მოუჭირა აცრემლებულ ბერს, თვალები დახუჭა და ფეთქვა შეწყვიტა.

იმწუთში ყველა იქ მყოფი დიდმა სინანულმა შეიპყრო. ტიროდნენ პატარა ბალღები, ტიროდა ბერი. იმ შავოსანმა დედაბერმა ხმით დაიტირა:

- ჩვენთან რა გინდოდა, ჩემო შვილო,
ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ,
აგრემც შენ სიყმეს შემოვევლე
მიწაში როგორღა მოისვენებ.
შავად ჩაგეშლება ასოობა.
თვალებს გველები წაგიღებენ,
ნუღარ მოიგონებ აქაობას,
აქ შენნაირებს არ იხდენენ.
არა, ჩემო შვილო, არ გვიწყინო,
წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე..

ხალხი ისე დაღონდა, აღარ შეეძლო ამ სურათის ყურება. საჩქაროდ გათხარეს მიწა და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი. მერე ზემოდანაც ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას.

მზე ნება-ნება ჩაესვენა მთებს იქით და გუდამაყრის ხეობას სიბნელე ჩამოებურა. მეორე დილით კი, მე თვითონვე ვიყავ იმის მოწმე, როგორ ამოვიდა მზე. ოღონდ იქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა, აიწია, და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე.


***
ისევ ავტორისაგან

გუდამაყრელ მოლაშქრეთა ფილოსოფიის რვეულში ვნახე ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც მარტო ორი კითხვა და ორი პასუხი წერია, არც გვარია, არც სახელი, არც იმ სოფლის დასახელება, სადაც ეს არის ჩაწერილი, შუაში ვერსად ჩავსვი და ისევ ბოლოსთვის შემოვინახე:

- რა არის სიცოცხლე?

- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

- სიკვდილი?

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

თამარ დედოფალი


გთხოვთ, ნუ მოსძებნით თამარის საფლავს, იგი დამბადებელმა ხელში აიყვანა და მზის სხივად აქცია...



მანამდე კი შეიძლება იმიტომ მოავლინა განგებამ დედოფლად, რომ ჩვენს დედებს და დებს თუნდაც ერთხელ მაინც, თუნდაც ერთი წუთით, ბალღობაში "დედოფლობანას" თამაშით გატაცებულებს, ან ქალიშვილობის ჟამს, ოცნებაში, ან ჯვრისწერის დროს, როცა ღვთისა და ერის წინაშე მართლა დედოფალი გქვია, სულ ცოტა ხნით მაინც წარმოედგინათ თავი თამარ დედოფლად, თორემ სინამდვილეში საწამებლად გაუჩენია ქალი მაღალ ღმერთს ამ ქვეყანაზე. ჩაივლის ბავშვობა, ცასა და მიწას შორის უგზო-უკვლოდ გაქრება ქალიშვილობის ოცნება, მორჩება ჯვრისწერა და ეკლესიიდან გამოსულს დაგადგამენ მძიმე უღელს, რომელზეც ჯაჭვით გამობმულია რკინის გუთანი, ჩაგაყენებენ ცხოვრების კვალში და ამის მერე უნდა ხნა, უნდა აბრუნო შავი მიწა, სანამ იმავე მიწად არ მოგაქცევს წუთისოფელი. ხოლო უღელსა და გუთანს შორის მჭიდროდ ჩაბმული ჯაჭვი უცვეთია და უწყვეტელი...



თამარ დედოფალი ერის სულშია განფენილი და ცაზე ბრწყინავს, ხოლო ფეფო პატარა გლეხის გოგოა; გუშინ ბატონები შეეყარა და ლოგინში წევს. მიწური სახლის ბორწნელში დატანებული პატარა სარკმლიდან მკრთალად შემოდის დღის სინათლე. ფეფოს დედა კერასთან ტრიალებს და ავადმყოფი შვილისათვის მჭადს აცხობს, ოთახში სიმინდის ფქვილის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. "ბატონებს" მხიარულება უყვარს და ამიტომ ფეფოს დედას საგანგებოდ სამხიარულო განწყობა მიუცია სახლისათვის, აქა-იქ თიხის ქოთნებში ველური ყვავილების თაიგულები მოჩანს. თვითონ ქალსაც, თუმცა შავად აცვია, მაინც ფეფოს ბრძანებით თავზე ყვითელი ყვავილების გვირგვინი ადგას, ფეფო და მისი საწოლი მთლად ყვავილებითაა მორთული. გოგონას ქერა ნაწნავები ბოლოებში გაუშლია და ოქროსფრად ეღვრება ბალიშს. თავზე ადევს ყვავილების გვირგვინი, ტანზე ჩაუცვამს დედამისის ნაქონი "სადედოფლო" კაბა, მკერდზე ჰკიდია თუკი რამ სახლში მძივები გააჩნდათ, თითებზეც უკეთია ყვავილებისაგან დაწნული ბეჭდები. ფეფოს სიცხე აქვს და ხანდახან აბოდებს, მაგრამ დროდადრო სიცხე გაუშვებს, გოგონა ბალიშზე წამოიწევს და ბრძანებებს იძლევა - დილას აქეთ "თამარ დედოფალია" ჩვენი პატარა ფეფო. დროდადრო კარს მეზობლები შემოაღებენ და ბატონების შიშით მხიარულად იკითხავენ:



- როგორ ბრძანდება ფეფო?



- ფეფო კი არა, თამარ დედოფალი ვარ! - ბრაზობს ფეფო.



- უი, რა წამომცდა, მაპატიე, თამარ ქალო, მაპატიე! - ბოდიშს იხდის მეზობელი და, როგორც დედოფალს შეეფერება ყმისაგან, ისე მოიყრის მუხლს ფეფოს საწოლთან:



- ხომ მშვიდობით ბრძანდებით, დედოფალო?



- დიახ, მშვიდობით ვბრძანდები! - ყელს იღერებს ფეფო.



- ხომ არ ინებებთ რამეს?



- სამშვილდის ტყიდან იების თაიგული მომართვით! - ბრძანებს ფეფო.



- სიამოვნებით, დედოფალო! - ამბობს მეზობელი, ფეფოს მდაბლად უკრავს თავს და ოთახიდან ფეხაკრეფით გადის.



ფეფოს დედა ბატონებს უმღერის.



ქოთანში ლობიო თუხთუხებს.



გახურებულ კეცზე დაკრულ მჭადს წითლად ებრაწება გვერდები.



სამშვილდის ტყიდან მობრუნებულ მეზობელს იების თაიგული შემოაქვს და ოთახი ახლა იის სურნელით ივსება.



მთელი დღე ფეხაკრეფით მიმოდიან "მოსამსახურეები".



წევს პატარა ფეფო ყვავილებით მორთულ-მოკაზმული, დედოფლის როლში მთლად შეჭრილი და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს დღე ულამაზესი დღეა მის ცხოვრებაში, იმ უკუღმართ ცხოვრებაში, რომელსაც ბედი უმზადებს შემდგომში. რაღა თქმა უნდა, ფეფო ახლა ვერ წარმოიდგენს, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში დამთავრდება "თამარ დედოფლობა", ისევ ძონძებით შემოსავენ ფეფოს, მეზობელი იების თაიგულის ნაცვლად ერთხელაც ტალახს ესვრის, რომ დროზე გაიქცეს და ყანაში შესული ძროხები გამორეკოს, მერე კი ათასჯერ ჩაესმის ყურში დედის ძახილი: ფეფო, სად დაიკარგე, შე საშავეთოვ, შენა, ჰა?!



გაიზრდება ფეფო, სიყვარულით არა, ისე მიათხოვებენ გაღმასოფლელ ახიელს, უშნოს, სუმუდამ თავბედჩამომტირალს, ლხინშიაც და ჭირშიაც, რომ ვერ გაუგებ, როდის რა უხარია. თითქოს მოეკიდებიან კიდეც ცხოვრებას, თხუთმეტი წელიწადი დღე- ღამეს ასწორებს ფეფო, რომ კაპიკი კაპიკს მიუმატოს, რათა იმ ფულით სახლი აიშენონ და როგორმე გამოასწრონ ამ ჩამოსაქცევად გამზადებულ ხუხულას. ერთხელაც მეზობლის ქორწილში წავლენ, შეგროვილ ფულს შინ არ დატოვებენ ქურდების შიშით. რაკი ფეფოს ჯიბე არა აქვს, ახიელი იდებს გულის ჯიბეში ფულს.



იწყება ქორწილი.



დოლი და გარმონი ეშხში შედის.



ქალები ცალკე სხედან, კაცები - ცალკე.



დაიწყო "შაბაშობა". აჭყივლდა გარმონი და აჰყვა დოლი.



ჯერ ახალგაზრდებმა წამოიწყეს ცეკვა, მერე ხანშიშესულებიც აჰყვნენ.



სხვა დროს რო სულ თავჩაღუნული დადიოდა, ახლა გადაირია სასმელმორეული ახიელი. გადავიდა სათამაშო წრეში, გაიხსნა გულის ჯიბე და სულ თუმნიანები ურტყა შუბლში მედოლ-მეგარმონეს. რომ აღარ გაჩერდა, იმის ბალღები გაიქცნენ და დედას შესჩივლეს, მამა ცეკვავსო.



აღარც სირცხვილი, აღარც ხალხის წინ რიდი, - ეცა ფეფო საცეკვაოში ახიელს და ჩაებღაუჭა ხელებზე. ახიელმა იწყინა და ფეხებქვეშ გაიგდო ფეფო.



- ახია, ქმრის საქმეში რომ ქალი ჩაერევა, ეგრე მოუხდება! - ასე ამტყუნებდა ხალხი ფეფოს, რომელიც ძლივს გამობობღდა საცეკვაო წრიდან.



ახიელი მთელი ღამე ცეკვავდა.



მთელი ღამე ჭყვიტინებდა დოლ-გარმონი.



ორი კვირის მერე ხუხულა ჩამოენგრევა ფეფოს და მის ოჯახს...



მერე წავა წლები, დაქვრივდება ფეფო; თავის გზას დაადგებიან შვილები, ბიჭები ომში წავლენ და უკან აღარ მოვლენ, ქალიშვილი შორს გათხოვდება. დარჩება ფეფო მარტოკა.



აირევა ქვეყანა.



ისედაც ბინდისფერი სოფელი კიდევ უფრო გაბინდისფრდება.



ფეფოს ჯანი წაერთმის, მუხლებში სიბერე ჩაუდგება და რაკი ქვრივ-ობოლს აღარავინ გაუმართავს ხელს, ფეფო თვითონ ძლივს თიბავს საზამთროდ ბალახს. ის კი არა, მეზობელი, რომელსაც სათიბი ფეფოს მოსაზღვრედ აქვს, ღამღამობით ფეფოს სათიბში აბამს თავის ცხენს. ბალახი ითელება და ღონეწართმეულ ქალს უჭირს ჩაწოლილი ბალახის თიბვა. მეზობელი იფიცება: ჩემს სათიბში დავაბი და აშვებულაო, თუმცა ფეფო ხედავს, რომ ცხენის პატრონის სათიბში მარსლიც არ არის წაქცეული.



ერთხელ...



ორჯერ...



სამჯერ...



და ერთხელაც, როცა ფეფომ ვეღარ შეძლო ცხენისაგან გათელილი ბალახის გამოთიბვა, უღონოდ გადააგდო ცელი, გადავიდა ცხენის პატრონის სათიბში, დაწვა, ცხენივით დაიწყო ჭიხვინი და ცრემლმორეული გაგორდა და გამოგორდა.



მზიანი, ცხელი დღე იყო.



მოხუცი მიგორავდა და სთელავდა აბიბინებულ სათიბს.



უცებ შედგა, თავი წამოსწია და მიაშტერდა მოცისფრო ყვავილს, რომელსაც აქაურები "თამარის თვალებს" ეძახიან, თავბრუ ეხვეოდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა. მარტო ამ ერთ ყვავილს ხედავდა გამოკვეთილად მოხუცის თვალები.



ეს ყვავილი გაახსენებს დედაბერს ბავშვობას, გაახსენდება, რომ თვითონაც იყო ერთხელ "თამარ დედოფალი", რაღაც ღვთაებრივი შუქით გაუნათდება სახე და თითქოს თავის თავს საყვედურობსო, იტყვის:



- აი, შე ჯანდამწვარო, ჩემო ქალობავ!



წამოდგება, გაასწორებს მეზობლის სათიბში მოთელილ ბალახს, მძიმედ, ბებრული უღონო მოძრაობით დაიხრება, ცელს მხარზე გაიდებს და ასევე მძიმედ, წელში მოხრილი გაუყვება სოფლისაკენ მიმავალ აღმართს.



მაგრამ ეს ყველაფერი მერე იქნება, ჯერ კი "ბატონები" ბატონობენ, პატარა ფეფო ყვავილებით მორთულ ლოგინში წევს. დედამისი კეცზე შეწითლებულ მჭადებს ატრიალებს, სახლის კარი ნელა იღება, შემოდის მეზობელი, საწოლთან მუხლს მოიდრეკს და იტყვის:



- ხომ მშვიდობით ბრძანდებით, დედოფალო?



. . . . . . . . . . . . . . . . .



- ღმერთმა მშვიდობა ნუ მოგიშალოს, წამკითხველო!