Tuesday, May 15, 2012

ქრისტეს მხედრები-მონაზვნები

(ბოლო წერილი ციკლიდან -"ერთი დღე მონასტერში",

თავად მონაზვნებს მოვუსმინოთ-"რატომ ირჩევენ ამ გზას?")
"ადამიანის დანიშნულება უფლის პოვნაა"

/ბერი იოსებ ათონელი/

"საჭიროა გიყვარდეს ყველა,ყველაზე მეტად კი ღმერთი"

/სერაფიმ საროველი/



ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად წარემატება ცხოვრების გზაზე. ღმერთი ზოგს ერში აკურთხებს, ზოგს ბერში. ადამიანები, რომლებიც საერო ცხოვრებას ირჩევენ, ხშირად მაინც ვერ წყდებიან ბერულს. ის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სტუმრად მონასტერში, მისი ტიპიკონით უცხოვრია, არასოდეს დაავიწყდება იქაური სამყარო. მეც მახსენდებოდა წალკაში გატარებული დღეები, ის სულიერი სიმშვიდე და სიხარული, რასაც იქ განვიცდიდი, ამიტომაც სულ ვუცდიდი ხელსაყრელ დროს, რომ თბილისი დამეტოვებინა.

იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელი ადრე არ გამეგონა.

მონასტრის წინ უგემოვნო, სხვადასხვა ფერის კორპუსები წამოჭიმულან და ამ პატარა,ქვის ტაძრის სილამაზეს მალავენ.

ავირბინე აღმართი მონასტრამდე და კარიბჭესთან ჩემს ბარგზე ჩამოვჯექი, რომ ცოტა დამესვენა, თან იქაურობა დამეთვალიერებინა. მცხეთის სილამაზეზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც ყველას კარგად მოეხსენება, რა მშვენიერია, განსაკუთრებით ზაფხულში. მონასტერი მწვანეში იყო ჩაფლული, შორს კი ნისლი ყელსაბამივით მორკალულიყო მთებსა და მწვერვალებზე. "რომ მოსაღამოვდება, ალბათ, უფრო დაბლაც ჩამოიწევს და ღამით მონასტერსაც შემოეჭდობა"_ გავიფიქრე. უზომოდ მიყვარს ნისლის ცქერა...

ამასობაში ტაძრის კეთილმოწესე გამოჩნდა და მასთან მივედი. ავედით მონასტერში. სენაკი, რომელშიც უნდა მეცხოვრა, ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს მორჩილი რებეკა ცხოვრობდა და მასვე მიმამაგრეს სამორჩილო საქმეში. აქ უფრო მეტი მქონდა თავისუფალი დრო, ამიტომაც ლოცვისა და საქმის გარდა სასულიერო ლიტერატურასაც ვკითხულობდი. უამრავი რამ ამოვიწერე, რაც ჩემს მაშინდელ სულიერ მდგომარეობას ეპასუხებოდა. განსაკუთრებულად მახსოვს სიტყვები:

"როგორც მთიდან მომზირალი ადამიანი ირგვლივ ყველაფერს ხედავს,მთის ნაპრალებს, ხევებს, მათში ჩაბუდებულ სიბინძურეს და ჭუჭყს კი ვერ ამჩნევს, ასეა ამაყი ადამიანიც, თავისი ამპარტავნების მწვერვალიდან საკუთარი სულის უწმინდურობას ვერ ამჩნევს"

მაინც როგორ უნდა ვისწავლოთ სიმდაბლე, ჩვენი ცოდვები რომ დავინახოთ? რა თქმა უნდა, მორჩილებით.

მონასტერში ასე სწავლობენ. მეც არაერთხელ დავფიქრებულვარ ამაზე და შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობდი მორჩილების უსიტყვოდ შესრულებას. განსაკუთრებით იმის გაკეთებას, რაც მეძნელებოდა. მქონდა საყვარელი სამორჩილო საქმეც _ ბაღში მუშაობა. იქ ულამაზეს ყვავილებს ვუვლიდი, ისეთ იშვიათობებსაც, რომლებიც ადრე არ მენახა. საღამოობით კი ლოცვის დამთავრების შემდეგ, ჩამოვჯდებოდი ბაღში, ტაძრის კიბეზე და შორს, კლდის თავზე განათებულ ჯვრის მონასტერს გავცქეროდი. ირგვლივ კი ყვავილების სურნელება ტრიალებდა... დაუვიწყარი იყო ის დღეები.

მონასტერში ყოფნისას დავინტერესდი იქ მცხოვრებთა ვინაობით. მინდოდა გამეგო, რამ მოიყვანა აქ სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის ადამიანები. თითოეულმა თავისი ამბავი მომითხრო და აღმოჩნდა, რომ ყველას განსხვავებული მიზეზი გააჩნდა. ბევრ მათგანს მშობლებიც ჰყავდა, ოჯახიც ჰქონდა და მატერიალური კეთილდღეობაც, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მიატოვეს და უფალთან მივიდნენ. ახლა მათ მხოლოდ ის სურთ, რომ არასდროს მოშორდნენ მონასტერს. მათგან ყველაზე გამორჩეული დედა ეფემია იყო, რომლის თბილი და ხალისიანი ღიმილი ეხლაც თვალწინ მიდგას. მახსოვს, აღსარების თქმა მსურდა და, რადგანაც მამაო იქ არ იყო, მირჩიეს დედაოსთან მესაუბრა. ეს საუბარიც კარგად მახსოვს. დედა ეფემია სკამზე იჯდა, მე კი მის ფეხთით, ხალიჩაზე და ასე ვსაუბრობდით. მოვუყევი ჩემს ცხოვრებაზე, მიზნებსა და სურვილებზე, მან რჩევები მომცა და ცოტაოდენი საკუთარ თავზეც მიამბო:

დედა ეფემია: "დაახლოებით 5 წლის წინ მოვედი მონასტერში. მშობლების დამოკიდებულება უარყოფითი იყო, მაგრამ ღვთის შეწევნით მათი წინააღმდეგობის დაძლევა გამიადვილდა. პირველად 18 წლის ასაკში წავედი მინასტერში, სამჯერ დამაბრუნეს და მაშინ მახსოვს დავფიქრდი _ მონასტერში ჩემს წარწყმედას ხომ არ ვეძებ-მეთქი? ბოლოს წალკაში წამოვედი და ვიცოდი, უკან ვეღარ დამაბრუნებდნენ. ვგრძნობდი, რომ ერში ბედნიერი არ ვიყავი და მხოლოდ ამ სამყაროში მიხაროდა. ახლა კი შესაძლებელი რომ იყოს წელიწადში რამდენჯერმე აღკვეცა, ყოველთვის განვაახლებდი ჩემს აღთქმებს.”


ზოგჯერ მონასტერში სტუმრად მოსულები იქ სამუდამოდ რჩებიან. ირმა 12 წელი იმყოფებოდა ქორწინებაში და მისი თქმით, არასდროს უფიქრია მონაზვნობაზე:

ირმა: "ამ მარხვაში მაკურთხებენ მორჩილად. ახალი სახელით მოვევლინები ქვეყანას. თავიდან აქ სტუმრად მოვედი, მაგრამ 3 დღის შემდეგ უკან დავბრუნდი და მამაოსგან დარჩენის კურთხევა ავიღე. დედა ეფემია საოცრად კარგი წინამძღვარია. გულშიჩამწვდომია, შენი სიხარული უხარია, შენი ტკივილი ტკივა, მიმტევებელი და უაღრესად მოსიყვარულეა. დებსაც ძალიან შევეჩვიე. უკან არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდები".

ამ ადამიანების სიხარული უსაზღვროა, როდესაც ისინი, მონაზვნად აღკვეცაზე საუბრობენ. დედა რექაბი სწორედ ამაზე მოგვითხრობს:

დედა რექაბი: "_ აღკვეცის დღე არასოდეს დამავიწყდება. ტაძარი სავსე იყო ჩემი მეგობრებით. როცა მონაზვნებით გარსშემორტყმული მიწაზე ვიყავი განრთხმული, ვფიქრობდი; ღმერთო შემაძლებინე ამ ჯვრის ტარება-მეთქი. ის ღამე ტაძარში მარტომ გავათიე. "

_ სად უფრო იოლია ცხონდეს ადამიანი, ერში თუ მონაზვნობაში?(ნ.ჭ)

_ "მონაზვნობა არ გაცხონებს, შენმა დათმენამ უნდა გაცხონოს. სადაც სწორად იცხოვრებ, ყველგან ცხონდები. მუდამ ვფიქრობ, თუ ჩემი მშობლები არ ცხონდნენ, ჩემი მონაზვნობა მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას-თქო."

მონასტერში ყველაზე უხუცესი ანა იყო, რომელსაც მალე 81 წელი უსრულდებოდა. ჩემი წამოსვლის შემდეგ ის დედა იოანნა გახდა.

დედა იოანნა: "-აღდგომის დიდმარხვაში მოვედი მონასტერში. მინდოდა მონაზვნობა, რათა უკეთ შემეცნო უფალი. რთულია, მაგრამ ყოვლად ნაყოფიერი, რომ შეუერთდე ღმერთს. მან ცხოვრებაში მაკურთხა ვყოფილიყავი დედა და მაჩუქა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. როგორც დედას შეეფერება, ისინი კარგ ადამიანებად აღვზარდე. მართალია, დიდი ღვაწლი დამჭირდა, მაგრამ უფალმა დამიფასა. მონაზვნობა იცი რა არის? _ მოკლებული იყო მიწიერს და ფიქრობდე ზეციურზე. აქ ყველა მოქმედება უფლისადმია მიძღვნილი".

დედა ეფემია ყოველ საღამოს ესაუბრებოდა მონასტრის წევრებს. ასე უფრო ადვილად მიუწვდებოდა გული თითოეულ მათგანზე. კითხვაზე, თუ რატომ ირჩევს ადამიანი მონაზვნობას, მან ასეთი პასუხი გამცა:

"_ ყველამ, ვინც ამქვეყნიური საქმეები დატოვა, ან ცოდვათა სიმრავლის, ან ცათა სასუფევლის მიღწევის, ან ღვთის სიყვარულის გამო გააკეთა და თუ ამ სამიდან არცერთი არ იყო მათი განზრახვის მიზეზი, მაშინ ამ უკანასკნელთა სოფლიდან გასვლა უგუნურობა ყოფილა. თუმცა კეთილი მეუფე ყოველი საქმის დასასრულს ელოდება, თუ როგორი იქნება. მონაზონი ისაა, ვინც ყველგან და ყოველი საქმისას მხოლოდ ღვთისას ხედავს და აკეთებს. მაგრამ, მარტო მონაზვნობა არ გაცხონებს. დღესაც და ყოველთვის თითოეული ადამიანისთვის ჯობია ის, რა გზაზეც ღმერთი მოუწოდებს..."

მოუწოდა მათაც უფალმა და გაყვნენ. "


ეს წერილი 2007 წლის ივნისში დაიწერა. ამის შემდეგ მონატრებამ არაერთხელ ჩამიყვანა ამ მონასტერში, სადაც ბევრი რამ შეიცვალა. ირმა დღეს იქ აღარ ცხოვრობს, დედა იოანნა გარდაიცვალა, უფალმა მოიხსენოს მისი სული. რამდენიმე ახალი წევრიც შეემატათ და უფლის ნებით, ყველანი თანხმობით ცხოვრობენ. მე ბედნიერი დღეები გავატარე ამ მონასტერში და ყველაზე დიდი სიყვარულით მინდა გავიხსენო დედა ეფემია, რომელმაც სული გამითბო.

P.S დედებს ამ მონასტერში წესად ჰქონდათ, ყოველი ლოცვის ბოლოს ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ. მეც მინდა, ამ წერილის ბოლოს მათ შენდობა ვთხოვო, თუ რაიმე სწორად არ დავწერე.

ნინო ჭინჭარაული

No comments:

Post a Comment