Wednesday, September 7, 2011

ხევსური ქალი





რას შევადარო ხევსური ქალი?
მას შენი უდგას სული არაგვო!
მამაცი,
ფიცხი
და ბობოქარი..
მაგრამ საწუთროს საომარ ველზე
უჩაჩქანო
და უიარაღო..

/ნინო ჭინჭარაული/

Sunday, September 4, 2011

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს


კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

Saturday, September 3, 2011

ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ი





შავით და თეთრით ნაქარგო
ნისლის ყდიანო რვეულო
ფურცლებზე ეკალასხმულო
დარდო გულს შემოფრქვეულო
ცუდაის გამხარებელო
კარგის წამებას ჩვეულო
ზოგისთვის დასაფიცარო
და ზოგისთვისაც წყეულო
ხან ჭირხლო გაზაფხულისა
ხან ცეცხლო თოვლში რხეულო
ხან სიხარულის ტაძარო
ხან კოშკო ჩამოქცეულო
ბურუსო ყვავილოვანო
სამყაროს შემოხვეულო
ნათებავ ქვესკნელებისა
ზესკნელში ამოღწეულო
მახვილო სიყვარულისა
ღმერთისგან გადმოქნეულო_
წუთისოფელო ლამაზო
მძლეველო ზოგჯერ ძლეულო
ხან ლხინო ერთი წამისა
ხან ტანჯვავ ათასწლეულო!

Wednesday, August 31, 2011

ქალი,რომელსაც ვაჟა უყვარდა..


ბავშვობაში ეს საოცარი,ალბათ ბევრისთვის უცნობი ისტორია ამოვიკითხე ბებიაჩემის რვეულში. წელს ამოვიწერე და ჩემი ბლოგის მკითხველისთვის აქაც გადმოვიტანე. სამწუხაროდ,არ ვიცი ვისია ლექსი, გახსენებით კი,როგორც რვეულში ეწერა-"იხსენებს ნიკო სულხანიშვილის მეუღლე"

"ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა,ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს:-თქვენ მთაში ვერ გაძლებთ,მე კი ბარადო. როცა გარდაცვლილა ნინო,დებმა საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩააყოლეს.
"მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო" უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე. როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო,ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია."

არც ჩარგლულა დაგინახავს,არც ჩარგალის მთები,
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები,
განა მართლა,განა მართლა ვერ გაძლებდი ფშავში,
შენზე ნაზი ტირიფები ერწევიან ფშანში,
შენზე ნაზი პირიმზენი ქარაფებზე წვანან.
ნაზი ქალი ფშავის მთებში ვერ გაძლებდი განა?
რა ყოფილა სიყვარული,გულში ცეცხლად დარჩა,
სულ პატარა სიყვარული და უზომო ტანჯვა!
რა ყოფილა სიყვარული,გულში ჩარჩა თრთოლვით,
სულ პატარა გაზაფხული და უზომო თოვლი.
რა ყოფილა სიყვარული, რაღა დარჩა ბოლოს?
იმედები,იმედები,იმედები მხოლოდ!
დაუგვიდი ბანს და ერდოს,აუნთებდი კერას,
ყაისნაღით მოუქსოვდი წინდასა და პერანგს,
სტუმრისადმი შესახვედრად გააღებდი კარებს
და არაგვზე ჩაიყვანდდი იორღას და ხარებს.
გრძელ ღამეში ჭრაქის ნაცვლად აუნთებდი ბუხარს,
რა ყოფილა სიყვარული,ქალს გაქცევდა მუხად!
გულში არც კი გაგივლია მთის ცხოვრების შიში,
მასთან ერთად აიტანდი სიცივეს და შიმშილს.
დაუზრდიდი ობოლ ბალღებს,როგორც ღვიძლი დედა,
ჟინვალამდე ჩაჰყვებოდი შავჩოხიან მხედარს.
სიკვდილამდე არ ნახავდი მიტოვებულ თბილისს,
რა ყოფილა სიყვარული-იადონი დილის,
შეახვევდი ხინკლებს დიდრონს, როგორც თუშურ ქუდსა,
ღაჭაურას მუზარადში ჩაასხამდი ლუდსა,
სათიბს მაღლა აიტანდი,მერე სახნავს დაბლა,
ერთი კოცნა, ერთი კოცნა გაჰფანტავდა დაღლას!
გუთანს კვალში გაჰყვებოდი,აიქნევდი სახრეს,
რა ყოფილა სიყვარული,ვაი რად ვერ ნახე.
არც ჩარგლულა დაგინახავს, არც ჩარგალის მთები,
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები.
სამარეში ცრემლთან ერთად ჩაგაყოლეს ბოლოს,
იმედები,იმედები,იმედები მხოლოდ..
განა მართლა ,განა მართლა ვერ გაძლებდი ფშავში?
კლდეზე წვანან პირიმზენი, ტირიფები ფშანში.
შენ კი საფლავ გადაკარგულს ვეჯნისხევის ძირას,
ვაჟას სურათს ჩახუტებულს თვალცრემლიანს გძინავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გძინავს მძიმედ და ჩურჩულებ უკვდავების რომანს,
რა ყოფილა სიყვარული,ვერ წაშალა დრომაც.
დრო წასულა,გაურითმავს ჩარგლის ხევის ფარჩა,
დრო წასულა,ვაჟა დარჩა, სიყვარულიც დარჩა..
დრო წასულა, არ აცილებს ხმაშრიალი ხეთა
არაგვიდან თბილისისკენ ამხედრებულ მხედარს.
დრო წასულა ვით ჩარგლურა, წლებიც ისე მიდის,
რა ყოფილა სიყვარული,სიყვარული დიდი.!

Monday, August 29, 2011

უეცარი მოგონება


"ზაფხულის ერთ მზიან დღეს წინადღით დაკარგულ ხარებს დავეძებდი არხოტის მთებში. უეცრად შენ მომაგონდი ძვირფასო.. და ეს სტრიქონები ბროლით სიპზე მივაწერე იქვე. ახლა სადა ხარ, ძვირფასო, ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულო..
ჰო, მართალია: ხარები კი ვიპოვნე!..
"/გ.ჯ/

ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად:
ჭაბუკს პირველად მიყვარდი(გახსოვს?)
და ყმაწვილური გიძღვენ შაირი.

ო, ის შაირი..
იმგვარი განცდით,
ისე გულმართლად და მიწიერად
(რომ სიჭაბუკის დღეებსაც გავცდი!)
მე სხვა დროს ლექსი არ მიწერია..

გიძღვენ შაირი და მოწიწებით
წერილს საშენოდ ვუთხარ მშვიდობა
ზედ ჩემი გული შემოვაწებე,
მე ოდენ ურვა დამრჩა,ვით ობოლს..

ველოდი პასუხს..
ასე ლოდინი
მხოლოდ ბალღს ძალუძს, ალალს, გულმართალს,
თან თრთოდა გული, როგორც ცოდვილი
და რკენა ჰქონდა მზარავ გუმანთან..

მერე მე მითხრეს: იმ ლექსზე თურმე,
ლექსზე-ეს გული რომ ახლდა მყოლად,
ბევრი იცინე,
ბევრი იხუმრე
და სამასხაროდ აიღე ყოვლად..

მითხრეს..
დავეცი დასეტყვილივით
და ჩემს წმინდა ცრემლს მიწა ირევდა..
მხოლოდ ბალღს ძალუძს ასე ტირილი
(ახ,რარიგ ვნანობ,რა მატირებდა!)

ო, დიდხანს მიწა ცრემლით ვასველე..
ეს წინათ იყო( თარიღი მიჭირს!)
შენ ნებიერი იყავ ასული,
მე- მიამიტი ხევსურის ბიჭი.

შემდეგ დავშორდით,
შმაგ სევდას გავცდი
(იხდიდნენ წელნი წელთა წინ ჩალმებს)
შენ შეუმჩნევლად დადედაკაცდი,
მეც ჭაბუკობას გამოვესალმე.

ეჰ, ის ვნებებიც ჟამმა დაფარა,
კვლავ მარტო დავალ,კვლავ ყარიბი ვარ,
ვიტყვი გულწრფელად: მე იმდაგვარად
ალბათ სისკარიც არ მყვარებია.

და ახლა ,როცა ერთურთს ვაწებებ
იმ მოგონებებს თრთოლვით ფარულით,
მე გაურკვევი გრძნობა მაწვება,
ეს სევდა არის, თუ სინანული?!

მხოლოდ, ამ გულში დაცინვა (გახსოვს?)
შენი დაცინვა დაღად დაიარს..
ამ მთათა შორის, ამ კლდეთა ახლოს
დღეს მომაგონდი რაღაცნაირად.

იქნება სჯობდეს


რაა საჭირო... რომ გაქრეს ღამე...
სიცოცხლისათვის, რაა საჭირო...
ო, სიყვარულო, მითხარი რამე,
სიკვდილს რარიგად გადაგარჩინო...
იქნება სჯობდეს - არ ჰმზერდე ტირილს,
არ ნახო, რწმენის გზა ვით გადახმა.
იქნებ, სჯობს, ღრუბლის შეგიკრა ტივი
და გაგისტუმრო მიწის გადაღმა...
მითხარი, იქნებ, ჩემთან ხარ ფუჭად,
იქნებ, გაღონებ, უფლის ტარიგო...
...იქნება სჯობდეს, ავუყვე ქუჩას -
ნაპოვნ განძივით ჩამოგარიგო...

შენობა,სადაც კლავენ პოეტებს


ქალი,რომელიც სარკმლიდან მიმზერს
მე ვარ,თუ ჩემი მწუხარე ასლი?
და სახიფათო კაეშნის მიზეზს
რატომ მიმძაფრებს ინესსას ვალსი?
ან რად მივყვები ნაწვიმარ ქუჩას
თვალებდათხრილი ორიონივით,
ნაავდრალ სივრცეს ბოლო არ უჩანს
და ვკოჭლობ ლორდი ბაირონივით.
რა უხარიათ ნეტავი სვავებს,
ოდეს კორტნიან ამაყ პრომეთეს?!
ვუახლოვდები მაჩაბლის ცამეტს,

შენობას,სადაც კლავენ პოეტებს!


/თინათინ მღვდლიაშვილი/

Saturday, August 27, 2011

მწუხარება შენზე


მე გარს მეხვევა მუდამ იგივე-
შენს მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე,
ხალხს მოვშორდები,მაგრამ ღამეებს
სად დავემალო,სად წაუვიდე?
ღვინით თასები ისევ ივსება,
ისევ მევსება დარდით თვალები,
შორით მოისმის ყრუ ტაშისცემა
მაგრამ, იქ ვისმე შევებრალები?
მე ვიხდი ნიღაბს!
მომგვარეთ რაში!
შენთან! ნუგეშთან!
ო, ჩქარა,ჩქარა!
მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,
დიდება,
ცრემლი,
ღელვა,

მუქარა..


/ გ.ტაბიძე/

***


ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.

***(ჩამი`ფარ ალბათ,პირბადეებ)


ჩამი`ფარ ალბათ,პირბადეებ
თებულომ,ქაჩუმ,
დაცარელა`დ თურ მთელ სოფლები-დ
თუშეთიც დაჩუმდ.

ჩამი`ტირ,ალბათ, მაკრატელ`მ,
სონეხმა-დ დიდრუვმ,
მზე ამოვიდოდ, სხივებს მა`ფენდ
მთელ თუშეთს მდიდრულს.

ჩამი`ბერტყ, ალბათ, ტან-კალთა`ებ
ცირცელმა-დ არყმაც,
თუშურა`ებიც მი`მარაგებდეს
დიდ შეშის აყარს.

უდერა` ვიფიქრ, მეტა` ბევრ აზრ
ავყარე-დ ჩავყარ,
მაგრამ ჩემ რჩენილ დღეები-დ თუშეთ
ერთკვადს ვერ გავხყარ.

ფიქრით ი`ქ დავჯედ პატარზლადა
ი`ქ მივიღ მაყარ,
ი`ქ დავრეცხ მატყლი-დ გავაზდ, დავძახ
უცვეთელ ბაწარ.

ბევრ ვეცად მეტა`
უდერა`იღ ავყარე-დ ჩავყარ,
მაგრამ ჩემ თუშეთ ჩემ ხვალყოფას
ვერა-დ ვერ გავხყარ.

Thursday, August 25, 2011

"ჩვენ მაინც ხევსურები ორთ “



"ხევსური ყველა ვერ იქნება,
ის წოდებაა
და უნდა დაიმსახურო
".
/ქეთევან გოგოჭური/

აი ის ხევსურები ორთ,


დრომ რომ ვერ შერყვნა გენია.

ქებული წინაპრები გვყავს,

სამასი არაგველია.



ჩვენ ბარშიც ხევსურები ორთ,

თოფებით, ხმლებით, ფარებით.

საქართველოვ შენს მოშუღლეს

მკერდებით ავეფარებით.



ჩვენ ყველგან ხევსურები ორთ,

ქვეყნის კიდიდან კიდემდე,

თუ გინდ გაგვწირე იღბალო,

ფეხებზე დაგვიკიდებდე.



სახელად ხევსურები ორთ,

კოშკნი ნაგები ლოდებით.

ჯიშით ბევრია ხევსური,

მაგრამ ცოტაა წოდებით.



და მაინც ხევსურები ორთ,

ამაყები და ლაღები.

წუთისოფელმა ჩვენ გულებს,

ვერ დაამჩნია დაღები.




ლადო ჭინჭარაული
18.07.2010 (თელავი)

მუხამბაზი


წლევანდელი "ხვარამზეობის" ერთერთი დაჯილდოებული.გემოვნებაზე არ დაობენ,ამიტომ მე ასე დავახასიათებდი-ყველაზე ლამაზი,ახალგაზრდა და ყველაზე გამარჯვებული
შემოდგომის ფოთოლივით

ავცახცახდე?..

გვერდს ნუ მივლი,

განა შიშის მონა ვარ,

ჩემს სხეულში, თრთოლვა,

გრძნობის სითამამე,

პრიაპს მოჰგავს,

მითებიდან მონატანს...

მთის წყაროს წყალს ნუ ჩამივლი

შორი_ახლო ,

პეშვით შემსვი,

შემიგრძენი ვინა ვარ,

უკვდავების ქალღმერთივით

შემისახლო,

ვეღარ დამთმობ, შენი სულის

ბინადარს...

მაია გონჯილაშვილი
17.12.2010

Wednesday, August 24, 2011

არც ყველა მეხევსურება

არც ყველა მეხევსურება,
ვისაც ხევსურულ გვარი აქვს, 
სამზეომ კაცის ბუნება 
ისე მოშალა,არია. 
დღეს ნასახლარებს ქვებიანს 
მოსრავს ჭინჭარი,ეკალი 
და მაინც,ქვეყნად ჩნდებიან 
თორღვა, 
ალუდა, 
მზექალი.. 
სუყველა მწარედ მოტყუვდა, 
შიშ-სირცხვილ ჭამა ნამდვილი
ხევსურის დაბეჩავება 
ვისაც ეგონა ადვილი. 
გარდახდა მთების გადაღმა 
მტრის გესლიანი მარულაც, 
ცხადად წავიდა და ახლა 
უკვე მოძვრება ფარულად.
ვინც ხევსურებად დავრჩებით,
ნუ მოგვკლავს ბოღმა,შურია!
ისე შავხენათ ერცხვასა,
როგორც წინაპრებს სწყურიათ. 
არც ყველა მეხევსურება, 
მაგრამ გავაწყობ ვეღარას, 
ასე ღმერთს გაურჯულებავ,
ასე სჭირდება ქვეყანას.. 

/ნინო ჭინჭარაული/

Monday, August 8, 2011

ბებოს



ჯანდაბა,არ მსურს ასეთი გნახო,
თოთო ბავშვივით უმწეო, წყნარი,
მიჯობს მეჩხუბო,
მლანძღო,
გამლახო
და იწუწუნო,როგორ გაწვალებს
შენ შვილიშვილი-ბიჭივით ურჩი,
ხიფათიანი და შარიანი
და ძველებურად მისდევდე ქუჩებს
ჩემს სათვალთვალოდ ჭრელ თავშლიანი.
და ძველებურად გაქექო ჩემი
ჩანთა, წიგნები და ტანსაცმელი
(სადმე დღიური ხომ არ დამრჩება,
ანდა ასანთი,ანდა სასმელი,
ანდაც-წერილი შეყვარებულის..)
და მერე, როცა გამოიდარებ
ცეცხლი ჩაუდგეს კვლავ შენებური
მარტოობისგან გადაღლილ თვალებს.
და კვლავ მომიყვე შურისგან შეშლილს
ახალგაზრდული ღიმილით,ტონით;
"მე გამზათოვმა მომიძღვნა ლექსი..."
"ხელზე მემთხვია გალაკტიონი.."
მერე ქარიშხლად თავს დამატეხო
ვაჟა და ლადო,
მირზა და ანა,
თავბრუ დამეხვას და ლექსის ექომ
გამოაყრუოს მთელი ქვეყანა.
და ძველებურად,ძველ,მაგრამ-ძლიერ
წყენას აცლიდე გულიდან სარქველს,
რომ ჩვილს სახელად შენ შემირჩიე
თურმე-"გულსუნდა"...და არ დამარქვეს.
მერე კი უცებ ჩარაზო სული,
უცრემლო დარდი ზედ მიაყარო,
შიგ ჩაიმარხო აწმყოც,წარსულიც
და მოიძულო მთელი სამყარო.
ჯანდაბა....არ მსურს უმწეოდ გნახო
და მაგონებდე ჩაფერფლილ კოცონს,
სჯობს ძველებურად მალავდე სახეს
და არ მაძლევდე ნებას გაკოცო.
პირველი ლოცვა, პირველი ლექსი..
ღმერთო, რამდენი მაქვს შენი ვალი,
შენ აღარ გინდა სიკვდილს გაექცე,
შენ აღარ გინდა სული აწვალო...
და შენებრ ურჩი და უცნაური
დღეს მე გიმალავ ცრემლიან თვალებს....

/ნინო ჭინჭარ-აული/


Sunday, August 7, 2011

შატილში ღამით





წვიმა ასველებს შატილის კოშკებს,
ფეხი ცურდება გალიპულ ქვებზე
და სადაცაა სველი მწვერვალი
ნისლს წამოიცვამს გაჩორკნილ რქებზე.
ბანიდან ბანზე დავძვრებით ბნელში,
ხის ძველ კიბეებს,
სიპებს ვედებით
ვით უძღებ შვილებს
მამის თვალები,
შემოგვყურებენ სველი კედლები.
ჭვარტლიან ნიშში
სანთელი იწვის,
ქაჩუს ნანგრევი ჩაჰყურებს დაღმართს
და ტყდება ღამე
ფანდურის რიტმით,
არღუნს გამოღმა
და არღუნს გაღმა..

ნინო ჭინჭარაული