Thursday, January 3, 2013

მოდი შევთანხმდეთ

მოდი შევთანხმდეთ:
სხვანაირი ცა იყო დილით,
ქუხილს
ხანდახან არა, მაგრამ წვიმა ხომ ახლავს..
ღამენათევმა მზემ მონახა ღრუბლის ქვეშ ჩრდილი
ზეცაში, სადაც შენც ვერსადროს,
ვერასდროს ახვალ!
იმიტომ, თუნდაც ცოდვიანებს ცამ გვიყო პირი
და ბოროტება არ მარცხდება, ზღაპრების გარდა!
ქატო იქა და ფქვილი აქა
და თურმე ჭირიც
შემოგვრჩებოდა, შემოგვრჩა და ...
და გადავგვარდით.
გადავეჩვიეთ ქართველობას,
გავცივდით,
გავცდით
დროებას, სადაც მეზობელი - თვალის სინათლე
იყო, და ახლა ერთმანეთს რომ ლუკმასაც ვაცლით,
გავიმათხოვრეთ თავები და -
ეგეც სიმართლე..
მოდი შევთანხმდეთ:
სხვანაირი ცა იყო დილით...
ხოდა ,,იქ გაწყდეს, სადაც ძაფი უფრო გაწვრილდა!“..
სახლებში, სადაც ჰაერია არც ისე თბილი..
ჩემი სამშობლო..
ბღუჯა_ბღუჯა გადანაწილდა..

/ნათია ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment