Saturday, January 12, 2013

"ლექსო არ დაიკარგები"2012. კაფია

ესეც კაფია 2012 წლის "ლექსო არ დაიკარგები"დან. რაც ვიდეოს აკლდა, დაახლოებით გავიხსენეთ და აჰა :)

ნინო:
რაიც სამზეოს მაწვალებს,
იგივ მაჯავრებს ძილშიაც,
უნდ ჩამავიწნა ნაწნავებ,
 მემრ მავიკვრიცო ძირშია.
უნდ შავახვიო გულაში,
ბაწრად შავაბა სულია,
არაგვში გადავუძახო
 ეგეთავ გაბაწრულია,
იქნების გაქრეს,გამშორდეს,
თუ არ მაიქცეს წყალადა,
თორ ღმერთო,აღარ შამიძლავ
საწუთროს ტკეპნა მწყრალადა.
თუ ვინმ მახელას ფხოვშია,
საფლავ იქ გაუთხაროსა,
ერთ ჭიქაც იქავ შაუსვას:
"შაუნდას,მაახმაროსა.."

მართა:
რა ანდრეძებზე გვიუბნებ,
სიზმრებმ კი არა მზაროსა,
გისმინას დალოცვილ ღმერთმა
პირად მზეს, ტანად საროსა...
შენფერებ უმადურები
არც უნდა გაახაროსა

ნინო:
ემაგ წყევლამა ქალმიწავ
წინით არ მაგიაროსა.

მაია:
რაებსა უბნობ ჭკვათხელო,
შენივ ხელით სთხრი ხაროსა,
ვინაც ანდერძი დასწერა
ეხლა საფლავში ხარობსა.

ნინო:
 რაჴელ გასძლებდა ფშაველი,
ენა არ მოიქაოსა

მაია:
შენ ისრე ჭკვა-გონთ ვერ ხმარობ
ფშაველ რო ენას ხმარობსა.

ნინო:
შენ ისრ მაგივა ქალაო,
თაგვმა რო კატა თხაროსა.

მართა:
არიქათ გეყვათ ქალებო,
თავისას ვინა შარობსა?
ფშაველ-ხევსურთა კაფია
ღმერთმა ნუ მაგვიშალოსა!

2012წ.

No comments:

Post a Comment