Showing posts with label ლადო ჭინჭარაული. Show all posts
Showing posts with label ლადო ჭინჭარაული. Show all posts

Friday, January 27, 2012

უკენახოელი

უკენახოელი,
პაპა წინაპარი.
ბარში დაბადება,
ბედად წილნაყარი.
გაზრდა სხვათა შორის,
ვიტყვი სხვათაშორის:
სადღაც სიუცხოვეს,
გვარით მიუცხოვეს.
ტვირთი ჩემი ვზიდე,
მაინც გავიტანე,
რაც არ მერგებოდა,
ის არ ავიტანე.
მთების სიყვარული,
ლექსად აგორება,
იყო წარსული და
კლდიდან დაგორება.
ცხოვრებასაც ვრითმავ,
ჯერ ხომ კიდევ არი?!
პოეზიის ეშხით
ვაჟას მიმდევარი.
მხიბლავს გაზაფხული,
თავის იებითა.
მიყვარს `კარაბინა~,
თავის ტყვიებითა.
როგორ მენატრება
ცხენი და ჯირითი.
ჩემ თავს ვერ ვაფერე
რაც დავალ იმითი.
ალბათ უცნაური,
თავი, თვითონ მიკვირს?!
ცუდი არ მითესავს,
მაგრამ მაინც ვიმკი.
დიდი მეგობრობა.
ბევრი გამოვცადე.
იყვნენ ჩაჭრილებიც,
თუმცა გამოვცვალე.
ცხოვრებას არ გავტყდი,
ბალადას ვუმღერი.
ქალას სიყვარული,
ოჯახი, უღელი.
ლაღი მონატრება,
გაჭრილი ნადირი,
ჭიუხი, საჯიხვე,
კლდეები ნატირი.
ქეიფი, ღრეობა
აზარტში შესული.
მაინც არ ვბეჩაობ
ბარელი ხევსური.

 /ლადო ჭინჭარაული/

Sunday, December 11, 2011

ჯინჭარ აული



ჯინჭარ მავიდა აულზე,
ქვას ხავსი ეკიდებისა.
ბილიკი შამბით გაივსო,
კლდეთ ცრემლი ედინებისა.
ძაღლთ ყეფა, ჩქამი კაცისა,
სოფელს არ ეფინებისა.
ალაგს უსულოს, უხორცოს,
ყვარანიც ერიდებისა.
წესი ირევა, დროება,
ჟამთა სვლას გვერდს ვერ აუვლი.
მთაში იცლება სოფლები,
დარდო, გულს ნუთუ გაუვლი?
პირქუშო უკაცურობავ,
შარას ბალახად დაუვლი.
არცა ჯვრის საყმო, არცა რა,
დარჩება ჯინჭარ აული.

/ლადო ჭინჭარაული/

Sunday, September 4, 2011

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს


კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

Thursday, August 25, 2011

"ჩვენ მაინც ხევსურები ორთ “



"ხევსური ყველა ვერ იქნება,
ის წოდებაა
და უნდა დაიმსახურო
".
/ქეთევან გოგოჭური/

აი ის ხევსურები ორთ,


დრომ რომ ვერ შერყვნა გენია.

ქებული წინაპრები გვყავს,

სამასი არაგველია.



ჩვენ ბარშიც ხევსურები ორთ,

თოფებით, ხმლებით, ფარებით.

საქართველოვ შენს მოშუღლეს

მკერდებით ავეფარებით.



ჩვენ ყველგან ხევსურები ორთ,

ქვეყნის კიდიდან კიდემდე,

თუ გინდ გაგვწირე იღბალო,

ფეხებზე დაგვიკიდებდე.



სახელად ხევსურები ორთ,

კოშკნი ნაგები ლოდებით.

ჯიშით ბევრია ხევსური,

მაგრამ ცოტაა წოდებით.



და მაინც ხევსურები ორთ,

ამაყები და ლაღები.

წუთისოფელმა ჩვენ გულებს,

ვერ დაამჩნია დაღები.




ლადო ჭინჭარაული
18.07.2010 (თელავი)