
ვერ გაგახსენე წარსული,
კითხვით მიცქერი-ეს როდის?
მე თოფისწამალს გაწვდიდი,
შენ მომხვდურს ტყვიას ესროდი.
ქავ-ციხეს წინ მკლავი ეკიდა,
აკვანში თვლემდა პატარა
და სახლის უკან ბექიდან
მოჩქეფდა მთების მათარა.
ხეობის წყაროსთვალები
ჭიუხებს თავზე იმხობდნენ,
შენ თორღვა იყავ კაი ყმა,
მე "ნინო ქალოს" მიხმობდნენ.
ახოში ფუძე დაგვედო
ხვითოთნაფერი ყანითა,
კოშკი-სიპი ქვით ნაგები,
სახლი ჭერხოზე ბანითა.
ეზოში ყეფდა ბომბორა,
ჭაღარა ბაბრის მომრევი,
ხმაშეწყობილად მორბოდა
ქვებზე არაგვის მორევი.
გულს აგრილებდა ჩერო და
მკლავებს ქანცავდა სათიბი,
შენ ტალავარი გშვენოდა,
მე-სადიაცო ქათიბი.
ხან ხატისკარზე შევდგამდით
ფეხს ძღვენითა და საკლავით,
მე ქადა-ხავიწს შევკრავდი,
შენ თაფლის სანთელს აკრავდი.
ხან მომიტანდი პირიმზეს,
ხან პერანგს დაგიქარგავდი,
ხან ვიცინებდით ქილიკზე
-სხვა ცოლ-ქმარს რატომ არ ვგავდით.
აქ მზის ტალღებზე ტყდებოდა
ცა,ბედისწერის თითებში
აქ სული განა კვდებოდა?
კვლავ ცოცხლდებოდა მითებში.
წავიდეთ!ის ხეობები
მთებს ახლაც თავზე იმხობენ,
შენ დღესაც თორღვა-კაი ყმას,
მე ნინო ქალოს მიხმობენ.
/ნინო ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment