
“რუხი_შავი ღრუბლებით დაფარულ ცას ისეთი შემზარავი ფერი ედო, გარეთ გასვლა ადამიანს ცუდ გუნებაზე დააყენებდა. ასეთი ცა აქამდე ჯერ არასდროს მენახა. თითქოს ვინმე, უბედური ადამიანის განცდები მასში არეკლილიყო და მთელი ქალაქისთვის სურდა, დაენახვებინა.
შემოდგომის ბოლო თვე მთავრდებოდა, ულამაზესი ფერის ფოთლები ქუჩას ხალიჩასავით მოფენოდა. ჩავიცვი. კიბეებს ჩავუყევი, ცოტა გავიარე ვიწრო და ბურუსში გახვეული ქუჩები, გავედი მთავარ გზატკეცილზე და გამოფენის აღმართს ავუყევი. იქაურობა ულამაზესი ნახატებით იყო სავსე. გადავწყვიტე რაიმე ნივთი ან პორტრეტი შემეძინა. ვათვალიერებდი ტილოზე გადმოცემულ ნახატებში ჩადებულ ემოციებს, ჩემდაუნებურად ნახევარი გამოფენა უკვე გამევლო და მივხვდი, რომ ეს ნახატები უკვე სადღაც მენახა. არცერთმა ტილომ და პორტრეტმა ჩემში ის ემოცია არ გააღვიძა, რაც საოცარი ვიოლინოს დანახვისას განვიცადე. ავიღე ხელში და თითქოს ვიოლინო თავისი უიღბლო და ტანჯვით აღსავსე ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა. ვნახე მისი მომტვრეული გვერდი, ეს ჭრილობა თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ვიოლინოსთვის დიდი დაღი აღმოჩნდა, რაც მთელ მის ცხოვრებას ლაქად დააჩნდა. მის უკანა მხარეს წავიკითხე ციფრები 333. უეცრად საოცარი სამყაროდან გამოვედი, როდესაც მოხუცის ხმა მომესმა,რომელმაც თქვა:-ეგ მისი ფასიაო.იმდენად მომეწონა ეს ვიოლინო, მისი ყიდვა გადავწყვიტე. ჩავიყავი სასწრაფოდ ჯიბეში ხელი, მაგრამ მხოლოდ 330 ლარი აღმომაჩნდა. ეს ჩემი ერთი ტილოდან აღებული ჰონორარი იყო. ამ თანხას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამით უნდა მეცხოვრა, სანამ მეორე ტილოს გაყიდვას შევძლებდი, რაც თითქმის ნახევარი წელიწადი გაგრძელდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, მეყიდა ეს ვიოლინო. სამწუხაროდ, დიდი თხოვნის შემდეგაც კი, მოხუცმა ვიოლინო არ დათმო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე ლარი დამაკლდა, მეტი კი ჩემს ძალებს აღემატებოდა.
ვიოლინოს განცდები ჩემი ცნობიერებიდან გაქრა და ამის მიზეზს მაშინ მივხვდი, როცა ის ვიღაც უცნობმა იყიდა.
ეს ყველაფერი ისეთი სიცხადით და სწრაფად მოხდა, გონს რომ მოვედი, ჩემს საძინებელ ოთახში ვიყავი. თვალებს ვიფშვნეტდი, რათა გამერკვია, ეს ჯადოსნური ამბავი ცხადში მოხდა, თუ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
როგორც ყოველთვის, ავდექი, სიგარეტს მოვუკიდე. მაინც იმ სამყაროში ვიყავი, იმ საოცარ ვიოლინოსთან. ფინჯანი ყავის შემდეგ, ჩემდაუნებურად ავიღე ფუნჯი და ასე, სამი დღე და ღამე გაუჩერებლად ვხატავდი. როდესაც მოვრჩი, გონება დავკარგე. საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა. დავხედე საათს, 3:33 წუთი იყო. ამ ციფრმა თითქოს რაღაც მომაგონა და მივხვდი, რასაც უკავშირდებოდა ციფრი-333. საოცარი სისწრაფით წამოვხტი და ჩემი გაოგნება მაშინ უნდა გენახათ, როცა ტილოზე გვერდმომტვრეული, ძველი, მაგრამ საოცრად ლამაზი ვიოლინო დავინახე.”
რამოდენიმე თვის შემდეგ, ეს ტილო გაიყიდა. ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ შეიძინა და გაგიკვირდებათ, მაგრამ-333ლარად. მას შემდეგ გავიდა 5 წელიწადი. მხატვარი უეცარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, მისი უსაყვარლესი ტილო კი, ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა. დღეს კი, ეს ტილო 333 მილიონადაა შეფასებული.
//ირინა ჭინჭარაული/
genacvaleeeeeeeee chemi nichieriiiiiiiiii:*:8
ReplyDelete:*
sheni masciiii::*:*
ReplyDelete