ის ერთი ბებერი ძაღლი იყო. საცოდავი ლასლასით გაივლიდა ხოლმე, ენაგადმოგდებული და აქაქანებული... სიბერისაგან თავის მაღლა აწევაც კი აღარ შეეძლო, ხანდახან რის ვაივაგლახით თუ აწევდა, საწყალ თვალებს მოგაპყრობდა თითქოს რაღაცას გემუდარებაო, მერე ისევ ჩაქინდრავდა და ლასლასით გააგრძელებდა გზას თავისი ანწლიანისკენ. ეს ადგილი სოფლის თავში ამოერჩია განმარტოებით. ათასში ერთხელ თუ ჩამოივლიდა სოფელს, მზეს მიაფიცხებდა ბებერ ძვლებს, მერე კი ისევ თავის მყუდრო ბუნაგისკენ გასწევდა და მთელ დანარჩენ დროს იქ შემძვრალი ატარებდა. სიბერისაგან ხორცი სულ მთლად შემოსდნობოდა და მხოლოდ დაწელილი ტყავიღა ეკიდა ძვლებზე. მისი დანახვა ყველას ზიზღს გვრიდა და ზედ არავინ უყურებდა, მაგრამ თუ შემთხვევით ვინმე შეხედავდა და ყურადღებით დააკვირდებოდა ყველას უცნაურად ეცვლებოდა სახის გამომეთყველება. ზოგი გაოცებისაგან ადგილზე ქვავდებოდა ენაჩავარდნილი, ზოგი კი შეშინებული ცდილობდა სასწრაფოდ გასცლოდა მას. ბავშვებს არ გვიყვარდა იგი, მართალია სადღაც გულის სიღრმეში გვებრალებოდა, მაგრამ უფრო მეტად გვეზიზღებოდა მისი სიბერისგან ზოგ ადგილას გაცვენილი და ჭუჭყისგან გადამხმარი ბეწვი, ჩამოწელილი ტყავი...
აი, ისევ განმეორდა ბავშვობის კადრები... რა უცნაური დღეა, სოფელში ვარ და ბავშვებთან ვთამაშობ, გვიდგას ერთი ყიჟინი. უცნაურია, უფროსები არსად ჩანან, მხოლოდ ჩვენ ვართ... ირგვლივ ყველაფერი მზით არის გაჯერებული, ყველაფერში მზეა... ეზოს ბოლოში, სანაგვეზე, წამლებიანი ყუთი შევნიშნეთ, ალბათ ვინმეს დაუძველდა და გადაყარა, მაგრამ ჩვენ სულაც არ გვსურს მისი სანაგვეზე დატოვება, აბა როგორ შეიძლება ასეთი რამის ხელიდან გაშვება, ყოველდღე ხომ არ ნახავ სანაგვეზე გადაყრილ ერთ ყუთ დაძველებულ წამლებს? ექიმობანას თამაშისთვის ასეთი განძი ზედგამოჭრილია, მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩვენში ამ წამლების დამლევი პაციენტი არავინ აღმოჩნდა. ვის დავალევინოთ? სასწრაფოდ მოვიმარაგეთ პურის ნატეხები, წამლებიც მოვიმარჯვეთ და ანწლიანისკენ დავირაზმეთ.
ისევ ბუნდოვანი კადრები... პურის ნატეხებს სათითაოდ ვტენით ტაბლეტებით და ძაღლის წინ ვმწკრივდებით, იგი ძლივს წევს თავს და დაუპატიჟებელ სტუმრებს ჭკვიანი თვალებით გვიყურებს. ჯერ ერთ ნაჭერს ვუგდებთ, მერე მეორეს, მესამეს... ახითხითებულები ვაკვირდებით როგორ ლოღნის ძაღლი პურის ნატეხებს. საბრალოს სიბერისგან ყნოსვისა და შეგრძნების უნარი საერთოდ დაჰკარდვოდა და ძლივს ღეჭდა ტაბლეტებით ამოტენილ პურს. ვხითხითებთ...
–მიდი, მიდი, სულ შეჭამე იქნებ ეგრე მაინც გაფშიკო ფეხები, ვიღას რაში სჭირდები შე ბებერო.
–ახლა კი ვეღარ გადარჩება.
–ასე ყოფნას არ ჯობია მოკვდეს?
–მიდი, სულ შეჭამე ძაღლო
–შენ ალბათ ერთ დროს კარგი ძაღლი იყავი, მაგრამ ახლა აღარავის სჭირდები...
იგი განაგრძობს ჭამას, სიცილი ორმაგდება...
–მიდი, მიდი, სულ...
უცბად ძაღლმა ამოიხედა და მადლიერებით სავსე თვალები მომაპყრო, მეც გაოცებული ვუყურებ... რა უცნაური თვალებია, რაღაცას გავს... თუ ვიღაცას? ვაკვირდები... უცნაურია, ის მაინც რატომ არ ხრის თავს? რატომ მიყურებს ასე დაჟინებით? ვაკვირდები მის უცნაურ თვალებს და... უცებ ადგილზე ვქვავდები. _დედა... ამ ძაღლს დედას თვალები აქვს. დაჟინებით მომჩერებია დედას სევდიანი და წყლიანი თვალები... ცივ ოფლს მასხავს, თვალებს ვხუჭავ და ბოლო ხმაზე ვყვირივარ: _გთხოვ ნუ ჭამ, მაგაში წამლებია, გთხოვ მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... ჩემივე ყვირილი მაღვიძებს... სახეზე სისველეს ვგრძნობ, მიტირია... დედა, დედა... ვბუტბუტებ ჯერ ისევ ძილბურანში მყოფი, და ხელებს ვაფათურებ სიბნელეში, ტელეს ვეძებ... აი ისიც, ნომერს ვკრეფავ...
_ალო_მესმის ნამძინარევი ხმა, რომელიც მსოფლიოში Yყველას და ყველაფერს მირჩევნია
_დედა, მინდა იცოდე რომ ყველას მირჩევნიხარ, მაპატიე ასეთი ცუდი შვილი რომ ვარ
_რა გჭირს, ხომ მშვიდობაა?_მესმის შეშფოთებული ხმა
_კარგად ვარ დე, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ გესმის?
_რა დაგემართა?
_მიყვარხარ.
ტელეს ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ იმ იმედით რომ ასეთი რამ აღარ დამესიზმრება...
/მაია ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment