Wednesday, May 25, 2011

მადლმოსილი ცეცხლი

 მოგონებები იერუსალიმიდან

აპრილი, დიდი შაბათი, დილით ადრე ავდექით და სასტუმრო დავტოვეთ, ძველი იერუსალიმისკენ ავიღეთ გეზი, უფრო ზუსტად იაფოს კარიბჭისკენ, აქ ისრაელის სპეც სამსახურებს ჯებირები ჰქონდათ მოწყობილი და თავიანთ სურვილისამებრ რამდენიმე ადამიანს დროდადრო უშვებდნენ, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილს, თუმცა დღეს დიდი სასწაულის მოლოდინში ვართ, და არამარტო ჩვენ, მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილიც, და იმედი გვაქვს რომ მოვახერხებთ ქალაქის ძველ ნაწილში შესვლას, იქ სადაც მაცხოვრის აღდგომის ტაძარია, და სადაც უნდა გადმოვიდეს მადლიანი ცეცხლი. ერთმანეთში გვაქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა ერთად ვერ შევიდეთ (თუ შევედით საერთოდ) და ერთად ვერც ვიდგეთ, ამიტომ ბოლოს სადაც უნდა შევკრებილიყავით, ადგილი დავთქვით და `რიგში” ჩავდექით, ლოდინმა რამდენიმე საათს გასტანა, ჩვენ კი წინ არც დავძრულვართ, არც უშვებენ თითქოს, უქმად არ ვდგავართ და ვგალობთ, ლოცვებს და ფსალმუნებს ვკითხულობთ, თითქოს შევეგუეთ კიდეც რომ ვეღარ მოვახერხებთ შესვლას. იერუსალიმში ვართ, იქვე ახლოს და თუ ვერ შევალთ მაინც მადლობელი ვიქნებით ღვთისა, ასე ახლოს რომ ვართ. ერთ ადგილას არის ე.წ. `გამშვები პუნქტი” სადაც წესით უნდა უშვებდნენ ხალხს, სადაც დიდი რიგია, თუმცა ძნელად თუ ვინმე ახერხებს შესვლას, ხოლო ჩვენ უკვე აქეთ, უფრო ხალხმცირე ადგილას ვდგავართ, სკამებთან, ვისვენებთ და უცბად ჩვენ მხარეს მოულოდნელად გახსნეს ჯებირები და ხალხი აღმოჩნდა ძველ ქალაქის კარიბჭეში, ჩვენც წამოვიშალეთ და `მცირე რიგში” ჩავდექით, თუმცა აქაც ბევრი ადამიანი მოაწყდა, მოხდა ისე რომ მე და ერთი ბავშვი ლილე (ჩოხატაურის სკოლის მოსწავლე) აღმოვჩნდით იაფოს კარიბჭეში, შევედით ქალაქში და რადგან იქ არ შეიძლებოდა გაჩერება და დალოდება გავუყევით იერუსალიმის ძველ მოკირწყლულ ქუჩებს ეკლესიისაკენ, გული საგულეს აღარ გვქონდა, მეგონა რომ ტაძრის ეზოში უამრავი ხალხი დაგვხვდებოდა, მაგრამ იქ საერთოდ არავინ არ იყო, პოლიციას ჰქონდა ჯებირებით გაკეთებული სამი დერეფანი, აი აქ კი მივხვდი რომ შევევიდოდი ტაძარში და სიხარულისგან გულის ცემა მომემატა, ვმადლობდი უფალს ყველაფრისათვის, რამდენიმე წუთი შემდეგ ტაძარში აღმოვჩნდით, ტაძარი ძალიან დიდია, ერთ ტაძარშია მოქცეული მაცხოვრის საფლავი, გოლგოთა და გარდამოხსნის ადგილი. მარცხენა მხარეს, იქ სადაც მაცხოვრის საფლავია, გადაკეტილი იყო, ჩვენ მოგვიწია მარჯვენა მხარეს წასვლა, იქ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა, წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, რომელნიც ცდილობენ მოხვდენ ტაძარში და რაც შეიძლება წინ, ჯერ უკან ვდგავართ, აქიდან არაფერი არ ჩანს, მაცხოვრის კუვუკლია დაახლოებით 100 მეტრშია, წინ წასვლის შანსი თითქოს არ არსებობს, მაგრამ უკნიდან მოწოლილი ხალხის მასა სხვანაირად `ფიქრობს”, ცხოვრებაში ასეთ ხალხმრავალ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, შეიძლება ჯერ ერთ კედელზე მიგანარცხოს ხალხის ტალღამ შემდეგ მეორეზე, და ასეთ გაწამაწიაში ვართ ვინ სად დადგება არავინ იცის, უცებ შემომიტრიალდა ერთი ახალგაზრდა რუსი მამაკაცი და უკმაყოფილება გამოთქვა რომ `ვაწვებოდით” და რადგანაც მხრებზე საქართველოს დიდი დროშა მქონდა შემოხვეული, `უკან, საქართველო”-ს მეძახდა, მე კიდევ, წინ საქართველოს, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ ეს საქართველო კი არ აწვებოდა არამედ, მთლიანი მასა და საერთოდ, იქ ყველა ყველას აწვებოდა, არავინ იდგა თავისთვის უშფოთველად და მან რატომღაც მე შემარჩია, ეს არ იყო სამართლიანი შენიშვნა და ვუთხარი კიდევაც, თუმცა მეტი არც არაფერი აღარ უთქვია. ასე რამდენიმე სააათიან `მოძრაობაში” აღმოვჩნდით კუვუკლიის მოპირდაპირე მხარეს, ეს იყო საოცრება, როგორ მოხერხდა რომ ამ ადგილას ვიდექით, გამახსენდა რამდენჯერ მიყურებია ტელევიზორში ყოველივე ეს და ცრემლები მომადგა სიხარულისგან, გაოცებისგან, მადლობისგან, ძალიან მიხაროდა და ჩემი სიხარული არაბების გამაყრუებელმა ყიჟინამ გააძლიერა, ვგრძნობდი როგორ მევსებოდა გული, სული, ვიცოდი რასაც იძახდნენ და ქართულად `ვყვებოდი” - `ჩვენი სარწმუნოება მართალია”! `ჩვენი სარწმუნოება მართალია”! მივხვდი იმასაც, რომ რატომ არიან ისინი ტაძარში ამგვარად, მათ ძალიან დიდი მუხტი შემოაქვთ აღდგომის სიხარულის. კიდევ ერთხელ ახსენებენ მსოფლიოს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას და ეს გიხარია, გავსებს და გათბობს. Aაი, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ დაიწყო თავის მსახურება, სამჯერ უნდა შემოუაროს ჯერ კუვუკლიას და შემდეგ შევიდეს შიგნით სტიქრის ამარა, ჩვენ სიხარულს აძლიერებდა კიდევ ის, რომ ჩვენი მეუფე, სტეფანეც იღებდა მონაწილეობას მსახურებაში. ქართველები საერთოდ, არ ვიყავით ცოტანი იმ დღეებში წმინდა მიწაზე და ამ მხრივ არც მაცხოვრის ტაძარი იყო გამონაკლისი, აქაც მიმოფანტულები ვიყავით ქართველები, ერთი ქალბატონი შემომიბრუნდა და მთხოვა, მამაო ჩვენო დამეწყო ქართულად და სხვებიც ამყვებოდნენ, თავიდან მეუხერხულა, მაგრამ შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ხმამაღლა დავიწყე: `მამაო, ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... “ და მესმოდა და ვხედავდი როგორ მყვებოდნენ და ძლიერდებოდა ჩვენი ხმა ტაძარში, რამდენჯერმე გავიმეორეთ, სერბები და რუსები ცდილობდნენ კამერაზე დაეფიქსირებინათ ჩვენი ლოცვა. Dდროდადრო ხმამაღლა გავიძახოდით: `დიდება უფალს”! ეს შეძახილები განსაკუთრებით მაშინ ისმოდა როცა, ყველა ნათურა, სანთელი ჩაქვრა ტაძარში და პატრიარქი შევიდა მაცხოვრის საფლავზე, ეს იყო მდუმარება დიდი აღტაცებისა და სიხარულის წინ, ელოდები, გული გიფანცქალებს, სანთლებიანი ხელი მაღლა გაქვს აწეული, უნდა გადმოვიდეს მადლიანი ცეცხლი, ყველა სულ მოუთმენლად ველით ამ მომენტს, ვუყურებ მაცხოვრის კუვუკლიის სვეტებს და ვამჩნევ რომ ბრწყინდებიან, უფრო თეთრდებიან, ტაძარში თითქოს რაღაც ნათებები ჩნდება და ამ დროს ირეკება ზარი სიხარულისა, მადლმოსილი ცეცხლი გარდამოვიდა, პატრიარქს უჭირავს იგი, უკიდებენ სხვებიც, ელვის სისწრაფით ჩვენამდეც აღწევს, ვუკიდებთ და სხვებსაც ვუნაწილებთ, საოცარი სიხარულია, ენითაღუწერელი, ეხლა მთელი სამყარო გეტევა გულში, არავის წყენა აღარ გახსოვს, მხოლოდ ქრისტე აღდგას იძახი და გიხარია, გიხარია, რომ ჩემთვის, შენთვის აღდგა, რომ ჩვენთვის მოითმინა, ჩვენთვის ევნო და აღდგა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, რომ გვაცხოვნოს და გვაბედნიეროს. ეს ყოველივე სიცხადით ჩანს და შეიგრძნობა იქ, სანთლები მართლა ისე არ წვავს როგორც სხვადროს, თუმცა საჭიროა რომ დიდხანს არ გენთოს რადგან მისი კვამლისგან თითქმის აღარაფერი არ ჩანს, ვაქრობთ სანთლებს და ხალხი იძვრის გასასლელისკენ, რაც რამდენიმე საათი მოვუნდით ნელნელა აქ შემოსვლას, ეხლა ერთიანად რამდენიმე წუთში უნდა გავიაროთ, ეს იყო ერთი ნახვით მძიმე, მაგრამ საოცარი სიხარულით ავსებული სიმსუბუქით მიაბიჯებ გასასვლელისაკენ, უცხოებს ესალმები, ულოცავ, ისინიც იზიარებენ და გეხვევიან, მათაც უხარიათ, ბერძნებს, რუსებს, სერბებს, რუმინელებს, სხვებს, არამართლმადიდებლური ქვეყნის შვილებსაც, მე პირადად ტაძარში, ერთი ახალგაზრდა ჩილელი კათოლიკე ბიჭი გავიცანი, რომელიც იქ სწავლობდა და ესწრებოდა ამ დიდ სასწაულს. ძალიან მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა ეს სიხარული, ჩემი პატარა ლუკასთვის, ჩემი 7 თვის შვილისთვის მომელოცა აქედან მისი პირველი აღდგომა, ჩემი მეუღლესთვის, მშობლებისათვის, ნათესავებისათვის, ნაცნობებისათვის, უცნობებისათვის, მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით ჩვენი პატრიარქისათვის მინდოდა მიმელოცა და მესურვებინა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა, მთლიანად მართლმადიდებლური მსოფლიოსათვის, ყველასათვის. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ქართველი მოილოცავს წმინდა მიწას და ასე გახარებული იქნება. იმედი მაქვს რომ ღვთის მადლით გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა და გავიხარებთ ყველა, უფალს ვებარებოდეთ. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! 

თორნიკე კვინიკაძე

No comments:

Post a Comment