Thursday, March 10, 2011

პოეტი (მიხა ხელაშვილს)


უკვე რამდენი წელია,ეს ბინდისფერი სოფელი
გაუტანლობის მაცილით უდროოდ ჩამოგებინდა,
მაგრამ პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი
და თითო რითმად,სტრიქონად, შენ საფლავიდან დგები და
ისევ თავიდან მიჰყვები შენი გოლგოთის აღმართებს,
ისევე გტკივა მოხუცი დედის ნატანჯი სხეული
და თუმცა იცი,სამშობლო უღმერთოს აღარ აღმერთებს,
დღესაც ნაცნობი მტერი ჰყავს სახრავად შემოსეული.
ღალატის,შურის მშობელი,ეშმა ზეიმობს მეფობას,
სულებში დახეტიალობს,გვიკარგავს სახეს ტიალი,
მიხავ,ქართველებს სირცხვილად შენი სიტყვებიც გვეყოფა:
"მე მამკლავს ძმისა მამკლავი,იქნება სახელიანი".
ისევ იჭრება ალალი სიტყვის თქმისათვის სამარე,
სიმართლე კაცი რომ იყოს,მასაც მძინარეს მოკლავენ,
მტრის სახელს ააწებებენ და ყვავ-ყორნების ამარა
გვამზე კი ინადიმებენ,თითებსაც გაილოკავენ.
მაგრამ,შორს-სასოწარკვეთა,შიშიც,შეგვინდობს უფალი!
ცოდვაზე მეტი შვილი ჰყავს დღეს საქართველოს ზვარაკად,
მიზნის დაკარგულ ბილიკებს იპოვნის ჭირისუფალი
და შენი საქმეც დარჩება ერში ლეგენდად,არაკად.
უკვე რამდენი წელია წაშალე დრო და მანძილი,
ვერ მოგერია მუხთალი და ბინდისფერი სოფელი,
სულგანაბული სტრიქონით დღესაც სიცოცხლეს აგრძელებ,
რადგან,პოეტი ლექსისგან ყოფილა განუყოფელი!

ნინო ჭინჭარაული
(2011)

No comments:

Post a Comment