ორი თითი ვართ ასხმული მკლავზე,
ვინ იცის,იქნებ რამდენჯერ შენში
სული ილხენდეს,
მე ჯავრი მკლავდეს.
ვიცი,მიფარებ..
რკინა-რვალივით აისხლეტ ჩემსკენ მოქცეულ ხანჯალს.
მეტყვი-"რას გოდებ სუსტი ქალივით.
ან ძვირფას ცრემლებს რა ფუჭად ხარჯავ?!"
ან მიაფურთხებ ცხოვრების კანონს,
რომ გაჩენილა ტანჯვისთვის კაცი,
"დამდუღრულ" ლექსებს ავაკრავთ პანოს
და ორ ტკბილ სიტყვას კბილებში გავცრით.
მერე ვიცინებთ(ჰო) გიჟებივით,
ლუდს კაფიებად ამოვამღერებთ,
თავს მოვიტყუებთ,(გულებს კი ვეღარ)
რომ სატკივარი აღარ გვაღელვებს.
რომ აღარ გვტკივა წარსული, აწმყო
და მომავალი,მტვრად რომ გვიქციეს.
რომ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ამდენ
სიცრუეს,სპექტაკლს,შირმას,ფიქციას
და გულისტკენას!
უზომოს,რამდენს..
(თმას არ ასხია ამდენი ღერი!)
რომ არ გვიტოვებს ცხოვრება სამღერს
და გიჟებივით ჩვენ მაინც ვმღერით.
რომ იღბლიანიც,უიღბლოც,კაცი
სულით ყოველთვის მარტოა,მარტო(!)
და წლების შემდეგ,როდესაც დაცლილ
ცხოვრების გზაზე გადაშლილს,ფართოს
და უსახელოს ავყვებით აღმართს,
(თუ სახელიანს-ვიწროს და ქვიანს)
არ მოვიხედავთ ზურგსუკან და ღმერთს
უსიტყვოდ ვეტყვით მადლობას,რომ კვლავ
ორი თითი ვართ,
შინშები გვქვია..
/ნინო ჭინჭარაული/
No comments:
Post a Comment