Showing posts with label მაიკო ჭინჭარაული. Show all posts
Showing posts with label მაიკო ჭინჭარაული. Show all posts

Saturday, February 26, 2011

დევის ქალი


ჩემ წინაპარი ჩიოდა,
დავიდე წყევლა,ბრალიო,
ცხენით მომავალს გავაზედ
მამიჯდა დევის ქალიო,
სხვაგვარად შამამხენავდა,
კოჭებს სწვდებოდა თმანიო,
ვიცოდი ბეჩავს მამკლავდა,
მკლავსა მივეცი ძალიო,
თავს შავუძახე-გამაგრდი,
პაპკიაური ხარიო!
ავსული ქალის კერძადა
არ გაიხადო თავიო,
დავეტაკენით ერცხვასა,
ქვებმა გაიღეს ჩქამიო,
მახრჩობდა,მიაც ვახრჩობდი,
წუთად გადმექცა წამიო,
იმარჯვა კაცის ძალამა,
ბოლო დაუდგა ჟამიო,
მაასწვრა სიკვდილის წინა,
ავად აკვესა თვალნიო,
-ნუმც იხარებენ დღეიდან
შენის გენების ქალნიო!

მაიკო ჭინჭარაული

Tuesday, October 26, 2010

ხანდახან მინდა

ხანდახან მინდა სიგიჟით
გარემო ავახმიანო,
ხანდახან ქვეყნად გაძლება
მე აღარ შამიძლიანო.
ავიღებ კალამ ფურცელსა,
არც რა არ გამამდიანო,
ჩემის ხელიდან ნაწერო
მებრალვი ლექსო ტიალო.
გულის ნადების გამათქმა
კარგად არ შამიძლიანო.
ბეჩაო ადამიანო,
დიდგულავ,მოკლე დღიანო,
"პატარას" ჩაგვრის მოსურნევ,
"დიდებთან" თავაზიანო,
უსამართლობით წინ წასვლა
იოლად გამაგდიანო.
სხვისი ცხოვრების მწიხვლელსა
კარგი რა დამართნიანო?
მაგრამ ერთი ვერ გავიგე
ცუდს კარგი რათა ჰქვიანო?
ვწარამარაობ რითმებით,
თითქო მავიფხან გულასა
ამ ქვეყნად საფიქრ-სადარდელს

ნეტა რა ამასწურავსა?


მაიკო ჭინჭარაული