Thursday, May 26, 2011

“ეშმაკი ჩვენს სულში” (ციკლიდან-ჩემი სამყარო)


"მე ვიცნობ იმას ყრმობის წლებიდან,
როცა პირველი ვნახე სიზმარი,
ახლა ზურგსუკან მესმის ფეხის ხმა
და მეყვსეულად ვამბობ:-ის არის!
ამგვარად,ჩემს სულს ცხადშიც და ძილშიც,
შერჩა უცნობი სამყაროს შიში"

-ასე აღწერს ავტორი,თავისი ერთერთი პერსონაჟის-ომერის სიტყვებით ეშმაკს,რომელიც ყველა ჩვენგანის სულშია და უმატებს-"ყოველ ადამიანში არის ანგარება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მორალთან. იგი თვითონ აფასებს მოვლენებს და თითქმის მუდამ გამარჯვებული გამოდის”.
პირველი, რაც ამ წიგნის წაკითხვისას აზრად მომივიდა ის იყო, რომ ადამიანის აზროვნება საუკუნეთა განმავლობაში არ იცვლება. რომანის დასაწყისში, მთავარი პერსონაჟები ფილოსოფიის ფაკულტეტის უფულო სტუდენტები არიან( რა ნაცნობია, რომლებიც მსჯელობენ ადამიანებზე, სამყაროზე და ერთმანეთს ეკამათებიან იმის შესახებ,თუ რაა მთავარი ამ ცხოვრებაში. ომერს მიაჩნია, რომ მთავარია იყო,პატიოსანი და სუფთა გულის, როგორც-ბავშვი. “ განა შეიძლება ადამიანს აწუხებდეს იმაზე მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე საკუთარი აზრები, უიღბლობა,შიში და ნაკლოვანება?” ომერი პოეტია და ორმაგად განიცდის ცხოვრების ავ-კარგს. მეგობარი კი, უმტკიცებს, რომ ფუჭია მისი “ფრენა” და მიაჩნია, რომ სამყაროს მართავს ის, ვისაც ფული და ძალაუფლება აქვს. ომერს ხანდახან ეშინია კიდეც ნიჰადის აზრების.
ყველაზე მეტად, რითიც გამაოცა ავტორმა, ის არის, რომ მთელ რომანში არ არის მკვეთრად გამოხატული დადებითი გმირი. ყველას აქვს თავისი ნაკლი, რაც გაჯერებს მკითხველს, რომ აქ ადამიანის ნამდვილი სამყაროა ასახული. საბაჰათინ ალი ღრმად წვდება თავისი გმირების პიროვნებას.
ისტორია აგებულია ომერისა და მაჯიდეს სიყვარულზე. ომერი მას გემზე შეამჩნევს და ხვდება, რომ გოგონას სახე ახსოვს და მის არსებაშია აღბეჭდილი. თუმცა იქვე ირკვევა,რომ მაჯიდე მისი ნათესავია და ამის გამგონე ნიჰადი თანაგრძნობით ეუბნება ომერს-“რაც უფრო დიდი და უჩვეულო საქმის აღმოჩენას შეეცდები,მით უფრო პროზაულსა და უბრალო ამბებს შეგახვედრებს ცხოვრება”.
მაჯიდე ჩუმი,უთქმელი გოგონაა, რომელსაც დიდი მუსიკალური ნიჭი აქვს, მაგრამ ღარიბია და დეიდას კისერზე რჩება ოჯახში,სადაც ზედმეტ მჭამელად აღიქვამენ და მისი წყნარი ხასიათიც აღიზიანებთ. ოჯახის აღწერისას გამეცინა, იმდენი პარალელი გავავლე ბევრ ქართულ ოჯახთან და საერთოდ,ქართული ხასიათის ცუდ მხარეებთან. მათ გამუდმებით ის აშფოთებთ, რას იტყვის სხვა, საკუთარი პრესტიჟის საკითხი. “შიმშილით რომ კუჭი მიხმებოდეს, მაინც ვიტყვი-მაძღარი ვარ მეთქი!”-დეიდა ემინეს ეს სიტყვები არავის გეცნობათ?
ცხოვრება ძალიან რთულ გამოცდებს უწყობს მაჯიდეს( პერიოდულად მთავარი გმირის ადგილს წიგნში მაჯიდე იკავებს), ეღუპება მამაც და ნუგეშისმცემელი მხოლოდ ომერია,ბიჭი-რომელიც სულ ერთხელ ნახა. აქ ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტია ის, როდესაც ბიჭი ჩუმად მიყვება გოგოს გვერდით, სურს რაღაცით ანუგეშოს,მაგრამ ხვდება,რომ სიტყვები ზედმეტია და როდესაც სახლამდე მიაცილებს, მაჯიდე მას მადლობას უხდის ამ სიჩუმისთვის.
მაჯიდეს დეიდა სახლიდან აგდებს და ისიც, ყოველგვარი დრამატიზირებისა და წინააღმდეგობების გარეშე ხდება ომერის ცოლი. უბრალოდ, სახლში გაჰყვება მას. ამის შემდეგ რომანში ლამაზ ლირიულობას ცხოვრების მახინჯი მხარეები ცვლის.
ახალდაქორწინებულებს უჭირთ სოროსავით ბინაში ცხოვრება. ძლივს გააქვთ მწირი ხელფასით თავი. ამას მაჯიდეზე მეტად ომერი განიცდის. იტანჯება, რომ ზოგს ყველაფერი აქვს, მას კი-არაფერი. ისევ ეჩვენება, რომ ეშმაკი აიძულებს მას, გაჭირვების გამო ცოდვა ჩაიდინოს და ერთხელაც იპარავს ქალის წინდას, რომელსაც შემდეგ, შეშინებული ქუჩის კუთხეში ტოვებს. მაჯიდე ყველაფერს ითმენს და ცდილობს ქმარი ანუგეშოს, თუმცა ომერი გულისნადებს მხოლოდ ერთ-ერთ თანამშრომელს, მოხუც მოლარეს ანდობს, რომელიც მას ხშირად ეხმარება.
სწორედ ამ დროს ჩნდება ომერის მეგობარი-ნიჰადი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს მის უბედურებაში. ნიჰადი თავის საეჭვო რეპუტაციის მქონე ძმაკაცებთან ერთად ეხვევა პოლიტიკურ საქმიანობაში და ომერსაც ითრევს იმ პირობით, რომ ფულს აშოვნინებს. მაჯიდე თავიდანვე გრძნობს ამ ყველაფერს, მაგრამ ქმარს არაფერს ეუბნება( ფიქრით-შეიძლება ვცდებოდეო) და ეჭვებით იტანჯება. მიუხედავად იმისა, რომ ომერი მეგობარს თანხმდება დახმარებაზე, განიცდის, მის გარშემო მყოფი ადამიანების მლიქვნელობას და არაკაცობას. “ ბრმა ფანატიზმის და პრიმიტიული დემაგოგიის ანკესზე მხოლოდ გულუბრყვილო ან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ადამიანები ეგებიან”- უმტკიცებს ის თავისთავს, ან-“ რა არის მსოფლიო? განა არსებობს უფრო დიდი სამყარო, ვიდრე ჩემი საკუთარი თავი? ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქვს და ეს სამყარო თვითონ არის!” ხოლო ახალგაზრდა პოლიტიკურ აქტივისტებს, რომლებიც მხოლოდ “მოარულ ძეგლად გადაქცევაზე ფიქრობენ” ასეთი სიტყვებით აკვირვებს:_”ნუთუ იმედი გაქვთ, რომ თუ ახალგაზრდობისას ილაყბებთ, შემდგომი ცარიელი და ბინძური ცხოვრება გეპატიებათ?” – და ამ ადგილას მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი ჩემი საყვარელი წიგნების სათავეში მოექცეოდა, რადგან ჩემს საფიქრალსაც ახმოვანებდა. ეს ალბათ მხოლოდ დიდ მწერლებს ეხერხებათ_საუკუნეებით დაცილებულ ადამიანთა გულებში ჩაძრომა.
წიგნში ერთი -ჩემი აზრით, ყველაზე დადებითი( და ჩემთვის საყვარელი) პერსონაჟი ჩნდება: ბედრი.. ახალგაზრდა პიანისტი, რომელიც ოდესღაც მაჯიდეს მასწავლებელი იყო, მისი ნიჭი შენიშნა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, რაც მოსწავლე-მასწავლებლებმა მოწონებად ჩაუთვალეს და მათი აგორებული ჭორების გამო, ის იძულებული გახდა, სკოლა დაეტოვებინა. მაჯიდეს დამ ას კი ერთმანეთის მიმართ უხერხულობის განცდა დარჩათ. მეორედ ის ჩნდება ერთ-ერთ ვულგარულ საღამოზე, სადაც ომერს მიჰყავს ცოლი. ბედრი ერთადერთი ადამიანია, ვინც მაჯიდეს მსგავსად იმ საზოგადოებას ვერ ეგუება. “ არიან ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ყველაზე დიდი რამ მხოლოდ ძალაა, რომელსაც თაყვანი უნდა სცე. ესაა კლასი, რომელიც უკვე მიხვდა თავის განწირულობას. ისინი ყვირიან, ღრიალებენ და თუ ოდესმე მიაღწევენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მას ყველაზე ველური საქმეებისთვის გამოიყენებენ. მაგრამ, ბოლოს ისტორიისა და ცხოვრების მარადიული კანონები მათაც უღებს ბოლოს. “ არაჩვეულებრივი სიტყვებია!
ომერი ცოლს უყურადღებოდ ტოვებს, რითაც ათას არაკაცს უხსნის გზას მისკენ. აქ ჩნდება მათ შორის ბზარი. ბედრი ყველაფერში ხელს უმართავს მათ, ფულსაც აძლევს, ომერი კი მასზე უსაფუძვლო ეჭვიანობას იწყებს.
ყველაფრის პიკი ჩემთვის იყო იქ, როდესაც ომერმა( ნიჰადისგან შეგულიანებულმა) ბოლოს და ბოლოს გადააბიჯა სინდისს და მოხუც თანამშრომელს შანტაჟით დიდი რაოდენობის თანხა გამოსძალა. საკუთარ მეგობარს და ჭირის თანაზიარს! აქ ყველაზე უკეთ აჩვენა მწერალმა, რომ ნებისმიერი კეთილი ადამიანი შეიძლება იქცეს ბოროტად და ის თვითონ აკეთებს არჩევანს. ეშმაკი, რომელსაც აბრალებდა პერსონაჟი ყველაფერს,( უკვე ციხეში) ომერი ხვდება, რომ ის მის სულში არ არსებობს და თვითონაა დამნაშავე. მხოლოდ ბავშვის სისუფთავე ვერ გადაარჩენს მას. ის ახალ ცხოვრებას იწყებს, მაჯიდე კი ამ ყველაფრის გაგებამდე( იმისაც, რომ მისი ქმარი მეძავთან იწყებს სიარულს) წერს მისთვის წერილს, სადაც ემშვიდობება.
_ჯობს დაივიწყო,ვიცი ძნელი იქნება მაგრამ..
_ მე უკვე დავივიწყე ომერი..-, ამოიღებს უბიდან წერილს მაჯიდე. ის და ბედრი ერთად მიდიან მომავლისკენ. ერთად იქნებიან?-ეს კითხვა აღარ გამჩენია, სერიალი ხომ არაა..
საბაჰათინ ალი ჩემი საყვარელი მწერალია. ამ წიგნმა ერთ კვირაში იმდენი რამ მასწავლა, რაც შეიძლება წლები დასჭირდეს ადამიანს. ბოლოს კი, მთავარი, ჩემეული დასკვნა გავაკეთე:

“ ყველა ადამიანი ერთიდაიმავეს ეძებს, უბრალოდ მათ არ იციან ეს!”

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment