
ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნას და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს/
ნანელი ქალაქში იზრდებოდა,ზაფხულობით კი, მშობლებს დასასვენებლად მთისპირა სოფელში მიჰყავდათ. იქ ბებო ჰყავდა გოგონას, რომელმაც აგრძნობინა მას ლიტერატურისა და პოეზიის გემო. პირველად მისგან მოისმინა ნანელიმ, მთის კილო-კავით წაკითხული ლექსი და გულიდან ვეღარ ამოიძირკვა.
სოფელი მწვანედ შეფერილი გორაკების ძირას იყო.გოგონა ყოველდღე არბოდა სახლთან უფრო ახლომდებარე გორაზე,იქვე კედელჩაშლილი ციხის წინ,თეთრ ქვაზე ჩამოჯდებოდა და ხან თავისი საყვარელი პოეტის მსგავსად “ყურს უგდებდა წარსულის დუმილს”, ხან კი ზეპირად დასწავლილ ლექსებს უკითხავდა სოფელს. პასუხად მხოლოდ ძაღლის ყეფა და საქონლის ზმუილი ისმოდა.
ქალაქში ტირილით მიჰყავდათ.
მთელი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული ნანელი სიზმრად ციხიან გორას ხედავდა. დღისით კი, ისევ მეათედ, მეასედ უბრუნდებოდა მარვალჯერ წაკითხულს.
სახელი მთის ერქვა. მთის კილოც უყვარდა და სურდა მასაც ასე ესაუბრა. ლაპარაკობდა კიდეც, ოცნებებში, სიზმრებში..
ცხადი კი სხვაგვარი იყო. რეალობაში ე.წ “ასფალტზე გაზრდილ” ბავშვად რჩებოდა.
ერთხელაც გაბედა,
დაწერა..
სულგანაბულმა წაუკითხა სკოლაში კლასელებს და კინაღამ მიწასთან გაასწორა ტალღასავით გადავლილმა სიცილმა. თავისი ხელით ჩაყარა ურნაში ლექსის ნაფლეთები და აწითლებული გავარდა ოთახიდან. მაშინ ყველას ეგონა, რომ წერას თავი გაანება.
მერე, როგორც იქნა ისევ დადგა ზაფხული. ისევ ბებო, მისი წიგნების სამყარო, ციხიანი გორა..
“შენთვის რაღაც მაქვს”..
ბებომ სევდასთან აზიარა. მრავალჯერ გადაიკითხა, როგორ ებრძოდა სიმღერით წითელას სოფელი, როგორ იქცა კაცი მგლად და ბოლოს, როგორ აყვავდა ღვთისნიერი ადამიანი. მაშინ იგრძნო ნანელიმ, რომ ავტორის სახით მეგობარი შეიძინა, ისეთი მეგობარი, რომელიც მისი მარტოობის თანაზიარი გახდა და დაანახა, რომ ამქვეყნად არსებობდნენ სხვა მგრძნობიარე ადამიანებიც.
შემდეგ იმავე მეგობრის გადაღებული ფილმიც ნახა. ყოველ დილით, შეშინებული იღვიძებდა და მხარს ისინჯავდა, ხე ხომ არ ამოსდიოდა. ეს შიში, არც სურვილს იყო მოკლებული.
დიდხანსაც გაჰყვა.
ბავშვებთან იშვიათად თამაშობდა. ამხანაგები არ ჰყავდა. მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რა პრობლემები ჰქონდა ბავშვს, რატომ ვერ პოულობდა საერთოს თანატოლებთან. ხშირად აძალებდნენ, ჩასულიყო ეზოში, მაგრამ ნანელის თვალი მუდამ ციხიანი გორისკენ გაურბოდა და იქ განმარტოება ერჩია, ყოველგვარ გართობას. ბებოსაც ვერაფერი გაეგო, ამ უცნაურობის. ერთხელაც გადაწყვიტა, ეჩვენებინა შვილიშვილისთვის, თუ რა მძიმე ბარგია მარტოობა და მისცა წიგნი გოგონაზე, რომელიც ანატოლიის შორეულ სოფლებში გაექცა ახლობლების ღალატს. ნანელიმ კი ამ პერსონაჟში საკუთარი თავი იპოვა და უფრო ჩაიკეტა სულის კუნჭულებში. მაშინ უკვე 12 წლის იყო.
ზაფხულები ნელა გადიოდნენ. წელიწადის დანარჩენი სამი დრო კიდევ უფრო იწელებოდა. არ უყვარდა ნანელის ქალაქი, ის თითქოს ყველაფერს აუფერულებდა და აუფასურებდა, რაც მისთვის ძვირფასი იყო, მაგრამ მაინც მის ტყვედ რჩებოდა. გული სოფლისაკენ მიუწევდა, ჩვევები, მანერები და იერი კი ქალაქელის ჰქონდა და თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული. ერთი არ უშვებდა, ხოლო მეორე ბოლომდე ვერ ღებულობდა. ნუგეშად ისევ თავისი წიგნები მიაჩნდა.
ჰო, კიდევ ისიც, რაც ყველას ეგონა, რომ მიატოვა..
ქალაქმა მისდაგასაკვირად მაინც ბევრი მისცა. აპოვნინა მეგობარი, რომელიც თავის დროზე გაუნათლებელი მეზღვაური იყო და სიყვარულმა ცოდნის მწვერვალებზე აიყვანა. სწორედ მან გააცნობიერებინა ნანელის, რომ სირცხვილზე უნდა გაემარჯვა და ხელი არ ეკრა იმ პატარა ნიჭისთვის, რომელიც დაბადებიდან მისი ცხოვრების მეგზური იყო.
კიდევ, გააცნო ადამიანი, რომელიც უდიდესი ცოდვილი, სიცოცხლის ბოლოს წმინდანად გარდაიცვალა. მისი თანადგომით იგრძნო ნანელიმ, რომ უფლის მოწყალება უსაზღვროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონანიებით მასთან მივიდეს.
და სხვაც, უამრავი, უამრავი..
თუმცა ის პირველი მეგობარი, სევდიანი ადამიანი, რომელმაც პირველად ანუგეშა, მუდამ ახსოვდა.
ერთ ზაფხულს, მისი “მე” და მე” გაიცნო და გადაწყვიტა, მეგობარს პირადად შეხვედროდა, მაგრამ შემოდგომის მწურულს, სრულიად შემთხვევით, როგორც მორიგი ინფორმაცია, ისე გადმოსცეს ტელეეთერით..
არ იჯერებდა... საკუთარმა ცრემლებმა დააჯერა, რომ შეხვედრა საუკუნოდ გადაიდო.
მაშინვე გაემგზავრა სოფელში და ციხეზე ავიდა, რომ იქიდან მოეყოლა სოფლისათვის თავის ტკივილზე.
პასუხად ისევ მოისმა ძაღლის ყეფა..
საქონლის ბღავილი..
ამჯერად ნიავმაც ჩაიზუზუნა...
ნანელიმ ნიავს შეაგება მზერა და იგრძნო, როგორ დაეცა რაღაც სახეზე. ხელი მოისვა,
პატარა ყვავილი აღმოჩნდა.
“მიფრინავდნენ ყვავილები და აუწერელი სურნელება იდგა ჰაერში”
გულში სითბო ჩაეღვარა და გააჟრჟოლა:
“მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან…”
პირველად, სულ პირველად დაფიქრდა მაშინ, რომ სიკვდილით არ მთავრდება სიცოცხლე და მარტოობის ძებნა არ სჭირდება ადამიანს, რადგანაც სული ისედაც ყოველთვის მარტოა..
და ინატრა ნანელიმ, ხვალ, თუ ასი წლის შემდეგ, როცა სიკვდილის დღე დაუდგება,
ამ გორიდან,
ამ მთიდან მობერილი ნიავით,
(“ლემადით”),
მან წაიყვანოს.
მთელ საღამოს, მზის ჩასვლამდე იჯდა ციხესთან და მეგობარს გამოსამშვიდობებელი ლექსი მიუძღვნა. მერე, როცა შეამჩნია, რომ მის ფეხთით მიწა ატალახებული, ბალახი კი ნამიანი იყო, მოიწმინდა ცრემლები და ბილიკს ჩაუყვა გორაკიდან.
"შენ არ დაბრუნდი სიკვდილის მერე.."
-ვწერდი და თვალზე ცრემლი მდიოდა,
როგორ მინდოდა, ჩემთვის ყვავილი
რომ მოგეტანა საიქიოდან.
მე არშემდგარი შეხვედრა ჩვენი
როგორც ჭრილობა-ისე მტკიოდა
და მოველოდი იმედით, რწმენით,
ხმას მომაწვდენდი საიქიოდან.
ვერც უკანასკნელ გზად გაგაცილე,
ზამთარი იყო, ქალაქს სციოდა,
მოვრბოდი... როგორ დავიგვიანე!
მჯერა, მხედავდი საიქიოდან.
მახსოვს ობოლი გუდამაყარი
მარტოობაზე როგორ ჩიოდა,
იქნებ სჯეროდა, მასაც სჯეროდა-
დაბრუნდებოდი საიქიოდან.
გაივლის წლები, რამდენი ალბათ
და გული, სადაც ცეცხლი ღვიოდა
არ დაბერდება.. თუმცა, სიბერე
სხეულს მოუხმობს საიქიოდან.
და მჯერა, როცა ჩემი დროც მოვა,
მთით მონაბერი გრილი სიოდან
ჩემს წასაყვანად შენ მოხვალ, ჰო, და
ყვავილს მომიტან საიქიოდან.
.................
იყო ომი, გვალვა, ყინვა, გაფრენილი წლების დეკადა, დედამიწის ღერძიც კი გადაიხარა..
ნანელი დღეს,
უკვე მოხუცი ქალბატონია. ჰყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები ჯერ არა. მის ლექსებს ოჯახის წევრები შვილებს ასწავლიან.(ამაზე ბედნიერად ეღიმება). თვითონ ძალიან მხიარული, გულგახსნილი და ფუსფუსა ბებოა. ახლა უკვე სოფელში ცხოვრობს, ციხიანი გორის ძირას, სულ მთლად ჭაღარაა და მეხსიერებაც ხშირად ღალატობს.
მხოლოდ, ყოველ დილით, ახალგაღვიძებული რატომღაც მხარს ისინჯავს და ნიავსაც მუდამ გაუცნობიერებელი მოლოდინით შესცქერის, ყვავილი ხომ არ მოჰყვება.
/ნინო ჭინჭარაული/
2011
No comments:
Post a Comment