Monday, January 28, 2013

მარადისობის სარკმელი

     "ყოველი ხატი _ ეს არის სარკმელი, რომლის საშუალებით ჩვენ ვუყურებთ ზეცას და ვხედავთ ამ ხატის პირველსახეს. სიწმინდეს უპირველეს ყოვლისა, სულიერი ღირებულება გააჩნია, მეორე ღირებულება კი არის ხელოვნება და მისი მაღალი დონე. მშვენიერების საოცარი შეგრძნება გააჩნდა ქართველ ადამიანს და აი, ამ თავის შინაგან შეგრძნებას გამოხატავდა იგი საეკლესიო ნივთის შექმნისასაც", _ თქვა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II, 2007 წლის 25 მაისს, სიძველეთსაცავის წარდგინებაზე. საბედნიეროდ, საქართველოში დღემდე შემორჩენილი უძველესი ხატები და ფრესკები ნათელი დადასტურებაა უწმიდესის ამ სიტყვებისა. ისინი თავისი სისადავითა და ამავდროულად ცხოველხატულობით მიღმური სამყაროდან გვიმზერენ და, ლოცვითი განწყობის შექმნასთან ერთად, იმ საუკუნეთა ხელოვნებას გვაზიარებენ, რომელშიც იქმნებოდნენ. დღეს საქართველოში ხატწერა უამრავ ეკლესია-მონასტერში, სამრევლო სკოლებსა და სპეციალურ ინსტიტუტებში (საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, თოიძე და სხვა) ისწავლება. რამდენად შეედრება ახლად დაწერილი ხატები ძველს? შეგვიძლია თუ არა ნებისმიერ ჩვენგანს გავხდეთ ხატმწერი? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის პედაგოგს ქ-ნ მარიამ (მაკა) ჩხაიძეს:



_ სასულიერო აკადემიაში 2000 წლიდან ვმუშაობ. მანამდე 3 წელი სიონის სამრევლო სკოლაში ვასწავლიდი ხატწერას. სასულიერო აკადემიაში ხატწერის სახელოსნო თითქმის აკადემიის დაარსებიდანვე არსებობს. ამ სახელოსნოს დამაარსებელი და მისი პირველი პედაგოგი სიდონია გაჩეჩილაძე იყო. იმ დროისთვის საქართველოში ხატწერის სხვა სახელოსნო არ არსებობდა და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც ძალზე დიდი იყო. აკადემიის სახელოსნოში დღეს საქართველოში მოღვაწე მრავალი ხატმწერი აღიზარდა. პირადად მეც აქ ვისწავლე ხატწერა. 2000 წლიდან ამ სახელოსნოს ბაზაზე სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე გამოიყო ცალკე ხატწერის სპეციალობა და ამავე წლიდან ხდება სტუდენტთა მიღებაც ამ სპეციალობით.

_ ხატწერა რომ ვისწავლოთ, ხატვის ნიჭი უნდა გვქონდეს, თუ ეს საქმე სულიერებაზე უფროა დამოკიდებული?

_ ყოველგვარ შემოქმედებით საქმიანობას ღვთისაგან ბოძებული ნიჭი სჭირდება; ეს ზოგს თანდაყოლილი აქვს, ზოგს შრომის საზღაურად ეძლევა. ეს შრომა შეიძლება ფიზიკურიც იყოს და სულიერიც. ზოგჯერ ადამიანმა არ იცის, რომ რაიმე ნიჭი აქვს და ეს მუშაობის პროცესში მჟღავნდება. ხატმწერისთვის სულიერება, ეკლესიური ცხოვრება აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უფალი ყოველ ადამიანს თავის ნიჭს აძლევს. თუ ადამიანს ფერისა და კომპოზიციის ან მასალის შეგრძნება არა აქვს, თუნდაც ტექნიკურად ხელი განუვითარდეს, ფუნჯისა და ფანქრის ფლობა ისწავლოს, ის ხატმწერი ვერ გახდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება მიეცეს ადამიანს, მაგრამ ისევ ღვთისგან უნდა მიეცეს და სწორედ ეს არის ნიჭი.

_ რა არის საერთოდ `ხატწერა~ და რა განსხვავებაა ხატსა და ნახატს შორის?

_ ხელოვნება და შემოქმედება ყოველთვის გარკვეულ მსოფლმხედველობას ემყარება. თვითონ ადამიანის მხრიდან, ეს ყოველთვის ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, მაგრამ ყოველგვარ შემოქმედებაში აისახება შემოქმედის სულიერ-ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი.

ხატწერა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეფუძნება. ეს იგივე ღვთისმეტყველებაა, მხოლოდ ფერებით და ხაზებით გადმოცემული. ეს არის ცხონების, მარადიული სიცოცხლის, სამყაროსა და ადამიანის ფერისცვალების შესახებ სწავლება. ხატს მარადისობის, სასუფევლის სარკმელსაც უწოდებენ. იგი ასახავს სულიერ, განღმრთობილ სამყაროს და ადამიანს _ ფერისცვალების მადლით განახლებულს, გაბრწყინებულს.

რა თქმა უნდა, სულიერი სამყარო ჩვენთვის მიუწვდომელი და საიდუმლოა, მაგრამ ზეციურსა და მიწიერს შორის არსებობს მსგავსება. სწორედ ამ მსგავსებას ეფუძნება ხატწერა. ხატზე მატერიალური სამყარო აისახება, არა სარკისებურად, არამედ იგავურად, სიმბოლურად. აქ მატერია გასულიერებულია და ღვთის მადლით ცოდვისგან და ხრწნისგან თავისუფალი. სულიერი სამყაროს გამოსახვა სხვადასხვა ხერხით ხდება. მაგალითად ხატზე არ არის დაცული პერსპექტივის კანონები, რადგან აქ გამოსახული სივრცე არ არის სამგანზომილებიანი. აქ წმინდანთა ფიგურები ბატონობენ სივრცეზე. არქიტექტურა, ბუნება, მცენარეები _ პირობითია, გამოხატულია მინიშნებით, სიმბოლურად... წმინდანთა სხეულები არ არიან მოცულობითნი. ხატზე არ არის ჩრდილი, რადგან სასუფეველში არ არის ხილული მზის ნათელი. სასუფეველი და წმიდანები გაბრწყინებულნი არიან უხრწნელი, უნივთო ნათელით, ეს არის `ნათელი მიუაჩრდილებელი~. ხატზე ეს ნათელი ფერის საშუალებით გადმოიცემა.

ხატისაგან განსხვავებით სურათი თხრობითია. სულიერი განცდა, ემოციურით იცვლება. სურათში მატერია არ არის მადლით განახლებული. აქ გამოისახება სისხლი და ხორცი, და არა განახლებული, სულიერი სხეული.ხატსა და სურათს შორის განსხვავება შესრულების მანერაზეც აისახება. ხატზე მუშაობის პროცესი უფრო თანმიმდევრულია, მოწესრიგებული _ ხატმწერისაგან სრულ შინაგან სულიერ მობილიზებას მოითხოვს. ხატი ლოცვით იწერება, როცა ხატმწერი ლოცვით წერს ხატს, მაშინ ყველა ხაზი, მონასმი ცოცხლდება და ხატიც, შესაბამისად მადლიანი ხდება. ფერმწერისათვის ხატვის პროცესი განსხვავებულია, უფრო `თავისუფალი~, ოღონდ არა ქრისტიანული გაგებით. ფუნჯის მონასმიც განსხვავებულია, ფუნჯის, ფანქრის ხელში ჭერის მანერაც კი ხშირად განსხვავდება. ასეთ შედარებას გავაკეთებდი _ ხატწერასა და ხატვას შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავება, როგორიც ლოცვასა და ოცნებას შორის.

_ როგორ აფასებთ თქვენი სტუდენტების დაწერილ ხატებს?


_ როგორც აღვნიშნე, ნიჭი და შემოქმედებითი უნარი აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა განვითარდეს და გამრავლდეს, რომ ნაყოფი გამოიღოს. ამისთვის საჭიროა შრომა, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, შინაგანი. ასევე პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება. ადამიანის სწორი თუ არასწორი სულიერი მდგომარება განსაკუთრებული სიცხადით აისახება ხატის წერისას.სასულიერო აკადემიაში სასწავლებლად განსხვავებული ნიჭის, მომზადებისა და დონის სტუდენტები მოდიან. ზოგი მათგანი სკოლის შემდგომ მოვიდა სასწავლებელში. არიან სამხატვრო აკადემიადამთავრებული სტუდენტებიც. ხატწერის შესწავლა ხანგრძლივი პროცესია და ეს ძალზედ ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სწავლების პროცესში მე ვცდილობ, თითოეულ სტუდენტთან ურთიერთობისას ეს ინდივიდუალობა შევუნარჩუნო. ასეთი მიდგომა აუცილებელია, რომ სწავლების პროცესი სწორად წარიმართოს. ასევე ეს ხელს უწყობს, თვითოეულმა ადამიანმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მისთვის ბუნებრივი და თვითმყოფადი გამომსახველობითი ენა რომ იპოვოს. ჩვენს სასწავლებელს უკვე ჰყავს რამდენიმე კურსდამთავრებული. ისინი დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას თავიანთი სპეციალობით და ყველასთვის სასიხარულოდ წარმატებებიც აქვთ. ჩვენი პირველი კურსდამთავრებულები დიმიტრი ხარჩილავა და ნათია ხერკელაძე იყვნენ. მათი სადიპლომო ნამუშევრები _ ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულთა სცენებით და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრების ციკლით შემკული ხატები მის უწმიდესობას ილია II-ს გადავეცით საჩუქრად. მომდევნო წლის დიპლომანტი გურგენ ჩუხუა იყო. მისი სადიპლომო ნაშრომი _ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მეოხად დაიწერა და ამ ეპარქიასვე გადაეცა. ჩვენს სახელოსნოში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა განსაცდელში მყოფ ეპარქიათა მეოხად ხატების დაწერა და შეწირვა. დაახლოებით 3 წლის წინ, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ჰერეთის (საინგილოს) მფარველად შეიწირა გურგენ ჩუხუას მიერ შესრულებული წმინდა გიორგის ხატი. წმინდა გიორგი წინამბრძოლი და გზის გამკვალავი იყო. შემდეგ მას მოჰყვა ღვთისმშობლის ხატები. 2009 წელსაც შეიქმნა სადიპლომო ხატები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ნიქოზის და ჰერეთის ღვთისმშობლის ხატებია, რომელიც ჩვენს სახელოსნოში დაიხატა ნიქოზის, ცხინვალისა და ჰერეთის ეპარქიების მფარველად. ნიქოზის ღვთისმშობლის ხატი მაია ბეციაშვილმა შეასრულა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას კურთხევით. ჰერეთის ღვთისმშობელი ნანა გულარდავას მიერ დაიხატა. ორივე ხატი უკვე შეწირულია ეპარქიებისადმი.

ქეთევან მაღრაძე, მე-4 კურსის სტუდენტი:

_ ხატვის ნიჭი მქონდა და ნათლიამ მირჩია ხატწერაზე მისვლა. ორივე ვხატავთ და ეს გზა ავირჩიეთ. როცა ხატს ვწერ, ჩემში ძალიან დიდი სიმშვიდე და სიხარული შემოდის. ეს უკვე ჩემი მესამე ხატია. პირველი იყო გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, მეორე _ მაცხოვრის და მესამე _ წმინდა ნიკოლოზის. მალე დავიწყებ ქეთევან დედოფლის ხატის წერას. განსაკუთრებით მარიამ მეგვიპტელი მიყვარს და მისი ხატის დაწერაც მინდა.

ანა თადუმაძეც დამწყები ხატმწერია, რომელიც სპეციალობას ქეთევან წამებულის სახელობის სკოლაში ეუფლება:

_ 2 წელია ხატებს ვწერ. დაწერილი მაქვს წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ორი ხატი. ასევე მაქვს ქვებზე ნამუშევარი ღვთისმშობლის ხატი და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები. ჩემი სამუშაო მასალაა წყლის ტემპერა და პიგმენტი.

_ რას გრძნობ, როცა შენს ხელებში ხატი ცოცხლდება?

_ მადლი მოდის ღვთისგან. ეს არ არის უბრალო მხატვრობა. წარმოიდგინეთ, სახეში ისხმება მუქი ფერი და ნელნელა ამოგყავს ნაკვთები. ფაქტობრივად შენს ხელებში იბადება ხატი. ეს საოცარი, არაამქვეყნიური განცდაა, რომელსაც ვერ გადმოვცემ. ამ დროს ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობ ღვთისა და ადამიანის მიმართ. ეს ძალიან მადლიანი საქმეა, რომელსაც ხელი თუ მოკიდე, არ უნდა მიატოვო.

პ.ს. და ბოლოს, ღვთის შეწევნით, ხატწერის შესწავლის საშუალება მეც მომეცა და რამდენიმე წელია, რაც ვეუფლები მას. ჩემი, როგორც კიდევ ერთი დამწყები ხატმწერის აზრიც მინდა გამოვთქვა; ხატის წერისას შინაგანად იცვლები ადამიანი, დროის შეგრძნებას კარგავ, წარმოუდგენელი სიმშვიდის განცდა გეუფლება და გული ძალიან დიდი სიხარულით გიცემს, როდესაც ხატზე შენს ამოყვანილ პირველ ნაკვთებს შეამჩნევ. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ისწავლეთ ხატწერა! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მადლია გახდე ღირსი წმინდანის გამოსახვისა და მეორე მხრივ, რამხელა სიხარულია ცოდნა იმისა, რომ შენს მიერ დაწერილ ხატზე უამრავი ადამიანი ილოცებს...



ნინო ჭინჭარაული

(2010წ)

No comments:

Post a Comment