Monday, August 8, 2011

ბებოს



ჯანდაბა,არ მსურს ასეთი გნახო,
თოთო ბავშვივით უმწეო, წყნარი,
მიჯობს მეჩხუბო,
მლანძღო,
გამლახო
და იწუწუნო,როგორ გაწვალებს
შენ შვილიშვილი-ბიჭივით ურჩი,
ხიფათიანი და შარიანი
და ძველებურად მისდევდე ქუჩებს
ჩემს სათვალთვალოდ ჭრელ თავშლიანი.
და ძველებურად გაქექო ჩემი
ჩანთა, წიგნები და ტანსაცმელი
(სადმე დღიური ხომ არ დამრჩება,
ანდა ასანთი,ანდა სასმელი,
ანდაც-წერილი შეყვარებულის..)
და მერე, როცა გამოიდარებ
ცეცხლი ჩაუდგეს კვლავ შენებური
მარტოობისგან გადაღლილ თვალებს.
და კვლავ მომიყვე შურისგან შეშლილს
ახალგაზრდული ღიმილით,ტონით;
"მე გამზათოვმა მომიძღვნა ლექსი..."
"ხელზე მემთხვია გალაკტიონი.."
მერე ქარიშხლად თავს დამატეხო
ვაჟა და ლადო,
მირზა და ანა,
თავბრუ დამეხვას და ლექსის ექომ
გამოაყრუოს მთელი ქვეყანა.
და ძველებურად,ძველ,მაგრამ-ძლიერ
წყენას აცლიდე გულიდან სარქველს,
რომ ჩვილს სახელად შენ შემირჩიე
თურმე-"გულსუნდა"...და არ დამარქვეს.
მერე კი უცებ ჩარაზო სული,
უცრემლო დარდი ზედ მიაყარო,
შიგ ჩაიმარხო აწმყოც,წარსულიც
და მოიძულო მთელი სამყარო.
ჯანდაბა....არ მსურს უმწეოდ გნახო
და მაგონებდე ჩაფერფლილ კოცონს,
სჯობს ძველებურად მალავდე სახეს
და არ მაძლევდე ნებას გაკოცო.
პირველი ლოცვა, პირველი ლექსი..
ღმერთო, რამდენი მაქვს შენი ვალი,
შენ აღარ გინდა სიკვდილს გაექცე,
შენ აღარ გინდა სული აწვალო...
და შენებრ ურჩი და უცნაური
დღეს მე გიმალავ ცრემლიან თვალებს....

/ნინო ჭინჭარ-აული/


No comments:

Post a Comment