Wednesday, February 22, 2012

ნასოფლარი სახელად-ლებაისკარი

დღეს დილით, როგორც კი თვალები გავახილე, რატომღაც ლებაისკარი გამახსენდა.



ეს სოფელი პირიქითა ხევსურეთშია, როგორც კი "პერევალს" გადაივლით-პირველივე. სოფელი რომელიც ფაქტიურად აღარც არსებობს, მარტო ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მხოლოდ სოფლის პირდაპირ, მდინარის მეორე მხარეს აღმართული ლებაისკრის ციხე დგას ჯერ ისევ მტკიცედ და შეუპოვრად. ის ჯერ კიდევ არ ნებდება დროს...



გამახსენდა ლებაისკარი და ძალიან მომენატრა იქ გატარებული ბავშვობის პატარა ეპიზოდები. ამ სოფელში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთხელ მთელი ზაფხულიც კი ვიყავი პაპასთან სტუმრად. მაშინ ჯერ კიდევ იყო იქ სახლები. ჩვენ რომელ სახლშიც ვიყავით, იმ სახლს აივანიც ჰქონდა. აივანზე საქანელა იყო ჩამოკიდებული და თუ გარეთ სადმე არ დავბოდიალობდი უეჭველად იმ საქანელაზე ვიჯექი და ვმღეროდი. საღამოს დაბრუნებულ პაპას ჩემთვის რაღაც ბალახები მოჰქონდა, თუ სწორად მახსოვს ერთს წერთხალა ერქვა მეორეს კენკეშა, მათი ღეროები უნდა გაგეფცქვნა და ძალიან გემრიელი საჭმელი იყო.



მდინარეებზე მხოლოდ თითო მორი იყო გადებული გადასასვლელად, რომლებსაც წყალი სულ ასველებდა და საფრთხილო იყო გადასვლისას სველზე ფეხი არ დაგცურებოდა. თავიდან მეც ვფრთხილობდი, მაგრამ მერე მივეჩვიე და გიჟივით დავრბოდი ზედ, დედას კი ვალერიანის წვეთები სჭირდებოდა ყოველდღე...



მდინარის ნაპირებზე ძალიან ლამაზი, ბროლნარევი კენჭებიც იყო. სადაც ყველაზე ლამაზს ვნახავდი ვაგროვებდი და საკმაოდ დიდი კოლექციაც მქონდა მოგროვებული, რომელიც წამოსვლისას იმ სახლში დავტოვე თაროებზე ლამაზად დალაგებული. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე იქ დაბრუნებულს იმ სახლის ადგილას ნანგრევებიღა თუ დამხვდებოდა.



ჩვენ ერთი ძაღლიც გვყავდა, თეთრი იყო სულ და ბროლიას ვეძახდით. ძალიან ერთგული ძაღლი იყო. წლების შემდეგ, როცა ძალიან დაბერდა, პაპამ ვეღარ გაუძლო მისი საცოდაობის ყურებას, ვერც მოსაკლავად გაიმეტა და ვიღაცას წააყვანინა ძალიან შორს. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე კვირის შემდეგ უკან დაბრუნებულა სულ დაგლეჯილ-დაფლეთილი. მიუხედავად ასეთი სიბერისა, მაინც გამოეგნო უკან გზა და გზაში ალბათ სხვა ძაღლებმა დაგლიჯეს. ბებერი იყო თორემ ახალგაზრდას ვერცერთი ძაღლი ვერ ერეოდა.



მაშინ კი, მეც ბავშვი ვიყავი, ბროლიაც ახალგაზრდა იყო და ლებაისკარიც არ იყო მხოლოდ ნანგრევები...



ჩამოვსხდებოდით ხოლმე საღამოობით მე და ბროლია მთის ფერდობზე და გავცქეროდით როდის გამოჩნდებოდა პერევლიდან მამას მანქანა. მე რომც გამომპარვოდა სიშორის გამო, ბროლიას მაინც არ გამოეპარებოდა, მაშინვე ყეფას ატეხდა და აქეთ-იქით დარბოდა გახარებული.



ახლა კი, როცა ამ სოფელს ვხედავ თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავტირდე ბავშვივით...



/მაიკო ჭინჭარაული/

Sunday, February 19, 2012

ხევსურეთს მაინც დავიმკვიდრებ იმ ნანატრ ფუძეს

პაპავ, ის შენი გიჟმაჟი ცხენი, რომ მაჰკვდა,

მახსონსა, რახელ დაგიღონდა ბეჩავს თოლები,

მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გასახელებდა,

რამდენჯერ ერთად დაგილახავთ – ვიწრო მოლები.

მიაც შამბრალდა, შენი ლაღი, სწრაფი, ლურჯაი,

შენ უფრო შამბრალდ, შენი გული უფრო მტკიოდა.

ორთავ გაგწირათ, საწუთრომა – ოხერტიალმა,

დაგემჩნა, შენში მარტოობა როგორ ღვიოდა.

შენც რომ მიჰყვებოდ, იმ ქვეყანას უფალთან ახლოს,

ხომ დამიბარე? სულ გახსონდას შენი რჯულიო.

წინაპრებ გყავდის ხევსურეთსა, ნუ დაივიწყებ,

ხშირად მაიგონ, მაგივალის მათი სულიო.

ახლა კი თითქოს უშენობით ბევრი დამაკლდა,

მინდა გავიგო: – “გწყალობდესავ! გუდანის ჯვარი.”

შენი, ამაყი გამოხედვაც, მომენატრა და

მინდა სიჩუმით ჩავწიხლო ეს წყეული ჯავრი.

რამდენი ვალი მომიძღვისავ შენსა წინაშე,

ხევსურეთს მაინც დავიმკვიდრებ იმ ნანატრ ფუძეს.

შენ სულ მეხსომებ,წინაპრებიც, ის ბეჩავ ცხენიც,

თუმც შენი სული, თითქოს ჩემს გულს, საყრდენად უძევს …

/ თამარულ აული/

Friday, February 17, 2012

"მთელი თბილისი ციხეშია. ანუ საკანი #7"

 
პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი(ავტორი ლექსების "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება" და სხვ.) 1993 წლის 4ოქტომბერს დააპატიმრეს და 10დღე იყო პატიმრობაში.მისი დოკუმენტური მოთხრობა"მთელი თბილისი ციხეშია. ანუ საკანი #7" ინტერნეტში არსად დევს,ამიტომაც ნაწილ-ნაწილ ვიწყებ მის გამოქვეყნებას,რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიამა წაიკითხოს.   /ნ.ჭ/

ჰაუპტვახტის უფროსი

პოლიტპატიმრები სამხედრო კომენდატურის ეზო.დიდი რკინის ჭიშკარი.მავთულხლართები.ფელინის ფილმი,ოღონდ ნატურაში.
მე ბადრაგთან ერთად დაკითხვიდან მოვდივარ.
მამაკაცების საკანი.სარკმელთან ბატონი ირაკლი გოცირიძე.
-თინა,ძალიან გთხოვ წაგვიკითხე ლექსი "დამარცხებაზე".. ახალგაზრდებო,თუ შეიძლება მიეცით უფლება ლექსი წაგვიკითხოს,-მიმართავს გვარდიელებს.
-შეიძლება ლექსი წავიკითხო?,-ვეკითხები გვარდიელებს.
-წაიკითხეთ,ოღონდ ჩქარა.-იშმუშნებიან გვარდიელები და შეშფოთებული თვალებით ათვალიერებენ შენობის მაღლივ სართულებს.
"ჩვენს საკანს ერთი აგურისხელა ჭუჭრუტანა ჰქონდა,საიდანაც სიცივე შემოდიოდა,მაგრამ ხანდახან კომენდატურის ეზოში გაყვან-გამოყვანისას,თინათინ მღვდლიაშვილი შემოგვძახებდა იქიდან თავის შესანიშნავ ლესებს და გვამხნევებდა",-მოგვიანებით დაწერს ჟურნალისტი რევაზ ურუშაძე.
ამჟამად კი საკნის სარკმელთან ვდგავარ და თავგანწირული სიმამაცით ვკითხულობ ჩემს პატარა ლექსს:
"დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება,
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!
მე ვერიდები გამარჯვებულებს,
გამარჯვებაში აბა რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს,
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"

/თინათინ მღვდლიაშვილი/

ნაწყვეტი დოკუმენტური მოთხრობიდან "მთელი თბილისი ციხეშია.
ანუ საკანი #7"(ამოღებულია თინათინ მღვდლიაშვილის კრებულიდან-"ხმალი ავლესოთ ქართველებო!"

პოეზია


გალაკტიონს


წუხელ ვმწუხარებდი,-სიტყვა მომეძია,
ო,ეს პოეზია!-ზურგში სატევარი!..
შვენის პოეზიას ლურჯი ჰორტენზია,
როგორც ღამეული შავი საფერავი.
მზერა კამარიდან,ქალი-ქარაფიდან..
ურცხვად ნამზეური თეთრი ჩქერალები!..
უცხოდ მონაბერი ქარი ქალაქიდან..
ზესკნელს აზიდული მზეებრ მწვერვალები!..
მთები-მშვენიერი,ფრთები-შენმიერი..
ლურჯა ცხენებისგან არე გაქაფული!
ერი იისფერი თოვლით ნებიერი,
გზები კოსმიური გზნებით გაკაფული!..
ოდენ არტისტული ლექსთა შერკინება,
ზევსთა შეჯიბრება ზესთა სონეტებით!
არისტოკრატული ზღვაა პოეზია,
არისტოკრატები-დიდი პოეტები!

2008
/თინათინ მღვდლიაშვილი/

Wednesday, February 15, 2012

"ლექსო არ დაიკარგები"

საკუთარი ხმის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა მაღიზიანებს,ისევე როგორც საკუთარი თავის ყურება:)
ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ,რომ მეამაყება-ამ მშვენიერი საღამოებიდან ერთ-ერთში მეც რომ მიმიღია მონაწილეობა.

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები". 2010 წელი,26 მაისი
მადლობა ყველა ადამიანს,ვინც აქ მონაწილეობის საშუალება მომცა

Sunday, February 12, 2012

***

მე მიყვარს ჩემი ღარიბი ქოხი

შავად გამჭვარტლულ კუთხე-კუნჭულით

მოხუცი გზაზე მოხრილი, ჯოხით

მოლაპარაკე ბალღი კუთხურით

ერბოთ გალესილ ლამაზ თავ-პირით

ოჰ!.. მიყორს მთაში ცხორი ხევსურით

ლაღი ცხენი და კლდენი ბილიკით

ჟიპიტაური, ერბო ცხელ ხინკლით.

ფშაველსა მთაზედ საკლავი მიჰყავს

ბატკნის სისხლს ცაში ღმრთის მადლს ატანს

ლამაზი ქალას თვალებიც მიყვარს

ხატში რომ ჩუმად უცქერის ვაჟკაცს.

ჩემი მთის ხალხის ღრეობა მიყვარს,

ლუდი და მწვადი ულეველი აქვთ.



1999 წ.

/თეონა ქუმსიაშვილი/

Thursday, February 9, 2012

წერილი უცნობ ხევსურს







" დედას რომ ვეუბნები, ხევსურს უნდა გავყვე-მეთქი, ვაი შენს პატრონსო, - მეუბნება.

აბა თბილისში ვინ ვიპოვო ჩემსავით გიჟი, რომ ხევსურეთში წამომყვეს? ვის ავუხსნა, რომ აქედან შორს მინდა. იქ, სადაც ზამთარში გზები იკეტება, იქ, სადაც ვერ იჭერს მობილური, იქ, სადაც არ გადის ინტერნეტი, იქ,სადაც სანთლის შუქზე უნდა ვივახშმო.
ვის გავუმხილო ჩემი ოცნება, რომ უბედნიერესი ვიქნები მხოლოდ მაშინ, შვილებს რძის შემდეგ რომ წყალნარევი არყით დავარწყულებ, ქმარს კაფიებით ვესაუბრები, ცხენით ვიჯირითებ, ზამთარში შეშას დავჩეხავ, როცა ჩემი ჯერი იქნება და როცა დიდთოვლობის გამო შვილებს სკოლაში არ გავუშვებ, შუაცეცხლის პირას ვეფხისტყაოსანს ვასწავლი. ხევსურულ კილოზე ვისაუბრებ და არასოდეს მომენატრება კოკა-კოლა და ნიკორას ჩამოსასხმელი ნაყინი. იქ, სადაც წვერს ატარებს ის და ჩვენი შვილები ფეხშიშველი ირბენენ აგვისტოში. იქ, სადაც ვერასდროს ვაკადრებ ქმარს, მის წინაშე შარვლით გავიარო. იქ, სადაც ჩემი შვილების ერთადერთი ნარკოტიკი ჟიპიტაური იქნება და მათ ვენებს ვერ დაემუქრება შპრიცი.
ვისწავლი წინდების ქსოვას და შვილებს ნანას ხევსურულ მელოდიებზე დავუმღერებ. ვასწავლი ჩემს ბიჭებს არასოდეს გატეხონ სიტყვა და ხევსურეთი არასოდეს დატოვონ.
გაუკვირდებათ ალბათ ხევსურებსაც, რატომ ამოვიდა აქ საცხოვრებლად, რატომ არ ჩადის ბარში ზამთარში მაინცო. არ მომენატრება ქალაქი. მთის გულისთვის დავთმობ მეგობრებს, ოჯახს...
გაუკვირდებათ ალბათ ზაფხულში ჩემს სახლთან მოხვედრილ ტურისტებს, ბერძნულად და ინგლისურად რომ დავუწყებ საუბარს.
ალბათ ვერავინ გამიგებს, რატომ ვიბრძოლებ სიკვდილამდე იმისთვის, რომ ცივილიზაციამ ვერ მოაღწიოს ხევსურეთამდე. ხელუხლებელს ჩავიხუტებ გულში ქართულ მთას და ბედნიერი ვიქნები, რომ ჩემს შვილებს არ ეცოდინებათ, რომელი ჯინსია უკეთესი, რომელია მობილურის ბოლო მოდელი, რომ ვერასოდეს ვუყურებთ საღამოს საინფორმაციო გამოშვების პოლიტიკურ მიმოხილვას. რომ ვერსდროს მომიტანს ჩემი ქმარი ისი-პარისში ნაყიდ სუნამოს და ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთულ თაიგულს.
და სიკვდილის წინ ყურში ვეტყვი ჩემს მოძღვარს, რომ ბედნიერი ვარ და რომ ამაზე დიდი სიკეთე არასდროს შემეძლო ჩამედინა, რომ თურმე ეს ყოფილა ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზი. რომ აღარ მშურს ლევან ხარანაულის.

ამას ვერასოდეს ვეტყვი დედას და ყოველთვის ცრემლი მომადგება, როცა...

ამას ვერც მეგობრებს გავაგებინებ. ვერ ავუხსნი, რომ მონასტერში ბედნიერი იმიტომ ვიყავი, რომ წინდას ვქსოვდი, პურის მარცვალს ვარჩევდი, მამაკაცები რომ ტრაპეზობდნენ, იმ ოთახში არც შევდიოდით, თოვლს ვიბერტყავდით კალთიდან და მერე შეშას ვჩეხავდით და იყო ამაში რაღაც ხევსურული. ვერავინ გამიგებს, რომ შეიძლება შერყეული ვიყო ხევსურეთზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ. ალბათ არის მიზეზი, რადგან არც სვანეთის, არც ფშავის, არც მთიულეთის ხსენებაზე გული ისე არ მიფეთქავს. თუკი სადმე რაღაც ვაჟკაცობისმაგვარი გაიელვებს, აუ რა ხევსურულია-მეთქი, ვამბობ და არავის ესმის.
რატომ გწერ?
არა, არ მაქვს იმედი რომ შენ გამიგებ. მაგიტომ არ გწერ. უბრალოდ არ ეცდები გონს მომიყვანო და დროსა და ენერგიას არ დახარჯავ იმის მტკიცებაში, რომ გამიჭირდება ხევსურეთში ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა, რომ მე თურმე სითბო მაკლია და თუ შემიყვარდება, აქაც ძალიან ბედნიერი ვიქნები და სხვ. უბრალოდ ამის მტკიცებას შენთვის აზრი არ ექნება, შენ ხომ ჩემი სახელიც არ იცი და შენთვის უბრალოდ სულ ერთია, რეალური ოცნებები მაქვს თუ არარეალური. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, არასოდეს შეგეშინდება, რომ მართლა არ წავიდე და არ დაგაკლდე. ხოდა ამიტომ გწერ.
ერთი ადამიანია, ვისაც ჩემი ეს ოცნება ესმის, იმის ოცნებაც ეს არის. ჩვენს ოცნებაში მეზობლად ვცხოვრობთ და მისი შვილები ქერა და ცისფერთვალება არიან, ჩემი - შავგვრემანი და ხუჭუჭა, ჩვენი ქმრები ერთად დადიან სანადიროდ და მერე ჩვენი შვილები ერთმანეთზე ქორწინდებიან და არასოდეს ტოვებენ ხევსურეთს...

ვერასდროს გამიგებს დედა, რომ არ მინდა ამ ქალაქში, სადაც ცა ნაცრისფერია და სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდიან, სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდულობენ და ისე აჭკნობენ, რომ ვერც კი ხვდებიან, რომ ყოჩივარდების გარეშე გაზაფხული ვერ მოვიდოდა."

/მაია კილაძე/

Sunday, February 5, 2012

დედას

შენი დაღლილი თვალების სევდა...
ტკივილიანი ცრემლების ნამი...
დავტოვე ყველგან, მთებში თუ გზებთან,
ახლა შეხვედრის მომწყურდა წამი...
ვინ იცის იქნებ, დაქანცულ მაგ გულს,
ჩემი სიშორით დავეცი ელდა...
როგორ ძნელია ფიქრი ამაზე,
რომ გაიზარდნენ შვილები, დედა...
ჭრილობა შენი არ მოშუშდება,
ან ვინ დაედო დედას მალამოდ.
გავა დრო, ვიცი, და შემშურდება...
სხვისი შვილები, შენს საამაყოდ.
შატილი ფიქრად გადაქცეული...
სანადიროში წასული ქმარი...
გიორგობისთვე, მბორგავი ქარი...
სიყვარულისთვის მლოცველი ქნარი...
მეც შენი შვილი, შენი გაზრდილი,
მემგონი, დედა და უკვე ქალი...



2007 წ. ნოემბერი

/თეონა ქუმსიაშვილი/

***

არ შეიძლებოდა, აქ თეოს,მთის ბულბულის ლექსები არ ყოფილიყო.
ვიცი,ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით,ყველას გვიყვარდა..


შენ ხევსური ხარ, არც გავიოცებ...
ჯიუტი იყო, ამაყი თანაც...
არ დავიბადე, რა ვქნა ხევსურად,
სიკვდილი მიჯობს, ტრფიალში ღალატს.
შენ ხევსური ხარ, შვილი მთებისა
და არწივივით ზვიადი, ვიცი...
ნუ გაიხსენებ წესებს, დრომოჭმულს,
შურისძიების მეც დავდე ფიცი...
თუ სიამაყეს ვერ ჩავკლავ შენში,
ან თუ გამხელის არა გაქვთ წესი,
სიცივეს მაინც ნუღარ დამწამებ,
თუკი დაგინთე ამხელა ცეცხლი.



05.10.2007 /თეონა ქუმსიაშვილი/

Saturday, February 4, 2012

ჯურჯიაულის ციხე და ჩრდილოელები

ღამე დაიმსხვრა მწვერვალზე,

მზე ცის გუმბათზე ანთია...

და მიირწევა გზაწვრილზე

ცისკარაული ნათია.

ნამის წვეთები ბალახებს

 უბრწყინავთ ათასფერები...

ხელით იჭერენ კალმახებს-

ასაში - არხოტელები!

ალბათ ეს თეთრი ღრუბლები

ახიელაში მიდიან...

არხოტს დარდი აქვს ულევი,

არხოტის გულში ბინდია!-

ამ ცათა მეუფებაში

რა ესაქმება ჩრდილოელს?!

სიკვდილთან უწევთ თამაში

ლეკს,ვაინახს და დიდოელს!..

დრო დადგა - ძველმა ქიშპობამ

გუდა-ნაბადი აიკრას...

აღარ ჰკიდია მომხვდურთა

ხელის მტევნები ქავისკარს.

გაღმა რომ შავი ყორანი

ლეწავს ჩეჩენთა აულებს,-

ჯურჯიაულის ციხესთან

ცრემლი სდით ცისკარაულებს.

მტერმა ხეობა უნგრიათ,

გაუთამამდათ წყეული!-

მაგრამ ჯერ არვის უხილავს

არხოტის მთები ძლეული!...

კოშკი გამძლე და მაღალი

რომ დაურღვიათ ოხერმა!-

იქნებ იმიტომ შეიკრა

შუბლი მრისხანედ ჩორეხმა!..

დრო მოვა -- ლაგამს აიწყვეტს

რაში დაბმული თავლაში...

ჯარჯი სახატე პურს გატეხს --

მოყვანილს ჯვარის ყანაში.

ყალყზე შედგება მთა-ბარი,

ერთ მუშტად დაიჯარება,

ხევსურის ხარის კისერი

სალაშქროდ დაიძაგრება.

არვინ თქვას,ვაჟას არწივებს

თითქოს დასცვივდათ ბუმბული,-

მტრის თმა ჯერ კიდევ ფრიალებს,

ვით თივის ოქროს ბულული!

ჯერ კიდევ მოფენილია

ყვავილით ამღას ველები...

ხელით იჭერენ კალმახებს

ასაში არხოტელები.

მზე,როგორც მწველი მიჯნური

შავწყალას უცქერს ნაბდიანს...

უფსკრულს თვალებში უმზერს და

წელთგზაზე მიდის ნათია.

/თინათინ მღვდლიაშვილი/

Friday, February 3, 2012

ხმალი ავლესოთ ქართველებო

ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ
და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს
დავმაღლდებოდით დარუბანდამდე.

ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება
და პური შენი არის ღვთიური,
ო, საქართველოვ,მოქართულო ზეცის კალმითა,
და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.

ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ
და მოვუქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი
უნდა მოვთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ
გადავარჩინოთ საპიცარი ივერთ ჯილაგი.

ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრებავ.
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი.
ხმალი ავლესოთ ქართვწელებო, ხამალი ავლესოთ
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი.

/თინათინ მღვდლიაშვილი/

ვაინახები

უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა...
იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა...
თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _
რა დააძინებთ!
თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახარი...
თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები..
და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,
რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!..
ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.
ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..
ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,
რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!
რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!
რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,
იბერიული სიმამაცით გავაოცებდი...
დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, _
და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..
შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,
დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს...
ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,
სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!..
და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,
თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი...
ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს
და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..
თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს
და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს
და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,
რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..
მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,
საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,
დავისვენებდი!..
თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა...
თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა...
იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, _
რა დამაძინებს!..

/თინათინ მღვდლიაშვილი/