Thursday, March 10, 2011

როგორ ვისწავლე ღიმილი


ნაცნობი,უცნობი სახეები ირეოდნენ ერთმანეთში. იღიმოდნენ.. ერთნი რძისფერ მინანქარგადაკრულ კბილებს აელვარებდნენ,მეორენი ნაკლებ მიმზიდველს,თუმცა როგორი განსხვავებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ერთიმეორისგან, ღიმილი ყველას აერთიანებდა. მათ შემყურეს მახსენდებოდა მავანის ნათქვამი “თბილისს ღიმილი აკლიაო” და მეცინებოდა ამ ფრაზის უსაფუძვლობაზე.
საინტერესოა, უხსოვარ დროში ადამიანი როგორ მიხვდა, რომ ღიმილი სიხარულს და კეთილგანწყობას გამოხატავდა? ასეთი ფიქრით მივყვებოდი რუსთაველს და ვხედავდი უამრავ მომღიმარ არსებას, რაც მაიძულებდა მეფიქრა,რომ თუ ეს თეორია სწორია, ჩვენ მართლაც “ბედნიერი ერი” უნდა ვიყოთ. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირიც, რომელიც გვერდით მომყვებოდა, მაგრამ ის ცოტა სხანაირი იყო ,არ სჯეროდა თეორიების.
-იცი?,- მივმართე:-ღიმილი რომ საკვები ყოფილიყო, საქართველოში ამდენი მშიერი აღარ იქნებოდა!
-სწორია!,-დამიდასტურა:-მაგრამ უამრავი ავადმყოფი იქნებოდა, უხარისხო პროდუქტისგან მოწამლული..
ჩემი გმირი არ იღიმოდა. ის გულმოდგინედ აკვირდებოდა გამვლელებს და ხედავდა იმას,რასაც ჩვეულებრივ, გადაკრული მინანქარი მარტივად ფარავს ხოლმე. ზოგჯერ შემომჩიოდა,რომ უჭირდა ყველაფრის თავის თავში დატევა და მიზიარებდა.
-აი ეს,-ერთხელაც მიმანიშნა ყურებამდე მომღიმარ გამვლელზე:- ძალიან დიდ აღმართზე დგას და იმ მიწას ტკეპნის,რომელიც არაა საიმისო გზა. იტანჯება, მაგრამ სიამაყე არ აძლევს ნებას უკან გაბრუნდეს და სხვა გზა მოძებნოს..
-შეხედე ამას! ესეც აღმართზეა, მაგრამ რადგანაც უფრო ახალგაზრდაა, ყოჩაღად მიიწევს. წინ არანაირი მომავალი არ ესახება, მაგრამ ცდილობს ღიმილით სხვების სიბრალულს გაექცეს..
-ნახე მოხუცი! დაღმართის პირას დგას, მაგრამ ეშინია და იღიმის..
-რისი ეშინია,სიკვდილის?
-არა, სიკვდილის წინ მარტოობის..
ხალხი ისევ ირეოდა ერთმანეთში. ამასობაში მეც გამიხუნდა ბაგეზე ღიმილი.
იქნებ მართალი იყო?
იქნებ მომღიმარი სახეების უკან ხშირად ტკივილი და იმედგაცრუება იმალება ხოლმე?
ჩემს გმირს დავაკვირდი:
-გაიღიმე, გთხოვ..
მეც მინდა დავინახო..
მეც მინდა ვიგრძნო..
მეც მინდა გამოვეყო ბრბოს და სინამდვილის ფასი ვისწავლო..
ჩემი გმირიც დაკვირვებით მომაჩერდა:
-მოდი რაღაცას მოგიყვები..
სამყაროში ყოველთვის არსებობდა აღმართები და დაღმართები. ადამიანებიც სხვადასხვა ბილიკებით დადიოდნენ,მაგრამ მათი გზები ოდესმე იკვეთებოდა, რადგანაც ცხოვრება მძიმეა და მისი მარტოდ თრევა წელში გატეხს ადამიანს. ამიტომ ბუნებრივი კანონი იყო, თუ ოდესმე ორი ადამიანი, თუნდაც სრულიად შემთხვევით შეხვდებოდნენ გზაჯვარედინზე, ისინი ერთმანეთის მოყვასნი ხდებოდნენ.
-მერე რა მოხდა?
-მერე?მერე ვიღაცას მობეზრდა სხვისთვის ცხოვრება და დახუჭა თვალები, რომ აღარავინ დაენახა. ამგვარად კი მისი შვილებიც, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც თვალდავსილნი მოევლინენ ქვეყანას. გამრავლდა შთამომავლობა. ახლა კი მითხარი,- გაიღიმა: -ხედავ რამეს?
უმწეოდ გავშალე ხელები. ჩემი გმირი ისევ მოიღუშა,მე კი სასოწარკვეთით გავაცნობიერე, დღეში რამდენჯერ ვიყენებ ამ “უხარისხო პროდუქტს” მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც კეთილად განვაწყო, ვიღაცის მიმართ აგრესია დავფარო,და ან სულაც იმიტომ, რომ ვიღაცას უბრალოდ ამის დანახვა უნდა.
დუმილით ჩავათავეთ ქუჩა და დაღლილები სკამთან შევჩერდით. ვინატრე ნამდვილი ღიმილის ნახვა, იმ ღიმილის, რომლის მიღმაც არ იქნებოდა შური, ბოღმა, სინანული, ტკივილი,სიცარიელე. ღიმილის,რომელიც მხოლოდ ღიმილი იქნებოდა თავისი ნამდვილი დანიშნულებით.
და დავინახე..
წრფელი ღიმილი,
გულიდან ამოსული,
ცოცხალი,
ისეთი, რომელიც თვალზე ცრემლსაც მოგაყენებდა და აღმართის სიმძიმესაც დაგაძლევინებდა.
მიუხედავად იმისა,რომ ის სუსტი და უმწეო არსება იყო. არაფერი გააჩნდა, მიწაზეც კი არ დაედგა ფეხი, და მან ერთი სიტყვაც კი არ იცოდა!
რატომღაც ჩემი გმირი მომაგონა მისმა ღიმილმა. დაფიქრებული გამოვბრუნდი და ისევ ჩამოვუყევი ქუჩას. ყველაფერი ძველებურად იყო, ადამიანებიც, ამინდიც. მეც ვიღიმოდი, ოღონდ..”ხარისხიანად”.
რადგან მივხვდი, ვისგან უნდა ამეღო მაგალითი,
რადგან, ვუცქერდი ადამიანებს და აღარ იყო ჩემთვის მინანქარი ბარიერი,

და აღარც გმირი მჭირდებოდა მეტად..


/ნინო ჭინჭარაული/


1 comment:

  1. ,,ხარისხიანი და უხარისხო” მომეწონა ძალიან...^_^კარგია...

    ReplyDelete