Monday, August 12, 2019

მარი მეტრაიეს ღიმილის მტვერი


 

უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად ვცდილობ, უფრო მეტ ქალ მწერალს გავეცნო, რომ გავიგო, ასეთი რა სათქმელი აქვთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომ ასე ჯიუტად არ წყალობს მათ საზოგადოება. რატომ იყო საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ სამყაროში სიტყვა „მწერალი" ცალსახად მამაკაცის ეპითეტი და რა მიზეზით იპყრობს დღემდე საზოგადოების ყურადღებას უფრო მეტად ქალი ხელოვანის პირადი ცხოვრება, ვიდრე - მისი შემოქმედება.

   ამის პასუხი ალბათ კითხვის ზედაპირზევე ტივტივებს. არა მარტო ამ საუკუნის სენია ქალის მამაკაცის ჩრდილად,„ნეკნად", მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღქმა და ასევე მეორე უკიდურესობაც -  მისი ღვთაების მსგავსად კვარცხლბეკზე შეყენება, გაიდეალება და მისთვის ყოველგვარი ადამიანურობისა და შეცდომის დაშვების უფლების ჩამორთმევა.

   და მაინც, ქალური სულის სიძლიერემ შეძლო ნაწილობრივ მაინც დაერღვია სტერეოტიპები, თუმცა ბედის ირონიით, საზოგადოებამ უმეტეს მათგანთა დანახვა მხოლოდ ამ ადამიანთა გადატანილი პირადი ტრაგედიების შემდეგ შეძლო.  ჩემთვის დღეს უკვე შეუცვლელია ჰერტა მიულერის, სილვია პლათის, ემილი ნოტომის, ანა ფრანკის და უამრავ მწერალთა სახელები, რომლებიც ამ სამყაროში არსებული უამრავი სხვა სამყაროს აღმოჩენაში დამეხმარნენ. აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო ხარატიშვილიც, რომელიც ქართველი მწერლებიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ხმის მქონე და ახლობელია. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ავტორებისთვის ხაზის გასმაც, რომ „ქალი მწერლები" არიან, ჩვეულებრივ დისკრიმინაციად მიმაჩნია, რის მიზეზზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.

 მაშ ასე... ამჯერად აღმოვაჩინე ადამიანური სასწაული, სახელით - მარი მეტრაიე...

   მიუხედავად იმისა, რომ მარი არ იყო მწერალი, მე მასზე მაინც ვწერ. არასოდეს ამხელა სიურპრიზი არ შემოუთავაზებია ჩემთვის არცერთ წიგნს და არ აღუძრავს ჩემს გულში ამხელა ურთიერთ საპირისპირო გრძნობები- სიყვარული და ლამის სიძულვილამდე მისული იმედგაცრუება.

 “ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს, ეს კაცი-ქალია!”

 
   წიგნის წაკითხვამდე ეს ფრაზა მომხვდა თვალში გარეკანის უკანა მხარეს და მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩემთვის ძალიან აქტუალურ თემას ეხებოდა- ქალებთან საზოგადოების დამოკიდებულებას. თუმცა, მარის სათქმელს ბევრი ალბათ უფრო რელიგიურ თემაში დაინახავს, ამასაც უზარმაზარი ადგილი ეთმობა და საერთოდაც, ეს ორი თემა ამ ისტორიაში გადაჯაჭვულია, რადგანაც აქ საზოგადოების დამოკიდებულებას ქალების მიმართ სწორედაც რომ რელიგია განსაზღვრავდა( და ხშირ შემთხვევებში, დღესაც ასეა).
   მარი იყო რეალური პიროვნება, რომელიც დაიბადა ეოლენში,შვეიცარიის მთებში და გაიზარდა ორ ურთიერთსაპირისპირო გარემოში-ბუნების სიბრძნე /სილამაზე(სადაც ის ნუგეშს და სულიერ საზრდოს პოულობდა) და იმ პერიოდის კათოლიციზმის მკაცრი და დამახინჯებული სწავლება(რომელიც ქალებს უუფლებო, ცოდვილ არსებებად და მხოლოდ გამრავლების საშუალებად მიიჩნევდა).

რვა წლისა მე უკვე ჯოჯოხეთის ქვაბში ვიხარშებოდი,კატეხიზმოთი მსჯავრდადებული. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სატანას შვილები ვიყავით და მხოლოდ ჯოხის ცემას ვიმსახურებდით”.

   გარდა ამისა, მარის ჰყავდა საშინლად მკაცრი დედა, მისივე სიტყვებით “სექტანტი მონაზვნებისგან დეფორმირებული”, რომელიც ქალიშვილს ჩააგონებდა რომ ქალად დაბადება უკვე ცოდვაა, ოჯახის გარეთ ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავდა და ვერ წარმოედგინა მისი გათხოვება, რადგან ოჯახში მუშახელი მოაკლდებოდა.

   “როცა იმ დროებაზე ვფიქრობ, მეტირება. ქალიშვილს ყველაფერი უნდა ეკეთებინა, მოსამსახურესავით იყო. დედაჩემს ვაჟიშვილები განსაკუთრებით უყვარდა. დედა ყველაფერს მოითხოვდა ჩემგან, სანაცვლოდ კი ბევრს არაფერს მაძლევდა, მისი ხელქვეითი ვიყავი. “ბიჭებს არაფერი შეუძლიათ, მათ ცხოვრებისთვის ვზრდით, გოგოები კი უნდა გვემსახურონო”-ამბობდა...

   ამ გარემოებამ გაუჩინა საოცრად მგრძნობიარე გოგონას პატარა ასაკიდანვე პროტესტის გრძნობა და გადააწყვეტინა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დამოუკიდებელი გამხდარიყო. “არაერთხელ მიფიქრია ბორნში გადავარდნა. ცხოვრება ხომ ასე მონოტონური, უმომავლო, გამოუვალი იყო...არ ვიცი როგორ გადავიტანე ეს. იქნებ იმიტომ, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი...

   და გახდა კიდეც დამოუკიდებელი...არა მარტო თავად, არამედ თავის მხარეში მცხოვრებ არაერთ ქალსაც დაეხმარა საკუთარი მცირე შემოსავლის მოპოვებაში. მარიმ თავისი კუთხის ქსოვის ხელოვნება ააღორძინა და აქცია შემოსავლის მომტან წყაროდ. 25 წლის ასაკში, ბევრი წვალების, დამცირების და შრომის ფასად გახსნა ქსოვილების მაღაზია, მიუხედავად იმისა, რომ ამის პარალელურად მაინც უნდა მიეხედა მთელი თავისი საოჯახო მეურნეობისათვის, მშობლებისთვის, თავისი გარდაცვლილი ძმის ბავშვისთვის. ძალიან ცოტა დამხმარე ჰყავდა და ბევრი-მოწინააღმდეგე.
 
   “ქალები ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტს ვბედავდი, კაცები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ არავისი არაფერი მმართებდა, არავის არაფერს ვთხოვდი.. ყველანაირად მაწვალეს... ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი საერთო ანტიპათიის, საყოველთაო დაცინვის ატმოსფეროში.”
 
    ჩემთვის ბევრი სხვა კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი მარი მეტრაიე, როგორც-პიროვნება. ვალეზის ბუნება, ლეგენდები, წეს-ჩვეულებები, მთელი ის მისტიური სამყარო ძალიან მაგონებდა ჩემს მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს.  თუმცა ქალი ისეთ რამეზეც საუბრობს, რაც ბევრს ღიმილს მოგვრის,(მაგ-ფერიებზე, ჯუჯებზე), მაგრამ ამ ყველაფრის წაკითხვა და გაცნობა მთელი სიამოვნებაა. ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გადასვლა.


   ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი - ამ ავტორის სახით სულიერი მეგობარი ვიპოვე, რომელიც  1979 წლიდან ევოლენის პატარა სასაფლაოზე განისვენებს. ალბათ ვერადროს დავივიწყებ მთელ იმ ტკივილისა და სიხარულის განცდას, რასაც მისი ამოუწურავად საინტერესო საუბრების მანძილზე ვიღებდი. ის ჩემს გულში იმ შესანიშნავი, გამბედავი ქალების რიცხვს შეუერთდა, რომელთაც ცხოვრების უსამართლობამ ააღებინა ხელში კალამი  და თავისი ღიმილის მტვერი შეუფასებელ შემოქმედებად გარდააქმნევინა.  ჩემი უზომო პატივისცემა-ქალს, რომელიც მენტალობადაბინძურებულ საზოგადოებას ფეხქვეშ არ გაეგო.

/ნინო ჭინჭარაული/