Saturday, August 23, 2014

ჩემი იატაკქვეშეთი



  მე არ განვიხილავ ამ ნაწარმოებს. უბრალოდ, ყველას, ვინც მას წაიკითხავს, მოვუწოდებ- დაწერონ საკუთარი იატაკქვეშეთის შესახებ. ვნახოთ, ვის რა დონეზე შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელები.
აქ კი ჩემს იატაკქვეშეთს ვთავაზობ ჩემი ბლოგის მკითხველს.

დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები”ს კითხვისას გამიჩნდა სურვილი დამეწერა “ჩემი იატაკქვეშეთი”. ამაზე ხმამაღლა საუბარი პირველ რიგში მე თვითონ მჭირდებოდა და საერთოდაც, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა დაწეროს საკუთარი ბნელი მხარეების შესახებ.

ეს არ არის დღიური, არც-აღსარება, ეს სურვილია-სათქმელი საჯაროდ თქვა ყოველგვარი რითმის, სიუჟეტის და გამოგონილი პერსონაჟების გარეშე. ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობ - უ ბ რ ა ლ ო დ დ ა ვ ი ღ ა ლ ე... და ალბათ სწორედ ეს დაღლა გეხმარება, საკუთარი აზრებიდან მთავარი სათქმელი გამოათავისუფლო. დავიღალე... მაგრამ არა ცხოვრებით, იმიტომ რომ 26 წლის ვარ. არც-ყოველდღიურობით, იმიტომ რომ ყოველი დღე ახალი საფიქრალის მომტანია. მე დავიქანცე იმით, რომ ჩემი გარეგნობა არ შეეფერება ჩემს პიროვნებას და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, ყოველთვის აღმიქვამს იმად, რაც არ ვარ.

არც თავმდაბლობაა ჩემს სიტყვებში და არც ამპარტავნება, ეს არის სიმართლე, რომ ჩემი გარეგნული სახე, რაც ღმერთმა მომცა, ყოველთვის ცუდ სამსახურს მიწევდა. ერთი,რომ- უფრო პატარა ასაკისას ვგავარ, ვიდრე ვარ და მეორეც- ბევრად უფრო რბილ და მარტივ ადამიანად გამოვიყურები, ვიდრე რეალურად უნდა ვიყო. “ საყვარელი” – აი ის საშინელი ეპითეტი, რომლითაც ყველაზე ხშირად მამკობენ და ჩემში იწვევენ სიძულვილამდე მისულ რისხვას. მიზეზი? ძალიან მარტივია, მე ა რ ვ ა რ ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი!

მე ვარ უხასიათო, უჟმური და სასოწარკვეთილი პესიმისტი. საკუთარ თავსაც კი ვაღიზიანებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს თვითონ ანგრევს და არც მეგობრების შესაძენად იკლავს თავს. ანუ, არც მოყვარეს ვეძებ და საკუთარი თავის პირველი მტერიც მე ვარ. რატომ ვამბობ ამას ხმამაღლა? იმიტომ რომ დავიღალე. დამღალა საკუთარ თავზე სხვისი მოხაზული პორტრეტების მორგებამ (თუნდაც ეს პორტრეტები ძალიან ლამაზები და შთამბეჭდავები იყვნენ). მომბეზრდა დაუმსახურებელი გვირგვინების დანახვა და მირჩევნია წინასწარ მე თვითონვე ვაჯახო ყველას ჩემი უარყოფითი მხარეები, ვიდრე არარსებული მითები შექმნან და მერე მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ თურმე არც ისე სრულყოფილი ვყოფილვარ.

არა! მე არ ვარ თბილი და რბილი. მე შემიძლია ადამიანებს ისე უხეშად მოვექცე, რომ მერე სინდისმა მიწასთან გამასწოროს. მე ვარ საშინლად მომთხოვნი საყვარელი ადამიანების მიმართ და შემიძლია ისინი ჩემდამი უყურადღებობის გამო მარტივად დავკარგო და ჩუმად დავიტანჯო. მე ვარ საშინლად უკმეხი, რასაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი დაგიდასტურებთ. ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გაბრაზებისას ემოციებისგან მთლიანად დაცლა, რადგან არ შემიძლია გულში სათქმელის დატოვება. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც სისხლის დანახვა აძრწუნებს. ვისაც 12წლიდან დამამშვიდებლების მიღება სჭირდება, მას არც თავმდასხმელზე ხელის აღმართვა უჭირს, ჰოდა მეც შიშის და მრისხანებისას დამიღვრია საკუთარიც და სხვისი სისხლიც. შრამები დღესაც მახსენებენ იმ საშინელ წუთებს. მე არ ვარ ნაზი და სათუთი, როგორც ჩემი სხეული გამოიყურება. მე ვარ ის, ვისაც ხშირად უცდია სულიერი ტკივილის ფიზიკურით გადაფარვა. ვარ ის, ვისაც ბევრჯერ დაუსერავს ვენები და სიამოვნებაც უგრძვნია. ღმერთმა დამიფაროს, ამით ვამაყობდე, ეს ჩემი ტკივილია... სასოწარკვეთით მოგვრილი ტკივილი, როცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და უბრალოდ არ იცი რა გააკეთო.

მე არ ვარ მორცხვი ადამიანი, მაგრამ არც ისეთი ამპარტავანი ვარ, ეს ღირსებად მიმაჩნდეს. ჩემი აუტანელი ბავშვური სახე რატომღაც ყოველთვის მორიდებას გამოხატავს, მაშინაც კი, როცა საერთოდ ფეხებზე მკიდია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. ნაძალადევი ღიმილი... ეს ღიმილია ჩემთვის ადამიანების თავიდან მოსაშორებელი საშუალება ან ალტერნატივა - გავჩუმდე მაშინ, როცა მოსაუბრისთვის რაღაც საზიზღრობის თქმა მსურს. მარტივად რომ ავხსნა, მაშინ როცა ჩემს წინ არაადეკვატური, ან უბრალოდ კმაყოფილი უნახავი დგას და გარეგნობით მაფასებს, იმის მაგიერ, რომ ვთქვა “გული მერევა”, გულისამრევად ვიღიმი და ამას რატომღაც მორიდებაში მითვლიან.

მე არ ვარ ის, ვინც კონფლიქტებს ერიდება, არც ბილწსიტყვაობაა ჩემთვის უცხო ხილი. განა არ მეშინია კონფლიქტების? ძალიანაც მეშინია, მაგრამ ასეთი უკუღმართი ბუნება მაქვს-მირჩევნია იყოს კონფლიქტი და თუნდაც ამან შინაგანად გამანადგუროს, ვიდრე რაიმე გაურკვეველი დარჩეს და უთქმელმა სათქმელმა, ან ეჭვებმა შემჭამონ. სხვათაშორის, ამ უკუღმართობას ჩემს ღირსებად ვთვლი. მე ვარ ადამიანი, ვინც ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არა იმიტომ, რომ ძალიან გამბედავი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მირჩევნია მოსამდურებელი თავიდანვე მოვიმდურო და დასაკარგი დროზე დავკარგო. ასე უფრო ნაკლებად მწყდება გულიც და დროც აღარ იკარგება იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც ადრე თუ გვიან მაინც “დავეტაკები". და უცნაურიც არაა, რომ მხოლოდ ის ადამიანები მოდიან ჩემს გულთან ახლოს, ვინც სიმართლის თქმას პირში მიბედავენ. მტკივა თუ არა მწარე სიმართლის მოსმენისას გული? რათქმაუნდა მტკივა, მაგრამ თუ ამას სიყვარული ახლავს თან, ეს პირიქით-მზრდის მეც და იმ ადამიანებსაც ჩემს თვალში.

მარტო მათი შეყვარება ღირს, ვინც სიმართლეს გეტყვის...

ჩემი ლექსები... და ჩემი მოთხრობები! როგორი ცოცხლები და ჩემნაირები არიან და როგორ მძულს მათი ზერელედ შეფასება! “რა თბილია, ტკბილია, საყვარელია...” არა! არა! და არა! მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლექსები არც ტკბილია და არც ბანალურად ქალურად სენტიმენტალური! ესაა ნერვოზული პოეზია, ხშირად ძალიან უხეში ნათქვამიც. ერთადერთი მეგობარი ბიჭი პოეტისგან მახსოვს მათი ზუსტი შეფასება, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგე: -“შენი ლექსების წაკითხვისას ვერ მიხვდები, რომ ის ქალის დაწერილია”. და თუმცა მე არ ვიზიარებ იმ გონებაჩლუნგურ და სექსისტურ აზრს, რომ პოეტი სქესის მიხედვით უნდა შეაფასო( და არსებობენ დაკომპლექსებული ადამიანებიც, რომლებიც შეგნებულად არ კითხულობენ მდედრობითი სქესის პოეტების დაწერილ ლექსებს), მაინც ვეთანხმები ჩემი მეგობრის ხედვას, რომელმაც ალბათ პირველმა შეამჩნია ლექსებში ჩემი სულის სიხისტე და მოუქნელობა, ის უხეშობა და სიტლანქე, რომელიც შეიძლება უფრო მომხიბლავს არ მხდის, მაგრამ მაქცევს იმად, რაც ვარ. ეს ყველაზე კარგადაა გამოხატული ჩემს ლექსებში “სიგიჟე”, “ლექსი რომელიც მძულს” და “ჯარისკაცი და კაცისმკვლელი”. ამ უკანასკნელს ალბათ არასოდეს გამოვაქვეყნებ, რადგანაც მე თვითონ მზარავს მასში გაშიშვლებული საკუთარი სული და არც სურვილი მაქვს, წლების შემდეგ საკუთარი ნათქვამი წინ დამხვდეს.

ის სხვა საქმეა, თუ როგორი ფორმით და რამდენად ოსტატურად ვახერხებ სათქმელის ფურცელზე გადმოტანას. რა სუსტებიც არ უნდა იყვნენ ჩემი ლექსები, მათ ერთობლიობაში ერთგვარი სისტემური მთლიანობა გააჩნიათ. მარტივად რომ ვთქვა- ადვილად მიხვდები, რომ ერთიდაიგივე არეული გონების ნააზრევია. თუ ამას სტილი ჰქვია, ჩემი სტილიც ეს არის, თუმცა ვაღიარებ, ფორმაზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ. ის კი ვიცი, როგორ მინდა ვწერო და იმედიც მაქვს, დრო და გამოცდილება მომიტანს ყველაფერს.

ჰო... მე ვარ ის ადამიანიც, ვინც ცუდი თვალით უყურებდა ვერლიბრს, სანამ თვითონ არ დაიწყო მათი აქტიურად წერა. წლების წინაც მქონდა რამდენიმე ურითმო ლექსი დაწერილი, მაგრამ მათი გამოქვეყნების მრცხვენოდა. არც ახლა მაქვს პასუხი, რატომ...

რაც შეეხება მოთხრობებს, ისინი ლექსებივით დაუკითხავად არ მოდიან და არც მაწვალებენ. პროზა არის ის, რაშიც მინდა სერიოზულად ვიმუშაო და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად ვაქციო. ჩემი ორი მინი-რომანი, რამდენიმე მოთხრობა და ნოველა ჯამია იმ საინტერესო და უფრო მეტად-მძიმე, ტკივილიანი ამბებისა, რაც მე და ჩემს გარშემომყოფებს თავს გადაგვხდენია. იმ ყველაფრის, რასაც ჩემს სულზე კვალი დაუტოვებია. ჩემთვის პროზაული ნაწარმოებების წერა იმიტომ არის საჭირო, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებს, საყოველთაო გავხადო და ნაწილობრივ მაინც მოვიშორო თავიდან, ანუ ტვირთი გადავანაწილო. აი ასეთი ეგოისტური მიზეზით ვწერ მოთხრობებს! ამით თავიდან ვიშორებ ყველა ცუდ მოგონებას, ძირითადად კი ბავშვობისას. არავინ იცის რატომ, მაგრამ ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში ისეთი რაღაცეებიც გადაუტანია, რის გამოც უბრალოდ სული დამახინჯებია, ან ადამიანებისადმი ნდობა დაუკარგავს. შეიძლება სიცოცხლეში ვერც მივიღოთ პასუხი ღვთისგან კითხვაზე-“რატომ”, მაგრამ შეგვიძლია ეს ტკივილი შთაგონების წყაროდ ვაქციოთ, გამოგონილ პერსონაჟებს ვაჩუქოთ და მათი საშუალებით მკითხველებს გავუნაწილოთ.

აი ასე... ესაა ის მინიმუმი, რაც ვიცი საკუთარი თავის შესახებ და რისი თქმაც მსურს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. იქნებ ხვალ ვკვდები და არ მინდა ჩემგან ვიღაცის შეთითხნილი არარსებული პორტრეტი დარჩეს. ამას სჯობს, საერთოდ არასოდეს არავინ გამიხსენოს. მოკლედ და კონკრეტულად კი სათქმელი ერთია-მე არ ვარ მარტივად ჩემი გარეგნობის ანალოგი. თანაბრად ვატარებ საკუთარ თავში დაძაბულ ნერვებს, ქაოსს, გულისგამაწყალებელ მაქსიმალიზმს და იდეალიზმს და სხვა ათას ჩემთვისაც ჯერ კიდევ უცნობ ჯურღმულებსა თუ დემონ-ანგელოზებს, რომლებიც ასაკის მატებასთან და ცხოვრების გართულებასთან ერთად ნელ-ნელა იჩენენ თავს. სამწუხაროა, რომ წლებთან ერთად რაც უფრო იზრდება გარშემო ნაცნობების რაოდენობა, მით უფრო მცირდება მათი რიცხვი, ვინც რეალურად გვიცნობს.

ჰოდა, ნურავინ, ნურავინ იტყვის რომ ვუყვარვარ, ან მაფასებს, თუ ამ ჩემს სიბნელეებს არ იცნობს.

/8/23/14/ ნინო ჭინჭარაული.