Showing posts with label გიორგი გიგაური. Show all posts
Showing posts with label გიორგი გიგაური. Show all posts

Saturday, June 2, 2012

დაისი

(გიორგი გიგაურს საყვარელი მეუღლე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაეცვალა):(


დაისი თრთოდა,კრთოდა სიბნელე,
შენ კი ხეივანს შუქში ახვევდი,
კიდეც იტირე,
კიდეც იმღერე,
სიოდ მოსული ცეცხლად წახვედი.

ფიქრს შერჩი,წამით აღარა მტოვებ,
გათენებამდე გშალე და გხატე,
ჭაბუკურ სულის ჭაღარა პოეტს
გაზაფხულივით სიცოცხლეს მმატებ.

/გიორგი გიგაური/
2010

Tuesday, May 22, 2012

დედა (ნაწყვეტი.ბოლოთქმა)

საფლავს ეცემა საღამოს ბინდი,
შენთან საუბარს ღიმილით ვბედავ.
შენ მე სიკვდილიც მასწავლე მშვიდი,
თბილი ღიმილით დამშორდი დედა.

როცა ჩაქრება ჩემი სანთელი,
ჩამოჭკნებიან პირიმზეები,
ბევრი დამრჩება კიდევ სათქმელი,
სადიდებელი მზიან დღეების.

დაინამება ჩემი სუდარა,
საფლავზე ცრემლი ჩამოიღვრება..
და მალე ისევ გამოიდარებს
და სხვა თაობა იტყვის სიმღერას..
/გიორგი გიგაური/

Sunday, April 1, 2012

ორი სურათი

მენატრები გიორგი პაპა...
                                /ნ.ჭ/



ხევსურს ღრუბელი ჩაჩქნად ახურავს,
მახვილს აზომებს რკალებს მეხისას,
აქვს შემართება ჯერ არ ნახული
და მონატრება მტერთან შეხლისა.

იქვე ვიღაცა ძალად ხევსურობს,
ბობოქრობს, კნავის,იკრებს მაცილებს,
ღმერთო, მუქარის ეშხში შესული
ეს თვითმარქვია ჩამოგვაცილე!



/გიორგი გიგაური/ 2001.

Wednesday, January 11, 2012

კოცნა უსიყვარულოდ



მიყვარდა..
ის სხვას ეტრფოდა თურმე,
არ დასცდა ბაგეს სათქმელი მძიმე,
ვცლიდით სიჩუმით
ავსებულ სურებს,
მივდევდით წიფლის
დაქანცულ ჩრდილებს.
აცრემლდებოდა მთების სტუმარი
და საიდუმლოს
ფარავდა ისევ,
ქალის გულისთქმა
ვიცან გუმანით
ავწონ დავწონე ნაბიჯი მყისვე..
და ეგონა რომ ვთხოვდი პირობას,_
ბედნიერი გზა ვუსურვე მაშინ!
თითქოს იმატა ფრთაგაშლილობამ
თითქოს ორბივით
ავარდა ცაში.
ხელი მომხვია,
ბაგეს ძლიერად
დამეკონა და
აღარ განაზდა,
მის შავ თვალებში შუქმა იელვა
ჩემს სულში ღამე
ჩაწვა ანაზდად...
ასე წავიდა
ჩემი ნათია,
ათინათემბა მოითარეშეს
და სამახსოვროდ
დამრჩა დარდიანს
მხურვალე კოცნა
ტრფობის გარეშე..

/გიორგი გიგაური/

Sunday, December 25, 2011

ბარათი(რასულ გამზათოვს)


ამბობ:ქართველებს გვტაცებდით ქალებს,
სათნოებსა და მზეთუნახავებს,
ჟამთა სიავით ტიროდა მთვარე,
ყოისუსა და ილტოს სათავე.
ჩვენც ბევრი მტრები ავჩეხეთ ხმლებით,
წმინდა მიწა რომ მოითარეშეს,
მორჩა,გათავდა,მიდიან წლები
სიძულვილის და სისხლის გარეშე.
ვინ დააცილებს ლეკსა და ქართველს,
ვინ გაიხსენოს დელგმა წარსულის,
ო,მაგრამ რასულ,ვალი რომ გმართებს,
გადაიხადოს ლეკის ასულმა.
დღეს სიყვარულის ეშხში შესული
დაღესტნელ ქალთა გულის მახე ვარ,
შენ თუ ხარ ლეკი,მე ვარ ხევსური
და არ მჩვევია უკან დახევა.

/გიორგი გიგაური/

Wednesday, November 2, 2011

პოეტი გიორგი გიგაური

მონატრება
მე აღარ ვლაღობ მთებში მთებურად,
ჩამომაშორეს მხარეს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მზვარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!..
/გიორგი გიგაური/

Tuesday, November 1, 2011

მე ახლა ძმაო, გაზეთებს ვყიდი..

ჭადრის ჩეროში შემხვდა პოეტი,
წრფელი ლექსის და სინდისის მწყემსი,
ლოცვად დამდგარი განმარტოებით,
უერთგულესი ღვთიური წესის.

"მე ახლა ძმაო გაზეთებს ვყიდი,
შვილებისათვის ლუკმაპურს ვეძებ,
მტკივა იმედის ჩამტყდარი ხიდი,
შავი ფრინველი მიკორტნის ბეჭებს.

ალბათ იმასაც ჩემსავით შია,
გამოლევია ღონე და ძალა"
-,თქვა, მოარიდა ნაბიჯი ჭიას
და ნაღვლიანი გაუყვა შარას.

/გიორგი გიგაური/

Monday, August 1, 2011

გიორგი გიგაური გარდაიცვალა





პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო.
გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე, მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა.
მთელი ბავშვობა მისი ლექსების კითხვაში გავატარე. კარგა ხანს, მხოლოდ ბებოს(რომელიც მისი მეგობარი და როგორც თავად პოეტი ამბობდა-მისი ყველაზე კარგი მკითხველი იყო) ნაჩუქარი კრებული "ლოცვა" მქონდა და მასში შესული ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი (ყველა!). სულ მის გაცნობაზე ვოცნებობდი. ვიცოდი ბებიაჩემის,გულო მოლარიშვილის მონათხრობიდან,რომ გიორგი პაპაჩემის,ხვთისო ჭინჭარაულის კარგი მეგობარი იყო,რასაც ადასტურებდა ჩვენს ალბომში შემონახული მათი ახალგაზრდობის ფოტოები. შემდეგ,როცა 18წლის გავხდი, ჩემი ცხოვრება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს დაუკავშირდა,სადაც ერთხელაც დადგა საკითხი, რომ მწერალთა კავშირის საღამოები ჩატარებულიყო. ახალგაზრდებს დაგვევალა დაგვესახელებინა ჩვენთვის სასურველი მწერლები. პირველი რათქმაუნდა გიორგი გიგაური დავასახელე და იმედი მქონდა,მის საღამოზე გავიცნობდი,თუმცა ასე არ მოხდა.მისი საღამო ისე ჩატარდა,ვერ გავიგე და ძალიან დავითრგუნე. საბედნიეროდ, მეგობარმა,არაჩვეულებრივმა ადამიანმა,ნათია გოგუაძემ,რომელიც მასთან ინტერვიუზე მიდიოდა, შემომთავაზა-ერთობლივად გაგვეკეთებინა სტატია.
2008 წელს გავიცანი გიორგი გიგაური, მასთან სახლში,ხილიანზე. მაშინ მისი მეუღლე,ნელი პატარიძეც ცოცხალი იყო. "მაშ,შინაური ყოფილხარ"-,მითხრა ღიმილით,როცა პაპა ვუხსენე და იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მას ჩემი შექმნილი მისი თიხის პორტრეტი და ორი მისადმი მიძღვნილი ლექსი ვაჩუქე. თავად კი მისი თითქმის ყველა კრებული გვაჩუქა წარწერით.ბევრი გვესაუბრა მის და გიორგი ლეონიძის მეგობრობაზე,თუ როგორ დაულოცა მას დიდმა პოეტმა გზა მწერლობაში.შემდეგ, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემივე ლექსი წამაკითხა და უბედნიერესი წამი მაჩუქა სიტყვებით-"ბევრი უნდა იმუშაო,თუმცა,შენში პოეტი ზის"
ის დღე ისეთი უშუალობით და უბრალოებით გამოირჩეოდა,(როგორც მთელი მისი პიროვნება ლექსებითურთ) მე ვუთხარი,რომ მისთვის "ბატონო გიორგის" დაძახება ხელოვნურად მეჩვენებოდა. ცოტა დაფიქრდა და გაიცინა-"პაპა.. პაპა დამიძახეო", მას შემდეგ გახდა ის ჩემთვის გიორგი პაპა. ხშირად მივდიოდით მასთან მეგობრები, ხან მარტო მეც. თავადაც გვთხოვდა,ხშიად გვესტუმრეთო. აღფრთოვანებულები ვიყავთ,ნელი ბებო როგორ უძღვებოდა მარტო ოჯახს. მათი ახალგაზრდობის ამბებსაც ხშირად გვიყვაბოდნენ. რა ძნელია ახლა მათზე წარსულ დროში საუბარი,ძალიან მიჭირს..
გიორგი პაპას ერთხელ ჩემი ლექსების რვეული დავუტოვე. როცა მივაკითხე, "ყველას წაკითხვა ვერ მოვახერხეო"-მითხრა, მაგრამ რამდენიმე კალმით აღენიშნა და მაჩვენა ისინი,რომლებიც მოეწონა და ბევრი რა მ ჩამისწორა. "წერე,ბევრი წერე და კრებულის გამოცემა არ იჩქარო"-ასე დამარიგა მაშინ. შემდეგ თავისი ახალდაწერილი ლექსებიც მაჩვენა. კლაკნილი კალიგრაფია ჰქონდა, რადგანაც მარცხენა ხელით წერდა. "ჩემს ძმის შვილს რაც მარჯვენა წაართვა დინამიტმა, მას შემდეგ მარჯვენა ხელით საერთოდ აღარ ვწერო" მითხრა და გამახსენდა მისი ლექსის პწკარი-" ჩემი მარჯვენა შემძულდა, შენი მარჯვენის გამო". ამის შემდეგ, თიანეთშიც რამდენჯერმე ვინახულე(ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ).მოკლედ, გიორგი პაპასთან მეგობრობამ ძალიან,ძალიან ბევრი რამ შემძინა და ხვთისო პაპაც გამიცოცხლა და გამაცნო. ამისთვის უფალს დიდ მადლობას ვუხდი
მაგრამ,ყველაფერს ჰქონია დასასრული. ერთხელ, დაბადების დღის მისალოცად დავურეკე და მითხრა,რომ მისი მეუღლე, ნელი თურმე იმ წუთას გარდაცვლილიყო. ბევრი ვიტირე,ლექსიც დავუწერე და პანაშვიდზე მივეცი. გიორგი პაპას მწუხარება უსაზღვრო იყო,მაგრამ მახსოვს,წასვლის წინ ხელი ხელზე მომკიდა და ფიქრიანად ჩაილაპარაკა: "მაინც ვწერ,რა ვქნა,მაგრამ ერთს მივხვდი; ნამდვილ პოეტს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამიო" და ასეც მოხდა.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ვინახულე, მის მეგობარზე-პოეტ ფრიდონ ხალვაშზე ვაკეთებდი სტატიას და მისი მოგონებების ჩაწერა მსურდა. ჩაწოლილი დამხვდა, ვეღარ დგებოდა და არ სურდა რომ ყველას ენახა ასე. "შენ მაინც შინაური ხარ,თორემ უარს გეტყოდიო" და მოყვა ყველაფერი,ბევრი რამ გაიხსენა,ზოგი სიხარულით,ზოგი გულისტკივილით( ფრიდონ ხალვაში ახალი გარდაცვლილი იყო მაშინ) და წასვლის წინ კი მითხრა "ველოდები და არ მოდის სიკვდილი, თუმცა,არც ისე ძნელი ყოფილა გაყოლაო". წამოვედი დამძიმებული გულით და გონებიდან არ მშორდებოდა მის თავთან დაკიდული ხანჯალი და იქვე შორიახლო სანთელი. ალბათ სიკვდილს ისე სურდა შეხვედროდა, როგორც ძველად ხევსურები ხვდებოდნენ-ხმლითა და ანთებული სანთლით ხელში.
უფალმა აცხონოს მისი სული. ახლა ის თავის წინაპრებთან, მშობლებთან და მეუღლესთან ერთადაა,რომლებსაც მთელი სიცოცხლე უმღეოდა მისი კალამი.
"და მაინც, მარად ცოცხალი სული
მცხეთის სანახებს ლოკავს ქვიშიანს,
კვლავ ვემონები სიმღერის წყურვილს,

რას ვიზამ, თურმე ესეც ჯიშია"/გ. გიგაური/
ნინო ჭინჭარაული

ბოლოს იმდენად უჭირდა წერა,რომ ნათესავს,ვერას სთხოვა,წიგნზე ჩემთვის მას გაეკეთებინა წარწერა და გაჭირვებით მოაწერა ხელი


ბლოს სალოცავებს ვთხოვ პატიებას


ეს ლექსი ყველაზე მეტად მიყვარს

წელთა ქავ-ციხის დამეცა ჩრდილი,

მთაში შურთხები აღარ მელიან,
ვეღარ ავყვები საჯიხვე ბილიკს,
ვეღარ გავარღვევ ნისლებს ელვიანს.
ვეღარ გაბერტყავს დაღლილი მუხლი
ცვარ-ნამს, ბალახზე ასხმულს მძივებად,
ბლოს სალოცავებს თავს დაბლა ვუხრი
და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.
ვთხოვ პატიებას ნასახლარს ჩემსას,
მხედრებს, ნახშირით ქვებზე ნახატებს.
და გმირ წინაპარს, შეფიცულს თემთან,
საგვარო სათობს, ტევრებს სახატეს.
იქ ბორიალობს ბავშვობა ტკბილი,
წელზე ნაჯლით და ცერზე ხვეულით
და მე თუ არა, ის მუდამ ივლის
კლდეებზე წყაროდ ჩამორხეული.
ქარაფს ვეწვიო, მე მაინც ვნატრობ
და თქმულებების ვარწიო ტახტი,
სადაც კოპალას, წყალ-ჭალის პატრონს,
დაულეწია დევები ლახტოთ.
მამუკაურის ფრანგულის ელვა
სად ქარიშხლიან ღამეებს ხევდა,
სად ჯარჯი მშვიდად დააკვდა მწვერვალს
და მთებისხელა დატოვა სევდა.
მინდა ჭაღარა ჭიუხის პირას,
მეწყერებმა რომ გაიმყეფარეს,
ნადირთ მწყემსივით დავიდო ბინა,
დავუძმობილდე არაგვს მჩქეფარეს,
მაგრამ ამაოდ...
არ მუხლობს მუხლი,
მგონი დამთავრდა გზების ძიება,
ბებერ საფლავებს თავს დაბლა ვუხრი

და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას.

/გიორგი გიგაური/