პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო.
გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე, მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა.
მთელი ბავშვობა მისი ლექსების კითხვაში გავატარე. კარგა ხანს, მხოლოდ ბებოს(რომელიც მისი მეგობარი და როგორც თავად პოეტი ამბობდა-მისი ყველაზე კარგი მკითხველი იყო) ნაჩუქარი კრებული "ლოცვა" მქონდა და მასში შესული ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი (ყველა!). სულ მის გაცნობაზე ვოცნებობდი. ვიცოდი ბებიაჩემის,გულო მოლარიშვილის მონათხრობიდან,რომ გიორგი პაპაჩემის,ხვთისო ჭინჭარაულის კარგი მეგობარი იყო,რასაც ადასტურებდა ჩვენს ალბომში შემონახული მათი ახალგაზრდობის ფოტოები. შემდეგ,როცა 18წლის გავხდი, ჩემი ცხოვრება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს დაუკავშირდა,სადაც ერთხელაც დადგა საკითხი, რომ მწერალთა კავშირის საღამოები ჩატარებულიყო. ახალგაზრდებს დაგვევალა დაგვესახელებინა ჩვენთვის სასურველი მწერლები. პირველი რათქმაუნდა გიორგი გიგაური დავასახელე და იმედი მქონდა,მის საღამოზე გავიცნობდი,თუმცა ასე არ მოხდა.მისი საღამო ისე ჩატარდა,ვერ გავიგე და ძალიან დავითრგუნე. საბედნიეროდ, მეგობარმა,არაჩვეულებრივმა ადამიანმა,ნათია გოგუაძემ,რომელიც მასთან ინტერვიუზე მიდიოდა, შემომთავაზა-ერთობლივად გაგვეკეთებინა სტატია.
2008 წელს გავიცანი გიორგი გიგაური, მასთან სახლში,ხილიანზე. მაშინ მისი მეუღლე,ნელი პატარიძეც ცოცხალი იყო. "მაშ,შინაური ყოფილხარ"-,მითხრა ღიმილით,როცა პაპა ვუხსენე და იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მას ჩემი შექმნილი მისი თიხის პორტრეტი და ორი მისადმი მიძღვნილი ლექსი ვაჩუქე. თავად კი მისი თითქმის ყველა კრებული გვაჩუქა წარწერით.ბევრი გვესაუბრა მის და გიორგი ლეონიძის
ის დღე ისეთი უშუალობით და უბრალოებით გამოირჩეოდა,(როგორც მთელი მისი პიროვნება ლექსებითურთ) მე ვუთხარი,რომ მისთვის "ბატონო გიორგის" დაძახება ხელოვნურად მეჩვენებოდა. ცოტა დაფიქრდა და გაიცინა-"პაპა.. პაპა დამიძახეო", მას შემდეგ გახდა ის ჩემთვის გიორგი პაპა. ხშირად მივდიოდით მასთან მეგობრები, ხან მარტო მეც. თავადაც გვთხოვდა,ხშიად გვესტუმრეთო. აღფრთოვანებულები ვიყავთ,ნელი ბებო როგორ უძღვებოდა მარტო ოჯახს. მათი ახალგაზრდობის ამბებსაც ხშირად გვიყვაბოდნენ. რა ძნელია ახლა მათზე წარსულ დროში საუბარი,ძალიან მიჭირს..
გიორგი პაპას ერთხელ ჩემი ლექსების რვეული დავუტოვე. როცა მივაკითხე, "ყველას წაკითხვა ვერ მოვახერხეო"-მითხრა, მაგრამ რამდენიმე კალმით აღენიშნა და მაჩვენა ისინი,რომლებიც მოეწონა და ბევრი რა მ ჩამისწორა. "წერე,ბევრი წერე და კრებულის გამოცემა არ იჩქარო"-ასე დამარიგა მაშინ. შემდეგ თავისი ახალდაწერილი ლექსებიც მაჩვენა. კლაკნილი კალიგრაფია ჰქონდა, რადგანაც მარცხენა ხელით წერდა. "ჩემს ძმის შვილს რაც მარჯვენა წაართვა დინამიტმა, მას შემდეგ მარჯვენა ხელით საერთოდ აღარ ვწერო" მითხრა და გამახსენდა მისი ლექსის პწკარი-" ჩემი მარჯვენა შემძულდა, შენი მარჯვენის გამო". ამის შემდეგ, თიანეთშიც რამდენჯერმე ვინახულე(ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ).მოკლედ, გიორგი პაპასთან მეგობრობამ ძალიან,ძალიან ბევრი რამ შემძინა და ხვთისო პაპაც გამიცოცხლა და გამაცნო. ამისთვის უფალს დიდ მადლობას ვუხდი
მაგრამ,ყველაფერს ჰქონია დასასრული. ერთხელ, დაბადების დღის მისალოცად დავურეკე და მითხრა,რომ მისი მეუღლე, ნელი თურმე იმ წუთას გარდაცვლილიყო. ბევრი ვიტირე,ლექსიც დავუწერე და პანაშვიდზე მივეცი. გიორგი პაპას მწუხარება უსაზღვრო იყო,მაგრამ მახსოვს,წასვლის წინ ხელი ხელზე მომკიდა და ფიქრიანად ჩაილაპარაკა: "მაინც ვწერ,რა ვქნა,მაგრამ ერთს მივხვდი; ნამდვილ პოეტს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამიო" და ასეც მოხდა.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ვინახულე, მის მეგობარზე-პოეტ ფრიდონ ხალვაშზე ვაკეთებდი სტატიას და მისი მოგონებების ჩაწერა მსურდა. ჩაწოლილი დამხვდა, ვეღარ დგებოდა და არ სურდა რომ ყველას ენახა ასე. "შენ მაინც შინაური ხარ,თორემ უარს გეტყოდიო" და მოყვა ყველაფერი,ბევრი რამ გაიხსენა,ზოგი სიხარულით,ზოგი გულისტკივილით( ფრიდონ ხალვაში ახალი გარდაცვლილი იყო მაშინ) და წასვლის წინ კი მითხრა "ველოდები და არ მოდის სიკვდილი, თუმცა,არც ისე ძნელი ყოფილა გაყოლაო". წამოვედი დამძიმებული გულით და გონებიდან არ მშორდებოდა მის თავთან დაკიდული ხანჯალი და იქვე შორიახლო სანთელი. ალბათ სიკვდილს ისე სურდა შეხვედროდა, როგორც ძველად ხევსურები ხვდებოდნენ-ხმლითა და ანთებული სანთლით ხელში.
უფალმა აცხონოს მისი სული. ახლა ის თავის წინაპრებთან, მშობლებთან და მეუღლესთან ერთადაა,რომლებსაც მთელი სიცოცხლე უმღეოდა მისი კალამი.
"და მაინც, მარად ცოცხალი სული
მცხეთის სანახებს ლოკავს ქვიშიანს,
კვლავ ვემონები სიმღერის წყურვილს,
რას ვიზამ, თურმე ესეც ჯიშია"/გ. გიგაური/
ნინო ჭინჭარაული
ბოლოს იმდენად უჭირდა წერა,რომ ნათესავს,ვერას სთხოვა,წიგნზე ჩემთვის მას გაეკეთებინა წარწერა და გაჭირვებით მოაწერა ხელი
ნიი ასეთი ადამიანები მუდამ ცოცხალნი რჩებიან :)) მადლობა შენ რომ ასე სათუთად გაგვაცანი "გიორგი პაპა"! ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
ReplyDeleteთამარ არზიანი