Wednesday, November 30, 2011

ვერ გაგიმეტე

  მედუდუნება ბუხარი,

რას რა მიყვება ნეტავ...

თითქოს მაქეზებს, უთხარი,

გულიც საგულეს კვნეტავს...

რა ვქნა, არაფერ გამომდის,

შეჩვეულ ფიქრებს ვართავ,

ცეცხლ მოკიდებულ კუნძივით,

დავიფერფლები ალბათ...

მერე გამფანტავს ნიავი,

ნისლივით გამფენს მთაში,

უკვალოდ ვიხეტიალებ,

ლექსის სარეცელს გავშლი.

მოვალ წვიმად და პირ–სახეს

ცის მარგალიტით დაგბან,

შენს ნაფეხურებს მივაგნებ,

შლეგივით შევძრავ მთა_ბარს...

ვიცი, საწუთრო ვერაგი

ნაოჭს აგიჩენს წარბთან,

ვერ შეგეყარე, უთქმელი

გრძნობა მერევა წარმართს…

ნიავი გადაგივარცხნის

თმაში გაჩენილ ზამთარს,

სამზეოს, სიყვარულისთვის

ვერ გაგიმეტე, რა ვქნა...

/მაია გონჯილაშვილი/

Wednesday, November 23, 2011

ქრისტეფორე ფირალიშვილი

დროა,გავიცნოთ ერთი, ძალიან კარგი პოეტი,რომელიც დღეს აღარაა ცოცხალი,თუმცა მისი სიცოცხლე მისივე ლექსებში გრძელდება.
ქრისტეფორე ფირალიშვილის კრებული "ფიქრი გზაზე" შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს ძველ წიგნებს შორის. ზედ წარწერით-"ნინოს,სახსოვრად ავტორისგან. ქრისტეფორე 24.09.99" ვერაფრით გავიხსენე, ვინ ან როდის მაჩუქა ეს წიგნი, თარიღის მიხედვით მაშინ სულ რაღაც 11 წლის უნდა ვყოფილიყავი. ავტორის პოეზია ძალიან საინტერესო,უშუალო და სითბოს,სიყვარულის მატარებელია. მისი ბევრი ლექსი ღირსია,თაობათა გულებსა და მეხსიერებაშიც დამკვიდრდეს. საბედნიეროდ, ერთი ადამიანის დახმარებით(რომელსაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას) დღეს მაქვს მისი შვილის კორდინატები და უახლოეს მომავალში ვგეგმავ მისი ხსოვნის საღამოს ჩატარებას. მანამ კი მისი მშვენიერი ლექსები გავიცნოთ

  არ მიაკარო

ნუ,ნუ ექნება ბუდე ფიქრებს,
მე ასე მინდა!
შენს გულში ბოლო სადგომი და
სავანე ბოლო,
არ მიაკარო გესლის ცვარი ბაგეებს წმინდას,
რამეთუ გული სადგომია სიკეთის მხოლოდ,
რამეთუ ბაგე სიყვარულის
სათქმელად გვინდა.
 ***
ვაჟას

ბიბინებს კორდი-ხავერდის ნოხი,
სულში ჩამდგარან მთები მითებად,
მზით ანთებული ჩახჩახებს ქოხი,
ქოხი-შენს სუნთქვას რომ ვერ იტევდა.

შენ იყავ მთათა გულის ცხრა ფეთქვა,
ფესვთა წყურვილი, წყაროთა ნატვრა,
კორდი ყვავილთა გაწვდიდა ნექტარს,
შენ ფუტკარივით აქცევდი თაფლად.

ლექსი იყავ თუ წყარო ფიცხელი,
მთების გულიდან გამომდინარე,
მწყემსი მწყემსობას ლექსით იწყებდი,
ბედის ბილიკიც ლექსით იარე.

გვეამაყები დიდო ფშაველო,
ლექსებს კი არა,ზრდიდი არწივებს!
მთაწმინდაზე რომ ლაღად აგევლო,
პოეზიის ცა მაღლა ასწიე.
***
სამშობლოს

ლექსი მომეძღვნა?-
არ ვიყავი ოსტატი სიტყვის,
სიმღერა მსურდა-
ვერ გავბედე შემოსვლა ედემს,
მიყვარხარ! ენა ვერ დავძარი,
ვერ გამოგიტყდი,
ასე უსიტყვოდ შეგაბერდი,
ვით ჯიხვი ქედებს.


/ქრისტეფორე ფირალიშვილი/

Monday, November 21, 2011

***

გაწოწოლიკდა ამინდი,
ლაშთაზე დაშრნეს ღიმანი.
საწუთრომ თავი ამჴადა,
გულზე მესხმიან წვიმანი.

ჩემ ცრემლს რაჴელ ვერ მოვიწმენდ,
ყვავილებს ვსწმინდე ნამანი.
ჩავითავქვავე დარდები,
ვერას დამიჭერს სამანი.

გვიანიც თუკლაღ ყოფილას
გულში მჯიღების ცემანი..
მამიმთხვნეს ჯოჯოხეთისკე
შენზედ ოცნების რემანი.

მჯიჯგნიან, სვავსვავ ღამეებს
ვერ გაუგავის ძღომანი.
ერცხვას შავხყურებთ ჴელებში
მე და სიკვდილის ნდომანი

/მართა ჭინჭარაული/

Monday, November 14, 2011

თოვლი

თოვლი მოვიდა,ო,არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია მოხვალ,შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში,დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი,
იჩქარე,ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის,ჰბრუნდები როდის_
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ,ო,ჩქარა,გზაც აქეთ მოდის,
თოვლი,თოვლი,თოვლი.
მათოვდა წუხელ,ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება,ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა,რომელ მხარეში
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გაერეშე
ამთოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის,ჰბრუნდები როდის,
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან,გზაც აქეთ მოდის_
თოვლი,თოვლი,თოვლი.

/მირზა გელოვანი/

Tuesday, November 8, 2011

ფოტო-წიგნები

გადავწყვიტე ფოტო-წიგნებად ვაქციო მოთხრობები,რომანები,ესსეები. ფოტო-ლექსები ძალიან პოპულარულია(საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტად,ვიდრე საქართველოში),თუმცა ფოტოზე გადატანილი პროზაული ნაწარმოები მე პირადად ჯერ არავისთან მინახავს,ამიტომაც ექსპერიმენტს ვატარებ:)  დააწკაპუნეთ და გაადიდეთ
ეს პირველი ნამუშევარია,დანარჩენებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ



Wednesday, November 2, 2011

პოეტი გიორგი გიგაური

მონატრება
მე აღარ ვლაღობ მთებში მთებურად,
ჩამომაშორეს მხარეს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მზვარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!..
/გიორგი გიგაური/

Tuesday, November 1, 2011

მე ახლა ძმაო, გაზეთებს ვყიდი..

ჭადრის ჩეროში შემხვდა პოეტი,
წრფელი ლექსის და სინდისის მწყემსი,
ლოცვად დამდგარი განმარტოებით,
უერთგულესი ღვთიური წესის.

"მე ახლა ძმაო გაზეთებს ვყიდი,
შვილებისათვის ლუკმაპურს ვეძებ,
მტკივა იმედის ჩამტყდარი ხიდი,
შავი ფრინველი მიკორტნის ბეჭებს.

ალბათ იმასაც ჩემსავით შია,
გამოლევია ღონე და ძალა"
-,თქვა, მოარიდა ნაბიჯი ჭიას
და ნაღვლიანი გაუყვა შარას.

/გიორგი გიგაური/

***

ვიცი უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
გმადლობ უფალო!ან კი მადლობა
რამეს შეცვლის და რამეს უშველის?
ვანგრევდი,რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.
ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ-ახლაც ვდგევარ ამ აზრზე,
და ის სამყარო-მე რომ მინდოდა
ნგრევით,ო,ნგრევით გავალამაზე.
ვინც დაითმინა,ნეტარ არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ-არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი...
ახლა დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს,გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად იმწვარი.
ვიცი უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით

/ტარიელ ხარხელაური/