
ისევ მშია, უკვე ორი თვეა (არა,ვიტყუები- მეტიც იქნება) წიგნი აღარ წამიკითხავს. რა თქმა უნდა ახალი, თორემ ძველები გადაღეჭილი მაქვს და ზოგი ფრაზა რომელ გვერდზე წერია, ისიც კი მახსოვს. მეცოდება ჩემი წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიყვარს. გაქუცული ფურცლები, შემოხაზული გვერდები, ნაწერში ფანქრით მონიშნული ადგილები და გვერდის კიდეებზე დაწერილი შენიშვნები- ასე გამოვხატავ მათ სიყვარულს. ჰო, სულ დამავიწყდა, საჭმლის ნამცეცების გარეშეც როგორ იქნება? ჭამის დროს კითხვაც ჩემი გამოუსწორებელი ჩვევაა. მოკლედ, რაც მიყვარს, იმას ვერასოდეს ვუფრთხილდები.
ხანდახან, როცა ცხოვრებისეული სიძნელეების დროს რომელიმე წიგნში წაკითხული ფრაზა ამომიტივტივდება, ათასგვარი საფიქრალით გადაჭედილ თავში, ვგრძნობ ხოლმე, რომ მისი ავტორი ჩემს გვერდითაა. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ წიგნი მირჩევს მე და არა_პირიქით, რამდენადაც ბევრი მათგანი ისეთ საჭირო დროს მოსულა ჩემთან, როცა კარგი რჩევა მჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს მარტო მე არ უნდა მემართებოდეს, თუმცა ერთხელ ამ თემაზე ლექტორთან ჩემი კამათი, ლამის თმა- წვერის დაგლეჯამდეც მივიდა. ლექტორი ამტკიცებდა, რომ წიგნს არავინ კითხულობს და ვინც კითხულობს, ვერ განიცდის. ვერაფრით გავაგებინე, რომ ადამიანები ხშირად, მხოლოდ იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ და რომ მე კიდევ უამრავი მეგობარი მყავდა, რომელიც ზოგჯერ ტკივილამდე განიცდიდა იმ ყველაფერს, რაც დღევანდელი ახალგაზრდობისთვის უინტერესოდ ითვლება. ეს რატომ მოვიგონე? უბრალოდ გული მწყდება; თუ ჩუმად ხარ-ნულის ტოლი ხარ, თუ ხმას ამოიღებ_ამპარტავანი, ანუ, ამ თემაზე, შენზე ასაკით უფროსთან, მშვიდად ვერასოდეს დაილაპარაკებ. მოკლედ, მოვეშვები თავის მართლებას, თუ რატომ ვწერ ამ სტატიას და უბრალოდ სათქმელზე გადავალ.
სულ მახსენდება ერთი ფრაზა, სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში”_დან. კოლფილდი რაღაც ამდაგვარს ამბობს:_”თუ წიგნი კარგია, მის ავტორთან დარეკვა და საუბარი მომინდება”. არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ხშირად, მეც იგივე განცდა მეუფლება, თუმცა მარტო ამითაც ვერ ვკმაყოფილდები, ავტორის გაცნობა და მასთან მეგობრობაც მინდება. ეს ძალიან ხშირად არ ხდება, რადგანაც ერთხელ უკვე გამიცრუვდა იმედი ( პირადად გავიცანი ავტორი, მაგრამ იმდენად განსხვავდებოდა რეალური პიროვნება _ ნაწარმოებით დანახულისგან, გული დამწყდა). ასე, თუ ისე, მაინც ვაგრძელებ ხოლმე ოცნებას და საკუთარ თავთან, საყვარელი წიგნების ავტორებს ჩემს მეგობრებად მოვიხსენიებ. ყველაზე მძაფრად ეს მოხდა უბრალო მეზღვაურთან.
მე კარგად ვიცი,რომ ის, რაც ერთი ადამიანისათვის შესაძლოა ფეივერვერკად იქცეს, მეორესთვის იქნებ უმნიშვნელოდაც ჩაიაროს, მაგრამ ეს იმაზეცაა დამოკიდებული ვინ ხარ, სად და რატომ ხარ და რა გაღელვებს. რა ხდის წიგნს შენთვის განსაკუთრებულს? ჩემთვის სწორედ ეს_ რამაც კინაღამ შემშალა.: გემოვნების, ფასეულობების და იდეალების ასეთი დამთხვევა. არ ვაჭარბებ, “მარტინ იდენი” ჩემთვის, ყველაფრის თავის ადგილას დალაგების საშუალება გახდა. მახსოვს, ადრე, როცა მეგობარმა მირჩია მისი წაკითხვა და მითხრა_ ზუსტად საშენოაო, დიდად არ მიმიქცევია ყურადღება,რადგანაც ბევრი წიგნი მომწონს, მაგრამ “მარტინ იდენის” შემდეგ, წიგნის კითხვას ისეთ გემოს ვეღარ ვატან. ვეღარ ვუძლებ, ვეღარ აღვფრთოვანდები.
სხვა წიგნი ვერ სწვდება მის ემოციას. მგონია, რომ უმაღლესი აღტაცების მწვერვალს მივაღწიე და მის იქით აღარაფერი ჩანს ( თუმცა გონებით ვხვდები, რომ ასე არაა). ჯერ-ჯერობით, სხვა წიგნები ჭიანჭველებივით ჩანან ამ მთიდან, ზუსტად ისე, როგორც მისტერ იდენს ეჩვენებოდა ცოდნის მწვერვალიდან რუთი!
რა იყო ამ წიგნში განსაკუთრებული? ვიღაცისთვის ეს თემა ბანალურია, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის საკუთარი აზრებით ვცხოვრობდი და არასოდეს მაინტერესებდა იმ ადამიანთა აზრი, რომლებისთვისაც ყველაფერი მოდის ჭრილში იზომება. ამ წიგნმა მე იმ დროს შემომიღო კარი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა პასუხი. მე ვარ ადამიანი, რომელიც თავისი იდეალებით ცხოვრობს და თუმცა ზოგჯერ ისინი უაზრო პრინციპებშიც გადამდიოდა, მაინც მოვახერხე და რაღაც ეტაპზე დავალაგე საკუთარ თავში ყველა ღირებულება. მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი მედგა, ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა. ის, რისიც მწამდა, რა სულისკვეთებაც მქონდა და რისი მიზეზითაც არ მძულდა საკუთარი თავი, შესაძლოა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი აღმოჩენილიყო. არ ვარ ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დედინაცვალივით ექცევა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ბევრჯერ წავქცეულვარ და მტკენია? მაშინდელი ტკივილი განუმეორებელი მასშტაბების იყო.
კიდევ? კიდევ მეშინოდა, ძალიან მეშინოდა იმ ყველაფრის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. იმის აღიარებისაც მეშინოდა, რომ მე ის მსურდა. მრცხვენოდა გესმით? მრცხვენოდა მეთქვა, რომ მე სუნთქვა მჭირდებოდა!
ის ამას არ იმსახურებდა, ის ღირსი იყო აღიარების! მეგონა მარტო მე ვიყავი ის სულელი, რომელიც მას უფრთხილდებოდა. სხვები მასზე დაუფარავად ლაყბობდნენ, საკუთარ თავზე ირგებდნენ წაღმა_უკუღმა, სახელის მოპოვების მიზნით გვატენიდნენ კიდეც ადამიანებს!
Mმე კი ვმალავდი და თავადაც ვემალებოდი მას. რაც ძვირფასია შენთვის, ის გენანება სხვასაც გაუზიარო.
ასე შემოიჭრა( ვიხმარ ამ გაცვეთილ ფრაზასაც, რადგანაც საუკეთესოდ გამოხატავს სათქმელს) ჩემს სამყაროში ჯეკ ლონდონი თავისი მეორე “მე”-თი.
Mარტინ Eდენ
M……..E
და ეს “მე” იყო არამარტო მისი, არამედ ჩემიც( და ალბათ კიდევ ბევრის, თუმცა ამაზე მათ თავად ილაპარაკონ). მეგონა, რომ მწერალი ჩემს სულში ჩასახლდა, ყველაფერი გაშიფრა, ინფორმაცია წამართვა და ფურცლებზე გადმობერტყა. მე სასწაულის მომსწრეც გავხდი, წავიკითხე ის, რაც არაერთხელ მითქვამს.
ჩუმად,
ჩემს თავთან,
დღიურთან
და არცერთ მეგობართან.
როცა მარტინის “ზღვის სიმღერები” დაამახინჯეს, მე მასთან ერთად ვიტანჯებოდი..
როცა მას არავინ პატიჟებდა სადილად, მეც მასთან ერთად მშიოდა..
როცა მან სიკვდილი გადაწვიტა, მე მასზე ადრე მოვკვდი..
მან ჩემი შიში თან წაიყოლა, მაგრამ თავად ჩემში დარჩა. მე კი მასში
ვაჟა ფშაველამ თქვა ილიას საფლავზე “იდეის მოკვლა შეუძლებელია”. იქნებ ცუდი შედარებაა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მარტინ იდენიც იდეა იყო, რომელიც ამდენი საუკუნის ჩემდეგ ჩემშიც ჩასახლდა.
Mამის მტკიცედ მჯერა, რადგან, როცა ამ წიგნს ვშლი, ასე მგონია სარკეში ვიხედები და სულაც არ მანაღვლებს ისიც, რომ ავტორი აღარ არის ცოცხალი. ის ჩემშია, მე კი მასში. ის ჩემი მეგობარია, ჩემი იდეაა.
და ეს ბედნიერებაა! გაიგეთ და შეიგრძენით ყველამ, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაქციათ უსულო მატერიად ტექნიკის განვითარების საუკუნემ.
ბედნიერებაა, როცა ათასწლეული იდეას ვერ კლავს, მიზანს ვერ კლავს, ფასეულობას ვერ კლავს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა მეფე ხარ, მონა, გენიოსი თუ უბრალოდ მოკვდავი, რომელზეც არასოდეს არავინ სტრიქონს არ დაწერს.
/ნინო ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment