
"ზაფხულის ერთ მზიან დღეს წინადღით დაკარგულ ხარებს დავეძებდი არხოტის მთებში. უეცრად შენ მომაგონდი ძვირფასო.. და ეს სტრიქონები ბროლით სიპზე მივაწერე იქვე. ახლა სადა ხარ, ძვირფასო, ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულო..
ჰო, მართალია: ხარები კი ვიპოვნე!.."/გ.ჯ/
ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად:
ჭაბუკს პირველად მიყვარდი(გახსოვს?)
და ყმაწვილური გიძღვენ შაირი.
ო, ის შაირი..
იმგვარი განცდით,
ისე გულმართლად და მიწიერად
(რომ სიჭაბუკის დღეებსაც გავცდი!)
მე სხვა დროს ლექსი არ მიწერია..
გიძღვენ შაირი და მოწიწებით
წერილს საშენოდ ვუთხარ მშვიდობა
ზედ ჩემი გული შემოვაწებე,
მე ოდენ ურვა დამრჩა,ვით ობოლს..
ველოდი პასუხს..
ასე ლოდინი
მხოლოდ ბალღს ძალუძს, ალალს, გულმართალს,
თან თრთოდა გული, როგორც ცოდვილი
და რკენა ჰქონდა მზარავ გუმანთან..
მერე მე მითხრეს: იმ ლექსზე თურმე,
ლექსზე-ეს გული რომ ახლდა მყოლად,
ბევრი იცინე,
ბევრი იხუმრე
და სამასხაროდ აიღე ყოვლად..
მითხრეს..
დავეცი დასეტყვილივით
და ჩემს წმინდა ცრემლს მიწა ირევდა..
მხოლოდ ბალღს ძალუძს ასე ტირილი
(ახ,რარიგ ვნანობ,რა მატირებდა!)
ო, დიდხანს მიწა ცრემლით ვასველე..
ეს წინათ იყო( თარიღი მიჭირს!)
შენ ნებიერი იყავ ასული,
მე- მიამიტი ხევსურის ბიჭი.
შემდეგ დავშორდით,
შმაგ სევდას გავცდი
(იხდიდნენ წელნი წელთა წინ ჩალმებს)
შენ შეუმჩნევლად დადედაკაცდი,
მეც ჭაბუკობას გამოვესალმე.
ეჰ, ის ვნებებიც ჟამმა დაფარა,
კვლავ მარტო დავალ,კვლავ ყარიბი ვარ,
ვიტყვი გულწრფელად: მე იმდაგვარად
ალბათ სისკარიც არ მყვარებია.
და ახლა ,როცა ერთურთს ვაწებებ
იმ მოგონებებს თრთოლვით ფარულით,
მე გაურკვევი გრძნობა მაწვება,
ეს სევდა არის, თუ სინანული?!
მხოლოდ, ამ გულში დაცინვა (გახსოვს?)
შენი დაცინვა დაღად დაიარს..
ამ მთათა შორის, ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად.
No comments:
Post a Comment