
გურო პატარა სოფელია, აღარავინ ცხოვრობს იქ, გარდა სამი კაცისა. ეს სამი ადამიანიღა
დარჩა მთელი იმ ხევსურული ტრადიციების აღმსრულებელი, რომლებსაც ძველად მათი წინაპრები ასრულებდნენ. ერთმანეთის მეტი აღარავინ ჰყავთ, ამიტომ მთელ დღეს ერთად,
შრომაში ატარებენ ჯურხა, ბეწიკა და თორღვა.
ჯურხა ყველაზე უმცროსია მათ შორის, ამიტომ ხშირად ორი მეგობრის საქმესაც ის აკეთებს. ერთი ნაკლი კი აქვს ჯურხას, ყველაფერს ადვილად იჯერებს და მეტად ფიცხი გუნებისაა, ჯერ გააკეთებს ხოლმე ცხელ გულზე და მერეღა დაუფიქრდება თავის საქციელს.
გურო მიუვალი ადგილი იყო კაცისათვის, მაგრამ სად არსებობს ისეთი ადგილი, სადაც უფალი არ მიაღწევს, მას კი ყოვეთვის ეშმაც მოჰყვება ხოლმე. ერთ ღამეს ჯურხას ეზმანა: ვითომ მის ძროხებს ბეწიკა და თორღვა ძალად წყალში ყრიდნენ, თან ჯურხას დასცინოდნენ თავისი სიბრიყვის გამო, ვითომ ჩვენ როგორ გვანდე შენი საქონელიო, ან რა საქონელი ჯურხას ჰყავდა_ ორი დაბალი ძროხა, ერთი შავი იყო, მეორე კი ყავისფერი. თუმცა ჯურხას მათ მეტი ოჯახისწევრი აღარავინ ჰყავდა, როცა წამოიზარდა, მაშინ უჩუქებიათ პაპაებს და იმის მერე ერთად იზრდებოდნენ ჯურხა , შველია და ნიშა. შემდეგ კი შველია და ნიშა იქცნენ ჯურხას მარჩენლებად. დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი გამოღვიძებულს, მაგრამ ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა მანამდე, სანამ სამწყემსოდ წასულმა ბეწიკამ ამბავი არ მოუტანა: შენი ორი ძროხა და თორღვას დეკეული ხიდზე გადმოსვლისას ერთმანეთს ეტაკნენ, ხიდი სველი იყო და სამივე წყალში გადაცვივდაო. გაბრაზდა ჯურხა, შეკრა კოპები ბეწიკას დასანახად, თუმცა შინ შესულს ცრემლი მოერია, ნანახი სიზამრი გაახსენდა, ისიც გაახსენდა, თუ როგორ უყვარდა თავისი შველია და ნიშა. როგორ უხაროდა სოფლის ბოლოში რომ გამოჩნდებოდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მოსიარულეები და ერთს ლაზათიანად შეღმუვლებდნენ, _ მოვედითო. ახლა მეტად ეტკინა გული ჯურხას, ცრემლი უფროდაუფრო მოაწვა და ბოლოს იხეთქა ერთბაშად. ტიროდა ჯურხა, ისე ტიროდა, როგორც მშობლების დაკარგვის დროს, ობლად დარჩენილი. მაშინ პატარა იყო ჯურხა , მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ ისინიც მდინარემ წაართვა. იმ მდინარემ, რომლის წყალსაც ყოველდღე სვამდა ობოლი ბიჭი და შიგ დედ–მამას ხედავდა. ახლა კი სულ გააგიჟა ჯურხა ტკივილმა, სძულდა ყველაფერი ამ ქვეყნად, პირველ რიგში კი ის, ვინც მარტო, სულმთლად მარტო დააგდო ჯერ ათი წლის ბიჭი, ახლა კი ოცდაათის, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უნდოდა თავისი გამზრდელ–მარჩენლები. ამ დროს შეუჩნდება ხოლმე კაცს ეშმა და ღმერთი ვეღარაფერს გააწყობს. თუ დანებდი, დაღუპული ხარ, აი თუ დაამარცხე კი, ეს იგივეა , საიკვდილი დაგიმარცხებია ამ ქვეყანაზე.
მაგრამ ჯურხა ახლაგაზრდა, გულფიცხი კაცი იყო, რომელსაც ფიქრი წაერთვა ამ თავისი უბედურების მნახეველს. დამნაშავე კი მდინარე იყო, ჯურხასთვის ყველაზე ცივი, უგულო და დაუნდობელი. უცბად წამოხტა, გარეთ გავარდა და მდინარეს ქვები დაუშინა, თან გაჰყვიროდა: ეგრე გინდა, ეგრე მოგიხდებაო, აბა, ერთხელ შენც გეტკინოს, შენც იგრძნო, რა არის ობლობაო. ბოლოს ხიდი ააცალა, დააობლა ჯურხამ კალმახით სავსე მდინარე, თუმცა გული კი ვერ იჯერა მისი ცემით, ამიტომ ისევ მორთო ყვირილი.
ბეწიკა და თორღვა ამ დროს საფიხვნოში ისხდნენ, ელოდნენ ჯურხას, მაგრამ იგვიანებდა, ბოლოს ხმა შემოესმათ ყვირილისა, ცხენებს მოახტნენ და თავქვე დაეშვნენ, აბა, იმათ რა იცოდნენ თუ ასეთი მარტოსული იყო სიცოცხლით სავსე ბიჭი. თუმცა მაინც გიჟებივით მიაქროლებდნენ ცხენებს, რადგან ჯურხას ყვირილის ხმა უფრო შემზარავი და გულსაკლავი ხდებოდა. კლდეს გადმოსცდნენ მოხუცები, იმ კლდეს, რომელიც ხიდს ეფარებოდა და უცბად ცხენები ვეღარ დაიმორჩილეს. იმ ფიქრით გამოქცეულებს, რომ ხიდზე უნდა გადმოსულიყვნენ , ხიდი აღარ დახვდათ, მდინარეც ადიდებულიყო, თითქოს ის ცალკე ბრაზობდა_ აბა, რა ჩემი ბრალია ადამიანის დაუდევრობაო?! წყალმა წაიღო მოხუცები თავის ცხენებიანად. ჯურხამ კი, ამის შემხედვარემ, ძალა დაკარგა, მუხლები მოეკვეთა, მოსწყდა და მიწაზე დაეცა. იყო ასე ჯურხა დაჩოქილი, აღარც ხმა ჰქონდა, აღარც ძალა, აღარც გონება. ამ დროს წვიმამ დასცხო, ცამ დაიჭექა, თითქოს ისიც ეხმიანებოდა მიწაზე მომხდარს, მაგრამ ალბათ ისე არ სტკიოდა როგორც ჯურხას, თორემ დაჭექებასაც ვერ მოახერხებდა. სულმთლად დაასველა წვიმამ ჯურხა, მხოლოდ ხელები აღეპყრო ზეცისაკენ და უძრავად იყო. თვალები მდინარისთვის მიეშტერებინა, რომელიც უფროდაუფრო გრგვინავდა, გიჟდებოდა, თითქოს მსხვერპლს ითხოვსო. ან იქნებ თავის თავს უბრაზდებოდა, იქნებ საკუთარი თავი სძულდა და კალაპოტიდან გადმოსვლას ლამობდა. მაგრამ ჯურხას ეს უკვე აღარ ანაღვლებდა, მხოლოდ ერთი რაღაც უნოდა, ის რითაც უფალს განარისხებდაა. ნელ–ნელა წინ მიიწევდა ტალახში, გზადაგზა ეცემოდა, მაგრამ თავს მაინც წამოწევდა ხოლმე. ნელა, ძალაინ ნელა მიაღწია ჯურხამ მდინარემდე, არც დიდი მანძილი იყო, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი იმისათვის, ვინც ბოლოჯერ უყურებდა ამ წუთისოფელს ცოცხალის თვალით.
ასე ხელებაპყრობილი, დადუმებული სხეული გადაეშვა კაციჭამიად ქცეულ მდინარეში, მაგრამ სული კი დიდი ხნის წინ წართმეოდა ჯურხას, ამას მხოლოდ ახლაღა მიხვდა, როცა გზას გადიოდა სიკვდილამდე. ეს იყო ოცი წლის წინ, როცა მდინარემ მშობლები მოპარა და მიიბარა მათი სული ჯურხასთან ერთად.
დღეს გურო ცარიელია, ჭინჭარი ჭამს ნასახლარებს. ამბობენ, ისეთი ამბავი მომხდარა, ღმერთს არა, მაგრამ აი ეშმას კი მიუტოვებია იქაურობა შიშისაგანო.
/ლელა ხევსური/
No comments:
Post a Comment