Tuesday, June 25, 2013

მთის საჩუქარი ბარს

ტრადიციულად, ყოველწლიური, ხევსურული საღამო მზიურში, 26 ივნისს, 17:00-ზე გაიმართება.
იხილეთ ღონისძიება ფეისბუქზე.


Thursday, June 6, 2013

გამომიწოდა გოგონამ ხელი

მეტროსადგურის მიწისქვეშა გადასასვლელთან
გამომიწოდა წითელლოყება გოგონამ ხელი,
მეორეში გაცრეცილი ხატი ეჭირა.
მექანიკურად გამეპარა ხელი ჯიბისკენ.
მე ხომ ჯიბე მუდამ სავსე მაქვს
ხელნაწერებით,
ცხვირის წვეთებით,
მწვანე ბურნუთის კოლოფებით,
ჯვრის ფორმით დახეული აღსარების ფურცლებით,
სამგზავრო ბილეთებით,
ბებოს ძაფებით...
და მთელი ჩემი ეს სიმდიდრე არ მენანება გავუზიარო
ვინმეს...
მაგრამ ვის? ამ პაწაწინას?
რაში სჭირდება, ან წაადგება წითელლოყებას,
ჩემი პირქუში ნააზრევი,
ფიქრებით გადაჭედილი თავი,
ან შელახული ჯანმრთელობა,
სიგარეტის შემცვლელი ფხვნილი,
ჩემი ცოდვები
(რომელთაც მოვინანიებ და ისევ ჩავიდენ)
დაუსრულებელ ხეტიალში დაღვრილი ოფლი,
უმიზნო გზები,
(რომლებიც რაც უფრო მღლიან, მით მეტად მიზიდავენ).
და უფრო მეტად..რაში სჭირდება ჩემი ტკივილი...
თავისიც ჰყოფნის.
ის ხურდას ელის-პოტენციურ სადილს, ან ვახშამს,
რომელიც ერთი “პერაშკია”, ან ბაბთა “ბულკი”.
ან თბილი წინდა,
ფეხსაცმელი-აქვე რომ გაცვეთს.
ანდა- ბრჭყვიალა თმისსამაგრი
(გოგოა მაინც...)
ვდგავარ და ვხვდები, ამ ყველაფრითაც ვერ მივცემ მთავარს,
თავის ბავშვობას.
ვდგავარ და ვიჩხრეკ სავსე ჯიბეს... და გზას ვაგრძელებ.
ირგვლივ ტორტმანებს გონჯი ცხოვრების უნიჭო ფილმი,
სადაც მე ჩემი შვილის კბილა
წითელლოყება გოგონასთვის
ერთი მორიგი უარყოფითი პერსონაჟი ვარ,
რომელსაც ჯიბე სავსე ჰქონდა,
მაგრამ გაცემა გადაიფიქრა.

/ნინო ჭინჭარაული/